„აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა" ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
24.09.2024


"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა" აფხაზეთის ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

პრემია გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: 

  • სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაშია გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.
  • აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.
  • პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
  • ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).

კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე. 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - INFOABKHAZIA@GMAIL.COM 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
TI: „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ ბრიტანული სანქციები ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პროპაგანდისტული არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს. „ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და კერძო პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი“.

დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო ტელევიზიები: „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის 24 თებერვალს დაასანქცირა . როგორც TI წერს, ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა.


რას ნიშნავს ბრიტანული სანქცია და როგორ მუშაობს ის?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბრიტანული სანქციის გავრცელების არეალი ბრიტანეთის იურისდიქციას სცილდება და ის კონკრეტულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს მის ფარგლებს გარეთაც ავრცელებს და მეორადი სანქციის საფრთხეს უქმნის ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესმენს, რომელიც სანქცირებულ სუბიექტთან თანამშრომლობას განაგრძობენ ან მათთან ახალ გარიგებებში შესვლას გადაწყვეტენ:

„ამდენად, მეორადი სანქციის რისკისა და უზარმაზარი რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, განსაკუთრებით კი - დასავლური საფინანსო სისტემა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემაც დასავლური სისტემის ნაწილია, ის მის წესებს უნდა დაემორჩილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ბანკებმა (არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“) სანქცირებულ ტელეკომპანიებს ანგარიშები უნდა გაუყინონ და მათ ყველანაირ ფინანსურ სერვისსა და მომსახურებაზე უარი უთხრან, წინააღმდეგ შემთხევაში, ისინი საფრთხეს მათსავე ბიზნესს შეუქმნიან“.

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედსა“ და „პოსტვის“?

TI აღნიშნავს, რომ ანგარიშების გაყინვისა და საბანკო სერვისების შეზღუდვის პარალელურად, დასანქცირებული პროპაგანდისტული არხები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან. კერძოდ:

  • ვეღარ მიიღებენ შემოსავლებს, მათ შორის რეკლამიდან, საბანკო ანგარიშსწორების გზით;
  • თანამშრომლებს ვერ გადაუხდიან ხელფასებს;
  • ვეღარ იყიდიან უცხოურ  სერიალებს;
  • გაუუქმდებათ გასართობი გადაცემებისთვის არსებული საერთაშორისო ლიცენზიები;
  • გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რომელსაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან;
  • დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში;
  • შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება/ვერ გაუშვებენ რეკლამებს;
  • ვეღარ აიღებენ სესხს და ვეღარ მიიღებენ ახალ დაფინანსებას;
  • ვერ გაყიდიან ან/და გააქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
  • ვეღარ შეიძენენ ან/და იქირავებენ ტექნიკას;
  • საბანკო ანგარიშსწორებით ვეღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს;
  • გაურთულდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა (დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება);
  • თანამშრომლებს გაურთულდებათ საბანკო სესხების აღება.

„საყურადღებოა, რომ მეორადი სანქციის რისკი შეექმნება ყველა იმ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს, რომელიც დასანქცირებულ ტელევიზიებს მათთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში დაეხმარება“, - წერს ორგანიზაცია.

რას გამოიწვევს „იმედისა“ და „პოსტვის“ დახმარება?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი: „სანქციების შესრულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებით „იმედი“ და „პოსტვ“ გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარებიან.

შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავონ „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე“.

„ოცნების“ მხარდაჭერა პროპაგანდისტულ მედიებს და შავი ფულის ტრიალის რისკი

„პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციები ცხადჰყოფს, რომ სანქციები მათთვის დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა. ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე, „ოცნების“ გუნდმა „იმედსა“ და „პოსტვის“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე და ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც. „ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მეტიც,  „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს ღიად მოუწოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიების მიმართ იქნება წნეხი სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, შავი ფულის ტრიალის რისკებს ქმნის, კომპანიებს კი მეორადი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გამო. 

სანქცირებული პროპაგანდისტული მედიებისადმი მმართველი გუნდის წევრების დემონსტრაციული მხარდაჭერა და მათი დახმარებისკენ მიმართული ღია ძალისხმევა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ მძლავრ გავლენებს ხსენებული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკასა და საქმიანობაზე“, - წერს ორგანიზაცია.

ბრიტანული სანქციების ეფექტი

როგორც TI წერს, პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები დაიცვეს: „ამას მოწმობს ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს - „იმედის ბანკს“ დააარსებენ, რომელიც მათ მოემსახურებათ. 27 თებერვალსვე  „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანული სანქციების გამო „იმედში“ ხელფასები „ნაღდი ფულით“ - „კონვერტებით“ დაარიგეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბანკებში მათ მომსახურება უკვე შეეზღუდათ და სანქცირებულ ტელევიზიებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრათ ბიძინა ივანიშვითლის ოჯახთან დაკავშირებულმა და „იმედის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა ბანკებმაც, შესაბამისად, „ქართუმ“ და „ლიბერთიმ“.

საბანკო სერვისებით სარგებლობით შეზღუდვის პარალელურად, „იმედი“ და „პოსტვ“ შემოსავალს ვეღარც რეკლამიდან მიიღებენ, რადგანაც ქართულ ბანკებს ეკრძალებათ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიებისთვის ნებისმიერი სახის ტრანზაქციის შესრულება. ამდენად, „იმედი“ და „პოსტვ“ თანხებს ვეღარც ეთერში გაშვებული კომერციული რეკლამისთვის მიიღებენ, ყველა შესაძლო შემოვლითი გზა კი - აღქმული იქნება როგორც სანქციებისგან თავის არიდება. შედეგად, ნებისმიერი ბიზნესმენი თუ კომპანია, რომელიც „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამისთვის თანხას გადაუხდის, ან მათ თანხის შემოვლითი გზით მიღებაში დაეხმარება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე თავად დადგება“.

დასანქცირებული არხები სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში?

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების გამოცხადებიდან მალევე, ორივე სანქცირებული პროპაგანდისტული ტელეარხის მიერ გადადგმული ნაბიჯები ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ სანქციების თავიდან არიდებისა და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს:

„მაგალითად, პროპაგანდისტული არხების დასანქირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრმა ორი ახალი ორგანიზაცია შპს „იმედის მხარდამჭერები“ და შპს „პოსტივის მხარდამჭერები“ დაარეგისტრირა. პირველის 100%-იანი წილის მფლობელი „იმედის“ სოციალური ქსელების მენეჯერი, ნიკა კლდიაშვილია, „შპს პოსტივის მხარდამჭერების“ 100%-ს კი გიორგი შენგელია ფლობს.

დაწესებული სანქციების გამო, 25 თებერვალს, გაითიშა „იმედის“ ვებგვერდები -  imedinews.ge  და imedi.ge. მათი ფუნქციონირება მეორე დღეს აღდგა. გავრცელებული ცნობებით, „იმედმა“ ვებსაიტის უსაფრთხოების სისტემა რუსულ კომპანიაზე  გადაიყვანა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ იყენებენ. თავად „იმედმა“ ინფორმაცია უარყო და მას „პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ „მორიგი ტყუილი“ უწოდა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო კვლევამ ისიც აჩვენა, რომ  „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ Meta-ს მიერ მისი სოციალური ქსელების პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის დასპონსორება/რეკლამირების შეზღუდვის შემდეგ, ისინი ახალი გვერდების დარეგისტრირებას და კონტენტის ამ გზით რეკლამირებას ცდილობენ.

გარდა ამისა, „მითების დეტექტორის“ კვლევამ ისიც გამოკვეთა, რომ „იმედსა“ და „პოსტვის“ დასანქცირების შემდეგ, მათი მასალების გამოქვეყნებასა და დარეკლამებაში აქტიურად ეხმარებიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ახლადშექმნილი მედიაპლატფორმები, რომლებიც მათ მასალებს მანამდეც აქვეყნებდნენ. ერთ-ერთის მფლობელი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი, შაკო კუჭაშვილია.

ასევე, საგულისხმოა, რომ რუხაძის „იმედიდან“ წასვლიდან რამდენიმე დღეში, „იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან მფლობელობაში არსებულ კიდევ 4 სხვა კომპანიაში - „შპს IMEDI FILMS“, „შპს ტელეკომპანია აისი“, „შპს თაჩ მედია“ და „შპს ჯი-დი-ეს თი-ვი“ - დირექტორის თანამდებობები „იმედის“ თანამშრომლებმა და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-10%-იანი წილების მფლობელებმა - მარიამ ლომიძემ და მაია ჩიგოშვილმა დაიკავეს. „იმედის“ მფლობელ კომპანიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში განხორციელებული ცვლილებები, იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ, შესაძლოა, არსებობდა წინასწარი ინფორმაცია „იმედის“ დასანქცირების შესახებ და ნაჩქარევი გადაადგილებები აღნიშნული კომპანიების გავლით, სანქციების თავიდან აცილების მცდელობასთან უნდა იყოს დაკავშირეული. ნესბიმიერ შემთხვევაში, ამგვარი კონფიგურაცია, სანქციების გვერდის ავლის კარგ წინაპირობას ქმნის.

გარდა ამისა, „იმედის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ და ასევე პროსამთავრობო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ფლობენ შპს „უნიმედიას“ 50%-50%-იან წილებს და მათი პარტნიორობა, შესაძლოა, სანქციების თავიდან აცილების დამატებით მექანიზმად იქნას გამოყენებული საერთაშორისო და ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის ნაწილში“.

ვინ ყიდულობს სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვზე“?

„ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და პროსამთავრობო „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს კრიტიკულ მაუწყებლებს („ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“), რომელთა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, კიდევ უფრო მწირია. მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარით იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.

საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების - „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited - საშუალებით. მოცემული მომენტისთვის, „ბანკი ქართუსა“ და „შპს ქართუ ჯგუფის“ 100%-100%-იან წილებს ფონდი „ქართუ“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ამ უკანასკნელის 35%-იანი წილის მფლობელი კი - ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია,  დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული. მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია.

იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია, ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ: კოკაკოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელეციზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც. (ტელევიზიების მიხედვით რეკლამების ჩამონათვალი ნახეთ ცხრილში #1).

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, რთულია როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი. ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სანქციების დაწესებიდან 4 დღეში განაცხადა, რომ „არ ითანამშრომლებდა სანქცირებულ კომპანიებთან“ ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ იყო, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთია და რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმის ქვისლი, თამაზ ხარაიძეა. თუმცა, განცხადებიდან მეორე დღესვე, კომპანიამ დააზუსტა, რომ მათ უარი არ უთქვამთ „ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „იმედთან“ და „პოსტვისთან“ თანამშრომლობაზე“ და ეს პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება“, - წერია კვლევაში.

