პოდკასტინგის ევოლუცია აუდიოდან ვიდეოსკენ
მოკლედ:
  • იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჩვენგანისთვის პოდკასტი არსებითად, აუდიო ფორმატი უფროა, ვიდრე ვიდეო, როიტერსის ინსტიტუტისა და "ოქსფორდის უნივერსიტეტის" კვლევების მიხედვით, ის სულ უფრო ვიზუალური პროდუქტი ხდება.
  • პოდკასტების ვიდეოპროდუქტად ფორმირების პრაქტიკის ზრდის მიზეზია პოდკასტების პოპულარობის ზრდა Youtube-ზე.

მონაცემებში:
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში, აუდიტორიის მიხედვით, პოდკასტების მოსმენის რაოდენობით Youtube-მა გაასწრო ისეთ აუდიოპლატფორმებს, როგორიცაა: Spotify, Apple Podcasts, Google Podcasts.
მაგრამ, იმავე მონაცემებით, ჯერ ისევ აუდიოპლატფორმები ლიდერობენ გაერთიანებული სამეფოში ავსტრალიასა და გერმანიაში.


რატომ ცვლის აუდიოს - ვიდეო?

მას შემდეგ, რაც ვიდეო საიტი YouTube აშშ-ში უზარმაზარ მოსასმენ პლატფორმად იქცა,
  • ახლა პოდკასტები მეტწილად სტუდიებში იწერება, სადაც ტრადიციული მიკროფონის გამოყენება პოპულარული ელემენტია.
  • თუმცა, ეს ცვლილება არ გულისხმობს არსებითად აუდიოპროდუქტის სატელევიზიო ადაპტაციას.
ეს ნიშნავს, რომ
  • შინაარსი ზუსტად იგივეა, რაც აუდიოს შემთხვევაში. ვიდეოზე კი "დამატებითი" ის არის, მოსაუბრეებს ვხედავთ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის (Global investigative journalism network) მიერ, ამ თემაზე მომზადებულ მასალაში მოყვანილია დინოს სოფოსის, BBC-ის პოდკასტების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის მოსაზრება, რომელიც ახლა The News Agents-თვის ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოდკასტ შოუს ქმნის.
  • "ეს არ ნიშნავს, რომ აწარმოებთ სატელევიზიო შოუს. [ვიდეოსთვის] საჭირო ხდება დამატებითი ხარჯები: კამერა, განათება, მაკიაჟი, მაგრამ ეს გაცილებით მცირე დანახარჯებს ითხოვს, ვიდრე - ტელევიზია", — ამბობს ის.

სემ ოსტინი, საკომუნიკაციო სააგენტო Goodstuff-ის აუდიო მიმართულების ხელმძღვანელი, პოდკასტების შემქმნელებს ურჩევს, იპოვონ თავიანთი აუდიტორია იმ პლატფორმებზე, სადაც ახლა ხალხია:
  • "პოდკასტი პოულობს ახალ აუდიტორიას ვიზუალურ პლატფორმებზე, როგორიცაა: Instagram და TikTok, სოციალური პლატფორმები მართლაც მნიშვნელოვანია", — განმარტა მან — "ხალხი ახლა სხვაგვარად უსმენს პოდკასტებს, რაც ყურებასაც გულისხმობს."


სტრიქონებს შორის:


"პოდკასტინგი ჯერ არ არის ყველაზე უფრო მასობრივი პროდუქტი, მაგრამ მისი აუდიტორია უკვე ძალიან საინტერესოა რეკლამის განმთავსებლებისთვის — წერს კვლევაში "როიტერსის ინსტიტუტი", რომელიც პოდკასტინგის განვითარებას 2018 წლიდან, მსოფლიოს ოც ქვეყანაში აკვირდება და სწავლობს — პოდკასტის მსმენელები, როგორც წესი, უფრო მაღალ შემოსავლიანები, უკეთ განათლებულები და ახალგაზრდები არიან."


კონტექსტი:
  • ამ ფორმატმა განსაკუთრებული პოპულარობა მეტწილად, ზუსტად იმის გამო მოიპოვა, რომ მოსახერხებელია საინტერესო საუბრების მოსმენა ტრანსპორტირებისას, სეირნობისას, სამსახურში, თუ ძილის წინ.
  • პოდკასტებმა განსაკუთრებულ პოპულარობას მიაღწია 2020 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე.
  • არსებითად, პოდკასტების პოპულარობის "ოქროს ხანა" 2014 წლიდან დაიწყო. მეტი
როგორ შეცვალა მედია ფოტოგრაფიამ
სანამ კამერა თითქმის ყველას საკუთარ სმარტფონში ექნებოდა, ფოტოგრაფიამ დიდი გზა გაიარა. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით V-IV საუკუნეებში ჩინეთსა და საბერძნეთში ობსკურას კონცეპტუალური აღწერილობები გვხვდება. კამერა ობსკუა ფოტოებს არ იღებდა, თუმცა იყენებდა შუქის ლინზას.

პირველი ფოტო

  • პირველი ფოტო ჰელიოგრაფიის, ე.წ. მზის ხატვის მეთოდით ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გადაიღო მე-19 საუკუნის დასაწყისში.
  • კადრის აღბეჭდვას თითქმის 8 საათი დასჭირდა - ამ დროში მზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა და ისე ჩანს, თითქოს შენობის ორივე მხარეს ანათებს.
alt

ნიეფსის პარტნიორი იყო ლუი დაგერი, რომელსაც რეალური კადრის აღსაქმელად დროის შემცირება სურდა, რაც გამოუვიდა კიდეც. მან დაგეროტიპი გამოიგონა.

  • „ამ ტექნიკით, ქიმიისა და ფიზიკის ყოველგვარი ცოდნის გარეშე, თქვენ შეძლებთ რამდენიმე წუთში შექმნათ ყველაზე დეტალური ხედები“ - წერდა დაგერი.

ფოტოჟურნალისტიკა

მე-19 საუკუნეში იწყება ფოტოჟანრების ჩამოყალიბება, რომელთა შორის ერთ-ერთი ფოტოჟურნალისტიკაცაა. მედია ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდანვე იყენებს ილუსტრაციებს. ორი ყველაზე ადრეული ილუსტრირებული ყოველკვირეული გამოცემებია - The Illustrated London News, L'Illustration. თუმცა ფოტოების, როგორც რეპორტაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენება გამოცემებმა შედარებით გვიან დაიწყეს.

