ხურდა ფული „ჩამშვებისთვის“
20.10.2015
ხომ გახსოვთ ხალხის რეაქცია და პირადად თქვენიც, ვინც ამ წერილს კითხულობთ, რაც პატიმართა წამების, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის პირველი კადრების გავრცელებას მოჰყვა 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. უკვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლებას განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ საპარლამენტო არჩევნებში პირწმინდად დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციულ რესურსებს ფლობდა. მაშინ, კადრების ხილვით გამოწვეული საყოველთაო შოკის მიუხედავად, ზოგ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიის ექსპერტს თუ რიგით ჟურნალისტს ეყო გამბედაობა, ეთქვა: ფარული ჩანაწერების ამ ფორმით გავრცელება არ შეიძლება, რადგან მათში იდენტიფიცირებულია დამცირებული და შეურაცხყოფილი ადამიანები, რომლებიც, უკვე ციხის კედლებს გარეთ, შეიძლება სხვების მხრიდან დამცირების ობიექტები გახდნენ, მოძალადენი კი ლინჩის წესითაც გაასამართლონ. კიდევ ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ბოლოს და ბოლოს ერთსაც და მეორესაც ჰყავთ, მშობლები , შვილები, მეუღლეები, ვისთვისაც ძნელი ასატანი იქნება ამ შემზარავი სცენების მონაწილეთა საჯაროდ გამოჭენება. ვიღაცას მეზობელი აითვალწუნებს , ოჯახის უფრო ახალგაზრდა წევრი კი, შეიძლება, კლასელებმა დაამცირონ და შეურაცხყონ.

ერთ ასეთ მაგალითზე მოგითხრობთ, რომელიც ჩემი კოლეგებისთვისაც ბევრჯერ მომიყოლია. ფარულად გადაღებულ ერთ-ერთ კადრში, რომელიც 3 წლის წინ გავრცელდა, ნაჩვენებია, როგორ სასტიკად ცემენ ახალგაზრდა მამაკაცს, შემდეგ კი აღიარებაზე ხელს აწერინებენ. ჩანაწერი პირველად „მაესტრომ“ გაავრცელა.მასში არც ციხის ზედამხედველის სახეა დაფარული, არც ნაცემი ახალგაზრდის. თუმცა, მოგვიანებით, არაერთხელ განმეორებულ იმავე კადრებში, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორმა შენიშვნები გამოთქვა, იმავე ადამიანთა სახეები დაფარეს. მაგრამ იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს, უკვე გვიანი იყო. დადასტურებულად ვიცი და ინფორმაცია პირველწყაროდან მაქვს,ამ ახალგაზრდას, ციხიდან გამოშვების შემდეგ, უბნის ყოჩები შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას ხურდა ფულსაც კი აყრიდნენ სახეში: შეძახილით: წადი, შე ბოზო!

დიახ, „ჩაშვების ინსტიტუტი“ ისეთივე მიუღებელია ფობიებით გაჟღენთილი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, როგორი მისაღებიცაა „ჰეროიკული“ ქურდული სამყარო. და წარმოიდგინეთ, რა მოყვებოდა იმ უფრო მძიმე კადრების ჩვენებას, რომელიც შს სამინისტროს შენობაში სამი წლის წინ საკმაოდ მოზრდილ ეკრანზე გაუშვეს და რომელსაც უფლებადამცველები და მედიის მფლობელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ვესწრებოდი მეც.

იქ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა და დროდადრო ჩანაწერების კომენტირებას აკეთებდა. ბოლოს ატყდა კამათი იმაზე, ეჩვენებინათ თუ არა ეს კადრები ტელევიზიით. ზოგმა მათი ჩვენება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონოდა სრული სურათი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულთა მასშტაბის შესახებ. ოპონენტები კი საერთაშორისო პრაქტიკით და ადამიანის ფაქტორით აპელირებდნენ, რომ არ შეიძლება ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ, უფრო კონკრეტულად, არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ცნება. ადამიანს პირადი ცხოვრება აქვს ოჯახში, მეგობრების წრეში, და თქვენ წარმოიდგინეთ, ციხის კედლებშიც, ამიტომ თუ კადრების გავრცელებაა, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყოს.