ვინ ფლობს სანქცირებულ „იმედსა“ და „პოსტვის“?

ორგანიზაცია წერს, რომ ბრიტანეთის მიერ ორი პროპაგანდისტული არხის დასანქცირებამდე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი რუხაძე იყო: „მაგალითად, რუხაძესა და ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანიაში „ქართული ცემენტი“.

„იმედის“ დასანქცირებამდე 18 დღით ადრე, 6 თებერვალს, რუხაძემ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიის წილების მფლობელობიდან გადიოდა და კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-ს, რომლის საშუალებითაც იგი მის  უცხოელ პარნიორებთან ერთად „იმედს“ ფლობდა, „იმედის“ თანამშრომლებსა და კომპანია „პრაიმ მედია გლობალს“ გადასცემდა. შედეგად, „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილი სიმბოლურ ფასად - 1 000 ლარად „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა, რომელმაც თავის მხრივ, 10%-10%-იანი წილები - ასევე სიმბოლურ ფასად 100-100 ლარად „იმედის“ თანამშრომლებს - ნათია სონღულაშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, მარიამ ლომიძეს, მაია ჩიგოშვილს და ვასილ კალანდარიშვილს გადასცა. ბრიტანეთის სანქციების დაწესებიდან მეორე დღესვე, 25 თებერვალს, ირაკლი რუხაძემ კიდევ სამ წევრთან ერთად „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოც დაჩქარებული წესით დატოვა.

რუხაძის „იმედიდან“ ნაჩქარევად გასვლამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ამ ქმედებით მან პირად სანქციებს აარიდა თავი. ირაკლი რუხაძე „იმედიდან“ წასვლის შემდეგ, მედიასთან პირველად 19 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის „აბსოლუტურად დაუმსახურებელი“ და რომ ამით „იმედს“ არაფერი შეეტყო და არც მომავალში შეეტყობა.

„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან 4 წევრის გასვლიდან დაახლოებით 20 დღეში, 13 მარტს, არხის გენერალურმა დირექტორმა, მარიამ ლომიძემ საჯარო რეესტრს სამეთვალყურეო წევრების ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია:

საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ნათია სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე „იმედის“ მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. საბჭოს წევრები: მაგდა (მაგდალინა) ანიკაშვილი - „იმედი LIVE-ისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანი; მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აგრეთვე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი; ილია მიქელაიშვილი - „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილის მფლობელი.

რაც შეეხება „პოსტვის“, მის 52%-იან წილს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. ჯაფარიძე არაერთხელ იყო მხილებული სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და კავშირებში. „პოსტვის“ 24%-24%-იან წილებს ამავე არხის წამყვანი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ.

საგულისხმოა, რომ ჯაფარიძემ პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირებამდე 25 დღით ადრე, წილები სამართავად სხვა პირს - ზაზა მარიდაშვილს გადასცა, რომელიც 2017-2022 წლებში კასპის მერის მოადგილე იყო“.

რას საქმიანობს „პრაიმ მედია გლობალი“ და ვინ არის მისი მფლობელი?

კვლევის მიხედვით, „პრაიმ მედია გლობალი“ სატელევიზიო რეკლამის გამყიდველი შუამავალი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ილია მიქელაიშვილია: „კომპანია ტელევიზიაში რეკლამის განთავსების მსურველებს პროსამთავრობო ტელეკომპანიების -  „იმედის“, „GDS-ის“, „რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“ და „პოსტვის“ სარეკლამო დროს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია სარეკლამო დროს ტელევიზიების ნაცვლად თავად ყიდის და დამკვეთის რეკლამას, მისი სურვილისამებრ, შესაბამის ტელევიზიას გადასცემს, სარეკლამო მომსახურების თანხასთან ერთად. სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიის მიერ გაყიდული სარეკლამო დროის დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე“ მოდის. გამოცემა „ბიემჯის“ ცნობით, 2024 წელს კომპანიამ რეკლამის გაყიდვისგან 29.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26.4 მლნ ლარის რეკლამა ტელევიზიებში განათავსა, 3.1 მლნ ლარი კი - შემოსავლის სახით დარჩა“.

კვლევა - „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 



კვლევა საზმაუზე: „შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“

 

კვლევაში - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“ წარმოდგენილია გადაცემების ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ძირითადი მიმართულებები. როგორც მკვლევარი უთითებს, თითოეული მათგანი წარმოადგენს განმეორებად ნარატივს, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდში თანმიმდევრულად ყალიბდება და მთლიანობაში პოლიტიკური ხედვის კონკრეტულ ჩარჩოს აყალიბებს:

„დასავლეთის კრიტიკა:

ინტერვიუებისას დასავლეთი არასდროს ფიგურირებს როგორც უსაფრთხოების გარანტი. პირიქით, ის წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი, რომელმაც თავად შეუწყო ხელი რეგიონული დაძაბულობის ზრდას. ამ მხრივ, განსაკუთრებულად ხაზგასმულია ნატოს უარყოფითი როლი და გავლენა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.

ამ კრიტიკას ემატება დასავლეთის შიდა სისუსტის ხაზგასმა. ამგვარად, ფორმირდება სურათი, რომელიც მაყურებელს სთავაზობს დასავლეთის გადაფასებას, სადაც ის არა სტაბილურობის წყარო, არამედ რისკის მატარებელი ძალაა, რომლის პოლიტიკაც მცირე სახელმწიფოებისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

ევროკავშირის კრიტიკა - სუსტი, დამოკიდებული და სტრატეგიულად არაკომპეტენტური აქტორი:

გადაცემებში ევროკავშირი წარმოდგენილია არა როგორც დამოუკიდებელი, არამედ როგორც სტრუქტურულად სუსტი და ამერიკაზე დამოკიდებული გაერთიანება. ინტერვიუების მიხედვით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა და მოქმედებს ვაშინგტონის სტრატეგიული ხაზის შესაბამისად.

მრავალჯერაა ხაზგასმული, რომ ევროკავშირი არ წარმოადგენს სამხედრო უსაფთხოების გარანტს - „ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.“

ამ კონტექსტში ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობა, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს.

უკრაინა და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი:

გადაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თითქმის ყველა ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრა ინტერპრეტირებულია არა როგორც სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ როგორც ფართო გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგი, სადაც უკრაინა წარმოდგენილია დიდ ძალებს შორის კონკურენციის სივრცედ. დისკუსიებში კონფლიქტი ხშირად აღწერილია როგორც ამერიკისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირება, რომელშიც უკრაინა მოქმედებს არა როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტი, არამედ როგორც გარე ძალების გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყანა.

ამ ინტერპრეტაციაში უკრაინა ხშირად ხასიათდება როგორც გეოპოლიტიკური „პოლიგონი“, სადაც დიდი ძალები საკუთარი ინტერესების რეალიზებას ცდილობენ. უკრაინის ომი ხშირად განიმარტება ნატოს გაფართოების პოლიტიკისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების იგნორირების შედეგად. ამ ჩარჩოში დასავლეთი წარმოდგენილია როგორც აქტორი, რომელმაც საკუთარი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში უკრაინა დაპირისპირების სივრცედ აქცია, ხოლო რუსეთის ქმედებები ხშირად აიხსნება როგორც რეაქცია ამ პროცესებზე.

ამგვარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორის როლს. დისკუსიებში იშვიათად არის საუბარი უკრაინის სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრივ არჩევანზე ან საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. ამის ნაცვლად, ყურადღება გადატანილია დიდ ძალებს შორის ძალთა ბალანსზე და იმაზე, თუ როგორ იყენებენ ისინი მცირე სახელმწიფოებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისთვის.

ამ ყველაფერს ამყარებს გადაცემების სათაურებიც, რომლებიც ზოგადად გარკვეულ ქვეტექსტს გულისხმობს და კონკრეტულ აზრს გადმოსცემს. მაგ., „ომი და მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში,“ შეიძლებოდა ყოფილიყო პირდაპირ რუსეთის აგრესია ან სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. თუმცა, საკითხი განზოგადებულია და ისეა წარმოჩენილი, რომ რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები და საკითხი დასმულია როგორც „ომი აღმოსავლეთ ევროპაში.“

უკრაინის კონფლიქტის ასეთი წარმოდგენა ასევე პირდაპირ უკავშირდება საქართველოს შესახებ მსჯელობას. არაერთ ინტერვიუში უკრაინის მაგალითი გამოყენებულია როგორც გაფრთხილება საქართველოსთვის - რომ მცირე სახელმწიფომ უნდა მოერიდოს დიდ ძალებს შორის დაპირისპირებაში ჩართვას. ამ კონტექსტში უკრაინის ომი ხშირად გამოიყენება არგუმენტად ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის სასარგებლოდ, რაც წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მსგავს სცენარს.

„მეორე ფრონტი“ და ნეიტრალიტეტი, როგორც საქართველოს სტრატეგიული არჩევანი:

ინტერვიუების ერთ-ერთი ცენტრალური და ყველაზე მკაფიო გზავნილია, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის გზა და არ დაუშვას „მეორე ფრონტის“ გახსნა, რომელსაც მას სთავაზობენ.

საქართველო აღიწერება როგორც მცირე სახელმწიფო, რომელსაც დიდი ძალები, დასავლეთი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ - „თქვენ უბრალოდ პაიკები ხართ გეოპოლიტიკურ დაფაზე“.

ამავდროულად, არაერთ ინტერვიუში ხაზგასმულია რუსეთთან ურთიერ-თობების დაახლოებისა და დასავლეთთან მიუმხრობლობის შესახებ: „თუ აირჩევთ ევროპისა და ამერიკის გზას, მიიღებთ ომს და ნგრევას“.

„საქართველოს საუკეთესო მეგობარი რუსულად საუბრობს. არა ინგლისურად, არა ფრანგულად, არა გერმანულად, არამედ - რუსულად. თქვენი საუკეთესო მეგობარი თქვენი ჩრდილოეთით მდებარე მეზობელია, რადგან ეს საუკეთესო მეგობარი შენზე ზრუნავს, რადგან, რაც საქართველოს ემართება, რუსეთსაც ემართება. თქვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ - ისტორიულად, გეოგრაფიულად, ეკონომიკურად. მიუხედავად ამისა, ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გეუბ-ნებიან, რომ უნდა შეაქციოთ ზურგი თქვენს რუს მეზობლებს და უნდა გახდეთ მათი მტრები, განურჩევლად იმისა რომ ეს საქართველოს სიკვდილია. ისინი ამბობენ - ჩვენ მზად ვართ საქართველო გავწიროთ უფრო დიდი მიზნებისთვის. მზად ვართ გავწიროთ ქართველი პაიკი, რათა უკრაინელი რაინდი თავის ადგილზე დავაყენოთ“.