პირველი ომის რეპორტიორი როჯერ ფენტონი იყო. მან ჯერ კიდევ 1855 წელს ყირიმის ომი გადაიღო. ფენტონმა შეძლო, ბრიტანული საზოგადოებისთვის ომი გაეშუქებინა. მის ობიექტივში მოხვდა ბრიტანელ მეომართა პორტრეტები, აღჭურვილობა, ადგილები, სადაც ჯარი ჩერდებოდა. მთლიანობაში, ოთხი თვის განმავლობაში 360 ფოტო დააგროვა.

alt

სოციალური ფოტოგრაფიის მაგალითი

  • ლუის ჰაინსმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ბავშვთა შრომა გამოააშკარავა - ის არასრულწლოვანების სამუშაო პრობლემებს იღებდა და საუბრობდა იმ სირთულეებზე, რასაც ბავშვები აწყდებოდნენ.
  • ლუის ჰაინსის გადაღებულმა ფოტოებმა ჩაუყარა საფუძველი ბავშვების უკანონო შრომის დასასრულს და საბოლოოდ, ის ფედერალური კანონით დარეგულირდა.
  • ჰაინსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარ თავს სოციალური ფოტოგრაფი უწოდა და თვლიდა, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია გაანათოს სიბნელე და გამოავლინოს უცოდინრობა. მისი კადრები დოკუმენტური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მაგალითია.
alt

ტექნოლოგიური განვითარება

მე-19 საუკუნის ბოლოს კომპაქტური ფოტოაპარატების გამოგონებამ მცირე ზომის ხელის კამერები შედარებით დაბალ ფასად გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის, ყველაზე პოპულარული Kodak იყო. “თქვენ დააჭირეთ ღილაკს, ჩვენ ვაკეთებთ დანარჩენს” (“You Press the Button, We Do the Rest”) - ასეთი იყო Kodak-ის სისტემის აღწერა.

მე-20 საუკუნეში ტექნიკა და შესაბამისად, ფოტოგრაფია კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა. ფოტოგრაფია დღემდე რჩება ამბის თხრობისა და ისტორიის დოკუმენტაციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, თუმცა ფოტომანიპულაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ დეზინფორმაციის რისკებიც გაზარდა.
რა გავლენა ქონდა საბეჭდი მანქანის გამოგონებას ჟურნალისტიკაზე
საბეჭდი მანქანის გამოგონებამდე ინფორმაცია ზეპირი და წერილობითი ფორმით ვრცელდებოდა. ყველაზე ადრეულ ჟურნალისტურ პროდუქტად კი შეგვიძლია ძველ რომში გავრცელებული ერთგვარი საინფორმაციო დაფები (Acta diurna) მივიჩნიოთ. თუმცა XV საუკუნეში საბეჭდი დაზგის გამოგონებამ და სტამბების ჩამოყალიბებამ ინფორმაციული რევოლუცია მოახდინა.

პირველი ბეჭდური ტექსტი

  • მიჩნეულია რომ საბეჭდი მანქანა გერმანიაში იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა, თუმცა პირველი ტექსტი მას არ დაუბეჭდავს.
  • ქაღალდი და მოძრავი მეტალის ანბანი ჩინეთში შექმნეს, ჰქონდათ მელანიც. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ხელით ბეჭდვის ტექნიკასაც იყენებდნენ.
  • თუმცა პირველი მოძრავი მეტალის შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი კორეაშია აღმოჩენილი და ის მე-14 საუკუნით თარიღდება.

სტამბა

მექანიზებუი სტამბის ტიპმა, რომელიც იოჰანეს გუტენბერგმა შექმნა, პირველად ევროპაში გახადა შესაძლებელი დიდი რაოდენობით წიგნების დამზადება. სტამბების გამოყენება ჟურნალისტური პროდუქტის შესაქმნელად და გასავრცელებლად მე-17 საუკუნუნის პირველ ნახევარში დაიწყეს.

  • დაიბეჭდა პირველი რეგულარული გაზეთები:
  • გერმანია - 1609;
  • შვეიცარია - 1610;
  • ინგლისი - 1621;
  • საფრანგეთი - 1631;
  • იტალია - 1636;

საქართველოში კი პირველი გაზეთი 1819 წელს გამოვიდა.

ამერიკა ჯერ კიდევ კოლონია იყო, როდესაც იქ ბეჭდურმა პრესის გავრცელება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ გაზეთები აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბოსტონის ჩაის სმა ერთ-ერთი გაზეთში (Boston Gazette) დაიგეგმა.

  • ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონსტიტუციაში პირველი შესწორება სიტყვისა და პრესის თავისუფლება იყო.
  • ეს იმ ფონზე, როდესაც არაერთ ქვეყანაში ჯერ ისევ ხელისუფლებები აკონტროლებდნენ ინფორმაციის გავრცელებას.

ტექნოლოგიური განვითარება

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, დაიხვეწა ბეჭდვის პროცესიც. თუ გუტენბერგის საბეჭდი მანქანა საათში ერთ ფურცელს ბეჭდავდა, 1814 წლიდან, The Times-ში ორთქლზე მომუშავე საბეჭდი მანქანის გამოყენებით, საათში 5000 ასლს აკეთებდნენ.

ჟურნალისტიკის ფართოდ გავრცელებამ კი ინფორმაციის შორ მანძილზე სწრაფად გავრცელების საჭიროება გააჩინა.

  • დღეს ცნობილი და გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო როიტერი პირველი იყო, რომელმაც ეს გამოწვევა გადაჭრა, ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ იმ დროისთვის ეფექტური გზით.
  • როიტერი მტრედებს იყენებდა საინფორმაციო ფურცლების გასავრცელებლად აახენი-ბრიუსელის მარშრუტზე. მტრედებს გზაში ორი საათი სჭირდებოდათ, რაც რკინიგზაზე გაცილებით სწრაფი იყო.
  • ფრინველების გამოყენება გამოცემამ ერთ წელში შეწყვიტა.

ტექნოლოგიების, ბეჭდვისა და კომუნიკაციის სფეროში მკვეთრმა განვითარებამ მე-19 საუკუნის ბოლოს მედია მძლავრ იარაღად აქცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბეჭდი მანქანის გამოგონება, მედიის განვითარებისა და დახვეწის კუთხით პირველი ნაბიჯი იყო.
თავდასხმა TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე
მოკლედ: ტვ პირფელისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე სავარაუდო თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.

20 სექტემბერს TV პირველმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფებს აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები თავს დაესხნენ.

რა მოხდა?

ყოფილი გენერალური პროკურორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. მათი განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მედია კიდევ ერთხელ ოთარ ფარცხალაძით.

“შაბათის ფორმულას” და “ნოდარ მელაძის შაბათის” გადამღები ჯგუფები იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძე იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ისინი იმყოფებოდნენ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში და არა კერძო საკუთრებაში.

რა ისმის და ჩანს ტელეკომპანიების გავრცელებულ კადრებში?

