ხელისუფლების ფარული სურვილები
24.01.2019

alt

უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების (მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის) მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არაერთმა ინიციატივამ გაიჟღერა. ამგვარი სურვილები დააფიქსირა საქართველოს საპატრიარქომაც. მართალია ასეთი მცდელობები ახალი არაა, თუმცა თანადროული ერთხმიანობა გვაფიქრებინებს, რომ საკითხი ყურადღების ცენტრშია მოქცეული როგორც მმართველი პარტიის, ისე დომინანტი რელიგიური გაერთიანების მიერ და შეიძლება ამ სურვილების სისრულეში მოყვანისათვის შესაბამისი ნაბიჯებიც მალე გადაიდგას.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყურადღება მახვილდება, ეს ცილისწამებისათვის სანქციის გამკაცრებაა, რაც არ გამორიცხავს მისი ხელახალი კრიმინალიზაციის შესაძლებლობასაც. ამ მოკლე მიმოხილვაში საუბარი სამ ძირითად მიმართულებაზე გვექნება, რომელიც საერთო ჯამში ცხადად გვანახებს დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არამხოლოდ საჭიროების არარსებობაზე, არამედ ამგვარი მიდგომის მოსალოდნენ სავალალო შედეგებზე და ხელისუფლების შესაძლო რეალურ ზრახვებზე.


 ⇒    ა) გამოხატვის თავისუფლების მოქმედი ჩარჩო ცილისწამებასთან დაკავშირებით და მისი შეცვლის საჭიროებები


საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას 2004 წელს ცილისწამების (დანასაულის დაბრალებით) დეკრიმინალიზაცია წარმოადგენს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი სრულიად არის გასული სამართლებრივი სივრციდან. ცილისწამებისათვის (და პირის პატივის, ღირსების ან რეპუტაციის შელახვისათვის) შესაბამისი პასუხისმგებლობა პირს სამოქალაქო წესით მოეთხოვება. ამდენად მოქმედი რეგულაციებით (“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსით) გათვალისწინებულია ცილისწამების შესაძლო მსხვერპლების სამართლებრივი დაცვის გზები. მათ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მათ წინააღმდეგ გავრცელებული ცილისმწამლებლური ცნობების უარყოფა და თუნდაც შესაბამისი კომპენსაცია.

როდესაც უფლების შეზღუდვაზე, მითუმეტეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დავსვათ კითხვა - არის კი (ან რატომ არის) საჭირო პირის სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას? რა იქნება მისი საპირწონე ღირებულება/სიკეთე, რომლის არსებობასაც შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ასეთი მკაცრი მიდგომით? თავი რომ დავანებოთ იმ პრაქტიკულ სიძნელეებს, რომელიც ცილისწამების გამო სისხლის სამართლებრივი დევნისას შეიძლება აღმოცენდეს, ფაქტი ერთია, ეს ვერ იქნება პროპორციული გზა მეორე მხარეს მყოფი კერძო პირთა ინტერესების დასაცავად. მეტიც, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მივანიჭებთ შესაძლებლობას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით ჩაახშოს კრიტიკული აზრი საზოგადოებაში, რასაც აუცილებლად ექნება მსუსხავი ეფექტი და საზოგადოების წევრებს თვითცენზურის დაწესებას აიძულებს. ის რომ ეს საფრთხე რეალურია, 2004 წლამდე მოქმედი კანონმდებლობიდან და შესაბამისი პრაქტიკიდანაც ჩანს.

საქართველოს კონსტიტუციის პასუხი ცალსახაა: ის უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ და მხოლოდ იმ ფარგლებით, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში კონსტიტუციითვე გაწერილი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და არის თანაზომიერი გზა ამისათვის.

“არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა…. გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა – რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც იზიარებ, მოგწონს ან სწორად მიგაჩნია", - აღნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

გასათვალისწინებელია ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.“

ამდენად, ცილისწამების კრიმინალიზაცია ან სხვა რაიმე ფორმით გამოხატვის თავისუფლების დამატებით შეზღუდვა იქნება არაკონსტიტუციური, თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუსაბამო უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საფუძვლად არ უდევს არც შესაბამისი რაციონალური საჭიროება და არც იმგვარი საპირწონე ღირებულება, რომელიც უპირობოდ გადაწონიდა მისი ფარგლების შემცირებას.


