საქართველო
კატეგორია - საქართველო
მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან განცხადებას, სახელწოდებით — "რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი".  ეს უკავშირდება ანტიდასავლური "ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივას "უცხო აგენტების" შესახებ.

კანონპროექტის კანონად ქცევის პერსპექტივა რეალურია, ვინაიდან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, თქვა, რომ "ხალხის ძალის" ამ ინიციატივას პარლამენტში მმართველი პარტია დაუჭერს მხარს.

ხელმომწერთა სია განახლებადია. ამ მომენტში, [14:00 საათის მონაცემებით] 286 ორგანიზაცია აცხადებს, რომ
ეს კანონი მიზნად ისახავს, დაუცველად დარჩნენ:
  • ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
  • უმცირესობები, მეცნიერები,
  • მშრომელები და ახალგაზრდები;
  • დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ხელმომწერი ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ასევე, ორგანიზაციების შეფასებით,
  • ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე — ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე;
  • კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს;
  • ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია სწავლობს და ასაჯაროვებს.
რომ:
  • რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ, ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა.


სასარგებლო მასალები ამ თემაზე:
კატეგორია - საქართველო
ქართულ სამთავრობო მედიაში ანტიდასავლური განწყობები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ.
ქართული მედიის კიდევ ერთი პრობლემაა პოლარიზება და ეს წერია კიდეც ევროკავშირის 2022 წლის ანგარიშში, ქართული მედიაგარემოს შეფასებისას.

ამ სტატიის მიზანია:
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიხედვით შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ვცადოთ, გავაანალიზოთ, რა ფაქტორებსა და პროცესებს შეეძლო წაეხალისებინა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ასეთი მკვეთრი ზრდა.
  • და ისიც, რამდენად საზიანოა პოლარიზება სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან სუს-ის 2015/21 წლების დოკუმენტების მიხედვით, ქართული საზოგადოების პოლარიზება, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის მიზნების ნაწილია.

რას ნიშნავს პოლარიზება და რატომ უნდა მივისწრაფოდეთ დეპოლარიზებისკენ?

  • პოლარიზება ნიშნავს საზოგადოების დაყოფას, დაპირისპირების მიზნით, და ამ პროცესის წაქეზებას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებში სხვაობის გაზრდით — რაც საქართველოში, რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტული და ძირითადი მიზანია.
სუს-ის დოკუმენტებში წერია, რომ:
"საქართველოში, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია:
  • ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება;
  • მოსახლეობის მხრიდან ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ არაერთხელ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, სხვადასხვა დეზინფორმაციული თუ პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით, მოსახლეობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაღვივება, დემოკრატიული ღირებულებებისა და სისტემების დაკნინება და საპირწონედ, ცალკეული ქვეყნების ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის გავრცელება;
  • საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა;
  • ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია" [სუს-ის ყოველწლიური ანგარიში, 2017 წელი].
პოლარიზება, როგორც სახელმწიფო უწყებისგან ოფიციალურად აღიარებული ეროვნული საფრთხე, რუსეთის მიერ წაქეზებულ პროცესში, "ჰიბრიდული" და "საინფორმაციო ომის" ტაქტიკებს აერთიანებს.

რას ნიშნავს "ჰიბრიდული ომი"?

სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სხვადასხვა მეთოდების, და მათ შორის, საინფორმაციო საშუალებების, კოორდინირებულად მოქმედების ერთობლიობა.
  • სუს-ის ანგარიშების მიხედვით, რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ოკუპაციის ფარგლებში აქტიურად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" ინსტუმენტებს.
რატომ?

სუს-ის თანახმად: "საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საზოგადოებაში ნიჰილიზმის, პესიმიზმის დათესვისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლების შექმნის მიზნით".

"საინფორმაციო ომი" კი, განიმარტება, როგორც:
მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოსაპოვებლად, თანამედროვე ინსტრუმენტების — კიბერ- თუ სატელეკომუნიკაციო გზების გამოყენება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით.
  • სუს-ის ანგარიშებში, ისევ რუსეთი სახელდება ქვეყნად, რომელმაც დეზინფორმაციული მიზნებისთვის, მაგალითად, 2020 წლისთვის მზარდ ტენდენციად აქცია "იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებისას ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათ შორის, სხვადასხვა ონლაინ-აპლიკაციების გამოყენება."
  • 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა, ამ განზრახვისთვის გამოიყენა "გარკვეული ჯგუფები, რომლებიც პატრიოტული მოტივებით აპელირებდნენ და პოპულისტური მოწოდებებით რადიკალურ შეხედულებებს ავრცელებდნენ ეთნიკურ, თუ რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით".
ზოგადად, ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის რუსული ტაქტიკები, მათ შორის გულისხმობს ისტორიის გაყალბებას და საზოგადოებაში იმ შეთანხმებული პრინციპების დაზიანებას, ჩამოშლასა და სრულიად "ამოყირავებას", რაც ქვეყანას - სახელმწიფოდ აქცევს.

ამ სურათში კი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებამ დაკარგოს ფოკუსი იმის განსაზღვრისას, რეალურად, ვინ არის მტერი და ვინ — მოყვარე.



"სპეცრეპორტაჟი: მშვიდობის მტრები" — ასე ქვია 9-წუთიან სიუჟეტს, რომელიც "იმედის კვირაში" 2023 წლის 15 იანვარს გავიდა.
არხი, რომლის ახალი ამბებისა და პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემების რეიტინგებთან ახლოსაც კი ვერ მიდის რომელიმე სხვა კონკურენტი, რაც მაყურებელზე ძალიან დიდი გავლენის მანიშნებელია, საქართველოს რიგით მოქალაქეს მტრად განუსაზღვრავს უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც "საქართველოს ომში ჩართვა სურთ", და სიუჟეტის ავტორი უკრაინელებს, ამ რეპორტაჟის ამგვარი დასათაურებით, მოურიდებლად დაასვამს მშვიდობის მტრების დამღას, სათქმელში კი, "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს დაიმოწმებს.

