კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ფაქტების გადამოწმება, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ, დემოკრატიულ საზოგადოებებში მედია ორგანიზაციების ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენდა, ადრეული 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ჟურნალისტიკაში ცალკე სფეროდ/ჟანრად ჩამოყალიბდა. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იზრდება ისეთი ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც ექსკლუზიურად ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობენ. დიუკის უნივერსიტეტის რეპორტიორთა ლაბორატორიის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 188 აქტიური და 74 არააქტიური ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

ასეთი ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ მიზანს ყალბი ახალი ამბების საპირწონედ ინფორმაციის გადამოწმება, შესწორება და სწორი ფორმით გავრცელება წარმოადგენს. თუმცა, რამდენად ახერხებენ ასეთი ორგანიზაციები, რომ ეფექტურად ებრძოლონ ე.წ. Fake News-ებს და შეუძლიათ თუ არა მათ, რომ გადამოწმებული, სანდო წყაროებზე დაყრდნობით გამოძიებული ამბები ფართო მასებამდე ანდა აუდიტორიის მნიშვნელოვან ნაწილამდე მიიტანონ?

სწორედ ე.წ. ფაქტ-ჩეკერების ეფექტურობა გახლდათ Alto Data Analytics-ის წინასწარი კვლევის მიზანი, რომელიც ორგანიზაციამ 2019 წლის მაისში ევრო პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში ჩაატარა ევროკავშირის 5 ქვეყანაში: საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ესპანეთში.

მკვლევრები, მათ შორის, შეეცადნენ დაედგინათ, რა მასშტაბით ახერხებდნენ ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაციები ციფრულ სამყაროში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებში ინფორმაციის გავრცელებას; შეუძლიათ თუ არა მათ კონკრეტულ ჯგუფებში გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების შედარებით მაღალი დონის მიღწევა და რომელ საზოგადოებებში ახერხებენ ისინი შეღწევასა და ინტერაქციას შედარებით თანმიმდევრულად.

„ჩვენი ანალიზი არ აჩვენებს, რომ „ფაქტ-ჩეკერები“ არ არიან ეფექტურები ფართო სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებში. თუმცა, კვლევა ცხადყოფს, რომ „ფაქტ-ჩეკერების“ წვდომა შეზღუდულია და ხშირად ის შემოიფარგლება ციფრულ სამყაროში არსებული იმ საზოგადოებრივი ჯგუფებით, რომლებიც საერთოდ არ გახლავთ დეზინფორმაციის გავრცელების სამიზნე აუდიტორია ან რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართულნი ამ პროცესში", - აღნიშნულია Alto Data Analytics-ის კვლევის ანგარიშში.

კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ანალიზში ჩართული ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაციები შეზღუდულად ახერხებენ შეღწევას ციფრული სამყაროს ყველაზე რელევანტურ საზოგადოებრივ ჯგუფებში და შეღწევის დონე ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2,2%-დან 6,5%-მდე. გარდა ამისა, ისინი ძირითადად ვერ ახერხებენ რომ მისწვდნენ აუდიტორიას, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება დეზინფორმაციის მსხვერპლი.

საკვლევად აღებული ქვეყნებიდან, მხოლოდ საფრანგეთში მომუშავე „ფაქტ-ჩეკერები“ ახერხებენ, რომ ერთდროულად რამდენიმე საზოგადოებრივ ჯგუფს მიაწოდონ გადამოწმებული ნიუსები ეფექტურად. დანარჩენი 4 ქვეყანაში მომუშავე ორგანიზაციები კი ძირითადად მხოლოდ ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფზე აკეთებენ სწორებას. თუმცა, კვლევა არ აკეთებს დასკვნას თუ რა არის საფრანგეთში გადამოწმებული ამბების შედარებით ეფექტური გავრცელების მიზეზი. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე ნაკლებად გადამოწმებული ამბების გავრცელება გერმანიასა და იტალიაში არის ეფექტური, სადაც პენეტრაციის დონე მხოლოდ 2.2% და 3,7 %-ია.

კვლევისათვის Alto Data Analytics-მა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებული პოსტები, ე.წ. რე-ტვიტები, გამოხმაურებები და მოხსენიებები გაანალიზა. აღნიშნული ანალიზი 
 ცხადყოფს, რომ გასული წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტამდე ევროკავშირის ტერიტორიაზე მომუშავე 20-მდე ფაქტ-ჩეკერის პოსტები საერთო რე-ტვიტების, მოხსენიებებისა და გამოხმაურებების 0,1%-დან 0,3%-მდე იყო, რაც მიუთითებს, რომ მათი გავრცელება ძალზე დაბალია.
კატეგორია: საქართველო
შენიშვნა:  სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ „ევრო დირექტივა კონკრეტულ მითითებას არ აკეთებს, აღნიშნული საკითხები რეგულირების სფეროში უნდა მოექცეს, თვითრეგულირების თუ თანარეგულირების.“ აღნიშნული წინადადების ნაცვლად, სტატიაში შევიდა ცვლილება და იმავე აბზაცში დაემატა ნაწყვეტები ევრო დირექტივის შესავლის 44-ე პუნქტის მეორე აბზაციდან.


კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია (GNCC) პარლამენტისაგან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვის დაჩქარებას ითხოვს. ცვლილებათა ერთი ნაწილი სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვას შეეხება. კომისიის კანონპროექტი მაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილს არ მოსწონს და მასში გამოხატვის თავისუფლებაში სახელმწიფოს არასასურველი ჩარევის საფრთხეს ხედავენ.

საუბარია საკითხებზე, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ დღეს არსებული კანონის 56-ე მუხლით, მაუწყებელთა თვითრეგულირების სფეროშია მოქცეული. 2009 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, თუკი ინფორმაციის მომხმარებელი ჩათვლის, რომ რომელიმე ტელევიზიამ მისი უფლებები ამ ნიშნებით დაარღვია, მას შეუძლია, მიმართოს ტელევიზიებში მოქმედ თვითრეგულირების ორგანოებს. შესაბამისად, მისი უფლებების დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილება სწორედ ტელევიზიების ფარგლებშივე მოქმედმა ორგანოებმა უნდა მიიღონ. მაყურებელს არ აქვს უფლება, რომ ამ საკითხებზე საკუთარი უფლებების დარღვევაზე ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის სასამართლოში იდავოს.

2018 წლის დეკემბერში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (GNCC) მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით კი, ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. ცვლილების მიხედვით, შესაძლებელი უნდა გახდეს, რომ თვითრეგულირების ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებები, მომდევნო ეტაპზე, თავად GNCC-ში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.

altGNCC ცვლილებებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესასრულებლად მიღებული დირექტივით ხსნის. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჭიროა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის. GNCC-ის მტკიცებით, ამგვარ ეფექტურ მექანიზმად, ევროკომისიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაქირავებულმა ექსპერტებმა 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადატანა მიიჩნიეს. მაუწყებლებთან და არასამთავრობოებთან კონსულტაციების შემდეგ კი, კომისიამ პარლამენტს წარუდგინა მოდელი, რომელშიც თვითრეგულირების მექანიზმი შენარჩუნებულია, თუმცა იქმნება კომისიაში ან სასამართლოში გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობაც.

ტელემაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი აღნიშნულ ცვლილებებს ცენზურის საფრთხედ მიიჩნევს. 14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის აღნიშნავს, რომ „კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს“. კოალიცია უთითებს, რომ „რეგულირების ნაცვლად, აუცილებელია, გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. ამ მექანიზმის გაძლიერება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა და სწორედ ეს იქნება დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.“

რას ითხოვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება?

 
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები უნდა გაატაროს. მათ შორის, ცვლილებები უნდა შევიდეს აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებთან დაკავშირებულ საკითხებშიც, რომელზეც ზემოთ ნახსენები ევრო დირექტივა მიუთითებს. დირექტივის მე-6 მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ იურისდიქციაში მყოფი მედიასაშუალებების აუდიო-ვიზუალური მომსახურება „არ შეიცავდეს რასის, სქესის, რწმენისა და ეროვნების ნიშნის მიხედვით სიძულვილისკენ რაიმე სახის წაქეზებას“. სწორედ აღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესრულებაზე უთითებს კომისია მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრისას.

ამ თემაზე საუბარია დირექტივის მე-4 მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ „სახელმწიფოებმა დირექტივის მოქმედების სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული თანარეგულირება და თვითრეგულირება უნდა წაახალისონ იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა მათი სამართლებრივი სისტემები“. დირექტივის შესავალში კი წერია, რომ სწორედ საკუთარი სამართლებრივი ტრადიციის შესაბამისად უნდა აღიარონ სახელმწიფოებმა ეფექტური თვითრეგულირების, როგორც ადმინისტრაციული მექანიზმის დანამატის როლი. თუმცა, დირექტივა იქვე უთითებს: „იმის მიუხედავად, რომ თვითრეგულირება შესაძლოა იყოს წინამდებარე დირექტივის გარკვეული დებულებების დანერგვის დამატებითი მეთოდი, მან არ უნდა ჩაანაცვლოს ეროვნული კანონმდებლის ვალდებულებები. თანარეგულირება, მინიმალური ფორმით, უზრუნველყოფს სამართლებრივ კავშირს თვითრეგულირებასა და ეროვნულ კანონმდებელს შორის, წევრი ქვეყნების სამართლებრივი ტრადიციების შესაბამისად. თანარეგულირება უნდა იძლეოდეს სახელმწიფო ჩარევის შესაძლებლობას, შესაბამისი ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში.“

ასევე, შესავალის 44-ე პუნქტში მითითებულია, რომ „ამან არც უნდა დაავალდებულოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო შექმნას ერთობლივი რეგულირების და/ან თვითრეგულირების რეჟიმები, არც დაარღვიოს ან საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში უკვე არსებული და ეფექტურად მოქმედი ერთობლივი რეგულირებისა და თვითრეგულირების მიმდინარე ინიციატივები.“

ევროკომისიისა და EBRD-ის დაქირავებული ექსპერტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მაუწყებლობის კანონის 56-ე მუხლით დარეგულირებული საკითხები ადმინისტრაციული რეგულირების სფეროში უნდა გადავიდეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ GNCC-ის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ივანე მახარაძემ განუცხადა „მედიაჩეკერს“.

alt„ორივე მხარისგან, ასევე ევროპის საბჭოდან ჩამოსულები იყვნენ ექსპერტები, ძალიან სერიოზული პრაქტიკოსი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ დირექტივაზე, რომლებიც მუშაობენ იმპლემენტაციაზე, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე თავიანთი ქვეყნების რეგულატორებში. როდესაც გაიგეს, რომ ეს ნაწილი [56-ე მუხლი] თვითრეგულირების ფარგლებში არის, პირდაპირ იყო კითხვა, რომ აბა, რას აკეთებთ? პირდაპირ! საერთოდ ვერ გაიგეს რა ხდებოდა,“ - აღნიშნავს მახარაძე, -„სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს, თუმცა ამ ტიპის პრაქტიკა, რაც ჩვენთანაა, რომ ეს საკითხები თვითრეგულირების სფეროშია და ამით მთავრდება ყველაფერი, ასეთი მიდგომა არსად არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც მოვიძიეთ, ეგეთი ქვეყანა ვერსად ვერ ვნახეთ“.

GNCC-ის მიერ „მედიაჩეკერისათვის“ მოწოდებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ EBRD-ის დაქირავებული ექსპერტების კვლევის ანგარიშში მაუწყებლობის კანონის 56-ე მუხლი ამოღებულია იმ მუხლების ჩამონათვალიდან, რომელზეც ექსკლუზიურად მხოლოდ თვით-რეგულირების მექანიზმი უნდა გავრცელდეს. ასევე, EBRD-ის დაკვეთით მომზადებულ ე.წ. ხარვეზების (Gap) ანალიზში კი ვკითხულობთ რეკომენდაციას: „ჩვენ გთავაზობთ, რომ ამჟამად გამოყენებული თვითრეგულირების მექანიზმი გადავიდეს GNCC-ის კომპეტენციაში, რათა მას მიეცეს უფლება (i) სანქცია დაუწესოს მედია სერვისის იმ მომწოდებლებს, რომლებიც განახორციელებენ აუდიო-ვიზუალურ მედია სერვისს, რომელიც ახალისებს ზიზღის გავრცელებას რასობრივი, სქესის, რელიგიის ან ეროვნების ნიშნით; ან (ii) აკრძალოს ამგვარი სერვისების გავრცელების უზრუნველყოფა “.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ეთანხმებიან ევროკომისიისა და EBRD-ის დაქირავებული ექსპერტების მოსაზრებას, რომ სიძულვილის ენის რეგულირების ეფექტური მექანიზმი იქნება, თუკი ეს საკითხების თვითრეგულირების ფარგლებს გასცდება. თუმცა, კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მათი თვითმიზანი არ არის ეს საკითხები რეგულირების სფეროში გადავიდეს და ამ შემთხვევაში, პრიორიტეტული არის, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები შეასრულოს.

„ერთადერთი გზა იმისა, რომ თვითრეგულირება გახდეს ეფექტიანი, არის ის, რომ მხოლოდ დამრღვევმა არ უნდა განიხილოს დარღვევა,“- აღნიშნავს ივანე მახარაძე და დასძენს, -„თუკი [ევროკავშირის ექსპერტები] გვეტყვიან, რომ ეს არ არის ხარვეზი (Gap) და ეს არ შეუშლის ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, კი ბატონო, თუმცა ეს არ გადაწყვეტს იმ საკითხს, რომ ეფექტიანი გახდება თვითრეგულირება. ისევ მხოლოდ დამრღვევი განიხილავს დარღვევას და ამით ეს პრობლემა არ გამოსწორდება.“

უკან მომავალში? - რა არ მოსწონს მესამე სექტორს

საკითხს განსხვავებულად ხედავს მესამე სექტორის ნაწილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი, „მედიაჩეკერთან“ აღნიშნავს, რომ ევრო დირექტივა ქვეყანას ეფექტური მექანიზმის შექმნას სთხოვს, მაგრამ იგი არ მიუთითებს სახელმწიფოებს, კონკრეტულად რა ტიპის მექანიზმი იქნება ეფექტური რეგულირება, თვითრეგულირება თუ თანარეგულირება. 

„როდესაც ვსაუბრობთ, როგორ უნდა გადმოვიტანოთ ევრო დირექტივა ქართულ კანონმდებლობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავიღოთ იქიდან ამოგლეჯილი ფრაზა და ვთქვათ, რომ რეგულაცია, არის ის, რასაც ითვალისწინებს დირექტივა. სინამდვილეში, დირექტივა ითვალისწინებს ეფექტიანი მექანიზმის შექმნას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც დღეს ვართ და ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ გამოხატვის თავისუფლების ის სტანდარტი შენარჩუნდეს, რომელიც ჩვენ გვაქვს, რეგულირება ასეთ გარემო-პირობებში ცალსახად ცენზურის საფრთხის რისკის შემცველია,“- აღნიშნავს გოგოსაშვილი.

გარდა ცენზურის საფრთხისა, გოგოსაშვილი საუბრობს თვითცენზურის საფრთხეზეც, რომლის წინაშეც შესაძლოა ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, თუკი ადმინისტრაციული ორგანო იქნება უმაღლესი ინსტანცია მსგავსი შემთხვევების განხილვისას. გარდა ამისა, იგი ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ჯგუფების მიერ არაერთხელ იყო მცდელობა შეზღუდულიყო გამოხატვის თავისუფლება. ამის მაგალითად, ასახელებს პარლამენტში შესულ ინიციატივებს, მაგალითად, ემზარ კვიციანის ინიცირებული რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის, ასევე ხელოვნების ნაწარმოებთან დაკავშირებული ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინციატივა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის „აიისას“ დაჯარიმება და ა.შ. სწორედ ამგვარი მცდელობების ფონზე, გოგოსაშვილი განსაკუთრებულად საფრთხილოდ მიიჩნევს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხების თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადანაცვლებას.

altანალოგიურ პრობლემას ხედავს GNCC-ის ინიცირებულ კანონ-პროექტში „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე. ჯინჯიხაძის თქმით, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგულირებული გახდება ის, რაც დღევანდელი კანონმდებლობით თვითრეგულირების ნაწილია, ამით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა ბერკეტი, რომ ჩაეროს მედიის კონტენტში.

„ეს არის პირდაპირი ცენზურა. ყოველ შემთხვევაში, საფრთხე პირდაპირი ცენზურის. შეიძლება ეს ასე არ მოხდეს და ადმინისტრაციულმა ორგანომ ის არ გამოიყენოს, მაგრამ ამ კანონმდებლობით, ამ ბერკეტს ჩვენ ადმინისტრაციულ ორგანოს გადავცემთ,“ - აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სიძულვილის ენის დარეგულირება ისევე როგორც ომის პროპაგანდა და კონსტიტუციური წყობისათვის საფრთხის შექმნა სისხლის სამართლებრივი მექანიზმებითაც რეგულირდება, მათ შორის, მაუწყებლების შემთხვევაშიც. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლებზე, რომლებიც მყისიერი საფრთხის წარმოშობის შემთხვევებს შეეხება. ნაცვლად სიძულვილის ენის რეგულირების სფეროში გადანაცვლებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები თვითრეგულირების ეფექტურობის ზრდის საჭიროებაზე საუბრობენ.

იმაზე, რომ ტელეკომპანიებში დღეს არსებული თვითრეგულირების ორგანოები არაფექტურია, თითქმის ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება, მათ შორის სამოქალაქო სექტორიც და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც.

“თვითრეგულირების მექანიზმი თავისთავად არაეფექტიანი რომ არის, ამაზე მეტყველებს ის ინფორმაციაც, რასაც კომისია იღებს თავად მაუწყებლებისაგან ყოველწლიურად. პროცედურული ნაწილი თუ დაცული აქვს მაუწყებელს და შემდეგ შინაარსობრივ ნაწილში პირდაპირ, დაუსაბუთებლად არ დაუკმაყოფილა მომჩივანს სარჩელი, ამის იქით ვეღარ მიდის მერე დაინტერესებული მხარე. ერთადერთი, რაშიც კომისიას შეუძლია ჩარევა და ყოფილა კიდეც ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში, არის როდესაც პროცედურულ ნაწილში ჰქონდა დარღვევები მაუწყებელს, საერთოდ არ განიხილა ან ძალიან დიდ ხანს განიხილავდა საჩივარს და ჩაერია მაშინ კომისია. თავისთავად, ჩემი მოსაზრებაა და ზოგადად კომისიისაც, რომ არაეფექტიანია და არ მუშაობს ეს მექანიზმი,“- აღნიშნავს „მედიაჩეკერთან“ GNCC-ის წარმომადგენელი ივანე მახარაძე.

დღეს არსებული თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტურობაზე შეხედულებას იზიარებენ მარიამ გოგოსაშვილი და ხატია ჯინჯიხაძეც. თუმცა GNCC-ისგან განსხვავებით, ისინი თავად ამ მექანიზმის გაძლიერებაში ხედავენ გამოსავალს და არა თვითრეგულირების ფარგლებში არსებული საკითხების რეგულირების სფეროში გადანაცვლებაში.

„ეს რომ პრობლემაა, ამას მგონი ყველა აღიარებს, ვინც მედიას აკვირდება. მაგრამ თვითრეგულირების ნაწილში გვაქვს როგორც კარგი მაგალითები, ისე ცუდი მაგალითები. კარგი მაგალითი არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიამ მოახერხა და შეიძინა წონა, ჭკვიანურად მოიფიქრა და გააფართოვა საჩივრების წარმდგენთა, დაინტერესებულ პირთა წრე და ამან მოიტანა ძალიან კარგი შედეგი. დღეს, ვხედავთ, რომ ქარტიას მიმართავს მოქალაქე, მოსამართლე, ქალაქის მერი და ა.შ.“- აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე და ცუდ გამოცდილებად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების ორგანოების მუშაობას ასახელებს. მისი თქმით ასეთი საბჭოები ხშირად ფორმალურია, არ არის აქტიური და ხშირად დაკომპლექტებულია არამოტივირებული ადამიანებით.

მეორე პრობლემა ეს არის დაინტერესებულ პირთა წრის ზედმეტად ვიწრო განსაზღვრება. დღეს არსებული პრაქტიკით, თვითრეგულირების ორგანოებში საჩივრის წარდგენის უფლება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვინც დაინტერესებულ პირად მიიჩნევა და ვისაც უშუალოდ ადგება ზიანი მაუწყებლის სერვისით. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი შეთავაზება თვითრეგულირების ორგანოების გასაძლიერებლად სწორედ დაინტერესებული პირის ცნების გაზრდას შეეხება.

alt„მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული პირთა წრე გაფართოვდეს,“- აღნიშნავს საიას იურისტი ჩვენთან საუბარში - „როდესაც სიძულვილის ენას ეხება საქმე, შეიძლება, რომ ნებისმიერმა პირმა შეიტანოს თვითრეგულირებაში განცხადება და ამაზე იმსჯელოს საბჭომ. როდესაც თვითრეგულირებაში შემაქვს განცხადება, არ უნდა მიწევდეს იმის მტკიცება, რომ მაინც და მაინც მე ვარ სიძულვილის ობიექტი“.

გარდა დაინტერესებულ პირთა წრის გაზრდისა, არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ სხვა ნაბიჯებზეც, რამაც შესაძლოა თვითრეგულირების მექანიზმი უფრო ეფექტური გახადოს. მაგალითად, ვალდებულება, რომ მაუწყებლებმა გაასაჯაროონ საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდება პროაქტიულად, მეტი ყურადღება მიექცეს კომისიის მხრიდან საჩივრებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებას, მაუწყებლებს დაევალოთ გაავრცელონ თვითრეგულირების ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებები.

„დაინტერესებული პირის ცნების გაზრდის პროცესში შეიძლება კომისიაც იყოს ჩართული, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ეს. კომისიას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის რომ კონტენტზე კი არ ჰქონდეს ზედამხედველობა და კონტენტის განმსჯელი კი არ იყოს, არამედ შიდარეგულირების საბჭოების მუშაობას დააკვირდეს. მაგალითად, რა სიხშირით იკრიბებიან ისინი, რა საჩივრები შედის, ამ სტატისტიკას აქვეყნებდეს თავის გვერდზე. რაღაცნაირად მეთვალყურეობა გაუწიოს, რომ იქ არ იყოს ინტერესთა კონფლიქტები და ა.შ. ანუ ამის მონიტორინგს აქტიურად GNCC უნდა აკეთებდეს,“- აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოდან“.

თუმცა GNCC-ის წარმომადგენელი ივანე მახარაძე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, თავად მაუწყებლები ეწინააღმდეგებოდნენ მაგალითად დაინტერესებული პირის ცნების გაზრდას. რაც შეეხება სხვა ნაბიჯების გადადგმას თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად, მახარაძე სკეპტიკურად უყურებს ამ ნაბიჯებს: „ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში მათ შორის ამ სამუშაო შეხვედრაზე და შევთანხმდით, რომ რაღაც სახის ვალდებულებები შეიძლება გაუჩნდეს მაუწყებლებს, მაგალითად, მიღებული გადაწყვეტილებების ვებ-გვერდზე ატვირთვა, გასაჯაროება, სტატისტიკის წარმოება და ა.შ. თუმცა, მაუწყებლები გააკეთებენ ამას, სადღაც მეჩვიდმეტე გვერდზე რაღაცა ლინკს შექმნიან და ისე შეასრულებს ამ ვალდებულებას, მაგრამ რისი მომცემი იქნება ეს?“

მაუწყებლების შეფასებები

თავად ტელევიზიებში დაინტერესებული პირის ცნების გაფართოების საკითხზე, ისევე როგორც GNCC-ის ახალ კანონპროექტზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს. 

altწარდგენილი კანონპროექტი გააკრიტიკა ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე. „არ ვაპირებ არც ერთი წინადადების შენიშვნად დაწერას მათ არანორმალურ კანონპროექტზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, არ ვაპირებ არცერთ განხილვაში მონაწილეობას და ე.წ. კონსტრუქციულ თანამშრომლობას, იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ. ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტი ამ კანონპროექტის განხილვას შეუდგება, მე გავმართავ საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ ჩემი ჭკუის ხალხთან ერთად“, - წერს ჯანგირაშვილი.

„რუსთავი 2-ის“ იურისტის თამთა მურადაშვილის შეფასებით, 56-ე მუხლის ფარგლებში არსებული საკითხები კვლავაც თვითრეგულირების სფეროში უნდა დარჩეს და ის არ უნდა გადავიდეს ადმინისტრაციული რეგულირების სფეროში. მისი თქმით, განსაკუთრებით ამ სასამართლოსა და ამ კომისიის ფარგლებში, ეს კანონპროექტი წარმოშობს ცენზურის სერიოზულ საფრთხეს, რადგან კომისია შინაარსში შევა და დაარეგულირებს მას.

„ეს საკითხი მნიშვნელოვანი გახდა კომისიისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპები გახდა მისთვის ძალიან მტკივნეული,“- აცხადებს მურადაშვილი და აღნიშნავს, რომ კომისია უბრალოდ საბაბად იყენებს ევრო დირექტივას, -„დირექტივაში ეს არ წერია. ეს არის მოგონილი, სიცრუე და ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომ კომისია ყოველთვის ამგვარ ჩარევებს აბრალებს ევროპას. და თუ მისთვის მთავარი პრობლემა არის არაეფექტურობა, მაშინ იზრუნოს ეფექტურობაზე, თვითონ კი არ ჩაერიოს, არამედ ხელი შეუწყოს და მოუწოდოს მაუწყებლებს და გააკონტროლოს მაუწყებლები, რომ ეს ორგანოები იყვნენ ეფექტურები.“

რაც შეეხება დაინტერესებულ პირთა წრეს, „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლისთვის მისაღებია რომ საჩივრების მიმღებთა წრე გაიზარდოს. მისი თქმით, თუ კომისიის მოწოდება არის რომ უნდა გაიზარდოს შიდარეგულირების ორგანოების ეფექტურობა, ტელეკომპანია მზად არის ამისთვის, მათ შორის იმისთვისაც, თუკი კანონით დაინტერესებულ პირთა ცნება გაფართოდვება. მურდაშვილის თქმით, უფრო და უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მომჩივანს ეთანხმებიან და მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტელევიზია თავად მიხვდა, რომ დაარღვია წესდება და თავადვე გააკეთა რეაგირება, ისე რომ არ დალოდებია საჩივრის შეტანას.

უშუალოდ დაინტერესებულ პირთა წრის გაფართოვებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ტელეკომპანია „იმედის“ იურისტს ანდრო ლაშხს. „ეგ არის საკითხი, რომელზეც გვაქვს ჩვენი აზრი ჩამოყალიბებული და მკაფიოდ მიუღებელი არის ეგ. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და გვერდზე გადავდოთ რომ როდესაც ეგ ბარიერი მოიხსნება, იქ უბრალოდ მე ვფიქრობ პირიქით თვითრეგულირება უფრო არაეფექტური გახდება იქიდან გამომდინარე, რომ მილიონ ადამიანს შეეძლება ერთსა და იმავე საკითხზე საჩივრის შემოტანა. ამას ვერც ერთი მაუწყებელი ვერც გაუმკლავდება და ხომ ხვდებით პროვოკაციული და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რამხელა პროცენტულობა იქნება და საერთოდ აზრს დაკარგავს თვითრეგულირება.“

მეორე არგუმენტი, რომელიც დაინტერესებულ პირთა წრის გაფართოების წინააღმდეგ აქვთ „იმედში“, შეეხება იმას, რომ შესაძლოა ინდივიდის უფლება შეილახოს, მაგრამ მას არ უნდოდეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და წინა პლანზე წამოწევა. ამ დროს კი, მისი შელახული უფლებით სხვამ ისარგებლოს პირადი გამორჩენისთვის ან მიზნებისთვის. მიუხედვად ამისა, ლაშხის შეფასებით, დღეს თვითრეგულირებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო მექანიზმი დახვეწასა და მუშაობას საჭიროებს.

რაც შეეხება GNCC-ის ინიცირებულ კანონპროექტს, „იმედის“ იურისტის თქმით, ის მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრო ამ თემაზე, თუმცა ამ დრომდე მას არ მისცემია საშუალება, რომ ამ მას ბოლომდე ჩაღრმავებოდა. ლაშხის თქმით, აპირებენ, რომ აქტიურად დაინტერესდნენ ამ თემით და მოისმინონ ყველა მხარის მოსაზრება.

მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, არასამთავრობოებსა და ტელევიზიების წარმომადგენლებს შორის, მათი უმეტესობა თანხმდება, რომ დღეს არსებული თვითრეგულირების მექანიზმი დასახვეწია. GNCC-ის თქმით, მათ კომუნიკაცია აქვთ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ამ დროისთვის ელოდებიან პასუხს, შესაძლებელი იქნება თუ არა ევრო დირექტივის შესრულება, ისე რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლით დარეგულირებული საკითხები კვლავაც თვითრეგულირების ფარგლებში დარჩეს. როგორც ჩანს, სწორედ ევროკავშირის წარმომადგენელთა პასუხზე იქნება დამოკიდებული დაარეგულირებს თუ არა ადმინისტრაციული ორგანო სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კატეგორია: ეთიკა
5 ივნისს, ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია ჰოლანდიაში, ქალაქ არნემში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 17 წლის გოგოს, ნოა პოტჰოვენის ევთანაზიის მეშვეობით გარდაცვალების შესახებ. პოტჰოვენი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი პირველად 11 წლის ასაკში გახდა. 14 წლის ასაკში კი ის ორმა მამაკაცმა გააუპატიურა. როგორც ქართულ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ნიუსებში ეწერა, გოგონამ ფაქტის შესახებ მშობლებს დაუმალა, თუმცა, მოგვიანებით მან ბიოგრაფიული წიგნიც გამოსცა ძალადობის, ანორექსიისა და დეპრესიის შესახებ.

გოგონას ევთანაზიით გარდაცვალების შესახებ, რომელიც 2002 წლიდან ჰოლანდიაში ლეგალურია, ინფორმაცია 4 ივნისს გავრცელდა საერთაშორისო მედიაში. ქართული მედიასაშუალებები ამბის გაშუქებისას სწორედ უცხოურ გამოცემებს, მათ შორის, The Daily Beast-ს, the Independent-სა და Euronews-ს ეყრდნობოდნენ. პოტჰოვენის გარდაცვალებას ევთანაზიის ეთიკურობაზე დისკუსია მოჰყვა სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სართაშორისო მედიების გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, არაქართულენოვანი გამოცემების ნაწილმა, მათ შორის ზემოთ მოყვანილმა წყაროებმა შეასწორეს თავიანთ გავრცელებულ ცნობებში. აღსანიშნავია, რომ სხვა საერთაშორისო მედიისგან განსხვავებით, ადგილობრივ, ჰოლანდიურ მედიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ პოტჰოვენის ევთანაზიის მეშვეობით სიკვდილის შესახებ. როგორც the Guardian-ი წერს, ფაქტობრივად, უცნობია თუ როგორ მოკვდა ახალგაზრდა. თუმცა, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა ევთანაზია ან რაიმე ტიპის ჩარევა სამედიცინო პერსონალის მიერ.

მოგვიანებით პოტჰოვენის ევთანაზიით გარდაცვალების ფაქტი უარყო როგორც სამედიცინო კლინიკამ, რომელსაც ის 2017 წელს დაუკავშირდა ევთანაზიის პროცედურის ჩასატარებლად, ისე თავად გოგონას მშობლებმა. „ჩვენ ნოა პოტჰოვენის მშობლები ღრმად ვართ დამწუხრებულები ჩვენი გოგონას ნოას გარდაცვალების გამო ნოამ აირჩია რომ შეეწყვიტა საკვებისა და სასმლის მიღება. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ ეს გახლდათ მისი გარდაცვალების მიზეზი და ის მოკვდა გასულ კვირას ჩვენი თანდასწრებით. ყველას ვთხოვთ ჩენი პირადი ცხოვრების პატივისცემას, რათა ოჯახმა შეძლოს იგლოვოს ის,“ - აღნიშნული იყო განცხადებაში, რომელიც ჰოლანდიურმა გამოცემა De Gelderlander-მა.

აღსანიშნავია, რომ ქართული მედიასაშუალებების დიდ ნაწილს არ გაუსწორებია თავიანთ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია.
კატეგორია: საქართველო
მედიის მდგრადობის ინდექსში (MSI) საქართველოს კოეფიციენტი გასულ წლებთან შედარებით გაუარესდა. კვლევის მიხედვით, რომელსაც საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX) ატარებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოსთვის მინიჭებულმა კოეფიციენტმა 4-დან 2,25 შეადგინა. ეს ქულა წინა წლის მონაცემს (2.31) ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა ინდექსში 2015 წლიდან მოყოლებული უარესდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2,63) კი ქვეყანას 2014 წელს ჰქონდა.

კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველო კვლავაც მდგრადთან მიახლოებულ ქვეყანათა ბლოკში რჩება, თუმცა კოეფიციენტის შემადგენელი ხუთი მთავარი მიზნიდან 4-ში ქვეყნისთვის მინიჭებულმა ქულებმა დაიკლო. ეს მიზნებია: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი და მედია ბიზნესის მართვა. ერთადერთი კრიტერიუმი სადაც ქვეყანას წინსვლა აქვს მედიის მხარდამჭერი ინსტიტუციებია.

„ინდექსში ქულის კლება ნიშნავს, რომ არამდგრადთან მიახლოებული მედია სისტემისკენ გადავიხარეთ. უკეთ რომ განვმარტო, მდგრადთან მიახლოებულ სისტემაში ვრჩებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არამდგრადთან მიახლოებულისაკენ მივცოცავთ. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად გვაქვს“, - აღნიშნავს მედია მკვლევარი და IREX-ის კვლევის თანაავტორი ეკატერინე ბასილაია „მედიაჩეკერთან“ საუბარში.

2018 წელს ქართული მედიისთვის არსებული გამოწვევებიდან ზოგიერთი პრობლემა წინა წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც აისახა და ისინი დღემდე მოუგვარებელია. მათ შორის, პრობლემურად რჩება ზოგიერთ საჯარო უწყებაში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და თვითცენზურის პრაქტიკა მედიასაშუალებებში. თუმცა, უშუალოდ გასულ წელს მედიაში მიმდინარე რამდენიმე სხვადასხვა პროცესიც უარყოფითად აისახა მედიის მდგრადობაზე, რაც გაუარესებულ ინდექსის ნიშნულში გამოიხატა.

IREX-ის კვლევა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მაუწყებლობის შესახებ კანონში 2018 წელს შესულ ცვლილებებზე. კვლევის მონაწილეების თქმით, შესული ცვლილებები გაუმჭვირვალეს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების ნაწილს, ისევე როგორც გაზრდილი სარეკლამო საეთერო დრო არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა მაუწყებლებს.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე. ესენია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ე.წ. „ცენზურის კანონპროექტი“ რომელიც ითვალისწინებდა შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას თუკი ის ლახავს ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში წამყვან მედიასაშუალებებს შორის გაზრდილ პოლარიზაციასა და პოლიტიკური მიკერძოების ზრდაზე, რის გამოც ინდექსის მეორე კომპონენტმა, პროფესიონალურმა ჟურნალისტიკამ ყველაზე მეტად, 0.13 ნიშნულით დაიკლო. ექსპერტთა შეფასებებით, გასულ წლებთან შედარებით, გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმებიც.

„არ ვიცი, ვინმე აწარმოებს თუ არა სტატისტიკას, მაგრამ, როგორც ეს კვლევის პროცესში გამოვლინდა და ფოკუს ჯგუფის წევრებმაც აღნიშნეს, წინა ორ წელთან შედარებით გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმები. ერთი ორი წელიწადი შედარებით სიმშვიდე იყო ამ კუთხით, მაგრამ შარშანდელ ანგარიშში მოხვდა ისეთი ფაქტები, როგორებიცაა მაგალითად TV პირველის ჟურნალისტს საარჩევნო პერიოდში სახეში ჩაარტყეს, აგრეთვე როდესაც ულტრა-მემარჯვენეები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მანქანას გარს შემოერტყნენ და თავდასხმა სცადეს", - აღნიშნავს ეკატერინე ბასილაია.

მედია მდგრადობის ინდექსის ანგარიშში საუბარი არის ქართული მედიასივრცის დადებით მხარეებზეც. მაგალითად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს, რომ მედიაბაზარზე შესვლის თვალსაზრისით არ არსებობს საკანონმდებლო ბარიერები. გარდა ამისა, არ დაფიქსირებულა ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვის ფაქტები. თუმცა, როგორც კვლევის თანაავტორი მედიაჩეკერთან საუბრისას აღნიშნავს, ქართულ მედია სივრცეზე საუბრისას უმთავრეს პოზიტიურ ფაქტორად, უკვე წლებია, მიიჩნევა მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მაღალი სტანდარტი.

„ჩვენი მიღწევა და ამაზე საუბრობენ ჩვენი ექსპერტთა პანელის წევრები, ბოლო 15 წელია, ეს არის კარგი კანონმდებლობა, რომელიც არის რეგიონში მოწინავე. რეგიონში ვგულისხმობ არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეს, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპას,“ - აცხადებს ბასილაია.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რამდენიმე კანონპროექტის შესახებ დაიწყო საუბარი, რასაც შესაძლოა მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისათვის ზიანი მიეყენებინა, აღნიშნული პროექტები ამ დრომდე კანონად არ ქცეულა. ეს კი, კვლევაში მონაწილეთა შეფასებით, ცხადყოფს რომ ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობის რესურსი საზოგადოებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე იჩენს თავს. თუმცა, იქვე საუბარია, რომ პრობლემად რჩება კანონმდებლობის რეალურ ცხოვრებაში აღსრულება.

„ჩვენ ყველა მხრიდან გვიტევენ და რასაც ქვია სული კბილებით გვიჭირავს,“ - ამბობს მამუკა ანდღულაძე, მედია პროგრამის მენეჯერი საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოდან, კვლევის დოკუმენტში.

რაც შეეხება მხარდამჭერ ინსტიტუტებს, მედია მდგრადობის ინდექსის ერთადერთ კომპონენტს, სადაც საქართველოს წინსვლა აქვს, ანგარიშის შეფასებით, ქვეყანაში მრავლად არის ისეთი ორგანიზაციები თუ გაერთიანებები, რომლებიც ჟურნალისტებისა და მედიის ინტერესების დასაცავად მუშაობენ. კვლევის მონაწილეები ხაზს უსვამენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის მნიშვნელობას მედიაგარემოს გაჯანსაღებისათვის. ანგარიში ხაზს უსვამს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განსახილველად შესული საქმეების რაოდენობის ზრდასა და სხვა აქტორების, მათ შორის მაუწყებელთა ალიანსის, მედია ადვოკატირების კოალიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

მედიის მდგრადობის ინდექსზე IREX 2001 წლიდან მოყოლებული მუშაობს და მედიის განვითარების პერსპექტივიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის 21 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის ძირითადი წყაროს კი ქვეყნებში ადგილობრივ ექსპერტთა და მედიაში გავლენის მქონე ადამიანთა მიერ დაკომპლექტებული პანელი წარმოადგენს.

კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
კატეგორია: ინტერვიუ

20 წლის წინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ფაქტების გადამოწმება - რაც XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ჟურნალისტური ნიუსრუმების განუყოფელი ნაწილი იყო - სფეროში ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდებოდა. ტექნოლოგიური ცვლილებების დამსახურებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციის ნაკადების მოზღვავებასთან ერთად, გაჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც მთელ ძალისხმევას მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების გადამოწმებისაკენ მიმართავდნენ. დროთა განმავლობაში, ასეთი ორგანიზაციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჩნდა და მედია წრეებში დაიწყო ზრუნვა საქმიანობის ფორმებისა და შინაარსის დახვეწაზე. 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და ე.წ. “Fake News”-ების მოჭარბებასთან ერთად კი, ფაქტების გადამოწმების საჭიროებაზე დისკუსიები განახლებული ძალით დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტების გადამოწმების იდეით გაჩნდა, Politifact გახლდათ. ის 2007 წელს დაარსდა როგორც გაზეთ Tampa Bay Times-ის ერთ-ერთი პროექტი, მოგვიანებით კი პოინტერის ინსტიტუტს შეუერთდა, რომელიც ახალი ამბების კვლევითი და საგანმანათლებლო არამომგებიანი ინსტიტუტია. დაარსებიდან მალევე, Politifact-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიპოვა აღიარება და მათი შრომა 2009 წელს პულიცერის პრემიითაც აღინიშნა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაში ფაქტების გადამოწმებით შეტანილი წვლილისთვის. ორგანიზაციის მეთოდოლოგიამ და მუშაობამ არაერთ ქვეყანაში შთააგონა ადამიანები თავადაც წამოეწყოთ ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებული ინიციატივები. დაარსებიდან დღემდე ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაში ბევრი რამე შეიცვალა, ისევე როგორც მთელს მედია ეკოსისტემაში.

ამ თემებზე მედიაჩეკერი Politifact-ის აღმასრულებელ დირექტორს აარონ შაროკმანს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ფლორიდაში (აშშ) ესაუბრა.


ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა შედარებით ახალგაზრდა ჟანრია მედიაში. რით განსხვავდება ის ჟურნალისტიკის ტრადიციული გაგებისაგან?

ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა, გარკვეულწილად, არის ის, რაც ტრადიციული ჟურნალისტიკა ისედაც უნდა ყოფილიყო. ჩემი გაგებით, ეს ნიშნავს, აიძულო ძალაუფლებაში მყოფი პირები, იყვნენ ანგარიშვალდებულები იმაზე, რასაც ამბობენ და მოუყვე მკითხველს, რა არის სიმართლე მათ ნათქვამში. სწორედ ეს გახლდათ ჟურნალისტების მისიაც. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ყოფილიყო.

გარკვეულ პერიოდში, სულ მცირე აშშ-ში, მათ დაივიწყეს ეს და აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ამბის ყველა მხარე უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი. შემდეგ კი, მკითხველს თავად უნდა გადაეწყვიტა რა არის სიმართლე. ამის კარგი მაგალითია კლიმატის ცვლილებების გაშუქება. ჩაწერ მეცნიერს, რომელიც იტყვის რომ კლიმატის ცვლილებები რეალურია. შემდეგ იპოვი რესპონდენტს, რომელიც იტყვის რომ კლიმატის ცვლილებები ფარსია და ამბავი უკვე გაქვს. ხოლო ის თუ რა არის სიმართლე და რა არა, ამაზე გადაწყვეტილების მიღებას მკითხველს მიანდობ.

არ მგონია რომ ეს ასე უნდა იყოს. ჩვენ დავაარსეთ Politifact იმ შეგნებით, რომ ადამიანებს ამის საშუალება არ აქვთ. მათ არ აქვთ დრო ან შესაძლებლობა, რომ დაიწყონ იმის რკვევა რეალურია თუ არა კლიმატის ცვლილებები. მათ სჭირდებათ ვიღაც, ვინც ეტყვის და აჩვენებს სიმართლეს ამის შესახებ, მიაწვდის მაგალითებს, კვლევებსა და ექსპერტულ წყაროებს. სწორედ ეს არის ჩემთვის ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა, თუმცა რეალურად ასე ვხედავდი მე ჟურნალისტიკასაც ზოგადად. 

ერთადერთი მთავარი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ რეაქციულები ვართ, ველოდებით რას იტყვიან პოლიტიკოსები. ტრადიციული ჟურნალისტიკა უფრო პროაქტიულია, ინტერესდება იმით თუ რას იტყვის პოლიტიკოსი. 


alt<< ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა, გარკვეულწილად, არის ის, რაც ტრადიციული ჟურნალისტიკა ისედაც უნდა ყოფილიყო.

ჩემი გაგებით, ეს ნიშნავს, აიძულო ძალაუფლებაში მყოფი პირები, იყვნენ ანგარიშვალდებული 
იმაზე, რასაც ამბობენ და მოუყვე მკითხველს, რა არის სიმართლე მათ ნათქვამში >>



2016 წლიდან მოყოლებული, მედიასივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ყალბი ახალი ამბებია. ზოგი მიიჩნევს, რომ ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა ერთგვარი ანტიდოტია ყალბ ახალ ამბებთან საბრძოლველად? თქვენ როგორ ფიქრობთ, შეუძლია ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკას ყალბი ახალი ამბების პრევენცია?


მგონი ანტიდოტი ზედმეტად ძლიერი სიტყვაა. ფაქტების გადამოწმებას ნამდვილად არ შესწევს იმის უნარი, რომ სამყარო განკურნოს ყალბი ახალი ამბების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომის მკურნალობა შეგვიძლია. ჩვენ უფრო და უფრო უკეთ ვახერხებთ იმათ იდენტიფიცირებას, ვინც ამ ყოველივეს უკან დგას და ვცდილობთ მათი მესიჯების ჩანაცვლებას ფაქტებით. კარგი ის არის, რომ ახლა ჩვენ უკვე გვაქვს დიდი პლატფორმების (Facebook, Google და ა.შ.) მხარდაჭერა და ზოგჯერ ისინი გვეხმარებიან. მარტოები რომ ვიყოთ ამ საქმეში, ძალიან გაგვიჭირდებოდა.

სხვა კონტექსტშიც რომ განვიხილოთ ეს საკითხი. 2016 წლის შემდეგ აშშ-ში ადამიანები ამბობდნენ - კი ბატონო, თქვენ გადაამოწმეთ ტრამპის განცხადებები და დაადგინეთ, რომ ის უფრო მეტ ტყუილს ამბობდა, ვიდრე ჰილარი კლინტონი, მაგრამ მაინც ტრამპმა გაიმარჯვა. მაშინ, რა აზრი აქვს იმას, რასაც აკეთებთ? ამაზე ჩვენი პასუხი არის ის, რომ ჩვენ არ ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ ვის მისცემენ ხმას ამომრჩევლები. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის ინფორმაცია.

ჩვენ არ ვმუშაობთ ყალბი ახალი ამბების აღმოსაფხვრელად, ჩვენ ვცდილობთ დახმარებას იქ, სადაც შეგვიძლია - მათი გავრცელების სიჩქარის შემცირება. აშშ-ში ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაცია და მხოლოდ 10 ადამიანი ვმუშაობთ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ თითოეული დეზინფორმაცია გადავამოწმოთ. ასე ვხედავ ჩვენს როლს დღევანდელობაში.

როგორც აღნიშნეთ Politifact აშშ-ში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. შეგიძლიათ თქვენი მუშაობის პროცესში ჩაგვახედოთ და მოუყვეთ მკითხველს, რას ამოწმებთ და როგორ?

altთავდაპირველად მხოლოდ პოლიტიკოსების, საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებებს ვამოწმებდით. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა შესაძლოა შეეხოს ყველას ნებისმიერ დონეზე. შესაბამისად, ჩვენ განვავრცეთ სამუშაო არეალი ტელე- და რადიო-პერსონალიებზე, ბლოგერებზე, ადგილობრივ პოლიტიკოსებზე, ცნობილ სახეებზე, ტელე-შოუებსა და სპორტულ კომენტატორებზეც კი. მივხვდით, რომ ადამიანებს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ შეკითხვა „სიმართლეა ეს ინფორმაცია?“.

ჩვენი სამუშაო დღე კი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბების იდენტიფიცირებით იწყება. მაგალითად, დღეს ეს არის “მიულერის ანგარიში”. ამის შემდეგ, ჩვენი რეპორტიორები ეძებენ განცხადებებს, რომელთა ფაქტობრივად გადამოწმებაც შესაძლებელია და ამავდროულად გვაქვს იმისი ექსპერტიზა რომ დავადასტუროთ ამ განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაცია ან უარვყოთ. სულ ესაა. ჩვენ არ ვცდილობთ ხელოვნური ბალანსის შენარჩუნებას თემებში, ვამოწმებთ ფაქტებს რესპუბლიკელებზეც და დემოკრატებზეც. უბრალოდ ვცდილობთ, ვიპოვოთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და გადავამოწმოთ ის. 

ისევ რომ განვაზოგადოთ, ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა როგორც თვითმყოფადი ჟანრი ბოლო 10-15 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. ეს პერიოდი ემთხვევა ციფრული მედია წარმოებისა და მოხმარების ზრდის პერიოდს. შეიძლება თუ არა დავინახოთ ერთგვარი კორელაცია ამ ორ პროცესს შორის?

ვფიქრობ რომ კი. დღესდღეობით იმდენი ინფორმაცია ზიარდება ონლაინ სივრცეში, რომ ვერც ერთ საღ გონებაზე მყოფ ადამიანს ვერ მოსთხოვ, რომ ამ პირობებში გაარკვიოს რა არის სიმართლე. დღეს, ვისაც კი ტელეფონი აქვს, ინფორმაციას აქვეყნებს. ამ ფონზე გაჩნდა საჭიროება, რომ ადამიანებმა გაარკვიონ რა არის სიმართლე და რა არა. ამგვარად, პირდაპირი კორელაციაა ონლაინ ინფორმაციის გავრცელებასა და ფაქტების გადამოწმებაზე მოთხოვნილებას შორის. თუკი მოინდომებთ, ნებისმიერი რამის დამადასტურებელი ინფორმაციის პოვნა შეგიძლიათ Google-ში. მაგალითად, შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰოლოკოსტი არ მომხდარა. ან რომ დონალდ ტრამპი კუკ-ლუქს კლანის წევრი იყო და ა.შ. ვინაიდან იქმნება ამდენი ინფორმაციას, ვიღაც უნდა დაეხმაროს კიდეც ადამიანებს, რომ თავისუფალი ინტერნეტის პირობებში გაარკვიონ სად არის სიმართლე რეალურად.


<<ფაქტების გადამოწმებას ნამდვილად არ შესწევს იმის უნარი, რომ სამყარო განკურნოს ყალბი ახალი ამბების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომის მკურნალობა შეგვიძლია. ჩვენ უფრო და უფრო უკეთ ვახერხებთ იმათ იდენტიფიცირებას, ვინც ამ ყოველივეს უკან დგას და ვცდილობთ მათი მესიჯების ჩანაცვლებას ფაქტებით>> 


Politifact-ის გუნდს პირადად თქვენ 2010 წელს შეუერთდით. ამ დროიდან მოყოლებული, ბევრი რამე შეიცვალა პოლიტიკასა და მედიაში. შეგიძლიათ მოგვიყვეთ მთავარ შიდა თუ გარე ცვლილებებზე, რამაც ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაზე გავლენა მოახდინა ამ წლებში?

პირველ რიგში, გაცილებით უფრო მეტ დროს ვუთმობთ ონლაინ გავრცელებული განცხადებების გადამოწმებას. პირველ წლებში თითქმის არ ვაკეთებდით ამას. მოგვიანებით მივხვდით, რომ ამის საჭიროება დადგა და ჩვენი რესურსების დიდი ნაწილი ონლაინ გავრცელებულ დეზინფორმაციის გადამოწმებაზე მივმართეთ.

მეორე არის ის, რომ თავად ფაქტების გადამოწმების პროცესი გაცილებით უფრო აჩქარდა. ერთი ამბის გადამოწმებას, როგორც წესი 2-3 დღეს ვანდომებდით ხოლმე. ჩვენი ჟურნალისტების უმეტესობას ახლა ერთი დღე სჭირდება. ეს, ნაწილობრივ, კომპიუტერების დამსახურებაა, ნაწილობრივ კი ჩვენ განვვითარდით.

მესამე, არის ის რომ მკითხველებს უფრო მეტად უჩნდებათ მოთხოვნილება ფაქტების გადამოწმებაზე. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ადამიანებმა თითქმის არ იცოდნენ რა იყო Politifact და არ ესმოდათ ბოლომდე ჩვენი. პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი ჩვენ ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ვიყავით. დღესდღეობით კი, სულ მცირე ამერიკაში მაინც, აღიარებულები ვართ.

ანუ ფიქრობთ, რომ ადამიანებში გაიზარდა მოთხოვნა ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაზე?

მოთხოვნა ცალსახად გაიზარდა. ჩვენი აუდიტორია თითქმის გასამმაგდა 2016 წლის შემდეგ. ალბათ, დიდწილად, ეს კონკრეტულად დონალდ ტრამპის დამსახურებაა, თუმცა ჩვენც უკეთესები გავხდით და შესაბამისად უფრო მეტი თვალია ჩვენკენ მომართული.


<<ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკას
არ შეუძლია კატებისა და ძაღლების
გასართობი ვიდეოებით გავიდეს ფონს.
ეს ძვირი ჟურნალისტიკაა >>
 



ტრამპი ახსენეთ და ალბათ საინტერესოა შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენთვის როგორც ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე პროფესიონალისათვის 2016 წლის არჩევნების შემდეგ?


გარკვეული თვალსაზრისით, ბევრი არც არაფერი შეცვლილა. პოლიტიკოსები ყოველთვის ამბობენ სიცრუეს. ასე, რომ მაგ მხრივ არაფერია ახალი. თუმცა რამდენიმე სპეციფიკურ ამბავზე შეიძლება ყურადღების გამახვილება - პირველი, არც ისე კარგი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს ტრამპის თეთრ სახლთან, ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით.

ტრამპი ნამდვილად არ გავს სხვა პოლიტიკოსებს. პირდაპირ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. პოლიტიკოსების უმეტესობა, იქნებოდა ეს ობამა თუ ჰილარი კლინტონი, უფრო მეტად მიჰყვებოდნენ წინასწარ დაწერილ სცენარებს. ტრამპი კი თავისი თავის კაცია. გარდა ამისა, მას დიდად არ ადარდებს რას იტყვიან ფაქტების გადამამოწმებლები. ამდენად, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ტყუილები გაიმეოროს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ Politifact-ის არქივში ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც წლის მატყუარა ორჯერ გახდა.

ფაქტების გადამოწმება, როგორც ასეთი, ჟურნალისტიკის შედარებით მშრალი დარგია. აქ არ არის ადამიანური ისტორიები, რთულია ამბების ისე საინტერესოდ წერა, როგორც ტრადიციული ჟურნალისტიკის სხვა ჟანრებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად შემოქმედებითი პროცესია ფაქტების გადამოწმება და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს შემოქმედებითობა?

როდესაც ადამიანები ჩვენთან მოდიან სამუშაოდ, ყოველთვის ვეუბნები, ჩვენი საქმე გულისხმობს ყოველდღე, მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომას. ჩვენ არ გავდივართ ქუჩაში ადამიანებთან სალაპარაკოდ. რამდენიმე საკითხია აქ, ფაქტების გადამოწმება არის ძალიან მშრალი სფერო და ამიტომაც დავიწყეთ მაგალითად, „სიმართლომეტრის“ (Truthometer) გამოყენება, სადაც ფაქტები ნაწილდება შკალაზე, ვიყენებთ ცეცხლის გრაფიკულ გამოსახულებებს და ა.შ.

altTruthometer ძალიან კონკრეტული მიზნით შევქმენით. არ გვინდოდა, ადამიანებს მოეწყინათ ჩვენი სტატიების კითხვისას და გვეწერა ამბები საშუალო სტატისტიკური მკითხველისათვის.

ჩვენი ფორმატის ფარგლებში ბევრ რამეს ვცდილობთ, ტრადიციული ჟურნალისტიკისათვის უცნაურ რამეებს ვამბობთ, აქტიურად ვიყენებთ ზმნის პირველ პირს, მაშინ როდესაც ტრადიციული ჟურნალისტიკა უფრო მეორე და მესამე პირშია ხოლმე.
გარდა ამისა, ექსპერიმენტებს ვატარებთ ფორმატებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, დავიწყეთ ტელე-გადაცემა What the Fact, სადაც მხიარული ტონალობით ვსაუბრობთ სერიოზულ ამბებზე. აქტიური კავშირი გვაქვს მომხმარებლებთან სოციალურ მედიაში. ასე, რომ დიახ, გეთანხმებით ეს გამოწვევაა. ვამაყობთ მკითხველთა იმ წრით, რომელიც გვყავს ჩვენ, თუმცა ნამდვილად გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა ჩვენთვის ცხოვრება კატებისა და ძაღლების სახალისო ვიდეოების გამოქვეყნება რომ შეგვეძლოს.

კიდევ ერთი საკითხი - ისინი ვინც ფაქტებს ამოწმებენ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც შეიძლება დაუშვან შეცდომები. რა ხდება როდესაც Politifact ცდება?

ყველაზე ხშირად კრიტიკოსებისაგან გვესმის ხოლმე - ვინ ამოწმებს ფაქტების გადამამოწმებლებს? პასუხი ერთია - მკითხველი. და ამაში გვეხმარება ჩვენი სისტემა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალეები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვმუშაობთ. მასალებს ყოველთვის თან ვურთავთ წყაროებს, ბმულებს. ასე, რომ ნებისმიერი, ვისაც ჩვენი კრიტიკის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია ნახოს რას დავაფუძნეთ ჩვენი გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, შეცდომებს ვუშვებთ. ცალკე ვებ-გვერდიც კი არსებობს „Politifact-ის წინასწარ განწყობები“, სადაც ადამიანი მუშაობს, რომ ჩვენი დაშვებული შეცდომები დააფიქსიროს. უმეტესწილად, ჩვენი შეცდომები გამოწვეულია იმით, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია გამოგვრჩა, რაც მნიშვნელოვანი იყო ფაქტის გადასამოწმებლად.

გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ჩვენ მართლაც თავდაუზოგავად ვცდილობთ, რომ პოლიტიკოსები დაგველაპარაკონ. ეს დიდად გვიიოლებს იმის გაგებას თუ რა იგულისხმეს მათ თავიანთ ნათქვამში. როდესაც ისინი არ თანამშრომლობენ ჩვენთან, ძალიან რთულდება ჩვენი ამოცანა. ზოგჯერ აუცილებელია ტემპის დაგდება და უფრო მეტი დაკვირვებით მუშაობა.

ინგლისური ენა ძალიან უცნაური და საკმარისად რთულია საიმისოდ რომ ტექსტის წაკითხვით გაიგო ყველაფერი, რაც იგულისხმება ნათქვამში. ზოგჯერ აუცილებელია რომ მოისმინო კიდეც ნათქვამი. ვინაიდან როგორ ამბობს ადამიანი სათქმელს, ზოგიერთ შემთხვევაში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ რას ამბობს და რომელ სიტყვებს იყენებს. გაშიფრულ ტექსტებს არასდროს არ უნდა ენდო. უნდა წახვიდე, მოძებნო ვიდეო ნაწყვეტი და მოუსმინო სად სვამს განცხადების ავტორი ლოგიკურ მძიმეს საკუთარ ნათქვამში.

დაბოლოს, ალბათ ფაქტების გადამოწმების მომავალზეც უნდა ვისაუბროთ. ონლაინ ჟურნალისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმზე, მთლიანი პანელი მიეძღვნა ფაქტების გადამოწმების ავტომატიზაციას და ხელოვნური ინტელექტის როლს ამ პროცესში. ფიქრობთ, რომ ავტომატიზაცია ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკის მომავალია?

altმე მჯერა, რომ ადამიანური ფაქტორი ყოველთვის საჭირო იქნება ფაქტების გადამოწმების პროცესში. მკითხველები უფრო მეტად ენდობიან ასეთ პროცესს.

ზოგადად ენა იმდენად რთული ფენომენია, რომ ადამიანი ყოველთვის საჭირო იქნება მასთან მუშაობისას. თუმცა, ვფიქრობ რომ ხელოვნურ ინტელექტს და კომპიუტერებს ნამდვილად შეუძლიათ ფაქტების გადამოწმების პროცესის დაჩქარება. შესაძლოა ფაქტების გადასამოწმებლად დრო კიდევ უფრო შემცირდეს. მაგალითად, განვითარებული საძიებო სისტემების მეშვეობით, ზუსტად არავინ იცის როგორ შეიძლება მოხდეს ეს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ოცნების დონეზე ვსაუბრობ ახლა.

გარდა ამისა, ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლოა კავშირების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, თუკი ტრამპი საუბრობს ბიუჯეტის კანონპროექტზე და სატელევიზიო განცხადებაში ამბობს ტყუილს, მე კი ფაქტები გადავამოწმე და ამის შესახებ ინფორმაცია გამოვაქვეყნე ჩემს ვებ-გვერდზე, ამ ორ პროცესს შორის კავშირი დიდად არ არის. მაყურებელმა ჯერ უნდა მოისმინოს ტრამპის განცხადება, შემდეგ წავიდეს მოძებნოს ჩემი გამოქვეყნებული ინფორმაცია და შემდეგ დაამყაროს კავშირი ამ ორ რამეს შორის. სწორედ ამ კუთხით შეიძლება რომ ტექნოლოგიებმა გააუმჯობესოს ერთმანეთისაგან მოწყვეტილი პროცესები ურთიერთდაკავშირება.

ამჟამად ვერ ვიტყვი რომ რაიმე კონკრეტულზე ვმუშაობთ Politifact-ში. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია ექსპერტიზა. თუმცა ეს უკავშირდება უფრო დიდ პრობლემას - ფაქტების გადამოწმების ინდუსტრიას სჭირდება მეტი მხარდაჭერა...

მხარდაჭერა ვისგან?

არ ვიცი, მკითხველებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პლატფორმებისგან და ა.შ. ზემოთაც ვთქვი, რომ ყველაზე დიდი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს, 11 წელია ამ საქმეში ვართ და 8 წელი დაგვჭირდა იმისათვის რომ ეს ბიზნესი წამგებიანი აღარ ყოფილიყო. პირველი 8 წლის მანძილზე წამგებიანი საქმე იყო ფინანსურად.

სხვა ორგანიზაციებიც, როგორც წესი, გარკვეული ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებობენ მცირე გრანტებით, თუმცა ელემენტარული ხარჯების მიღმა, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

როგორც უკვე ვთქვი, ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკას არ შეუძლია კატებისა და ძაღლების გასართობი ვიდეოებით გავიდეს ფონს. ეს ძვირი ჟურნალისტიკაა. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება რომ კონკურენცია გავუწიოთ Google-ს, Facebook-ს, სხვა ტიპის კერძო თუ საჯარო სექტორს როდესაც იმ კადრების მოძიებაზე მიდგება საქმე. ეს ყველაფერი წუწუნში არ ჩამითვალოთ და არ იფიქროთ რომ ცრემლებს ვღვრი სირთულეების გამო. უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გამოწვევად რჩება.

კატეგორია: საქართველო

"ქართული ტელევიზიები ვერ ჩამოყალიბდნენ ფინანსურად მდგრად და დამოუკიდებელ ბიზნეს ორგანიზაციებად. შესაბამისად, მფლობელის კუთვნილ სხვა ბიზნესში წარმოქმნილი პრობლემები, პირდაპირ აისახება ტელევიზიის ფინანსურ სტაბილურობაზეც. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ტელევიზიების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა აღნიშნულმა ტენდენციამ პოზიტიური ზეგავლენა ვერ მოახდინა მედია გარემოს დეპოლიტიზირებაზე", - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში "ვის ეკუთვნის ქართული მედია", რომელიც 2 აპრილს გამოქვეყნდა. 

ორგანიზაციამ საქართველოს ტელებაზრის მსხვილი მოთამაშეების ბიზნეს და პოლიტიკური კავშირები გააანალიზა.  როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა ჰოლდინგ “რუსთავი 2”-ის (რომელიც “რუსთავი 2-ს”, მესამე და მეოთხე არხებს აერთიანებს), “ტელეიმედის” (რომელიც ასევე აერთიანებს ტელეკომპანია “მაესტრო”-სა და GDS-ს), “იბერია ტვ”-ის, “TV პირველის”, “ობიექტივის”, “პალიტრა TV”-ის, “რ.ბ.ჯ”-ისა და “სტერეო პლუსის” აფილაციები როგორც კონკრეტულ ბიზნეს კომპანიებთან თუ ბიზნესმენებთან, ისე პოლიტიკურ ჯგუფებთან. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოქმედი მაუწყებლების მფლობელობისა და მფლობელთა ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. თუმცა, ქვეყანაში კვლავაც მწვავედ დგას მაუწყებელთა დამოუკიდებელ, მდგრად მედიაორგანიზაციებად ჩამოყალიბების საკითხი. ისინი კვლავაც მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ მედიამფლობელთა კუთვნილ სხვა ბიზნესებთან, რაც ერთი მხრივ მედიასაშუალებებს მოწყვლადს ხდის მეპატრონეთა ბიზნეს თუ პოლიტიკურ ინტერესებთან მიმართებაში. მეორე მხრივ, მეპატრონეთა სხვა ბიზნესებში წარმოშობილი პრობლემები პირდაპირ აისახება მედიასაშუალებათა მდგრადობაზე.

გარდა ამისა, ანგარიში კომენტარს აკეთებს ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე და აღნიშნავს, რომ „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ტელევიზიების გაზრდილმა რაოდენობამ პოზიტიური ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე და ვერც მედია გარემოს დეპოლიტიზირებაზე“.