  • TV პირველის ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს ერთ-ერთი პირი ართმევს ტელეფონს. როგორც ჟურნალისტი ამბობენ, მას ტელეფონი 20-30 წუთის შემდეგ დაუბრუნეს. მისივე თქმით, წაართვეს ტელეკომპანიის ტექნიკა, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
  • ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ უცნობ პირს ძალის გამოყენებით მიჰყავს ოპერატორები. ჟურნალისტი მას ვინაობას ეკითხება და ამბობს, რომ ის ჟურნალისტებზე ძალადობს. “რატომ სცემეთ ჩემი ოპერატორი? მიპასუხეთ”.
  • ფორმულამ გაავრცელა ჟურნალისტი კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. მას შუბლზე მცირედი დაზიანებაც აღენიშნება.

გამოძიება: როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიაჩეკერს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული.

  • მუხლი გულისხმობს, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.
  • მე-2 ნაწილი: იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ TV პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი, ელოდებიან ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები.

პრობლემაა, რომ:

  • ბოლო წლებია ჟურნალისტებზე თავდასხმა გახშირდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორე მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი, მათ შორის, გაჭიანურებული გამოძიებები.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.
პაპუაშვილის
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბოლო დროს არაერთხელ გააკრიტიკა მედია და კონკრეტული გამოცემები. ივლისის ბოლოს OC Media-მ პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი დონორებს მისწერა და როგორც მედიაში ამბობენ, მათზე "ზეწოლა სცადა".

სწორედ ამ საკითხებზე დაუსვეს დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს. მან კი რამდენჯერმე გაიმეორა, რომ OC Media-ს "ექსკლუზიურად" სთავაზობდა ოპედის გამოქვეყნებას და “წვრილმანი შარლატანიც” უწოდა.

გამოაქვეყნა თუ არა პაპუაშვილის პასუხი OC Media-მ


მას შემდეგ, რაც გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც პაპუაშვილის "ზეწოლის მცდელობაზე" ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის ოფისიდან OC Media-ს რედაქტორს, მარიამ ნიკურაძეს დაუკავშირდნენ და ითხოვეს პასუხის ცალკე, დამოუკიდებელი ფორმით გამოქვეყნება.

როგორც ნიკურაძე წერს, თავმჯდომარის ოფისს განუმარტა, რომ ახალ სტატიაზე მუშაობნენ, პაპუაშვილის პასუხი არ იქნებოდა ცალკე და გამონაკლისის სახით ციტატების ნაცვლად სრულად სტატიის ბოლოს დაურთავდნენ (რაც გააკეთეს კიდეც). აღნიშნავს, რომ თავად მან დაუშვა ტექნიკური შეცდომა და პიართან კომუნიკაციისას ისე გამოჩნდა, თითქოს პაპუაშვილის პასუხს ცალკე პუბლიკაციად დადებდნენ.

  • "ცოტა ხნის მერე ისევ მკითხა, ანუ მიდასტურებთ, რომ დაურედაქტირებლად იქნება სტატიის გარეთო და ნუ ქუჩაში ვიყავი, კონფერენციაზე ვაგვიანებდი და ამ სირბილ-სირბილში მეორე ნაწილი არასწორად აღვიქვი, ვიფიქრე, დაგვთანხმდა და დავუდასტურე".
  • "უკვე როცა გამოქვეყნდა, პასუხი მოითხოვა და მივხვდი შეცდომას და მოვუბოდიშე გაუგებრობისთვის თიკოს, სტატია (პასუხის შესახებ) ავიღეთ მთლიანად დროებით და ვკითხე, თუ იყვნენ თანახმა დაბრუნებაზე".

შალვა პაპუაშვილმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ შეთანხმების მიუხედავად OC Media-მ არ გამოაქვეყნა მათი პასუხი.

  • "OC Media-მ დაარღვია არა მხოლოდ ჟურნალისტური კეთილსინდისიერების უბრალო წესი - უარი თქვა მათ სტატიაზე პასუხის გამოქვეყნებაზე, არამედ დაარღვია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებში, რაც უპრეცედენტოა თუნდაც პოლარიზებული ქართული მედიისთვის".


პაპუაშვილის "პრეტენზია" ქარტიაზე

  • პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა ისაა, რომ “ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.
  • "თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან" - თქვა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
  • პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა ქარტია. მათი განცხადებით, ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, "შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული".
  • "ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით" - წერია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე და "მთის ამბები"


პაპუაშვილმა დღეს "მთის ამბებზეც" ისაუბრა. რედაქტორს, გელა მთივლიშვილს "თვითგამოცხადებული ჟურნალისტი" უწოდა და შოვის ტრაგედიის დროს "პანიკის დათესვაში" დაადანაშაულა. მთივლიშვილმა პაპუაშვილის ეს განცხადება თავდასხმად შეაფასა და თქვა, რომ "მისი და ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის".

შოვის ტრაგედია და მთის ამბები: 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. "მთის ამბები" იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა აქტიურად მუშაობდა სტიქიის ადგილიდან.

იყო რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის:

1. 4 აგვისტოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საჯარო მოხელემ გელა მთივლიშვილს უთხრა, რომ "წყალში გადააგდებდა" თუ "წესიერად არ მოიქცეოდა".

2. 5 აგვისტოს "მთის ამბებმა" FB-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა დააკომენტარა.

  • გამოცემა წერდა, რომ ფოტოზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოშორებით მდგომი კაცი ერთ-ერთი დაკარგულის მამა იყო, რომელიც მესამე დღეა, ელის თავისი შვილის ამბის გაგებას და რომელთანაც საჯარო პირებს არ უსაუბრიათ.
  • შალვა პაპუაშვილმა ამ ფოტოს კომენტარებში "მთის ამბებს" მოუწოდა, წაეშალა სტატუსი, რადგან აღნიშნა, რომ ინფორმაცია არ იყო სიმართლე და მოქალაქეს ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრებოდნენ.
  • პაპუაშვილის კომენტარი ფოტოდან წაიშალა. აღწერა კი დააედითეს.

3. 9 აგვისტოს, შოვის მეწყრიდან 6 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა.

  • პაპუაშვილმა დიდი ნაწილი ზოგიერთი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკას დაუთმო და როგორც თავად თქვა, "მთის ამბების" და ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" მიერ გავრცელებული ყალბი ამბები გააბათილა.
  • მისი განცხადება, ონლაინგამოცემამ მედიასაშუალებაზე მორიგ თავდასხმად შეაფასა.

პაპუაშვილის გარდა, "მთის ამბები" ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია.

  • "გელა მთივლიშვილი საერთოდ სამარცხვინო კაცია, იცით რა გააკეთა მან ხო? პაპუაშვილი ესაუბრებოდა ერთ-ერთ ადამიანს და მან შემდეგ გაავრცელა ამ ადამიანის ფოტო და ტყუილი თქვა პირდაპირ, თითქოს მას არავინ ელაპარაკებოდა. იკადრა. ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი მედიის კონტექსტში არის აბსოლუტურად არასწორი. არაფერი კავშირი არ აქვს მედიასთან და ჟურნალისტიკასთან გელა მთივლიშვილს".

