როგორ ხსნის ხელისუფლება "ფორმულას" ეთერში მისვლაზე უარს
30.06.2021
ტელეკომპანია "ფორმულაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება არხთან ბოიკოტის რეჟიმშია. 29 ივისს ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გადაცემა „პოლიტმეტრში“ თქვა, რომ კრიტიკული არხების მიმართ ბოიკოტი “ქართულმა ოცნებამ“, დიდი ხანია, წესად აქცია.” მმართველ პარტიაში გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი არხის დაბალი რეიტინგია.

რა მოხდა

გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანის, ვახო სანაიას ინფორმაციით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო მაუწყებელში მისვლასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, მზად იყო მონაწილეობა მიეღო გადაცემებში, თუმცა ისინი “გზიდან მიაბრუნეს” და რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ, მმართველმა პარტიამ კვლავ უარი თქვა “ფორმულას” ეთერში მისვლაზე. Სანაიამ ამ ნაბიჯს „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო მედიაპოლიტიკა” უწოდა.

“თქვენ კი არ ირჩევთ მედიასაშუალებებს, მედიასაშუალებები ირჩევენ, ვისთანაც აქვთ შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არა მხოლოდ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას აინტერესებს“, - ასე მიმართა ჟურნალისტმა მმართველ პარტიას “ფორმულას” ეთერიდან.

რა პასუხი აქვს ხელისუფლებას

“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის თანამშრომელი გრეტა წიწავა გვეუბნება, რომ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს შორის იყო "არხის დაბალი რეიტინგი და წამყვანი სახეების მიდგომა".

„იყო სხვადასხვა კრიტერიუმები, რაც შეფასდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ შორის იყო რეიტინგები, მიდგომა, არხის პოზიცია, მისი ჟურნალისტების, „ფოლოვერების“ პოზიცია - ეს ყველაფერი ფასდებოდა და ამან გამოიღო შესაბამისი გადაწყვეტილება".

დაბალრეიტინგულ ტელევიზიებს შორისაა პოსტივიც, თუმცა, მას ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ. გრეტა წიწავა ამას იმით ხსნის, რომ საუბარია მხოლოდ ოპოზიციურ არხებზე: "პოსტვ ოპოზიციური არხი არა მგონია რომ იყოს, დაბალანსებული ტელევიზიაა” - განგვიმარტავს გრეტა წიწავა.

"ფორმულას" ჟურნალისტების მიდგომის ერთ-ერთ მაგალითად კი წიწავა მიშა მშვილდაძის მიერ 24 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს ასახელებს, სადაც იუმორისტული გადაცემის წამყვანი შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

წიწავა ამბვობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციურ არხებს რეიტინგულ გადაცემებში მონაწილეობაზე შეუთანმდა და „[მათგან] არანაირი პრეტენზია არ არის“.

“ქართულმა ოცნებამ” აირჩია გადაცემის ფორმატებიც და “მთავარ არხზე” და “ტვ პირველზე” მხოლოდ წამყვანებთან პირისპირ, ოპონენტების გარეშე საუბრობს.

“ფორმულა” ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დისკრიმინაციული მიდგომის გამო, ხმას მიაწვდის დასავლელ პარტნიორებს.

სად მიდის და სად არ მიდის “ქართული ოცნება“?

“ფორმულას” გადაცემები ერთადერთი არ არის, სადაც მმართველი პარტია მონაწილეობას არ იღებს. 2021 წლის ივნისამდე “ქართული ოცნება” არ დადიოდა “ტვ პირველზე”, “მთავარ არხზე” და “კავკასიაზე” და უარს ამობდა სხვა ტელევიზიის ზოგიერთ გადაცემაში მონაწილეობაზე. ყველაზე ხშირად მმართველი პარტიის წარმომადგენლები “იმედსა” და “პოსტივის” სტუმრობდნენ.

ეს ტენდენცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ მედიამონიტორინგების ანგარიშებშიც არის ასახული.

“მთავარ არხზე” ხელისუფლება ერთადერთ გადაცემაში იღებს მონაწილეობას - ტოქშოუში “ინტერვიუ ხელისუფლებასთან”. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა 2021 წლის 14 ივნისიდან გადის ეთერში. როგორც მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, ხელისუფლება მხოლოდ ერთი-ერთზე ინტერვიუს ფორმატს დათანხმდა და უარს ამბობს დებატებში მონაწილეობაზე.

რამდენიმე კვირაა, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაიწყეს „ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობაც, თუმცა არ დადიან ამ ტელევიზიის სხვა გადაცემებში.

ტელეკომპანია „პირველის“ ორი ტოქშოუს, “პოლიტიკური პარასკევისა” და “საჯარო პოლიტიკის” წამყვანი ეკა მიშველაძე ამბობს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, მის გადაცემებში მმართველი პარტია არ დადის: ”სულ არაფერს, ესეც სჯობს [რომ “რეაქციაში” სტუმრობა მაინც დაიწყეს]. ალბათ, სხვა გადაცემებში მაშინ მოვლენ, როცა თავად გადაწყვეტენ. უცნაური შეხედულებები აქვთ”.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