დოკუმენტში დეტალურადა აღწერილი ვინ დგას ზემოთდასახელებული მედიების უკან. რაც შეეხება  ქვეყანაში ყურებადობის მხრივ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებს “რუსთავი 2”და და “იმედს”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით ჰოლდინგი „რუსთავი 2“ კვლავაც ძირითადად მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების გიორგი და ლევან ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ჰოლდინგში წილი აქვს “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის გიორგი გეგეშიძის ცოლს ნინო ნიჟარაძეს, ხოლო „რუსთავი 2-ის“ 50%-იანი წლის მფლობელ ტელეკომპანია „საქართველოში“ ბიზნესწილები აქვს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ნიკოლოზ ნაყოფიას.

altინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


რაც შეეხება ტელეიმედს, ჰოლდინგის 100%-ს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ფლობს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის მფლობელობაშია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, პატარკაციშვილების ოჯახმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 180 000 ლარი შესწირა.

altინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


ანგარიშში ტელევიზიების შემოსავლების შესახებაც არის მონაცემები. დოკუმენტის მიხედვით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ქვეყანაში გაიზარდა მედიასაშუალებების რაოდენობა, თუმცა  ტელევიზიების რაოდენობის ზრდას სარეკლამო ბაზრის ზრდა არ გამოუწვევია. 

alt
ინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"



"თუ 2013 წელს 105 ტელევიზია იყოფდა 66 მილიონ ლარიან სარეკლამო ბაზარს, 2018 წელს 130 ტელევიზიას უწევს 63 მილიონიანი ბაზრის განაწილება", - ვკითხულობთ დოკუმენტში.



alt
ინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


ორგანიზაციის რეკომენდაციით, მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, "ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია კომპანიებისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება მათთვის ე.წ. ბიზნეს თუ ფინანსური ხასიათის პრობლემების შესაქმნელად; პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მედიის მფლობელობა, უნდა შეწყვიტონ სატელევიზიო მედიის საქმიანობაში ჩარევა მათთვის სასურველი სარედაქციო პოლიტიკის გასატარებლად;  ტელევიზიის მფლობელებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნონ სატელევიზიო და სხვა ბიზნეს საქმიანობა, რათა არ მოხდეს მაუწყებლისა და მასში დასაქმებული ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გასატარებლად;  მედია პლურალიზმისა და პროფესიული ჟურნალისტიკის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მედიის მფლობელებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა აამაღლონ ჟურნალისტების ცოდნა ეთიკური სტანდარტების შესახებ". 

კვლევის სრული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებგვერდზე. ანალოგიური კვლევა ორგანიზაციამ 2014 წელსაც ჩატარა.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Panama Papers-ის ჟურნალისტებმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს ფინეთის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. სასამართლომ გაამართლა ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის Yle-სა და მისი ჟურნალისტების გადაწყვეტილება, არ გადაეცათ Panama Papers-თან დაკავშირებული დოკუმენტაცია ქვეყნის საგადასახადო ორგანოებისათვის.

2016 წელს Panama Papers-ის გამოქვეყნების შემდეგ, საგადასახადო ორგანოებმა მოითხოვეს, რომ მაუწყებელსა და მის ჟურნალისტებს მთავრობისთვის გადაეცათ მათ ხელთ არსებული მასალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფიციალური ორგანოები დოკუმენტაციის ტელეკომპანიის სათაო ოფისიდან და ჟურნალისტებისაგან მონაცემების ამოსაღებად ორდერის გამოცემით დაიმუქრნენ.

Yle-ს მტკიცებით, დოკუმენტების გადაცემის შემთხვევაში, მედიისათვის შეუძლებელი ხდებოდა თავისი წყაროების დაცვა. ციფრული სამხილების მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა წყაროთა იდენტიფიცირება, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც Panama Papers-ის მსგავსად, დიდ მოცულობის მონაცემებზეა საუბარი.

2017 წელს ქვედა ინსტანციის სასამართლომ Yle-ს სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ვინაიდან ხელისუფლება მედიაორგანიზაციას ინფორმაციის გადაცემას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ სთხოვდა. ამას შესაძლოა ზიანი მიეყენებინა სამომავლოდ სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობისთვის, როდესაც ამის საჯარო ინტერესი არსებობს.

27 მარტს, ფინეთის ადმინისტრაციული სასამართლოს უზენაესმა ინსტანციამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივაციით, რომ საგადასახადო ორგანოებს დოკუმენტაციის გადაცემის საკმარისად სპეციფიკური მოთხოვნა არ ჰქონიათ წარმოდგენილი. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სასამართლო გადაწყვეტილებას ტელეკომპანია Yle მიესალმა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ორგანიზაციისთვის, არამედ ზოგადად, ფინეთში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით.

„დასაწყისიდანვე, ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას, რაც ჟურნალისტურ წყაროთა დაცვასთან ერთად, მთლიანად დასავლური დემოკრატიის საფუძველია,“- აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში, - „ეს არის უმთავრესი პრინციპი არა მხოლოდ ჟურნალისტიკაში, არამედ გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში.“

Yle იყო ერთ-ერთი ასზე მეტ მედია პარტნიორს შორის მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, რომლებიც ჩართული იყვნენ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ამჟამად არა ფუნქციური პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-დან გაჟონილი 11.5 მილიონამდე დოკუმენტის გულდასმით შესწავლის საქმეში.

ორმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია Yle-დან გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საგადასახადო სამოთხეში ფინელი კერძო პირები და კომპანიები ფიქსირდებოდნენ ოფშორული ჰოლდინგების ლაბირინთებში. მათ მიაკვლიეს რამდენიმე ფინელ იურისტსა და ბიზნესმენს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საქმიანობაში.

Panama Papers და Paradise Papers-ის გამოქვეყნების შემდეგ, ფინეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ რამდენიმე ათეული საქმე აღიძრა ქვეყანაში.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, აღნიშნულ გამოძიებაში მონაწილეობის გამო, ICIJ-ის წევრ თურქ რეპორტიორს პელინ უნკერს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გამოქვეყნდა ICIJ.ORG-ზე
კატეგორია: საქართველო
ქართულ მედიაბაზარზე რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. განსაკუთრებით, თუკი საუბარი საგადასახადო დავალიანებებს შეეხება. როგორც მაუწყებელთა ალიანსის მიერ შემოსავლების სამსახურისაგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, ტელებაზარზე ორი მსხვილი მოთამაშე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი საგადასახადო დავალიანებების პირობებში აგრძელებს მუშაობას. მაშინ, როდესაც სხვა, შედარებით პატარა მედიასაშუალებების საბანკო ანგარიშებს, საგადასახადო დავალიანებების შემთხვევაში, სახელმწიფო დაუყოვნებლივ ინკასოს ადებს.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ ბიუჯეტისათვის გადაუხდელ 33 მილიონზე მეტ ლარზე. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საგადასახადო დავალიანება 2016 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და 2019 წლის 1-ლი იანვრისათვის ტელეკომპანიას ბიუჯეტის 20 მილიონ ლარზე მეტი მართებდა. ტელეკომპანია იმედმა კი საგადასახადო დავალიანებების დაგროვება 2017 წლის შემდეგ დაიწყო და 2019 წლის პირველი იანვრისათვის ტელეკომპანიას 13 მილიონი ლარი ჰქონდა დავალიანება. ალიანსის გამოთხოვილ ინფორმაციაში არსად არის აღნიშნული, რომ ამ ტელევიზიებიდან რომელიმეს ხსენებულ პერიოდში ინკასო დაედო.

აღნიშნული ტელეკომპანიებისაგან განსხვავებით, შედარებით მცირებიუჯეტიან ტელევიზიებს გადასახადების დაგროვების შესაძლებლობა არ აქვთ. როგორც მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბარში აღნიშნავს, თუკი ორგანიზაცია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის კონკრეტულ თარიღამდე, მას ავტომატურად, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ინკასო ედება. მისი თქმით, რეგიონული მაუწყებლების შემთხვევაში, ეს დავალიანება შეიძლება რამდენიმე ასეულ ლარს შეადგენდეს და არ აღემატებოდეს 2-3 ათას ლარს.

„ყველა თვეში მაქვს ასეთი შემთხვევა, რომელიმე რეგიონულ მედიასთან მაინც, მაუწყებელთა ალიანსში, თვეში სამი ტელევიზია მაინც არის ინკასო დადებული,“ - აღნიშნავს ნათია კუპრაშვილი. ინკასოს დადება კი გულისხმობს, რომ ორგანიზაციის ანგარიშებზე დაფიქსირებული ნებისმიერი შემოსავლით ჯერ საგადასახადო დავალიანება დაიფარება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ორგანიზაცია საკუთარი ფინანსებით ჩვეულებრივ სარგებლობას. შემოსავლის არარსებობის პირობებში კი, ორგანიზაციას ჯერ საურავები ერიცხება, საბოლოოდ კი შესაძლოა ქონების დაყადაღებამდე მივიდეს საქმე. მაგალითად, ყადაღა დაედო ტელეკომპანია კავკასიას 2018 წლის 23 ოქტომბერს. როგორც ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე წერდა, ყადაღის დადების მიზეზი მიმდინარე დავალიანების გადახდის დაგვიანება გახდა.

„გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15 რიცხვში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი, დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რაც გულისხმობს [...] პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად, დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ,“- აღნიშნავდა ნინო ჯანგირაშვილი შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით.

როგორც ჯანგირაშვილმა „მედიაჩეკერს“ უთხრა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გადასახადების დაგვიანების გამო ტელევიზიას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება. მისი თქმით, ტელეკომპანია კავკასია ყოველი თვის 15 რიცხვში, მაგალითად, დღგ-ის დეკლარაციის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში თუ არ გადაიხდის დავალიანებას, ყოველთვის ავტომატურად ედებათ ინკასო, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს.

„ანგარიშებიდან გვაჭრიან თანხას და მიაქვთ. შესაბამისად, ჩვენ დავალიანებას უბრალოდ ვერ ვაგროვებთ. არ აქვს მნიშვნელობა რა მოცულობის დავალიანებებზეა ლაპარაკი,“- ამბობს ჯანგირაშვილი. ნათია კუპრაშვილიც აღნიშნავს, რომ ამხელა ვალის დაგროვება ფიზიკურად შეუძლებელია, რამდენადაც დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, ორგანიზაციის ანგარიშზე შესული თანხიდან დავალიანების დაფარვა ავტომატურად ხდება. ზემოთ ხსენებული ორი დიდი ტელევიზიის შემთხვევაში კი ეს ასე არ არის და დავალიანება წლების განმავლობაში მზარდია.

„ანუ არსებობს სპეციალური მითითება, რომ ამ ტელევიზიებს რაც არ უნდა ვალი დაედოთ, შენ ინკასოს არ დაადებ. და ესეთი მითითება არსებობს „რუსთავი 2-თან“ და იმედთან დაკავშირებით. სხვაგვარად ეს ვალი ვერ დაგროვდება,“ - ამბობს კუპრაშვილი და იხსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც საუბარი შეეხო „რუსთავი 2-ის“ საგადასახადო დავალიანებასაც.

„ამაზე შემიძლია ღიად ვისაუბრო, რადგან მარტო არ ვიყავი იმ შეხვედრაზე,“ - იხსენებს კუპრაშვილი - „როცა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაისვა რუსთავი 2-ის შევიწროვების საკითხი, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება საერთოდ არ არის დაინტერესებული „რუსთავი 2-ის“ შევიწროვებით, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2“ უკვე დიდი ხანია არ იხდის გადასახადებს და არსებობს კონკრეტული მითითება, რის გამოც მას არ ეხებიან. ანუ, თუ ვინმეს უნდა რუსთავი 2-ის დახურვა, ყოველთვის შეუძლიათ საგადასახადო კუთხით მოედავონ. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონმდებლობის, თუკი მისგან იყო მითითება, რომ „რუსთავი 2-ს“ არ შეხებოდნენ. მე მქონდა სრული შოკი და მასაც ვუთხარი ამის შესახებ. შეიძლება სუბიექტური ვარ ამ შოკში, მაგრამ მგონია, რომ არ შეიძლება არავისთან რაღაც ტიპის გამონაკლისების კეთება. პოზიტიური დისკრიმინაცია მედიაბიზნესში არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ავტომატურად კლავს სხვა მოთამაშეებს“.

ნათია კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტი გადასახადების გადაუხდელობის მიზეზად სახელმწიფოს მიერ მათ ანგარიშებზე დადებულ ყადაღას ასახელებს. მისი თქმით ეს მანიპულაციური არგუმენტია, რადგან კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე ლარში არ მცირდება და შესაბამისად, მათ გადასახადების გადახდაც უნდა შეეძლოთ.

მისი თქმით, დავალიანების უხეშად გამოთხოვა სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს, შესაძლებელია, რომ არხს დაგროვილი გადასახადი გადაუვადონ, თუმცა მიმდინარე გადასახადები „რუსთავი 2-მა“ უნდა გადაიხადოს. ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით განსაკუთრებული მდგომარეობაა, რამდენადაც ტელეკომპანიას სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში შეექმნა პრობლემები. შესაბამისად, „რუსთავი 2-ისათვის“ ამ დავალიანების დაფარვის უხეში ფორმით მოთხოვნა, ამ ეტაპზე, მასაც არასწორად მიაჩნია.

„რუსთავი 2-ს“, რეალურად, პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სასამართლომ სრულიად უაკანონოდ დაადო ყადაღა მის ანგარიშებს და ამის შემდეგ, ოპერირებისთვის უბრალოდ თანხების მოძიება უჭირდათ მათ, როგორც თვითონვე ღიად ამბობდნენ. შესაბამისად, როგორც მე ვიცი, რაღაც პერიოდი მათ დაუგროვდათ გადასახადები გადასახდელი“ ,- აღნიშნავს ჯანგირაშვილი და ამატებს, რომ „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში, დღეს, უხეში ფორმით ამ გადასახადების მოთხოვნა იქნება ამ ტელევიზიის დარტყმის ქვეშ დაყენება, რადგან ხელისუფლებამ შეუქმნა „რუსთავი 2-ს“ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია. ამიტომ, კეთილი ინებონ და მოითმინონ. თუ გადახდაზე მიდგება საქმე, ისე უნდა მოხდეს როგორც ამ ტელევიზიას აწყობს, რათა დარტყმა არ მიადგეს მის ფუნქციონირებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი „იმედი“ ვის დაკარგვია და ამ სიტუაციაში, სად გაიჩხირა, ეგ არის ძალიან საინტერესო“.

მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა შეხვედრაზე, მაგალითად NDI-სთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ეუთოსთან, როგორც „რუსთავი 2-ის“, ისე „იმედის“ მენეჯმენტი ადასტურებდა, რომ მათ აქვთ დაგროვილი გადასახადები, მაგრამ არ იხდიან.

„ბოლო შეხვედრა იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც სადამკვირვებლო მისიები იყვნენ ჩამოსული, დაახლოებით ნოემბერის დასაწყისში. მანდაც ითქვა, რომ არ აპირებენ დავალიანების გადახდას. „რუსთავი 2“ ამბობს, რომ მე ისედაც რთულ პირობებში ვარ ჩაყენებული და არ ვიხდი, ხოლო „იმედი“ ამბობს, რომ თუ „რუსთავი 2“ არ იხდის, ჩემ მიმართ არასამართლიანია გადახდის მოთხოვნა და მაშინ მეც არ ვიხდი“.

„მედიაჩეკერი“ გასული დღეების განმავლობაში აღნიშნული ორი ტელევიზიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას და ამ თემაზე კომენტარის მიღებას შეეცადა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ იურისტმა თამთა მურადაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეეცდებოდა, გაერკვია აღნიშნული დავალიანებების დაგროვების მიზეზები და გაეცა ჩვენს შეკითხვებზე პასუხი, თუმცა რამდნიმედღიანი მცდელობის შემდეგაც კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. მურადაშვილის თქმით, კომპანიის ფინანსურს საკითხებზე ის დამოუკიდებლად კომენტარს ვერ გააკეთებდა, ფინანსურ სამსახურთან საკითხის გარკვევა კი ვერ მოხერხდა. „მედიაჩეკერი“ ასევე შეეცადა კომპანიის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებას, თუმცა გვარამიამ „მედიაჩეკერის“ ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, იურისტმა ანდრო ლაშხმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედს“ არანაირი დავალიანება არ აქვს. მან ასევე გვითხრა, რომ ჩვენს შეკითხვებს მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტებისა და შეკითხვების ფიზიკური ფოსტით გაგზავნის შემდეგ უპასუხებდა. ლაშხის კომენტარიდან გამომდინარე ვერ შევძელით გარკვევა, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ტელეკომპანიამ გადაიხადა 13-მილიონიანი დავალიანება, თუ საერთოდ ამ დავალიანების არსებობას საერთოდ არ აღიარებს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირება ვცადეთ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი ბახტაძესთანაც, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება დააგროვეს. 2010 წელს, 36 მილიონი ლარი ჩამოეწერათ ქართულ ტელევიზიებს, რომლიდანაც 25 მილიონი „რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“ მოდიოდა, 9 მილიონი კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 2010 წლის შემდეგ, ტელევიზიებმა ისევ დააგროვეს დავალიანება. მორიგი საგადასახადო ამნისტია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიწურულს, 2012 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. მეორე ამნისტიის დროს, ტელეკომპანია „იმედის“ საგადასახადო დავალიანება 13 მლნ ლარს სცდებოდა, „რუსთავი 2-ის“ კი 5 მილიონს. 2015 წელს კი, მთავრობის განკარგულებით, 16-მილიონიანი ვალი ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ჯერჯერობით უცნობია უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ერთ საგადასახადო ამნისტიას მსხვილი ტელეკომპანიებისათვის, თუმცა შედარებით მცირებიუჯეტიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ნათია კუპრაშვილი და ნინო ჯანგირაშვილი იმ უსამართლო გარემოზე მიუთითებენ, რომელში ოპერირებაც პატარა და რეგიონულ ტელემაუწყებლებს უწევთ.

„უბრალოდ, მართლა ძალიან უსამართლოდ დაჩაგრულად ვგრძნობ თავს, ეს რომ იყოს მოკლე პერიოდი და 2-3 წელი, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ რაც კი ვარსებობთ, მაგალითად, „რუსთავი 2“ „ნაციონალების“ დროს სულ გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან, მანამდეც, ეროსი კიწმარიშვილმა რომ დააგროვა დავალიანებები თავის დროზე, მერე გამოაცხადა გაკოტრება და გაქრა ის დავალიანება სადღაც. არასოდეს არ იხდიდნენ გადასახადებს. ასე იყო „იმედიც“ „ნაციონალების“ დროს და საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ამ სიტუაციაში საერთოდ რა კონკურენციაზეა ლაპარაკი,“ - ამბობს მედიაჩეკერთან საუბრისას ნინო ჯანგირაშვილი.

P.S. მედიაჩეკერი მზად არის, ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლებს დაუთმოს სივრცე ამ თემაზე კომენტარის გაკეთების სურვილის შემთხვევაში.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
გამოქვეყნდა: versobooks.com-ზე

ავტორი: ლორნა ფინლაისონი

ბრენტონ ტარანტმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელმაც გასულ პარასკევს, კრაისტჩერჩში, ახალ ზელანდიაში, მეჩეთში ცეცხლი გახსნა, მსოფლიო აღაშფოთა. შეკითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ახალი ამბების მედიას ასეთ მოვლენებზე.  ამ სტატიაში, ლორნა ფინლაისონი კრიტიკულად განიხილავს ბრიტანული მედიის მიერ თეთრი რასის უპირატესობის რწმენის მქონე ადამიანების მიერ ჩადენილი ძალადობის გაშუქებას. მისი მტკიცებით, ასეთი თავდასხმები არის არა თავად იმიგრაციითა და „განხვავებებით“ გამოწვეული, არამედ მედიისა და პოლიტიკური კლასის მიერ, რომელიც იმიგრანტებსა და მუსლიმებს უმოწყალოდ აქცევს განტევების ვაცებად, ხოლო მათ წინააღმდეგ ზიზღის მქადაგებლებს კი ლეგიტიმაციას ანიჭებს.

ბრენტონ ტარანტმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელმაც კრაისტჩერჩში, ახალ ზელანდიაში, მეჩეთში ცეცხლი გახსნა, 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. დიდ ბრიტანეთში, სარის საგრაფოში, შაბათ საღამოს, ტარანტის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის შთაგონებით, ცივი იარაღით მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში.

მართალია, თავად მედიის მიერ ასეთი ფაქტების გაშუქება მიდრეკილია იმისაკენ, რომ რასისტული ძალადობის სხვა შემთხვევები წაახალისოს - რითაც წყალს ასხამს ბოროტმოქმედთა წისქვილზე - არგუმენტი, რომ ასეთი თავდასხმები საერთოდ არ უნდა გაშუქდეს საფუძველს მოკლებული ჩანს არაერთი მიზეზის გამო, როგორც პრაქტიკის, ისე პრინციპების დონეზე. ამდენად, რჩება კითხვა როგორ უნდა გაშუქდეს ასეთი მოვლენები - და ვინაიდან ეს არც მეტი, არც ნაკლები, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა ცოტა შეიძლება იყოს.

ახალი ამბების მედიის მიზნებისა და პასუხისმგებლობების აღწერისას, ყველაზე მინიმალურად და არაორაზროვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არსებობენ ჩვენი ინფორმირებისათვის: რომ მოგვიყვნენ რა ხდება, გააანალიზონ ფაქტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგვაწოდონ შესაბამისი კონტექსტი, რათა მიღებული ინფორმაცია გავიაზროთ. კრაისტჩერჩის ხოცვა-ჟლეტვის შემთხვევაში, ეს უნდა ნიშნავდეს ისეთი შეკითხვების დასმას როგორიცაა: რატომ მოხდა ეს? რამდენად ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები? და თუკი ხშირია ასეთი შემთხვევები, რა პირობები უწყობს ხელს მსგავსი ინციდენტების რიცხვის ზრდას?

წამყვან ბრიტანულ მედიასაშუალებებს განსაკუთრებულად არ გაუმახვილებიათ ყურადღება ამ საკითხებზე. უმეტესწილად, მათი გაშუქება სამი მთავარი თემით შემოიფარგლებოდა.

პირველი: შოკი. პარასკევს მომხდარი თავდასხმის მსგავსი მოვლენები ყოველთვის იწვევს შოკს. რთულია შეაფასო გარდაცვალების შემთხვევებისა და მიყენებული ტანჯვის მასშტაბები, იმისდა მიუხედავად, რამდენად ხშირად ხდება ასეთი მოვლენები ან რამდენად მოსალონდელი ან მოულოდნელია ის. თუმცა ახალი ამბების პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა BBC-ის Newsnight, ასეთი სენტიმენტი სხვა რამეში გადაიზრდება ხოლმე. Newsnight განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმაზე, თითქოს კრაისტჩერჩის თავდასხმა „ციდან ჩამოვარდა“, ვინაიდან ტარანტის სახელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ადამიანთა არცერთ სიაში არ იძებნებოდა.

ეს საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ქმედებები „ციდან ჩამოვარდა“, თითქოს უფრო ფართო კონტექსტში არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ რაღაც ამდაგვარი სადღაც შეიძლება მომხდარიყო. მედია გაშუქებების უმეტესი ნაწილი იმასაც კი არ აღიარებს ხოლმე, რომ რასისტული ძალადობა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ბევრ ქვეყანაში იზრდება - მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სადაც ბრექსიტის რეფერენდუმის პერიოდში და რაფერენდუმამდე ასეთი დანაშაულები დრამატულად გაიზარდა. მაშინ, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ახალ ზელანდიაზე როგორც უნიკალურად ინკლუზიურ და ტოლერანტულ საზოგადოებაზე, ახალომსახლეთა კოლონიის ეს რომანტიკული იმიჯი, სადავოდ გადაიქცა.

ახალი ამბები გაშუქების მეორე თემა არის: სოციალური მედია. ხოცვა-ჟლეტვის დღეს, Newsnight-იცა და Channel 4 News-იც განსაკუთრებულად ფოკუსირდნენ ინტერნეტის და სოციალური მედიის, კერძოდ, Facebook-ის როლზე ამ სისასტიკის წახალისებასა და გამოსახულებების გავრცელებაში. იმ ფაქტმა, რომ მკვლელმა თავდასხმის პირდაპირი ეთერი გაუშვა Facebook-ზე, დამატებითი მსუსხავი განზომილება შესძინა ამ მოვლენებს. მაგრამ ამბის ამ კუთხით წარმოჩენა ემსახურება ყურადღებისა და დისკუსიის გადატანას სტრატეგიულად არაპროდუქტიული მიმართულებით. შედეგად საკითხი შემდეგნაირად დგება (როგორც მაგალითად Channel 4-ის ინტერვიური მოიქცა): „მუშაობენ თუ არა სოციალური მედიის კომპანიები საკმარისად კარგად?“ რაც რთულ, მაგრამ არასაკმარის დისკუსიაზე მიანიშნებს. როგორც ვხედავთ, ნაკლებად მოსალოდნელია - როგორც ტექნილოგიური, ისე პოლიტიკური მიზეზებით - ინტერნეტის ეფექტური „რეგულირება“. ინტერნეტსა და სოციალურ მედიაზე ასეთი ფოკუსირება კი ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ეს იყოს პასუხი კითხვაზე თუ რატომ იზრდება რადიკალური მემარჯვენე ძალადობა. ეს მიდგომა უფრო ფარტთო პოლიტიკასა და კულტურაზე, მათ შორის ახალ ამბებსა და მეინსტრიმულ მედიაზე ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას. მედია კარგი გამოდის, სოციალური მედია - ცუდი.

მესამე თემა არის უსაფრთხოება და კონტრ-ტერორიზმი. Newsnight-მა მაყურებელს შესთავაზა ინტერვიუ Prevent-ის „კოორდინატორთან“ - კონტრ-ტერორისტული კანონის, რომელიც ფართოდ შეფასდა როგორც რასისტული და რომელიც საჯარო მოხელეებს, როგორებიც არიან მასწავლებლები, სთხოვს იმოქმედონ ეფექტურად როგორც პოლიციისაა და უსაფრთხოების სამსახურების დანამატებმა, რათა „რადიკალიზაციის“ ნიშნების მონიტორინგი განახორციელონ თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამავდროულად, Channel 4-მა ინტერვიუ აიღო სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) წარმომადგენლისგან. ეს არის ანალიტიკური ინსტიტუტი, რომელიც „ექსტრემიზმთან გამკლავების რეალური გზების“ ძიებითაა დაკავებული. არც ისე დიდი ხნის წინ, ასეთ ორგანიზაციებს გარკვეული ეჭვის თვალით უყურებდნენ, რადგან ფაქტები ცხადყოფდა, რომ ისინი მუსლიმი მოსახლეობის დამატებით სტიგმატიზირებას უწყობდნენ ხელს, რაც სინამდვილეში ტერორიზმთან ბრძოლაში კონტრ-პროდუქტიული იყო. ახლა კი ისინი რეაბილიტირდნენ და ისლამოფობიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე გამოვიდნენ.

Channel 4-ისა და Newsnight-ის გაშუქებაში ყველაზე უხერხული ასპექტი ალბათ ის იყო, რომ პარასკევს მომხდარი ხოცვა-ჟლეტვის მინიმალური კონტექსტუალიზაცია ISD-ისა და Prevent-ის წარმომადგენლების იმედად დატოვეს. „ციდან ჩამოვარდნის“ ნარატივის საპასუხოდ ISD-ის სპიკერმა პირდაპირ განაცხადა: „რაღაც ამდაგვარისათვის ჩვენ წინასწარ შემზადებულები ვიყავით.“ BBC-ზე კი Prevent-ის კოორდინატორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა „ლეგიტიმური“ რადიკალური მემარჯვენეობის იდეა, რომელსაც შეუძლია, რომ კრაისტჩერჩში სალოცავად მისულ ადამიანებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას გაქეცეს: „დიდი ბოდიში მაგრამ შეუძლებელია რომ თან ევროპის ისლამიზაციის კონტექსტში „დიდი ჩანაცვლების“ ნარატივს ავრცელებდე და თან არ ელოდო, რომ ასეთ ლაპარაკს რეზონანსი არ მოჰყვება ტარანტის მსგავს ადამიანებში, რომლებიც მზად არიან ძალადობის აქტების ჩასადენად. შეუძლებელია რომ ჯერ ამ ნარატივს ავრცელებდე და მერე პასუხისმგებლობა მოიხსნა, როდესაც ვიღაც ძალადობას ჩაიდენს, რადგან სწორედ შენ კვებავდი ამ ნარატივს და ამ ძალადობას.“

მართალია კოორდინატორი ამ შემთხვევაში ერთ-ერთ რადიკალურ მემარჯვენე დაჯგუფებაზე „იდენტობის თაობაზე“ საუბრობდა, მაგრამ მისი სიტყვება თვითონ გადაცემა Newsnight-საც მიემართებოდა, ან ზოგადად ახალი ამბების მედიას. როგორც Newsnight-მა, ასევე Channel 4 News-მა კრაისტჩერჩის ხოცვა-ჟლეტვის დღე გადააქციეს რადიკალური მემარჯვენეებისათვის პლატფორმის მიცემის კიდევ ერთ შემთხვევად. მართალია მხოლოდ Newsnight-ის გაშუქებას მოჰყვა საჩივრები და პეტიცია, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ Channel 4-ის გაშუქება კიდევ უფრო უარესი იყო. მათ გაუშვეს ნაწყვეტი 2017 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან რეინოლდ კამიუსთან, რომელსაც ისინი მოიხსენიებდნენ როგორც „მოხუცი ფრანგი მემარჯვენე ინტელექტუალი.“

კრაისტჩერჩის მკვლელის „მანიფესტი“, რომელიც მან თავდასხვმამდე გაავრცელა ონლაინ, დასათაურებული იყო კამიუს 2012 წელს გამოცემული წიგნის „დიდი ჩანაცვლების“ მიხედვით, რომლითაც კამიუ ცდილობს გაავრცელოს თეორია, რომ თეთრკანიან ევროპელებს სისტემურად ანაცვლებენ მუქ კანიანი, არაქრისტიანი დამპყრობლები.

Channel 4-ის წამყვანი, ერთგვარი თავდაცვითი პოზიციიდან, ამბობდა, რომ კამიუს სიტყვები „უკუღმა ამოტრიალდა ექსტრემისტების გონებაში ... ახალმა ზელანდიამ კი ამგვარი მენტალური გამრუდებების ტრაგიკული შედეგები ნახა.“ იოტისოდენა განსხვავებით მისაღებ და მიუღებელ რასიზმს შორის, პროგრამა ცდილობდა აეხსნა, რომ „ბატონი კამიუ მხარს უჭერდა საფრანგეთიდან უცხოელების გაყრის მეთოდებს, მაგრამ ის არასდორს უჭერდა მხარს ძალადობას.“ სიტყვა „უცხოელები“ აქ მრავლისმთქმელია.