შს სამინისტროს მიერ ადამიანთა ვიწრო წრისთვის დემონსტრირებულ ფარულ ჩანაწერებში, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, სახეები დაფარული იყო, თითქოს იდენტიფიცირებაც არ იყო შესაძლებელი, მაგრამ კადრებში ისეთი დეტალები იყო გაპარული, რომ მოძალადის და მსხვერპლის იდენტიფიცირებაც შეიძლებოდა. მაშინ აუდიტორიის ერთმა ნაწილმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი განაცხადა რა, რომ ამ კადრების ჩვენება, თუნდაც საზოგადოების ინფორმირების მიზეზით, დაუშვებელი იყო. საბოლოოდ, როგორც ცნობილია, სამოქალაქო სექტორის ზეწოლით, ხელისუფლებამ ფარული კადრების ნაწილი გაანადგურა, ის ნაწილი, რომელიც პირად ცხოვრებაში იჭრება და კანონით არის დაცული. თუმცა იმთავითვე გამოითქვა ეჭვი და მინისტრმა ღარიბაშვილმაც დაადასტურა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ უამრავი ჩანაწერიდან რაღაც ნაწილი, შეიძლება, შსს- ს კონტროლს მიღმა არსებობდეს, და ოდესმე ვიღაცამ სადღაც ატვირთოს.

აკი ატვირთეს კიდეც, ზუსტად იმ დროს და ზუსტად ისეთი კადრები, რომელიც საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკეებს გაასენებდა. დიახ, გაახსენებდა, რადგან თითქმის იმავე დღეს “ავადსახსენებელი” NDI-ის დაკვეთით პარტიათა რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც სულაც არ მეტყველებს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ.

სხვა საკითხია და საინტერესოც, თავად ფარული ჩანაწერების გავრცელების პროცესი და თავად ამ კადრების დამუშავების თავისებურებები. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ეს ჩანაწერები საქმის მცოდნე ადამიანებმა დაამუშავეს- მსხვერპლის სახე პროფესიულად არის დაბლარული. არც მოძალადის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, თუ არ ჩავთვლით მის ყავარჯნებს, რომლითაც შურისძიების მსურველი, თუ ძალიან მოინდომებს, მას აუცილებლად მიაგნებს. თან კადრები, რატომღაც, უკრაინულ საიტზე განათავსეს და უმალ რამდენიმე ქართულმა საიტმა ატვირთა.

გუშინ ჩემს ნიუსფიდს გადავხედე ფეისბუკში, უკრაინული საიტი თვალში არ მომხვედრია, სამაგიეროდ ქართული საიტებით ეს ვიდეო კონტენტი თითქმის ერთდროულად გავრცელდა. ამ ფაქტების ერთობლიობით, სოციალურ ქსელში ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ჩანაწერი ვიღაცის პირადი სურვილით და კონკრეტული ადამინის დასჯის მიზნით გავრცელდა. ბოლოს და ბოლოს, ეს კადრი, როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, გამოძიების მასალაში დევს, შესაბამისად, ასეთი ჩანაწერები ვიღაცის ხელში შემთხვევით არ ხვდება. ჩანაწერის გავრცელების ბოლო ფაქტი, მისი გავრცელების ოპერატიულობა და ორგანიზებულობა, უფრო პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე და რეიტინგების კორექტირების სურვილზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე მსგავსი და კიდევ უფრო უარესი კადრები არაერთხელ გავრცელდება. მიზანი შეიძლება დიადი იყოს და ნათელიც, მაგრამ რა ვუყოთ ტრაგედიაგადატანილ ადამიანებს, ვინც შეიძლება ამოიცნონ, და იმ ახალგაზრდისგან განსხვავებით, მხოლოდ ხურდა ფულის სახეში შეყრით არ დაკმაყოფილდნენ? რა ვუყოთ კადრში მოხვედრილი ფიგურანტების ნათესავ-ახლობლებს, რომლებსაც სავარაუდოდ, დიდი სტრესისთვის და თუნდაც, ლოკალურ დონეზე საზოგადობრივი წნეხისთვის გავწირავთ?

ბლოგის ავტორი : დავით მჭედლიძე, ჟურნალისტი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