ნეიტრალიტეტი ამ ჩარჩოში წარმოდგენილია როგორც სუვერენიტეტის განმტკიცების საშუალება, გადარჩენის ფორმულა, რომელიც საქართვე-ლოს იცავს გლობალური დაპირისპირებისგან.

ასევე, ინტერვიუებში არაერთხელ გაჟღერდა ქართული ოცნების მხარდამჭერი პოზიციები და მათდამი აღფრთოვანება - „გაოცებული ვარ ქართული ოცნების სტრატეგიული აზროვნებით“.

რუსეთის პოლიტიკის რაციონალიზაცია და დასავლეთის პასუხისმგებლობა:

გადაცემაში რუსეთი პრაქტიკულად არცერთხელაა დახასიათებული როგორც მთავარი აგრესორი. პირიქით, მისი ქმედებები განმარტებულია როგორც რეაქცია დასავლეთის პოლიტიკაზე. მაგ., „რუსეთი მოქმედებს არა აგრესიულად, არამედ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის.“„მისი ქმედებები ხშირად განპირობებულია დასავლეთის შეცდომებით.“

ნარატივი ხაზს უსვამს, რომ დასავლურმა გაფართოების პოლიტიკამ და უსაფრთხოების არქიტექტურის უგულებელყოფამ შექმნა ის გარემო, რომელშიც რუსეთი იძულებული გახდა ამგვარად ემოქმედა. ამ კონტექსტში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ყველაზე სწორია ე.წ. „არ გაღიზიანების პოლიტიკა.“

ასე ყალიბდება ჩარჩო, სადაც პასუხისმგებლობა კონფლიქტზე მნიშვნელივნად დასავლეთს ეკისრება, ხოლო რუსეთის ქმედებები გასაგები და რაციონალურია.

საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მნიშვნელობის დაკნინება:

ინტერვიუების ანალიზი აჩვენებს, რომ გადაცემებში საქართველოში მიმდინარე პროტესტი ხშირად წარმოდგენილია როგორც გაუგებარი ან გადაჭარბებული რეაქცია. რამდენიმე დისკუსიაში პირდაპირ გამოითქვა გაკვირვება თუ რატომ გახდა ქუჩის აქციების გამომწვევი მთავრობის „უწყინარი“ განცხადება.

ამასთანავე, არაერთ ინტერვიუში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პროტესტში მონაწილეობდნენ „რადიკალური ჯგუფები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილია როგორც პოლიტიკური პროცესის აქტიური მოთამაშეები. ზოგიერთ შემთხვევაში პროცესები შედარებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი „მეიდანის“ სცენარს ჰგავს. ამგვარი პარალელები პროტესტს აყენებს შესაძლო პოლიტიკური დესტაბილიზაციის ჩარჩოში.

დისკუსიებში ასევე ხშირად ხაზგასმულია განსხვავება დასავლურ მედი-აში შექმნილ სურათსა და ქვეყნის შიდა რეალობას შორის. რამდენიმე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დასავლეთში საქართველო წარმოდგენილია როგორც კრიზისში მყოფი ქვეყანა, მაშინ როდესაც რეალურად ქვეყანაში „სიმშვიდე და სტაბილურობაა“. ამავე კონტექსტში დადებითად არის შეფასებული ხელისუფლების რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნულია, რომ მან შეძლო სიტუაციის ეფექტურად მართვა.

არასამთავრობო სექტორის კრიტიკა და „გლობალური ომის პარტიის“ თეზა:

არაერთ ინტერვიუში მკვეთრად არის გაკრიტიკებული არასამთავრობო სექტორი, რომელიც წარმოდგენილია როგორც გარე პოლიტიკური ინტერესების გამტარი. 

გაჟღერდა შეფასებები, რომ ისინი „არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში“, თუმცა რეალურად მოქმედებენ როგორც გავლენის ინსტრუმენტები.

ამავე კონტექსტში საუბარი იყო „ნეოკონსერვატიულ ძალებზე“, რომლებიც გლობალურ კონფლიქტებს უწყობენ ხელს, რაც ხაზს უსვამს წარმოდგენას, რომ არსებობს ტრანსნაციონალური აქტორები, რომლებიც მცირე ქვეყნებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ - „ნეოკონებს ჩვენთან გლობალური ომის პარტიას ეძახიან.„“

კვლევაში ცალკე მიმართულებადაა გამოყოფილი წამყვანის მიკერძოება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერვიუების ანალიზმა გამოკვეთა, რომ წამყვანები ხშირად იყვნენ მიკერძოებულები და სვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც უკვე შეიცავს ნარატივის ნაწილს. კითხვები ხშირად დახურული ან მიმყვანი („leading“) იყო, რაც რესპონდენტს პრაქტიკულად კონკრეტული გზავნილის გამეორებისკენ უბიძგებდა. ასევე, ხშირად გამოიყენება ცრუ დილემებიც.

„საგულისხმოა, რომ წამყვანები არცერთ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებიან რესპოდენტებს, არ გაჟღერებულა მათგან განსხვავებული პოზიცა, არ დასმულა კრიტიკული შეკითხვა, რომელიც სტუმრის პოზიციის გამყარება ან გაგრძელება არ იქნებოდა.

ასევე საინტერესოა, რომ დასაწყისში წამყვანი პრაქტიკულად არ უთმობს არანაირ დროს სტუმრის გაცნობას. მაყურებელმა არ იცის რა პრინციპით, რატომ და ვინ არის მოწვეული, რას წარმოადგენს ის ადამიანი. ძირითადად, მეტი დამაჯერებლობისათვის წამყვანი უბრალოდ მიმართავს - „პროფესორო“ და მადლობებს უხდის საინტერესო ანალიზისათვის.

საბოლოო ჯამში, ინტერვიუების დროს, წამყვანები არა მხოლოდ მხარს უჭერენ კონკრეტულ ნარატივს, არამედ, რესპონდენტს აწვდიან პასუხის მიმართულებას და მაყურებელს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ რესპონდენტის პოზიცია ბუნებრივად იქმნება“.

კვლევის შედეგების მიხედვით, გადაცემებში თანმიმდევრულად ფორმირდება ერთიანი საგარეო პოლიტიკური ჩარჩო, რომელშიც დასავლეთი ხშირად წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი და რეგიონული დაძაბულობის ზრდის თანამონაწილე, ხოლო უკრაინაში ომი განმარტებულია როგორც დიდი ძალების დაპირისპირების შედეგი, სადაც პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ან გადატანილია ნატოს გაფართოებისა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 

„პარალელურად, აქტიურად არის გამოყენებული „მულტიპოლარული“ მსოფლიო წესრიგის თეზა, რომლის მიხედვითაც „უნიპოლარული“ ეპოქა დასრულებულია და ძალთა ბალანსი გადადის მრავალპოლუსიან მოდელზე. ამ კონტექსტში ევროკავშირი წარმოდგენილია როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით სუსტი და აშშ-ზე დამოკიდებული აქტორი, ხოლო საქართველოსთვის ოპტიმალურ სტრატეგიად ხაზგასმულია ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა და „პრაგმატული“ ეკონომიკური პოლიტიკა. რუსეთის ქმედებები კი არაერთ ეპიზოდში ინტერპრეტირებულია როგორც დასავლეთის პოლიტიკაზე რეაქცია და არა გაუმართლებელი აგრესია.

ინტერვიუებისას იკვეთება „გლობალური ომის პარტიის“ კონცეფციის რეპროდუქცია, რომლის მიხედვითაც დასავლურ პოლიტიკურ წრეებში არსებობს ძალა, რომელიც კონფლიქტების ესკალაციით არის დაინტერესებული. ამ კონტექსტში,„ქართული ოცნება“ წარმოდგენილია როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და პრაგმატული პოლიტიკის გარანტი, რომელმაც ქვეყანა „ომში ჩათრევისგან“ დაიცვა. ასეთი კონტრასტული ჩარჩო კიდევ უფრო ამყარებს პოლიტიკური პოლარიზაციის ხაზს.

ცალკე ხაზგასასმელია არასამთავრობო სექტორის წარმოდგენა, როგორც გარე გავლენებთან დაკავშირებული, პოლიტიკურად ან იდეოლოგიურად მიკერძოებული აქტორები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებენ და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშად ერევიან. ამგვარი აღწერა აძლიერებს სკეპტიკურ დამოკიდებულებას სამოქალაქო სექტორის მიმართ და მას ხშირად აკავშირებს საგარეო, არასახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

მნიშვნელოვანი მიგნება ეხება თავად ინტერვიუს ფორმატსაც: წამყვანი და რესპოდენტი მუდმივად თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. კითხვები წინასწარ შეიცავდა უკვე ჩამოყალიბებულ შეფასებებს და რესპონდენტს სთავაზობდა პასუხის განსაზღვრულ ჩარჩოს. შედეგად, დისკუსია ნაკლე-ბად წარმოადგენდა კრიტიკულ დიალოგს და მეტად ემსახურებოდა ერთგვაროვანი გზავნილების განმტკიცებას“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოება პარტიული ნიშნით - „ტენდენცია, რომელიც არაერთ საერ-თაშორისო ანგარიშსა და პოლიტიკის დოკუმენტშიც არის ასახული“.

„შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“. 

კვლევის მიხედვით, გადაცემებში მოწვეული საერთაშორისო სტუმრების განცხადებებში მკვეთრად იკვეთება სამი თანმიმდევრული ხაზის კონსოლიდაცია: უნიპოლარული მსოფლიოს წესრიგის დასასრული; ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების მკვეთრი კრიტიკა; ნეიტრალი-ტეტი და „პრაგმატული“ პოლიტიკა მცირე სახელმწიფოებისათვის.

„გარდა ამისა, არაერთ შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკა წარმოდგენილია როგორც დასავლური გაფართოებისადმი რეაქცია ან უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ლოგიკური ნაბიჯი, რითიც კონფლიქტის პასუხისმგებლობა რუსეთისაგან სხვა აქტორებზე, დასავლეთსა და უკრაინაზე გადადის.

მთლიანობაში, სტუმართა შერჩევა და მათ მიერ გამოთქმული პოზიციები ქმნის დისკურსულ გარემოს, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სადავო, არამედ სტრატეგიულად საეჭვო ან არასასურველ არჩევანად არის წარმოდგენილი, ხოლო ალტერნატიული გეოპოლიტიკური ხედვები — როგორც რეალისტური და რაციონალური ალტერნატივა“.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კრიზისს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“, მენეჯმენტის რეპრესიულ პოლიტიკასა და სამეურვეო საბჭოს როლს. კვლევაში „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ სტატიაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული შემთხვევების თანახმად, „პირველ არხზე“ რეპრესიული პოლიტიკა 37 თანამშრომელს შეეხო:

  • 6 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს;
  • 11 თანამშრომელს დისციპლინური სანქცია დაუწესეს;
  • 13-მა თანამშრომელმა უარი თქვა მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადასულიყო სხვა გადაცემაში მათი გადაცემების დახურვის შემდეგ. მათ არხი დატოვეს;
  • 7 თანამშრომელი, პროტესტის ნიშნად, არხიდან საკუთარი ნებით წავიდა;
  • ორი გადაცემა და ორი რუბრიკა დახურეს.
შენიშვნა: CMIS-ის განახლებული მონაცემებით, „პირველი არხის“ მენეჯმენტის რეპრესიული პოლიტიკის შედეგად 41 ინციდენტი აღირიცხა. ბოლო მონაცემების შესახებ დეტალურად იხილეთ აქ.