კამიუ განსაკუთრებით წუხდა საფრანგეთში მცხოვრებ ჩრდილო აფრიკელებსა და მუსლიმებზე - რომელთაგან ბევრი არა მხოლოდ მოქალაქეა ამ ქვეყნის, არამედ აქ დაიბადნენ. როგორ შეიძლება რომ არათეთრკანიანი მოსახლეობა საფრანგეთიდან გაიყვანო ძალადობის გარეშე (მაგრამ „ძალის“ გამოყენებით) გაუგებარი რჩება, თუმცა Channel 4-ის ანალიზის ლოგიკური ჯაჭვის ბოლო აქ როგორც ჩანს ის არის, რომ ადამიანი რასისტად ან „ექსტრემისტად“ მანამდე არ ითვლება, ვიდრე ის რეალურად არ აიღებს იარაღს ხელში და ცეცხლს არ გაუხსნის ადამიანებს.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რადიკალური მემარჯვენეებისა და რასისტების ხმის მეინსტრიმულ ახალ ამბებში გაჟღერების მხარდასაჭერად - გარდა „თავისუფალი სიტყვის“ სრულიად დამაბნეველი არგუმენტისა - იყოს ის, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი, რომ ისინი გამოწვევის წინაშე დააყენო და წარმოაჩინო იმდენად ცუდად, რომ მედიაში მათმა გამოჩენამ მხოლოდ და მხოლოდ დაანგრიოს მათი რეპუტაცია: „მიეცით თოკი მათ, რომ თავიანთი თავები ჩამოიხრჩონ.“ თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა პირობებით მოხდება მათი ჩართვა და რა კონტრ-ნარატივები იქნება მიწოდებული მაყურებლებისთვის. როგორც Channel 4-მა კამიუს, Newsnight-მაც უაპელაციოდ დაუთმო პლატფორმა „იდნტობის თაობის“ წარმომადგენელს. მისი მტკიცებით, კრაისტჩერჩის თავდასხმების მსგავსი შემთხვევები იმიგრაციის „გარდაუვალი“ შედეგებია. ყველაზე მწვავე კითხვა, რომელიც ამ თემაზე წამყვანმა დასვა იყო კომენტარი: „თქვენ ძალიან სერიოზულ რამეს ამბობთ ახლა.“

დამაჯერებელი ალტერნატიული ანალიზის არარსებობის პირობებში, საფრთხე არსებობს, რომ ის, რაც იდენტობის თაობის წარმომადგენელმა თქვა ბევრი ადამიანის ტვინში დარჩეს როგორც საკმაოდ გონივრული ნათქვამი. მან ცხადად დაგმო თავად ძალადობა, ნიშნად განმარტებასა და გამართლებას შორის განსხვავებისა, რასაც ასევე ეყრდნობიან ხოლმე ისინი, ვინც ისლამისტური ტერორის აქტების ახსნას ცდილობენ - რა თქმა უნდა, ყოველგვარი შენდობის გარეშე - ახლო აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთის მსგავსი ქვეყნების მოქმედებებით. ასეთი განსხვავების გაკეთება, შესაძლოა კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყოს ბევრისათვის მედიაში ვიდრე იდენტობის თაობის ლიდერის კონკრეტული ახსნა - ევფემისტური, ყალბი ნარატივი „კულტურულ შეუთავსებლობაზე“, რომელსაც გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე მეინსტრიმული მედიის დიდ ნაწილში იმიგრაციასთან დაკავშირებით. მართლაც, იგივე მედიები სწრაფადვე გაბრაზდებიან ხოლმე, როდესაც მემარცხენეები გაბედავენ და მიანიშნებენ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის როლზე ისლამისტური ტერორის გაღვივებაში. თუმცა, რატომ წავიდეთ უფრო სიღრმეებში, როცა შეგვიძლია რომ ISIS-ის თავდასხმები სოციალურ მედიას დავაბრალოთ?

რადიკალური მემარჯვენეობისა და ისლამისტური ტერორიზმის შედარება გაგრძელდა დამატებით თემად პარასკევის ტელე გაშუქებებში, რაც ბეჭდურ მედიაშიც გამეორდა. სახეზე გვქონდა ორი, ერთმანეთის საპირისპირო ტერორიზმის ფორმა, რომლებიც სარკისებურად იმეორებენ ერთმანეთს. შესაძლოა აქამდე ზედმეტად ვფოკუსირდებოდით ხოლმე ისლამისტურ საფრთხეზე, მაგრამ ახლა, კრაისტჩერჩის შემდეგ, „ბალანსი“ აღდგება. ეს ორი ფენომენი წარმოდგენილი იყო როგორც თანაბარი თავისი წარმოშობისა და სტრატეგიის ნიშნით (ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენება), მათი მორალური სტატუსით (ორივე თანაბრად ზიზღის აღმძვრელი), და მათთან ბრძოლის საშუალებების მიხედვით (რეგულაცია და თვალთვალი).

მაგრამ პარალელი ცუდად არის გავლებული. თუკი რადიკალურ მემარჯვენე ტერორს ჰყავს ოპოზიტი ან ანალოგი, ამისათვის უფრო ცხადი კანდიდატი რადიკალური მემარცხენე ტერორი იქნებოდა - თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მომენტში ვირტუალურად ის არ არსებობს. ამიტომაც, „ისლამისტებს“ შეუძლიათ ეს ნიშა შეავსონ. ორივე ტერმინი - „რადიკალური მემარჯვენე“ და „ისლამისტი“ - ასევე წარმოადგენს საკითხში წამოჭრილი ფენომენის რასობრივი განზომილების თავის არიდების საშუალებას (ტერმინი „თეთრი რასის უპირატესობის რწმენის მომხრე“, რომელიც ტარანტის მსგავსი ადამიანების გაცილებით უფრო ინფორმაციული აღმწერი იქნებოდა, იშვიათად გამოიყენება ხოლმე.)

მეტიც, ეს ფენომენები განსხვავდებიან ფუნდამენტურად თავიანთ კონტექსტებში, მასშტაბებსა და მიზეზობრიობაში. რადიკალური მემარჯვენეები შესაძლოა მუდმივად მიანიშნებდნენ საზოგადოების „ისლამიზაციაზე“ მაგრამ ამას არაფერი აქვს რეალობასთან საერთო. თეთრკანიანი ქრისტიანები და ათეისტები დიდ ბრიტანეთში არ ცხოვრობენ მუდმივი შევიწროვების საფრთხის ქვეშ მათი კანის ფერის ან რელიგიური კუთვნილების გამო.

თავდასხმები, რომლების მოწმენიც გავხდით დიდ ბრიტანეთში, გასული რამდენიმე წლის მანძილზე, ისეთი ჯგუფების მიმდევრების მიერ, როგორიც არის ISIS, არ მომხდარა ისლამური რადიკალიზმის ფართოდ გავრცელების საფუძველზე. ისინი მოხდნენ, რასაც სულ უფრო ხშირად ადასტურებს რიცხვები როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან, როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები. თუკი ამას არ მივიჩნევთ ისლამურ სამყაროში ბრიტანეთის მოქმედებების საპასუხო პირდაპირ საპროტესტო ქმედებებს, მაშინ ის არის - როგორც ამის შესახებ ლეიბორისტთა ლიდერმა განაცხადა მანჩესტერის აფეთქების შემდეგ, 2017 წლის გენერალური არჩევნების წინ - დასავლური სამხედრო ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების განადგურების შედეგი. განადგურების, რომელმაც გააჩინა ქაოსი და სასოწარკვეთილება, რომლის პირობებში ისეთმა ორგანიზაციებმა დაიწყეს აღზევება როგორიცაა ISIS.

ამის საპირისპიროდ კი, რადიკალურ მემარჯვენეობაზე ან თეთრი რასის უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული ძალადობა წარმოადგენს ფუნდამენტურ გაგრძელებას გარშემო არსებული პოლიტიკური და კულტურული კლიმატის - რაშიც მედია ინსტრუმენტულ როლს ასრულებს. იგი იქმნება არა თავად იმიგრაციის, ან „განსხვავების“ მიზეზით, არამედ მედიისა და პოლიტიკური კლასის მიერ, რომლებიც უმოწყალოდ აქცევენ იმიგრანტებსა და მუსლიმებს განტევების ვაცებად, მაშინ როდესაც ანიჭებენ ლეგიტიმაციას იმათ, ვინც ზემოხსენებული ჯგუფების წინააღმდეგ ზიზღს ქადაგებს. კრაისტჩერჩის ხოცვა-ჟლეტვის გაშუქებაც არ წარმოადგენდა გამონაკლისს.
კატეგორია: რესურსები

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება და დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. საზოგადოებისათვის ინფორმაციის სათანადოდ მისატანად კი მედიას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ეს არის გენეტიკური ცვლილება და შესაბამისად დაუნის სინდრომით ადამიანები არ ავადდებიან, ისინი ასეთებად იბადებიან და აღნიშნული სინდრომი არც მემკვიდრობითია და არც გადამდები. დაუნის სინდრომის მქონე თითოეული ადამიანი ისეთივე უნიკალური და სრულყოფილი ადამიანია, როგორც ყველა სხვა მოქალაქე. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები იმავე საჭიროებებისა და გრძნობების პატრონები არიან, როგორც ყველა სხვა მოაქალაქე. შესაბამისად ამ სინდრომის მქონე ადამიანებს მედია ისე უნდა მოპყრას როგორც სრულყოფილ ინდივიდებს.

როგორც დაუნის სინდრომის ასოციაცია აღნიშნავს საკუთარ ვებ-გვერდზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდეს ისე, რომ დაცული იყოს ფაქტობრივი სიზუსტე და ამასთანვე, გაშუქებისას გამოყენებული ინფორმაცია, მიდგომები და სიტყვები არ იყოს შეუარცხმყოფელი როგორც ამ სინდრომის მქონე ადამიანების, ისე მათი ახლობლებისა და ოჯახის წევრებისათვის.

Down Syndrome Australia მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე რჩევას უზიარებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გაშუქებისას, ამბის მომზადებამდე, მომზადების პროცესში და ამბის გამოქვეყნებამდე.


⇒    მასალაზე მუშაობის დაწყებამდე:

  • დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია თემის გაშუქებისას ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობაზე ფოკუსირება;
  • მიეცით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს საშუალება, დააფიქსიროს თავისი აზრი, თუნდაც ეს გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდებოდეს;
  • წარმოაჩინეთ ადამიანი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი;
  • ეცადეთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია, არ წარმოაჩინოთ როგორც „გმირი/შთამაგონებელი“;
  • თავიდან აირიდეთ ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „მიუხედავად სირთულეებისა“ ან „წინააღმდეგობების გადალახვის მიუხედავად“ როდესაც ადამიანის მიღწევაზე საუბრობთ;
  • დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს ან ეწევიან ყოველდღიურ საქმიანობას, არ წარმოაჩინოთ როგორც „ექსტრაორდინარული.“
  • არ წარმოაჩინოთ დაუნის სინდრომი როგორც ტრაგედია, უბედურება ან ავადმყოფობა;
  • ნუ გათქვამთ ზედმეტ, არასაჭირო ინფორმაციას ადამიანის შესახებ.


⇒   მასალაზე მუშაობისას
  • ინტერვიუს ჩაწერამდე დაფიქრდით გარემოზე, სადაც შეხვედრა უნდა შედგეს: არის თუ არა ეს ადგილი ხელმისაწვდომი ყველასათვის, რამდენად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის თავად ადგილი, პარკინგი ან ტუალეტები ამ გარემოში?
  • საჭირო იქნება თუ არა დამატებითი დახმარება, მაგალითად გადაადგილებაში მომხმარე ადამიანი ან ჟესტების ენის მცოდნე. ჰკითხეთ ადამიანს, სჭირდება თუ არა რაიმე დახმარება;
  • ჰკითხეთ ადამიანებს როგორ გრძნობენ თავს - თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და შესაძლოა საკუთარ შეზთუდულ შესაძლებლობას განსხვავებულად აღიქვამდეს;
  • ჰკითხეთ აზრი, როგორ სურთ მათ თავიანთი შეზღუდული შესაძლებლობის აღწერა;
  • ეცადეთ თავად ამ ადამიანზე კონცენტრირდეთ ინტერვიუს მსვლელობისას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათზე მზრუნველი, მათი ოჯახის წევრი ან მეგობარი ცდილობს მათ მაგივრად საუბარს;
  • მიეცით ადამიანებს საკმარისი დრო პასუხის გასაცემად;
  • თუკი შეზღუდული შესაძლებლობა მთავარია გასაშუქებელ საკითხში, დასვით მძიმე შეკითხვები - ნუ მიიჩნევთ, რომ ადამიანი, შეზღუდული შესაძლებლობის ქონის გამო ზედმეტად სენსიტიური იქნება იმაზე საუბრისას თუ როგორ უმკლავდება ის სხვადასხვა საკითხებს;
  • სათანადო ყურადღება მიაქციეთ ვიზუალურ მხარს:
                  • გამოიყენეთ ფოტო, რომელიც ადამიანს პოზიტიურად წარმოაჩენს და არა ფოტო, რომელიც მას როგორც საწყალს ან მსხვერპლს წარმოაჩენს;
                   აქცენტი ადამიანი შეზღუდულ შესაძლებლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთეთ თუკი ეს ამბისთვის უმთავარესია;
                   ფოტო- და ვიდეოგადაღებებში ნუ მოახვერდრებთ მზრუნველებს ან ოჯახის წევრებს, ეცადეთ ადამიანი წარმოაჩინოთ როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი;
                   ეცადეთ, განსაკუთრებული აქცენტი არ გააკეთოთ ან არ ჩამოჭრათ/დამალოთ სხვადასხვა აღწურვილობები, მაგალითად, ეტლები - ფოკუსირება მოახდინეთ ადამიანზე, ისე როგორც მოიქცეოდით სხვა ადამიანების შემთხვევაში;
                  თუკი ეს ამბის ცენტრალური ხაზი არ არის, ნუ აჩვენებთ ადამიანს იზოლირებულად. დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ადამიანი საკმაოდ აქტიურად არის საზოგადოებაში ჩართული;

  alt

⇒    დაბოლოს,

დაუსვით თქვენს თავს კითხვები

  • ეს ამბავი ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას შეეხება? თუ არა, მაშინ ნუ ახსენებთ საერთოდ მას;
  • სათანადოდ არის თუ არა აღწერილი ადამაინი და მისი შეზღუდული შესაძლებლობა (გადაამოწმე ენა).
  • გადაჭარბებულად ემოციურ ენას ხომ არ იყენებს თქვენი ნაშრომი? მაგ. ტრიუმფი/ტრაგედია;
  • ჰედლაინი ან ლიდი სათანადოა? ეცადე გამოიყენო პრინციპი - ადამიანი პირველ რიგში;
  • არის თუ არა ვიზუალი სენსიტიური და სათანადო? (იხ, ვიზუალთან დაკავშირებული რჩევები ზემოთ).
  • გამოყენებულია თუ არა ციტატები ინტერვიუდან?
  • რა არის დაუნის სინდრომი?
  • ვის შეიძლება რომ მივმართო პროფესიული წრეებიდან, სათანადო ინფორმაციის მისაღებად?
კატეგორია: საქართველო

2018 წელს, საქართველოს მოქალაქეებს, ზოგადად, საშუალება ჰქონდათ, ესარგებლათ გამოხატვის, მათ შორის, პრესის თავისუფლებით, თუმცა, ზოგჯერ ფიქსირდებოდა ბრალდებები მთავრობის მისამართით, აღნიშნული უფლებების არასათანადოდ დაცვის გამო. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება კი, 2018 წლის მანძილზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიის პლურალიზმს ასახელებდა. ამის შესახებ საუბარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2018 წლის ანგარიშშია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ანგარიში პრესისა და მედიის თავისუფლების, ძალადობისა და შევიწროებისა და მედიაზე ზეგავლენის კუთხით არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს და პრობლემურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

მედიის თავისუფლების თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის ფაქტსა და მეპატრონეთა მიერ ხელისუფლების ზეწოლის ბრალდებებს. „იბერიის“ დახურვასთან ერთად, სამი ტელეკომპანიის (იმედი, GDS, მაესტრო) გაერთიანება არის დასახელებული მედიის პლურალიზმის შემცირებისა და მმართველი ძალის სასარგებლოდ მედიების კონცენტრირების მიზეზად. ამავე კონტექსტში, ანგარიში საუბრობს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ახლო ურთიერთობებს. მედიამონიტორინგმა კი აჩვენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოება ხელისუფლების სასარგებლოდ.

ანგარიშში საუბარი შეეხება 2017 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო, საპარლამენტო უმრავლესობამ კი აღნიშნული ვეტო 2018 წელის დასაწყისში დაძლია. შეცვლილი კანონმდებლობის შედეგად კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, სხვა ტელეკომპანიების შემოსავლების კლების პარალელურად.

ანგარიშში საუბარია მედიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და პლურალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც:

„კანონის მიხედვით, მედიასაშუალებები ვალდებულებია არიან, რომ გაასაჯაროონ ინფორმაცია თავიანთი მფლობელების შესახებ. მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებამ თუკი მომხმარებლებს მისცა საშუალება, რომ უკეთ განესაჯათ ახალი ამბები ობიექტურობა, მაუწყებლების ფინანსური წყაროების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონი ბოლომდე არ სრულდბოდა.

ზოგიერთი მედიასაშუალება, უოჩდოგი ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავდნენ წუხილს მედია პლურალიზმისა და მედიაში პოლიტიკური ზეგავლენების შესახებ, განსაკუთრებით კი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ.“

ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და შევიწროვებასთან დაკავშირებით კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის მარტში ქართული მარშის მიერ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე მოწყობილ თავდასხმას, რომელიც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის იესო ქრისტეზე ნათქვამ ხუმრობას მოჰყვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უფლებადამცველთა მოთხოვნის საფუძველზე, შსს-მ თავდამსხმელებზე აღძრა საქმე, თუმცა ბრალდებულები სასამართლომ თავდებით გამოუშვა.

ანგარიშში მოკლედ არის საუბარი საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების საკითხებზეც. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნულია რომ არ ფიქსირდება მთავრობის მიერ ინტერნეტის შეზღუდვის ან ცენზურის შემთხვევები, თუმცა პრობლემურ საკითხად რჩება 2017 წელს მიღებული მიყურადების კანონი, რომელიც მთავრობას ინტერნეტ-მომხმარებელთა მონაცმებზე გადაჭარბებულ ხელმისაწვდომობის საშუალებას აძლევს. ამავე კონტექსტში გამახვილებულია ყურადღება ინტერნეტსერვისების სიძვირესა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, განსაკუთრებით, საქართველოს რეგიონებში.

 

 

კატეგორია: საქართველო

2019 წლის 10 თებერვალს, ბელგიის პატარა ქალაქ ლიეჟში, ქართველ ემიგრანტთა ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად შეიკრიბა. შეხვედრაზე ერთმანეთს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. იმ დღეს ლიეჟში გამართული შეკრება სამი წამყვანი ქართული ტელევიზიის მთავარი თემა გახლდათ. თუმცა, თუკი თქვენ საღამოს საინფორმაციო გამოშვებას „რუსთავი 2-ზე” უყურებდით, დიდი ალბათობით, ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების შესახებ იმ მოქალაქეებისაგან განსხვავებული წარმოდგენა შეგექმნებოდათ, ვინც 10 თებერვლის საღამოს „იმედს“ ან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს უყურებდა. როგორც "მედიაჩეკერის"  მონიტორინგმა აჩვენა, ამ დღეს სხვადასხვა ტელევიზიის მაყურებელი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ მესიჯებს ისმენდა. განსხვავებული იყო თემის გაშუქების კუთხეები და ინტენსივობაც.

ქართული ტელემედიის რეგულარული მაყურებლებისათვის სხვადასხვა არხისგან რეალობის განსხვავებული სურათების მიღება გასაკვირი ნამდვილდ არ იქნება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, „რუსთავი 2“ კი იმჟამინდელი მფლობელების ხელში დარჩა, ორი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის განსხვავებული პოლიტიკური კეთილგანწყობა უბრალო მოცემულობად იქცა ჩვენს მედიარეალობაში და ამის უარყოფას თავად ტელევიზიებიც არ ცდილობენ მაინცდამაინც. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული გენერალური დირექტორი მოვიდა, პირველი არხიც “ტელეიმედის” ბანაკში აღმოჩნდა, რაზეც თავად არხისავე სამეურვეო საბჭოს მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნა ცხადყოფს.

ტელეკომპანიების პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პოლიტიკურ შკალაზე მათი საპირისპირო პოლუსებისკენ აშკარა გადახრაზე მიუთითებდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ: „2018 წელს კი, [ტელევიზიების] მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით ‐ „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“.

საჯარო სივრცეში მედიების ასეთ გადაჯგუფებას პოლიტიკური პოლუსების მიხედვით, როგორც წესი, პოლარიზაციად მოიხსენიებენ ხოლმე ექსპერტები. თუმცა, ფართო მკითხველისათვის შესაძლოა ბუნდოვანი რჩებოდეს უფრო ზუსტად რა პროცესია იგი, რა უწყობს ხელს პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის წარმოშობას, რა როლი აქვს ამ ყველაფერში მედიას და რა ზეგავლენა აქვს მას თავად მედია გარემოსა თუ საზოგადოებაზე.

 ♦  რას ნიშნავს პოლარიზაცია და როგორ ვლინდება ის ქართულ პოლიტიკაში?

პოლიტიკური პოლარიზაცია, თავისი არსით, კომპლექსური და კონტექსტზე მიბმული საკითხია. უპირველეს ყოვლისა, იგი დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე. აქედან გამომდინარე, რთულია პოლარიზაციის გამომწვევ მიზეზებსა თუ შედეგებზე ერთნაირად ისაუბრო მაგალითად, აშშ-სა და საქართველოში. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია, გამოვყოთ რამდენიმე ნიშანი, რომელიც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს ახასიათებს გეოგრაფიისა თუ ისტორიული განვითარების დამოუკიდებლად.

პოლარიზაციამ შესაძლოა განსხვავებული ფორმები მიიღოს და გამოიხატოს, მაგალითად, პარტიულ პოლიტიკაში სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებაში, ინტერეს ჯგუფებს შორის იდეოლოგიური ნაპრალის გაღრმავებასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დემოკრატიისათვის აუცილებელი დისკუსიის შეუძლებლობაში.

პოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელია ელიტებისა და მასების დონეზეც. მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებსა თუ მედიასაშუალებებს შორის პოლიტიკური უფსკრულის გაღრმავება და მათი სხვადასხვა პოლიტიკური პოლუსისასკენ გადახრა ელიტურ პოლარიზაციად შეიძლება დავინახოთ. ამისაგან განსხვავებული პროცესია პოლარიზაცია, რომელიც შესაძლოა ფართო საზოგადოებაში გაჩნდეს და წარმოიქმნას ელიტების ძალისხმევით.
მიუხედავად კომპლექსურობისა და მასში მრავალი ცვლადის არსებობისა, ერთი რამ ცხადია, პოლარიზაცია არ არის უბრალოდ უთანხმოება პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის ჯგუფებს შორის. ის უფრო მასშტაბური პროცესია და საზოგადოებასა და პოლიტიკურ სივრცეზე მისი გავლენაც უფრო შორსმიმავალია.

„პოლარიზაცია საქართველოში ძირითადად, პოლიტიკური და პერსონალურია, განსხვავებით იდეოლოგიურისგან. ტრადიციულად, ქართული პოლიტიკური პარტიები იდენტიფიცირდებიან არა საკუთარი იდეოლოგიებით, არამედ პარტიების ლიდერების მეშვეობით. “ - ვკითხულობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და Democracy Reporting International-ის (DRI) ერთობლივ ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში არსებულ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოსა და მისი გამოსწორების გზებზე საუბრობს.

ამ შეხედულებას იზიარებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩიაც და აღნიშნავს, რომ თუკი „დასავლეთში პოლარიზაციას ძირითადად განაპირობებს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებლები, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაცია გვაქვს, რომელიც ძირითადად ასოცირდება ქარიზმატულ ლიდერებთან და ალტერნატიული აზრის არქონასთან.“

კაკაჩიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამგვარი პოლარიზაციისა არის პოლიტიკური პარტიების დაშორება რეალური საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესებისაგან.

 ♦    მედიის როლი პოლარიზაციაში და ქართული კონტექსტი

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პროფესიულ თუ აკადემიურ წრეებში ხშირია საუბარი მიკერძოებული მედიასაშუალებების როლზე პოლიტიკურ პოლარიზაციაში. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური თუ მედია პოლარიზაცია ყველაზე კარგადაა შესწავლილი ამერიკის შეერთებული შტატებია. პოლიტოლოგი მეთიუ ლევენდუსკის მტკიცებით, მიკერძოებულ მედიასაშუალებებს, რომლებიც ფაქტებს ცალმხრივად წარმოაჩენენ და თავს არიდებენ ობიექტურობისა და ბალანსის დაცვას, შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ როგორც ზოგადად მოსახლეობაზე, ისე სხვა მედიაორგანიზაციების ახალი ამბების დღის წესრიგსა თუ პოლიტიკურ ელიტაზე. ლევენდუსკი იქვე აღნიშნავს, რომ ეს გავლენა მართალია ქმნის გამოწვევებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მისი შედეგები შესაძლოა ისეთი მასშტაბური სულაც არ იყოს, როგორც ამის თავდაპირველად ეშინოდათ ექსპერტებს.

პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრის, მარკუს პრიორის თქმით კი, კვლევებით არ დასტურდება, რომ მიკერძოებულმა მედიასაშუალებებმა ამერიკელი ამომრჩეველი უფრო მიკერძოებული გახადა. ასეთ მედიებს უფრო დრამატული გავლენა შეიძლება ჰქონდეთ იდეოლოგიურად უკვე პოლარიზებულ ადამიანებზე. პრიორის მტკიცებით, აშშ-ში მიკერძოებული მედიები მიუმხრობელ ამომრჩეველზე მეტად სწორედ ასეთ მიკერძოებულ ამომრჩეველზე ახდენს გავლენას და წვლილი შეაქვს მათ კიდევ უფრო რადიკალიზებაში.

თუმცა, ამერიკულ მედიებსა და ამომრჩევლებს შორის ურთიერთმიმართება შესაძლოა ქართული რეალობის აღსაწერად არ გამოგვადგეს. „ხშირად გამიგია, რომ ეს პოლარიზაცია არ არის ცუდი, აი, ნახე, ამერიკაშიც არის ასე, იქაც არის Fox News. საქართველოს და ამერიკას რომ ვადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებლობებში, საზოგადოებაში, მედიასა თუ პოლიტიკურ გარემოში ძალიან დიდი განსხვავებაა. Fox News რომ აქვთ, იქ, კიდევ არსებობს ალტერნატიული 200 არხი. საქართველოში, რეალურად, პრობლემა ის არის, რომ აქ არჩევანი არ გვაქვს,“ - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

ქართულ და ამერიკულ რეალობას შორის კიდევ ერთ სხვაობაზე საუბრობს მედიამკლვევარი ნინო დანელია. მისი თქმით, გარდა იდეოლოგიისა, თუკი ამერიკაში მედიებზე კორპორაციებისა და ბიზნესის გავლენა არის უფრო მნიშვნელოვანი თემა, ჩვენს რეალობაში ასეთი გავლენები მედიაზე, როგორც წესი, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული ბიზნესის მეშვეობით აისახება ხოლმე. მისი თქმით, მედიაგარემოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრისას კი უპირველესად იგულისხმება ტელევიზია, როგორც ყველაზე მკაფიოდ გაყოფილი მედიასივრცე ვინაიდან ტელეჟურნალისტები არიან პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენას აშუქებენ.

ნინო დანელიას თქმით, ტელევიზიების მიკერძოების დასანახად საკმარისია დავაკვირდეთ შემდეგ ნიშნებს: 1) თემები, რომლებსაც აშუქებენ ან არ აშუქებენ მედიასაშუალებები; 2) რესპონდენტები ანუ ინფორმაციის წყაროები მედიებისთვის; და 3) ჟურნალისტურ ტექსტებში გამოყენებული სიტყვები, განსაკუთრებით კი ზედსართავი სახელები, რომლებსაც ისინი იყენებენ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში.

ამ ნიშნებზე დაკვირვებით შესაძლოა გამოვყოთ ორი მთავარი მოთამაშე ბაზარზე: “რუსთავი 2”, რომელიც ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის სფეროდ მიიჩნევა და ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ არის მიკერძოებული. მესამე კი ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც გავლენიანობით კონკურენციას ვერ უწევს ზემოხსენებულ ორ ტელევიზიას, თუმცა, ბიუჯეტით ბევრად აღემატება მათ.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ქართულ რეალობაზე საუბრისას შესაძლოა პოლარიზაცია სულაც არ იყოს ის ტერმინი, რომელიც რეალობას სრულად ასახავს.

„ჩვენ პოლუსები არა გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფები, თუმცა, რომ ვთქვათ, რის გამო არიან ისინი დაპირისპირებულები, რა არის მთავარი პოლიტიკური სოციალ-ეკონომიკური ან ღირებულებითი ასპექტები, ხშირად ჭირს,“ - აღნიშნავს ქორიძე პოლიტიკურ პოლარიზაციაზე საუბრისას, - „რაკი ასეთი მდგომარეობაა, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს რჩებათ ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც ისინი მოახერხებენ საზოგადოების მობილიზებას და ამომრჩევლის აქტივიზაციას - ეს არის მედია. არის პროდუქტი მიშა და არის პროდუქტი ანტიმიშა. დღეს ამაზე არიან ორიენტირებულნი მედიის ის დაჯგუფებები, რომელთაც მოვიხსენიებთ პოლარიზებულებად. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ესენი არიან პოლუსები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ მედიებში შინაარსი არის განსხვავებული”.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილიც მიიჩნევს, რომ ქართული მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს არხები უკვე წლებია ჩამოყალიბდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად. მისი შეფასებით, შეიძლება რამდენიმე მედიასაშუალების მონიშვნაც, რომლებიც არ არიან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების გამტარებლები, თუმცა მათი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე უმნიშვნელოა.

 ♦    პოლარიზებული მედიაგარემოს გავლენა საზოგადოებაზე

იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ზემოთ ხსენებული სამი მედიასაშუალებიდან სამივე ერთ პოლიტიკურ პოლუსზე იმყოფებოდა და ზოგჯერ ერთმანეთის იდენტური ტექსტებით აწვდიდა მაყურებელს ინფორმაციას, დღეს არსებული ორპოლუსიანობა შესაძლოა წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს მედიასივრცის პლურალიზმის თვალსაზრისით.

„ჩვენ გვქონდა სამი ეროვნული მაუწყებელი, რომლისთვისაც ახალი ამბები, ხშირად, იწერებოდა შსს-ში ან პროკურატურაში და მერე პირდაპირ მიდიოდა რედაქციაში. ფაქტობრივად, აქ ჩანდა ავტორიტარიზმის ნიშნები,“ - აღნიშნავს ნინო დანელია და დასძენს, - „რაც არ უნდა ცუდი იყოს რადიკალიზებული და პოლარიზებული მედიაგარემო, ცალსახად ახლა უკეთესი მდგომარეობაა გარემოს თვალსაზრისით, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.“

მედიის პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პოლარიზებას კონკრეტული გავლენა აქვს საზოგადოებაზე და ამ გავლენების კონკრეტულ შედეგებზეც შეგვიძლია საუბარი.

NDI-ის დაკვეთით, CRRC-ის ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ მაგალითად, 2018 წლის დეკემბერში, იმ მოქალაქეების 72%, რომელიც ამბობდა, რომ “ქართული ოცნება" იდგა მათ შეხედულებებთან ახლოს, სრულად ენდობოდა “იმედს” და პირიქით, იმ ადამიანების 59%, ვინც ამბობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დგას ახლოს მათ შეხედულებებთან, სრულად ენდობოდა “რუსთავი 2-ს”. შესაბამისად, პოლიტიკურ პრეფერენციებსა და მედიასაშუალებების ნდობის მაჩვენებლებს შორის კავშირი ცალსახაა.

 

 

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მედიის ასეთი პოლარიზაცია ზრდის საზოგადოების არაჯანსაღ გაყოფასაც. მისი თქმით, ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენა პოლარიზებულ მედიებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ძალის ინტერესებიდან გამომდინარეა ნაჩვენები და მას საფუძვლად არ უდევს საგნობრივი დისკუსია.

„არავის არ აინტერესებს არგუმენტები, სიღრმეში ჩასვლა, სხვა ქვეყნის გამოცდილებებთან შედარება. რამე რომ მოხდება, ერთი მედია აცხადებს, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ იზრდება მმართველი პარტიის ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის ხარისხი, მეორე მედია აცხადებს, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. ასეთ სრულიად არასერიოზულ დებატებში გადადის ხოლმე დისკუსია,“ - აღნიშნავს სოციოლოგი.

ზვიად ქორიძის შეფასებით კი პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებული მედია, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის არაინფორმირებულობის რისკებს ზრდის.

„დღეს, მაგალითად, “რუსთავი 2-ის” მაყურებელს სჯერა, რომ დეკანოზი მამალაძე არის უმწიკვლო. “იმედის” მაყურებელს სჯერა, რომ მთლად ასე არ არის. თუმცა, ამ მაყურებლებს რომ მოუყარო ერთად თავი და ჰკითხო რა ხდება, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ მოგიყვება ამბავს. ჩვენ არა გვაქვს ფაქტების ჟურნალისტიკა, ჩვენ გვაქვს განწყობების ჟურნალისტიკა და განწყობების ჟურნალისტიკაში, რა თქმა უნდა, უკვე ტენდენციას არ კარნახობს ჟურნალისტი, ის კი არ ადგენს და იკვლევს ფაქტს, ის მიყვება რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას.“

ნინო დანელიას შეფასებით, პოლარიზებული მედიაგარემო საბოლოოდ პოლიტიკური სივრცის რადიკალიზებას უწყობს ხელს საქართველოში, ვინაიდან მოქალაქეებიც ორ ბანაკად იყოფიან.