შედეგად, ტელემაყურებელი დაიმახსოვრებს უკრაინელს, როგორც "მტერს", ვისაც "ომი უნდა", რადგან "იმედს", ამ სიუჟეტში მაყურებელისთვის ერთი სიტყვითაც კი არ შეუხსენებია ნამდვილი ამბები საქართველოს რეალურ მტერზე.
  • "ჩვენ, იმ ევროპის დედაც ვატირეთ, სადაც შესვლის ბილეთი არის მიშას გაშვება და სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ", — ამ სიტყვებით დაიწყო სამთავრობო და ამავდროულად, ანტიდასავლური "ხალხის ძალის" ღიად მხარდამჭერი არხის, "პოსტივის" ყველაზე რეიტინგული გადაცემა, "სამნი და კო", მას შემდეგ, რაც 2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აქვს ფუნდამენტური როლი სააკაშვილის დაკავებაში".
არსებითად, "სამნი და კო"-ს წამყვანებმა გაიმეორეს თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასება ევროპარლამენის რეზულუციისას, როდესაც თქვა, არ მოგვცემენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და თავისთვის დაიტოვონო. ამ გზავნილის ხელისუფლების, ან მათთან დაკავშირებული მედიაპერსონებით ტირაჟირება არის უარყოფითი განწყობების დანერგვა ქვეყნის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებული ევროკავშირის მიმართ.

პრობლემაა, რომ:
  • ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია იმის, თუ როგორ განაწყობს მედია საკუთარ ტელემაყურებელს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მიზნებისა და მისწრაფებების წინააღმდეგ.
  • ერთ შემთხვევაში მიზანი რეალური მტრის იგნორირება და მხოლოდ მოქმედი მთავრობის ინტერესით, "მშვიდობის მტრად" არა აგრესორი რუსეთის, არამედ, ომში მყოფი ქვეყნის გამოცხადებაა;
  • მეორე შემთხვევაში კი, მიზანია ევროსკეპტიციზმის დათესვა, რაც ცხადია, ზრდის პოლარიზებას, რადგან საქართველოს დეკლარირებულ დასავლურ საგარეო კურსს მოსახლების უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს.
ამ მოცემულობის და, სუს-ის მიერ რუსეთისგან მომავალი საფრთხეების ანალიზი გვიჩვენებს, რამდენად თანხვედრაში შეიძლება იყოს სახელისუფლებო მედიის ნარატივი მტრულად განწყობილი ქვეყნის ზრახვებთან — ნებსით, თუ უნებლიედ.


როგორ განისაზღვრება, ვინ არის სახელმწიფოსთვის მოკავშირე?

  • საქართველოს კონსტიტუციით.
"კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", — წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ.
  • საქართველოს პარტნიორებად განსაზღვრავს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას, ნატოს, ევროკავშირსა და სხვა დასავლურ ინსტიტუციებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, მის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშებში, რომელიც 2015 წლიდან ქვეყნდება.

როგორ განისაზღვრება, ვინ არის მტერი?

სახელმწიფო ამას კონტრდაზვერვითი საქმიანობით ადგენს, იკვლევს და აანალიზებს ქვეყნის უსაფრთოების საფრთხისშემცველ სიგნალებს და ეფექტური რეაგირების სამოქმედო გზებს ეძებს.

სუს-ის 2015/2022 წლებში მომზადებული ანგარიშების მიხედვით,
  • ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად არის მოხსენიებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხისშემცველად, შესაბამისად, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილად, რუსეთია.

რა მიზანი აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით?

სუს-ი, 2021 წლის ანგარიშში ამბობს, რომ:

  • რუსეთის მიზანია არამხოლოდ ოკუპაცია, არამედ უკვე ოკუპირებული რეგიონების ანექსია (*ქვეყნის ტერიტორიის, ან მისი ნაწილის მითვისება ძალით, ან მისი გამოყენების მუქარით.);
  • ამას გამოიყენებს საქართველოში არასტაბილური გარემოს შესაქმნელად;
  • რომ ამ მიზანმა დააზიანოს ქვეყნის იმიჯი და შეაფერხოს ეკონომიკური განვითარების პროცესი.
2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქართულ პოლიტიკასა თუ მედიაში გამძაფრებული ანტიდასავლური ისტერიის ფონზე, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ:
  • "[...] 2021 წელს, საქართველოში დეზინფორმაციული კამპანიების მთავარ სამიზნეს კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა.
  • ყალბი ამბებისა და გამოგონილი ისტორიების გავრცელებით, მიმდინარეობდა საქართველოს მოსახლეობაში ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების დისკრედიტების მცდელობები", — წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში.
ამავე, 2021 წლის ანგარიშში უწყებამ დაწერა, რომ:
  • "საქართველოზე ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად, კვლავ აქტუალური იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება",
და რომ:
  • "უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის პროპაგანდას, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის შეგროვებას და პროცესებზე გავლენის მოსახდენად, შესაბამისი რესურსის გაზრდას."
ასევე:
  • უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გამუდმებით ცდილობენ, არალეგალური გზებითაც მოიპოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში და მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ, ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, ქვეყნის პოლიტიკაზე ზეგავლენის მიზნით.

5 ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ

სუს-ის ანგარიშებით, "ჰიბრიდული ომისას" გამოიყენება:
  • საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები — "სხვა ინსტუმენტებთან ერთად, აღნიშნული ინსტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია", — დასძენს სუს-ი, 2019 წლის ანგარიშში.
ასევე:
  • ე.წ. საინფორმაციო ომი;
  • ე.წ. რბილი ძალა;
  • ეკონომიკური ბერკეტები;
  • ფარული ოპერაციები.