⇒     ბ) ევროპული ქვეყნები, როგორც არასამაგალითო მოდელი გამოხატვის თავისუფლების დასარეგულირებლად

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოსურვენი ხშირად უთითებენ ხოლმე დასავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობას და იქ არსებულ შეზღუდვებს, როგორც მისაბაძ მაგალითს. ამ მხრივ ყურადღების ღირსია ის ისტორიული წინამძღვრები, რაც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო დონეზე: მეოცე საუკუნის განმავლობაში, ევროპაში გამოხატვის თავისუფლება ისევე ფასობდა, როგორც ამერიკაში. ჯერ კიდევ გაეროს ფარგლებში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დროს ევროპის წამყვანი ქვეყნები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ დეკლარაციაში გამოხატვის თავისუფლების პარალელურად მისი შეზღუდვის მკაცრი კრიტერიუმების განსაზღვრას. სამაგიეროდ, ამის აქტიური ინიციატორნი და დამცველნი იყვნენ საბჭოთა კავშირი და მისი მოძმე სოციალისტური ქვეყნები. საბჭოთა კავშირი მოკავშირეებთან ერთად აქტიურად ცდილობდა სიძულვილის ენის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებიდან გამოყვანას და ამ უფლების შეზღუდვის ისეთი საფუძვლებით გამართლებას, როგორიცაა „ეროვნული, რასისტული ან რელიგიური მტრობის ნებისმიერი ადვოკატირება, რომელიც წარმოადგენს სიძულვილის წახალისებას“. აღნიშნული საკითხი ცხარე მსჯელობის საგანი იყო, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების, ასევე „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის თუ სხვა მსგავსი საერთაშორისო დოკუმენტების შემუშავების დროს, სადაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება.

სამწუხაროდ, ქვეყნების ნაწილი გაჰყვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გზას, თუმცა ამას ისინი ამართლებდნენ საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე და უმთავრესად იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალათ ნაციზმისა და ფაშიზმის ან მსგავსი იდეოლოგიების/რეჟიმების ხელახალი გაღვივებისათვის (რაც ერთი შეხედვით კეთილშობილურ მიზნად შეგვიძლია აღვიქვათ კიდეც) და დაემარცხებინათ ანტისემიტიზმი. თუმცა მათ ვერ გათვალეს, რომ გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა გახდებოდა ბიძგის მიმცემი შეზღუდვის უფრო მეტად გაფართოების და მისი ბოროტად გამოყენებისთვისაც. ამ ისტორიული შეცდომის შედეგებს კი დღეს უკვე ვიმკით, მათ შორის საქართველოში, სადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას (ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით) დაუფარავად, არა უმცირესობათა უფლებების ან ძალადობრივი რეჟიმებისგან თავის დაცვის მიზნით, არამედ კრიტიკული აზრის ჩასახშობად ამართლებენ.


⇒    გ) ხელისუფლების რეალური ზრახვები და სამოქალაქო საზოგადოების პასუხი მასზე


ერთგვარი პარადოქსია ის, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც გამოირჩეოდნენ საარჩევნო პერიოდში (და არამხოლოდ) პოლიტიკური ოპონენტების მიმართ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მცდელობებით (ბილბორდები „არა ბოროტებას“, Fake news-ები და გვერდები სოციალურ ქსელებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე განხორციელებული თავდასხმა და მათი ფაშისტებად მონათვლა; პატრიოტთა ალიანსის მუქარა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ა.შ.) სწორედ სიძულვილისა და მცდარი ინფორმაციებისგან საზოგადოების დაცვის მოტივით საუბრობენ რეგულაციების გამკაცრებაზე ამ მიმართულებით. პარადოქსია ისიც, რომ ერთი მხრივ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებული არაეთიკური მიმართვების ფონზე (მაგალითად თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გინება პირდაპირ ეთერში) სწორედ მმართველი პარტია საუბრობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის სანქცირების საჭიროებაზე.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობის სურვილები და მიდრეკილებები არ უნდა იყოს გასაკვირი, რამეთუ ნებისმიერი ხელისუფალის თანმდევი მანკიერებაა ძალაუფლების შენარჩუნების მუდმივი წყურვილი, რასაც უპირველეს ყოვლისა სწორედ კრიტიკული აზრის არსებობა უშლის ხელს. რაც ნაკლებია ხელისუფლების გაკიცხვის შესაძლებლობები, მით ნაკლებადაა მოსალოდნელი საზოგადოებრივი პროტესტის გაჩენის რისკებიც. ამის ნათელი მაგალითი დღევანდელ სამყაროში კი არაერთი გვაქვს: დაწყებული მეზობელი აზერბაიჯანით და დამთავრებული უკიდურესი შემთხვევით, ჩრდილოეთ კორეით. ამავდროულად, საყურადღებოა ისიც, რომ ხელისუფლება ღირებულებათა სისტემის შექმნისას საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებებით საზრდოობს და საკუთარ პოლიტიკას სწორედ მასზე აფუძნებს ხოლმე, ან როგორც მინიმუმ ცდილობს არ შეეწინააღმდეგოს მათ (ამ მხრივ აღსანიშნია ბოლო პერიოდში ევროპაში პოპულისტური პარტიების მომძლავრება, მაგალითად, უნგრეთსა და პოლონეთში).