“ეს იწვევს იმას, რომ მოქალაქეებს აღარ აქვთ სურვილი, ანგარიშვალდებული ამყოფონ საკუთარი რჩეულები, სულ ერთია ეს იქნება ოპოზიციიდან თუ მმართველი პარტიიდან. ისინი არიან განწყობილები საომრად და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ხოლმე საარჩევნო პერიოდში. არჩევნები არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, ეს არის ხან დიდგორის ბრძოლა, ხან რაღაც სამკვდრო-სასიცოცხლოს მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი ფალავნები გაიყვანონ ფონს და არა პოლიტიკოსები“, - ამბობს დანელია “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

საერთაშორისო გამოცდილებით, პოლარიზაციას შესაძლოა პოზიტიური ასპექტიც ჰქონდეს. მაგალითად, მან შესაძლოა ხელი შეუწყოს ამომრჩევლებში რეალისტური მოლოდინების გაჩენას პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით. პოლარიზაციის შედეგად მოქალაქეებს უფრო ცხადი წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ თუ რა პოზიციაზე იქნებიან პოლიტიკური პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

თუმცა, ქართულ რეალობაში ამაზე საუბარიც ჭირს. როგორც სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა “მედიაჩეკერს” უთხრა, ამის მიზეზი ისევ და ისევ ჩვენი პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ. კონკრეტულად კი იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური სუბიექტები იდეოლიგიურ-ღირებულებითი ნიშნით არ არიან გაყოფილები.

„ჩვენთან ღირებულებათა სისტემებს შორის და იდეოლოგიური ბრძოლის ნაცვლად, დისკუსია გადატანილია პოლიტიკური ინტრიგების და ძალაუფლებისთვის ბრძოლის სფეროში. ღირებულებებისგან დაცლილ თუ იდელოგიური ფონის არ მქონე ძალაუფლების განაწილებისთვის ბრძოლას რომ ხედავს მოქალაქე, ეს ხდება ნიჰილიზმის და არა ელექტორატის დაწმენდის საფუძველი", - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

 ♦    დეპოლარიზაციის პერსპექტივები და საზოგადოებრივი მაუწყებლის შანსი

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პოლარიზებული მედიაგარემოს კონტექსტში წამოიჭრება ხოლმე, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და ადგილი მიმდინარე პროცესებში. პოლარიზებული მედიაგარემო შესაძლოა, ძალზე ხელსაყრელ პირობებს აჩენდეს, იმისათვის, რომ მაუწყებელმა სათანადო ადგილი დაიკავოს არხების ჩამონათვალში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც პოლარიზებულ მედიაგარემოში ალტერნატივას ეძებს, სავსებით რეალურია, არჩევანი საბიუჯეტო კმაყოფაზე მყოფ არხზე გააკეთოს, თუკი მაუწყებელი მათ იმას შესთავაზებს, რასაც “იმედი” და “რუსთავი 2” ვერ ახერხებენ.

ნინო დანელიას თქმით, 2013-14 წლებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნელ-ნელა დაიწყო იმ ადგილის დაკავება, რაც უნდა ჰქონოდა მას, როგორც ხალხისაგან დაფინანსებულ მედიასაშუალებას. თუმცა, როგორც დანელია აღნიშნავს, 2014 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო მედიაგარემოს მიზანმიმართული დამორჩილება. ეს ხილული გახდა მედიასაშუალებებში, სადაც მთავრობა აკონტროლებდა მფლობელებსა და მენეჯმენტს, კერძოდ კი - “მაესტროსა” და ტელეკომპანია “იმედში”, საიდანაც წამყვანი ჟურნალისტები გამოუშვეს ან იძულებულები გახადეს, რომ წამოსულიყვნენ.

სწორედ ამ პროცესის ნაწილად შეიძლება დავინახოთ ისიც, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა, განახლებული მენეჯმენტის მოსვლით.

„წესითა და რიგით, ასეთ დროს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, უნდა მოახდინოს ამ გაფანტული რესურსების მობილიზება, მოიყვანოს მაყურებელი და უთხრას, რომ მე შენ მოგიყვები ფაქტებს, ერთად ვისაუბრებთ ტენდენციებზე და მოდი, ერთად ვნახოთ რა ხდება ჩვენს თავს, მათ შორის, ვისაუბროთ “იმედზეც” და “რუსთავი 2-ზეც”, იმიტომ რომ ისინი არიან მთავარი ენერგეტიკული ბომბები,”- ამბობს ზვიად ქორიძე.

თუმცა, რეალურად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც ვერ შეძლო ამ პოლუსებისაგან შორის ყოფნა და როგორც ზემოთ აღნიშნული მედიამონიტორინგის თუ ექსპერტთა შეფასებები ადასტურებს, ისიც “იმედის” ბანაკში ვიხილეთ.

პოლარიზებული მედიაგარემოს საზოგადოებრივ გავლენებზე საუბრისას, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ აღნიშნული სიტუაციიდან რამდენიმე შესაძლო გამოსავალზე.

ზვიად ქორიძის თქმით, პრობლემის სათავე უნდა ვეძებოთ არა ნებაში, თუ როდის გაათავისუფლებენ პოლიტიკური ძალები მედიასაშუალებებს კონტროლისაგან, არამედ ჟურნალისტთა არაკვალიფიციურობაში: „აკვირდებით ხო, როცა იცვლება პოლიტიკური ამინდი, კონვულსიები ეწყებათ ხოლმე ამ მედიასაშუალებებს, ეძებენ ახალ პატრონს, ახალ მიდგომებს და ეს ჯანსაღია? ასეთი მედია ხომ მდგრადი არ არის. მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ მივაღწიოთ მედია მდგრადობას.“

ქორიძე ფიქრობს, რომ გამოსავალი ჟურნალისტის ამოცანის გააზრებაშია - თქვას ის, რაც ვიღაცას სჭირდება თუ თქვას ის, რაც საზოგადოებას სჭირდება.

ნინო დანელია კი მედიაგარემოს დეპოლარიზაციისათვის სამ ფაქტორს გამოყოფს: იმ მედიასაშუალებების გაძლიერება, რომლებიც აღნიშნული პოლიტიკური სპექტრის პოლუსებისაკენ არ იხრებიან, მედიასკოლებში სტუდენტებთან მუშაობა და თვითრეგულირების მექანიზმებისა და ე.წ. მედიების ვოჩდოგი ორგანიზაციების აქტიურობა. მისი თქმით, დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა უნდა მოახერხონ და გამოვიდნენ დიდი მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დღის წესრიგიდან და თავად იმუშაონ უფრო მეტი ექსკლუზიური თემების მოძიებასა და გაშუქებაზე.

კატეგორია: ეთიკა

18 თებერვალს რადიო ფორტუნას ვებგვერდმა ქსენოფობიის გამაღვივებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამბავი შეეხება თბილისში, ერთ-ერთი დიზაინერული მაღაზიის, CO.MODE-ის არასრულწლოვნის მიერ გაქურდვას.

ვებგვერდმა ამბავი მაღაზიის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის ნინი უგრეხელიძის მიერ ერთი კვირის წინ, 13 თებერვალს  Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალაში არასათანადოდ არის მითითებული სავარაუდო დამნაშავის ეთნიკური წარმომავლობა, რითაც ხელი შეუწყო ბოშათა ეთნიკური ჯგუფისადმი სტერეოტიპის გამყარებას, რომ ისინი არიან ქურდები. მიუხედავად იმისა, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმა, ხოლო ინფორმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ მაღაზიის მეპატრონეა, რადიოს ვებგვერდმა უაპელაციოდ და გადამოწმების გარეშე გაავრცელა ინფორმაცია არასრულწლოვნის ბრალეულობისა და ეთნიკურობის შესახებ. 

ნიუსში არ არის მითითებული შეეცადა თუ არა მედიასაშუალება ინფორმაციის ოფიციალურ უწყებებთან გადამოწმებას. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ რადიომ ეს ამბავი ფაქტის სავარაუდო ჩადენიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა ნიუსად.

აღსანიშნავია, რომ Facebook-პოსტის ავტორი დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ეთნიკურობაზე ხაზგასასმელად იყენებს ტერმინს „ციგანი“ რომელსაც დამამცირებელი კონოტაცია აქვს ქართულ ენაში. რადიო ფორტუნამ აღნიშნული ტერმინი თავიდან აირიდა, და ნიუსი შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა „ბოშა ბავშვებმა აბაშიძეზე მდებარე ქართველი დიზაინერების მაღაზია გაქურდეს - „სახელმწიფო მათ ვერ სჯის, ეს ნორმალურია?“

რადიო ფორტუნას Facebook-ის ფეიჯზე ინფორმაციის მომხმარებელთა კომენტარები ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნიუსი ამგვარი ფორმით გამოქვეყნებამ წაახალისა ქსენოფობიური, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული მოსაზრებების გამოხატვა. „ისევ ხალხმა მოვიგერიეთ ეს ბოშა ნაბ....ები , მიდი და უხსენი იმ ტურისტებს, რომ ესენი ქართველები არ არიან“; „ამათ ქურდობა, უზრდელობას ზღვარი არა აქვს!! როგორ დავიცვათ თავი ამ ველური ყაჩაღებისგან??!! დაადეპორტეთ საქართველოდან..!!“ - წერს მომხმარებლების ნაწილი კომენტარებში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის მე-7 პრინციპი ცალსახად უსვამს ხაზს, რომ მედიამ უნდა გაითვალისწინოს მათ შორის ერთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

გარდა ამისა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიაორგანიზაციები ცალსახად უსვამენ ხაზს, რომ პიროვნების ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაესვას ხაზი, როდესაც ამბავი უშუალოდ არის დაკავშირებული ეთნიკურობასთან თუ რელიგიასთან. მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცემულ „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქების საბაზისო პრინციპებში“ ვკითხულობთ, რომ მედიასაშუალებებმა არ უნდა „აღნიშნონ (ყურადღება არ გაამახვილონ) უმიზეზოდ, აუცილებლობის გარეშე, პირის (პირების) ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება. პირის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება აღნიშნონ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს გასაშუქებელი ამბისთვის“.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

რამდენიმე დღის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქართველი მოჭიდავე ვარჯიშობდა ქუდით, რომელზეც Russia ეწერა. ამის დასტურად მედიებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მოჰყავდათ, რომელზეც ქუდზე “Russ...” იკითხება. ქუდის ფერები ემთხვეოდა რუსეთის დროშის ფერებს. მალევე გაირკვა, რომ მოჭიდავის ქუდზე არა Russia, არამედ ამერიკული სპორტული ბრენდის სახელი Russell ეწერა.

ნიუსის კვაზი-პატრიოტულ მოტივებსა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ეს ამბავი საინტერესო მედიის კონტექსტში სხვა მხრივაც გახლდათ - სოციალური მედიით გამოწვეული აჩქარებისა და ინფორმაციული „წყალდიდობის“ პირობებში, მედიასაშუალებებმა კიდევ უფრო მეტად უნდა დაუთმონ დრო ვიზუალური ინფორმაციის ფაქტებად ინტერპრეტირებას.

მედიის ეს გამოწვევა ექსკლუზიური სულაც არაა ქართული რეალობისთვის. სხვადასხვა პერიოდულობით, სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალება დგება ფაქტის წინაშე, რომ ამბავი, რომლის ვიზუალური მასალაც მათ ვებგვერდებსა თუ ეკრანებზე ხვდება, სრული კონტექსტუალიზაციისა და სრული სურათის შექმნის მცდელობის გარეშე, ინფორმაციის მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას იწვევს.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი გახმაურებული შემთხვევა გასულ თვეში აშშ-ში მოხდა. 18 იანვარს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, საერთაშორისო მედიაში, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკულ მედიასაშუალებების ვებგვერდებზე გავრცელდა ფოტო და დაახლოებით ერთწუთიანი ვიდეო,. მასში  ჩანს  რომ კენტუკის კონვინგტონის კათოლიკური სკოლის სტუდენტი ნიკ სენდმენი თავზე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ქუდითა (Make America Great Again) და ცინიკური სახით შეჰყურებს ასაკოვან მკვიდრ ამერიკელ აქტივისტ მამაკაცს, რომელიც ინდიელთა ლოცვას კითხულობს. ვიდეოში სენდმენის მეგობრებიც ჩანან,  ასევე MAGA-ქუდებით. ისინი სკანდირებენ Build that wall, build that wall (ააშენე კედელი). ვიდეოდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის მხარდამჭერი ქუდით მოსიარულე, კათოლიკური სკოლის მოსწავლეები ლინკოლნის მემორიალთან მკვიდრი ამერიკელი აქტივისტების დასაცინად და დაჩაგვრისთვის დგანან.

კადრების გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და (უმეტესწილად, მემარცხენე-ლიბერალური) მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სოციალური ქსელების ინდივიდუალური მომხმარებლები კენტუკელი თინეიჯერის ცინიკურ გამომეტყველებას ამერიკელი კონსერვატორი, თეთრკანიანი მოქალაქეების რასისტული დამოკიდებულებების ცხად გამოვლინებად აფასებდნენ. თინეიჯერი, სოციალური მედიისა და მედიასაშუალებების განსაკუთრებული მონდომების დამსახურებით, მსოფლიო ყურადღების ცენტრსა და კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თინეიჯერმა მუქარის შემცველი შეტყობინებებიც უხვად მიიღო.

პირველი ვიდეოსა და თანმდევი ფოტოს გავრცელებიდან მალევე, ინტერნეტ და მედიასივრცეში გამოჩნდა სხვა ვიდეო ჩანაწერებიც ლინკოლნის მემორიალის კიბეებიდან, სადაც ორი ერთმანეთის პარალელური აქცია მიმდინარეობდა 18 იანვარს. ერთ აქციას ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა მართავდა თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით, მეორე აქციას კი შავკანიანი ებრაელი ისრაელიტები (Black Hebrew Israelites) აბორტის წინააღმდეგ.

სწორედ ამ უკანასკნელი აქციის მონაწილეებთან მოუვიდათ დაპირისპირება ნიკ სენდმენის თანასკოლელებს, როდესაც ისინი ლინკოლნის მემორიალის ახლოს გამოჩნდნენ MAGA-ქუდებით. თუმცა, Black Hebrew Israelites-ის წარმომადგენლებს სიტყვიერი დაპირისპირება აქვთ არა მხოლოდ სტუდენტებთან არამედ მკვიდრი მოსახლე ამერიკელების აქციის მონაწილეებთანაც.

1-საათიან ვიდეოში, რომელიც ყველაზე გვიან გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში, ისმის თუ როგორ ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შავკანიანი ებრაელი ისრაელიტი „ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ინდიელი“. ინდიელი ველურს ნიშნავს.“ ვიდეოში ჩანს დაპირისპირება ინდიელ ქალსა და ისრაელიტებს შორისაც, სადაც მკვიდრი ამერიკელი შავკანიან ისრაელიტს ეუბნება, რომ ბიბლიაში სისულელეები წერია. ამის შემდეგ კი, ისრაელტითა აქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებენ MAGA ქუდით მოსიარულე სტუდენტებსაც და ერთ-ერთი აქციის მონაწილე დამცინავად იძახის სტუდენტების მიმართულებით “Build a wall!”

სწორედ ამ რეპლიკის საპასუხოდ იწყებენ სტუდენტები სკანდირებას Build that wall, build that wall. მალე კი უფრო მეტი მოსწავლე იყრის თავს დაპირისპირებულ სტუდენტებსა და ისრაელიტებთან სიახლოვეში. სწორედ ამ დროს ჩნდება მკვიდრი ამერიკელი აქტივისტი ნათან ფილიპსი, რომელიც მოკამათე მხარეების დაშოშმინებას ცდილობს ლოცვის ტექსტის დაჟინებული გამეორებით. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია იმაზე უფრო კომპლექსური და მრავალგანზომილებიანი იყო, ვიდრე ამის წარმოჩენას მედიასაშუალებები შეეცადნენ.

მედიასაშუალებების ნაწილმა, რომლებიც განსაკუთრებულად კრიტიკულად იყვნენ განწყობილები კენტუკელი თინეიჯერებისადმი, 1-საათიანი ვიდეოს გამოსვლის შემდეგ რიტორიკა შეარბილეს. თუკი პირველი ვიდეოს გამოჩენის დღეს New York Times-მა სტატია შემდეგნაირად დაასათაურა “Boys in ‘Make America Great Again’ Hats Mob Native Elder at Indigenous Peoples March” („ბიჭები ‘Make America Great Again’ ქუდით გუნდურად ესხმიან თავს ასაკოვან მკვიდრ ამერიკელს მკვიდრი ხალხების მარშზე“), მეორე დღეს გამოქვეყნებულ სტატიას შემდეგნაირი სათაური მიუძღვნა “Fuller Picture Emerges of Viral Video of Native American Man and Catholic Students” („მკვიდრი ამერიკელი მამაკაცისა და კათოლიკე სტუდენტების ვირუსული ვიდეოს უფრო სრული სურათი გამოჩნდა“).

საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა მედიასაშუალება შეთანხმდა, რომ სიტუაცია ლინკოლნის მემორიალის კიბეებთან აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმისაგან, როგორც მათმა უდიდესმა ნაწილმა პირველი ვიდეოს გამოჩენისას გააშუქა. მედია იქცა, ერთი მხრივ, კენტუკელი სტუდენტებისადმი მიმართული აგრესიის წამახალისებლად. მეორე მხრივ, ნაჩქარევი შეფასების გაკეთებით მედიამ არგუმენტი მისცა კონსერვატიულ მემარჯვენე პოლიტიკურ ფიგურებსა და მედიებს საკუთარი თავის წინააღმდეგ. მეორე დღესვე, მემარჯვენე კონსერვატორმა კომენტატორებმა, როგორიც ბენ შაპირო, Fox News ან თავად პრეზიდენტი ტრამპია, იერიში მიიტანეს მემარცხენე-ლიბერალურ მედიებზე.

ზემოთნახსენები მედიასაშუალებების შედარებით ნეიტრალური კრიტიკოსების ნაწილმა კი ლიბერალურ-მემარცხენე მედიებს ბრალი დასდეს ტრამპის მხარდამჭერი პოლიტიკის პოპულარიზაციაში სწორედ იმ მიდგომის გამო, რომ ასეთი მედიები წინასწარგანწყობებით მუშაობენ და ამერიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილის განსჯისას ისინი ფაქტებზე მეტად, საკუთარ რწმენებს ეყრდნობიან.

„თქვენ იყავით ნაწილობრივი დამნაშავეები ტრამპის არჩევაში, რადგან თქვენ ხართ ყველაზე გავლენიანი გაზეთი ქვეყანაში და არ იყავით სამართლიანი და მიუკერძოებელი. მილიონობით ამერიკელს სჯერა, რომ თქვენ ისინი გეზიზღებათ და მათთვის ზიანის მიყენება გსურთ. ორი წლის წინ მათ საპასუხო დარტყმით გიპასუხეს და მათ მოიგეს ეს ბრძოლა. თუ ტრამპი ისევ გაიმარჯვებს, გახსოვდეთ რომ თქვენ კიდევ ერთხელ შეასრულეთ მოკრძალებული თუმცა მნიშვნელოვანი როლი ამ გამარჯვებაში“,- დაწერა The Atlantic-ის კონტრიბუტორმა და მწერალმა კეიტლინ ფლანაგანმა 23 იანვარს.

იგივენაირად შეიძლება ითქვას, რომ მედიების ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ განგაშის ზარი შემოეკრათ მოჭიდავის ქუდის ფოტოს გამო, ანტი-რუსული და პრო-რუსული განწყობების კარიკატურიზაციას შეუწყვეს ხელი, რაც საბოლოო ჯამში, ისეთ პატრიოტულ ჟონგლიორობაში გადაიზრდება ხოლმე, როგორიცაა ანტისაოკუპაციო თასმების გაყიდვა თუ ტაქსების გამოჩენა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სახელით.

ისევე, როგორც კენტუკელი თინეიჯერებისა და მკვიდრი ამერიკელი აქტივისტის დაპირისპირებაზე, ქართველი მოჭიდავის შემთხვევაშიც, ვიზუალური მასალა, რომელსაც მედია დაყრდნო ამბის გაშუქებისას მაცდური აღმოჩნდა. თუკი ამერიკული მედიის შემთხვევაში მედიასაშუალებები ინფორმაციის ინტერპრეტაციაში შეცდნენ, ქართული მაგალითი გვახსენებს კლასიკურ ჟურნალისტურ კრედოზე, რომ ამბის გაშუქებისას, მედლის, ამ შემთხვევაში კი, ქუდის მეორე მხარითაც უნდა დავინტერესდეთ. ის, რაც ერთი შეხედვით, ფოტო და ვიდეო მასალებში თავისთავად ცხადია, ხშირად, სულაც არ არის ცხადი ანდა შეგნებულად არის გამოყენებული მედიისა და ინფორმაციის მომხმარებელთა მანიპულაციისთვის.

კატეგორია: ეთიკა

2019 წლის დასაწყისი ქართულ მედიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელების სიხშირით გამორჩეული იყო. იანვარში, ონლაინ მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელ Facebook-ში არაერთხელ გავრცელდა ყალბი, მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელთა თემაც უმეტეს შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებს შეეხებოდა, თუმცა ასევე მოიცავდა სპორტულ თემატიკასა და სოფლის მეურნეობასაც.

⇒      ლუგარის ლაბორატორია, H1N1 და ბანანები

ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ მედიასაშუალებაში (განსაკუთრებით რუსულენოვან მედიაში) სხვადასხვა პერიოდულობით ჩნდებოდა ყალბი და მცდარი ინფორმაცია საქართველოში მდებარე, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. 2018 წლის მიწურულს, ლაბორატორიაზე მითებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში რუსული საინფორმაციო არხების მონაწილეობას BBC-იმ ვრცელი საგამოძიებო სიუჟეტიც მიუძღვნა.

alt2019 წლის იანვარში, საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ქართულ მედიაში ლუგარის ლაბორატორიის თემა ხელახლა გააქტიურდა. როგორც მედიაჩეკერის მონიტორინგმა ცხადყო, (ისევე, როგორც სხვა, ვოჩდოგი ორგანიზაციის ანალიზმა) ამ თემაზე მედიაში ძირითადად სამი მითი ვრცელდებოდა: 1) ღორის გრიპი, იგივე H1N1 ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა; 2) H1N1 ხელოვნურად გამოგონილი ვირუსია; და, 3) ღორის გრიპი ქართულ ბაზარზე არსებული ბანანის მეშვეობით ვრცელდება.

ამათგან პირველი ამბავს ყველაზე ხშირად შეხვდებოდით ქართულ მედიაში. მცდარი ამბავი, რომელიც ძირითადად რამდენიმე ადამიანის Facebook პოსტებს ეყრდნობოდა (მათ შორის, ლადო სადღობელაშვილის, ხატია სიჭინავას, ანა ჟღენტის), ვრცელდებოდა ისეთი მედიასაშუალებების მეშვეობით, როგორებიცაა: intermedia.ge, for.ge, alia.ge, euronews.ge, digest.pia.ge, 2020news.ge, infonews.ge, tbiliselebi.com, geonews.ge, akhalitaoba.ge, infopostalioni.com, news.coa.ge, timenews.ge, otime.ge, vanoggg.ge, onone.ge, tvm.ge, news.net.ge, plus.kvira.ge, brandnews.ge, exclusivenews.ge.

არაქართული ორგანიზაციებიდან კი, როგორც მითების დეტექტორის საიტზეა მითითებული, აღნიშნული ყალბი ახალი ამბის წყაროები ძირითადად Sputnik.ru; TV Zvezda, Риа Фан და Tsargrad tv იყვნენ.

გარდა ამისა, მაგალითად, ისეთი გამოცემები, როგორებიცაა primetime.ge, pain.ge, vanoggg.ge, newsmedia.ge, alia.ge. ღორის გრიპის შესახებ წერდნენ, რომ ეს სპეციალურად, მედიკამენტების გასასაღებლად შექმნილი ვირუსია და მოსახლეობაში მიზანმიმართულად გაავრცელეს.

altრაც შეეხება ღორის გრიპის ბანანებთან კავშირს, აღნიშნული ყალბი ამბავი, ძირითადად, Facebook-ის მომხმარებლებს შორის ვრცელდებოდა. მაგალითად, Facebook-გვერდმა Welcome to Georgia 9 იანვარს, ხოლო გვერდმა “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“ 10 იანვარს, გამოაქვეყნა ბმული wwww.ge-დან, სადაც ეწერა, რომ „ჩვენს ბანანებში ღორის გრიპს უშვებენ“. აღნიშნულ გვერდებს 220 000-მდე გამომწერი ჰყავს. იგივე ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგალითად, vanoggg.ge-სა და gsports.ge-ზე.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ყალბი ამბავი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პირველად არ გავრცელებულა. ჯერ კიდევ 2016 წელს, თბილისის ფორუმზე, ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტავდა ინფორმაციას, რომ „ბანანებში, რომლებსაც ჩვენ მივირთმევთ, არის ღორის გრიპის ვირუსი შეტანილი“. 2016 წელს ფორუმზე დაწერილ ტყუილი და 2019 წლის იანვარში ვებ-გვერდებსა და Facebook გვერდებზე გავრცელებული ტექსტები თითქმის იდენტურია.

H1N1-ის ვირუსის გავრცელებასთან ერთად, იანვარში იმატა დისკუსიებმა თვითმკურნალობის გზების შესახებ. ძირითადად, Facebook-დისკუსიებში, ხშირად ჩნდებოდა კომენტარები თვითმკურნალობის სხვადასხვა გზების შესახებ (მედიაჩეკერი შეგნებულად არ ასახელებს ნივთიერებებს, რომელთა მოხმარებისკენაც მოუწოდებდნენ დისკუსიის მონაწილეები ერთმანეთს). აღნიშნული დისკუსიების გარდა, ხშირად შეხვდებოდით თვითმკურნალობის შესახებ ინფორმაციას ისეთ ონლაინ მედიებშიც, როგორიცაა: „ალია“, metronome.ge, საინფორმაციო სააგენტო ნიუს დეი, mediamall.ge, marao.ge (მოგვიანებით წაიშალა საიტიდან ინფორმაცია), megatv.ge, info9, tvm.ge, brandnews.ge, venue.ge და ა.შ.

აღნიშნული მედიასაშუალებები, ძირითადად, რუსი ექიმის, ვინმე პროფესორ ივან ნეუმივაკინზე დაყრდნობით ირწმუნებოდნენ, რომ სხვადასხვა ნივთიერებები ეხმარებოდა ადამიანებს ღორის გრიპთან გამკლავებაში, რასაც სამედიცინო სფეროს ექსპერტები და ექიმები არ ეთანხმებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პერსონა, ვისზე დაყრდნობითაც თვითდახმარების აღნიშნული მეთოდის შესახებ ვრცელდებოდა ყალბი ამბები, ჟურნალისტი გიორგი გიგაურია.

 ⇒   ჩხუბი შერიგებულ მოჭიდავეებს შორის

altერთ-ერთი ახალი ამბავი, რომელიც ინტერნეტსივრცეში სწრაფად გავრცელდა და გამოხმაურებბა მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში შეეხებოდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, მას შემდეგ რაც ისინი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ შეარიგა. როგორც მედიაჩეკერის მონიტორინგით ირკვევა, 30 სექტემბერს ამბავი ვებ-გვერდებმა ipost.ge და news.coa.ge გაავრცელეს. ვებგვერდებზე გამოყენებული ტექსტების მიხედვით, ცხადია, რომ ორივე მათგანი საერთო წყაროს Facebook გვერდს „ბაზარი“ დაეყრდნო. ამავე Facebook გვერდიდან იყო აღებული ფოტო, რომელიც ნიუსს თან ერთვოდა. მოგვიანებით ყალბი ამბავი გაავრცელა 2020news-მა, iposti-იმ, resonancedaily.com-მა (რომელიც iposti.ge-ის ინფორმაციას დაეყრდნო), imo.ge-მ, isocial.ge-მ და geonewest.com. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ ვებგვერდს ეწერა, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო, აღნიშნულ ვებგვერდებზე სათაურები მტკიცებით ფორმაში ეწერა.

“მედიაჩეკერმა” ინფორმაცია გადაამოწმა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და რესტორან “თავადურში”. ფედერაციაში უარყვეს ინფორმაცია, ხოლო რესტრონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძიუდოისტები მათთან საერთოდ არ ყოფილან და მსგავსი ფაქტიც, შესაბამისად, არ მომხდარა.

⇒    თბილისში სასმელ წყალში ფეკალური მასალების შერევის შესახებ გავრცელებული ცნობები

31 იანვარს, რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის presa.ge-იმ, ხოლო iposti და rcheva.ge-იმ კი presa.ge-ზე დაყრდნობით გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისში სასმელ წყალში ფეკალური მასები შეერია. გამოცემები წერდნენ, რომ ადამიანები მასობრივად იწამლებოდნენ და სამი დღის განმავლობაში წყლის დალევა საშიში იყო.

altpresa.ge-ზე აღნიშნული იყო, რომ ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე ვრცელდებოდა, ხოლო თავად მედიასაშუალებამ ერთ-ერთი ექიმისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში „ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ახალი პაციენტი შეჰყავდათ“. ნიუსში მითითებული არ ყოფილა არც ექიმის ვინაობა და არც საავადმყოფოს დასახელება.

აღნიშნულ გამოცემას, მითითებული აქვს, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით და რომ სასმელი წყალი შესაბამისობაში იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდტარებთან. მიუხედავად ამისა, გამოცემამ (ისევე, როგორც ზემოთ ნახსენებმა ორმა სხვა გამოცემამ) სათაურად გაიტანა ინფორმაცია, რომელსაც მკითხველი სიცრუეში შეჰყავდა: „საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისაგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ"- ფეკალიები სასმელ წყალში“.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებდა არც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო. მოგვიანებით თავად presa.ge-იმ გამოაქვეყნა GWP-ის გავრცელებული ცნობაც, რომ ინფორმაცია თბილისში სასმელ წყალში ფეკალიების აღმოჩენასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

⇒    არაზუსტი ინფორმაცია საოჯახო შინამეურნეობების რეგულაციებთან დაკავშირებით

იანვრის ბოლოს კი რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახებს, რომლებსაც 2-3 ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან ახალი გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ამ თემაზე 1-ელ თებერვალს სიუჟეტები გავიდა TV 25-სა და გურჯაანის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში.

alt„ვალდებულებები, რომლებიც 2020 წლიდან საოჯახო მეურნეობებს დაეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თქვენს მიერვე წარმოებული პროდუქციის გაყიდვას გადაწყვეტთ, კანონმდებლობა მოგთხოვთ, რომ ამის საფასური გადაიხადოთ“, - აღნიშნავდა TV 25-ის წამყვანი. „გურჯაანი ტვ-ის“ ინფორმაციით კი ოჯახები, რომლებსაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძეს ჰყიდიან, 2020 წელს მოუწევთ მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირდნენ და გადასახადი გადაიხადონ. ტელევიზიების გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებდა.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია გაავრცელეს ბანკები და ფინანსებმა,  ალიამ, კომერსანტმა, პრაიმტაიმმაtbilisitoday-იმ, otime.ge-მ, vanoggg.ge-მ, imo.ge-მ. ამ თემაზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-შიც.

3 თებერვალს აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა აგროგილდიამ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ძირითადად, ზემოთნახსენებ ორ ტელევიზიაში გასულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. „აგროგილდია მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან იმ მნიშვნელოვან სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და რის განხორციელებასაც ერთის მხრივ შინამეურნეობების მომგებიანობა და მეორეს მხრივ სურსათის უვნებლობა უნდა მოჰყვეს შედეგად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინიციატივით, ტელევიზიების თვითრეგულირების მექანიზმებმა ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე დღის შემდეგ, 4 თებერვალს გამოიტანეს. საქმის აღწერილობით ნაწილში ვკითხულობთ, რომ რეალურად 200 000 ლარამდე სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება გადასახადისგან თავისუფალია, ხოლო „ინფორმაციის მსგავსი სახით გავრცელება სადავოს ხდის ჯეროვანი სიზუსტის პრინციპის დარღვევას“. „ტვ 25-ისა" და “გურჯაანის” თვითრეგულირების საბჭოების გადაწყვეტილებით 4 თებერვალს არხების საინფორმაციო პროგრამებში მაყურებელს შესწორებული ინფორმაცია მიეწოდათ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ვაშინგტონის სასამართლომ სირიის მთავრობა 300 მლნ დოლარით დააჯარიმა 2012 მოკლული The Sunday Times-ის ჟურნალისტის მარი კოლვინის ოჯახის სასარგებლოდ.

სასამართლოს ვერდიქტში, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ სირიის სამხედროებმა ქალაქ ჰომსში მდებარე დროებით მედიაცენტრზე, სადაც კოლვინი და სხვა ჟურნალისტები მუშაობდნენ, მიზანმიმართული იერიში განახორციელეს. შენობაზე მიტანილი იერიშის შედეეგად კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოჩლიკი დაიღუპნენ 2012 წლის 22 თებერვალს.