კვლევა - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“ წარადგინეს მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის“ მიერ გამართულ პროპაგანდის წინააღმდეგ კვირეულის პირველ ღონისძიებაზე. 
მეთოდოლოგიის მიხედვით, კვლევის ფარგლებში ანალიზისთვის 2025 წელს გასული ის 12 ინტერვიუ შეირჩა, რომელშიც საერთაშორისო სტუმრები მონაწილეობდნენ.
„სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან“ - „მითების დეტექტორის“ მიმოხილვა

„მითების დეტექტორის“ მიმოხილვის მიხედვით, ბოლო წლებში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიები არამხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილების გამოხმოვანებლები არიან, არამედ მმართველი პარტიის ოპონენტების და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციის პროცესში ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ:

„ეს თანამშრომლობა მეტწილად ისეთი კონფიდენციალური მონაცემების მედიით გაჟონვას გულისხმობს, რომელზეც წვდომა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეიძლება ჰქონდეთ და ზოგ შემთხვევაში სამიზნე პირებზე თვალთვალის შედეგად შეიძლება იყოს მოპოვებული“. 

ფაქტების გადამოწმების პორტალმა პუბლიკაციაში - „სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან“ ბოლო წლებში სახელისუფლებო მედიით გავრცელებული ისეთი შემთხვევები მიმოიხილა, რომლებიც ამ ტენდენციას ავლენენ. 

ტელეკომპანია „იმედი“ გერმანიის ელჩისა და „ევროპული ორბიტის“ ლიდერის დახურული შეხვედრის შინაარსს მტკიცებულებების გარეშე აშუქებს

მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს, 14:09 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის საელჩოში „ევროპული ორბიტის“ ლიდერს, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს შორის საელჩოს შენობაში დახურული შეხვედრა გაიმართა:

„„იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლომჯარიამ ელჩს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია”. ტელევიზიის ინტერპრეტაციით, შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვის საკითხს ეხებოდა, თუმცა მასალაში არ იყო მითითებული, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა არხი ამ ინფორმაციას. 

შეხვედრა დახურული იყო, შესაბამისად, მისი გადამოწმება შეუძლებელია. ნინო ლომჯარიამ ციტატის ნამდვილობა იმავე დღეს უარყო, მას „უზნეო ტყუილი“ უწოდა და დაწერა, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის უჩივლებდა. „მითების დეტექტორმა“ ტელეკომპანია „იმედს“ კითხვით მიმართა, თუ რა წყაროსა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით გაავრცელა არხმა ლომჯარიას ციტატა. კერძოდ, არსებობდა თუ არა კონფიდენციალური წყარო ან რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეხვედრის შინაარსს დაადასტურებდა. „იმედს“ პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია“. 

როგორც „მითების დეტექტორი“ აღწერს, იმავე საღამოს, 20:11 საათზე, „იმედმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია თბილისში, ზაარბრიუკენის მოედნისა და სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. „მტკიცების მიხედვით, კადრებში ნინო ლომჯარია ჩანს, რომელიც საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადადის“.

მითების გადამოწმების პორტალი აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში გადაღებული მსგავსი ვიდეოკადრები, როგორც წესი, რამდენიმე ტიპის ვიდეოთვალთვალის სისტემიდან შეიძლება იყოს მიღებული:

„ერთ-ერთი შესაძლო წყაროა კერძო ვიდეოთვალთვალის სისტემები, რომლებიც განთავსებულია შენობებზე, სასტუმროებზე, კომერციულ ობიექტებზე ან საცხოვრებელ კორპუსებზე. ასეთ კამერებზე წვდომა, როგორც წესი, მხოლოდ შესაბამისი ობიექტის მფლობელს ან ადმინისტრაციას აქვს. 

კიდევ ერთი შესაძლო წყაროა მუნიციპალური ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანზეა განთავსებული. ამ სისტემებს, როგორც წესი, მართავს შესაბამისი საჯარო უწყება და მათი ჩანაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

სასტუმროს ფასადის მხარეს ორი განათების ბოძია განთავსებული. „იმედის“ მიერ გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ, მარჯვენა ბოძზე განთავსებული კამერითაა გადაღებული, რამდენადაც მიმდებარე ტერიტორია ჯერ შორიდან ჩანს, შემდეგ კი კადრები ახლოვდება.

მსგავსი ტიპის კამერების ჩანაწერებზე, როგორც წესი, წვდომა აქვთ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მედია ორგანიზაციებს ასეთ მასალაზე პირდაპირი წვდომა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა წყაროს მეშვეობით მოიპოვა ოპერატიულად ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნული ვიდეომასალა.

როგორც საპატრულო პოლიციაში განგვიმარტეს, ქუჩაში არსებული ვიდეოსათვალთავალო სისტემებიდან ჩანაწერს ვერ მიიღებს დაინტერესებული პირი იმ შემთხევვაში, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე განხოციელებულ რომელიმე ქმედებაზე გამოძიება არაა დაწყებული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვიდეომასალა ჩვეულებრივ არ არის თავისუფლად ხელმისაწვდომი მედიისთვის, და მის მიღებას, როგორც წესი, სჭირდება სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და გონივრული ვადა კადრების მიწოდებისთვის, ჩნდება კითხვები, თუ რა გზით გახდა აღნიშნული კადრები ხელმისაწვდომი ტელეკომპანია “იმედისთვის“ და ვინ იყო მათი პირველწყარო“, - ვკითხულობთ „მითების დეტექტორის“ მიმოხილვაში. 

სუსში დაბარება ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციული სინქრონი

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ გამოქვეყნებული ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის ავტორების „მოტივაციის“ შესასწავლად. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი,  ისტორიკოსი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, ყოფილი პარლამენტარები გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე.

„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ყურადღებას იქცევს ინფორმაციის გავრცელების გზა:

„ცნობა იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძე გამოკითხვაზე იყო დაბარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თავდაპირველად სწორედ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით (იმედი)გავრცელდა.

მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება და მზად არის კითხვებს წერილობით ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხოს. მისი თქმით, ქვეყნის დატოვებისას მან პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველოდან გასვლის უფლება ჰქონდა.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს სახელმწიფო უწყებებსა და პროსახელისუფლებო მედიას შორის ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაზე. ის ფაქტი, რომ გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები პირველად სწორედ ასეთ მედიასაშუალებაში გაჩნდა, რაც მედიისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის ინფორმაციული სინქრონის არსებობაზე მიუთითებს“.

Sovlab-ის მკვლევარისა და ყოფილი პარლამენტარის საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება

„9 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ფარული ჩანაწერი, რომელიც საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი კანდელაკის და ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ასახავდა. ტელეკომპანიის წყაროს მტკიცებით, საქმე კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერს შეეხება, რაც თავად კანდელაკმა უარყო“, - წერს „მითების დეტექტორი“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრების „ფარულ შეხვედრებად“ წარმოჩენა

მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან, რაც ჩვეული პრაქტიკაა, სახელისუფლებო მედია „ფარულ“ და „კონსპირაციულ“ აქტივობებად წარსულშიც წარმოაჩენდა. 

მასალაში მოყვანილ მაგალითები კი ფაქტების გადამოწმების პორტალის შეფასებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო მედიისთვის დიპლომატების გადაადგილებისა და შეხვედრების დროები წინასწარ იყო ცნობილი.

არასაჯარო დოკუმენტის ბოროტად გამოყენება საიას წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით

„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება კონფიდენციალურ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდება:

„სახელისუფლებო ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV), საინფორმაციო სააგენტოებმა (Spacesnews; რადიოსივრცე) და ანტიოპოზიციურმა გვერდებმა  კოორდინირებულად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, არჩევნების შედეგების გაუქმებაზე დროებითი ღონისძიების მოთხოვნა კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ითხოვდა. 

სიუჟეტში გამოყენებული დოკუმენტი, რომელიც კონსოლიდირებულ საქმეს ასახავდა და სხვა განმცხადებლებსაც აერთიანებდა, გაშუქების მომენტისთვის არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და მხოლოდ მხარეებს გადაეგზავნათ. მიუხედავად კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებისა, ის სახელისუფლებო მედიას იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. 

ვინაიდან დოკუმენტი კონკრეტულ თარიღამდე კონფიდენციალური იყო, „მითების დეტექტორმა“ გავრცელებული მტკიცებების გადამოწმება და მათი მცდარად მონიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც დასტურდება,  რომ საიას მსგავსი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს“.

დახურული ჩატებიდან ანაბეჭდების გამოქვეყნება

ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო მედიას არაერთხელ გაუვრცელებია დახურულ ჩატებში მიმოწერის ანაბეჭდები ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. მასალაში ჩამოთვლილია ამგვარი პრაქტიკის რამდენიმე შემთხვევაც.

არასამთავრობოების ოფისებზე ვანდალიზმის შემთხვევის ადგილიდან გაშუქება სახელისუფლებო მედიის მიერ  

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, 2024 წელს, ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ თავდასხმებს სახელისუფლებო მედიასაშუალებები შემთხვევის ადგილიდან აშუქებდნენ. 

მიმოხილვაში მოყვანილ მაგალითებში ჩანს 2 შემთხვევა, როდესაც სახელისუფლები POSTV-იმ „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმი რეალურ დროში გააშუქა და აღნიშნულ ქმედებას „მოქალაქეთა სპონტანური საპროტესტო გამოხატულება“ უწოდა. 

 
ჟურნალისტებზე თავდასხმა, სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის დარღვევა - რა წერია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში

 

სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაა მიმოხილული, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და მედიის წარმომადგენლების დევნის შემთხვევებიც მოხვდა. ანგარიშში საუბარია მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებზეც.

არასათანადო მოპყრობა გაზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის აქციებზე


ომბუდსმენის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტები 2024 წლის მსგავსად, 2025 წელსაც გამოვლინდა:

„კერძოდ, 2025 წლის 12 მაისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხა და ტექნიკა წაართვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის მამამ… ასევე, საანგარიშო პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც „მედია ომბუდსმენის“ დირექტორი მიუთითებდა „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე, ჟურნალისტ თ.დ.-ზე ძალადობის; ჟურნალისტ ნ.ქ.-სა და ოპერატორ ს.ბ.-სთან დაპირისპირების შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაპირველად პროკურატურამ აპარატს აცნობა, რომ მიმდინარეობდა გარემოებების შესწავლა, ხოლო მოგვიანებით მიღებული პასუხის მიხედვით, შესწავლის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა და არც გამოძიება დაწყებულა“. 