როგორც მთივლიშვილი ამბობს, მიუხედავად საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვისა და რესპონდენტების გაფრთხილება/დაშინებისა, მუშაობენ ფილმზე, რომელიც შოვის ტრაგედიის შესახებაა.
პარლამენტის თავმჯდომარე მედიას დონორებთან უჩივის
მოკლედ: მას შემდეგ, რაც ინგლისურენოვანმა გამოცემა OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს მისწერა და როგორც მედიაში ამბობენ, მათზე “ზეწოლა სცადა”.

რა მოხდა?

  • როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა, თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად ივნისის ბოლოს დაუკავშირდა პაპუაშვილის მოსაზრების (ოპედის) გამოქვეყნების თხოვნით.
  • თავმჯდომარის ოფისმა უარი თქვა ტექსტის გაგზავნაზე, სანამ OC Media არ დაადასტურებდა, რომ მას გამოაქვეყნებდნენ. ამ შემთხვევაში, გამოცემამ მოითხოვა სათაურისა და ლიდის ჩვენება.
  • მოსაზრების სათაური ასეთი იყო: “საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების ქართველი ხალხისგან ფაქტობრივად გამოყოფის ტაქტიკა შეესაბამება რუსულ ჰიბრიდულ სახელმძღვანელოს”.
  • სარედაქციო გუნდმა უარი თქვა ოპედის გამოქვეყნებაზე, თავმჯდომარის ოფისს კი გაუგზავნეს კრიტერიუმები, რის მიხედვით აქვეყნებენ, ან არ აქვეყნებენ მოსაზრებას.
  • მოგვიანებით პაპუაშვილმა ტექსტი X-ის (ყოფილი Twitter) პირად გვერდზე გამოაქვეყნა, ხოლო OC-Media-ს დონორებს მისწერა კრიტიკული წერილები მედიასაშუალების შესახებ.


რატომ არის ეს პრობლემა?

  • დონორებთან მიწერა, აღიქმება, როგორც ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე.
  • არის საშიში პრეცედენტი და აჩენს რისკს, რომ მომავალში ხელისუფლების მხრიდან, შესაძლებელია, სხვადასხვა დონორს დაუკავშირდნენ და ესაუბრონ - მათთან გააკრიტიკონ მედია, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
  • თავად OC Media-ს რედაქტორიც, რობინ ფაბროც განმარტავს, რომ “მოსაზრება, ინტერვიუსგან განსხვავებით, რომელიც უფრო დიდი ისტორიის ნაწილია, ავტორს საშუალებას აძლევს, კრიტიკისა და საწინააღმდეგო აზრის გარეშე გაავრცელოს თავისი სათქმელი. ამგვარი პლატფორმის ქონა პრივილეგიაა და არა უფლება”.


რედაქციის გადაწყვეტილება

OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს:

  • “როდესაც ჩვენ ვაქვეყნებთ სტატიას, თუ ოპედია უნდა იყოს გულწრფელი და მოსაზრებას გამოხატავდეს. არ უნდა იყოს პროპაგანდა, არ უნდა იყოს ტყუილი, არასწორი ინფორმაციის შემცველი”;
  • “სანამ გავიგებდით, რომ დონორებს მისწერდა და ზეწოლა იყო, არ გვინდოდა, ვყოფილიყავით ხელსაწყო მთავრობის ხელში, თავიანთი პროპაგანდის და მესიჯების გასავრცელებლად” - განმარტავს ნიკურაძე.


რატომ მისწერა პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს?

ამაზე პასუხის მისაღებად შალვა პაპუაშვილის ოფისს დავუკავშირდით - მათ ჩვენ ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხეს. თუმცა თავმჯდომარის ოფისმა უპასუხა OC Media-ს.

  • როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, ოფისმა OC Media-ს განუცხადა, რომ მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება “სიტყვის თავისუფლებას და OC Media-ს მიერ გაცხადებული პლურალიზმის პრინციპებს”.
  • "რადგან გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის იდეები საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარემ საჭიროდ ჩათვალა დონორი ორგანიზაციების ინფორმირება ამ ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ”.
  • "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექსკლუზიურად შესთავაზა თქვენს მედიაპლატფორმას, გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ასახავდა მის აზრს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე".


ზეწოლა მედიაზე

მარიამ ნიკურაძის თქმით, ეს არის ზეწოლის ახალი ფორმა, მცდელობა, რომ დაფინანსება დააკარგვინონ. OC Media-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ აქამდე პირდაპირი ზეწოლა არ უგრძნიათ - “ეს არის პირველი შემთხვევა როცა OC Media აღმოჩნდა მთავრობის ზეწოლის თარგეთი [პირდაპირი სამიზნე]”. მისთვის ეს არის სიგნალი, რომ შესაძლებელია, მომავალში გამოცემაზე და ჟურნალისტებზე განხორციელდეს პირდაპირი ზეწოლა და თავდასხმები.

“ჩანს, რომ ეს დასაწყისია უბრალოდ, იქნება [დონორებთან] მიმოწერები, შეხვედრები, საუბარი და კრიტიკა ჩვენი თუ სხვა მედიების. საბედნიეროდ, დონორებმა იციან რა სიტუაციაა ქვეყანაში და იმედია ეს არ იმოქმედებს. მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ” - აღნიშნავს ნიკურაძე.

OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ინტერვიუ შესთავაზა, თუმცა, როგორც ნიკურაძემ გვითხრა, ამ შეთავაზებაზე ჯერ უარი მიიღეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის დევნა. ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.

  • “მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე”.

ნახეთ სხვა თემები:

X (ყოფილი
18 სექტემბერს სოციალური ქსელის X-ის (ყოფილი "Twitter") მფლობელი, ილონ მასკი ისრაელის პრემიერ მინისტრ, ბენჯამინ ნეტანიაჰუს შეხვდა.

მათ x-ის მომხმარებლებში ანტისემიტურ განწყობებსა და ხელოვნურ ინტელექტის რეგულირებასთან ერთად, X-ის ფასიანი გამოწერის მეთოდზეც ისაუბრეს.

რას ამბობს ილონ მასკი?

როგორც მასკმა შეხვედრაზე აღნიშნა:
  • აპირებს, მომხმარებლებს X-ის სოციალური ქსელი მცირე საფასურის სანაცვლოდ შესთავაზოს.
  • მას არ დაუკონკრეტებია რა შეიძლება იყოს პლატფორმის გამოწერის საფასური ან რა ფუნქციების გააქტიურება იქნება შესაძლებელი მინიმალური თანხით.
  • მთავარ მიზეზად პლატფორმაზე ბოტების დიდ რაოდენობას ასახელებს და ამბობს, რომ ყოველი ახალი ანგარიშის გახსნისას ახალი გადახდის მეთოდის მითითება იქნება საჭირო.
  • ინდივიდუალური ანგარიშის საფასური მცირე იქნება, თუმცა ბევრი ბოტისთვის ეს მცირე თანხა საბოლოოდ დიდი იქნება.

