„აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა" ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
24.09.2024


"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა" აფხაზეთის ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

პრემია გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: 

  • სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაშია გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.
  • აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.
  • პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
  • ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).

კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე. 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - INFOABKHAZIA@GMAIL.COM 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
კვლევა საზმაუზე: „შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“

 

კვლევაში - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“ წარმოდგენილია გადაცემების ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ძირითადი მიმართულებები. როგორც მკვლევარი უთითებს, თითოეული მათგანი წარმოადგენს განმეორებად ნარატივს, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდში თანმიმდევრულად ყალიბდება და მთლიანობაში პოლიტიკური ხედვის კონკრეტულ ჩარჩოს აყალიბებს:

„დასავლეთის კრიტიკა:

ინტერვიუებისას დასავლეთი არასდროს ფიგურირებს როგორც უსაფრთხოების გარანტი. პირიქით, ის წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი, რომელმაც თავად შეუწყო ხელი რეგიონული დაძაბულობის ზრდას. ამ მხრივ, განსაკუთრებულად ხაზგასმულია ნატოს უარყოფითი როლი და გავლენა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.

ამ კრიტიკას ემატება დასავლეთის შიდა სისუსტის ხაზგასმა. ამგვარად, ფორმირდება სურათი, რომელიც მაყურებელს სთავაზობს დასავლეთის გადაფასებას, სადაც ის არა სტაბილურობის წყარო, არამედ რისკის მატარებელი ძალაა, რომლის პოლიტიკაც მცირე სახელმწიფოებისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

ევროკავშირის კრიტიკა - სუსტი, დამოკიდებული და სტრატეგიულად არაკომპეტენტური აქტორი:

გადაცემებში ევროკავშირი წარმოდგენილია არა როგორც დამოუკიდებელი, არამედ როგორც სტრუქტურულად სუსტი და ამერიკაზე დამოკიდებული გაერთიანება. ინტერვიუების მიხედვით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა და მოქმედებს ვაშინგტონის სტრატეგიული ხაზის შესაბამისად.

მრავალჯერაა ხაზგასმული, რომ ევროკავშირი არ წარმოადგენს სამხედრო უსაფთხოების გარანტს - „ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.“

ამ კონტექსტში ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობა, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს.

უკრაინა და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი:

გადაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თითქმის ყველა ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრა ინტერპრეტირებულია არა როგორც სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ როგორც ფართო გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგი, სადაც უკრაინა წარმოდგენილია დიდ ძალებს შორის კონკურენციის სივრცედ. დისკუსიებში კონფლიქტი ხშირად აღწერილია როგორც ამერიკისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირება, რომელშიც უკრაინა მოქმედებს არა როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტი, არამედ როგორც გარე ძალების გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყანა.

ამ ინტერპრეტაციაში უკრაინა ხშირად ხასიათდება როგორც გეოპოლიტიკური „პოლიგონი“, სადაც დიდი ძალები საკუთარი ინტერესების რეალიზებას ცდილობენ. უკრაინის ომი ხშირად განიმარტება ნატოს გაფართოების პოლიტიკისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების იგნორირების შედეგად. ამ ჩარჩოში დასავლეთი წარმოდგენილია როგორც აქტორი, რომელმაც საკუთარი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში უკრაინა დაპირისპირების სივრცედ აქცია, ხოლო რუსეთის ქმედებები ხშირად აიხსნება როგორც რეაქცია ამ პროცესებზე.

ამგვარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორის როლს. დისკუსიებში იშვიათად არის საუბარი უკრაინის სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრივ არჩევანზე ან საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. ამის ნაცვლად, ყურადღება გადატანილია დიდ ძალებს შორის ძალთა ბალანსზე და იმაზე, თუ როგორ იყენებენ ისინი მცირე სახელმწიფოებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისთვის.

ამ ყველაფერს ამყარებს გადაცემების სათაურებიც, რომლებიც ზოგადად გარკვეულ ქვეტექსტს გულისხმობს და კონკრეტულ აზრს გადმოსცემს. მაგ., „ომი და მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში,“ შეიძლებოდა ყოფილიყო პირდაპირ რუსეთის აგრესია ან სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. თუმცა, საკითხი განზოგადებულია და ისეა წარმოჩენილი, რომ რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები და საკითხი დასმულია როგორც „ომი აღმოსავლეთ ევროპაში.“

უკრაინის კონფლიქტის ასეთი წარმოდგენა ასევე პირდაპირ უკავშირდება საქართველოს შესახებ მსჯელობას. არაერთ ინტერვიუში უკრაინის მაგალითი გამოყენებულია როგორც გაფრთხილება საქართველოსთვის - რომ მცირე სახელმწიფომ უნდა მოერიდოს დიდ ძალებს შორის დაპირისპირებაში ჩართვას. ამ კონტექსტში უკრაინის ომი ხშირად გამოიყენება არგუმენტად ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის სასარგებლოდ, რაც წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მსგავს სცენარს.

„მეორე ფრონტი“ და ნეიტრალიტეტი, როგორც საქართველოს სტრატეგიული არჩევანი:

ინტერვიუების ერთ-ერთი ცენტრალური და ყველაზე მკაფიო გზავნილია, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის გზა და არ დაუშვას „მეორე ფრონტის“ გახსნა, რომელსაც მას სთავაზობენ.

საქართველო აღიწერება როგორც მცირე სახელმწიფო, რომელსაც დიდი ძალები, დასავლეთი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ - „თქვენ უბრალოდ პაიკები ხართ გეოპოლიტიკურ დაფაზე“.

ამავდროულად, არაერთ ინტერვიუში ხაზგასმულია რუსეთთან ურთიერ-თობების დაახლოებისა და დასავლეთთან მიუმხრობლობის შესახებ: „თუ აირჩევთ ევროპისა და ამერიკის გზას, მიიღებთ ომს და ნგრევას“.

„საქართველოს საუკეთესო მეგობარი რუსულად საუბრობს. არა ინგლისურად, არა ფრანგულად, არა გერმანულად, არამედ - რუსულად. თქვენი საუკეთესო მეგობარი თქვენი ჩრდილოეთით მდებარე მეზობელია, რადგან ეს საუკეთესო მეგობარი შენზე ზრუნავს, რადგან, რაც საქართველოს ემართება, რუსეთსაც ემართება. თქვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ - ისტორიულად, გეოგრაფიულად, ეკონომიკურად. მიუხედავად ამისა, ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გეუბ-ნებიან, რომ უნდა შეაქციოთ ზურგი თქვენს რუს მეზობლებს და უნდა გახდეთ მათი მტრები, განურჩევლად იმისა რომ ეს საქართველოს სიკვდილია. ისინი ამბობენ - ჩვენ მზად ვართ საქართველო გავწიროთ უფრო დიდი მიზნებისთვის. მზად ვართ გავწიროთ ქართველი პაიკი, რათა უკრაინელი რაინდი თავის ადგილზე დავაყენოთ“.

ნეიტრალიტეტი ამ ჩარჩოში წარმოდგენილია როგორც სუვერენიტეტის განმტკიცების საშუალება, გადარჩენის ფორმულა, რომელიც საქართვე-ლოს იცავს გლობალური დაპირისპირებისგან.

ასევე, ინტერვიუებში არაერთხელ გაჟღერდა ქართული ოცნების მხარდამჭერი პოზიციები და მათდამი აღფრთოვანება - „გაოცებული ვარ ქართული ოცნების სტრატეგიული აზროვნებით“.

რუსეთის პოლიტიკის რაციონალიზაცია და დასავლეთის პასუხისმგებლობა:

გადაცემაში რუსეთი პრაქტიკულად არცერთხელაა დახასიათებული როგორც მთავარი აგრესორი. პირიქით, მისი ქმედებები განმარტებულია როგორც რეაქცია დასავლეთის პოლიტიკაზე. მაგ., „რუსეთი მოქმედებს არა აგრესიულად, არამედ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის.“„მისი ქმედებები ხშირად განპირობებულია დასავლეთის შეცდომებით.“

ნარატივი ხაზს უსვამს, რომ დასავლურმა გაფართოების პოლიტიკამ და უსაფრთხოების არქიტექტურის უგულებელყოფამ შექმნა ის გარემო, რომელშიც რუსეთი იძულებული გახდა ამგვარად ემოქმედა. ამ კონტექსტში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ყველაზე სწორია ე.წ. „არ გაღიზიანების პოლიტიკა.“

ასე ყალიბდება ჩარჩო, სადაც პასუხისმგებლობა კონფლიქტზე მნიშვნელივნად დასავლეთს ეკისრება, ხოლო რუსეთის ქმედებები გასაგები და რაციონალურია.

საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მნიშვნელობის დაკნინება:

ინტერვიუების ანალიზი აჩვენებს, რომ გადაცემებში საქართველოში მიმდინარე პროტესტი ხშირად წარმოდგენილია როგორც გაუგებარი ან გადაჭარბებული რეაქცია. რამდენიმე დისკუსიაში პირდაპირ გამოითქვა გაკვირვება თუ რატომ გახდა ქუჩის აქციების გამომწვევი მთავრობის „უწყინარი“ განცხადება.

ამასთანავე, არაერთ ინტერვიუში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პროტესტში მონაწილეობდნენ „რადიკალური ჯგუფები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილია როგორც პოლიტიკური პროცესის აქტიური მოთამაშეები. ზოგიერთ შემთხვევაში პროცესები შედარებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი „მეიდანის“ სცენარს ჰგავს. ამგვარი პარალელები პროტესტს აყენებს შესაძლო პოლიტიკური დესტაბილიზაციის ჩარჩოში.

დისკუსიებში ასევე ხშირად ხაზგასმულია განსხვავება დასავლურ მედი-აში შექმნილ სურათსა და ქვეყნის შიდა რეალობას შორის. რამდენიმე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დასავლეთში საქართველო წარმოდგენილია როგორც კრიზისში მყოფი ქვეყანა, მაშინ როდესაც რეალურად ქვეყანაში „სიმშვიდე და სტაბილურობაა“. ამავე კონტექსტში დადებითად არის შეფასებული ხელისუფლების რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნულია, რომ მან შეძლო სიტუაციის ეფექტურად მართვა.

არასამთავრობო სექტორის კრიტიკა და „გლობალური ომის პარტიის“ თეზა:

არაერთ ინტერვიუში მკვეთრად არის გაკრიტიკებული არასამთავრობო სექტორი, რომელიც წარმოდგენილია როგორც გარე პოლიტიკური ინტერესების გამტარი. 

გაჟღერდა შეფასებები, რომ ისინი „არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში“, თუმცა რეალურად მოქმედებენ როგორც გავლენის ინსტრუმენტები.

ამავე კონტექსტში საუბარი იყო „ნეოკონსერვატიულ ძალებზე“, რომლებიც გლობალურ კონფლიქტებს უწყობენ ხელს, რაც ხაზს უსვამს წარმოდგენას, რომ არსებობს ტრანსნაციონალური აქტორები, რომლებიც მცირე ქვეყნებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ - „ნეოკონებს ჩვენთან გლობალური ომის პარტიას ეძახიან.„“

კვლევაში ცალკე მიმართულებადაა გამოყოფილი წამყვანის მიკერძოება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერვიუების ანალიზმა გამოკვეთა, რომ წამყვანები ხშირად იყვნენ მიკერძოებულები და სვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც უკვე შეიცავს ნარატივის ნაწილს. კითხვები ხშირად დახურული ან მიმყვანი („leading“) იყო, რაც რესპონდენტს პრაქტიკულად კონკრეტული გზავნილის გამეორებისკენ უბიძგებდა. ასევე, ხშირად გამოიყენება ცრუ დილემებიც.

„საგულისხმოა, რომ წამყვანები არცერთ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებიან რესპოდენტებს, არ გაჟღერებულა მათგან განსხვავებული პოზიცა, არ დასმულა კრიტიკული შეკითხვა, რომელიც სტუმრის პოზიციის გამყარება ან გაგრძელება არ იქნებოდა.

ასევე საინტერესოა, რომ დასაწყისში წამყვანი პრაქტიკულად არ უთმობს არანაირ დროს სტუმრის გაცნობას. მაყურებელმა არ იცის რა პრინციპით, რატომ და ვინ არის მოწვეული, რას წარმოადგენს ის ადამიანი. ძირითადად, მეტი დამაჯერებლობისათვის წამყვანი უბრალოდ მიმართავს - „პროფესორო“ და მადლობებს უხდის საინტერესო ანალიზისათვის.

საბოლოო ჯამში, ინტერვიუების დროს, წამყვანები არა მხოლოდ მხარს უჭერენ კონკრეტულ ნარატივს, არამედ, რესპონდენტს აწვდიან პასუხის მიმართულებას და მაყურებელს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ რესპონდენტის პოზიცია ბუნებრივად იქმნება“.

კვლევის შედეგების მიხედვით, გადაცემებში თანმიმდევრულად ფორმირდება ერთიანი საგარეო პოლიტიკური ჩარჩო, რომელშიც დასავლეთი ხშირად წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი და რეგიონული დაძაბულობის ზრდის თანამონაწილე, ხოლო უკრაინაში ომი განმარტებულია როგორც დიდი ძალების დაპირისპირების შედეგი, სადაც პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ან გადატანილია ნატოს გაფართოებისა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 

„პარალელურად, აქტიურად არის გამოყენებული „მულტიპოლარული“ მსოფლიო წესრიგის თეზა, რომლის მიხედვითაც „უნიპოლარული“ ეპოქა დასრულებულია და ძალთა ბალანსი გადადის მრავალპოლუსიან მოდელზე. ამ კონტექსტში ევროკავშირი წარმოდგენილია როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით სუსტი და აშშ-ზე დამოკიდებული აქტორი, ხოლო საქართველოსთვის ოპტიმალურ სტრატეგიად ხაზგასმულია ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა და „პრაგმატული“ ეკონომიკური პოლიტიკა. რუსეთის ქმედებები კი არაერთ ეპიზოდში ინტერპრეტირებულია როგორც დასავლეთის პოლიტიკაზე რეაქცია და არა გაუმართლებელი აგრესია.

ინტერვიუებისას იკვეთება „გლობალური ომის პარტიის“ კონცეფციის რეპროდუქცია, რომლის მიხედვითაც დასავლურ პოლიტიკურ წრეებში არსებობს ძალა, რომელიც კონფლიქტების ესკალაციით არის დაინტერესებული. ამ კონტექსტში,„ქართული ოცნება“ წარმოდგენილია როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და პრაგმატული პოლიტიკის გარანტი, რომელმაც ქვეყანა „ომში ჩათრევისგან“ დაიცვა. ასეთი კონტრასტული ჩარჩო კიდევ უფრო ამყარებს პოლიტიკური პოლარიზაციის ხაზს.

ცალკე ხაზგასასმელია არასამთავრობო სექტორის წარმოდგენა, როგორც გარე გავლენებთან დაკავშირებული, პოლიტიკურად ან იდეოლოგიურად მიკერძოებული აქტორები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებენ და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშად ერევიან. ამგვარი აღწერა აძლიერებს სკეპტიკურ დამოკიდებულებას სამოქალაქო სექტორის მიმართ და მას ხშირად აკავშირებს საგარეო, არასახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

მნიშვნელოვანი მიგნება ეხება თავად ინტერვიუს ფორმატსაც: წამყვანი და რესპოდენტი მუდმივად თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. კითხვები წინასწარ შეიცავდა უკვე ჩამოყალიბებულ შეფასებებს და რესპონდენტს სთავაზობდა პასუხის განსაზღვრულ ჩარჩოს. შედეგად, დისკუსია ნაკლე-ბად წარმოადგენდა კრიტიკულ დიალოგს და მეტად ემსახურებოდა ერთგვაროვანი გზავნილების განმტკიცებას“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოება პარტიული ნიშნით - „ტენდენცია, რომელიც არაერთ საერ-თაშორისო ანგარიშსა და პოლიტიკის დოკუმენტშიც არის ასახული“.

„შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“. 

კვლევის მიხედვით, გადაცემებში მოწვეული საერთაშორისო სტუმრების განცხადებებში მკვეთრად იკვეთება სამი თანმიმდევრული ხაზის კონსოლიდაცია: უნიპოლარული მსოფლიოს წესრიგის დასასრული; ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების მკვეთრი კრიტიკა; ნეიტრალი-ტეტი და „პრაგმატული“ პოლიტიკა მცირე სახელმწიფოებისათვის.

„გარდა ამისა, არაერთ შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკა წარმოდგენილია როგორც დასავლური გაფართოებისადმი რეაქცია ან უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ლოგიკური ნაბიჯი, რითიც კონფლიქტის პასუხისმგებლობა რუსეთისაგან სხვა აქტორებზე, დასავლეთსა და უკრაინაზე გადადის.