კოლვინის ოჯახის ადვოკატი სასამართლოში დავობდა, რომ ჟურნალისტის სიკვდილი არ იყო შემთხვევითობა. ისინი იმედოვნებენ, რომ კომპენსაციის სახით 302 მილიონ დოლარს სირიის მთავრობის საზღვარგარეთ გაყინული ანაგარიშებიდან მიიღებენ. თავის მხრივ სირიის მთავრობას არასდროს მოუხდენია რეაგირება სასამართლოში საქმის წარმოებაზე. 



ასევე იხილეთ: სასამართლოს დოკუმენტები: მარი კოლვინის მკვლელობა სირიის ხელისუფლებამ შეუკვეთა 


„ახლა გამოწვევა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“,- აღნიშნა სკოტ გილმორმა, კოლვინის ოჯახის მთავარმა კონსულტანტმა, -„თუმცა პრეცენდენტები არსებობს იმისა, რომ შესაძლებელია გაყინული ანგარიშებიდან კომპენსაციის მიღება“.

გილმორის თქმით, საქმის წარმოებაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმის დამტკიცება, რომ კოლვინის სიკვდილი არ იყო საბრძოლო ველზე დაბნეულობით გამოწვეული „ომის ნისლის“ შედეგი. სარჩელის დროს გამოიყენეს როგორც ადგილობრივი თვითმხილველების მონაყოლი, ასევე აღადგინეს სირიის მთავრობის შიდა დოკუმენტები, რათა დაემტკიცებინათ რომ სირიის სამხედროები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ განესაზღვრათ იმ შენობის მდებარეობა, რომელშიც კოლვინი და რამდენიმე სხვა ჟურნალისტი იმყოფებოდნენ.

“ეს არ იყო შეცდომით გასროლილი ჭურვი“,- ამბობს გილმორი, -„მტკიცებულებათა მთელი წყება მიუთითებს, რომ ეს იყო, ფაქტობრივად, მიზანმიმართული მკლველობა“.

კოლვინის დის, კეიტლინის თქმით, თავდაპირველად მან მიიჩნია, რომ მარის სიკვდილი ტრაგიკული შემთხვევა იყო, როგორიც შეიძლება ნებისმიერ ჟურნალისტს მოუვიდეს, ვინც საომარ ზონაში მუშაობს. საქმის აღძვრა მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლ კონროის ესაუბრა, ფოტოგრაფს, რომელიც კოლვინთან ერთად მუშაობდა და რომელიც იმავე საარტილერიო მოქმედებების დროს დაიჭრა. კონროიმ, რომელიც ბრიტანეთის არმიის სამეფო არტილერიის ვეტერანია, კეიტლინს უთხრა, რომ მედიაცენტრი არ ყოფილა შემთხვევითი საარტილერიო იერიშის შედეგად დაბომბილი, არამედ გამოყენებული იყო ე.წ. “bracketing”-ის ტექნიკა, როდესაც კონკრეტული მიზნის წინააღმდეგ ხორციელდება ხოლმე ორგანიზებული იერიში.

კოლვინის თქმით, მან არ იცის, ოდესმე მიიღებენ თუ არა აღნიშნულ 302 მილიონს, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდხანს შეუქმნის უხერხულობას პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობას.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 


ამავე თემაზე:

⇒     A Private War - მხატვრული ფილმი მარი კოლვინის შესახებ

⇒     მარი კოლვინი: "ჩვენი მისიაა ომის საშინელებათა ზუსტად და მიუკერძოებელად გაშუქება" 
კატეგორია: ეთიკა

გასული დღეების განმავლობაში, ქართული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში 4 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს. შემთხვევა 22 იანვარს მოხდა და მისი გახმაურებიდან მალევე, პოლიციამ გარდაცვლილის დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, მშობემა შვილზე ფიზიკურად იძალადა, რაც დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველი გახდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი, ოჯახში გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას არასრუწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს დედისათვის შვილის მკვლელობაში ბრალი არ წაუყენებიათ, ხოლო სასამართლოს 24 იანვრამდე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, ძირითადად ონლაინ გამოცემები, არ დაელოდნენ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და  ბავშვის მკვლელობაში დედა დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მედიასაშუალებების ნაწილმა ფაქტი იმდენად ფრაგმენტულად და ზედაპირულად გააშუქა, რომ ინფორმაციის მომხმარებლებს ამბის ობიექტური გარემოებების ნაცვლად, ემოციური, სენსაციურობით გაჯერებული და სკანდალზე ორიენტირებული მასალები შესთავაზა.

მედიასაშუალებების სრულმა უმეტესობამ ამბის გახმაურებიდან მალევე მოახდინა ოჯახის სრული იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ორგანოებმა ოჯახის წევრების მხოლოდ ინიციალები გაავრცელეს, როგორც ტელე ისე ონლაინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს დედისა და გარდაცვლილის ვინაობები. მოგვიანებით გასაჯაროვდა გარდაცვლილი გოგოს ფოტოსურათიც, რომელზეც მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახში სხვა არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე გაიყვანეს ოჯახიდან სახელმწიფო უწყებებმა, ხოლო მედიის მიერ ოჯახის სრული იდენტიფიცირება, შესაძლოა, აღნიშნულ არასრულწლოვანთა მომავალში სტიგმატიზების წყარო გახდეს. მედიასაშუალებებში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიზიკური ძალადობის კვალი გარდაცვლილის 5 წლის ძმასაც აღენიშნებოდა.

არაერთმა ონლაინ გამოცემამ მხოლოდ და მხოლოდ მეზობლებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თბილისში დედამ 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, ცემით მოკლა“, ზოგიერთმა ვებგვერდმა კი აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში გაავრცელა და აღნიშნა, რომ „4 წლის გოგონა დედამ ცემით მოკლა“. მედიასაშუალებების ნაწილმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგოს გარდაცვალების მიზეზი დედინაცვლის მიერ მისი ცემა გახდა. სხვა მედიასაშუალებების მიხედვით კი გოგოს არა დედინაცვალი, არამედ მამინაცვალი ჰყავდა. ამგვარი ფაქტობრივი უზუსტობებიც ცხადყოფს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ამბის სწრაფად გავრცელებას, ჟურნალისტური სიზუსტის ხარჯზე ცდილობდა. ასევე, სხვადასხვა ტელემედიამ და ონლაინ გამოცემამ უაპელაციოდ გაავრცელა მეზობლების კომენტარები, სადაც ისინი პირდაპირ ბრალს სდებენ ბავშვის დედას მკვლელობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, მათ არაფერი დაუნახავთ და მხოლოდ ქალის ყვირილისა და ბავშვის ტირილის ხმები ესმოდათ ხოლმე.

ამბავს ონლაინ გამოცემები, უმეტესწილად, ფრაგმენტულად აშუქებდნენ და მომხმარებლებს ინფორმაციას არაამომწურავად აწვდიდნენ. შესაბამისად, მათ გაშუქებაში პრობელმა იყო არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ოჯახის იდენტობის გამჟღავნება, არამედ ამბის ზედაპირული და არასიღრმისეული გაშუქებაც. ხშირად ვებ-გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია სხვა საინფორმაციო გვერდებიდან დაკოპირებული მასალებისაგან შედეგებოდა.

გარდა ამისა, ზოგიერთმა გამოცემამ საკუთარ Facebook გვერდებზე გააკეთა Live-ჩართვები გარდაცვლილი გოგოს საცხოვრებელი სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საჭიროება არ იდგა ამ თემის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში გარდაცვლილის სახლისა და ოჯახის წევრების ჩვენების, მედიებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ამბის მეტი დრამატიზირებისათვის პირდაპირი ჩართა შეეთავაზებინა მაყურებლებისათვის.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მედიასაშუალებები ვერ შეძლებდნენ ამბის გაშუქებისას სკანდალურობისა და სენსაციურობისაგან სრულად დაცლას. მიუხედავად ამისა, ამბისათვის კონტექსტის მიწოდებისა და უფრო კომპლექსური გაშუქების მეშვეობით, შესაძლებელი იქნებოდა, რომ შემთხვევა არ გაშუქებულიყო როგორც მორიგი „შემზარავი ფაქტი“, რითაც ისინი, ერთი მხრივ, თემის სიღრმისეულად შესწავლასა და ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანას შეძლებდნენ, მეორე მხრივ კი, თავს აარიდებდნენ ტრაგიკული მოვლენის სკანდალურ რეპორტინგს. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მედიასაშუალება შეეცადა, ფაქტის მიღმა, სტრუქტურული პრობლემების დანახვას, რისთვისაც მათ ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობასა და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე გააკეთეს აქცენტი.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

გასულ წელს, BBC Asian Network-მა პირდაპირ ეთერში გაამჟღავნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა. ეს კი აკრძალულია დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით. გასულ კვირას, მაუწყებლის პასუხისმგებელი რედაქტორი, არიფ ანსარი, სასამართლოს წინაშე წარსდგა მსხვერპლის სახელის გავრცელების გამო.

8 იანვარს, ბრიტანულმა სასამართლომ ანსარი უდანაშაულოდ სცნო.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც BBC-ის რედაქტორს ბრალი აღნიშნული აქტით წაუყენეს,“ - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. (საქმის წარმოება მიმდინარეობდა სექსუალური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ 1992 წელს მიღებული შესწორების აქტით). პროცესი შეფილდის საოლქო სასამართლოში გაიმართა.

iMediaEthics-ს BBC-დან განუცხადეს, რომ „მათ ღრმად სწამთ“, რომ სასამართლოს თავად BBC-სთვის უნდა წარედგინა ბრალი და არა ინდივიდუალურად რედაქტორისათვის. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ვშიშობთ, რომ სამეფო პროკურატურის სამსახურის არჩეულმა მიდგომამ, შესაძლოა, შექმნას დამაშინებელი კლიმატი იმ რედაქტორებში, რომლებიც აშუქებენ სასამართლოებს საჯარო ინტერესის ფარგლებში“,- აღნიშნა BBC-ის წარმომადგენელმა.

„ჩვენს რედაქტორსაც და რეპორტიორსაც სრული მხარდაჭერა აქვთ ჩვენგან. მოსამართლემ აღნიშნა, რომ რიკინი გახლავთ ღირსეული რეპორტიორი, რომელმაც დაუშვა გულწრფელი შეცდომა. ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო არიფისათვის. იგი არის პატივსაცემი და თავდადებული რედაქტორი, რომელსაც თვეების მანძილზე ემუქრებოდა, რომ პირად ისტორიაში კრიმინალური ჩანაწერი ჰქონოდა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი დიდი შვებაა ჩვენთვის“, - აცხადებენ BBC-ში.

BBC Asian Network-ის ხელმძღვანელმა არიფ ანსარიმ რადიოში გასული ცნობის ტექსტი თავად გადაამოწმა. BBC-ის ცნობით, შეცდომის მიზეზი ის გახდა, რომ პასუხისმგებელ ჟურნალისტს რიკინ მაითიას ეგონა, სასამართლოში მოსმენილი სახელი ფსევდონიმი იყო. მაითია ამბის ეთერში გაშვებამდე შეხვდა მსხვერპლს და სწორედ მაშინ მიაწოდა ქალმა მას თავისი ნამდვილი სახელი და ფსევდონიმი. ჟურნალისტს კი ისინი ერთმანეთში აერია. მსხვერპლმა ქალმა თავისი ნამდვილი სახელი გამოიყენა პროცესზე, რაც რეპორტიოს ფსევდონიმი ეგონა. გარდა ამისა, მაითიას თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იგი სამეფო სასამართლოში მუშაობდა რეპორტიორად.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლი თავად უსმენდა რადიო მაუწყებლობას, როდესაც მისი ვინაობა გამჟღავნდა პირდაპირ ეთერში. „დაუჯერებელი იყო, როდესაც BBC-ის რადიო ეთერით ჩემი როგორც გაუპატიურების მსხვერპლის სახელი გავიგონე“, - აღნიშნა ქალმა Press Gazette-სთან.

ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ჟურნალისტმა განცხადება გაავრცელა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მან გააშუქა ის ტანჯვა, რაც მსხვერპლმა თავდამსხმელებისაგან მიიღო და წუხს იმ ტკივილის გამო, რომელიც მას დამატებით მიადგა რეპორტიორის შეცდომის გამო. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შეცდომის დაშვებიდან რამდენიმე დღეში BBC-იმ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოსამართლე ნაომი რედჰაუსმა კი აღნიშნა, რომ ეთერში გასვლამდე 20 წუთით ადრე, როდესაც ტექსტს არედაქტირებდა, არიფ ანსარს არ ჰქონია „დასაბუთებული ეჭვის“ საფუძველი, რათა ეფიქრა, რომ ჟურნალისტი დაარღვევდა მსხვერპლის ანონიმურობას.

მომზადებულია The Guardian-ისა და iMediaEthics-ის მიხედვით.

კატეგორია: ეთიკა

11 იანვარს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ მისი ადმინისტრაცია ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. ამ თემას პრეზიდენტი თავდაპირველად საახალწლო გამოსვლაში 31 დეკემბერს შეეხო. სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრა საქართველოს პატრიარქმაც თავის საშობაო ეპისტოლეში. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ამ თემის აქტუალიზების კონკრეტული მიზეზი სასულიერო თუ საერო ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, თუმცა პრეზიდენტისა და პატრიარქის მსგავსად, კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი აქცენტს ცილისწამებისათვის კანონის გამკაცრებაზე აკეთებდა, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელებით მძიმე შეურაცხყოფისა და ბილწსიტყვაობის გამოყენებაზე, კახი კალაძემ კი ყალბი ახალი ამბების გავრცელებაზე. ოფიციალურმა პირებმა ასევე ახსენეს, რამდენიმე თვის წინ, საფრანგეთში მიღებული ახალი კანონიც, რომელსაც, რეალურად, ცილისწამებასთან არავითარი კავშირი არ აქვს და სინამდვილეში, ის წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შეეხება.

ოფიციალური პირების მიერ მსგავსი ინიციატივების გაჟღერებას მალევე მოჰყვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირება. კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან 2 დღეში განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს კერძო და საჯარო პირებისათვის ცილისწამებისათვის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. „ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ , - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზე მუშაობის დაწყებაც დაანონსდა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ შეეხება საქართველოში მომუშავე მედიასაშუალებებს. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება შესაძლოა პირდაპირ აისახოს სიტყვის თავისუფლებაზე. სიტყვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიების გაუარესება კი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ უკავშრდება ჟურნალისტების საქმიანობასა. საინტერესოა, რამდენად დაინტერესდნენ წამყვანი ტელემედიები ამ თემით და შეეცადნენ თუ არა ისინი, რომ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, მოსახლეობისათვის მეტ-ნაკლებად ამომწურავად მიეწოდებინათ ინფორმაცია სავარაუდო საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ ცვლილებებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნულ თემას საკუთარ საინფორმაციო გამოშვებებში ყურადღება ორი დღის განმავლობაში, 13 და 14 იანვარს დაუთმო. 13 იანვარს, ტელეკომპანიის 14:00 და 17:00-საათიან გამოშვებებში გავიდა მოკლე კადრ-სინქრონი, სადაც საუბარი იყო ზემოთნახსენებ განცხადებაზე, რომელიც კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის გაავრცელა. სინქრონებში საუბარი იყო არასამთავრობოთა მიერ მეტი განმარტების მოთხოვნაზე ამ საკითხზე და პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე.

14 იანვარს, იმედმა ეს თემა „ქრონიკის“ თითქმის ყველა გამოშვებაში გააშუქა 11:00 საათიდან 20:00-საათიანი გამოშვების ჩათვლით. დღის გამოშვებებში აქცენტი კეთდებოდა, რომ კანონმდებლობის გამკაცრებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებდა. ასევე, საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნული იყო, რომ კანონზე მსჯელობაში მთავრობა არასამთავრობოთა ჩართვას გეგმავს და რომ არ მოხდება აღნიშნული კანონის კოპირება რომელიმე ქვეყნის გამოცდილებიდან. დღის გამოშვებებში, ასევე აღნიშნული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა წარმომადგენლის აზრით, ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონზე უარი უნდა თქვას. როგორც დღის, ასევე საღამოს გამოშვებაში, სადაც ამ თემაზე ვრცელი სიუჟეტი მომზადდა, ტელეკომპანიამ ამბის თითქმის ყველა მხარეს დაუთმო დრო და მაყურებელს მიაწოდა როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობოებისა და ოპოზიციის შეფასება. მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში აქცენტირებული იყო, რომ მესამე სექტორი და ოპოზიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავს, ხოლო მთავრობა გამორიცხავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას და ოპოზიციას მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მოგვიანებით კი, ასევე განმარტება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდანაც.

ამ თემის გაშუქებას საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო რუსთავი 2-მაც 13 იანვრის „კურიერის“ ყველა გამოშვებაში. დილიდან მოყოლებული, საინფორმაციო გამოშვება, საკმაოდ ვრცელ ჩართვებსა და სიუჟეტებს უძღვნიდა ცილისწამების შესახებ კანონის შესაძლო გამკაცრებას. „კურიერში“ გასულ სიუჟეტებში უფრო მეტად იყო აქცენტირებული საფრთხე, რომელიც შესაძლოა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვიოს. ნახსენები იყო როგორც პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა, ასევე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. „კურიერმა“ დიდი დრო დაუთმო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებებს. ასევე იყო ხელისუფელბის წარმოამდგენლების კომენტარებიც. მართალია ტელეკომპანიას არ ჰქონია კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა კურიერში გავიდა კახა კალაძისა და უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის კომენტარები.

საერთო ჯამში, როგორც რუსთავი 2-ის, ისე იმედის მაყურებელი მიიღებდა მეტ-ნაკლებად ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე დებატის შესახებ. სამი წამყვანი ტელეარხიდან ერთადერთი, რომელმაც ცილისწამების კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებისა და თანმდევი პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იყო. 12-15 იანვრის შუალედში არხზე მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოხვდა ეს თემა. 14 იანვარს, მოამბის 12:00-საათიან გამოშვებაში გავიდა რამდენიმეწამიანი სინქრონი, რომელიც შეეხებოდა კახი კალაძის შეფასებას ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო გამკაცრებაზე. დანარჩენ დღეებსა და გამოშვებებში, არხს არ გაუწევია ძალისხმევა საიმისოდ, რომ მოეხდინა მაყურებლების ინფორმირება მიმდინარე დებატის შესახებ. პირველ არხს არ გაუშუქებია არც კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება და არც რომელიმე მხარე, რომელიც პრობლემურად ხედავს ცილისწამების კანონმდებლობის სავარაუდო გამკაცრებას.

გარდა ამისა, მედიაჩეკერმა გადაამოწმა პირველი არხის ვებ-გვერდზე ამ თემაზე გამოქვეყნებული ნიუსები. ძიების ველში სიტყვა „ცილისწამებაზე“ 12-15 იანვრის პერიოდში მხოლოდ 4 ნიუსი იძებნება. ამათგან 3 ნიუსი შეეხება მთავრობის წარმომადგენლების (ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე, სოფიო კილაძე) განმარტებებს, რომ საჭირო არის ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება და რომ ისინი მიესალმებიან კანონის გამკაცრებას, თუმცა სიტყვის თავისუფლების სტანდარტმა არ უნდა დაიწიოს. ამ პერიოდში გამოქვეყნებული 1 ნიუსი კი შეეხება ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ცილისწამების კრიმინალიზება არ უნდა მოხდეს, თუმცა ე.წ. ფეიკ ნიუსების წინააღმდეგ აუცილებელია კანონის მიღება. პირველი არხის გვერდზე ასევე იძებნება 16 იანვარს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას გაკეთებული განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის.

კატეგორია: საქართველო

გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური, ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა. 674 გვერდიან ანგარიშში, რომელიც 100-მდე ქვეყანას შეეხება, საუბარია, 2018 წელს, საქართველოში არსებულ უფლებრივ მდომარეობასა და გამოწვევებზეც. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორიცა საპრეზიდენტო არჩევნები, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილებების გადაჭარაბებისა და მათი დაუსჯელობის შემთხვევები, ნარკოპოლიტიკა, შრომითი უფლებები, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში.

ანგარიშის ერთ-ერთი თავი შეეხება საქართველოში მედიასა და სამოქალაქო სექტორში არსებულ მდგომარეობასაც.

„2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა მიიღო მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც, გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება, მათ შორის, გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ მიიღოს დამატებითი შემოსავლები კომერციული რეკლამიდან. კერძო ტელეკომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს აღნიშნული ცვლილება და გამოხატეს წუხილი, რომ ისედაც შემცირებულ სარეკლამო ბაზარზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის შედარებით პატარა, რეგიონულ მაუწყებლებს და დააზარალებს მედია პლურალიზმს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონმდებლობას, თუმცა პარლამენტმა ვეტოს დაძლევა შესძლო.

მფლობელობასთან დაკავშირებული დავა საქართველოს ყველაზე ყურებადი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის შესახებ გრძელდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ყოფილი მფლობელი ამტკიცებდა, რომ მას იძულებით გააყიდინეს ტელეკომპანია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად და საკუთარი უფლებების აღდგენას ცდილობდა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები კი ამტკიცებენ, რომ სარჩელი მთავრობის მხრიდან არის ორკესტირებული, ოპოზიციურად განწყობილი არხის ხელში ჩასაგდებად. აღნიშნულმა დავამ მედიაში მთავრობის ჩარევის მცდელობების შესახებ წუხილები გააჩინა.

ოქტომბერში, ტელეკომპანია იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, რომლის მტკიცებითაც ხელისუფლება ცდილობა კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის დახურვას, არხის მფლობელისათვის ფინანსური პრობლემების შექმნით. მფლობელების მტკიცებით, ხელისუფლება მათ სთავაზობდა არხის დათმობას, მათი საგადასახადო დავალიანების პატიების სანაცვლოდ. ხელისუფლებამ აღნიშნული ბრალდებები უარყო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

9 იანვარს ჟურნალ Science Advance-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ყალბ ახალ ამბებს უმეტესწილად 65 წელს გადაცილებული, კონსერვატორი, ტრამპის მხარდამჭერი ამერიკელები აზიარებდნენ სოციალური ქსელების თავიანთ ანგარიშებზე. კვლევა პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

კვლევა, რომელიც Facebook-ის 3500 ამერიკელი მომხმარებლის ონლაინ კითხვარსა და რესპონდენტების გაზიარებული პოსტების ისტორიას ეყრდნობა, ასკვნის, რომ სტატიების გაზიარება ყალბი ახალი ამბების საიტებიდან იშვიათი პრაქტიკა იყო საკვლევ პერიოდში. საერთო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდში, ამერიკელთა 9%-ზე ნაკლები ავრცელებდა ყალბ ახალ ამბებს. ამგვარი პრაქტიკის დაბალი მაჩვენებელი გამოწვეული არ გახლდათ იმით, რომ კვლევის ობიექტები, ზოგადად, იშვიათად აზიარებდნენ ინფორმაციას თავიანთ გვერდებზე. რესპონდენტების 26%-მა კვლევის პერიოდში 10-დან 100-მდე სხვადასხა ბმული გააზიარა, 61%-ზე მეტმა კი- 100-დან -1000-მდე.

თუმცა, მათ შორის, ვინც ასეთ სტატიებს აშეარებდა, დიდი ნაწილი კონსერვატიული შეხედულების, ძირითადად კი ტრამპის მხარდამჭერი იყო. გარდა ამისა, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ისიც, რომ ე.წ. ბეიბიბუმერების თაობა, ანუ ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადნენ და ამჟამად 65 წლის ან უფრო მეტის არიან, უფრო ხშირად აზიარებდნენ ე.წ. Fake News-ებს, ვიდრე მილენიალები ან სხვა, უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. კვლევის ამ შედეგზე გავლენას ვერ ახდენს ისეთი ფაქტორებიც კი, როგორიცაა რესპონდენტების განათლების დონე, იდეოლოგიური მიკუთვნებულობა, პარტიასთან აფილირებულობა ანდა ზოგადად ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებული მახასიათებლები.

Fake News, იგივე ყალბი ახალი ამბები, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, დღესდღეობით, უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინია როგორც აკადემიურ, ისე მედიაწრეებში. ამ ტერმინით, როგორც წესი, აღინიშნება ტყუილი ან მცდარი მიმართულების მომცემი კონტენტი, რომელიც გამიზნულად არის შეფუთული იმგვარად, რომ იგი ახალი ამბების სტატიებს წააგავს და რომლის მიზანიც, ხშირად, სარეკლამო შემოსავლების მიღებაა. თუმცა, გარდა სარეკლამო შემოსავლებისა, სხვადასხვა ინტერეს ჯგუფი ყალბ ახალ ამბებს სხვადასხვა მიზნით იყენებს, იქნება ეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლისთვის თავს მოხვევა თუ კონკრეტული იდეოლოგიის მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელება.

იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი ყალბი ახალი ამბების განსაზღვრისათვის, კვლევის ავტორებმა, ძირითადად, მედია და აკადემიურ წრეებში გავრცელებული ორი კლასიფიკაცია გამოიყენეს Fake News-ების გამავრცელებელი დომეინების იდენტიფიცირებისათვის. მათ შორის Buzzfeed News-ის წარმომადგენლის კრეიგ სილვერმანის ყალბი ამბების გამავრცელებელი საიტების სია და სია, რომელიც ალკოტმა და გენტსკოვმა შეადგინეს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ჟურნალისტ პელინ უნკერს თურქეთის სასამართლომ წელიწადზე მეტი მიუსაჯა ე.წ. „სამოთხის ქაღალდების“ ჟურნალისტურ გამოძიებაში მონაწილეობის გამო. გამოძიება ოფშორულ ზონებში გადასახადებისგან თავის არიდებაში მონაწილე არაერთ მაღალი წრის პოლიტიკოსსა და ცნობილ სახეს, მათ შორის თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მისი შვილების ბიზნეს საქმიანობას შეეხებოდა.

უნკერი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) წევრია, სტამბულის სასამართლომ დამნაშავედ სცნო „დეფამაციისა და ღირსების შემლახავი“ ინფორმაციის გავრცელებაში და მას 13-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ჟურნალისტი გასულ წელს გამოქვეყნებულ სტატიაში მალტაში, ბინალი ილდირიმისა და მისი შვილების საკუთრებაში არსებული კომპანიების შესახებ წერდა.

უნკერმა ICIJ-თან საუბარში თქვა, რომ მას სხვა მოლოდინი არც ჰქონია თურქეთის სასამართლოსგან, ვინაიდან თავიდანვე ცხადი იყო რა შედეგითაც დასრულდებოდა პროცესი. მიუხედავად ამისა, იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან, ჟურნალისტის თქმით, ილდირიმმა და მისმა ოჯახის წევრებმა უკვე აღიარეს, რომ მისი სტატია ილდირიმების მალტური ბიზნესის შესახებ არავითარ სიცრუეს არ შეიცავდა.

გამოცემა the Guardian-ის ცნობით, ICIJ-ის დირექტორმა ჯერარდ რაილმა განაცხადა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება სამართლიანი და ზუსტი რეპორტინგის გაჩუმების მცდელობაა თურქეთში.

„ICIJ ამაყობს პელინ უნკერის გაბედული და სამართლიანი რეპორტინგის გამო და გმობს თურქეთში ჟურნალისტების თავისუფლებაზე განხორციელებულ იერიშს, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ავტოკრატიული მმართველობის პირობებში,“ - განაცხადა რაილმა.

სამოთხის ქაღალდები ეწოდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც გამოცემა Guardian-მა და 90-მდე სხვა მედიასაშუალებამ ჩაატარეს კონსორციუმის ფარგლებში, მას შემდეგ რაც ოფშორებში არსებული ორი სერვისის მიმწოდებლისა და 19 „საგადასახადო სამოთხის“ კომპანიის 13 მილიონზე მეტი დოკუმენტი გაიჟონა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი პირველ ადგილზეა გასულ წელს ციხეში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით. 2019 წლის დასაწყისისთვის 68 თურქი რეპორტიორი იყო დაპატიმრებული.

მომზადებულია the Guardian-ის მიხედვით

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

Le Monde-ს რედაქტორს ლიუკ ბრონერს ბოდიშის მოხდა მოუწია გამოცემის ყდაზე დაბეჭდილი ილუსტრაციის გამო, რომელზეც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო გამოსახული და რომელმაც მკითხველებში ჰიტლერის ასოციაციები აღძრა.

ილუსტრაცია M magazine du Monde-ს 29 დეკემბრის ნომერში გავიდა და მასზე შავ-თეთრი მაკრონის გამოსახულება იყო წითელი და შავი ზოლების ფონზე, მისი პიჯაკის ფონზე კი ტრიუმფალური თაღთან მყოფი დემონსტრანტები იყვნენ გამოსახულნი.

„ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შოკში ჩააგდო ჩვენმა გრაფიკულმა გადაწყვეტილებამ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება იმ მიზეზებს, რის გამოც საყვედურს გამოთქვამენ ჩვენი მისამართით“, - აღნიშნა ლიუკ ბრონერმა, -„ილუსტრაციაში გამოყენებული ელემენტები ადრეული მე-20 საუკუნის რუსული კონსტრუქტივისტების ნამუშევრებიდან იყო ნასესხები, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ წითელ და შავ ფერებს“.

არგუმენტად Le Monde-მა გამოაქვეყნა ოთხი სხვა ილუსტრაცია, რომლებიც მსგავს წითელ და შავ ფერებს იყენებდა,

მოგვიანებით, 31 დეკემბერს Le Monde-მ გამოაქყვენა ედიტორიალი, გამოცემის დირექტორის ჯერომ ნოგლიოს ავტორობით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მათ მიიღეს „აურაცხელი იმეილი მკითხველებისგან, რომლებიც გამოხატავდნენ თავიანთ უთანხმოებას და აღშფოთებასაც კი. iMediaEthics დაუკავშირდა Le Monde-ს რათა გაერკვია, თავად მაკრონმა თუ გამოხატა უკმაყოფილება.

alt„ეს მესიჯი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიზუალური საშუალებებით არის გათანაბრებული მე-20 საუკუნის დიქტატორებთან, კონკრეტულად კი ადოლფ ჰიტლერთან,“ -აღნიშნული იყო ედიტორიალში. „ეს ცალსახად არ გახლდათ ჩვენი მიზანი, როგორც აღვნიშნეთ შაბათს, 29 დეკემბრის ნომერში.“ ყველას კარგად ესმის რამდენად დიდია განსხვავება რესპუბლიკის პრეზიდენტსა და გასული საუკუნის ყველაზე სასტიკ ტირანს შორის. არავის აქვს სურვილი დაბნეულობა გამოიწვიოს დემოკრატისა და ნაცისტის შედარებით. მიუხედავად ამისა, რთული სიტუაცია, რომელიც შეიქმნა, მკითხველთა მსგავსი ინტერპრეტაციაც რომ არ გავითვალისწინოთ, ცხადყოფს, რომ ამ ყდის გამოქვეყნება შეცდომა იყო.

მომზადებულია iMediaEthics-ის მიხედვით.

კატეგორია: საქართველო

2018 წელს ქართულ მედიაში რამდენიმე მოვლენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა ადგილობრივი მედიასაშუალებების მუშაობასა თუ ზოგადად მედიალანდშაფტზე. მიუხედავად იმისა, რომ მედიაბაზარზე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, მსხვილი მედიასაშუალებები კვლავაც პოლიტიკური ნიშნით პოლარიზებულნი არიან, არ გამოჩენილან ახალი მედიასაშუალებები, რომელთა მუშაობაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა სფეროში არსებულ რეალობას, მაინც შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მოვლენა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

⇒  1. ახალი მენეჯმენტი რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროში

2018 წლის იანვარში, ამერიკულმა ვებ-გვერდმა BBG Watch-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რადიო თავისუფლების ამერიკულ მენეჯმენტსა და ქართული ბიუროს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ვებ-გვერდზე, სადაც ინფორმაცია გავრცელდა, აშშ-ის გადამხდელებისაგან დაფინანსებული მედიასაშუალებების რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის შესახებ ჟურნალისტები მოხალისეობრივად წერენ სტატიებს.

BBG Watch-ის მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი მათ შორის რადიოს ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის ნენად პეიჩის მოთხოვნა გახდა, რომ ქართულ ბიუროს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ეთანამშრომლა. როგორც სტატიიდან ხდებოდა ცნობილი, ამგვარი თანამშრომლობის წინააღმდეგი იყო რადიოს ქართული სამსახური და მისი უფროსი დავით კაკაბაძე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წინააღმდეგობით უკმაყოფილო მენეჯმენტი კაკაბაძის გათავისუფლებას აპირებდა.