კიდევ როგორ მუშაობს საინფორმაციო ომის სქემა საქართველოს წინააღმდეგ?
კონტრდაზვრევის მიხედვით, "რბილი ძალისა" და ფარული ოპერაციების გამოყენებითაც:
  • ე.წ. დონორი ორგანიზაციები, ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებისთვის აფინანსებენ დესტრუქციულ ჯგუფებს
2021 წლის ანგარიშში წერია, რომ სუს-მა გამოავლინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ასეთი არაერთი ჯგუფი, ისევე, როგორც საზღვარგარეთ მოქმედი "დონორი ორგანიზაციები", არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობდნენ საქართველოში ისეთი ორგანიზაციების დაარსებას, რომელთა მიზანი ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებაა.
  • სოციოლოგიური კვლევები
იმის დასადგენად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, რომელ სოციალურ ჯგუფებზე უკეთ იმოქმედებდა უცხო სპეცსამსახურების “ზეგავლენის ოპერაციები”, სოციალოგიურ კვლევებს აწარმოებენ.
  • ფსევდოპატრიოტული ნარატივი
სოციოლოგიური კვლევებით აიდენტიფიცირებენ მოსახლეობისთვის სენსიტიურ საკითხებს, რათა შემდეგ მართონ, ან ჩაერიონ ისეთ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში ფსევდოპატრიოტულ, დესტრუქციული პროცესების განვთარებას შეუწყობს ხელს.
  • გავლენიანი სუბიექტები
სუს-ი წერს, რომ 2021 წელს, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა ორგანიზაციები, რომლებიც მსგავსი მიზნებით სხვა ქვეყნებშიც მოქმედებდნენ, და ასევე, საქართველოში მათთან დაკავშირებული სუბიექტები, რომლებიც ხელს უწყებდნენ ქართულ საზოგადოებაში შუღლისა და სეპარატისტული განწყობების გაღვივებას.

მათ შორის არიან, მათდამი ლოიალურად განწყობილი:
  • კულტურის სფეროს წარმომადგენლები;
  • ექსპერტები;
  • პოლიტოლოგები;
  • ბიზნესსექტორის წარმომადგენლები;
  • სტუდენტური ჯგუფები;
  • სამოქალაქო აქტივისტები;
  • "ჰუმანიტარული პროექტები".
უწყება ამბობს, რომ 2021-ში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოს წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" ელემენტების გამოყენებით დაგეგმილი ღონისძიებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომებიც მიიღეს.

საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ამ და სხვა ღია, თუ ფარული ოპერაციების ერთობლიობა შედეგად ქმნის პოლარიზებას, დაყოფას, რაც მტრულად განწყობილ ქვეყანას უმარტივებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესს.

რა შეამცირებდა პოლარიზებას?

  • სიმართლე.
რუსული დეზინფორმაციით საზოგადოებების პოლარიზების მცდელობები არამხოლოდ საქართველოს, ევროპული ქვეყნების ტვირთიც არის. ჰიბრიდულ ომთან გამკლავების ტაქტიკები კი, გაყალებებული ამბებისა და გაყალბებული ისტორიების მხილებითა და სიმართლის გავრცელებით აღიწერება, თუმცა საამისოდ, პოლიტიკური ნებაა საჭირო.

პროცესს დაეხმარებოდა ისიც, რომ მედიები, იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ პარტიის ინტერესს ემსახურებიან, უფრო ხშირად შეახსენებდეს საზოგადოებას არამხოლოდ იმ საკითხებზე, რაც გვყოფს, არამედ იმასაც, რაც გვაერთიანებს, მით უფრო ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, რაც ჩვენ, როგორც საზოგადოებას - სახელმწიფოდ გვაქცევს, დეკლარირებული გვაქვს კანონებში, ოფიციალურ დოკუმენტებში და რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუციაში.

მათ შორის, ჩანაწერები კონსტიტუციაში, რომ:
  • "ჩვენი, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი".
  • "ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით."
  • "მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება".
კატეგორია - საქართველო
20 თებერვალს, ჟურნალისტებმა და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქცია გამართეს "უცხოეთის აგენტების კანონპროექტის" გასაპროტესტებლად.

მათ ნაწილს პარლამენტში შესვლასა და პროტესტის გამოხატვაში ადმინისტრაციისგან ბარიერები შეექმნა, რადგან ერთი გამოცემიდან, მხოლოდ 2-3 ჟურნალისტზე გასცეს საშვი, თუმცა, საბოლოოდ, ამ ჟურნალისტებმა ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით შეძლეს შენობაში შესვლა.

რა არის პრობლემა?

  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოზიციით, მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით, ამას კი ჟურნალისტებისთვის პროტესტის გამოხატვაში ხელშეშლად აფასებს.
  • "სტუდია მონიტორის" მიერ, "ფეისბუკზე" გავრცელებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მათ გადამღებღებ ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა, შეეტანათ საპროტესტო პლაკატები საქართველოს პარლამენტში.

რა ხდება?

  • მედია აპროტესტებს ანტიდასავლურად განწყობილი "ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც საფრთხეს შეუქმნის მედიასა და არასამთავრობო სექტორს.
  • პროტესტის მონაწილე ჟურნალისტები ამბობენ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, არ აპირებენ "უცხო აგენტებად" დარეგისტრირებას.
  • ჟურნალისტებს, "ხალხის ძალის" ინიციატივა ახსენებს რუსულ კანონს "უცხო აგენტების" შესახებ, რომელიც პირდაპირ არის მიმართული დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შესავიწროებლად, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინასთან ომის დროს.
"ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ხელი შეუწყონ ჟურნალისტების დამოუკიდებელ საქმიანობას პარლამენტში, არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც.
  • ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროქტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ", —
წერია განცხადებაში.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოზიცია

  • "არ მქონდა განცდა, რომ ჟურნალისტები პარლამენტში შემოსვლის ნებართვას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ითხოვდნენ, შესაძლოა, ეს ყოფილიყო აქცია, ან პერფორმანსი", — გვითხრა მიშა ფეიქრიშვილმა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სატელეფონო კომენტარში, რომელიც მასთან მანამდე ჩავწერეთ, ვიდრე ჟურნალისტები შენობაში საპროტესტო აქციას გამართავდნენ.
  • ამ დროსთვის, პარლამენტში ჟურნალისტების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ უკვე ცნობილი იყო.
ფეიქრიშვილის თქმით:
როგორც წესი, სააგენტოებიდან, ჟურნალისტების ორი, ან სამი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს უშვებენ-ხოლმე, და როდესაც თითოეული გამოცემიდან ერთდროულად, რვა ჟურნალისტის შესვლაზე მიიღეს მიმართვა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს გაუჩნდა განცდა, რომ მოთხოვნა არ იყო შესაბამისობაში საპარლამენტო დღის წესრიგით გამოწვეულ შესაძლო ინტერესთან.

"დღეს რომ პარლამენტში ყოფილიყო რამდენიმე ღონისძიება, არ გამიჩნდებოდა ასეთი ეჭვი და არც პრობლემას შევქმნიდით, შემოსულიყო რამდენიმე ჯგუფი", — ამბობს მიშა ფეიქრიშვილი.