ასევე, ანგარიშში მოხვდა 2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტიც, რომლის დროსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დოკუმენტში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომა-ზამთრის აქციებზე არაერთი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი, სამართალდამცავი უწყების არცერთი თანამშრომლის მიმართ ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 

სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, რომ ე.წ. შავნიღბიანი მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.

გამოხატვის თავისუფლება - მედიის წარმომადგენელთა დაცულობა და ხელშემწყობი გარემო მათი საქმიანობისთვის 

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 10 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც მოიცავდა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. დოკუმენტის თანახმად, დასახელებული 10 საქმიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 4 საქმეში წარიმართა.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 2024 წელს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. მათგან 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად, დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხერხდა. საგულისხმოა, რომ დევნა არც მოცემული ეტაპისთვის დაწყებულა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების არცერთ შემთხვევაზე. 

ამასთანავე, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა დედაქალაქში 2023 წლის 2 და 7-9 მარტს, ასევე 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისს ჩატარებული შეკრების მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით/იარაღით გადამეტებისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ“.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გარდა, დოკუმენტში მოხვდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის სხვაგვარი შემთხვევაც. საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ ჟურნალისტის არ შეშვების ფაქტზე, მაშინ, როდესაც ასეთი შესაძლებლობით ისარგებლეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა: 

„საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა რეგულირების სისტემური პრობლემა, რადგან მუნიციპალურ ორგანოში არ მოქმედებდა შიდა წესი, რომელიც მედიასაშუალებათა თანაბარი დაშვებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცედურას მოაწესრიგებდა“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრაქტიკა

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ის საკანონმდებლო ცვლილებაც, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, 1 ივნისამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებსაც შეეხო, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, პროგრამულ შეზღუდვებს, საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 

„განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სახალხო დამცველი საანგარიშო წელს გაეცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკას. როგორც გამოიკვეთა, სამ შემთხვევაში, მაუწყებლების მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული შინაარსის გამოხატვის გამო სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევა დაადგინა იმგვარად, რომ სათანადოდ არ შეუფასებია, თუ რამდენად აკმაყოფილებდა თითოეული სადავო გამონათქვამის აკრძალვა უფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ მოთხოვნას. კერძოდ, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლად და დეტალურად არ შეფასებულა, რამდენად გავრცელებული იყო თითოეული სადავო ფრაზა (ან მისი ნაწილი), მათ შორის, სალაპარაკო ენაში, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებში და ამ ფონზე, შეეძლო თუ არა თითოეული მათგანის გამოყენებას მომეტებულად დაეზიანებინა „ხარისხიანი და ობიექტური მაუწყებლობა“. გარდა ამისა, კომისიას სიღრმისეულად არ უმსჯელია, ექცეოდა თუ არა თითოეული სადავო გამონათქვამი მედიის წარმომადგენლებისთვის მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს მიღმა, რაც ჟურნალისტებს მოვლენების გარკვეული დონით გაზვიადებულად ან, თუნდაც, პროვოკაციულად აღწერის უფლებას ანიჭებს და რამდენად სცილდებოდა ის ხელისუფლების და თანამდებობის პირების დასაშვები კრიტიკის ფარგლებს…

სხვა შემთხვევებში, კომისიამ დასახელებული მოთხოვნის დარღვევად არ შეაფასა მაუწყებლის მიერ კრიტიკული შინაარსის გამოხატვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ. აღნიშნული დასკვნის დასაბუთებისთვის, კომისიამ მიუთითა, რომ სადავო ფრაზები ვერ შეფასდებოდა პოზიციის გამოხატვად, ვინაიდან ამ ფრაზებს საფუძვლად ედო და წინ უსწრებდა ამავე მაუწყებლის საგამოძიებო სიუჟეტი ან წარმოაჩენდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს. აღნიშნული საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად რთულია აზრისა და ფაქტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც არაერთხელ გამხდარა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სწორი შეფასების გაკეთება შეუძლებელია იმ გარემოებების სათანადოდ გამოუკვლევლად, რასაც სადავო განცხადებები ეფუძნება. გარდა იმისა, რომ კომისიის დასახელებული გადაწყვეტილება ამგვარი სტანდარტის დასაბუთებას არ შეიცავს, ის კარგად წარმოაჩენს, ერთი მხრივ, 1 აპრილის ცვლილებებით დაწესებული რეგულირების თაობაზე თანმიმდევრული, დასაბუთებული და არგუმენტირებული ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროებას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საკანონმდებლო ცვლილებების ბუნდოვანებასა და მისი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას“.

ასევე, მიღებული ცვლილებებით მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ, დაუშვებელი გახდა სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებაც. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

სახალხო დამცველის შეფასებით, ამდაგვარი ბლანკეტური აკრძალვის დაწესებით იზღუდება არა მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებისთვის პოტენციურად საზიანო, არამედ იმგვარი გარე დაფინანსებაც, რომლის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერა: „მოცემულ ეტაპზე, უცხოური დაფინანსების მიღების შეწყვეტა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაერთი რადიომაუწყებლის და ტელემაუწყებლისთვის აქვს მოთხოვნილი. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მსგავსი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას უტოლდებოდეს“.

სხვა საკანონმდებლო ცვლილებები

ანგარიშშია აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 26 ივნისს შეტანილმა ცვლილებებმაც, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება და აიკრძალა მასალის გადაღება როგორც სასამართლოს შენობაში, ისე მის ეზოში. 

ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობის უზრუნველმყოფი გარანტიების გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ისე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.  

დასაქმებულების გამოხატვის თავისუფლება

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს შრომის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფაქტებზეც და მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილისა და საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლების საქმეები.

„დაკავებული პოზიციებიდან განმცხადებლების გათავისუფლების ზემოხსენებული საქმეები განსხვავდება სტანდარტული შრომითსამართლებრივი დავებისგან და მათი სათანადო გადაწყვეტა დამატებით მოითხოვს კომპლექსურ მსჯელობას დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა შორის ექცევა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ დამსაქმებლის მიმართ ლოიალურობის გამოჩენის ვალდებულების ფარგლები. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მათი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, სახალხო დამცველმა 2025 წლის 2 ოქტომბერს საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. დოკუმენტში გაწერილია ის გარემოებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხედველობაში უნდა მიიღებოდეს, როდესაც დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლება ბალანსდება დამსაქმებლის მიერ მენეჯერული უფლებამოსილების განხორციელების საპირწონედ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებშიც უფლებადარღვევა დადგინდა სახელმწიფო ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების გათავისუფლების ან/და მათი სხვაგვარი სანქცირების შედეგად, რაც მათ მიერ დამსაქმებლის საჯარო კრიტიკას მოჰყვა“. 

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, ახლებურად ჩამოყალიბდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რათა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება და გამკაცრდეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი.

ინფორმაციის თავისუფლება

დოკუმენტში საუბარია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემურია ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის და ამ ვადებში ინფორმაციის გაცემის საკითხი, რაც „საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობას და საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციის განმახორციელებელი პირების საქმიანობას, ვინაიდან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ შესაძლოა დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება“.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დასაკონკრეტებელია, თუ რას გულისხმობს საჯარო ინფორმაციის დამუშავების ფარგლები: „არ არსებობს ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულების სათანადო შესრულების საზედამხედველო მექანიზმი. პრობლემურია შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტის ცნებაც და ასევე, მისი მეტი სიცხადით გაწერა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილებით უზრუნველყოფს უფლების დროულ და ეფექტიან დაცვას“. 

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირისთვის არ არის ეფექტიანი მექანიზმი, ვინაიდან „სასარჩელო წარმოება ხანგრძლივ დროს მოითხოვს და არ არის იაფი პროცედურა. ასევე, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ინფორმაციის დროულად მიღება, რასაც ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო“.

საარჩევნო უფლება - სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები და მათი გამოძიება

ანგარიშის თანახმად, საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის შედეგად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ჯამში 12 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც ერთ შემთხვევაში გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით ხელშეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. 

„დაზარალებულად ცნობილია ოთხი პირი. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ამავე ფაქტთან დაკავშირებით, იკვეთება საქმეზე მინიჭებული კვალიფიკაციის პრობლემურობა. ჟურნალისტები მიუთითებდნენ არა მხოლოდ საქმიანობაში ხელშეშლის, არამედ, ფიზიკური ძალადობისა და ტელეფონის წართმევის ფაქტებზეც. კვალიფიკაცია არასრულია და საჭიროა, საქმეზე, გამოძიებამ, დამატებით ძალადობისა და ეკონომიკური დანაშაულის შესაბამისი მუხლებით (ძარცვა ან ყაჩაღობა) კვალიფიკაციის შესახებაც იმსჯელოს“.

დისკრიმინაციის წახალისება და დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ 

როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. საქმისწარმოების ფარგლებში გამოვლინდა სიძულვილისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი მიმართვების გამოყენება სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის, ასევე, რელიგიური კუთვნილების გამო. 

ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო სივრცეში ჰომოფობიასთან ბრძოლის საკითხზე სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ მიმართა:

„სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი – „გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და მაუწყებლის როლი სიძულვილის ენის პრევენციაში“. ამასთანავე, მედიასაშუალების თანამშრომლები გადამზადნენ სიძულვილის ენის გამოვლენისა და პრევენციის საკითხებზე. აღნიშნულ საქმეში, სახალხო დამცველის გადაწყვეტილების საფუძველზე ტელევიზიის მხრიდან გატარებული ღონისძიებები, დადებითად იქნა შეფასებული“.

დოკუმენტში მოხვდა 2025 წლის 10 ივნისს, პრორუსული ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში „TV პირველის“ ქალი ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული სექსისტური გამონათქვამებიც.

როგორც ომბუდსმენი წერს, საანგარიშო წელსაც გამოვლინდა ჟურნალისტებისთვის ადმინისტრაციული ბარიერების შექმნის შემთხვევები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. 

„სახალხო დამცველის აპარატში კვლავ შენარჩუნდა მომართვიანობა ჟურნალისტებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. პრობლემურია, რომ აკრედიტაციის წესი არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გათვალისწინების გარანტიებს და უფლების დაცვის პროცედურულ საშუალებებს არ უზრუნველყოფს“. 