რა ვიცით X-ზე?

ილონ მასკმა, იმდროინდელი "Twitter"-ის პლატფორმა 2022 წელს შეისყიდა და სხვა ცვლილებებთან ერთად, მან მალევე განაახლა მოხმარების პირობები.
  • ე.წ ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანის მიღება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თანხის გადახდის სანაცვლოდ.
  • მასკმა ასევე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს "სიტყვის თავისუფლებას" და შეცვალა კონტენტის მოდერაციის პირობები. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ, გაავრცელონ დეზინფორმაცია კოვიდ-19-ის, თუ სხვა თემაზე, და ეს პლატფორმაზე რჩება.
  • მან ასევე შეცვალა კომპანიის მენეჯმენტი, წაიკითხეთ ვრცლად: "ტვიტერის ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ხდება?"
2023 წლის ივლისში, ილონ მასკმა "Twitter"-ის სახელი "X"-ით ჩაანაცლა და როგორც ამბობს, მოზანია, მომხმარებლებმა ერთ პლატფორმაზე ყველაფერი შეძლონ, რაც მოიცავს ფართო შინაარსს, ინტერნეტ-ვაჭრობიდან — მოკლე, გასართობ ვიდეოებამდე.
გუგლის რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტზე
Google 2023 წლის ნოემბრიდან გეგმავს, განაახლოს პოლიტიკური კონტენტის მის პლატფორმებზე გამოქვეყნების პოლიტიკა. კომპანია მოითხოვს, ნებისმიერ პოლიტიკურ რეკლამას მიუთითონ, თუ მასში ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული (წესები ეხება YouTube-საც).

როგორია Google-ს გადაწყვეტილება


აღნიშვნა უნდა გაკეთდეს, თუ:

  • პოლიტიკურ რეკლამაში AI-ს მიერა გენერირებული ფოტო, აუდიო ან ვიდეოგამოსახულებაა.
  • არაავთენტურად ასახავს რეალურ მოვლენას.
  • გამოყენებულია Deepfake.

მინიშნება უნდა იყოს „მკაფიო და თვალსაჩინო“

გამჟღავნება არ იქნება საჭირო, თუ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ რედაქტირებაში - ზომის შეცვლა, ამოჭრა და სხვა.

პოლიტიკური რეკლამები, სადაც გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მინიშნება არ არის გაკეთებული, დაიბლოკება ან წაიშლება.

  • მაგრამ რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება ან ხელახლა ატვირთონ რეკლამა პლატფორმაზე, თუ მინიშნება კომპანიის წესების მიხედვით იქნება გაკეთებული.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი


არსებობს შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი გააძლიერებს დეზინფორმაციას საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას.

  • ცვლილება დაგეგმილია, აშშ-ს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.
  • გარდა ამისა, Google პოლიტიკა აახლებს აშშ-ს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის ევროკავშირში, ინდოეთსა და სხვა რეგიონებში, სადაც მომავალ წელს ასევე დაგეგმილია არჩევნები.
  • არსებობს მოსაზრება, რომ Google-ის ქმედებამ შესაძლოა გარკვეული ზეწოლა მოახდინოს სხვა პლატფორმებზე, მათ შორის Meta-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ ყალბი სურათები, ვიდეო ან აუდიო კლიპები ახალი არ არის პოლიტიკურ რეკლამებში, AI ინსტრუმენტები ამარტივებს და უფრო რეალისტურს ხდის მათ.

არსებობს არაერთი მაგალითიც:

  • რესპუბლიკელთა ეროვნულ კომიტეტმა აპრილში გამოუშვა მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა შეერთებული შტატების მომავალი, თუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელახლა აირჩევდნენ. მასში გამოიყენეს ყალბი, მაგრამ რეალისტური ფოტოები, სადაც ნაჩვენები იყო ჯავშანტექნიკა ქუჩებში და ემიგრანტები, რომლებიც პანიკას ქმნიან.
  • მარტში სოციალურ ქსელში გავრცელდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყალბი სურათი, რომელიც ასახულია მისი დაპატიმრება. ფოტო AI-ს გენერირებული იყო.
  • ასევე გავრცელდა ყალბი ვიდეო, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობდა რუსეთთან დანებებასა და ჩაბარებაზე.

გარდა ამისა, ევროკავშირმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ სურთ, ონლაინ პლატფორმებმა მიუთითონ, თუ კონტენტი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული
გამოცემები AI-ს ხელოვნური ინტელექტის „დასატრენინგებლად“ OpenAI-ს თავიანთ მასალებზე წვდომას უზღუდავენ - რა ხდება?
ტექსტის მაგენერირებელი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მედია საფრთხეს ხედავს და რეგულირებაზე მუშაობს.

OpenAI-ს ChatGPT საჯაროდ ხელმისაწვდომი 2022 წლიდან გახდა. ახალი პროდუქტის ჩაშვებასთან ერთად, მალევე დაიწყო დისკუსია გამოწვევებზე, რომლებსაც AI (ხელოვნური ინტელექტი) სხვადასხვა პროფესიას უქმნის, მათ შორის ჟურნალისტიკასაც.
  • წაიკითხეთ ვრცლად, „ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში - შესაძლებლობები და გამოწვევები“

როგორ აგროვებს AI მასალებს?

ხელოვნური ინტელექტის ისეთი მოდელები, როგორიცაა Chat GPT "გაწვრთნილია" ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომ ვრცელ მასალებზე, მათ შორის სტატიებზე, სამეცნიერო ნაშრომებზე, წიგნებსა თუ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე. „მიღებული ცოდნით“ კი შეუძლია მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემა ან კონკრეტული დავალების შესრულება, მაგალითად სტატიის დაწერა.

სხვადასხვა გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიც ხელოვნური ინტელექტის „გასაწვრთნელი“ ერთერთი საშუალება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც Open AI-მ „ინტერნეტში მცოცავი“ ბოტი, chatbot ჩაუშვა, გამოცემების ნაწილმა გადაწყვიტა, მისთვის მასალებზე წვდომა შეზღუდოს.

რა არის "მცოცავი ბოტი"?
  • „მცოცავი ბოტი“ ინტერნეტში ხელმისაწვდომ წყაროებს აგროვებს და მათზე დაყრდნობით „იძენს ცოდნას“.
  • Open AI-მ გამოაქვეყნა ინსტრუქცია თუ როგორ შეუძლიათ გამოცემებს თავიანთ მასალებზე წვდომა Open AI-ს ბოტს სრულად შეუზღუდონ ან მიუთითონ კონკრეტული მასალები, რომლებსაც გამოიყენებს Open AI.
  • როგორც Open AI-ში ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ გავლენიანმა, პასუხისმგებლობიანმა წყაროებმა მათ მასალებზე მისცენ წვდომა ბოტს, რათა დაიხვეწონს და მეტად სანდო გახდეს AI.