კონტექსტი

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებებიც, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.

დეტალები: საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტების" შესახებ
კატეგორია - საქართველო
საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს კიდევ ერთ რუს ჟურნალისტსა და მწერალს, ფილიპ დზიადკოს. ის არის პორტალის, "Arzamas"-ის მთავარი რედაქტორი. 
მისი ძმის, ტიმოტი დზიადკოს თქმით, ის რამდენიმე საათია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გაჩერებული, და "ცდილობენ, მისთვის ტელეფონის ჩამორთმევას".

რა ვიცით:
  • ფილიპ დზიადკო თბილისში ოჯახთან ერთად, გასული წლის გაზაფხულიდან ცხოვრობს;
  • მან თბილისი გასულ სამშაბათს, 14 თერბერვალს დატოვა და ბერლინში გაფრინდა;
  • ბერლინიდან, ვენის გავლით, თბილისში დაბრუნდა გუშინ, 19 თებერვალს, 22:30-ზე, თუმცა ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს;
  • დღეს, 10:30-ზე მას ოფიციალურად განუცხადეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, თუმცა არ უთქვამთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
ჟურნალისტის ძმა, ტიმოტი დზიადკო ამბობს, რომ ფილიპს შესთავაზეს, დაბრუნდეს ვენაში საკუთარი ფინანსებით, ან დაელოდოს 23 თებერვალს და დეპორტაციით დააბრუნებენ. 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, "ტვიტერზე" წერს ფილიპის კიდევ ერთი ძმა, ტიხონ დზიაკო, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი. 

დეტალების დასაზუსტებლად, "მედიაჩეკერი" ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

ვინ არის ფილიპ დზიადკო?
  • ფილიპ დზიატკო არის რუსი ჟურნალისტი და მწერალი, პროექტის, "რადიო Armazas"-ის დამფუძნებელი და ინტერნეტპროექტის რედაქტორი.
  • მისი ერთი ძმა, ტიხონ დზიადკო არის რუსული დამოუკიდებელი არხის, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი. "დოჟდი" არის რუსეთის ხელისუფლების მიერ, "უცხო აგენტად" გამოცხადებული მედიასაშუალება.
  • მედიასაქმიანობას ეწევა ფილიპ დიადკოს კიდევ ერთი ძმა, ტიმოტი დზიადკო. ის არის რუსული "RBK"-ს რედაქტორი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ისიც თბილისში ცხოვრობს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს, შეასრულოს პროფესიული მოვალეობა. ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.
  • "რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს", — წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
მსგავს საკითხზე საქართველოს მთავრობას გასულ წელსაც მიმართა მედიის საკითხებზე მომუშავე კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის".
2022 წლის 19 ნოემბერს უკრაინელ ჟურნალისტთან, ვლადიმერ ზოლკინის შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას კოალიციამ მოუწოდა, მიეცათ ჟურნალისტისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება.

კონტექსტი:
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.
მაგალითად:
  • 2022 წლის სექტემბერში საქართველოში არ შემოუშვეს ვასილი კრესტიანინოვი, რომელიც Associated Press-სა და The Insider-ისთვის მუშაობს.
  • გასული წლის ნოემბერში, მესაზღვრეებმა უარი უთხრეს უკრაინელ ჟურნალისტსა და ბლოგერს, ვლადიმირ ზოლკინის ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავთ.
  • საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, "დოჟდის" წამყვანი მიხაილ ფიშმანი. ტელეწამყვანმა თქვა, რომ ოჯახთან ერთად ჩამოვიდა, მისი 4 წლის შვილი შემოუშვეს, მას კი უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე.
კატეგორია - საქართველო
ანტიდასავლურად განწყობილი პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის მედიასა და არასამთავრობო სექტორს.

რა ხდება?

14 თებერვალს, "ხალხის ძალამ", ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მათი თქმით, ეს კანონი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას."

რა არის პრობლემა?

  • მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორების თქმით, ისინი აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონპროექტით ხელმძღვანელობენ, ეს კანონპროექტი ძალიან ჰგავს რუსეთში მოქმედ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.
  • რუსული კანონი პირდაპირ არის მიმართული დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შესავიწროებლად, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინასთან ომის დროს.

"ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებებიც, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.
  • კანონპროექტის მიხედვით, "შემოსავალში" იგულისხმება არამხოლოდ თანხა, არამედ ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი, რომელიც მედიასაშუალებამ უცხოური დაფინანსებით შეიძინა.
  • "იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, მისი საბაზრო ფასით გამოითვლება", - წერია კანონპროექტში.
მედიას მოუწევს უცხო აგენტად რეგისტრაციისათვის მიმართოს იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაშიც, თუ "პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი."

რა მოხდება, თუ მედია თავს აარიდებს უცხო აგენტად რეგისტრაციას?

  • დაჯარიმდება.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.

კიდევ ვის მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები "უცხოურ ძალად"?

  • ფონდებს, ასოციაციებს, კორპორაციებს, კავშირებს, და სხვა ორგანიზაციებს, ან გაერთიანებას, რომელიც სხვა სახელმწიფოს სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობისა და სხვა მიზნებით, ასეთი არაერთი ორგანიზაცია გამოყოფს გრანტებს.

ასევე, კანონპროექტი "უცხოურ ძალად" განსაზღვრავს:
  • უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელს;
  • ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიულ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

რუსეთის მაგალითი

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.

  • 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან. 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით.
  • მთლიანობაში, ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ მდგრადი დაფინანსება მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უშლის რუსულ ბიზნესს, დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

არქივიდან, ამ თემაზე:

2017 წელს, უნგრეთში მსგავსი კანონპროექტი მმართველი პარტიის, Fidesz-ის სამმა წევრმა წარადგინა. ამას კი წინ უძღოდა ჯერ კიდევ 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად — რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნგრეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.


რა არის FARA?

