მედიის სამართლებრივი დახმარების პროექტი დაიწყო
26.06.2023
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით მედიის სამართლებრივი დახმარების პროექტი დაიწყო.

პროექტის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 26 ივნისს გაიმართა.

ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს მედია გამოცემებსა და ჟურნალისტებს სამართლებრივი დოკუმენტების დამუშავებაში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა-მიღების პროცესსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტების გასაჩივრებაში.

დამატებით, საიას იურისტები სხვადასხვა ტერმინებისა თუ ფაქტების სამართლებრივ ჭრილში გაანალიზებაში დაეხმარებიან ჟურნალისტებს.

როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” რედაქტორი მანანა ღოღობერიძე გვეუბნება, მათ ორგანიზაციაში არ ჰყავთ იურისტი, ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვისას უწევთ, რომ მათ მეგობრებს, ახლობელ იურისტებს დაეკითხონ ამის შესახებ - “ბუნებრივია, რომ მათ ყოველთვის არ აქვთ ამის დრო, შესაბამისად ეს პროცესი იწელება და მედიას კი ოპერატიულობა სჭირდება“.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

  • დღეს, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტთა ფიზიკური უსაფრთხოებით დაწყებული, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გართულებებითა და ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მუდმივი დისკრედიტაციით დასრულებული.
  • ამ პირობებში კი მედია ორგანიზაციებს მუდმივად სჭირდებათ სამართლებრივი დახმარება.

“საიას იურისტების დახმარებით, გვინდა შევძლოთ მედიის წარმომადგენლების დახმარება ველზე, ინფორმაციის მოპოვება-დამუშვების პროცესში, ეს განსაკუთრებით გამომძიებელ ჟურნალისტებს სჭირდებათ, მათ ვისაც უწევთ სამართლებრივი კუთხით დოკუმენტებთან შეხება, ისინი ფაქტობრივად მიიღებენ ექსპერტულ დასკვნას იურისტებისგან, რაც მათ მიერ მომზადებულ მასალას კიდევ უფრო წონიანს გახდის” - ამბობს USAID მედია პროგრამის მრჩეველი მედიის საკითხებში, რუსუდან ცხომელიძე.

რას გულისხმობს სამართლებრივი ექსპერტიზა?

პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამართლებრივი ექსპერტიზაა, რაც იურისტების მხრიდან ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნებამდე, მუშაობის პროცესში ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს საიას იურისტებთან გადაამოწმონ სამართლებრივად რამდენად სწორი და თანმიმდევრულია მათი მასალა ან რომელ კონტექსტში რა ფრაზა სჯობს რომ გამოიყენონ.

როგორც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, შორენა ლოლაძე ამბობს:

“შეიძლება ჟურნალისტის გადმოსახედიდან რაღაც პრობლემა ან არ ჩანდეს ან პირიქით ჩანდეს, მაგრამ სამართლებრივად სულ სხვაგვარი იყოს მისი ინტერპრეტაცია, ამიტომ პროექტის მეშვეობით, ამ ნაწილშიც შევძლებთ ჟურნალისტების დახმარებას“.

  • პროექტი ითვალისწინებს გარკვეული სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც მისი დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იქნება ჟურნალისტებსთვის.
  • ისინი შეძლებენ გამოიყენონ დოკუმენტი, როგორც გზამკვლევი, მათ შორის სარჩელისა თუ განცხადებების ნიმუშები, ეს კი პროექტის გრძელვადიანი შედეგი იქნება.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