რატომ უზღუდავენ წვდომას გამოცემები ბოტს?

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენასთან ერთად, მალევე გაჩნდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შელახვის საფრთხე, რადგან რამდენიმე ავტორის ან გამოცემის გამოქვეყნებულ ტექსტს AI იყენებს იმისთვის, რომ დააგენერიროს ახალი. სწორედ ამიტომ, არაერთმა ავტორმა უჩივლა Open AI-ს მათი სტატიების გამოყენებისთვის.

დამატებით, კომიკოსმა და მსახიობმა, სარა სილვერმენმა საჩივარი შეიტანა “Meta”-ს წინააღმდეგაცაც, ის ამტკიცებს, რომ კომპანიამ თავისივე ხელოვნური ინტელექტის, LLaMa-ს, გასაწვრთნელად, სილვერმენის წიგნი ნებართვის გარეშე გამოიყენა.

თუმცა, open AI-ს ბოტისთვის წვდომის შეზღუდვა, პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რადგან სტატიები თუ სხვა მასალები ხშირად ონლაინ ბიბლიოთეკებში, არალეგალურ ვებგვერდებსა თუ სხვა საიტებზეც ვრცელდება.

რომელმა გამოცემებმა აუკრძალეს Open AI-ს მასალების გამოყენება?

გამოცემებიდან ერთერთი პირველი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის „გაწვრთნისთვის“ მათი მასალების გამოყენება აკრძალა “The New York Times” იყო. ამის შემდეგ, ეს შეზღუდვა დააწესეს სხვა გამოცემებმაც, მათ შორის:
  • The Guardian
  • CNN
  • Reuters
  • Canberra Times და სხვა.
მე, როგორც ჟურნალისტი, ინფორმაციას ვეცნობი ყველგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. ქართული რეალობის გათვალისწინებით კი Facebook ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რესპონდენტების მოსაძებნად და ამბების გასაგებად.

მაგრამ, არის ერთი დიდი "მაგრამ"...

არ შეიძლება, სოციალურ ქსელში მოქალაქის დაწერილი პოსტი მედიამ საზოგადოებამდე მიიტანო როგორც ამბავი. არ აქვს მნიშვნელობა, ნიუსის დასაწყისში უთითებ, თუ არა სიტყვებს “მოქალაქის ინფორმაციით”.

ერთ-ერთი მთავარი, რაც მედიას მოქალაქისგან განასხვავებს, არის გადამოწმების ვალდებულება. ამასთან, მოდი ვაღიაროთ, რომ გადამოწმებისთვის ჟურნალისტებს მეტი შესაძლებლობაც გვაქვს.

რატომ ვწერ ამას? იმიტომ, რომ “მთავარმა არხმა” ფეისბუკზე დადო "ქარდი" წარწერით - “მოქალაქის ინფორმაციით, ნინო წილოსანმა კახეთში, კუდიგორის მთა მოჭრა და სახლი ააშენა”. ფოტო, რომელზეც ე.წ. მოჭრილი მთა ჩანს, ასევე მოქალაქის გავრცელებულია.

ყველაზე მარტივია, ამ დროს მასთან დარეკო, ვისზეც ინფორმაციას ავრცელებ. მიუთითო, რომ წილოსანმა გავრცელებული ინფორმაცია უარჰყო, ან კითხვაზე არ გიპასუხა. მაგრამ ამის არანაირი მცდელობა არც პოსტზე და არც აღწერაში არ ჩანდა.

ნუ, ვთქვათ, ვერ დარეკეს წილოსანთან, კახეთი არც ისე შორსაა, რომ ასეთი ამბის გასაშუქებლად ადგილზე მიხვიდე და რაიმე საშუალებით გადაამოწმო ეს “მოქალაქის ინფორმაცია”.

ის, რომ ამბავს მტკიცებით ფორმაში არ წერ, პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს.

მთავარმა არხმა პოსტი დაახლოებით ერთ საათში ჩაასწორა. დავუშვათ რომ ამბის ასე გაშუქებისას მედიამ “შეცდომა დაუშვა”, არსებობს შესწორების სტანდარტი. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა.

“მთავარმა არხმა” შესწორებაში მიუთითა: “მოქალაქის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას შემდეგ რაც, "მთავარმა არხმა" გავრცელებული ინფორმაცია გააშუქა, პოსტს გამოეხმაურა ნინო წილოსანიც, რომელმაც ინფორმაციას "მთავარი არხის" მიერ "მოგონილი ტყუილი" უწოდა. ამის შემდეგ კი მოქალაქემ აღნიშნული პოსტი წაშალა”.

მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაშიც სასურველია, მედიამ ახსნას, რატომ მოიქცა ასე.

არ ვამტკიცებ, რომ “მოქალაქის ინფორმაცია” სიმართლე არ არის, შეიძლება არის კიდეც. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მსგავსი ინფორმაცია გადამოწმებულ ამბად აქციო, სადაც წყაროებიც გეყოლება. ამ შემთხვევაში საკუთარ მაყურებელთან/მკითხველთან მართალი იქნები.

მე, როგორც რიგით მკითხველს ქარდმა იმაზე გაცილებით მეტი კითხვა გამიჩინა, სწორია თუ არა ინფორმაცია, ვიდრე რეალურ პრობლემაზე - ე.წ. მთის მოჭრაზე.
რატომ არის ასე ძნელი მედიისა და პოლიტიკის გამიჯვნა საქართველოში
„მთავარი“ არხის დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ ამავე არხის გადაცემაში „შენი შუადღე“ რამდენიმე სკანდალური და ამავე დროს, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა. მან, ძირითადად, ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რასაც ყველაზე პოპულარული ოპოზიციური არხის დირექტორი (სავარაუდოდ, ხელისუფლების?) „მაღალი ეშელონებიდან“ და საკუთარი „მეგობრებისგან“ განიცდიდა.

ამავე დროს, გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქამდე, აუდიტორიის თვალში, „მთავარი არხი“ ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა მისი მტკიცებით, ახლა აღარ არსებობს იმის მიზეზი, რომ ეს არხი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან გავაიგივოთ.

ამ დებატებში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი იყო. საკითხავია, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს ოპოზიციური ტელეარხის ესეთ მჭიდრო ასოცირებას პარტიასთან და რა ობიექტური წინაპირობები უნდა არსებობდეს ამ კავშირის მოსასპობად. ამ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ.

ვფიქრობ, საქართველოს კონტექსტში მიზეზი, რატომაც ოპოზიციური არხიც კი შეიძლება ასოცირდებოდეს კონკრეტულ პარტიასთან, ძირითადად, ორია. ქვემოთ, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე ვისაუბრებ.