  • ეს არის 1938 წელს, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონი.
  • 1938 წლიდან დღემდე ეს კანონი ბევრჯერ შეიცვალა და დღევანდელი შინაარსით, მიმართულია იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სხვა, უცხო ქვეყნების დაფინანსებით ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებენ ლობისტურ საქმიანობას, ან ინფორმაციის, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
  • ასეთ შემთხვევაში კანონი აკისრებს ვალდებულებას, დარეგისტრირდნენ და განაცხადონ საკუთარი საქმიანობის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში.
ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არის ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა:
  • რუსული Russia Today;
  • ჩინური China Daily;
  • იაპონური NHK.

მაშინ, როდესაც რუსეთში უცხოეთის აგენტად არიან გამოცხადებული როგორც უცხოური, ასევე, ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემები, მათ შორის:
  • დოჟდი;
  • მედუზა;
  • რადიო თავისუფლება;
  • ამერიკის ხმა;
  • ბელინგქეთი;
  • დოიჩე ველე;
  • ინსაიდერი.
კატეგორია - საქართველო
7 თებერვალს ძალაში შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც პარლამენტში აკრედიტაციის წესებს ცვლის. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის და ცენზურის საფრთხეებს ხედავენ და ბრძნების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

რა ხდება?

6 თებერვალს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, განისაზღვრება პარლამენტში მედიის აკრედიტაციის მიღებისა და პარლამენტში ქცევის წესები.

ამ ბრძანების გასაუქმებლად, სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ:
  • "სტუდია მონიტორი" - მათ უფლებებს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" დაიცავს;
  • "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატა ქაჯაია - ის სარჩელს "მედიაომბუდსმენის" დახმარებით მოამზადებს.

სხვა ცვლილებებთან ერთად:

  • ბრძანება ადგენს სხვადასხვა ტიპის მედიიდან პარლამენტში აკრედიტებული წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობას;
  • ეს ბრძანება მედიას განუსაზღვრავს იმასაც, თუ როდის და რისი გადაღებაა შესაძლებელი პარლამენტში.

რა არის პრობლემა?
  • ერთერთი ცვლილების მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ მაშინვე, როდესაც ამას პარლამენტის წევრი, აპარატის თანამშრომელი, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირი მოითხოვს.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა, გახდეს მედიის წარმომადგენლისთვის აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი ერთი თვით, განმეორებით შემთხვევაში კი ექვსით.
"ამ პრეცედენტით, "ხვალ და ზეგ შესაძლოა, ჟურნალისტებს დაუწესონ მსგავსი შეზღუდვები საკრებულოებში, სამინისტროებში, მთავრობის სხდომებზე…" - ამბობს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, ქეთი ნადიბაიძე.

რატომ არის ეს პრობლემა?

ბრძანება არ აკონკრეტებს, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ლეგიტიმური ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის უარის თქმა, ან ინტერვიუს მყისიერად შეჩერება.
  • შესაბამისად, თუ არ იქნება დაზუსტებული, ინტერვიუს შეჩერების ან პასუხებზე უარის თქმის საფუძვლები, დეპუტატებს ან, მაგალითად, პარლამენტში მისულ მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერ შემთხვევაში თავი აარიდონ კრიტიკულ შეკითხვებს.
  • ამიტომაც, საპარლამენტო ჟურნალისტებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, საქმე არა ტექნიკურ რეგლამენტთან, არამედ საპარლამენტო ცენზურასთან გვქონდეს.
ყველა ცვლილება ნახეთ აქ

რას ამბობენ ჟურნალისტები?

"ეს ბრძანება იძლევა საფუძველს, სამომავლოდ, დაახლოებით ისეთი ხარისხის სტერილური მასალა და კომენტარები გვქონდეს მედიას, რასაც მაგალითად, პარლამენტის პრესსამსახური მოგვცემდა," - ამბობს "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი, ნათია ინაური, რომელიც საპარლამენტო კორესპონდენტად 2004 წლიდან მუშაობს.

  • "როდესაც სხვადასხვა საკითხზე რესპონდენტი წინასწარ მომზადებული პასუხით მოდის და მე მისი პასუხი არ მაკმაყოფილებს, ცხადია, ვცდილობ, ჩავეძიო, ჩავეკითხო, მაგრამ მისი უარის შემთხვევაში თუ არ შევწყვეტ ინტერვიუს, პარლამენტის აპარატს შეეძლება, შემიწყვიტოს აკრედიტაცია, რაც რა თქმა უნდა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და შინაარსში შესვლაა"

ინაურის აზრით, ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ გამოცემებისა და ტელევიზიების, არამედ მთავრობის მიმართ ერთგულებით განწყობილ მედიასაც დააზიანებს, რომლების მიმართ ასევე შეიძლება მოითხოვონ აკრედიტაციის შეჩერება იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ვისაც არ მოსწონს მათ მიერ დასმული კითხვები.

კიდევ ერთი ცვლილებით, ჟურნალისტებს აღარ ექნებათ უფლება, პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე გადაიღონ მისი დოკუმენტი, ტელეფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს.

  • "ესეც მიუღებელია, რადგან მე, როგორც ჟურნალისტს შესაძლოა მინდოდეს აუდიტორიის ინფორმირება, როგორ ერთობიან მათ მიერ არჩეული დეპუტატები ტელეფონზე თამაშით მაშინ, როდესაც კანონწარმოების მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა იყვნენ დაკავებულები," — ამბობს ინაური.

რუსუდან დუმბაძე საკანონმდებლო ორგანოდან კანონწარმოებასთან, თუ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ სიახლეებს "ტვ პირველისთვის" აშუქებს.

  • "დეპუტატს ისე შეეძლება თავი აარიდოს ჩემთან, როგორც ჟურნალისტთან კომუნიკაციას, რომ შესაძლოა, არცკი იცოდეს, რა თემას შეეხება შეკითხვა. თავის ასარიდებლად კი, კრიტიკული ტელევიზიის მიკროფონის დანახვაც კი საკმარისი იქნება, რაც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვაა" - ამბობს დუმბაძე - "თუ უნდათ, ცივილურ ჩარჩოებში მოაქციონ ჟურნალისტებისა და დეპუტატების ურთიერთობა, აკრძალვაზე კი არა, თანამშრომლობაზე უნდა წამოვიდნენ".
ჟურნალისტი გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც ხშირ შემთხვევებში მედიას უდგება მოცემულობა, "გაეკიდოს" დეპუტატებსა თუ მინისტრებს, მათგან კითხვებზე პასუხის მისაღებად.

