‘უკიდურესი პროტესტის’ ნიშნად აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა დატოვა
25.02.2020
“აღარ მინდა იმ მენეჯმენტის ქვეშ მუშაობა, რომელიც ასე ებრძვის თავისუფალ სიტყვას, ასე ანგრევს მაუწყებლის იდეას და რეგრესისკენ მიყავს მაუწყებელი. ჩემი წამოსვლა პროტესტია, ჩემი აზრით, ყველაზე უკიდურესი პროტესტი, ამ ეტაპზე”, - აჭარის ტელევიზია კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზად იგი მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

alt"ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის.

21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ", - წერია განცხადებაში, რომელიც ნინო ხოზრევანიძემ მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა.

პარალელურად, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. მაია მერკვილაძის თქმით, კომიტეტი საგაფიცვო მოთხოვნებს ამუშავებს და დღის ბოლოს დირექციას კონკრეტულ მოთხოვნებს წარუდგენს, რომლის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიფიცებიან და გუნდი მუშაობას შეაჩერებს.

“მე ჩემს კოლეგებს ვუსურვებ წარმატებას, ერთიანობას. მე კი წამოვედი, მაგრამ მათ გვერდით ვარ სულითა და გულით. ყველა მათ ნაბიჯს მივესალმები, რომელიც იქნება საპროტესტო, რომელიც შეეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების დაკარგვას და რომელიც არ მოერგება ახალ მენეჯმენტს”, - ამბობს ნინო ხოზრევანიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ნინო ხოზრევანიძის გარდა, არხი კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობიდან გათავისუფლებამდე, 19 თებერვალს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას და მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გააუქმა. დღეს, 25 თებერვალს მაია მერკვილაძე დათანხმდა ახალ შეთავაზებას - რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის და ახალი ტოქშოუს პროდიუსერის პოზიციას. იგი ამბობს, რომ ბრძოლის შეჩერებას არ აპირებს:

“გავაგრძელებ საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ყველაფრის გაკეთებას, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ეს მე ხელს ვერ შემიშლის”, - ამბობს მაია მერკვილაძე.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