ჩაკეტილი უწყებები, მითიური 10 დღე - ინფორმაციის მიღების პრობლემები საქართველოში
02.11.2018
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის დღემდე გამოწვევად რჩება. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა უწყებებიდან არაერთხელ ჰქონიათ ინფორმაციის დაგვიანების, არაზუსტი მონაცემების მიწოდების ან ინფორმაციის გაცემისგან საერთოდ თავის არიდების მცდელობის შემთხვევები. ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ 2012 წლიდან ინფორმაციის გაცემის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნებოდა, მაგრამ მალევე ზოგიერთი უწყება ისევ ჩაიკეტა და ბიუროკრატიული მანქანაც ისევ ამოქმედდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი“ ( IDFI ) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას 2010 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მკვლევრები ყოველწლიურად 300-მდე საჯარო უწყებაში 7-8 ათას ინფორმაციას ითხოვენ. IDFI-ს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახლადარჩეული ხელისუფლების პირობებში, ინფორმაცია წინა წლებთან შედარებით ბევრად ხელმისაწდვომი გახდა. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ უწყებებს ძირითადად წინა ხელისუფლებაზე უწევდათ ინფორმაციის გაცემა.


„როდესაც გავიდა გარკვეული პერიოდი, გამოიკვეთა, რომ არაერთმა უწყებამ შეზღუდა ინფორმაციაზე წვდომა. ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიხურა იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროები. ასევე, შემოსავლების სამსახური“,- აღნიშნავს თუშურაშვილი.

მედიის წარმომადგენლების თქმით, ჩაკეტილი უწყებების რეიტინგში იუსტიციის სამინისტრო თითქმის უპირობო ლიდერია.

„თუ მოგცემენ ინფორმაციას, მხოლოდ მაშინ, თუ თავად აწყობთ, სხვა შემთხვევაში ან რაღაც ლინკს მიგითითებს პრესსამსახური, სადაც ძირითადად არასრულია ინფორმაციაა ან საერთოდ არ გიპასუხებენ, - ამბობს On.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი.

„იუსტიციის სამინისტროსგან რთულია როგორც წერილობითი, ისე კომენტარის სახით სრულყოფილი ინფორმაციის მიღება“, - გვეუბნება „ნეტგაზეთის“ რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი და ამატებს, რომ ასევე ჩაკეტილია პროკურატურა. მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ეს უწყება ერთ-ერთი ყველაზე ღია იყო მედიისთვის. იმდროინდელი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი თითქმის ყოველ კვირას ბირფინგებს მართავდა და მასთან ინტერვიუ თუ კომენტარი ჟურნალისტებს არაერთხელ ჩაუწერიათ. დღეს კი პროკურატურასთან ზოგჯერ დაკავშირებაც რთულია, განსაკუთრებით ჩაკეტილი უწყება ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში გახდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2- ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე განსაკუთრებულად ჩაკეტილ უწყებად თავდაცვის სამინისტროს ასახელებს: „როდესაც რეკავ, ფაქტების გადამოწმება გინდა, დახმარების ნაცვლად ხშირად ხელს გიშლიან. ზოგჯერ ზუსტად ვიცით, რომ აქვთ ინფორმაცია, მაგრამ თემის გაფუჭებაზე მუშაობენ. მაგალითად, როცა რამე საგამოძიებო რეპორტაჟს ვამზადებთ კვირის ბოლოსთვის და მათგან პასუხს ვითხოვთ, წინსწრებით ბრიფინგიც გაუმართავთ ან სხვებისთვის მიუციათ კომენტარი, რომ თემა გაეფუჭებინათ“.

ინფორმაციის დაგვიანების გამო ჟურნალისტები ეკონომიკის სამინისტროსაც აკრიტიკებენ. On.ge-ს რედაქტორი ამბობს, რომ ამ უწყებაში თითქმის ყველაფერზე წერილობით მიმართვას ითხოვენ.

საჯარო ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა და მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული სირთულეები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ მედიაში. ჟურნალისტები ამბობენ, რომ უწყებები სათავისოდ განმარტავენ კანონის ჩანაწერს ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური, 10-დღიანი ვადის შესახებ. მათი თქმით, სამსახურები ამ ვადას ბოლომდე იცავენ მაშინაც, როცა ამის საჭიროება არაა. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც 10 დღის შემდეგ მიღებული ინფორმაცია არაზუსტია და მისი განმეორებით გამოთხოვა ხდება საჭირო.

„ვფიქრობ, ეს კვალიფიკაციის პრობლემაა, ზოგჯერ შეიძლება მაგიდაზე ედოთ ინფორმაცია, მაგრამ მაინც 10 დღეს იცდიან, იმიტომ, რომ კანონში არის ეს მითიური 10 დღე და აუცილებლად უნდა გამოიყენონ“, - ამბობს თაზო კუპრეიშვილი. „ლიბერალის“ რედაქტორი კი აღნიშნავს, რომ ასეთ დროს ჟურნალისტებს ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად ნაცნობების ძებნა და პირადი კონტაქტების გამოყენება უწევთ.

„10 დღეს მაქსიმალურად იყენებს ყველა თვითმმართველობა“, - გვეუბნება სამცხე-ჯავახეთში მოქმედი სააგენტოს „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი თამუნა უჩიძე, - „ბოლო დღემდე ველოდებით ხოლმე პასუხს. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მწვავე თემას. მაგალითად, ერთხელ ვითხოვდი ერთი პროექტის დეტალებს, რომელსაც პროტესტი მოჰყვა მასახლეობაში. 10 დღის მერე გამომიგზავნეს გუგლის რუკა და პროექტის ღირებულება, რაც ისედაც ვიცოდი. მერე გიწევს ისევ ან წერილობით მიმართო ან დალაპარაკება სცადო, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვერ ესაუბრები, პრესსამსახურთან გამისამართებენ“.

მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია „ბათუმელებს“.

„ბოლო პერიოდის მშენებლობებზე გამოვითხოვე ინფორმაცია, - როდის გაიცა ბრძანება, ვისგან, როგორ იყო მშენებლობა დაგეგმილი. მომცეს მხოლოდ რეესტრიდან ამონაწერი, სადაც როგორც აღმოჩნდა, ისიც კი არ ირკვეოდა, რომელი იყო ახლი მშენებლობა და რომელი ძველი. რადგან მე ახალზე მქონდა მოთხოვნა, ჩავთვალე, რომ ყველა ახალი იყო და გამოვაქვეყნეთ. ამის გამო პირიქით გაგვაკრიტიკეს, არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნესო. მსგავსი სხვა შემთხვევაც მქონდა და როცა დავრეკე, მიპასუხეს - „უი ეს გინდოდათ? მაშინ მოგწვერეთ თავიდან“, - ამბობს ცაგო კახაბერიძე.

მაქსიმალური, 10-დღიანი ვადა განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის ტელევიზიებსაც.

„ზოგჯერ გვიწევს თქმა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ასეა. მერე თუ მივიღებთ პასუხს და თემა ისევ აქტუალურია, ვუშვებთ. ამის შედეგია, რომ ერთგვარ ნადირობის პრინციპს მიმართავენ ჟურნალისტები - ღონისიებებზე, ან სახლთან დახვედრაა ხოლმე გამოსავალი“, - ამბობს ნოდარ მელაძე.

მედიის წარმომადგენლების დაკვირვებით, ბოლო დროს კომუნიკაცია შედარებით გამარტივდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ამავე სიაშია თბილისის მერია. თუმცა, როგორც „ლიბერალის“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი ამბობს, კონკრეტულ უწყებებზე მეტად იმას აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ინფორმაციას ითხოვ: „თანამშრომლობას და გახსნილობას განსაზღვრვავს ის, თუ რამდენად არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ესა თუ ის ინფორმაცია. როცა მწვავე საკითხია, როცა თემა არის ცხელი და პოლიტიკური, იქ შეიმჩნევა ხოლმე გაჭიანურება, ცდილობენ დროში გაახანგრძლივონ, რადგან რისკს აცნობიერებენ“.

შერჩევით მიდგომაზე საუბრობს გელა ბოჩიკაშვილიც: „მაგალითად, ზვიად რატიანზე რომ გაასაჯაროვა შსს-მ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით კადრები, ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მოხდა ინცინდენტი მეტროში, სადაც სავარაუდოდ ასევე პოლიციელის დანაშაული იკვეთებოდა. გამოვითხოვეთ მოქალაქის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და მოგვწერეს, რომ პერსონალური მონაცემები დაირღვევა და ვერ მოგცემთო. ამ დროს რატიანის დაკავება უპრობლემოდ გაასაჯაროვეს“.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ინფორმაციის გაცემის თავიდან ასაცილებლად პერსონალური მონაცემების მოტივს სხვა უწყებებიც ხშირად იშველიებენ.

აჭარაში კი ამ ყველაფერს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა, - აჭარის ახალმა მთავრობამ ჟურნალისტებისთვის სხდომები დახურა: „ბოლო დროს სხდომები ღია იყო და ჟურნალისტები ხშირად აქ განხილული საკითხების მიხედვით ამზადებდნენ კვირის ამბებს. მე მაგალითად ბევრი რამ დამაკლდა. ზოგჯერ ისეთ დეტალებს მოისმენდი იქ, მერე რომ მოიკითხავდი, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი თემა ან სერიზული პრობლემა აღმოგეჩინა.“

მთავრობის სხდომებთან დაკავშირებული საკითხი პრობლემურია თბილისშიც. გასულ წლებში მთავრობის სხდომების დროს ჟურნალისტები მე-12 სართულზე, სხდომის ოთახთან ელოდებოდნენ მინისტრებს. მათ შეეძლოთ საჭირო რესპონდენტს კართან დახვედროდნენ და შეკითხვები დაესვათ. წელს მთავრობამ ჟურნალისტებისთვის მე-3 სართულზე სპეციალური პრესკლუბი მოაწყო. ეს ერთი შეხედვით კომფორტული ინფრასტქრუქტურა პროფესიულად სასარგებლო არ აღმოჩნდა.

„ამ პრესკლუბში მოდის მხოლოდ ის მინისტრი, ვისაც უნდა ჩამოსვლა. თუ რაღაც უხერხული კითხვებია რომელიმე აქტუალურ თემაზე, ის მინისტრები, ვისაც ეს ეხება, არ ჩამოდიან და თავს არიდებენ კომუნიკაციას. ამან გაართულა მათთან წვდომა, მათი გამოჭერის ერთ-ერთი მეთოდი მე-12 სართული იყო“, - იხსენებს თაზო კუპრეიშვილი.

2013 წელს სახელმწიფო უწყებებმა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვადლებულება აიღეს. თუმცა, ბევრისთვის ეს ფორმალობად დარჩა, რადგან დადგენილებას რეალურად უწყებების მხოლოდ ნაწილი ასრულებს.

„თვითონ მთავრობამ მიიღო ეს დადგენილება და მათ ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ფინანსური ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ გამოქვეყნებული. კომიკურია, როცა თავის დადგენილებას თვითონ არ ასრულებენ“,- ამბობს IDFI-ის წარმომადგენელი გოგა თუშურაშვილი.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