რატომ უნდა დავიცვათ ჯიუტად კომპლექსური აზროვნება
26.10.2023
დებატებში, რომლებიც პოლარიზებულ საზოგადოებებში წარმოებს, კომპლექსურობის დაკარგვის რისკი ყოველთვის არსებობს. როდესაც საზოგადოება ორ, სამ ან მეტ ნაწილად არის გახლეჩილი და რადიკალიზირებული, სიმართლის თქმა პრიორიტეტულობას კარგავს. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი ის ხდება, თუ ვინ ვის მხარესაა.

აღნიშნული პრობლემა ძალიან მკვეთრად გამოჩნდა საერთაშორისო, ავტორიტეტულ მედიასა და საჯარო სივრცეში, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის განახლების ფონზე. ამ საკითხზე მთელი მსოფლიო გადაჯგუფდა ბანაკებად და განსაკუთრებით, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის პირველ დღეებში, ყველა ცდილობდა, რომ თავისი სიმართლე კომპლექსურობისა და ნიუანსების იგნორირების ხარჯზე დაეცვა.

ჩემთვის, ამ პერიოდში, განსაკუთრებით შვებისმომგვრელი იყო CNN-ის წამყვანის, კრისტიან ამანპურის ინტერვიუ ისრაელელ ისტორიკოსისთან და საჯარო ინტელექტუალთან, იუვალ ნოე ჰარარისთან. ამ ინტერვიუში, ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მომენტში, როგორც წამყვანი, ისე რესპონდენტი ცდილობენ, რომ ისაუბრონ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება კომპლექსური აზროვნება.

ინტერვიუს ერთ-ერთი მომენტში, ამანპური ჰარარის შემდეგ კითხვას უსვამს:

„თქვენი მთელი კარიერა და ინტელექტუალიზმი დაფუძნებულია კომპლექსურ აზროვნებაზე. გვაქვს თუ არა აქ სახეზე მორალური ლაბირინთი? არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ორი სხვადასხვა აზრი გვქონდეს ერთსა და იმავე მომენტში? მაგალითად, პირველი ის, რომ [ჰამასის მიერ განხორციელებული] ხოცვა-ჟლეტა ყველაზე უარესია, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და მეორე, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს უფლებები და ღირსება, მათ შორის, პალესტინელ ხალხს. ბუნებრივია, მე არ ვსაუბრობ ჰამასზე, არამედ ვსაუბრობ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებზე, რომლებიც 75 წელი გრძელდება - მათ შორის, 56 წელი ოკუპაციის პირობებში.“

ჰარარი, რა თქმა უნდა, ეთანხმება იმას, რომ შესაძლებელია, მინიმუმ, ორი სხვადასხვა აზრის ერთდროულად ქონა. ის, ასევე, ხაზს უსვამს იმასაც, რომ რომ შესაძლებელია, დაუშვა, რომ შეიძლება იყო „მსხვერპლი და მოძალადე ერთდროულად“. თუმცა ჰარარი იქვე ამატებს, რომ ფსიქოლოგიურად, კონფლიქტში ჩართული ადამიანებისთვის ამის გაკეთება ძალიან ძნელია.

კომპლექსურობის დანახვა ზოგჯერ რთულია კონფლიქტიდან ასობით კილომეტრით დაშორებული ადამიანებისთვისაც - მათ შორის, ყველაზე ავტორიტეტული შემფასებლებისთვისაც კი. ამისი კარგი მაგალითია წამყვანი ამერიკული გამოცემის, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ შეცდომა, ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით.

23 ოქტომბერს, „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სარედაქციო სვეტი, რომელშიც აღიარა, რომ გაზეთი ზედმეტად დაეყრდნო „ჰამასის“ განცხადებებს იმის გადმოსაცემად, თუ ვის შეიძლებოდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვაზე.  გაზეთის განცხადებით, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქტორებს უფრო მეტად გაესვათ ხაზით იმისთვის, თუ რა ინფორმაცია ექვემდებარებოდა გადამოწმებას.

თუ ყველაზე დაძაბულ მომენტში ასეთი შეცდომა ყველაზე პროფესიონალურ და გაწონასწორებულ მედიასაც კი შეიძლება მოუვიდეს, ადვილი წარმოსადგენია, თუ ფსიქოლოგიურად რამდენად რთულია რიგითი მოქალაქეებისთვის (რომელთა ნაწილიც სოციალური ქსელების ტოქსიკურ გარემოში გამოთქვამს აზრს) საკუთარი თავისგან დისტანცირება და ცივი გონებით განსჯა.

არადა, კონფლიქტების დიდი ნაწილის გრძელვადიანი გადაჭრა მოითხოვს კომპლექსურ აზროვნებასა და ნიუანსების გარკვევას. სხვა შემთხვევაში, სისხლიანი თუ უსისხლო დაპირისპირებების დეტალების იგნორირებით, ლეგიტიმაციას მივცემთ ძალადობის ჩაკეტილ წრეს, რომელიც არასდროს დასრულდება.

ამანპურისა და ჰარარის დიალოგი, პირველ რიგში, იმას გვაჩვენებს, რომ ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი როგორც მედიას, ისე სხვადასხვა დარგის ექსპერტებს შეუძლით გადამწყვეტი როლი ითამაშონ საზოგადოებების გამოსაფხიზლებლად. ასეთ პერიოდებში, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე აგენტებმა, იმის ნაცვლად, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან და რთული პოლიტიკური გამოწვევები კიდევ უფრო გაამარტივონ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებისა და მორალური მტკიცებების ერთმანეთისგან განცალკევებას.

ამავე დროს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კომპლექსურობა მორალურ რელატივიზმს არ გულისხმობს. მაგალითად, ტერორიზმი ერთმნიშნველოვნად და უპირობოდ ბოროტებაა და ჰამასის ნებისმიერი ფორმით გაიგივება პალესტინელების ლეგიტიმურ ინტერესებთან და მისწრაფებებთან ცალსახად არასწორია.

მორალური ბუნდოვანების შემოტანის საპირისპიროდ, კომპლექსური აზროვნების მიზანი საკითხების დახარისხება და კრიტიკული განსჯის წახალისებაა. იქამდე, სანამ ადამიანებს ამის გაკეთების უნარი შეგვწევს, ყოველთვის უნდა დავიტოვოთ იმის იმედი, რომ სამართლიანობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენს პლანეტაზე მიღწევადი იქნება.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