მთლიანობაში, სტუმართა შერჩევა და მათ მიერ გამოთქმული პოზიციები ქმნის დისკურსულ გარემოს, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სადავო, არამედ სტრატეგიულად საეჭვო ან არასასურველ არჩევანად არის წარმოდგენილი, ხოლო ალტერნატიული გეოპოლიტიკური ხედვები — როგორც რეალისტური და რაციონალური ალტერნატივა“.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კრიზისს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“, მენეჯმენტის რეპრესიულ პოლიტიკასა და სამეურვეო საბჭოს როლს. კვლევაში „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ სტატიაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული შემთხვევების თანახმად, „პირველ არხზე“ რეპრესიული პოლიტიკა 37 თანამშრომელს შეეხო:

  • 6 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს;
  • 11 თანამშრომელს დისციპლინური სანქცია დაუწესეს;
  • 13-მა თანამშრომელმა უარი თქვა მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადასულიყო სხვა გადაცემაში მათი გადაცემების დახურვის შემდეგ. მათ არხი დატოვეს;
  • 7 თანამშრომელი, პროტესტის ნიშნად, არხიდან საკუთარი ნებით წავიდა;
  • ორი გადაცემა და ორი რუბრიკა დახურეს.

მეთოდოლოგიის მიხედვით, კვლევის ფარგლებში ანალიზისთვის 2025 წელს გასული ის 12 ინტერვიუ შეირჩა, რომელშიც საერთაშორისო სტუმრები მონაწილეობდნენ.

 
„სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან“ - „მითების დეტექტორის“ მიმოხილვა

„მითების დეტექტორის“ მიმოხილვის მიხედვით, ბოლო წლებში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიები არამხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილების გამოხმოვანებლები არიან, არამედ მმართველი პარტიის ოპონენტების და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციის პროცესში ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ:

„ეს თანამშრომლობა მეტწილად ისეთი კონფიდენციალური მონაცემების მედიით გაჟონვას გულისხმობს, რომელზეც წვდომა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეიძლება ჰქონდეთ და ზოგ შემთხვევაში სამიზნე პირებზე თვალთვალის შედეგად შეიძლება იყოს მოპოვებული“. 

ფაქტების გადამოწმების პორტალმა პუბლიკაციაში - „სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან“ ბოლო წლებში სახელისუფლებო მედიით გავრცელებული ისეთი შემთხვევები მიმოიხილა, რომლებიც ამ ტენდენციას ავლენენ. 

ტელეკომპანია „იმედი“ გერმანიის ელჩისა და „ევროპული ორბიტის“ ლიდერის დახურული შეხვედრის შინაარსს მტკიცებულებების გარეშე აშუქებს

მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს, 14:09 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის საელჩოში „ევროპული ორბიტის“ ლიდერს, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს შორის საელჩოს შენობაში დახურული შეხვედრა გაიმართა:

„„იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლომჯარიამ ელჩს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია”. ტელევიზიის ინტერპრეტაციით, შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვის საკითხს ეხებოდა, თუმცა მასალაში არ იყო მითითებული, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა არხი ამ ინფორმაციას. 

შეხვედრა დახურული იყო, შესაბამისად, მისი გადამოწმება შეუძლებელია. ნინო ლომჯარიამ ციტატის ნამდვილობა იმავე დღეს უარყო, მას „უზნეო ტყუილი“ უწოდა და დაწერა, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის უჩივლებდა. „მითების დეტექტორმა“ ტელეკომპანია „იმედს“ კითხვით მიმართა, თუ რა წყაროსა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით გაავრცელა არხმა ლომჯარიას ციტატა. კერძოდ, არსებობდა თუ არა კონფიდენციალური წყარო ან რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეხვედრის შინაარსს დაადასტურებდა. „იმედს“ პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია“. 

როგორც „მითების დეტექტორი“ აღწერს, იმავე საღამოს, 20:11 საათზე, „იმედმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია თბილისში, ზაარბრიუკენის მოედნისა და სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. „მტკიცების მიხედვით, კადრებში ნინო ლომჯარია ჩანს, რომელიც საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადადის“.

მითების გადამოწმების პორტალი აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში გადაღებული მსგავსი ვიდეოკადრები, როგორც წესი, რამდენიმე ტიპის ვიდეოთვალთვალის სისტემიდან შეიძლება იყოს მიღებული:

„ერთ-ერთი შესაძლო წყაროა კერძო ვიდეოთვალთვალის სისტემები, რომლებიც განთავსებულია შენობებზე, სასტუმროებზე, კომერციულ ობიექტებზე ან საცხოვრებელ კორპუსებზე. ასეთ კამერებზე წვდომა, როგორც წესი, მხოლოდ შესაბამისი ობიექტის მფლობელს ან ადმინისტრაციას აქვს. 

კიდევ ერთი შესაძლო წყაროა მუნიციპალური ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანზეა განთავსებული. ამ სისტემებს, როგორც წესი, მართავს შესაბამისი საჯარო უწყება და მათი ჩანაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

სასტუმროს ფასადის მხარეს ორი განათების ბოძია განთავსებული. „იმედის“ მიერ გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ, მარჯვენა ბოძზე განთავსებული კამერითაა გადაღებული, რამდენადაც მიმდებარე ტერიტორია ჯერ შორიდან ჩანს, შემდეგ კი კადრები ახლოვდება.

მსგავსი ტიპის კამერების ჩანაწერებზე, როგორც წესი, წვდომა აქვთ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მედია ორგანიზაციებს ასეთ მასალაზე პირდაპირი წვდომა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა წყაროს მეშვეობით მოიპოვა ოპერატიულად ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნული ვიდეომასალა.

როგორც საპატრულო პოლიციაში განგვიმარტეს, ქუჩაში არსებული ვიდეოსათვალთავალო სისტემებიდან ჩანაწერს ვერ მიიღებს დაინტერესებული პირი იმ შემთხევვაში, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე განხოციელებულ რომელიმე ქმედებაზე გამოძიება არაა დაწყებული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვიდეომასალა ჩვეულებრივ არ არის თავისუფლად ხელმისაწვდომი მედიისთვის, და მის მიღებას, როგორც წესი, სჭირდება სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და გონივრული ვადა კადრების მიწოდებისთვის, ჩნდება კითხვები, თუ რა გზით გახდა აღნიშნული კადრები ხელმისაწვდომი ტელეკომპანია “იმედისთვის“ და ვინ იყო მათი პირველწყარო“, - ვკითხულობთ „მითების დეტექტორის“ მიმოხილვაში. 

სუსში დაბარება ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციული სინქრონი

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ გამოქვეყნებული ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის ავტორების „მოტივაციის“ შესასწავლად. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი,  ისტორიკოსი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, ყოფილი პარლამენტარები გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე.

„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ყურადღებას იქცევს ინფორმაციის გავრცელების გზა:

„ცნობა იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძე გამოკითხვაზე იყო დაბარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თავდაპირველად სწორედ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით (იმედი)გავრცელდა.

მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება და მზად არის კითხვებს წერილობით ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხოს. მისი თქმით, ქვეყნის დატოვებისას მან პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველოდან გასვლის უფლება ჰქონდა.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს სახელმწიფო უწყებებსა და პროსახელისუფლებო მედიას შორის ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაზე. ის ფაქტი, რომ გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები პირველად სწორედ ასეთ მედიასაშუალებაში გაჩნდა, რაც მედიისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის ინფორმაციული სინქრონის არსებობაზე მიუთითებს“.

Sovlab-ის მკვლევარისა და ყოფილი პარლამენტარის საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება

„9 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ფარული ჩანაწერი, რომელიც საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი კანდელაკის და ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ასახავდა. ტელეკომპანიის წყაროს მტკიცებით, საქმე კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერს შეეხება, რაც თავად კანდელაკმა უარყო“, - წერს „მითების დეტექტორი“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრების „ფარულ შეხვედრებად“ წარმოჩენა

მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან, რაც ჩვეული პრაქტიკაა, სახელისუფლებო მედია „ფარულ“ და „კონსპირაციულ“ აქტივობებად წარსულშიც წარმოაჩენდა. 

მასალაში მოყვანილ მაგალითები კი ფაქტების გადამოწმების პორტალის შეფასებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო მედიისთვის დიპლომატების გადაადგილებისა და შეხვედრების დროები წინასწარ იყო ცნობილი.

არასაჯარო დოკუმენტის ბოროტად გამოყენება საიას წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით

„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება კონფიდენციალურ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდება:

„სახელისუფლებო ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV), საინფორმაციო სააგენტოებმა (Spacesnews; რადიოსივრცე) და ანტიოპოზიციურმა გვერდებმა  კოორდინირებულად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, არჩევნების შედეგების გაუქმებაზე დროებითი ღონისძიების მოთხოვნა კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ითხოვდა. 