რამდენიმე დღეში უთანხმოების შესახებ განცხადება გაავრცელა რადიოს ქართულმა ბიურომ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნილი გადაცემების „წითელი ზონისა“ და „ინტერტview”-ს სხვა ტელეკომპანიების, მათ შორის რუსთავი 2-ის, ეთერში გასვლის საკითხი დადგა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.“

რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს მხარდასაჭერად გავრცელდა პეტიციაც. განცხადებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ მედიასაშუალების მენეჯმენტმა მართლაც გაათავისუფლა დავით კაკაბაძე. დავით კაკაბაძის გათავისუფლებიდან მეორე დღეს თანამდებობა დატოვა რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ.

მოგვიანებით დავით კაკაბაძემ მუშაობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციის მიერ დაარსებულ მედიააკადემიის აღმასრულებელ დირექტორად დაიწყო. მარინა ვაშაყმაძე კი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონსულტანტად დაინიშნა. დავით კაკაბაძის პოზიციაზე რადიოს ხელმძღვანელობამ რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე შეარჩია. რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი კი ჟურნალ ინდიგოს ყოფილი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი გახდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობრილივი საგამოძიებო გადაცემა „თავისუფლების მონიტორი“ რუსთავი 2-ის ეთერში გავიდოდა.

⇒  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები

2018 წლის მარტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია. ამათგან პარლამენტს 4 წევრი უნდა დაემტკიცებინა. საბოლოო ჯამში პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან დაახლოებულ და ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ კანდიდატს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რომელიც ია მამალაძესთან და მალხაზ ასლამაზიშვილთან ერთად დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“.

შათირიშვილის არჩევას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის პიარის სამსახურის წარმომადგენელი მაკო ბიგვავა და სტუდია „პოსტ TV”-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ზაზა შათირიშვილის მეურვედ ლობირებისათვის შეიკრიბნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე გახდა ბესიკ ლილუაშვილიც, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობაში მუშაობდა და რომელიც პარლამენტს აჭარის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

ომბუდსმენის კვოტით კი არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორი ზვიად დევდარინი იქნა წარდგენილი. დევდარიანის წარდგენის შემდეგ, CiDA-ს ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი, რასაც ქალთა მოძრაობის კამპანია მოჰყვა. დევდარიანისადმი ბრალდებების გაჟღერებიდან მალევე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ, რომელმაც განაცხადა: „მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ საზმაუს კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.“

დევდარიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სექსუალური ადევნების მუხლით. თავის მხრივ დევდარიანმა სასამართლოში უჩივლა 11 პირს, მათ შორის ბაია პატარაიას, იდა ბახტურიძეს, ნინო დანელიას, თამარა კაკაბაძეს, ეკა ონიანსა და თამარ ყურაშვილს, პატივისა და ღირსების შელახვისათვის. ასევე, უჩივლა გამოცემა ტაბულას. საბოლოო ჯამში, ომბუდსმენის კვოტით წარდგენილ კანიდატად საზმაუს სამეურვეო საბჭოში მოხვდა იზაბელა ოსიპოვა.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები საპარლამენტო უმცირესობის კვოტით წარდგენილი კანდიდატის ნინია კაკაბაძის გარშემო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა ჯერ 23 მარტს უყარა კენჭი და იგი უკვე მეხუთედ არ აირჩიეს სამეურვეო საბჭოში. მან პირველ ჯერზე მხოლოდ 11 ხმა მიიღო. 26 მარტს ნინია კაკაბაძე მეექვსედ დაასახელეს მეურვის კანდიდატად. საბოლოოდ, 4 აპრილს მას მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა და იგი სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატებმაც, რასაც ქართულ ოცნებაში განხეთქილება მოჰყვა. პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განცხადება გააკეთა, რომ იგი ქართული ოცნების რიგების დატოვებას აპირებდა და აღნიშნა, რომ „შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხებაა იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს“. მოგვიანებით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერისათვის შენდობა ითხოვეს დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა და თამაზ ნავერიანმა.

წლის ბოლოს კი გამოცემა ლიბერალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეურვე საბჭოს წევრმა ზაზა შათირიშვილმა საზმაუს სამეურვეო საბჭო დატოვა, ვინაიდან იგი საკუთარი ტელევიზიისა და ჟურნალის გახსნას გეგმავს.

⇒   3. ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა კონტრაქტებში

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ რამდენჯერმე მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა და თანამშრომელთა პროტესტი გამოიწვია 3 სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილს არხის მენეჯმენტმა შეცვლილი სამუშაო პირობები შესთავაზა. ცვლილება, რომელიც არხის რამდენიმე ათეულ ტექნიკურ თანამშრომელს შეეხო, ყოველთვიურად ხელფასის აღების ნაცვლად, საათობრივ სამუშაო რეჟიმს და შესაბამის ანაზღაურებას გულისხმობდა. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თანამშრომლებს ორთვიან კომპენსაციასა და სამსახურიდან გათავისუფლებაზე მოუწევდათ დათანხმება. კონტრაქტებში სამუშაო პირობების ცვლილებამ თანამშრომელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ აქციაც გამართეს ტელეკომპანიის შენობის წინ.

არხის მენეჯმენტის თქმით, ისინი არ აპირებდნენ თანამშრომლების გათავისუფლებას, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ. ხოლო რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, მენეჯმენტის განცხადებაში მითითებული იყო, რომ ისინი არხის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის 70-მდე თანამშრომლისთვის, ანაზღაურების ნამუშევარი საათების მიხედვით გადახდას აპირებდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკონტრაქტო პირობები 42-მდე ადამიანს შეეცვალა. გარდა ამისა, დაიწყო შეხვედრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა საზოგადოების ყურადღების ცენტრში საბჭოს წევრის გია იაკობიშვილის მიერ სხდომის ჩანაწერის წაშლის გამო მოექცა. როგორც სამეურვეო საბჭოს სხვა წევრმა ნინია კაკაბაძემ მედიასთან განაცხადა, გია იაკობიშვილი „ქურდულად და ტყუილით ითხოვს მასალას, ამბობს, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ამ ჩანაწერის წაშლა და მას ანადგურებს. აი, ასე ტყუილებით, მიპარვით და რაც მთავარია "უმრავლესობის სახელით" მოქმედებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. საბედნიეროდ არსებობს მიმოწერა ელექტრონული ფოსტით, სადაც მხოლოდ ზაზა შათირიშვილი და გია იაკობაშვილი იზიარებენ ჩანაწერის განადგურების იდეას".

2018 წლის ოქტომბერში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, საზოგადეობრივი მაუწყებლის გათავლისუფლებული თანამშრომლების უფლებათა დასაცავად. „სასარჩელო მოთხოვნაა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“, - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც მედიაში გავრცელდა.

მედიაჩეკერი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარეს, რომლის თქმითაც, პროფკავშირის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინაც შეხვდნენ სამეურვე საბჭოს. შეხვედრას არ ესწრებოდა მენეჯმენტი. შეხვედრაზე, ზაუტაშვილის თქმით, შეთანხმდნენ რომ ახალ წლამდე არავითარი რეაგირება არ იქნება, ვინაიდან ამ ადამიანების გათავისუფლება დარღვევებით მიმდინარეობს. მიიღეს აქტიური თანამშრომლობის დაპირება. მიუხედავად სამეურვეო საბჭოს დაპირებისა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება არ მოხდებოდა განხილვის გარეშე, მისი ინფორმაციით, მაინც უგზავნიან თანამშრომლებს გარკვეული ტიპის განცხადებებს.

„თავიდან იყო საუბარი 150-მდე თანამშრომელზე, მერე 50-ზე და ახლა 22-მდე ჩამოვიდა ციფრი. ესეც როგორი არასწორი საქციელია მენეჯმენტის მხრიდან“, - ამბობს ნინო ზაუტაშვილი და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების ნაწილს, რომელზეც თავდაპირველად იყო საუბარი, ახალი კონტრაქტები მისცეს, ნაწილს კი დაუტოვეს ძველი პირობები, -„ველოდებით, რომ სამეურვეო საბჭო განიხილავს ამ საკითხს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი იდეა შეთავაზებული მათთვის და ვფიქრობთ, რომ ამ იდეის საშუალებით თუნდაც რეორგანიზაცია შეიძლება, რაც ტელევიზიაში ახალი, კარგი კადრების მოყვანასთან ერთად, გულისხმობს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ქართული რადიოს განვითარებაში, იმ ადამიანებისთვისაც გვაქვს მოფიქრებული სპეციალური პროგრამა, რომელიც მათ დაუტოვებს შეგრძნებას, რომ ისინი საჭორები არიან რადიოსთვის.“

⇒   4. ტელეკომპანია იბერია

2019 წელს ქართული ტელებაზარი ერთი არხით ნაკლებით შეხვდება. ტელეკომპანია იბერიამ, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეთერში 2015 წელს დაბრუნდა, ისევ შეწყვიტა მაუწყებლობა. მაუწყებლობის შეწყვეტამდე კი იყო ცნობილი პოლიტიკური და ბიზნეს სკანდალი, რომელიც იბერიის ფაქტობრივი მფლობელის ზაზა ოქუაშვილის კუთვნილ სხვა ბიზნეს-კომპანიას „ომეგა ჯგუფსა“ და სახელმწიფოს წინაშე არსებულ მის დავალიანებას შეეხებოდა.

საუბარი იბერიას მთავარ დამფინანსებელ კომპანია „ომეგა ჯგუფზე“ მიმდინარე ფინანსურ ზეწოლაზე ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, პროცესები განსაკუთრებით მიმდინარე წლის სექტემბერში გამწვავდა, როდესაც ტელევიზია მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც ტელეკომპანიის მესვეურთა განცხადებით, განპირობებული იყო „ომეგა ჯგუფისათვის“ ყადაღის დადებით. 10 სექტემბერს, ტელევიზიის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციაც გამართეს მთავრობის კანცელარიასთან, ლოზუნგებით - “იბერიას ვერ წაგვართმევთ”, “ვერ გაგვაჩუმებთ”, “ხელები შორს იბერიისგან და ა.შ.

სიტუაცია იბერიას გარშემო კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელდა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ და ფარული ჩანაწერების სერია, რომლის მეშვეობითაც, ომეგა ჯგუფის მფლობელი ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებდა.

16 ოქტომბერს ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. არხზე შეჩერდა ყველა ტიპის გადაცემა, მათ შორის საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებები. მალევე, ტელეკომპანიამ ათობით თანამშრომელს შეუწყვიტა კონტრაქტი ფინანსების არარსებობის მოტივით. თანამშრომელთა გუნდი ორად გაიყო და მათ ცალ-ცალკე დაიწყეს ბრძოლა თავიანთი ანაზღაურების მიღებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფმა“ დავალიანების მცირე ნაწილი გადახდის შემდეგ თამბაქოს ქარხნის ამუშავება შეძლო, კვლავაც გაურკვეველია ტელეკომპანია იბერიას საქმე. 29 ოქტომბერს ტელევიზიის სიხშირეზე განთავსებული წარწერა „ხელისუფლებამ დახურა იბერია“ შეიცვალა წარწერით „არხის რეორგანიზაცია“, 18:00 – 00:00 საათებში კი საარქივო მასალები გადიოდა. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს, მედიაჩეკერი შეეცადა გაერკვია ტელევიზიის ბედი, თუმცა ვერც დამფუძნებლების და ვერც ტელეკომპანიის სხვა მესვეურებისაგან ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის მიღება.

⇒ ⇒ ⇒ სევე შეგიძლიათ გაიხსენოთ მედიაჩეკერის არქივიდან:
  
2017 წლის 4 მნიშვნელოვანი მოვლენა მედიაში 

კატეგორია: რესურსები

2018 წელს არაერთი წიგნი გამოიცა, რომელიც, ერთი მხრივ, აღწერს მედიაში მიმდინარე სწრაფად ცვალებად პროცესებს და მეორე მხრივ, გვიყვება ამბებს ადამიანების შესახებ, რომლებიც წამყვან როლს თამაშობდნენ ან თამაშობენ საერთაშორისო მედიასაშუალებების მუშაობაში. წლის ბოლოს, მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ რამდენიმე წიგნს, რომლებიც 2018 წელს გამოქვეყნდა და რომლებიც ცნობილ რეპორტიორთა ცხოვრებასა და მუშაობასა თუ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მოგვითხრობს.

⇒ Ctrl Alt Delete: როგორ ჩამოშალა პოლიტიკამ და მედიამ ჩვენი დემოკრატია

    ავტორი: ტომ ბოლდუინი
    გამომცემელი: Hurst Publishers

alt„რაღაც აშკარად არასწორად განვითარდა: ადამიანებს სძულთ პოლიტიკოსები, უნდობლობა აქვთ მედიის და კიდევ უფრო მეტად ერთმანეთის მიმართ. ადვილია ეს ყველაფერი დააბრალო რუს ტროლებს, Facebook-ის ახალი ამბები ლენტას ანდა მონაცემებით მზაკვრულ მანიპულაციებს, თუმცა ეს ყელაფერი მხოლოდ და მხოლოდ სიმპოტმებია იმ ძალადობრივი ურთიერთობისა, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკას, მედიასა და ახალ ინფორმაციულ ერას შორის, გასული 30 წლის მანძილზე“, - ასე იწყება ტომ ბოლდუინის წიგნის აღწერა, რომელიც 2018 წლის ივლისში გამოვიდა.

წიგნში, რომელიც საინტერესოდ აღწერს ბოლო წლებში ახალი ამბების დღის წესრიგზე კონტროლისათვის ბრძოლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საჯარო აქტორებს შორის, გამოყენებულია ინტერვიუები პოლიტიკოსებთან, მედიის პროფესიონალებთან, რუს ბლოგერებთან თუ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან. ავტორი ცდილობს აჩვენოს თუ როგორ შექმნა დემოკრატიაზე ასეთმა შეტევებმა ნაყოფიერი ნიადაგი ექსტრემისტული ძალების მათ შორის პოპულისტური მოძრაობების აღზევებისათვის.

„ეს არის არაჩვეულებრივად დაწერილი, ხშირად სასაცილო, ზოგჯერ კი ელეგიური და დრო და დრო ბრაზიანი აღწერა იმისა, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკისა და მედიის სამყარო უარესისაკენ გასულ ათწლედში“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალი Times ბოლდუინის წიგნს.

ტომ ბოლდუინმა თავისი 30-წლიანი კარიერის უდიდესი ნაწილი მედიასა და პოლიტიკაში მუშაობას მიუძღვნა. იყო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის კომუნიკაციების დირექტორი, The Sunday Telegraph-ის პოლიტიკური რედაქტორი The Times-ის რედაქტორის ასისტენტი და The Times-ის ვოშინგტონის ბიურის ხელმძღვანელი.

⇒  რეპორტიორი: სეიმურ ჰერშის მემუარები

      გამომცემელი: Allen Lane

altმე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ჟურნალისტთა შორის სეიმურ ჰერშის სახელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ჰერში - ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, რომელიც ვაშინგტონში მოღვაწეობს, საყოველთაოდ აღიარებული 1969 წელს ვიეტნამის ომის გაშუქებისას ამერიკელ ჯარისკაცთა მოწყობილი მაი ლაის სასაკლაოს გაშუქებისას გახდა, რისთვისაც 1970 წელს პულიტცერის პრემიაც მიიღო. მოგვიანებით, აშუქებდა უოტერგეიტის სკანდალსა და ამერიკის მიერ კამბოჯის ფარულ დაბომბვას. 2004 წელს კი მის სახელს დაუკავშირდა ამერიკელი სამხედროების მიერ აბუ ღრეიბის ციხეში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქება. მიღებული აქვს არაერთი პროფესიული ჯილდო.

ლეგენდარული ჟურნალისტი მემუარებში იხსენებს საკუთარი კარიერის გზას, აღწერს თუ რა ამოძრავებდა მას როდესაც აშუქებდა ყველაზე უფრო ფაქიზ თემებს, როგორ ახერხებდა ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო საიდუმლობების მზის შუქზე გამოტანას, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე და ფაქტებისადმი სრული ერთგულებით. წიგნში ჰერში ყვება ისტორიებს იმ ისტორიათა მიღმა, რომლებიც მის სტატიებში ხვდბოდა ხოლმე. გარდა ამისა, მემუარებში ჰერში იხსენებს მის ურთიერთობას მე-20 საუკუნის ამერიკული ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის ისეთ გიგანტებთან როგორებიც არიან ბენ ბრედლი, ა.მ. როზენსტილი, დევიდ რემნიკი და ჰენრი კისინჯერი. „თავად ჰერში არის ხისტი და პირდაპირი, თუმცა არასდროსაა ცინიკური. მისი მემუარები კი ისეთივე ამაღელვებელია, როგორც მისი ჟურნალისტური ნაწერები“, - ვკითხულობთ Publishers Weekly-ის მიმოხილვაში.

⇒  Breaking News: ჟურნალისტიკის გარდაქმნა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

      ავტორი: ალან რუსბრიჯერი
      გამომცემელი: Farrar, Straus and Giroux

altThe Guardian-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის ალან რუსბრიჯერის წიგნი - Breaking News: The Remaking of Journalism and Why It Matters Now 2018 წლის ნოემბერში გამოიცა. წიგნი აღწერს არამხოლოდ იმ მასალებს, რომლებიც მისი რედაქტორობის დროს გამოაქვეყნა გამოცემამ (ედვარდ სნოუდენის ისტორია, რუპერტ მერდოკთან, ბილ და მელინდა გეითსებთან დაკავშირებული სკანდალები და ა.შ.) და რომელსაც საყოველთაო გამოხმაურება მოჰყვა, არამედ, როგორ მასში დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უწევდა ერთ-ერთ უმსხვილეს ბრიტანულ გამოცემას თვითგადარჩენისათვის ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების პირობებსა და შეცვლილ მედიაგარემოში.

რუსბრიჯერმა, რომელიც ჩრდილოეთ როდეზიის პროტექტორატში (ამჟამად ზამბია) დაიბადა, კარიერა Cambridge Evening News-ში დაიწყო. მოგვიანებით მუშაობდა The Observer-სა და London Daily News-ში. The Guardian-ის რედაქტორი კი რუსბრიჯერი 1995 წელს გახდა და ამ პოზიციას 20 წლის განმავლობაში იკავებდა.

რუსბრიჯერის წიგნის შესახებ The Guardian-ში გამოქვეყნებული მიმოხილვის თარგმანის წაკითხვის საშუალება "მედიაჩეკერის" მკითხველს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა.

⇒  შოუს მოპარვა: ქალების რევოლუცია ტელევიზიაში


     ავტორი: ჯოი პრესი
     გამომცემელი: Atria Books

altშონდა რაიმსი, ლენა დიუნჰემი, ტინა ფეი, ემი შუმერი, ელენ დეჯენერისი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქალებისა, რომლებმაც გასული ათწლეულების განმავლობაში გართობის და კონკრეტულად, სატელევიზიო გართობის სფეროზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინეს და გააჩინეს განცდა რომ ეს სფერო გენდერული თვალსაზრისით თანასწორ სივრცეს წარმოადგენს ქალებისთვის. ფაქტია, ქალმა ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სცენარისტებმა გასულ წლებში რევოლუციური გავლენა იქონიეს ამ სფეროზე, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ჯოი პრესი, Vanity Fair-ის ყოფილი ტელე-კორესპონდენტი, Salon-ისა და Los Angeles Times-ის გართობის განყოფილების რედაქტორი და ავტორი, The Guardian-ისა და The New York Times-ის კონტრიბუტორი სხვადასხვა დროს, თავის ახალ წიგნში აღწერს იმ გრძელ გზას, რომელიც ქალებმა გამოიარეს ტელეინდუსტრიაში, რათა მათ დღევანდელობამდე მოეღწიათ.

თავადაც უკვე ვეტერანი ჟურნალისტი წიგნში აღწერს იმ ბარიერებს, რომელთა გადალახვაც უწევდათ ქალ პროფესიონალებს მედიის სფეროში. წიგნი გვიყვება ორი კონკრეტული ტელეპერსონის როზინ ბარისა და დაიან ინგლიშის წარმატების ისტორიას, რომელთა საკულტო შოუებმაც „ოჯახური ღირებულებების“ ამერიკული წარმოდგენები მთლიანად შეცვალა და რომელთა სახელიც ხშირად თეთრ სახლამდეც აღწევდა. ბარისა და ინგლიშის გამოცდილებამ კი შთააგონა ამერიკელი ქალი ტელეწამყვანების მთელი თაობა, რათა მათ კრეატიული სივრცეებისა და აღმასრულებელი ძალაუფლების ქონის ამბიცია გასჩენოდათ.

⇒  უკიდურესობებში: ომის კორესპონდენტის მარი კოლვინის სიცოცხლე და სიკვდილი

      ავტორი: ლინდსი ჰილსუმი
      გამომცემელი: Farrar, Straus and Giroux

altმარი კოლვინს "მედიაჩეკერის" მკითხველი კარგად იცნობს. ომის ლეგენდარული რეპორტიორის შესახებ ჩვენს ვებგვერდზე რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა. გასულ თვეში, მედიაჩეკერმა მკითხველს ჟურნალისტის ცხოვრებაზე გადაღებული მხატვრული ფილმის A Private War-ის მიმოხილვის თარგმანი შესთავაზა, რომელიც ჟურალ the Times-ში გამოქვყენდა.

მის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს - Under the Wire კოლვინის ბოლო მოგზაურობას ასახავს სირიაში. ამჯერად კი, ლინდსი ჰოლსუმის ავტორობით გამოქვეყნებულ წიგნს წარმოგიდგენთ, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გამოიცა და გამოსვლიდან მალევე BBC-ის რადიოს კვირის წიგნად და Sunday Times -ის წლის წიგნად დასახელდა.

მარი კოლვინს, რომელიც თავისი უშიშარი რეპორტინგითა და საქმისადმი თავდადებით გამოირჩეოდა (რასაც ჯერ მისი თვალი შეეწირა, შემდეგ კი მისი ცხოვრება), მისი მეგობარი და ომის რეპორტინგში თანამგზავრი ლინდსი ჰილსუმი იხსენებს. წიგნში მოთხრობილია კოლვინის ბავშვობა ამერიკულ გარეუბანში, მისი შთამაგონებელი კარიერა, რომელიც ერაყიდან, ლიბიიდან კოსოვოდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან, შრი ლანკადან და ჩეჩნეთიდან თუ სირიიდან რეპორტაჟების მთელ სერიას მოიცავდა. გარდა პროფესიული დეტალებისა, წიგნში მოთხრობილია კოლვინის სასიყვარულო ისტორიების, მეგობრისა თუ დაუსრულებელი გართობის შესახებ. სწორედ კოლვინის ეს სასიცოცხლო ენერგია და ვნება იყო მიზეზი იმისა, რომ მასთან შეხვედრისთანავე ყველას მასთან მეგობრობა უნდოდა, იასირ არაფატიდან მოყოლებული მუამარ კადაფით დამთავრებული.

⇒  უცხო: ლათინო იმიგრანტის გამოწვევა ტრამპის ხანაში

ავტორი - ხორხე რამოსი
გამომცემელი - Vintage

altვინც ხორხე რამოსის სახელი ჯერ კიდევ არ იცოდა, მიუხედავად მისი, როგორც Univision-ის ტელეწამყვანის 35-წლიანი კარიერისა და არაერთი პროფესიული ჯილდოსი, 2015 წელს, აიოვაში, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პრესკონფერენციის შემდეგ გაიგო. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტისათვის ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას მიგრანტთა თემაზე, ტრამპის გაღიზიანება მოჰყვა. ჟურნალისტის დაჟინებულ მოთხოვნას დაესვა შეკითხვა, ტრამპმა მოკლე ფრაზით უპასუხა: „წადი, დაბრუნდი შენს Univision-ში“. შემდეგ კი, დაცვის დახმარებით, იგი დარბაზიდანაც გააძევეს.

„არის მომენტები, როდესაც სრულიად უცხოდ ვგრძნობ თავს ამ ქვეყანაში. ამას არც წუწუნის გამო ვამბობ და არც შესაძლებლობების არ ქონის გამო. ამას უფრო იმედგაცრუების გამო ვამბობ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 35 წელი აშშ-ში ცხოვრების შემდეგაც კი, ამდენი ადამიანისთვის უცხო ვიქნებოდი. თუმცა, ზუსტად ასეა ეს“, - წერს თავის წიგნში ჟურნალისტი, რომელსაც აშშ-ის ლათინოამერიკულ თემში „უხმოთა ხმად“ მოიხსენიებენ ხოლმე. წიგნში რამოსი აღწერს მისი როგორც ლათინო ჟურნალისტის გამოცდილებას აშშ-ში და სხვადასხვა კვლევაზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და ჟურნალისტურ ცნობისმოყვარეობაზე დაყრდნობით ყვება რატომ გრძნობენ ჯერ კიდევ უცხოებად თავს ის და სხვა მილიონობით ლათინოამერიკელი აშშ-ში.

მომზადებულია: The Guardian-ის, Esquire-ის, New Books Network-ის, Simon & Schuster-ის, Hurst Publishers-ის და Publishers Weekly-ის მიხედვით.

კატეგორია: საქართველო

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას კრძალავს. თითქმის ყოველ წელს არაერთი ამბავი ხდება ცნობილი თუ როგორ არ მისცეს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ჟურნალისტებს, როგორ დაუზიანეს კამერა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მიუხედავად ამისა, ხშირად ამგვარ შემთხვევებს 154-ე მუხლით არ იძიებენ.

alt2018 წლის 10 ოქტომბერს, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები თავს დაესხნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუასა და ოპერატორს, ლევან კალანდიას. ისინი ხარაგაულში, რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობისას გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ რეპორტაჟს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანდა, ბიუროს კუთვნილ ობიექტზე შესულ ჟურნალისტსა და ოპერატორს კომპანიის წარმომადგენლებმა ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს და კამერა წაართვეს. 11 ოქტომბერს, პოლიციამ ორი პირი დააკავა ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, რაც ცემასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. როგორც ეკა გაგუამ “მედიაჩეკერს” განუცხადა, მისი ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულ ორ პირს სახელმწიფომ 10 000 – 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

თუმცა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც იურისტ მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, ბოლო დროს გახშირდა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის ამგვარი რეაგირებით არ სრულდება. იმავე ჟურნალისტს, ეკა გაგუას რამდენიმე კვირით ადრე, ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახში დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. ინციდენტი მოხდა ზუგდიდის მაშინდელი მერის მოადგილესთან გია გულორდავასთანაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია.

„ჩვენ, მაშინ, პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა, ინფორმაცია გაჟღერდა, კადრები ნაჩვენები იყო, ადამიანები იდენტიფიცირებულები იყვნენ და პოლიციას თავად შეეძლო ამ ყველაფერზე გამოძიების დაწყება, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ - აღნიშნავს ეკა გაგუა.

altჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი იყო ერთ-ერთი იმ სამი მუხლიდან, რომლითაც გამოძიება დაიწყო შსს-მ, 30 ნოემბერს, თბილისში, მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს, მოძრაობის ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძესა და მის თანამოაზრეებს შორის. ერთი მხრივ, ნანა კაკაბაძე ბრალს სდებდა ჟურნალისტს მათ ოფისში უკანონოდ შეჭრაში. ამასთან დაკავშირებით, მისმა ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა და დამატებით, მარიამ გაფრინდაშვილი ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულა, რომლის დამამტკიცებელ საბუთადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერი მოიყვანეს. მეორე მხრივ, ტელეკომპანია ნანა კაკაბაძესა და მის ორგანიზაციას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში სდებს ბრალს.

როგორც რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა “მედიაჩეკერს” განუცხადა, გამოძიებამ უკვე ამოიღო კაკაბაძის ოფისთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები, გამოიკითხნენ გაფრინდაშვილი და მასთან ერთად მყოფი ოპერატორი, ტექნიკა კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა მისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება ამჟამად.

„მეც ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება. მოგეხსენებათ, რომ კაკაბაძემ ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა ვიდეოფაილის დამონტაჟებული ნაწილი, რომელიც იყო მიმართული ჩემი დისკრედიტაციისკენ”, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა “მედიაჩეკერთან”, - “ასევე გაავრცელა ჩემი პირადი ნომერი და 5 დღის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ვიყავით ისეთი თავდასხმის ობიექტები, რომ უბრალოდ ვერ აგიხსნით.“

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ზოგიერთ ფაქტზე, პოლიციის მხრიდან რეაგირების შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძვლად, შსს ხშირად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, მხოლოდ 126-ე მუხლს უთითებს, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობის გამო მიყენებულ ფიზიკურ ტკივილს გულისხმობს.

მაგალითად, ასე მოხდა, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს, როდესაც თბილისში, 25-ე საარჩევნო უბანთან მდგომმა ორმა ქალმა “TV პირველის” ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე ხელითაც შეეხო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, თუმცა ჟურნალისტს უთხრეს, რომ საქმე სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლად გადაკვალიფიცირდებოდა.

თათია ჩაფიჩაძემ “მედიაჩეკერს” უთხრა, რომ მიუხედავად დაპირებისა, საქმე ამ დრომდე არ გადაკვალიფიცირებულა და როგორც სამართალდამცავებმა მას უთხრეს, ისინი პროკურორის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

altგამოძება 154-ე მუხლით არ დაწყებულა არც გამოცემა On.ge-ის ჟურნალისტის სალომე ჩადუნელის შემთხვევაში, რომელსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ასევე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, თბილისში, 54-ე საარჩევნო უბანზე რეპორტიორი ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ კოორდინატორს, შეკითხვებს უსვამდა იმ სიებთან დაკავშირებით, რაც მას ხელში ეკავა. ჟურნალისტის შეკითხვამ კი იქვე მდგომი მეორე კოორდინატორი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღსანიშნავია, რომ ამბავს შეესწრო ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და ჟურნალისტის გამოკითხვაც დაიწყეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნაცვლად, გამოძიება კვლავაც 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, როგორც ჩადუნელმა მედიაჩეკერს უთხრა, გამოძიებას არა თუ არ გადაუკვალიფიცირებია საქმე, არამედ საერთოდ შეწყვიტეს იგი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ჟურნალისტის თქმით, პროკურორმა მიუთითა მას, რომ მას პროფესიული მოვალეობის შესრულება მაინც შეძლო და შესაბამისად 154-ე მუხლით საქმის გამოძიების საჭიროება აღარ იდგა.

ზემოთ აღწერილი შემთხვევების უმეტესობაში ჟურნალისტების დავის საგანი მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე სამართალდამცავების მხრიდან იგნორირება ანდა გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, 126-ე მუხლის გამოყენებაა. სამართალდამცავების მხრიდან ამ მუხლის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი მარიამ გოგოსაშვილიც.

„კოდექსის აღნიშნული მუხლი უშუალოდ ჟურნლისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით მისი გამოყენება იშვიათად ხდება და გამოძიება ძირითადად ძალადობის ან სხვა მუხლით იწყება და მიმდინარეობს ხოლმე,“ - აცხადებს საიას იურისტი.

ამ მუხლის არასათანადო ანდა იშვიათ გამოყენებაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომელიც “მედიაჩეკერმა” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა. როგორც შსს-ს მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, 2013 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით (2015 წლის გამოკლებით), წელიწადში მხოლოდ 3-დან 6-მდე საქმეზე იწყებოდა ხოლმე გამოძიება ამ მუხლის ორივე ნაწილით. 2015 წელს ამ მუხლით არც ერთი საქმე არ აღძრულა. 154-ე მუხლით გამოძიების დაწყების განსაკუთრებით მაღალი რიცხვი იყო 2012 წელს (21 საქმე). 2011 წელს ასეთი ერთი, 2010 წელს კი 7 შემთხვევა იყო.

