საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტმა მიხეილ ჩიკვილაძე აირჩია
20.03.2019

დღეს, 20 მარტს,  94 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე აირჩია. 

alt

 

მაუწყებლობის შესახებ კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს ექვსი წელია. ჩიკვილაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში ზაზა შათირიშვილს ცვლის და ვინაიდან შათირიშვილი ამ პოზიციაზე ერთი წელი მუშაობდა, იგი ხუთი წლის ვადით აირჩიეს.  

4 მარტს, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას, ჩიკვილაძემ  აღნიშნა , რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მეგობარია. 

„ბატონ ვასილს მე ვიცნობ ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან... ჩვენ ვმეგობრობდით და დღესაც გრძელდება ეს მეგობრობა", - განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ და დაამატა, რომ ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს იშვიათად ხვდება. 

 

.


მიხეილ ჩიკვილაძე 2014 წლიდან დღემდე თბილისის N35-ე საჯარო სკოლის დირექტორია.
2014 წლამდე, სხვადასხვა დროს იგი იყო თბილისის მეორე გიმნაზიის და საერო სკოლა „ოლიმპის“ დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის 51-ე, 46-ე 101-ე და 6-ე საჯარო სკოლებში.
1993-1997 წლებში საქართველოს ტელერადიო კორპორაციის მთავარი რედაქტორის თანამდებობას იკავებდა. 
1982 წლიდან დღემდე მიხეილ ჩიკვილაძე ვაჟთა ვოკალური ანსამბლის, „ფაზისის“ სოლისტია. 


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იგი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არჩეულმა ზაზა შათირიშვილმა, ვადაზე ადრე დატოვა. მან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 24 დეკემბერს მიმართა. როგორც შათირიშვილმა გამოცემა „ლიბერალს“ განუცხადა, აფუძნებს ახალ ტელევიზიასა და ჟურნალს, ამიტომ ინტერესთა კონფლიქტის გამო ბორდიდან გადის.

 

მეურვის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა: მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, მანანა ღოღობერიძე, ნინო მინდიაშვილი, ია მამალაძე.  თავდაპირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მათგან  სამი შეარჩია - მიხეილ ჩიკვილაძე, ნინო მინდიაშვილი და მანანა ღოღობერიძე.  


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