ეს ორი მოცემულობა (ხელისუფლების შენარჩუნების სურვილის გამო ერთი მხრივ კრიტიკის არხების ჩახშობა, ხოლო მეორე მხრივ გაბატონებულ შეხედულებათა მიდევნა) უკვე გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივ მისწრაფებას, შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები. თუმცა ნათელია, რომ გაცხადებულ მიზნებს არა ზემოთხსენებული სურვილები, არამედ სხვა ადამიანთა ღირსების დაცვა და უფლებათა დაბალანსების გზით საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენს.

თუმცა ასეთ პირობებში გადამწყვეტი ფაქტორია არა ხელისუფლების ფარული სურვილები, არამედ საზოგადოების პასუხი მასზე. ხელისუფლების მანკიერი მიდრეკილებების წარმატების ხარისხი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სამოქალაქო საზოგადოება სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს მას და არ აუნთოს მწვანე შუქი ჰომოგენური, სტაგნაციაში მყოფი საზოგადოების შექმნას. უკანასკნელ პერიოდში გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ საქართველოში შექმნილი აჟიოტაჟი სწორედ ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი მორიგი გამოცდაა სახელმწიფოს დემოკრატიზაციის გზაზე.

ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ინგლისელმა ფილოსოფომა, ჯონ სტუარტ მილმა აღნიშნა: „შეხედულების ჩახშობის განსკუთრებული ბოროტება ის არის, რომ ის ადამიანების მთელ მოდგმას ძარცვავს - შთამომავლობასაც და ახლანდელ თაობასაც; კიდევ უფრო მეტად ძარცვავს მათ, ვინც ამ შეხედულებას არ ეთანხმება, ვიდრე მათ ვინც მას იზიარებს. თუ შეხედულება სწორია, მათ ერთმევათ შეცდომის ჭეშმარიტებად შეცვლის შესაძლებლობა; ხოლო თუ მცდარია, ისინი თითქმის ისეთსავე დიდ სარგებელს კარგავენ: ესაა ჭეშმარიტების უფრო მკაფიოდ აღქმა და მისი უფრო ცხოველი შთაბეჭდილების მოპოვება, რასაც გვაძლევს შეცდომასთან მისი შეჯახება.“ მილის ამ სიტყვებში ყველაზე კარგად ჩანს ის, თუ რატომ ანიჭებს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება გამოხატვის თავისუფლებას ესეოდენ მნიშვნელობას და მას დემოკრატიის ქვაკუთხედს უწოდებს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ადამიანთა დევნას, მათი ხმის ჩახშობასა და დასჯას უპირობოდ მოსდევს საზოგადოების სტაგნაცია და განვითარების შეფერხება, ხოლო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში პოპულიზმი იკიდებს ფეხს.

სწორედ ამიტომ, არსებითია, სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზროს მის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა, სათანადოდ შეაფასოს მიმდინარე მოვლენები და მცდარი არჩევანის თანმდევი სავალალო შედეგები, რომელიც უთუოდ დააზიანებს არამხოლოდ აწმყოს, არამედ საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს სამომავლო განვითარებასაც. 

alt
მარინე კაპანაძე


ბლოგის ავტორი : მარინე კაპანაძე, გიორგი მშვენიერაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