05.06.2023
შესაბამისად, არ არსებობს მკაფიო პასუხი, ვინ უნდა იყოს ლეგიტიმური "მეორე მხარე", როცა საქმე ძალადობას ან ადამიანის უფლებების შელახვას ეხება. სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. რა უნდა გააკეთოს მედიამ მაშინ, როდესაც ფაქტების ზედმიწევნით გაშუქება “დანაშაულია”?
დიქტატურულ და ავტოკრატიულ რეჟიმებში ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ თავისუფალი მედიაა, რადგან ისინი არ იმეორებენ რეჟიმის პროპაგანდას და ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებულობას. ასე ხდება მაგალითად, რუსეთში, ბელარუსში, სირიაში, ირანში, და ყველგან, სადაც ხელისუფლება ცდილობს, გააკონტროლოს მედია, რათა ისმოდეს მხოლოდ ის, რაც მათ ინტერესებშია.
რუსი ჟურნალისტების პროტესტი ომის დროს
"არა ომს" - თქვა “დოჟდის” დირექტორმა, ნატალია სინდეევამ, როცა ტელეკომპანიამ დროებით სატელევიზიო მუშაობა შეწყვიტა. პროტესტის ნიშნად არხი მაყურებელს “გედების ტბის” კადრებით დაემშვიდობა. გედების ტბას უშვებდნენ ტელევიზიებსა და რადიოში საბჭოთა პერიოდში, 1980-იან წლებში ლიდერების გარდაცვალებისას. ეს ბალეტი აჩვენეს 1991 წლის აგვისტოშიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე.
14 მარტს სახელმწიფო მედიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში რუსული პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა საპროტესტო ბანერით გამოჩნდა.
"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ეწერა ბანერზე.
რას აპროტესტებს მედია საქართველოში?
2011 წლის 7 ივლისს "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს ფოტოჟურნალისტები, რასაც მედიის პროტესტი მოყვა. “არ არის ფოტო – არ არის დემოკრატია“, “თავისუფლება ფოტორეპორტიორებს” - ჟურნალისტები პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასა და შსს-სთან.
- რამდენიმე გაზეთმა პოლიტიკოსების ფოტოს შავი მართკუთხედები დაადო, სადაც ეწერა: “აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან”.