პირველი მიზეზი მაყურებლებს შორის არსებული პოლარიზაციაა. ტელეარხები არა მხოლოდ ქმნიან პოლიტიკურ განწყობებს, არამედ ისინი ცდილობენ, რომ მინიმალურად დონეზე მაინც დააკმაყოფილონ მაყურებლების პრეფერენციები. ამ აზრით, ისინი ჰგვავან პოლიტიკოსებს, რომლებსაც ამომრჩეველთა ხმების მოზიდვა აქვთ მიზნად. „მთავარი არხი“, ბუნებრივია, რომ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მაყურებელი და ამისათვის მას უწევს გარკვეული პოლიტიკური პოზიციების დაკავება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მხოლოდ ნაწილობრივ სწორია ნიკა გვარამიას ვარაუდი, რომ „მთავარი არხი“ კი არ იყო აქამდე რომელიმე პარტიის გაგრძელება, არამედ „შესაძლოა პირიქით უფრო ყოფილიყო“. მართალია ის, რომ განვითარებულ დემოკრატიებშიც კი ტელევიზიას დიდი გავლენა აქვს ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნების ფორმირებაში. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ელექტორატის პოლიტიკური პრეფერენციები, გარკვეულ დონემდე, კრისტალიზირებულია, დიდწილად, მოთხოვნა განსაზღვრავს ხოლმე მიწოდებას.

მეორე მიზეზი, რატომაც „მთავარი არხი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, ის არის, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს კომერციულად მომგებიანი ტელეარხი. თითქმის ყველა ტელევიზიის არსებობა მჭიდროდ არის დამოკიდებული არა მხოლოდ მაყურებლების რაოდენობაზე (რაც თავის მხრივ განსაზღვრავს რეკლამების რაოდენობას), არამედ დონორების კეთილ ნებაზეც.

მაშინაც კი, როდესაც დონორები არხისგან ღიად არ ითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პოზიციების დაკავებას, პოლარიზებულ გარემოში, ზოგიერთ ჟურნალისტს შეიძლება თვითცენზურა ჩაერთოს. როგორც გაბუნიამ ზემოთხსენებულ ინტერვიუში აღნიშნა, ზოგიერთ მათგანს გაუხარდა, როდესაც არხის დირექტორმა მათ განუცხადა, რომ შეეძლოთ აღარ ყოფილიყვნენ შებოჭილნი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით.

როგორც ვხედავთ, მიზეზები, რატომაც არასამთავრობო ტელეარხი შეიძლება მიბმული იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს იმდენად ღრმაა, რომ ტელემედიისა და პარტიული პოლიტიკის გამიჯვნა საქართველოში ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. შესაძლოა, ამ კავშირის ბოლომდე გაწყვეტა თეორიულადაც კი შეუძლებელი იყოს (ვინაიდან ყველა კერძო არხი, საბოლოო ჯამში, შეეცდება მაყურებლის გულის მოგებას). თუმცა პოლიტიკისა და მედიის მჭიდრო კავშირის შედარებით შესასტურებლად, პროგრამა მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს, კომერციული მოგების მქონე ტელევიზიების შექმნაა.

კომერციული ტელევიზიები და ზოგადად, კომერციული მედია ცალკე ვრცელი თემაა. ამიტომ ამ საკითხს სხვა ბლოგში დავუბრუნდები. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ პრობლემის მოგვარება მისი ჯეროვნად გააზრებით უნდა დავიწყოთ.
რატომ არ უნდა
ბოლო დროს ერთი ფრაზა მახსენდება-ხოლმე, ბეგბედერის "99 ფრანკიდან", სიახლის უპირატესობა ისაა, მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, რაც წინას დააძველებსო.

სარეკლამო ინდუსტრიის კონტექსტში კი დაწერა ავტორმა, რაშიც იმას გულისხმობდა, რომ ამ ინდუსტრიის ხალხის ძალაა, სიგიჟემდე მოგვანდომონ რაიმე ნივთი, გვაიძულონ, შევაკოწიწოთ მის საყიდლად თანხა, და როცა როგორც იქნება და ვიყიდით, უცებ, ჰოპ! - მარკეტერები ჩვენი ოცნების ნივთს მეორე დღესვე "დააძველებენ" და ჩვენი ტვინიც იმავე ნივთის ახალ ვერსიაზე დაიწყებს ოცნებასო,

მაგრამ არც არაფერი დაშავდება, თუ იმავე ფრაზაში "სიახლეს" სხვა სიტყვით - "ბრაზით" ჩავანაცვლებთ.

აი, რაღაც ასეთს მივიღებთ: ბრაზის უპირატესობაა, რომ ბრაზის ობიექტი, ან სუბიექტი მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება რაღაც სხვა, რაც წინა ბრაზს დააძველებს, ანუ გადაფარავს.

გადაფარავს იმიტომ, რომ ასეთია ადამიანის გონი და, ეს, ერთგვარი შესაძლებლობაცაა ჩვენთვის და - საფრთხეც.

აი, დავაკვირდეთ, რამდენი რამ გვაბრაზებს. ვაღიაროთ, იმდენი, რომ "გვენანება" კიდეც, წინა ბრაზი ახალმა ბრაზმა ჩაანაცვლოს, რადგან ის, რაც გუშინ გვაბრაზებდა, როგორც მიზეზი, არც დღეს გამქრალა სადმე; იმავე პრობლემადაა დარჩენილი და ამის ყოველი გააზრება ისევ და ისევ კი აღაგზნებს და ააქტიურებს ჩვენი ტვინის იმ უბანს, რომელიც იმ ბრაზის მიზეზს აცნობიერებს, მაგრამ რა ვქნათ, დღესაც რომ ახალი გასაბრაზებელი დაგვემატა?! რადენს გავწვდეთ?

ხო.

თუ ვინმე ჯერ ვერ მიხვდა, "პირადულ ბრაზებზე" არა — ბრაზის კოლექტიურ მიზეზებზეა აქ საუბარი და ბრაზი - ბრაზად, მაგრამ ეს ყველაფერი სადარდებელი უფროა, ალბათ.

მხოლოდ ამ თვის ახალი ამბების "თაიმლაინს" რომ გადავხედოთ, ბეგბედერის იმავე ფრაზაში "ბრაზივით" წარმატებით შეიძლება ჩავსვათ სიტყვები: "უიმედობა", "სასოწარკვეთა", "ტკივილი", "კატასტროფა", "უპასუხიმგებლობა" და იმ წინადადებას მაინც შეეძლება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტი იმდენადვე მართლად აღწეროს, როგორადაც სარეკლამო ინდუსტრიაზეა დაწერილი პოპულარული წიგნის ორიგინალში.

