RSF: 2018 წელს 14 ჟურნალისტი მოკლეს
01.05.2018

ფოტო: © reuters

30 აპრილს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ცხრა ადგილობრივი ჟურნალისტი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად. როგორც გაირკვა, თავდამსხმელის სამიზნე სწორედ ჟურნალისტები იყვნენ: მან პოლიციას პრეს ბარათი წარუდგინა, რომ როგორმე იმ რეპორტიორების გვერდით მოხვედრილიყო, რომლებიც მანამდე მომხდარ აფეთქებას აშუქებდნენ. ერთი დღით ადრე ასევე ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში, BBC-ის ადგილობრივ ჟურნალისტს, 29 წლის აჰმად შაჰს შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს და ადგილზევე მოკლეს.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემებით, 2018 წელს 14 ჟურნალისტია პროფესიული საქმიანობასას გარდაცვლილი. ეს სია მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, როდესაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობაა. თუმცა, ასევე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ (IFJ) მონაცემებით, მიმდინარე წელს უკვე 32 ჟურნალისტი და მედია პროფესიონალია გარდაცვლილი. მათ ნაწილზე თავმდამსხმელების ვინაობა ჯერ კიდევ არაა გარკვეული.

კვლევების თანახმად, 2017 წელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო იყო. 48 გარდაცვლილი და ასობით დაპატიმრებული ჟურნალისტი - ასეთია გასული წლის მონაცემი. მწვავე კონფლიქტებისა და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დაძაბული და არათავისუფალი გარემოდან გამომდინარე, ვითარების გამოსწორებას არც 2018 წელს ელიან და ამას გასული 4 თვეც მოწმობს.

ავღანეთი, პაკისტანი, პალესტინა, სირია, კოლუმბია, მექსიკა, ლიბერია... 2017 წლის მსგვასად, ჟურნალისტებისთვის სახიფათო ადგილების სიაში აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები სჭარბობს. თუმცა, მკვლელობის ერთი შემთხვევა ამჯერად ევროპაშიც დაფიქსირდა: 25 თებერვალს სლოვაკეთში, ბრატისლავასთან ახლოს მდებარე სოფელში ახლაგაზრდა გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუსიაკი, მეგობარ გოგონასთან ერთად მოკლული იპოვეს. ის სლოვაკეთის ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის მიერ გადასახადების თავიდან აცილების თემაზე მუშაობდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი მუქარა მიიღო ბიზნესმენ მარიან კოსნერისგან, რომლის ფინანსურ მაქინაციებსაც იკვლევდა. პოლიციას არაფერი გაუკეთებია.

რთული მდგომარეობა რჩება ჟურნალისტებისთვის თურქეთშიც. მარტის დასაწყისში აქ სასამართლომ 25 ჟურნალისტი სცნო დამნაშავედ 2016 წელს “გადატრიალების მცდელობასთან კავშირისთვის“. ამჟამად ყველა დაკავებულია. 23 მათგანს 7 წელიწადნახევარი პატიმრობა ემუქრება.

პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჟურნალისტთა შევიწროვება კვლავ ჩვეულებრივი ამბავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. ცხადია, ცხელი კონფლიქტის ზონებში პირობები კიდევ უფრო რთულია. ყველაზე საშიშ ქვეყანად ისევ სირია რჩება.


ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