სიუჟეტში გამოყენებული დოკუმენტი, რომელიც კონსოლიდირებულ საქმეს ასახავდა და სხვა განმცხადებლებსაც აერთიანებდა, გაშუქების მომენტისთვის არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და მხოლოდ მხარეებს გადაეგზავნათ. მიუხედავად კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებისა, ის სახელისუფლებო მედიას იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. 

ვინაიდან დოკუმენტი კონკრეტულ თარიღამდე კონფიდენციალური იყო, „მითების დეტექტორმა“ გავრცელებული მტკიცებების გადამოწმება და მათი მცდარად მონიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც დასტურდება,  რომ საიას მსგავსი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს“.

დახურული ჩატებიდან ანაბეჭდების გამოქვეყნება

ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო მედიას არაერთხელ გაუვრცელებია დახურულ ჩატებში მიმოწერის ანაბეჭდები ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. მასალაში ჩამოთვლილია ამგვარი პრაქტიკის რამდენიმე შემთხვევაც.

არასამთავრობოების ოფისებზე ვანდალიზმის შემთხვევის ადგილიდან გაშუქება სახელისუფლებო მედიის მიერ  

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, 2024 წელს, ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ თავდასხმებს სახელისუფლებო მედიასაშუალებები შემთხვევის ადგილიდან აშუქებდნენ. 

მიმოხილვაში მოყვანილ მაგალითებში ჩანს 2 შემთხვევა, როდესაც სახელისუფლები POSTV-იმ „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმი რეალურ დროში გააშუქა და აღნიშნულ ქმედებას „მოქალაქეთა სპონტანური საპროტესტო გამოხატულება“ უწოდა. 

 
2025 წელს, საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა - ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ანგარიში

 

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ, რომელიც 15 საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ევროპაში პრესის თავისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო, რასაც სამართლებრივი საფრთხეები, მედიის ხელში ჩაგდების მცდელობები და ტრანსნაციონალური რეპრესიები განაპირობებდა. ამ ზეწოლას კი, კიდევ უფრო ამძიმებდა ჟურნალისტიკისთვის სულ უფრო მტრული გარემო: „ეს სურათი შემსუბუქდა ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში პოზიტიური რეფორმებითა და ევროპულ დონეზე განხორციელებული ინიციატივებით“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პლატფორმამ დაარსების დღიდან (2015 წელი) 2300-ზე მეტი შეტყობინება გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების სერიოზული საფრთხეების შესახებ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, რუსეთსა და ბელარუსში: „შეტყობინებების რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა, 2015 წელს - 106-დან 2025 წელს - 330-ზე მეტამდე, რაც ჟურნალისტებისთვის სულ უფრო მტრულ გარემოს ასახავს. ამ შეტყობინებების მეოთხედი ეხება ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობაზე თავდასხმას, მათ შორის 53 ჟურნალისტის ან მედია პროფესიონალის გარდაცვალებას“.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2025 წელს გამოცემული 344 განგაშის სიგნალიდან, რაც 2024 წელთან შედარებით 29%-ით მეტია, 90 ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხებოდა: „ეს ინციდენტები მოიცავდა ძალადობას საჯარო ღონისძიებებსა და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ჩადენილი იყო როგორც დემონსტრანტების, ისე სამართალდამცავების მიერ“.

2025 წელს შეტყობინებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები იყვნენ: რუსეთი (50), თურქეთი (49), საქართველო (35), სერბეთი (35) და უკრაინა (27) - ეს უკანასკნელი ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება ან რუსულ ძალებს მიეწერება.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში დაფიქსირდა: „ჟურნალისტები პოლიციის, პოლიტიკური ფიგურებისა და მომიტინგეების სამიზნეები გახდნენ, მათ არ მისცეს საშუალება მოემზადებინათ რეპორტაჟები ან დაეკისრათ სანქციები მათი საქმიანობის გამო, რაც ხაზს უსვამს უსაფრთხო გაშუქებისა და ძალადობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის უუნარობას. ონლაინ შევიწროება და კოორდინირებულად დაშინება განსაკუთრებით არაპროპორციულად შეეხო ქალ ჟურნალისტებს“.

ევროპაში პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოს. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2025 წელს ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთების პლატფორმამ გასულ წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეების გამო 32, 2024 წელთან შედარებით 78%-ით მეტი, განგაშის სიგნალი გამოსცა:

„შეტყობინებები ასახავს პრესის თავისუფლების უფრო ფართო დემონტაჟს, რასაც ინსტიტუციური რეპრესიები, პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო მედიის ხელში ჩაგდება და ეფექტური კონტროლისა და ბალანსის სისტემის ეროზია განაპირობებს“.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე:

„2025 წლის 6 აგვისტოს, 200 დღეზე მეტი ხნის წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს, საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაპატიმრების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ“.

ანგარიშში მოხვდა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძისა და „პუბლიკას“ ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილის თვითნებური დაკავების შემთხვევებიც. მასში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო. 

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2025 წლის ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც:

„როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია: „საზოგადოებრივ მაუწყებელს აკლია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და შეაქვს წვლილი ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციაში“. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ და შემდგომში გააუქმა ზაუტაშვილის ტოქშოუ. მომდევნო პერიოდში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ერთად აღებული, ამ გათავისუფლებებმა, ეთერის ცვლილებებმა, შემზღუდავმა სარედაქციო პრაქტიკამ და დაფინანსებისა თუ მართვის კუთხით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მოწყვლადობას პოლიტიკური გავლენების მიმართ“.

როგორც SJP-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიების მიუხედავად, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს და მუშაობას აგრძელებენ. თუმცა, ბალანსისა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების, სამართლებრივი გარანტიებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, დაუყოვნებლივი საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე ქვეყანაში ჟურნალისტიკა მდგრადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთების პლატფორმა ჟურნალისტიკის დაცვისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით 2015 წელს შეიქმნა. 2025 წლის ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდა პლატფორმის 15 პარტიონი ორგანიზაცია: European Federation of Journalists; International Federation of Journalists; Association of European Journalists; ARTICLE 19; Reporters without Borders; Committee to Protect Journalists; Index on Censorship; International Press Institute; International News Safety Institute; Rory Peck Trust; European Broadcasting Union; PEN International; European Centre for Press and Media Freedom; Free Press Unlimited; Justice for Journalists Foundation. 

დოკუმენტში, რომელიც ევროსაბჭოს წევრი 46 სახელმწიფოსა და რუსეთისა და ბელარუსის მედიაგარემოს ეხება, ის მთავარი სამართლებრივი, პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებებია მოცემული, რამაც ევროპაში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინა. 

ComCom-ის წევრობა „იმედის“, GDS-ის და „მედია ჰოლდინგის“ თანამშრომლებსაც სურთ

კომუნიკაციების კომისიის წევრობა ანი ვაზაგაშვილს, გიორგი ელისაშვილს, სოლომონ ექვთიმიშვილსა და იოსებ აბულაძეს სურთ.

  • ანი ვაზაგაშვილი სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელია. 
  • 2013 წლიდან ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორია გიორგი ელისაშვილი. მანამდე ის „ბანკი ქართუში“ მუშაობდა. 
  • სოლომონ ექვთიმიშვილი 2025 წლიდან დღემდე „მედია ჰოლდინგის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სს „მედია ჰოლდინგის“ 90% აქციების მფლობელი შპს „პრაიმ თაიმია“, 10% აქციების კი - „რუსთავი 2“. ექვთიმიშვილი რამდენიმე სხვა კომპანიაშიც მუშაობს. 
  • „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია იოსებ აბულაძე. ის 2000 - 2016 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე კომუნიკაციების კომისიაშიც მუშაობდა.

ComCom-ის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 11 თებერვალს გამოცხადდა და საბუთების მიღების ბოლო ვადა 12 მარტი იყო. ამ პერიოდში განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია ამ ოთხმა კანდიდატმა წარადგინა.

კომისიის წევრობის ვადა ვახტანგ აბაშიძეს ეწურება. ის 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, 2017 წლიდან კი კომისიის წევრია. აბაშიძე ComCom-ის თავმჯდომარე იყო 2000-2004 წლებშიც. 

                                                                                  

კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს, გოგა გულორდავა თავმჯდომარედ ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ აირჩია. კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

                                                                                  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე კანდიდატთა სიისა და წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, საკონკურსო კომისია არანაკლებ 3 კანდიდატს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა - პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

 
თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოსამართლეს ჟურნალისტ მარიამ კუპრავას საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას სთხოვენ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თორნიკე კაპანაძეს მიმართავენ, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამავე ფაკულტეტის სტუდენტის, ჟურნალისტ მარიამ კუპრავას საქმეზე.

თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტის დასჯა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციის ადგილზე იმყოფებოდა, ქმნის საშიშ პრეცედენტს და შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია. 

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისა და მთლიანად, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ საქმეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით განიხილება და დაკავშირებულია საპროტესტო აქციების გაშუქებასთან.

მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების შესაძლებლობა, თავისუფლად და შეუფერხებლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების, მათ შორის საპროტესტო აქციების, გაშუქება წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და ასეთ ვითარებაში ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ასრულებენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვან ფუნქციას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტები არ წარმოადგენენ აქციის მონაწილეებს, ან სხვა აქტორებს. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების ინფორმირების უფლებას და სწორედ ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით იმყოფებიან ისინი მოვლენების ეპიცენტრში. ჟურნალისტის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები - შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, პროფესიული ტექნიკის გამოყენება - კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მათ პროფესიულ როლს ასეთ გარემოში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ეხება ჩვენს სტუდენტს, ჟურნალისტ მარიამ კუპრავას, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ედავებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენას აშუქებდა.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის დასჯა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა აქციის ადგილზე, ქმნის საშიშ პრეცედენტს და შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავს საქმეებში ფიგურირებენ სხვა ჟურნალისტებიც - მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი და ჟურნალისტი მარიამ ძიძარია, რომელთა მიმართაც ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

სწორედ ამიტომ, როგორც მომავალი ჟურნალისტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი აკადემიური საზოგადოება, მივმართავთ სასამართლოს პატივისცემით და ვთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკა, მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ მარიამ კუპრავა იმყოფებოდა ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით.

გვჯერა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები არ იქცეს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლად.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ კუპრავას საქმეზე“, - მიმართვას ხელს თსუ-ს 40-მდე პროფესორ-მასწავლებელი აწერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართლებრივი დევნის წამოწყების გამო იმ ჟურნალისტთა მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განცხადებით, სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 






„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განახლდა, მისი თავმჯდომარე ირაკლი ჩიხლაძეა

 

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ „იმედს“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები ჰყავს. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის არხის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 13 მარტს მიმართა

საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი 12 მარტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, საბჭოს ახალმა შემადგენლობამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩია, მის მოადგილედ კი - ნათია სონღულაშვილი. 

ტელეკომპანიის განახლებულ სამეურვეო საბჭოში ახლა 7 წევრია: 

ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ნათია სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.

მაგდალინა ანიკაშვილი - „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერის“ წამყვანი.

მარიამ ლომიძე - ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. ის „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დირექტორიცაა და მის 10%-საც ფლობს.

ვასილ კალანდარიშვილი - „იმედის“ ფინანსური დირექტორი და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.

მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.

ილია მიქელაიშვილი - ფლობს „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილს.

რეესტრისთვის წარდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტით, 12 მარტს, „იმედის“ 100%-იანი წილის მესაკუთრემ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის გარდა, „ტელეიმედის“ განთავსებული კაპიტალი 30 002 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა, დამტკიცდა ახალი წესდებაც. 

25 თებერვლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი, ტელეკომპანიის დირექტორი მაკა ლომიძე იყო. 

დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს. 

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადადგომის შესახებ მათი იდენტური განცხადებები 6 თებერვლით თარიღდება. ისინი ამ განცხადებებში „იმედის“ გენერალურ დირექტორს სწერენ, რომ „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“, პირადი განცხადების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის წასვლა რამდენიმე საათში დაარეგისტრირა. 

რა მოხდა 6 თებერვალს? 

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - ამ დღეს „იმედმა“ „ჰანიველ პარტნერსის“ ტელეკომპანიიდან გასვლის შესახებ ირაკლი რუხაძის განცხადება გაავრცელა. 

რუხაძე წერდა, რომ ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“ ადვილი არ იყო. 

„იმედის“ მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანიამ, „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ მის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადასცემდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად 10 თებერვალს იყიდეს. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 სხვა კომპანიას, მათ შორის, „რადიო იმედსა“ და GDS TV-ის. 

ნასყიდობის ხელშეკრულებით, ილია მიქელაიშვილის კომპანიამ იკისრა ვალდებულებაც, რომ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შვილობილი კომპანიების ეთერი არ იქნება გამოყენებული/მიმართული გამყიდველისა და მასთან დაკავშირებული პირების/კომპანიების საწინააღმდეგოდ. 

----------------------------------------

„იმედი“, პროპაგანდისტულ ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.

POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. მან დასანქცირებამდე, 28 იანვარს, თავისი წილი მართვაში კასპის მერის ყოფილ მოადგილეს, ზაზა მარიდაშვილს გადასცა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ. 


 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
ამბავი ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა“, თუმცა…


ამბობენ, კარგ ჟურნალისტს ბევრი ლაპარაკი უნდა შეეძლოსო. მე კი ყოველთვის მოსმენა მერჩივნა. 

კარგი ჟურნალისტი უემოციოაო, მაგრამ ხშირად ვერც და ზოგჯერ არც ემოციებს ვიკავებდი.

ბავშვობაში დედაჩემის ხშირად ნათქვამ ფრაზას - „მის ადგილას წარმოიდგინე თავი“  ვერსად გავექეცი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. როგორც წესი, მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ცუდი ამბები ტრიალებდა.

ჩემი პროფესია არასდროს მიმაჩნდა პრივილეგიად. ფრაზა - „მე ჟურნალისტი ვარ და…“ ყურში ცუდად მხვდება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტი გამტარია და არა - ვინმეზე მაღლა მდგომი. ის, ვინც ამბავს ატარებს და არა ის, ვინც ამბავზე დგას. ვინც არსებულს აშუქებს და ახალ რეალობას არ ქმნის.

ამ აღქმით დავიწყე მუშაობა 14 წლის ასაკში. 

მომავალ დამსაქმებელს ასაკს ვატყუებდი - სანამ ცხვირწინ ხელმოსაწერი კონტრაქტი არ დამიდო.

ძალიან მიყვარს ის პერიოდი.

ყოველ დილით თბილისი-ბორჯომის მატარებელს რომ დაუზარებლად მივყვებოდი გორამდე და ჩემს საყვარელ, სანატრელ პროფესიას უცხო ქალაქში, ადგილობრივ ტელევიზიაში ვეუფლებოდი. მაშინ ბევრი რამ უფრო მარტივად მისაღწევი მეგონა.

პროცესებიც საინტერესო იყო: ხელისუფლების ცვლილება, ძალაუფლების გადაბარება. მეც ამ ყველაფერს ახლოდან ვაკვირდებოდი. პარალელურად კი, სკოლის საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. პირველად მაშინ ვნახე, როგორ შეუძლია ადამიანს ერთ დღეში გარდაქმნა - როგორ შეიძლება შეიცვალოს, ან კოლექტიურ არსებად იქცეს, ინდივიდუალიზმის სრული გაქრობით.

იყო დრო, როცა საუბარს მიწყებდნენ და მერე დახმარებას მთხოვდნენ ისინი, ვინც მანამდე გამარჯობასაც არ იმეტებდა. ვინც საჯარო დაწესებულებებში არ მიშვებდა, რადგან მათთვის სასურველ მედიას არ წარმოვადგენდი.

და იყვნენ ისეთებიც, ვინც გაუცხოვდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თანამდებობაზე აღმოჩნდნენ და ძველთან ერთად, ახალი აკრძალვების დაწესებაც დაიწყეს. 

არადა არცერთი მათგანი ლორდთა პალატის წევრი არ ყოფილა და არცერთს ჰქონდა ოვალური კაბინეტში მუშაობის ბედი. უბრალოდ ჰალსტუხი მოირგეს, რბილად დაჯდომა ისწავლეს… და გაყეყეჩდნენ.

ასეთების რიცხვი ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც მედიაში, სამწუხაროდ, მატულობდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ჩემთვის უინტერესო პერსონაჟებად იქცა - ძვირიან ბრენდებში შეფუთული სულელები, რომლებსაც ბოლომდე უნდა მოუსმინო, აზრი არ უნდა გააწყვეტინო, თავი საინტერესოდ აგრძნობინო, რომ ბოლოს თავისივე ფრაზებით აგიხსნან, რა დონის იდიოტები არიან.

ამავე ლოგიკით არ მიყვარდა ბევრი ლაპარაკი - მეშინოდა, სისულელე თავად არ მეთქვა, თუმცა ჩემს ანგარიშზეც არაერთი „ფრთიანი ფრაზაა“. არც ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება მიზიდავდა, როცა ისედაც „სტიქიის ეპიცენტრში“ ვიყავი. ვფიქრობ, აუდიტორიის დამატებით დაზაფვრა არაკეთილსინდისიერია - ხალხს ჩვენს ქვეყანაში უბედურება, სტრესი ისედაც არ აკლია.

მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ აუდიტორიას ეს არ იზიდავდა. უმეტესად ხალხს ხმაური უყვარს - მყვირალა სათაურები, დაძაბული საუბარი. უბრალოდ ამას არ აღიარებენ. ვხვდებოდი, რომ ქართული მედიის ახალი სტანდარტები ჩემთვის მიუღებელი იყო, ან მე ვერ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. არ ვიცი - ეს არ უთქვამთ, უბრალოდ ასე მგონია.

ისევე როგორც ის, დღეს რომ ჟურნალისტისგან ჟურნალისტობას აღარ ითხოვენ. თითქოს ნორმად იქცა, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს აქტივისტი, უნდა წავიდეს პოლიტიკაში, ან პოლიტიკიდან ისევ უკან გადმობარგდეს და იძახოს - „ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს“. ამაზე უფრო უაზრო ფრაზა, მართლა ცოტა მახსენდება.

კი, ყოფილი ჟურნალისტები ვარსებობთ. და ყველას ერთი გვაქვს საერთო - არცერთს გვინდოდა პროფესიიდან წასვლა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს.

პირველი - დღეს საქართველოში ძალიან ცოტა მედიამფლობელია, ვისაც ეს პროფესია უყვარს და მისი არსი ესმის. ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის ქმნის მედიას და არა - პირადი გარანტიებისთვის. 

მეორე - ჟურნალისტიც ადამიანია და როცა ღია ცის ქვეშ რჩება, იძულებულია იფიქროს ახალ ცხოვრებაზე - თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ასე იყო ჩემს შემთხვევაში - მე სხვების სოციალურ მდგომარეობაზე ვაკეთებდი სიუჟეტებს, მაგრამ თავად აღარ მქონდა სახლი. ვაშუქებდი სხვების გამოსახლებას და სამსახურის მერე, თავად ვალაგებდი უკვე დახარისხებულ ნივთებს. ვხვდებოდი, რომ თავადაც მჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ჩემს „ტრიბუნას“ პირადი პრობლემებისთვის ვერ გამოვიყენებდი. პირიქით, უფრო მეტად ვცდილობდი სხვას, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დავხმარებოდი, თითქოს ამით ვაკომპენსირებდი პირად საჭიროებებს, პრობლემებს. ვაშუქებდი სოციალური პირობების გამო გაფიცული ადამიანების მოთხოვნებს, მაშინ როცა სამსახურში უხელფასობის გამო, ფეხით მივდიოდი. ზოგჯერ, მისვლასაც ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, ტელევიზიაში მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში - ეკრანს მიღმა ბევრად რთული რეალობაა. მერე რა რომ რეალური აგენტურა გეუბნებათ, ეგენი „დახელფასებულები“ არიან და Deep State-თან მეგობრობენო. ხო იცით, ქურდს ყველა ქურდი ჰგონია... 

სხვადასხვა დროს ბევრ ადამიანს მოუწია წასვლა, ახლის ძიება. პროფესიას ტოვებდნენ ისინი, ვინც ღირებულ საქმეს აკეთებდა. მიუხედავად სირთულეებისა, ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ვხვდებოდი, რომ ეს არის „სიმართლის საფასური“. ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც რეჟიმი, მანქანა, ხელისუფალი, არალეგიტიმური ძალა, ან „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“ შენ და შენნაირების წინააღმდეგ იყენებს. მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეგუები, არ ემორჩილები და ჯიუტად ცდილობ, სწორ მხარეს იყო. 

შენ ხდები სამიზნე. თავიდან იღებ შემოთავაზებებს. თითქოს, შანსია რომ კომფორტულ „ნიუსრუმში“ გადახვიდე, სადაც გექნება: „პაესტკები“, გამხსნელი თემები და ხშირად ტექსტზე ფიქრიც კი არ მოგიწევს - შენ ნაცვალ პრესსამსახურებისა და პიარმენეჯერების არმია გაირჯება. ეს ბევრს მოსწონს, ბევრი დათანხმებულა და კვლავ დათანხმდება. ვინც არ თანხმდება, იღებს „რჩევებს“, „შემოთვლებს“, რომ ვიღაცებთან უნდა „იმეგობრო“ ან გაჩუმდე, გაგაჩუმებენ, რომ პატარა ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან შეიძლება დაიჯეროს. არც იმას გიმალავენ, რომ ჩასაფრებულებმაც „იმუშავეს“. 

ხო და წამოვედი! 

მე მთელი არსით მიყვარს ეს პროფესია და მიხარია, რომ არ დავაზიანე — ისეთად დავიტოვე, როგორიც შევიყვარე. ბევრი შეცდომის, წვალების, მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და დაუფასებლობის განცდის მიუხედავად. არაერთ მედიასაშუალებაში მიმუშავია, ვყოფილვარ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „ნიუსრუმის“ წევრი, თუმცა შემიძლია უკან მოხედვა და თვალებში ჩახედვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც 14 წლიდან 29 წლამდე მქონდა შეხება.

ამაზე ფიქრი მეხმარება და მხოლოდ ამისთვის, მადლიერიც ვარ - საკუთარი თავისაც და იმ ადამიანებისაც, რომლებმაც მათ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს. ყველგან შევძელი მე დავრჩენილიყავი. შეიძლება ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ამანაც განაპირობა. 

ამ წლების უბრალო მოგონებად ქცევა მარტივი არ არის.

მუდმივი ბრაზი და სირცხვილის გრძნობაც მაქვს - რადგან დავმარცხდი, ვერ გავძელი, სადღაც დავიღალე.

მე აღარ ვარ „მოედანზე“. მერე რა რომ სხვა გზა მართლა აღარ მქონდა - შედეგი მაინც ესაა: მე პროფესიას ჩამოვშორდი. დავბრუნდები თუ არა? ან საერთოდ მინდა? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. მათ გავურბივარ. მეშინია.

ამ შიშის გამო უკვე 5 თვეზე მეტია - 178 დღე, 4265 საათი ვცდილობ დავივიწყო ის, რასაც ცხოვრების ნახევარი ვაკეთებდი და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა.

ზუსტად ამდენი ხანია არ მიყურებია და არ მომისმენია ახალი ამბები - მხოლოდ ვკითხულობ.

თითქოს არ მინდა დავინახო, როგორ გრძელდება უჩემოდ. არ მინდა გამუდმებით მიტრიალებდეს კითხვა: სად ვარ ამ დროს? მე როგორ მოვიქცეოდი? მსგავსად გავაშუქებდი თუ არა? არ მინდა მოვლენების ყურების დროს „ადრენალინი მომაწვეს” და ვერაფერი გავაკეთო.

არ მინდა ბრაზი ბოღმად მექცეს და ეს ყველაფერი „კრიტიკოსობით“ შევფუთო.

ძალიან მენატრება. ყოველდღე მეფიქრება. ყოველდღე თავიდან ვცდილობ ამ ლოდად ქცეული ფიქრების, მოგონებების უგულვებელყოფას. ყოველდღე თავიდან...  

მხოლოდ პროფესია არა, ხალხი მენატრება. ქართული ხმაური, ჩემი ქუჩის სუნი, მეზობლები, მეგობრების ჩახუტება. დედაჩემი, ვისაც წამოსვლის დღეს ვეღარ ვუყურებდი. ისე ვერ დავემშვიდობე, როგორც მინდოდა, საჭირო იყო. ჩემი ჭაღარა ბებო, ვისაც ვერ ვპასუხობ კითხვაზე -„როის ჩამუალ“.  

ასევე, უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სხვა საქმე - ისეთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, დამაინტერესებს, შევძლებ. მაგრამ…  

ზოგჯერ „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისს, ე.წ. ქუდს ვუყურებ. 23-ე წამზე, წამიერად, ისევ ეკრანს ვუბრუნდები. ეს წამი სხვისთვის არაფერია, შეუმჩნეველია, მაგრამ ჩემთვის დიდ ამბავს ჰყვება. ამბავს ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა”, თუმცა ის „იგი“ არ ყოფილა. ადამიანზე, ვინც ერთ დროს ბუნდოვანებას ებრძოდა - ახლა კი ის მისი საუკეთესო თანამგზავრია. რაც უფრო ბუნდოვანია მომავალი, მით უფრო ნაკლებია დრო იმაზე ფიქრისთვის, რისი დატოვებაც, დათმობაც მოუწია, თუმცა არა - ნებაყოფლობით.

