„გამოწვევას წარმოადგენს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა“ - სახალხო დამცველის ანგარიში
03.04.2024


საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი მედიის მდგომარეობასაც აანალიზებს. 

დოკუმენტის თანახმად, გამოწვევას წარმოადგენს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. 

ომბუდსმენის შეფასებით, ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

386-გვერდიან ანგარიშში გამოხატვის თავისუფლებას რამდენიმე თავი ეთმობა. მასში საკანონმდებლო დონეზე გასატარებელ რეკომენდაციებთან ერთად, საუბარია 2-9 მარტის პერიოდში ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების დაშავებისა თუ მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე, საგამოძიებო უწყებების რეაგირებასა და პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალ წესზე. 

2023 წელს მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისა და დაცულობის გამოწვევების მიმოხილვისას ომბუდსმენი წერს:  

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის კუთხით. იმ საქმეებშიც კი, რომლებშიც ხდება სასჯელის შეფარდება, ხშირად გამოყენებულია მსუბუქი სასჯელი."

ანგარიში მიუთითებს მაღალი დონის არჩეული პოლიტიკოსების მიერ, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და სიძულვილის დაგმობის საჭიროებაზე. 

გასულ წელს ჟურნალისტებს მუშაობა შეეზღუდათ პარლამენტში. ეს ფაქტი მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც: 

„ჟურნალისტებს მათთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდების შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევაში, მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე შეუძლიათ. ჟურნალისტებისთვის მსგავსი შესაძლებლობის შენარჩუნება კრიტიკულად აუცილებელია, რათა შეასრულონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, რაც მედიის ფუნქციაა“.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, გაუმართლებელია საკანონმდებლო მოთხოვნა ჟურნალისტების მიერ საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების თაობაზე. შეფასებულია ტერმინი „ჟურნალისტიც“.

„საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ცნებამ უნდა მოიცვას ყველა, ვინც რეგულარულად ან პროფესიულად არის ჩართული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მოგროვებასა და გავრცელებაში მასობრივი კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით“.

სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციით, ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოსაძიებლად, ყველა სამართალდამცველი უწყებისთვის კონკრეტული და დეტალური სახელმძღვანელო მითითებები უნდა შემუშავდეს.

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მედიის წარმომადგენლებთან ერთად და შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითებები შეკრებების, მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ; 

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში - https://ombudsman.ge/res/docs/2024040116015759558.pdf 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