"ფორმულა ნიუსის" საპარლამენტო ჟურნალისტი, ქეთი ნადიბაიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დეპუტატმა, როგორც არჩეული თანამდებობის პირმა გაიზაროს, რომ ეს გადაწყვეტილება დააზიანებს არამხოლოდ ჟურნალისტების საქმიანობას, არამედ მოქალაქის უფლებასაც - იყოს ინფორმირებული.

  • "თუ "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ მოსწონთ, კრიტიკულ კითხვაზე პასუხი, ეს ნიშნავს, რომ, განსაკუთრებით, კრიტიკული მედიის აუდიტორიას, არ ექნება შესაძლებლობა, მოისმენოს არჩეული დეპუტატების პასუხები მათ მიმართ დასმულ კრიტიკულ კითხვებზე."
"მედიაჩეკერმა" სცადა მოესმინა ოპოზიციური მედიისგან განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლების საპარლამენტო კორესპონდენტების მოსაზრებებიც, თუმცა, მათ ვერ მოახერხეს ჩვენთან საუბარი.

ექსპერტთა შეფასება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა აკრედიტაციის წესის ცვლილებას საქართველოს პარლამენტში და მიმართა შალვა პაპუაშვილს, გააუქმოს ეს ბრძანება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ეს კიდევ უფრო გაურთულებს საქმიანობას მედიას, რომლისთვისაც ისედაც გართულებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაც კი.

  • "როდესაც არსებობს მკაცრი მოთხოვნა მედიასაშუალებების მიმართ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და გადამოწმებული ყველა მხარესთან, ამგვარი დადგენილებებით ფაქტობრივად, სპობენ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და სხვადასხვა ოფიციალურ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია", — ამბობს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.
მეტი ამ თემაზე: რატომ არ გასცემენ უწყებები საჯარო ინფორმაციას?

გოგოსაშვილი ამბობს, რომ:
  • თუ მთავრობას სურს, ხელმძღვანელობდეს დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკებით, ეს რეალურად ნიშნავს, იხელმძღვანელოს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპით, რაც უპირველესად, გულისხმობს არჩეული პირების მორალურ ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან;
  • ჟურნალისტების, ისევე როგორც ზოგადად, ჟურნალისტიკის დანიშნულებაა, დასვას კრიტიკული კითხები, რათა სრულყოფილად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია;
  • საჯარო პირებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ეს სტანდარტი გულისხმობს სწორედ მედიის როლს ამ კომუნიკაციაში.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "ფორმულა" ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვეს.

რა ხდება?

ორივე ჟურნალისტმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება პირველ თებერვალს დაწერა, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა.
  • "სამართლიანი პროტესტის წინაღმდეგ ხელმძღვამელობამ ცილისწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და ამიტომ დავტოვე არხი." - ამბობს მარტა ქურასბედიანი - "არხის დატოვებას კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან".
  • სხვა დეტალებზე არცერთი ჟურნალისტი ჯერ არ საუბრობს.
არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნანა ინწკირველი ამბობს, რომ მათ შესთავაზეს ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა, თუმცა მათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, მაინც დაწერეს.

კონტექსტი

  • 31 იანვარს არხზე ოპერატორების გადიცვის პროცესი დაიწყო და 3 თებერვალს, მათი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა.
  • არხიდან წასული ორივე ჟურნალისტის მეუღლე გათავისუფლებულ ოპერატორთაგანია.
  • ოპერატორები არხიდან მათს გათავისუფლებას უსამართლოს უწოდებენ და აპირებენ, სამართლებრივ ზომებს სმიმართონ.

მეტი ამ თემაზე:
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "ფორმულა" გაფიცულ ოპერატორებს სამსახურიდან ათავისუფლებს. ინფორმაციას ადასტურებს არხის საიფნორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი.

რა ხდება?
  • სამ თებერვალს, ტელეკომპანია "ფორმულამ" ხელშეკრულებები შეუწყვიტა ოპერატორებს, რომლებიც 31 იანვრიდან ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და უარს ამბობდნენ სამუშაოს შესრულებაზე.
  • პროტესტს საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორი უერთდებოდა.
  • კომპანია მათს გათავისუფლებას ასაბუთებს იმით, რომ მათ არ შეასრულეს გაფიცვის დასაწყებად საჭირო სამართლებრივი ნორმები.
  • ოპერატორები კომპანიის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და აპირებენ, სამართლებრივ ზომებს მიმართონ.

მეტი, ოპერატორების პროტესტზე ნახეთ ამ სტატიაში: გაფიცულია "ფორმულას" 20-ზე მეტი ოპერატორი.


რატომ ათავისუფლებენ ოპერატორებს?

ტელეკომპანიის იურისტი, ეთო ქათამაძე "პროტესტს" უწოდებს ოპერატორების მიერ სამუშაოს არშესრულებას, რადგან მისი თქმით, მათ დაარღვიეს გაფიცვისთვის საჭირო სამართლებრივი ნორმები.

საქმე ეხება, რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, გაფიცის მონაწილეებმა ჯერ სახწლმწიფოსა და დამსაქმებელს უნდა მიმართონ, რათა დაინიშნოს მხარეთა შორის მომლაპარაკებელი, მედიატორი. გაფიცვის უფლება კი მედიატორის დანიშვნიდან 21 დღის გასვლის შემდეგ წარმოიშობა.

  • "ამ შემთხვევაში ჯერ დაიწყო პროტესტი, არ შეასრულეს სამსახურეობრივი მოვალეობა, შემდეგ წერილობით გვაცნობეს, სადაც მხოლოდ მითითებული იყო, პროტესტის შესახებ და რომ ხელფასის მატებას ითხოვდნენ" - ამბობს ეთო ქათამაძე.
  • 2 თებერვალს, ნანა ინწკირველი მედიაჩეკერთან ამბობდა, რომ თუ მოლაპარაკებები კვლავაც უშედეგოდ გაგრძელდებოდა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და იურისტები "იმის მიხედვით იმოქმედებდნენ, რაც სამართლებრივად იქნებოდა სწორი".

ოპერატორების პოზიცია

განცხადების ტექსტში, რომელიც ფორმულადან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა "მედიაჩეკერს" გამოუგზავნეს, წერია, რომ მათ "პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მიიღეს დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე", რის შემდეგაც "პროტესტის ფორმად გაფიცვა არიჩიეს".