--------------------------------------------


საქართველოში სულ უფრო მეტი ჟურნალისტია იძულებული ემიგრაციაში წავიდეს,  პროფესია შეიცვალოს ანდა შემოსავლის ალტერნატიული გზები ეძებოს.

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით მოამზადა ანგარიში საქართველოზე. RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ 2024 წლის გაზაფხულიდან ერთიმეორის მიყოლებით იღებს მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობითაც აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა და წერილობით გააფრთხილა ტელე და რადიო მაუწყებლები.

გასულ წელს სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ღია მიმართვა მათ, ვისაც ნინო შუბლაძემ კითხვების დასმა უნდა ასწავლოს
ფოტო: სქრინი „მედია აკადემიის“ ფეისბუკის გვერდიდან 

„4-თვიანი კურსის ფარგლებში ინტერვიუს მომზადებას ნინო შუბლაძე გასწავლის და საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებს“, - ასეთი ტექსტით იწვევს კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედია აკადემია“ დაინტერესებულ პირებს ჟურნალისტიკის კურსებზე. ნინო შუბლაძე გასწავლით კითხვების დასმასო. 

ახლა იმ მომავალ სტუდენტებს მინდა მივმართო, რომლებიც ამ კურსს დაესწრებიან და ვთხოვო, პირველ ყოვლისა, დასვან კითხვა: ვინ არის ნინო შუბლაძე და როგორია მისი პროფესიული ბიოგრაფია? 

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამ ბიოგრაფიის, ე.წ. CV-ის ინტერნეტ სივრცეში მოპოვება საკმაოდ რთული გამოდგა. თუკი გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვებს - ნინო შუბლაძის ბიოგრაფია, პირველი ეს მასალა შეგხვდებათ:

თუმცა, მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას არ ვენდე, შევეცადე და რაღაც ინფორმაცია მაინც მოვიპოვე. 

ნინო შუბლაძის პროფესიული კარიერა „პირველი არხის“ გადაცემა „ალიონში“ დაიწყო და არც ისე დიდხანს გაგრძელდა. 2003 წლიდან 2014 წლამდე ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წელს, გამოქვეყნდა ფარული მიყურადების კადრები, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მისი მოადგილის, ნინო შუბლაძის კაბინეტებში იყო ჩაწერილი. ეს ის პერიოდია, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად უპირისპირდება მისდამი კრიტიკულად განწყობილ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ტელეკომპანიას. (ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შედის და რამდენიმე წელი გრძელდება. საბოლოოდ, 2019 წლიდან ტელეკომპანიას უკვე ქიბარ ხალვაში მოიპოვებს და „რუსთავი 2“-ს „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მოაქცევს). 

ამ კადრების გამოქვეყნებიდან მალევე, ნინო შუბლაძე „რუთავი 2“-ს ტოვებს და ცოტა ხანში, 2015 წლის ივლისში, მთავრობაში, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ინაცვლებს. 




ნინო შუბლაძის მომავალო სტუდენტებო, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ და იცოდეთ, ეს მანკიერი პრაქტიკაა - „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტები მთავრობაში რომ მიდიან სამუშაოდ და შემდეგ უკან, მედიაში ბრუნდებიან. შეიძლება ჟურნალისტი წავიდეს პოლიტიკაში, საჯარო სამსახურში, მაგრამ უკან აღარ უნდა დაბრუნდეს. ვინც დაბრუნდება, ის ყოველთვის იმ მთავრობის მსახურად დარჩება, რომლის გუნდის წევრიც იყო. პოზიციისა და მთავრობის ცვლილება კიდევ შესაძლებელია, მორჩილების - არა.   

გავაგრძელოთ მისი ბიოგრაფიის კვლევა. 2017 წელს შუბლაძე ისევ მედიაში, ამჯერად „ტვ პირველზე“ იწყებს მუშაობას, საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელად. გავრცელებული ხმებით, თითქოს ტოქშოუც უნდა წაეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ მთავრობაში „მოღვაწეობა“ არჩია და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურში გადავიდა. ზოგადად, მის კარიერას თუ დააკვირდებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიაში მუშაობა მისი ვნება არ არის, გაცილებით უფრო მშვიდად გრძნობს თავს იქ, სადაც მმართველი გუნდის (ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში) სითბო და სიყვარული აქვს. 

სწორედ ამ სითბოსა და სიყვარულის შედეგია, ნინო რომ ისევ „რუსთავი 2“-ზეა და პოლიტიკური ტოქშოუ მიჰყავს. გულთბილი ადამიანია, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმაც არ უყვარს. რატომ უნდა ატკინოს გული?! 

მის გადაცემაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩვენს კოლეგაზე - მზია ამაღლობელზე ხშირად საუბრობენ. (მზიას ნინო შუბლაძის კოლეგას ვერ ვუწოდებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ მზია ამაღლობელიც ჟურნალისტია და ნინო შუბლაძეც). შუბლაძის გადაცემის სტუმრები იტყუებიან და ამბობენ, რომ მზიამ პოლიციის თანამშრომელს „დიფ სტეიტის“ დავალებით გააწნა სილა, რომ მზია მოძალადე თავდამსხმელია და არა დაზარალებული, რომ მზიამ თავდაპირველად სტიკერი პოლიციელს მიაკრა ზურგზე და ა.შ. მაგალითად, 2025 წლის 16 აპრილს, გადაცემა „ღამის კურიერის“ სტუმარი ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  იყო, რომელმაც მზია ამაღლობელზე ზემოხსენებული ტყუილები გაიმეორა. ჩავთვალოთ, რომ შუბლაძესაც სჯერა, ვიღაც „დიფ სტეიტის“ არსებობის და იმის, მზია რომ მისი დავალებით მოქმედებდა, მაგრამ ზუსტად იცის და კადრებიც ნანახი აქვს, რომ პოლიციელის ზურგზე მას არანაირი სტიკერი არ მიუკრავს. პარტიის მიზანია საზოგადოება ამ სიცრუეში დაარწმუნოს, ამიტომ ნინო ჩუმადაა. 

გთხოვთ, იხილოთ მზია ამაღლობელის უფლებადამცველის, მაია მწარიაშვილის პასუხები. მასალა მომზადებულია „მთის ამბების“ მიერ: 


ამის შემდეგ მზიას კოლეგები „რუსთავი 2“-ის შენობასთან მივედით და როგორც ყველა პროფესიონალს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი ავალდებულებს, „რუსთავი 2“-ს მაია მწარიაშვილისთვის პირდაპირი ეთერის დათმობა მოვთხოვეთ. ნინო შუბლაძემ ეს გვიპასუხა: 


მან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა დაგვაბრალა და თქვა, რომ აუცილებლად დაუთმობდა ეთერს მაია მწარიაშვილს, ოღონდ მისი პირობებით. მწარიაშვილს დღემდე არ ჰქონია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მზიას საქმეზე საუბრის შესაძლებლობა. შუბლაძემ ჩვენი აქცია გააშუქა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შესრულებით მხოლოდ ერთ ძალას უსრულებს „თხოვნებს“. 

ძვირფასო სტუდენტებო, მოგმართავთ მათ, ვისაც ახლა ნინო შუბლაძემ კითხვების დასმა უნდა გასწავლოთ. გთხოვთ, აქ გაეცნოთ ვინ არის მზია ამაღლობელი, რომელი გამოცემების დამფუძნებელია, რა ჯილდოების მფლობელია, უბრალოდ მისი ნამუშევრები წაიკითხეთ. 

და შემდეგ გაეცანით ნინო შუბლაძის - მუდმივად მთავრობის სამსახურში მყოფი ჟურნალისტის ბიოგრაფიას. ნახეთ მისი გადაცემები, სადაც ის კრიტიკულ კითხვებს არ სვამს და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამბედაობა სოლიდარობა გამოუცხადოს უკანონოდ დატყვევებულ ჟურნალისტს, (მით უმეტეს, რომ საკუთარ თავსაც ჟურნალისტად მოიაზრებს) არ აქვს გამბედაობა პირდაპირ ეთერში მიიწვიოს მისი უფლებადამცველი, ის ფასეულს ვერაფერს გასწავლით. ერთადერთი, რისი სწავლებაც მას შეუძლია, უსიტყვო მორჩილებაა.   

იხილეთ მასალები და გაიცანით მზია ამაღლობელი:




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.