მედიის ხელმისაწვდომობა

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „მოამბე 21:00 საათზე“ – სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, ყოველდღიურად ამზადებს ოთხ საინფორმაციო გამოშვებას ამავე ენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია პირველი არხის ვებგვერდზე და უსასყიდლოდ გადაეცემა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზიებს“, ეროვნული უმცირესობებისთვის შექმნილი მედიაპროდუქტის პოპულარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება.

დოკუმენტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა სამუშაო შეხვედრებმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ან არასრულად ფლობს. 

ომბუდსმენი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების შესახებ ინფორმაციის მიზნობრივი და სისტემური გავრცელება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის, აღნიშნული პროდუქტის ხელმისაწვდომობის კონკრეტული მექანიზმების (სინქრონული თარგმანი, ვებგვერდი, რეგიონული მაუწყებლები და სხვ.) შესახებ საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების უზრუნველყოფით.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე

სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში.

„პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია. დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო. ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა. თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო. 

რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი. ხსენებულ საქმეზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა“, - წერია ანგარიშში.

ქარტია შსს-ს: „ნუ აჯარიმებთ ჟურნალისტებს გამოგონილი საბაბით პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“

 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების შევიწროება გამოგონილი ბრალდებებით და მეტი გულმოდგინებითა და გაბედულებით ებრძოლოს კრიმინალსა და საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველ პირებსა და გარემოებებს.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, შსს ჟურნალისტების დასაშინებლად და დასასჯელად ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს:

„მათ ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე უყადაღებენ საბანკო ანგარიშებს ჯარიმების გამო, რომელიც თვეების წინ გამოუწერეს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით, და რომლის შესახებაც ჟურნალისტებმა არაფერი იცოდნენ. შსს იმედოვნებს, რომ ფინანსური წნეხის მეშვეობით და ყოფითი პრობლემების შექმნით ჟურნალისტებს პროტესტის გაშუქებაზე ხელს ააღებინებს.  

„ტვ პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დღეს, 2026 წლის 15 აპრილს, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ შეიტყო 5,000-ლარიანი ჯარიმის შესახებ, რომელიც მას შსს-მ ამ საბაბით 2025 წლის 15 ოქტომბერს დააკისრა. მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ კარგად ახსოვს ის დღე - 15 ოქტომბერი, და რეპორტაჟიც, რომელზეც მაშინ მუშაობდა. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მამხილებელ სიუჟეტს იღებდა და უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე რესპონდენტებს წერდა. ჟურნალისტი ყადაღას მიიჩნევს შურისძიებად მისი პროფესიული საქმიანობის და ამ კონკრეტული სიუჟეტის გამო. თუ მაკა ჩიხლაძე ჯარიმის შესახებ დროულად შეიტყობდა, ის მალევე შეძლებდა შესაბამისი უწყებებისთვის იმის დამტკიცებას, რომ 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მაკა ჩიხლაძე უკვე მეორე ჟურნალისტია, ვის საბანკო ანგარიშებსაც შსს-ს ჯარიმის გამო ბოლო 10 დღის განმავლობაში ყადაღა დაედო. 

7 აპრილს ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ლიზა ციციშვილს 2025 წლის 10 სექტემბერს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო. 2025 წლის 5 ნოემბერს ლიზა ციციშვილი რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მცირე ხნით დააკავეს. არც დაკავებისას, არც მერე, ჟურნალისტისთვის ჯარიმის შესახებ ინფორმაცია შსს-ს არ მიუწოდებია. 

ცალკე საკითხია თავად ჯარიმების კანონიერება და პროპორციულობა. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში ჟურნალისტების მიმართ „გზის ხელოვნულად გადაკეტვის“ საბაბით წარმოებული საქმეები შეწყდა, პოზიტიური გამოსავლის შემთხვევაშიც კი, შსს-ს მსგავსი ქმებებები ჟურნალისტებისთვის დიდ ტვირთს წარმოადგენს და აკარგვინებს მათ დროს გასაჩივრებასა და სასამართლო დარბაზებში სიმართლის მტკიცებაზე. ძნელი დასაჯერებელია, რომ შსს-მ ვერ შეძლო მაღალი ცნობადობის მქონე ტელეჟურნალისტების იდენტიფიცირება. ფაქტი ისაა, რომ შსს-მს მათ დევნაში გაფლანგა საჯარო რესურსი, რაც საზოგადოებისთვის და, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის უნდა მოეხმარებინა. 

შსს-მ დღემდე ვერ შეძლო გამოევლინა და დაესაჯა ის პირები, რომლებიც მაკა ჩიხლაძეს 2024 წლის 7 დეკემბერს დაესხნენ თავს იმ დროს, როცა ის გრიბოედოვის ქუჩიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ამისთვის შსს-ს პოლიტიკური ნება არ ჰყოფნის. გაცილებით ადვილია ჟურნალისტების დევნა, რომლებიც კანონის სრული დაცვით ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას“

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, „რომელიც შსს-ს მხრიდან უსამართლო და დაუსაბუთებელ დევნას დაექვემდებარა, და მადლობას უხდის მათ პროფესიის ერთგულებისთვის“. 

სასამართლომ საზმაუს წინააღმდეგ ნინო ზაუტაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის თქმით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და წამყვანის შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ. სასარჩელო მოთხოვნებში ასევე მითითებული იყო, რომ თუ ნინო ზაუტაშვილის სამსახურში აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა, მომხდარიყო განაცდურის ანაზღაურება.

„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ  დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და  უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, - თქვა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის საჩივარიც, რომლითაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „პირველი არხიდან“ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციომაც.



 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
საქართველო ლამაზო


დაახლოებით ერთი თვის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა დამწყები კინორეჟისორის, სანდრო ტოგონიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ბელგიური ბოძები“. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელსაც ერთ-ერთ რეგიონში წასვლას და იქაურ აღმშენებლობასა და წინსვლაზე სიუჟეტის მომზადებას სთხოვენ. არ წასვლა სამსახურის დაკარგვის მიზეზი იქნება, წასვლა კი - საკუთარი პრინციპების ღალატი. ეს მოკლემეტრაჟიანი კინონაწარმოები იმ ტყუილსა და გამოგონილ რეალობაზეა, რომლის ნამდვილობაში ჩვენს დარწმუნებას პროპაგანდა უკვე დიდი ხანია ცდილობს. რეჟისორი იმ მახინჯ სისტემაზე მოგვითხრობს, რომელიც ამ მანკიერ ჯაჭვში ყველას ითრევს და საკუთარ ნაწილად აქცევს. უნდა იცრუო იმისათვის, რომ დირექტორმა ვალი მოიხადოს მთავრობასთან, გამგებელმა დამალოს მოპარული ფული, ჟურნალისტმა არ დაკარგოს სამსახური და მაყურებელმა დაიჯეროს, რომ ქვეყანა შენდება. სანდრო ტოგონიძის ნამუშევარი ზუსტად ასახავს იმ ტყუილის ნამდვილობას, რომელსაც გვაჩვენებს, რადგან ყველაზე მეტს იქ იტყუებიან, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. 

ყველაზე მეტად საქართველოს რეგიონებში უჭირთ, ამიტომაც პროპაგანდისტულ არხებზე რეგიონში მაცხოვრებელთა ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის და ყველაზე მეტად სწორედ, მათი ყოფის ფალსიფიკაცია ხდება. 

რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადიოდა ნოდარ ჩაჩანიძის გადაცემა - „რეგიონის ხმა“. ნოდარი რეგიონებში დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდა, მისი გადაცემა ყველაზე ზუსტად ასახავდა საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონში მაცხოვრებლების ხმა მართლაც ისმოდა ამ დაბალბიუჯეტიან გადაცემაში, რომელსაც არც ხმაურიანი ქუდი ჰქონდა, არც მაღალტექნოლოგიური გაფორმებები და არც მრავალრაკურსიანი კადრები. მიუხედავად ამისა, „რეგიონის ხმას“ არხზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ რეგიონშიც და ქალაქშიც მაყურებელი ეთერიდან საკუთარ ხმას, ანუ მის პრობლემებსა და მათზე მსჯელობას ელის. თავიანთ პრობლემებზე ყველაზე კარგად თავად საუბრობენ, უბრალოდ მათ ამის საშუალებას არავინ აძლევს. პირველ რიგში, მათ პრობლემებზე საუბარი, ცხადია, მათივე დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება.

„პირველ არხზე“, ყოველ კვირას, 21:00 საათზე, უკვე დიდი ხანია გადის გადაცემა - „მოამბე რეგიონები“, რომელიც ამბობს, რომ „ტელემაყურებელს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (სწორედ ასე წერია გადაცემის ანოტაციაში). სინამდვილეში კი, ის ყოველკვირეულად გვიყვება, რა ლამაზია ცხოვრება სოფლად. ვისაც საბჭოთა საქართველოში გვიცხოვრია და მაშინდელი „პირველი არხის“ დიქტორები და მათი ინტონაცია გვახსოვს, ყველაზე მეტად გვიჭირს „პირველი არხის“ დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებების ყურება, ეს ინტონაცია კი ყველაზე მძაფრად სწორედ ამ გადაცემაში - „მოამბე რეგიონები“ ისმის. 

საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ ერთი თვე, მაგალითად, მარტი და გადავხედოთ მის გამოშვებებს. გადაავლეთ თვალი მხოლოდ სათაურებს და მხოლოდ მათი მეშვეობითაც კი მიხვდებით - რომ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყერი, უკანასკნელი თვის გამოშვებების საერთო სურათი ლამაზი, მშვიდი, წყნარი და ბედნიერი იქნებოდა. პრობლემა, პრაქტიკულად, არსად იარსებებდა. 




და რას გვიამბობს 15 მარტის „მოამბე რეგიონები“ და მისი წამყვანი სოფელ კურსებში ჩამოწოლილ მეწყერსა და მის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე: „სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბი დაზარალებულების საჭიროებებს სწავლობს, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროებში გადაანაწილა, უკვე მეორე დღეა მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ, მცირეწლოვნებთან მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგიც“. ერთი სიტყვით, ჩამოწოლილი მეწყერის გამო კადრში ნაპრალებად ქცეული მიწის შეწებება და დანგრეული სახლების გამთლიანება ვერ შეძლეს, თორემ ისე მაქსიმალურად გაგვილამაზეს რეალობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ სტიქიაც კი ვერ იქცევა უბედურებად, თუკი ქვეყანას ძლიერი და ხალხზე მზრუნველი მთავრობა ჰყავს. (სხვაობის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ მედია გამოცემების „მაუწყებელის“ და „მთის ამბების” მიერ მომზადებული მასალები.)