შოვის კატასტროფის მერე, ტკივილიც, უიმედობაც, სასოწარკვეთაც და უპასუხისმგებლო ადამიანებზე ბრაზიც ერთნაირი "წარმატებით" გამოვიარეთ.

რა აღარ ვნახეთ და რამდენი ვერ ვნახეთ კიდევ…

რა აღარ მოვისმინეთ და ნეტავ, იქიდან სულ უფრო ცოტა მოგვესმინა, და განსაკუთრებით, მათგან, ძალაუფლების ფლობის ბერკერტს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა რომ გამოაცალეს. ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობის შესაძლებლობად რომ ჩასჭიდებიან და გამოშიგნეს უმთავრესისგან - პასუხისმგებლობისგან, სამშობლოსა და რიგითი მოქალაქის მიმართ.

აი, ესაა ყველა იმ ბრაზის პირველწყარო, რაც მერე უიმედობასაც გვიჩენს-ხოლმე, სასოწარკვეთასაც და ტკივილსაც. და ისინიც არა და აღარ ჩერდებიან, წინა დღის ბრაზს დღევანდელი ბრაზის საბაბებს “საინფორმაციო აბის” დოზებად გვიმატებენ და ჩვენც ვიძველებთ იმ ბრაზებს, ჯერ რომ მონელებაც ვერ მოგვისწრია.

და რამდენადაც ორგანული არ უნდა იყოს ჩვენში არსებული უნარი, ახალი დღის უბედურებები წინა დღისას “აძველებდეს”, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, რეალურად, აქ და ახლაა, იმდენადვეა ჩვენივე მხრიდან ერთმანეთის მიმართ უპასუხისმგებლობა, ამ “თაიმლაინში” ძირითად გასაბრაზებელ საკითხებს დიდ წითელ წრეში არ მოვხაზავდეთ და ვტოვებდეთ არა ბრაზად, როგორც ემოციად, არამედ ვნიშნავდეთ მას გადასაწყვეტ, მოსაგვარებელ საკითხად. ისე, როგორც ეს ზრდასრულ, ქვეყნის, ერთმანეთის, საკუთარი თავისა და შვილების მომავლის მიმართ პასუხისმგებელ საზოგადოებას შეშვენის და მოეთხოვება კიდეც.

აი, აქედან დავიწყებ ძირითად სათქმელს, სათაურად რაც მივაწერე და რამაც ამ ბლოგზე გადმოგიყვანათ: რატომ არ უნდა "გავუტაროთ" რუსთავი 2-ს შემტევი კამპანია თეა გოდოლაძეზე, მეცნიერ ქალზე, რომლისთვისაც სულაც არ დაუთმია 9-საათიანი კურიერის პირველი, “ოქროს წუთები” რუსთავი 2-ს მაშინ, როდესაც შოვის კატასტროფის შემდეგ ჰქონდა სათქმელი ხელისუფლებისთვის; სათქმელი, რომელიც დაგროვებულია წლების პროფესიული ცოდნისგან, გამოცდილებისა და სამეცნიერო მონაცემების ფლობით, და კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე შეეძლო მიეწვდინა ხმა გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის.

მაგრამ იმავე კურიერმა, მთავარი, 9-საათიანი გამოშვების პირველი, პრიორიტეტული წუთები დაუთმო მეცნიერის პირად კონფლიქტს და ამან მედია ხელისუფლების ხელში აქცია ერთი კონკრეტული ადამიანის ერთგვარ დეჰუმანიზების ისტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არხზე გავლენის მქონე პარტიისგან განსხვავებულად ფიქრობს და ეს ძალიან, ძალიან საშიში და ძალიან დიდი ამბავია; იმაზე დიდი ამბავია, კურიერში რომ “ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია” ჰგონიათ.

და არა, არ უნდა გავუტაროთ ეს "რუსთავი 2"-ს და არც სხვა რომელიმე მედიას, რადგან რეალურად, ამის გატარებაა რუსეთი — ასე რომ არ მოსწონს ფეისბუქსტატუსების მიხედვით, ბევრ ჟურნალისტს სამთავრობო არხიდან.

არც ამ და არც სხვა ქვეყნებში, არავის დაუშლია მედიისთვის, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკური გემოვნება, როგორიც უნდა, მაგრამ კი, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, ნათლად, მკვეთრად უნდა გავუვლოთ მათ წითელი ხაზი, რას გავუტარებთ და რას - არა.

და ყოველთვის უნდა ჰქონდეს საზოგადოების მკაფიო "არა" ძალაუფლების მფლობელი ადამიანების ჟინსა და ვნებას, აქციონ მედია ადამიანის მორალური ჩაგვრის ინსტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ გაანეტრალოს ის საზოგადოებრივი, თუ პროფესიული გამოხატულებებისგან, რადგან აი, ეგ არის ის რუსეთი, ფეისბუქით რომ აძაგებთ-ხოლმე ოცნების დაქვემდებარებაში მყოფი მედიის ზოგი ჟურნალისტი.

და თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ თეა გოდოლაძის უფლებას, ხვალ თეა გოდოლაძისნაირად, ისევ თქვენივე ხელით მოგთხოვენ გაანადგუროთ ვინმე სხვა, და ყოველ დღე იქნება ის "ვინმე სხვა" და ასე, არასდროს დაილევა "თქვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზივები" ძალაუფლების მფლობელთათვის არასასრულველი ადამიანების პირად ცხოვრებაზე, და აი, ეგ არის რუსეთი.

და იცით, მთელ ამ ამბავში, რა არის იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე კურიერის მიერ, გოდოლაძეზე ამბის "ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციად" გამოცხადებაა? ის, რომ ზუსტად "ოცნებისთვის" ამდენად საძულველი, "სისხლიანი ცხრა წელის სააკაშვილის" მთავარი მედიასაყრდენების ხელით აკეთებენ ასეთ საინფორმაციოებს, "ოცნებისავე" დაქვემდებარებაში მყოფ არხებზე, და გთხოვთ, ეგეც გვითხარით, ეგ როგორ ხდება? ჩვეულებრივ?

და ყოველგვარი მორალისტობის გარეშე, უბრალოდ, ფაქტად მიიღეთ, რომ კი, ვართ ამ ქვეყანაში მედიაში მომუშავე ისეთი ხალხიც, ვინც, სააკაშვილსაც ვეუბნებოდით სათქმელს, მერე ივანიშვილსაც და ახლაც მივუთითებთ "ამათ", ოღონდ, დანამდვილებით ნუ გვაფიქრებინებთ, რომ "ახლა" უკვე რუსეთია.

პ.ს. თუ მართლა ისე არ გინდათ რუსეთი, როგორც ამას ფეისბუქზე გამოხატავთ, როგორც რატომღაც, ბეგბედერით დამიწყია, მისივე ფრაზით დავასრულებ: "თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორც ფრანკენშტაინის საცოლე."