2026 წელი უარესი იქნება, მაგრამ…

ფოტო: ლევან ზაზაძე


ისე მოხდა, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავატარე: გაზეთი, ჟურნალი, რადიო, ტელევიზია და ბოლოს უკვე ონლაინ მედია. ყველა მათგანში წლის ბოლოს შეჯამებას მთხოვდნენ, რაც იმდენად მძულდა, რომ არასდროს ვასრულებდი. ბოლო წლებია ამ შეჯამებას, არამხოლოდ მედიები, სოციალურ ქსელში ყველა ჩემი „ფრენდიც“ მთავაზობს, ამას მომავალი წლის გეგმებიც ემატება და ასე დაუსრულებლად. წლის ნომინაციები და ლაურეატების გამოვლენაც მძულს. 2004 წელს, გაზეთ „24 საათში“, წინასაახალწლო საავტორო სვეტში (მაშინ ბლოგებს სვეტი ერქვა), დავწერე ჩემი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ და ვამხილე ყველა მათგანი, ვინც ერთი თვით ადრე იწყებდა კითხვას: „შენა და ახალ წელს რას აპირებ?“ იმ ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, ახლობლების ნაწილი ისე შევაშინე, ახალ წელსაც არ მილოცავდნენ. ერთი სიტყვით, არ მიყვარს თავსმოხვეული დღესასწაულები და არც იმის მჯერა, რომ წლების ნუმერაციაზეა დამოკიდებული ცვლილებები. სიახლის მოლოდინი კი სულ მაქვს, მაგრამ ეს 31 დეკემბრის ღამესთან ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული. საახალწლო „ნიუსების“ თვალიერებისას ყველაზე მეტად იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯორჯია მელონის სიტყვები მომეწონა, გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ არ იდარდოთ, მომავალი წელი უარესი იქნებაო. 

რა გვქონდა 2025 წელს? 

მედიისთვის 2025 წელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ძალაში შევიდა ე.წ. ფარა, რომელიც ყველას, ვინც საერთაშორისო ფონდებიდან თუ ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა და ამით სრულ დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ინარჩუნებდა, აგენტებად გვაცხადებს. ეს კანონი იმ პროპაგანდის იარაღია, რომლის მიზანიც არის წარმოგაჩინონ უცხო ქვეყნის აგენტად და იმუშავონ შენს დისკრედიტაციასა და განადგურებაზე.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ, რომლის „ენჯიო“ ბიოგრაფიასაც აღარ შეგახსენებთ, მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ შორის, დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო, რომ დაადგინოს აქამდე მიღებული გრანტების შესაბამისობა კანონთან. 

კამერები და მიკროფონები აკრძალეს სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, იმისათვის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ არ გვაჩვენოს დღევანდელი სასამართლო, რომელსაც მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილის სახე აქვს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება აუკრძალეს ტელე და რადიო მაუწყებლებსაც. პოლიტიკური, უფრო სწორედ პარტიული ფული აღარ არის ტელევიზიებში, რადგან მომდევნო 3 წლის მანძილზე არჩევნები არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, 2 ტელევიზია დახურვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ვფიქრობ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლები ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნავდნენ და არა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე. 

ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, საკითხები, რომელიც აქამდე თვითრეგულირების ორგანოს უნდა განეხილა, კომუნიკაციების კომისიას დაექვემდებარა და მას მაუწყებლების დასანქცირების საშუალებაც მიეცა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა როგორც იქნა, მოიცილა ურჩი თანამშრომლები, ახალ შენობაში გადაბარგდა, რკინის ღობე შემოარტყა და საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიძირა. მათ უკვე გარედან უკმაყოფილების ხმაც აღარ წვდებათ, იმდენად შორს არიან „ციხე-სიმაგრეში“ გამაგრებულები. რაც უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული ხდება ეს არხი, რაც უფრო იზრდება მაუწყებლის დაფინანსება, მით უფრო უახლოვდება საბჭოთა წარსულს, სადაც მაყურებელი ეკრანიდან მხოლოდ ტყუილს, გამოგონილ რეალობას ხედავდა. 

დაბოლოს, ყველაზე მთავარი - ჩვენ 2025 წელს, პირველი ჟურნალისტი ქალი პოლიტპატიმარი გვყავს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელები“ ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი მედიაა, რომელმაც ყველა ხელისუფლებას გაუძლო და დღემდე მოაღწია, იმიტომ რომ არასდროს ყოფილა სხვაზე დამოკიდებული და მხოლოდ საკუთარი პროფესიის ერთგულია. ამიტომ შეარჩია რეჟიმმა მზია ამაღლობელი სამაგალითო სასჯელისთვის და შეატყობინა დამოუკიდებელ მედიებს - ყველას დაგსჯით და ყველას გაგტეხავთო. 

რა მიიღო სანაცვლოდ? 

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების მიუხედავად, არც ერთ მედიას არ შეუწყვეტია მუშაობა. ტელევიზიები, სადაც უკვე დიდი ხანია ფინანსური პრობლემებია და  ჟურნალისტებს თვეებია სრული ხელფასი არ აუღიათ, მაინც მუშაობენ. მუშაობენ გაუსაძლის პირობებში, მტრულ გარემოში… მათ უწევთ „ქართული ოცნების“ წევრების დევნა, ბრძოლა კითხვებზე პასუხების მოსაპოვებლად, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ იღებენ. შეწუხებული დეპუტატები ხშირად ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევას ითხოვენ და ასრულებენ კიდეც. პროპაგანდისტული არხების არც ერთი თანამშრომელი დაიჯერებს, რომ მათი კოლეგები, რომელთა ხელფასი ოდესღაც რამდენიმე ათასი ლარი იყო, დღეს მის გარეშე მუშაობენ. ცხადია, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ისინი ჯერ ისევ ფეხზე დგანან და იბრძვიან. 

ონლაინ მედიები კი ნაცვლად დაშლისა, კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საერთო პლატფორმა - „სინათლე მედია“ შექმნეს, რომელმაც ისეთ შედეგებს მიაღწია, რასაც არავინ ელოდა. 

ყველა ჩვენთაგანს ემუქრებიან, ჩვენ წინააღმდეგ სამთავრობო ტელევიზიები, სავარაუდოდ, სუსის დაკვეთით, სიუჟეტებს ამზადებენ, უკანონო ფულის მიღებას გვაბრალებენ და მაინც ვერ აღწევენ მიზანს, მაინც ვერ გვაშინებენ. ონლაინ მედიების მიმართ საზოგადოებამ არნახული სოლიდარობა გამოხატა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სინათლე არ ჩაქრება! 

არამხოლოდ მედიის, არამედ ყველა ჩვენი თანამებრძოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მზია ამაღლობელია, რომელიც კოლოსივით უდრეკია და რომელმაც გვაჩვენა, რომ იდეალიზმი და გმირობა შესაძლებელია ჩუმი, უსიტყვო და ადამიანური იყოს. ვერასდროს ვახერხებ მზიაზე აღფრთოვანების გარეშე საუბარს. მისი გაუტეხელობა და სიჯიუტე არასდროს მოგვცემს უფლებას ჩვენ აქ, თავისუფლებაზე დარჩენილები გავტყდეთ და დავნებდეთ. სიფრთხილე შიშსა და თვითცენზურაში არ გადაგივიდეთო, - გვითხრა ბოლოს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კრებაზე რომ დარეკა და იქ შეკრებილ ჟურნალისტებს მოგვმართა, ერთად უნდა იყოთ და ყველაფერი გამოვაო. აუცილებლად გამოვა, რადგან ერთად ვართ!

ამ ჩემი „საახალწლო“ ბლოგის დასაწყისში ჯორჯია მელონის სიტყვები გავიმეორე, მძიმე იყო 2025, მაგრამ 2026 კიდევ უფრო მძიმე იქნება-მეთქი. კი, 2026-ში კიდევ უფრო მოგვიჭერენ მარწუხებს, კიდევ უფრო მეტს დაგვიჭერენ, დაგვშლიან, დაგვხურავენ, გვცემენ, ალბათ, ისევ მოგვწამლავენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ვერ გაგვაჩუმებენ და ვერ შეგვაშინებენ, რადგან ჩვენ, ქართველებმა (მათ შორის ჟურნალისტებმა), არნახული სოლიდარობის, თანადგომის, ერთმანეთის სიყვარულისა და ბრძოლის უნარი გამოვავლინეთ! უკანასკნელი წლები, ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ახლა უკვე ღიად ჩვენი მთავარი მტერი - რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის და გვკლავს, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც დღეს იბრძვის, იცის, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება, ეს დღეები და წლებიც ყველაზე ტკბილად გაახსენდება, რადგან არასდროს ყოფილა ამდენი სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთად ბრძოლის ჟინი. არასდროს ყოფილა ეს სიტყვები ასეთი გულწრფელი და ნამდვილი, როგორც დღეს: მიყვარხარ საქართველო! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ასევე იხილეთ