დღეს, 12 იანვარს, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით
მარში გაიმართება:
„12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული. მზიას გათავისუფლების მოთხოვნით, საღამოს 8 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“.
ამ მარშით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი დატყვევებული ჰყავთ შეთითხნილი ბრალდების, ცრუ ჩვენებების და უზურპირებული სასამართლო სისტემის მეშვეობით.
ამ მარშით კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მზიას უკანონო პატიმრობას, მის მიმართ სახელმწიფოს დაუნდობელ, არაადამიანურ მოპყრობას, მისი უფლებების არაერთგზის დარღვევას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას…
ამ ერთი წლის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იქცა სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს წინააღმდეგობის ძლიერ სიმბოლოდ, რომლის ხმაც გისოსებიდან მთელ ევროპასა და ცივილიზებულ სამყაროში ისმის. საქართველო კი სწორედ მზიას საქმის გამო პირველად აღმოჩნდა იმ ავტორიტარული ქვეყნების სიაში, რომლებსაც სინდისის პატიმარი ჟურნალისტები ჰყავთ“.
გუშინ, საღამოს, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები
და გულშემატკივრები რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ
დაწესებულებასთანაც შეიკრიბნენ.
მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

