“იმედი” ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის ეთერის დათმობის აზრს ვერ ხედავს
06.03.2020

ბოლო პერიოდში ხშირად ყოფილა საქართველოში შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, თუმცა ტელეკომპანია “იმედმა” მიიჩნია, რომ ოპოზიციური პარტიის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერისთვის, გიგა ბოკერიასთვის ეთერის დათმობაა აზრს მოკლებული.

“ვიდრე ბოკერიას ჟურნალისტებთან ურთიერთობის ფორმა ექნება აგრესიული და შეურაცხმყოფელი, “იმედი” აზრს ვერ ხედავს დაუთმოს მას ეთერი”, - ეს განცხადება “იმედის” სახელით დღეს დილით საინფორმაციო პროგრამის წამყვანმა გააცნო მაყურებელს.

ტელეკომპანიის მხრიდან ასეთი რეაქცია განაპირობა “იმედის” ჟურნალისტის, სოფო ბერიძის შეკითხვაზე ბოკერიას პასუხმა. ბერიძე დაინტერესდა საარჩევნო თემატიკაზე ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკონტიტუციო განხილვის ფორმატშიც ჩაერთვებოდა თუ არა “ევროპული საქართველო”. სწორედ ამას მოჰყვა ასეთი დიალოგი ჟურნალისტს და პოლიტიკოსს შორის:

ბოკერია:  თუნდაც ამ ფორმატში-ც, რომელ ფორმატში არ ვერთვებით?
ბერიძე:  არა, ამ ფორმატში ჩაერთოთ
ბოკერია:  ანუ ც-ს გარეშე
ბერიძე:  ძაან რთული გახდა თქვენთან
ბოკერია:  არა, თქვენთან რთულია, მაგრამ გიტანთ, იმიტომ რომ ეს არის თავისუფლება
ბერიძე:   რა გვაქვს აუტანელი, ბატონო გიგა, კითხვას გისვამთ
ბოკერია:   თუ შეიძლება, აცადეთ სხვებს, თქვენ რომ ჩემი პასუხები არ მოგწონთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა შემიშალოთ
ბერიძე:   მაშინ მოხსენი კამერა, რა
ბოკერია:   მოხსენით და კარგად ბრძანდებოდეთ.

ტელეკომპანია “იმედმა” დილის საინფორმაციო გამოშვებაში ამ დიალოგზე მომზადებული სიუჟეტი ასე დაასათაურა: “გიგა ბოკერიას უცვლელი აგრესიული მიდგომა”. თუმცა სიუჟეტში არ ყოფილა ახსნილი, რას ეფუძნება ასეთი შეფასება - რას ნიშნავს “უცვლელი”, მანამდე კიდევ რა აგრესიულ მიდგომებს ჰქონდა ადგილი. სიუჟეტს თან ერთვოდა შემდეგი შინაარსის სარედაქციო ტექსტი:

“შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკოსს არხის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდეს, მაგრამ მსგავსი განცხადებების გაკეთება მინიმუმ უხერხულია, მითუმეტეს, როცა ამას “ნაციონალური მოძრაობისა” და ახლა უკვე მისი განაყოფის, “ევროპული საქართველოს” მთავარი იდეოლოგი აკეთებს. როგორც ჩანს, გიგა ბოკერიას აგრესიული მიდგომები დღემდე არ შეუცვლია”.

მეტი სიმძაფრისთვის ტელეკომპანიამ ამის შემდეგ მაყურებელს აჩვენა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკ სტატუსი, სადაც ის ჟურნალისტ სოფო ბერიძეს “არარაობას” უწოდებს და მას ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

“იმედის” შეფასებით, ჩერგოლეიშვილმა ამ სტატუსით, “ქრონიკის” ჟურნალისტის დაბულინგება გადაწვიტა:

“ეს მაშინ, როცა სიცრუის მთავარი გამავრცელებელი თავად გიგა ბოკერია და მისი მეუღლე არიან”, - იუწყება ტელეკომპანია.

ამ განცხადებამდე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ, ასევე, ფეისბუკით უპასუხა ბოკერია-ჩერგოლეიშვილს:

“ცოლმაც დაკარგა სახე და კვირას, 21:00 საათზე, ორივე მიიღებს პასუხს და ჩავახედებ კიდეც სარკეში! ისტერიჩკა დედაკაცი”.

 

alt


“მაუწყებლის ქცევის კოდექსი” მაუწყებლებს ავალდებულებს მიუკერძოებელ გაშუქებას - პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