3 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, „მოამბე რეგიონები“ ისევ უბრუნდება სოფელ კურსებს და გვამცნობს, რომ „80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება“. მაგრამ არ ცდილობს გაარკვიოს, რა ელით ამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს? თუკი მათ ეკომიგრანტების სტატუსს მიანიჭებენ, რამდენს მიიღებენ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან (30 000-დან 50 000 ლარამდეა გათვალისიწინებული ) და რას შეძლებენ ამ თანხით? მაგრამ გადაცემის მიზანი არ არის დაზარალებული ადამიანების მომავალთან დაკავშირებით დასვას კითხვები, მათი მიზანია მაყურებელს აუწყონ, რომ „უსახლკაროდ დარჩენილები პირველ ეტაზე სასტუმროებში დააბინავეს, მათი დიდი ნაწილი ახლა ქირით ცხოვრობს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს“.  

როგორც ზემოთ გითხარით, სტიქია რომ არა, „მოამბე რეგიონების“ მთავარი თემები უფრო სასიამოვნო საკითხებს ეხება: „გემო ფესტი მესტიაში“, „ფრირაიდის კვირეული საქართველოში“, „ლამპრობა მულახში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში“, „ისტორიული აღმოჩენა რუსთავში“, „ზუგდიდის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები“, „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“ და ა.შ. ხშირად ამა თუ იმ საკითხის გასაშლელად სტუდიაში სპეციალური სტუმარიც მოდის და წარმატებული პროექტების შესახებ აი, ამ სტილში გვიამბობს. (გთხოვთ, იხილოთ ვიდეო).

29 მარტის გამოშვებაში ვნახეთ ვრცელი სიუჟეტი სახელწოდებით „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“, შემდეგ გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართელობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რომელმაც ამ სიუჟეტში მიმოხილულ წარმატებულ პროექტებზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა. 

„მოამბე რეგიონების“ შემოქმედებით ჯგუფს არ აინტერესებს და ამიტომ მასალასაც არ ამზადებს ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში ჩამონგრეული და ჩამოშლილი სასაფლაოების შესახებ, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვა. არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით ინტერესდება, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მის სოფლებს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ თემებზე ისევ მედია პლატფორმები „მაუწყებელი“ და „მთის ამბები“ მუშაობენ. 

კიდევ ერთი მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ „მოამბე რეგიონების“ შემოქმედებითი ჯგუფისთვის მტკივნეული პროექტებიც კი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში არსებული რამდენიმე ათეული სავაჭრო ჯიხურის, რესტორნის, კაფე-ბარის, კლუბისა თუ მაღაზიის დემონტაჟი რომ მოხდა, პირველად, 1 მარტს, ეს ამბავი ამგვარად გაშუქდა: „ზღვისპირა პარკში უნებართვოდ აშენებული და ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულების პირობებში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. უსახური შენობების დიდი ნაწილი უკვე აღებულია“. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც აზრს მხოლოდ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, ბულვარის დირექტორსა და პარტია „გირჩის“ ბათუმელ წევრს ეკითხება, თამამად აცხადებს, რომ ამ პროცესით უკმაყოფილო არავინაა.

ცოტა ხანში ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ ჩნდება არერთი პუბლიკაცია, რომელიც გვაჩვენებს, სინამდვილეში, რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები: ამისათვის მხოლოდ სათაურების წაკითხვაც კი საკმარისია. 


როგორც ჩანს, ამ უკამყოფილების ხმებმა „მოამბე რეგიონების” შემქმნელებამდეც მიაღწია, ამიტომ 5 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, გადაწყვიტეს ამ საკითხს დაუბრუნდნენ და ის კითხვები, რომელიც მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა, ბათუმის მერს დაუსვან. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პატივცემულმა გიორგი ცინცაძემ ყველა ეს ეჭვი, თითქოს რაიმე არასამართლიანად ხდება, გააქარწყლოს. 

თქვენ იკითხავთ და არ დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გადიოდეს გადაცემა - „მოამბე რეგიონები“ და იქ, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, არ მზადდებოდეს სიუჟეტი, სადაც რომელიმე რეგიონში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. მით უმეტეს, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს, ჯერ კიდევ არაერთი სოფელია გაზიფიცირების გარეშე, ბევრგან არ არის წყალი, მაღალმთიან სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. მათ შორის ამ რეგიონების მაცხოვრებლების მიერ დაფინანსებული „პირველი არხი“ კი  ხან „წრიული რბოლის ჩემპიონატის“ შესახებ გვიამბობს, ხან კი - გუდაურში აპრილის ხარისხიან თოვლზე.( იხილეთ ფოტო.)


უკანასკნელი თვე-ნახევრის სიუჟეტებს თუ გადაავლებთ თვალს, მხოლოდ ერთი იმედის მომცემი სათაურია: „ცხოვრება მაღალმთიან სოფელში“, რომელიც ეთერში 29 მარტს გავიდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების ამბავს მოგვითხრობს. სიუჟეტის დასაწყისში გვატყობინებენ, რომ ამ რეგიონის მაღალმთიან სოფლებში „გაზიფიცირება ვერ მოხერხდა“. სიუჟეტის ავტორის, ჟანა დიდებაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ აშკარად ჩანს მცდელობა, მიგვანიშნოს რომ გაზიფიცირების დაპირება არსებობდა, თუმცა სამწუხაროდ, სიუჟეტი ისე სრულდება, რომ არავის სთხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ „ვერ მოხერხდა“

მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ საბჭოთა წარსულშიც კეთდებოდა ასეთი „კრიტიკული“ სიუჟეტები, იმისთვის რომ ვინმეს ეჭვი არ შეჰპარვოდა ქვეყნის აღმშენებლობასა და საკუთარ კეთილდღეობაში. გთხოვთ, იხილოთ 1987 წელს მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ზესტაფონის რაიონის, სოფელ შროშაში გახსნილი გრანიტის საამქროს ხმაურით შეწუხებულ მოსახლეობაზეა და ამ სიტყვებით სრულდება: „აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარემ, არჩილ ჭანკვეტაძემ აღნიშნა, რომ საწარმოს გადატანა და ძირეული ტექნიკური გადაიარაღება მომავალი წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი. დიახ, მხოლოდ ნავარაუდევი. ვარაუდი კი მოგეხსენებათ გარანტიას სულაც არ ნიშნავს. მის იმედზე ყოფნა საწარმოს კოლექტივსაც გაუჭირდება და მობინადრეებსაც“. ამგვარ ტექსტს დღევანდელი „მოამბის“ წამყვანისა თუ ჟურნალისტისგან ვერ მოისმენთ. 






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?

„თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” - უზენაესი ძალის ამ დოქტრინალურ ფორმულირებას კაცობრიობის ნაწილი, მტკიცებულებებისა და ორ წყაროსთან გადამოწმების გარეშე, უპირობოდ და უსიტყვოდ, მინიმუმ ორი ათასი წელია ენდობა. 

ენდობა, აღიარებს და ადასტურებს, რომ სიტყვაა ღმერთი. 

თუმცა საუკუნეებგამოვლილი და ეჭვგარეშე აღიარების საპირისპიროდ, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ, ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში სდევნიან, სცემენ, უკანონოდ აპატიმრებენ და კლავენ სიტყვების გავრცელებისთვის, შეკითხვისთვის, ვარაუდის გამოთქმისთვის. ჟურნალისტობა დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე

სამართლიანი იქნება დაზუსტება, რომ ჟურნალისტიკა არ არის მუდმივად საშიში. საგანგაშოა ობიექტური გაშუქება ისეთი საკითხების, როგორიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა, ომი ან კორუფცია. ასეთ დროს ხდება დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია მსოფლიოში. რამდენადაც მაღალია მედიის გაჩუმების მცდელობა, იმდენად ჩანს, „ჟურნალისტები თხრიან იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები”. სხვა დანარჩენისთვის, არსებობს „სამთავრობო (და პროპაგანდისტული) მედია“.

გამონაკლისი არც საქართველოა.  

დღეს 2026 წლის 21 მარტია - ქართული ჟურნალისტიკის დღე. ყველაზე მძიმე და საშიში დრო გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის. უფრო ზუსტად, მძიმე დროა დამოუკიდებელი მედიისთვის და საშიში - ადამიანებისთვის. 

გაქვს პასუხები:

  • რატომ შეუჩერეს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიას?
  • რატომ სჯის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია?
  • რა დაემართა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას?
  • რატომ არის ციხეში მზია ამაღლობელი?
  • ვინ იმეტებდა სასიკვდილოდ გურამ როგავას?
  • რატომ სცემენ ხოლმე არჩევნების ან აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს?
  • რატომ ქრებიან ეკრანებიდან წამყვანები?
  • წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე?
  • უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?
  • შეგიძლია ცოდნის გარეშე მიხვიდე თავისუფლებამდე? 
  • როდის გრძნობ თავს დაცულად?
  • რას მოაქვს შენი თავისუფლება? 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
ამბავი ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა“, თუმცა…


ამბობენ, კარგ ჟურნალისტს ბევრი ლაპარაკი უნდა შეეძლოსო. მე კი ყოველთვის მოსმენა მერჩივნა. 

კარგი ჟურნალისტი უემოციოაო, მაგრამ ხშირად ვერც და ზოგჯერ არც ემოციებს ვიკავებდი.

ბავშვობაში დედაჩემის ხშირად ნათქვამ ფრაზას - „მის ადგილას წარმოიდგინე თავი“  ვერსად გავექეცი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. როგორც წესი, მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ცუდი ამბები ტრიალებდა.

ჩემი პროფესია არასდროს მიმაჩნდა პრივილეგიად. ფრაზა - „მე ჟურნალისტი ვარ და…“ ყურში ცუდად მხვდება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტი გამტარია და არა - ვინმეზე მაღლა მდგომი. ის, ვინც ამბავს ატარებს და არა ის, ვინც ამბავზე დგას. ვინც არსებულს აშუქებს და ახალ რეალობას არ ქმნის.

ამ აღქმით დავიწყე მუშაობა 14 წლის ასაკში. 

მომავალ დამსაქმებელს ასაკს ვატყუებდი - სანამ ცხვირწინ ხელმოსაწერი კონტრაქტი არ დამიდო.

ძალიან მიყვარს ის პერიოდი.

ყოველ დილით თბილისი-ბორჯომის მატარებელს რომ დაუზარებლად მივყვებოდი გორამდე და ჩემს საყვარელ, სანატრელ პროფესიას უცხო ქალაქში, ადგილობრივ ტელევიზიაში ვეუფლებოდი. მაშინ ბევრი რამ უფრო მარტივად მისაღწევი მეგონა.

პროცესებიც საინტერესო იყო: ხელისუფლების ცვლილება, ძალაუფლების გადაბარება. მეც ამ ყველაფერს ახლოდან ვაკვირდებოდი. პარალელურად კი, სკოლის საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. პირველად მაშინ ვნახე, როგორ შეუძლია ადამიანს ერთ დღეში გარდაქმნა - როგორ შეიძლება შეიცვალოს, ან კოლექტიურ არსებად იქცეს, ინდივიდუალიზმის სრული გაქრობით.