"დღსაც შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი" - წერია ტექსტში - რაც, მათი თქმით, გულისხმობდა ხელფასის მომატების რამდენიმე თვეზე გადანაწილებას, თუმცა როგორც ოპერატორები ამბობენ, კომპანიამ ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.

"ფორმულას" იურისტის, ეთო ქათამაძის თქმით, კომპანია სამი დღის განმავლობაში ფორმალურად აფრთხილებდა თანამშრომლებს: "[სამ თებერვალს] 6 საათამდე მიეცათ ვადა, რომ მოეფიქრებინათ, დაბრუნებოდნენ სამუშაო პროცესს და ისე გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები" და რადგან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საბოლოოდ, კომპანიამ ყველა ოპერატორს ხელშეკრულება შეუწყვიტა.

გათავისუფლებული ოპერატორები იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ აპირებენ სახალხო დამცველსა და სასამართლოს მიმართონ.

კატეგორია - საქართველო
დღეს, 3 თებერვალს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისში" კონკურსის, "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პრიზი 8 კატეგორიაში გაიცა და პრიზიორებს ჯილდო პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გადასცა.

გამარჯვეულები არიან:

კატეგორია 1: საუკეთესო სტატია ბეჭდურ, ან ელექტრონულ მედიაში

კატეგორია 2: საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
  • გამარჯვებული: ანი არველაძე, გადაცემა "დროება", ტელეკომპანია "ფორმულა"
  • ნამუშევარი: მანუშაკი — ქართულის მასწავლებელი

კატეგორია 3: საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

კატეგორია 4: საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში

კატეგორია 5: საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში

კატეგორია 6: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

კატეგორია 7: საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

კატეგორია 8: ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
  • გამარჯვებული: დინა ოგანოვა, პროექტი 64
  • ნამუშევარი: Nen’ka Ukraine

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.
კატეგორია - საქართველო
31 იანვრიდან, გაფიცულია ტელეკომპანია ფორმულას ახალი ამბების სამსახურის 22 ოპერატორი. ტელევიზიის მენეჯმენტი მათთან მოლაპარაკებას მესამე დღეა, უშედეგოდ ცდილობს.

რა ხდება?
  • გაფიცული ოპერატორები არხის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
  • გაფიცვაში არ მონაწილეობენ არხის სტუდიისა და "ფროდაქშენის" ოპერატორები და არხის სხვა პერსონალი.
გაფიცული ოპერატორები დეტალებზე არ საუბრობენ: "ეს შიდა პრობლემაა და ამ ეტაპზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან ღიად არ ვსაუბრობთ" - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის შუამავლის ფუნქციას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების ჯგუფის დროებითი ხელმძღვანელი, ირაკლი შეწირული ითავსებს.

ის გვეუბნება, რომ გაფიცულთა მოთხოვნაა, თანაბრად გაეზარდოს ანაზღაურება ყველა გაფიცულ ოპერატორს, მაგრამ საჯაროდ არ აკონკრეტებს — რამდენით.

რას ამბობს არხის ხელმძღვანელობა?
არხის მენეჯმენტი ცდილობს ოპერატორებთან მოლაპარაკებას, თუმცა, ვერ ასრულებენ ხელფასის გაზრდის მოთხოვნას.

"გაფიცული ოპერატორების ხელფასი არის საშუალოდ, 2.500 ლარი. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ, ამ ეტაპზე, მხოლოდ 4 დამწყები ოპერატორისთვის შევძელით ხელფასის მომატება, რადგან ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ", - ამბობს "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი.

ინწკირველის თქმით:
  • არხის მენეჯმენტი გაფიცულ ოპერატორებს ყოველდღიურად სთავაზობს მუშაობის განახლებას, თუმცა, უშედეგოდ.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები სამომავლოდაც ვერ გამოიწვევს შედეგს, "რესურსების მართვის დეპარტამენტი და იურისტები იმის მიხედვით იმოქმედებენ, რაც სამართლებრივად იქნება სწორი".

"ყველანაირად ვცდილობთ, არ ჩავარდეს საინფორმაციო გამოშვებები, მაგრამ მაგალითად, გუშინ ამის საფრთხე იყო", — ამბობს ინწკირველი - არხი ცდილობს, გამოწვევას სხვა ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით გაუმკლავდნეს, რაც რესპონდენტების დისტანციურად ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა.
კატეგორია - საქართველო
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" დაიხურა. საიტი აღარ განახლდება და მოკლე პერიოდში ვებგვერდიც გაითიშება. მიზეზი ფინანსური პრობლემებია.

რა ხდება?
1 თებერვალს, რეგიონული ინტერნეტგამოცემა ლაივპრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში მდებარე მედიასაშუალება 12-წლიანი მუშაობის შემდეგ იხურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
  • "ლაივპრესი" სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ამბების გაშუქებაზე ფოკუსირებული, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი რეგიონული მედიაა.
  • გამოცემა სამ ენაზე: ქართულად, აფხაზურად და რუსულად ავრცელებდა ახალ ამბებსა და ანალიტიკურ მასალებს. მის აუდიტორიას კი შეადგენდა მკითხველი ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.
"ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოდიოდნენ დანარჩენ საქართველოში, ჩვენი მედიასაშუალებით ეცნობოდნენ უტყუარ ცნობებს ქართულთან ერთად, აფხაზურ და რუსულ ენებზე და მას სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპირისპირებდნენ", — წერს გამოცემა განცხადებაში.

რა უნდა ვიცოდეთ "ლაივპრესის" შესახებ?
  • "ლაივპრესის" დამფუძნებელი და დირექტორი გერონტი ყალიჩავაა.
  • დაფუძნდა 2011 წელს და ამ დრომდე, საერთაშორისო დონორებისა და სარეკლამო შემოსავლების საშუალებით ფუნქციონირებდა.
  • "ლაივპრესს", ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკის პროტოკოლში მითითებული აქვს, რომ მათი პრინციპები ეფუძნება სიზუსტეს, მიუკერძოებლობას.

