აჭარის ტელევიზია დააჯარიმეს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის
07.10.2020
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო, 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს, რომელიც დასაქმებულების ინტერესებს იცავდა.

საქმე ეხება მაუწყებლის თანამშრომლების, ბაჩო გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას - 30 ივლისს მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში, გადაცემა „მთავარში“ გასულ ვიდეომასალას, რომელიც თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას ასახავდა და რომელშიც მარტივად იყო შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება.

EMC აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა მაუწყებლის მიერ განმცხადებლების მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე და სამართალდამრღვევად ცნო:

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიუხედავად მაუწყებლის რეპუტაციის დაცვის ინტერესისა, მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად და მაუწყებელს შეეძლო რეპუტაციის დაცვა ვიდეომასალის გასაჯაროვების გარეშეც".

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დაჯარიმდა არა როგორც მაუწყებელი, არამედ როგორც დამსაქმებელი.

EMC საზოგადოებას ახსენებს, რომ "გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახლადშექმნილი პროფესიული კავშირის - ა(ა)იპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირის" აქტიური წევრები და მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები არიან. განმცხადებლები აქტიურად უპირისპირდებიან და აკრიტიკებენ მაუწყებელის ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, მაუწყებელში თანამშრომლების მასობრივი დევნისა და შევიწროვების ფაქტებს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება".

შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის "დილის ტალღის" რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მათგან ორი - ორი ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში განსხვავებულ პოზიციებზე დააბრუნეს. ორივე მათგანი მმართველობით რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად, გიორგი მურვანიძე კი რეჟისორად გადაიყვანეს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