იყო დრო, როცა საუბარს მიწყებდნენ და მერე დახმარებას მთხოვდნენ ისინი, ვინც მანამდე გამარჯობასაც არ იმეტებდა. ვინც საჯარო დაწესებულებებში არ მიშვებდა, რადგან მათთვის სასურველ მედიას არ წარმოვადგენდი.

და იყვნენ ისეთებიც, ვინც გაუცხოვდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თანამდებობაზე აღმოჩნდნენ და ძველთან ერთად, ახალი აკრძალვების დაწესებაც დაიწყეს. 

არადა არცერთი მათგანი ლორდთა პალატის წევრი არ ყოფილა და არცერთს ჰქონდა ოვალური კაბინეტში მუშაობის ბედი. უბრალოდ ჰალსტუხი მოირგეს, რბილად დაჯდომა ისწავლეს… და გაყეყეჩდნენ.

ასეთების რიცხვი ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც მედიაში, სამწუხაროდ, მატულობდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ჩემთვის უინტერესო პერსონაჟებად იქცა - ძვირიან ბრენდებში შეფუთული სულელები, რომლებსაც ბოლომდე უნდა მოუსმინო, აზრი არ უნდა გააწყვეტინო, თავი საინტერესოდ აგრძნობინო, რომ ბოლოს თავისივე ფრაზებით აგიხსნან, რა დონის იდიოტები არიან.

ამავე ლოგიკით არ მიყვარდა ბევრი ლაპარაკი - მეშინოდა, სისულელე თავად არ მეთქვა, თუმცა ჩემს ანგარიშზეც არაერთი „ფრთიანი ფრაზაა“. არც ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება მიზიდავდა, როცა ისედაც „სტიქიის ეპიცენტრში“ ვიყავი. ვფიქრობ, აუდიტორიის დამატებით დაზაფვრა არაკეთილსინდისიერია - ხალხს ჩვენს ქვეყანაში უბედურება, სტრესი ისედაც არ აკლია.

მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ აუდიტორიას ეს არ იზიდავდა. უმეტესად ხალხს ხმაური უყვარს - მყვირალა სათაურები, დაძაბული საუბარი. უბრალოდ ამას არ აღიარებენ. ვხვდებოდი, რომ ქართული მედიის ახალი სტანდარტები ჩემთვის მიუღებელი იყო, ან მე ვერ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. არ ვიცი - ეს არ უთქვამთ, უბრალოდ ასე მგონია.

ისევე როგორც ის, დღეს რომ ჟურნალისტისგან ჟურნალისტობას აღარ ითხოვენ. თითქოს ნორმად იქცა, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს აქტივისტი, უნდა წავიდეს პოლიტიკაში, ან პოლიტიკიდან ისევ უკან გადმობარგდეს და იძახოს - „ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს“. ამაზე უფრო უაზრო ფრაზა, მართლა ცოტა მახსენდება.

კი, ყოფილი ჟურნალისტები ვარსებობთ. და ყველას ერთი გვაქვს საერთო - არცერთს გვინდოდა პროფესიიდან წასვლა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს.

პირველი - დღეს საქართველოში ძალიან ცოტა მედიამფლობელია, ვისაც ეს პროფესია უყვარს და მისი არსი ესმის. ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის ქმნის მედიას და არა - პირადი გარანტიებისთვის. 

მეორე - ჟურნალისტიც ადამიანია და როცა ღია ცის ქვეშ რჩება, იძულებულია იფიქროს ახალ ცხოვრებაზე - თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ასე იყო ჩემს შემთხვევაში - მე სხვების სოციალურ მდგომარეობაზე ვაკეთებდი სიუჟეტებს, მაგრამ თავად აღარ მქონდა სახლი. ვაშუქებდი სხვების გამოსახლებას და სამსახურის მერე, თავად ვალაგებდი უკვე დახარისხებულ ნივთებს. ვხვდებოდი, რომ თავადაც მჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ჩემს „ტრიბუნას“ პირადი პრობლემებისთვის ვერ გამოვიყენებდი. პირიქით, უფრო მეტად ვცდილობდი სხვას, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დავხმარებოდი, თითქოს ამით ვაკომპენსირებდი პირად საჭიროებებს, პრობლემებს. ვაშუქებდი სოციალური პირობების გამო გაფიცული ადამიანების მოთხოვნებს, მაშინ როცა სამსახურში უხელფასობის გამო, ფეხით მივდიოდი. ზოგჯერ, მისვლასაც ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, ტელევიზიაში მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში - ეკრანს მიღმა ბევრად რთული რეალობაა. მერე რა რომ რეალური აგენტურა გეუბნებათ, ეგენი „დახელფასებულები“ არიან და Deep State-თან მეგობრობენო. ხო იცით, ქურდს ყველა ქურდი ჰგონია... 

სხვადასხვა დროს ბევრ ადამიანს მოუწია წასვლა, ახლის ძიება. პროფესიას ტოვებდნენ ისინი, ვინც ღირებულ საქმეს აკეთებდა. მიუხედავად სირთულეებისა, ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ვხვდებოდი, რომ ეს არის „სიმართლის საფასური“. ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც რეჟიმი, მანქანა, ხელისუფალი, არალეგიტიმური ძალა, ან „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“ შენ და შენნაირების წინააღმდეგ იყენებს. მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეგუები, არ ემორჩილები და ჯიუტად ცდილობ, სწორ მხარეს იყო. 

შენ ხდები სამიზნე. თავიდან იღებ შემოთავაზებებს. თითქოს, შანსია რომ კომფორტულ „ნიუსრუმში“ გადახვიდე, სადაც გექნება: „პაესტკები“, გამხსნელი თემები და ხშირად ტექსტზე ფიქრიც კი არ მოგიწევს - შენ ნაცვალ პრესსამსახურებისა და პიარმენეჯერების არმია გაირჯება. ეს ბევრს მოსწონს, ბევრი დათანხმებულა და კვლავ დათანხმდება. ვინც არ თანხმდება, იღებს „რჩევებს“, „შემოთვლებს“, რომ ვიღაცებთან უნდა „იმეგობრო“ ან გაჩუმდე, გაგაჩუმებენ, რომ პატარა ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან შეიძლება დაიჯეროს. არც იმას გიმალავენ, რომ ჩასაფრებულებმაც „იმუშავეს“. 

ხო და წამოვედი! 

მე მთელი არსით მიყვარს ეს პროფესია და მიხარია, რომ არ დავაზიანე — ისეთად დავიტოვე, როგორიც შევიყვარე. ბევრი შეცდომის, წვალების, მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და დაუფასებლობის განცდის მიუხედავად. არაერთ მედიასაშუალებაში მიმუშავია, ვყოფილვარ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „ნიუსრუმის“ წევრი, თუმცა შემიძლია უკან მოხედვა და თვალებში ჩახედვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც 14 წლიდან 29 წლამდე მქონდა შეხება.

ამაზე ფიქრი მეხმარება და მხოლოდ ამისთვის, მადლიერიც ვარ - საკუთარი თავისაც და იმ ადამიანებისაც, რომლებმაც მათ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს. ყველგან შევძელი მე დავრჩენილიყავი. შეიძლება ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ამანაც განაპირობა. 

ამ წლების უბრალო მოგონებად ქცევა მარტივი არ არის.

მუდმივი ბრაზი და სირცხვილის გრძნობაც მაქვს - რადგან დავმარცხდი, ვერ გავძელი, სადღაც დავიღალე.

მე აღარ ვარ „მოედანზე“. მერე რა რომ სხვა გზა მართლა აღარ მქონდა - შედეგი მაინც ესაა: მე პროფესიას ჩამოვშორდი. დავბრუნდები თუ არა? ან საერთოდ მინდა? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. მათ გავურბივარ. მეშინია.

ამ შიშის გამო უკვე 5 თვეზე მეტია - 178 დღე, 4265 საათი ვცდილობ დავივიწყო ის, რასაც ცხოვრების ნახევარი ვაკეთებდი და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა.

ზუსტად ამდენი ხანია არ მიყურებია და არ მომისმენია ახალი ამბები - მხოლოდ ვკითხულობ.

თითქოს არ მინდა დავინახო, როგორ გრძელდება უჩემოდ. არ მინდა გამუდმებით მიტრიალებდეს კითხვა: სად ვარ ამ დროს? მე როგორ მოვიქცეოდი? მსგავსად გავაშუქებდი თუ არა? არ მინდა მოვლენების ყურების დროს „ადრენალინი მომაწვეს” და ვერაფერი გავაკეთო.

არ მინდა ბრაზი ბოღმად მექცეს და ეს ყველაფერი „კრიტიკოსობით“ შევფუთო.

ძალიან მენატრება. ყოველდღე მეფიქრება. ყოველდღე თავიდან ვცდილობ ამ ლოდად ქცეული ფიქრების, მოგონებების უგულვებელყოფას. ყოველდღე თავიდან...  

მხოლოდ პროფესია არა, ხალხი მენატრება. ქართული ხმაური, ჩემი ქუჩის სუნი, მეზობლები, მეგობრების ჩახუტება. დედაჩემი, ვისაც წამოსვლის დღეს ვეღარ ვუყურებდი. ისე ვერ დავემშვიდობე, როგორც მინდოდა, საჭირო იყო. ჩემი ჭაღარა ბებო, ვისაც ვერ ვპასუხობ კითხვაზე -„როის ჩამუალ“.  

ასევე, უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სხვა საქმე - ისეთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, დამაინტერესებს, შევძლებ. მაგრამ…  

ზოგჯერ „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისს, ე.წ. ქუდს ვუყურებ. 23-ე წამზე, წამიერად, ისევ ეკრანს ვუბრუნდები. ეს წამი სხვისთვის არაფერია, შეუმჩნეველია, მაგრამ ჩემთვის დიდ ამბავს ჰყვება. ამბავს ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა”, თუმცა ის „იგი“ არ ყოფილა. ადამიანზე, ვინც ერთ დროს ბუნდოვანებას ებრძოდა - ახლა კი ის მისი საუკეთესო თანამგზავრია. რაც უფრო ბუნდოვანია მომავალი, მით უფრო ნაკლებია დრო იმაზე ფიქრისთვის, რისი დატოვებაც, დათმობაც მოუწია, თუმცა არა - ნებაყოფლობით.

--------------------------------------------


საქართველოში სულ უფრო მეტი ჟურნალისტია იძულებული ემიგრაციაში წავიდეს,  პროფესია შეიცვალოს ანდა შემოსავლის ალტერნატიული გზები ეძებოს.

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით მოამზადა ანგარიში საქართველოზე. RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ 2024 წლის გაზაფხულიდან ერთიმეორის მიყოლებით იღებს მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობითაც აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა და წერილობით გააფრთხილა ტელე და რადიო მაუწყებლები.

გასულ წელს სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ასევე იხილეთ