"მთელი ამ ხნის მანძილზე, პოლიტიკური, რელიგიური, და სხვა ორგანიზაციებისგან გამიჯნული, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით, ყველაზე მთავარი - საზოგადოების ნდობა პირველივე დღეებიდან მოვიპოვეთ. ეს ნდობა არასდროს შერყეულა და წლიდან წლამდე ძლიერდებოდა", — წერს "ლაივპრესი" განცხადებაში, რომელშიც ასევე მიუთითებს, რომ:

  • ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთი მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორე მხრივ, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები, რაც სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო.
  • მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი მოქალაქის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. ბევრმა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით პირველად ისაუბრა უკანონობაზე, დარღვეულ უფლებებზე, იპოვა გზა და ძალა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პირადი, თუ საზოგადო პრობლემის მოსაგვარებლად.
  • ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე - ვფიქრობთ, "ლაივპრესმა" ეს შეძლო.

გამოცემა, მათი საქმიანობის მნიშვნელოვან შემადგენლად მიიჩნევს სტატიების ციკლს, რომელშიც აფხაზი პოლიტიკოსები, ე.წ. მინისტრები, თუ ხელოვანები შეიარაღებული კონფლიქტიდან წლების შემდეგ, საკუთარ სათქმელს უზიარებდა საზოგადოებას, "რასაც მოჰყვა უკუკავშირიც - აფხაზურ ჯგუფებში დისკუსიები, განსხვავებული აზრის მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკაც."

წლების განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც სანდო წყარო და ინფორმაცია.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ ისევ კახა ბექაური აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და კომისიას მესამე ვადით, 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.

საგულისხმოა, რომ ბექაურს ამ არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა და დღეს, 2023 წლის 26 იანვარს, მის არჩევას ფარულ კენჭისყრაზე კომისიის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

  • მაუწყებლობის შესახებ" კანონით, პირს ამ პოზიციის დაკავება მხოლოდ 1 ვადით შეეძლო, თუმცა, 2019 წელს კანონში შეიტანეს ცვლილება, რომელიც ასეთ შეზღუდვას ხსნის.
  • კახა ბექაურის ხელმძღვანელობით, კომისიის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მიმართულებით. 
მათ შორისაა:
  • ახალი ტელევიზიებისთვის მაუწყებლობის უფლების გაცემა;
  • მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის წესების განსაზღვრა და იმაზე დაკვირვება, ხომ არ არღვევენ მაუწყებლები თვითრეგულირების პროცედურულ ნორმებს;
  • ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომისიის საქმიანობის ნაწილია დავების განხილვა;
ასევე:
  • ტარიფების განსაზღვრა მობილური ოპერატორებისთვის;
  • ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის წესების დადგენა.

კრიტიკა კომისიის მიმართ

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, კახა ბექაურის ხელმძღვანელობისას რამდენჯერმე გააკრიტიკეს კრიტიკულმა ტელემაუწყებლებმა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ქვეყანაში მედიაგარემოს სწავლობენ.
რატომ?
  • მიიჩნევენ, რომ კომისიის ზოგიერთი გადაწყვეტილება, კერძო მაუწყებლების შინაარსში ჩარევის მცდელობა იყო.
მაგალითად,
  • 2022 წლის 23 აგვისტოს, მარეგულირებელმა კომისიამ, "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე, აქცია "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლის გაშვების გამო, "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა, "ტვ პირველი" და "ფორმულა" კი წერილობით გააფრთხილა.

ბექაურის სადავო პოზიცია:

ბექაური მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თვითრეგულირების მექანიზმმა ვერ იმუშავა — რომ "ვერ დაიცვა ჩვენი საზოგადოება ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის ენისგან".
  • ბექაურის ეს მოსაზრება თანხვედრაშია მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" იმ დეპუტატების მოსაზრებებთან, რომლებმაც 2022 წელს წარადგინეს ცვლილებების პაკეტი კანონში "მაუწყებლობის შესახებ". ამ კანონპროექტს, პარლამენტში მესამე მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი და მისი მიღებით, სახელმწიფომ მედიაზე რეგულირების სფერო გაზარდა.
უფრო კონკრეტულად:
  • მედია პროდუქტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც კანონის მანამდე მოქმედი რედაქციით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილებოდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაშიც გადადის.
რატომ არის ეს პრობლემა?
  • ჟურნალისტური თვითრეგულირება სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს და სახელმწიფო კონტროლს ამცირებს.

ნახეთ სტატია: კიდევ რა პრობლემები აქვს კანონს

კანონდარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები ბექაურის მიმართ

  • 2020 წელს კახა ბექაური დაჯარიმდა ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის. საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, კახა ბექაურის დეკლარაციაში მითითებული არ იყო საბანკო ანგარიშები და შეუსაბამობა იყო მეუღლის, ეკა ბერიძის შემოსავლებში.
  • 2017 წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბექაური ვერ აკმაყოფილებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ან თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. "ბექაურს კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია", — დაწერა ორგანიზაციამ ბექაურზე, რომელიც 2017 წელს პირველად აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ.
გარდა ამისა,
  • 2021 წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული პროექტის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა თქვა, რომ კახა ბექაურმა კანონი ფორმალურადაც არ დაიცვა და კომისიის თავმჯდომარის პოზიციის პარალელურად, "ორი ნაბიჯის" წილების მართვის უფლების შენარჩუნებით, დაარღვია კანონი.

ბექაურის შემოსავლები

  • კახა ბექაურს, როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ხელფასის სახით, გასულ წელს 202 450 ლარის შემოსავალი ჰქონდა. სოლიდური ანაზღაურება არ არის მისი შემოსავლების მთავარი წყარო,
რადგან:
  • 2022 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა ბექაური ფლობს "ორი ნაბიჯის" 33%-ს. კომპანიის შემოსავალმა კი, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რვა მილიონ ლარს გადააჭარბა.

ბექაურის მედიაკარიერა

  • 2012: ბექაური პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ სატელევიზიო არხს, "მეცხრე არხს" მართავდა;
  • 2010-2011: იყო ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი;
  • 2004-2005: იკავებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას;
  • 2002-2003: დირექტორის პოზიციიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიას "მზე".
კახა ბექაური 2014 წელს, კომისიის წევრის სტატუსით მივიდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, 2017 წლიდან კი კომისიას ხელმძღვანელობს და ამ პოზიციას, კანონით, 2026 წლამდე დაიკავებს.