საინტერესო სურათს იძლევა 2012 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით პროკურატურის მიერ, 154-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნის სტატისტიკაც. 2012 წლამდე ასეთ სტატისტიკას პროკურატურა არ აწარმოებდა. “მედიაჩეკერისათვის” მიწოდებული ინფორმაციით, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2012 წელს, ერთი პირისადმი დაიწყო დევნა, 2013-2017 წლებსა და 2018 წლის 9 თვეში კი არც ერთი პირისადმი არ დაწყებულა. რაც შეეხება კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილს, „2012 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, 2013 წელს - 4, 2015 წელს - 1, 2016 წელს - 1 პირის მიმართ, ხოლო 2014 წელს, 2017 წელსა და 2018 წლის 9 თვეში აღნიშნული მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა“, - ვკითხულობთ პროკრურატურის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება დამდგარ განაჩენებს, მედიაჩეკერს საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, რომ 2010-2018 (ოქტომბრამდე) წლებში რაიონულმა (საქალაქო) სასამართლოებმა სულ 5 საქმე განიხილეს, რომელთაგან ხუთივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა კი ორ-ორი საქმე განიხილეს. სააპელაციომ ერთი საქმის განაჩენი უცვლელად დატოვა, მეორე კი გადააკვალიფიცირა. უზენაესმა სასამართლომ ერთი საქმე დაუშვებლად სცნო, მეორე საქმის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება შეცვალა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში.


როგორც მოყვანილი სტატისტიკაც ცხადყოფს, სისხლისსამართლის კოდექსის ამ კონკრეტული მუხლის პრაქტიკაში გამოყენება არც ისე ხშირია. რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ჟურნალისტების მხრიდან არასაკმარისი მიმართვიანობა, მეორე მხრივ, კი თავად სამართალდამცავების მხრიდან ამ კონკრეტული მუხლის მისადაგებისაგან თავის არიდების გამიზნული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარ პრაქტიკას შესაძლოა თავისი ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რაც მაგალითაც, მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუძლებელს ხდის.

„მნიშვნელოვანია საქმე სწორედ ამ მუხლით დაიწყოს ან შემდგომში დაკვალიფიცირდეს, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას. ამ მუხლის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დაიცვას მედიის წარმომადგენლები უკანონო ხელშეშლისგან, ანუ კანონს სპეციალური დაცვის ობიექტი ჰყავს,“ - აღნიშნავს მარიამ გოგოსაშვილი და დასძენს, რომ კანონის პრობლემა ცალსახად მისი პრაქტიკაში გამოყენებაა. კანონის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისასაც არსებობდა. იმ დროს, საიას იურისტი თამარ გურჩიანი media.ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ საქართველოში იდგა ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის განსაზღვრის პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო კანონმდებლობასთან. მისი თქმით, ხშირად, ჟურნალისტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული საქმეები, 154-ე მუხლის ნაცვლად სხვა მუხლით აღიძვრებაოდა ხოლმე.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პრაქტიკაში სათანადო გამოყენების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას ჟურნალისტებიც. ეკა გაგუა მიიჩნევს, რომ თუკი კანონი უფრო მკაცრი იქნება, შესაძლოა ამან სამომავლოდ აგვარიდოს თავიდან მსგავსი დანაშაულის ხშირად ჩადენის ფაქტები. თათია ჩაფიჩაძე კი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, 154-ე მუხლის გამოყენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სათანადო გამოძიებისა და ადეკვატური პასუხისგების შემთხევაში, სხვებს ნაკლებად გაუჩნდებათ ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის სურვილი.

იურისტი მარიამ გოგოსაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხლს ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები თუმცა ეს ხარვეზები უფრო მეტად პრაქტიკაში მისი გამოყენებით და განმარტებით გამოჩნდება. „კონკრეტულად რთულია ჩემთვის იმის თქმა, რა უნდა გაკეთდეს, ალბათ თავად ჟურნალისტებმაც უნდა მიუთითონ და დააზუსტონ გამოძიების მიმდინარეობისას რომ ადგილი ჰქონდა საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. ასევე საგამოძიებო უწყებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია ამ მუხლის მნიშვნელობასა და მისი დაცვის ობიექტებზე“, - აღნიშნავს გოგოსაშვილი.

კატეგორია: ეთიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 2018 წელს 62 საქმე განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ყველაზე ხშირად ჟურნალისტურ მასალებში ირღვევა ქარტიის 1-ლი, სიზუსტის პრინციპი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.


alt

2018 წელს ქარტიის საბჭომ 1-ლი პრინციპის დარღვევა 39 საქმეში დაადგინა. 9 შემთხვევაში ქარტიის საბჭოს ამ პრინციპის დარღვევა არ გამოუვლენია, ერთ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

9 შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი მასალების მომზადებისას და შედეგად, ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვიეს. მე-8 პრინციპის მიხედვით, „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

ასევე შედარებით მაღალი იყო ისეთი საქმეების რაოდენობა, როდესაც მედიის წარმომადგენლებმა ქარტიის მე-5 პრინციპი დაარღვიეს. ამ პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია. ეთიკის ქარტიის საბჭომ ასეთი სულ 7 საქმე განიხილა.

alt

2018 წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმეთა განხილვისათვის მეტწილად მოქალაქეები მიმართავდნენ (26 განაცხადი), შემდეგ მოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები (12 განაცხადი), პოლიტიკოსები (5 განაცხადი) და სახელმწიფო უწყებები და ჟურნალისტები (4-4 განაცხადი).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, ამათგან სამი თბილისს, 6 კი რეგიონებს წარმოადგენს. საბჭოს წევრებს სამი წლის ვადით ირჩევენ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კრიზისულ სიტუაციებში (შეიარაღებული კონფლიქტები, ბუნებრივი კატაკლიზმები, პოლიტიკური პროტესტები და ა.შ.) მომუშავე რეპორტიორები ხშირად დგებიან დილემის წინაშე - სჯობს გამოაქვეყნო ისტორია, რომელშიც მოყვები ადამიანთა გასაჭირის შესახებ თუ სჯობს, შენი ისტორიის გასაჭირში მყოფ პოტენციურ გმირებს დაეხმარო, რითაც შეგიძლია. ეს შეკითხვა უკვე რამდენიმე ათეული წლებია აქტუალურია პროფესიულ წრეში, თუმცა ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. დროდადრო ამგვარი დილემები თავს იჩენს ხოლმე და საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება. მაგალითად, ასე მოხდა კევინ კარტერის ცნობილი ფოტოს “შიმშილი სუდანში” გამოქვეყნებისას. თუმცა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა დებატების საგანი, როდესაც რამდენიმე კვირის წინ The New York Times-მა დეკლან უოლშის ვრცელი სტატია და ტაილერ ჰაიკსის ფოტოები გამოაქვეყნა სათაურით „საუდის არაბეთის ომის ტრაგედია“. სოციალურ ქსელებში მიმდინარე ცხარე დისკუსიებს სტატიის ავტორი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში, რომლის თარგმანსაც მედიაჩეკერი გთავაზობთ.

დეკლან უოლში

იემენის დედაქალაქ სანას ერთ-ერთ რესტორანში მიმტანმა ნელ-თბილად მოხრაკული ცხვრის ხორცით სავსე ჯამები, გარნირად კი ბრინჯის მთები მოგვიტანა. დესერტად კანაფე, კლასიკური არაბული, ოქროსფერ-ყავისფერი ყველით გამოტენილი ნამცხვარი ჰქონდათ.

ერთ საათში სამსახურში ვბრუნდები, ჰოსპიტალის ჩუმ პალატაში, რომელიც სავსეა შიმშილისაგან ჩონჩხად ქცეული ბავშვების სახეებით, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გამოკიდებულები ითხოვენ ფულსა და კარგ საკვებს.

თუკი ეს შედარება უსიამოვნოდ, გულისამრევადაც კი მოგეჩვენათ, მინდა გითხრათ, რომ მეც ზუსტად ეს გრძნობა დამეუფლა.

კრიზისის ზონები ხშირად მკვეთრი კონტრასტების ადგილია, მაგრამ იემენში ეს უფსკრული კიდევ უფრო არაკომფორტულია. პრობლემა საკვების უკმარისობა კი არ არის, არამედ ის, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია იყიდოს საჭმელი, რომელიც რეალურად ხელმისაწვდომია.

ბლოკადებმა, ბომბებმა და მზარდმა ინფლაციამ დაანგრია ეკონომიკა. ჩამოშლილი სახელმწიფო კი ნიშნავს, რომ აღარანაირი უსაფრთხოების სისტემები აღარ არსებობს. შედეგად, ფულის სათხოვნელად გამოსულმა ადამიანებმა ჩახერგეს სუპერმარკეტების შესასვლელები, რომელთა დახლებიც გამოვსებულია პროდუქტით; ბაზრები სავსეა საქონლით ქალაქში, სადაც დამშეული ხალხი მოხარშულ ფოთლებს ჭამს; რესტორნები მდიდრულ საჭმელს ყიდიან რამდენიმე ასეული მეტრით მოშორებით ოთახებისგან, რომლებიც სავსეა მშიერი ხალხით და სადაც სასოწარკვეთა, ტკივილი და სიკვდილია გამეფებული. 


რეპორტიორებისთვის კი ეს ყველაფერი აჩენს დილემას. ჟურნალისტები, როგორც წესი, მყარი ვალუტის, დოლარების შეკვრებით მოგზაურობენ, რათა დაფარონ სასტუმროს, ტრანსპორტისა და თარგმნის ხარჯები. ამ თანხის მხოლოდ მცირედი ნაწილი შეიძლება მივიდეს ოჯახამდე, რომელიც შიმშილობს. ხომ არ უნდა შევწყვიტო მუშაობა, დავხურო ჩემი ბლოკნოტი და ვიფიქრო მათ დახმარებაზე?

ეს არის შეკითხვა, რომელიც რამდენიმე მკითხველმა დასვა, როდესაც გამოვაქვეყნეთ სტატია იემენში გამეფებულ შიმშილზე.

ბევრი ააღელვა ტაილერ ჰაიქსის მიერ გადაღებულმა ამალ ჰუსაინის ფოტოებმა, 7 წლის გაძვალტყავებული გოგონას სურათებმა, რომლის წარუშლელმა მზერამაც შოკისმომგვრელ ფოკუსში მოაქცია ომის ადამიანური საფასური.

კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაანადგურმა ამბავმა, რომ ჩვენი წამოსვლიდან მალევე, ამალი დედამ გაპარტახებულ დევნილთა ბანაკში დააბრუნა, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ და სადაც ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ზოგმა, სიმწრისაგან, პასუხისმგებლობის ფოკუსი ისევ ჩვენსკენ შემოატრიალა.

რატომ არ გავაკეთეთ რამე ამალის დასახმარებლად, რომ მისი სიცოცხლე გადაგვერჩინა. უბრალოდ ფოტო გადავიღეთ, ინტერვიუ ჩავიწერეთ და დავივიწყეთ ეს ყველაფერი? ნუთუ არ შეგვეძლო როგორმე იმის გარანტირება, რომ მისი ოჯახი დახმარებას მიიღებდა?

„შეგიძლიათ ფოტოც გადაიღოთ და დახმარებაც გაუწიოთ“, - დაწერა ერთმა ქალმა ტვიტერზე, - „ერთი მეორეს არ გამორიცხავს“.

თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეპორტიორებს ასწავლიან, რომ იყვნენ უბრალოდ მოწმეები; ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებისა და ექიმების საქმე კი ადამიანების დახმარებაა.

ფულის შეწირვას ან სხვა ფორმის დახმარებას კი შესაძლოა ეთიკური, მორალური და პრაქტიკული გართულებები მოჰყვეს. რამდენად სამართლიანია, რომ გამოარჩიო ერთი ადამიანი ან ოჯახი დასახმარებლად? მერე რას ვშვრებით, თუკი ისინი დაიწყებენ ამბების შელამაზებას ფულის მიღების იმედად, როდესაც სხვა უცხოელი ჩავა? პლუს, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

ექიმებმა დაგვათვალიერებინეს იქაურობა და ზოგჯერ ჩვენც მათსავით ვიქცეოდით - ხელით ვსინჯავდით ჯოხებივით გამოშვერილ ნეკნებსა და ჩამოშვებულ კანს კლინიკური მიუკერძოებლობით; ცხრილში შეგვყავდა რიცხვები ასაკისა და წონის შესახებ; ვუსმენდით ოჯახებს, როდესაც ისინი გასაოცარი სიმშვიდით გვიყვებოდნენ თავიანთი ტრაგედიის შესახებ. სიკვდილის ალბათობაზე ვმსჯელობდით. ვაქნევდით თავს, ვინიშნავდით და ვაგრძელებდით საქმეს.

მაგრამ მაშინაც, როცა ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ ქვებივით უემოციოები, ჩვენ არ ვართ ქვები და იემენში ყოველ დღე მიყვებოდნენ ამბებს, რომლის მოსმენის შემდეგაც ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირდა.

როგორც წესი, ეს იყო ძალიან მიწიერი დეტალები, როგორიცაა რამდენიმე დოლარის უქონლობა რათა მომაკვდავი შვილი ჰოსპიტალამდე მიიყვანონ. იემენი, თქვენ წარმოიდგინეთ და, არის ქვეყანა, სადაც ადამიანები შესაძლოა ტაქსის ფულის არქონის გამო დაიღუპონ.

იემენელებსაც უწევთ, რომ ასეთ ტერიტორიაზე იარსებონ.


და ვიდრე ადამიანები იხოცებიან, სხვები ცხოვრებით ტკბებიან. ერთ-ერთ საღამოს ჩვენს სასტუმროში დავბრუნდით ჰაიაში, ქალაქში, რომელიც მთებით არის გარშემორტყმული პროვინციაში, რომელზეც ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა საუდის არაბეთის ძალებმა. საწოლში წოლისას ხმამაღალმა აფეთქებამ შემაზანზარა, შემდეგ კი ცა გაანათა აფეთქების ტალღამ, - თუმცა არა ბომბის, არამედ ფოერვერკის.

ომის დაწყების შემდეგ, ქორწინების რიცხვი გაიზარდა იემენში. ასე და ამგვარად, ქალაქში სადაც საკვების დეფიციტისაგან იღუპებოდნენ ქალაქის ჰოსპიტალში, სხვები ცეკვავდნენ და მხიარულობდენ მთელი ღამის განმავლობაში.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქორწინებათა რიცხვის ზრდა თვითგადარჩენის მექანიზმია.

მთელს სოციალურ სპექტრში, იემენელები სიღარიბის ზღვარს უახლოვდებიან. თუკი ოდესცღაც დედას შეეძლო ბრინჯის მთელი ტომრის მოტანა ოჯახში, ახლა მხოლოდ პატარა ჩანთის ყიდვას ახერხებენ. გოგონას ხელის თხოვნა კი ფული ღირს, ასე რომ, ქორწინება შესაძლოა ოჯახისათვის შემოსავლის წყარო იყოს.

სამწუხაროდ, ძალიან დიდია რიცხვი იმ პატარძლების, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვები არიან. Unicef-ის მონაცემებით, 18 წლის ასაკამდე იემენელი გოგონების ორი მესამედი გათხოვილია, რომლის ნახევარზე მეტიც ომამდე გათხოვდა.

მთელს იემენში - ბრძოლებისგან დაღდასმული ჰუდაიდან მოყოლებული ჰუსიტების კონტროლირებადი მთების ჩათვლით - 900 მილის სიგრძის გზაზე მოგზაურობისას ვხვდებოდით გულისგანმგმირავ ტანჯვის სცენებს, რომლებიც იშლებოდა თვალწარმტაცი მთების ფონზე და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ არსებობას.


ქალაქის ცენტრებში ყოველდღიურად ფუსფუსია, კაცები ყიდულობენ ქატს, ნარკოტიკული თრობის გამომწვევ ფოთლებს, რომელიც იემენელებს ძალიან უყვართ. ქატის ბაზრობები საჯარო ღონისძიებას გავს. კაცები, ზოგიერთი მხარზე გადაკიდებული იარაღით, თავს იყრიან, რომ გაცვალონ ახალი ამბები, შევხდნენ მეგობრებს და მოემზადონ შუადღეს ქატის დასაღეჭად.

შავ მოსასხამებში გამოწყობილი ქალები კაცებს შორის მსუბუქად გადაადგილდებიან; ერთ ადგილას ხმამაღალ შეკამათებას მუშტი-კრივი მოყვება. შიმშილის მიუხედავად, ადამიანები თავიანთ ჩვეულებებზე უარს არ ამბობენ.

ერთ-ერთ კლინიკაში იბრაჰიმ იუნაიდს შევხვდით, დამწუხრებულ მამას, რომელიც თავის ავადმყოფობისაგან დასუსტებულ 5 წლის შვილს ადგა თავზე. კბილებსა და ტუჩებზე ემჩნეოდა ქატის ფოთლების ღეჭვისაგან გაჩენილი მწვანე ლაქები.

ბატონი იუნაიდი 60 წლის იყო; მისი 25 წლის ცოლი მის გვერდით იდგა. ექთნებმა ბიჭი ოქროსფერ ფოლგაში გაახვიეს, რათა მისთვის სხეულის სითბო შეენარჩუნებინათ. ბატონი იუნაიდი წუხდა, რომ მის შვილს არ ჰქონდა საკმარისი საკვები. მისი თქმით, მას ბევრი მჭამელი ყავს ოჯახში, ორჯერ დაქორწინდა და 13 შვილის მამაა. ქატის ღეჭვის მსგავსი პრაქტიკების მნიშვნელობა ასეთ დაძაბულ დროს შესაძლოა რთული გასაგები იყოს. მაგრამ კაცებისთვის, როგორიც ბატონი იუნაიდია, ეს არის ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი. და სწორედ ეს არის სიცოცხლისუნარიანობის ნიშანი ამ ანტიკური საზოგადოების, ახლო აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციისთვის.

„ამბობენ იემენი ქაოსშია ჩაძირულიო, მაგრამ ასე არაა“, - ამბობს ტიერი დურანდი, ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომელი, რომელიც იემენში 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მუშაობს და რომელიც ახლა Doctors Without Borders-ის ჰოსპიტალს ამუშავებს მოჩაში, „აქ მაინც არსებობს სტრუქტურა“.

„ამას სამ ხაზში ვერ ჩაატევთ და ვერ სატელევიზიო 3 წუთი ეყოფა“, - აგრძელებს ის, - „ეს ქვეყანა იმართება ოჯახების, ტომების, ტრადიციების მიერ - და მიუხედავად ყველაფრისა ეს სტრუქტურები დღესაც არსებობს აქ და კვლავაც ძლიერია“.

მიუხედავად ყველაფრისა, იემენური საზოგადოება გაანადგურა ომმა. საჰაერო დარტყმებმა, რომელიც განახორციელა კოალიციამ საუდის არაბეთის თაოსნობით, ამერიკული ბომბების დახმარებით, მოკლა ათასობით მოქალაქე და კიდევ უფრო მეტი დევნილად აქცია. თუმცა ყველაზე მეტად, ომი იემენელებს ჩუმად, მზაკვრულად უტევს. ბომბები აფეთქებს ხიდებს, ქარხნებს, კლავს სამსახურებს, იწვევს ვალუტის ვარდნასა და ფასების ავარდნას, რაც ოჯახებს ჯერ ხორცეულის, შემდეგ კი ბოსტნეულის გარეშე ტოვებს. მალე ისინი დამოკიდებულები გახდებიან სართაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი თავის გატანა მოხარშული ფოთლებით მოუწევთ. უბრალო თუმცა მნიშვნელოვანი რამეებიც კი, როგორიცაა ტაქსის ფული, ხელმისაწვდომი აღარაა.


როდესაც დავტოვეთ პატარა ჰოსპიტალი ასლამში, სადაც ამალ ჰუსსაინს მკურნალობდნენ, გზად ახალგაზრდა წყვილს ჩავუარეთ. ხელში ჩვილი ეკავათ. გავჩერდით და წაყვანა შევთავაზეთ.

მანქანის სამგზავრო ნაწილში ამოვიდნენ გაჭირვებით - მამა, ხალილ ჰადი, მისი ცოლი, შავ მოსასხამში გახვეული ჰანა, რომელსაც 9 თვის უსუსური ვაჟი ვეიჯანი ეჭირა, რომელიც ეს-ეს იყო გამოეწერათ მალნუტრიციის განყოფილებიდან.

მათი ამბავიც ტიპიური იყო. სახლი, რომელიც საუდის არაბეთის საზღვართან ჰქონდათ, დაიბომბა, ამიტომ მოუწიათ ოთახის ქირაობა სახლში ასლამთან ახლოს. ბატონი ჰადი მოტო-ტაქსის მძღოლობითა და შეშის ძებნით, რომელსაც ბაზარში ყიდდა, ცდილობდა ფულის გამომუშავებას.

თუმცა ეს საკმარისი არ იყო. როდესაც მან შინ დაბრუნება გადაწყვიტა, ჰუსიტმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ ეს ადგილი სამხედო ზონა იყო უკვე. მათი ყოველდღიური რაციონი კი პურის, ჩაისა და ჰალასისგან (ადგილობრივი ვაზის სახეობა) შედგებოდა. მისი ცოლი მეორე ბავშვზე იყო 4 თვის ორსული.

ბატონი ჰადი სულაც არ ელოდებოდა ვინმეს შეცოდებას, მის მსგავსი პრობლემები ბევრს ჰქონდა. „ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ ცოტაოდენი ფული გავაკეთო, იმდენად მძიმე სიტუაციაა“, - თქვა მან.

ქუჩების ერთ-ერთ კვეთაზე წყვილი ჩამოვიდა მანქანიდან, მადლობა გადაგვიხადეს და გზა განაგრძეს. ჯიბეები მოვიქექე და მათ დავუძახე.

ფანჯარაში ხელი გადავყავი და იემენური ბანკნოტები - დაახლოებით 15 დოლარის ოდენობის - ხელში ჩავუჭმუჭნე. ყველაფერი როგორი ამაო ჩანდა, თუკი უფრო შორიდან შეხედავდი ამ ამბავს. რას იყიდიდნენ ამ ფულით? ამოისუნთქავდნენ რამდენიმე დღე თუ ეგეც სათუოა?

ბატონმა ჰადიმ ფული მადლიერი ღიმილით გამომართვა. მანქანა როდესაც დავძარით, დავინახე როგორ გაუყვა წყვილი მტვრიან გზას, თავიანთი თავშესაფრისაკენ, გულში ჩაკრული თავიანთი დასუსტებული შვილით.

კატეგორია: საქართველო
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ამომრჩევლის თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მოიპოვეს, გავლენა არა მხოლოდ ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ კლიმატზე, არამედ მედიაგარემოზეც მოახდინა.

ისედაც პოლარიზებული და საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურად წარმოჩენაზე ორიენტირებული წამყვანი მედიასაშუალებები კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ. რადიკალიზაცია, რიგ შემთხვევაში, საეთერო ბადის შეცვლით, რიგ შემთხვევაში კი, კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებით გამოიხატა.

არჩევნების მეორე ტურის წინ წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური სუბიექტების საწინააღმდეგოდ ვიზუალური მანიპულაციების გამოყენების პრაქტიკა. ასევე, მედიასაშუალებებმა აქტიურად განაგრძეს წინასწარ შერჩეული მესიჯბოქსების მეშვეობით მაყურებლებში მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის დისკრედიტაცია.

იმედი

არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობა დააანონსა. საგანგებო რეჟიმი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნეგატიური შინაარსის მქონე მესიჯების უფრო ინტენსიურად გაჟღერებით და სათერო ბადეში ახალი სატელევიზიო ტოქშოუს „იმედი Live”-ის დამატებით გამოიხატა.

ტელეკომპანია „იმედის“ მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ („ქრონიკა 20:00 საათზე“) არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებისთანავე, საგანგებო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გრიგოლ ვაშაძისა და მისი გარემოცვის საქმიანობის, წარსული ცხოვრებისა და მათი გუნდის შესახებ სიუჟეტების მზადება.

საინფორმაციო გამოშვებებში გახშირდა 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი მოვლენების გახსენება, იმ მოვლენების ხელახალი გაშუქება, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაჭარბებას და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა: გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაში რუსულ კვალზე; მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე; მის გუნდში მყოფ პოლიტ-ტექნოლოგებსა და სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელოს საქართველოში.

ხშირად მზადდებოდა საპასუხო სიუჟეტები ინფორმაციაზე, რომელიც კონკურენტი ტელევიზიის რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებებით ჟღერდებოდა, ან ოპოზიის წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.

ჟურნალისტები არ გამოირჩეოდნენ მათდამი კრიტიკულობით და უმეტესწილად ღია ტრიბუნას აძლევდნენ პოლიტიკოსებს, რომ საკუთარი დღის წესრიგით ემოქმედათ, დაეფიქსირებინათ მათი პოზიციები და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო ინფორმაცია გაეჟღერებინათ.

მაგალითად, გადაცემაში „პირისპირ“, 13 ნოემბერს, ორ მინისტრს დავით სერგეენკოსა და მაია ცქიტიშვილს, წამყვანი ძირითადად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო რევოლუციური სცენარის შეფასებასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გადაცემის დროს ნახსენები იყო არაერთი სოციალური პრობლემა, თუმცა აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ პრობლემების ხსენებით შემოიფარგლებოდა, რის შემდგომაც მთავრობის წარმომადგენელს შეეძლო ინტერვიუ სასურველი მიმართულებით, სამომავლო ინიციატივებზე საუბრით გაეგრძელებინა.

10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც არ დაუსვამს შეკითხვა ქალაქის მერისათვის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე. სამაგიეროდ კახი კალაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის მისეულ შეფასებებსა თუ ქალაქის მერიისა და მმართველი გუნდის გეგმებზე.

მსგავსი პათოსის ინტერვიუ ჩაიწერა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან ტელეკომპანიის საგანგებოდ შექმნილ გადაცემაში „იმედი LIVE”, რომელსაც ჟურნალისტი თეონა გეგელია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ნიკოლოზ ლალიაშვილი უძღვებიან. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დაეთმო ივანიშვილის მოლოდინებს არჩევნების პირველ ტურზე; მის შეფასებებს - რა მოხდება თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე; არის თუ არა მოსალოდნელი არეულობა, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს; გეგმავს თუ არა მთავრობა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ჭარბვალიანობის შესამცირებლად და ა.შ.

„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი არჩევანიც.“

გადაცემის წამყვანები ძირითადად მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ხოლმე და არ ერიდებიან შეფასებების გაკეთებას ნაციონალური მოძრაობისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ, თუმცა „იმედი LIVE”-დან ვერ მოისმენთ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოზიციას. ერთადერთი საყვედური რომელიც ხელისუფლების მისამართით ისმის, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი რაოდენობის ამომრჩევლის განაწყენება მოახერხა 2012 წლიდან დღემდე, საიმისოდ, რომ მათ მხარდაჭერილ კანდიდატს პირველ ტურში ვერ გაემარჯვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს - „მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს, როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.





აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გადაცემაში დრო და დრო ისმის კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების მისამართით, თუმცა ამ მოსაზრებების ავტორები მხოლოდ გადაცემის სტუმრები არიან, მაგალითად: დავით უსუფაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, კობა დავითაშვილი და ა.შ. აღნიშნული სტუმრები არ გამოირჩევიან ნაციონალური მორაობისადმი ლოიალურობით, თუმცა ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართაც. ასევე, გადაცემის წამყვანების თქმით, ისინი არაერთხელ შეეცადნენ, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გადაცემაში მიეწვიათ, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ მათ შეთავაზებას ყველა ჯერზე უარით უპასუხა.

რუსთავი 2

გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა მასალა, რომელშიც უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა თემებს და როგორ აშუქებენ არხის გენერალური დირექტორი და მისი თანაწამყვანი. თუმცა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს გადაცემა არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად გადის ეთერში და უფრო და უფრო რადიკალური გახდა.

მაგალითად, ნიკა გვარამიამ, თავისივე თანაწამყვანის პროტესტის მიუხედავად, ტელევიზიის ეთერთი ისაუბრა მოარულ ჭორებზე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის პირადი ცხოვრების შესახებ, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

იმავე წამყვანმა, რამდენიმე კვირით ადრე, ფოტოგრაფ იური მეჩითოვს Aljazeera-ს დოკუმენტურ ფილმში გამოთქმული მოსაზრებების გამო აგინა, შემდეგ კი მეჩითოვის თემა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირა, ვინაიდან ფოტოგრაფი სწორედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერია. გადაცემაში კვლავაც მხოლოდ ხელისუფლებისადმი ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტები და საჯარო ფიგურები ხვდებიან ხოლმე სტუმრად და წამყვანების შეფასებებიც რადიკალურია როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე „ქართული ოცნების“ მისამართით.



რადიკალური იყო გამოხატვის ფორმები გადაცემაში კურიერი P.S., სადაც 18 ნოემბერს ეთერში წამყვანის ნაცვლად მაყურებელი სხვადასხვა პოლიტიკოსის სხეულისაგან შემდგარ ფიგურებს უყურებდა. გადაცემის რედაქციის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის ტანზე მიერთებული ბიძინა ივანიშივლის, ირაკლი კობახიძისა თუ კახი კალაძის გამოსახულებებით წაეყვანათ პირდაპირი ეთერი, რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური სახის პოსტერებით ჩანაცვლებას უკავშირდებოდა. ვიზუალური მანიპულაციით ტელეკომპანია შეეცადა, რომ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაცია მოეხდინა.

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მათ ნებაზე ზეგავლენის მცდელობების შესახებ ამბების მოძიება და გაშუქება. ასევე, საინფორმაციო გამოშვება განსაკუთრებულად უთმობდა ყურადღებას ხელისუფლებისადმი და სალომე ზურაბიშვილისადმი განსაკუთრებულად კრიტიკულად განწყობილი სუბიექტების გაშუქებას, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები თუ ერთ დროს ქართული ოცნების აქტიური მხადამჭერები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებას სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ „არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“, სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“. არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“, „ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მთავარი ცვლილება საარჩევნო ტურებს შორის იყო ანალიტიკური გადაცემა „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“, რომელიც ყოველდღე გადიოდა ეთერში შაბათ-კვირის გარდა. გადაცემა მიჰყავდა ოთხ წამყვანს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს. როგორც პირველი არხის ვებგვერდზეა მითითებული, სულ 16 გადაცემა გავიდა ეთერში, რომელთაგან ორი შედარებით დიდ აუდიტორიას მასპინძლობდა და სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნებზე.

ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი 2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჯაფარიძე).



გადაცემა არ გამოირჩეოდა სიმწვავით სახელმწიფო მოხელეების ინტერვიუირებისას. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობა, რომელთან ჩატარებული ინტერვიუც ძირითადად შეეხებოდა მთავრობის ინიციატივას, საბანკო ვალდებულებებზე დაწესებული შეღავათების შესახებ. გადაცემის წამყვანებს არ დაუსვამთ მწვავე შეკითხვები პრემიერ-მინისტრისათვის და ნაცვლად ოპონირების რეჟიმისა, ბახტაძეს საშუალება ჰქონდა, რომ ერთსაათიანი ეთერის განმავლობაში უბრალოდ საკუთარი საქმიანობისა და მთავრობის პრომოუშენით დაკავებულიყო.
კატეგორია: საქართველო
28 ოქტომბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნების დღეს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საარჩევნო უბნებთან მდგარმა კოორდინატორებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა მედიასაშუალების რეპორტიორს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საარჩევნო პროცესის დაწყებიდან მალევე, ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ თბილისში, ახმეტილის თეატრის შენობაში არსებულ 25-ე უბანთან მდგარი ორი ქალი ტელეკომპანიის ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში უშლის ხელს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მას რამდენჯერმე ხელითაც შეეხნენ.



მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოიკითხა ჟურნალისტიც, რომლის თქმითაც, საქმე აღძრულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა, სავარაუდოდ საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად გადაკვალიფიცირდება.

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ კოტე აფხაზის ქუჩაზეც. როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ჟურნალისტს მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ჰკითხა, რა სიები ჰქონდათ ჩანთაში.



სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა On.ge-ის ჟურნალისტ სალომე ჩადუნელსაც. აღნიშნული ფაქტი ასევე თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, 54-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. რეპორტიორს სავარაუდოდ ერთ-ერთი კოორდინატორი დაუპირისპირდა. როგორც On.ge-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რეპორტიორი ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ კოორდინატორს შეკითხვებს უსვამდა იმ სიებთან დაკავშირებით, რაც მას ხელში ეკავა. ჟურნალისტის შეკითხვამ კი იქვე მდგომი მეორე კოორდინატორი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ინციდენტს შეესწრო ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიცია და მათ ჟურნალისტის გამოკითხვა დაიწყეს,“- წერს On.ge.



ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტის შესახებ ვიდეო გაავრცელა რადიო მარნეულმაც. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ცდილობენ სოფელ ყიზილაჯლოში, 89-ე უბანზე მყოფი პიროვნებები, რომ ჟურნალისტს არ მისცენ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალება და უბნის გარეთ გაიყვანონ. რადიო მარნეული წერს, რომ მათ ჟურნალისტებს ხელითაც შეეხნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში, თუმცა რეპორტიორებს საარჩევნო უბანი არ დაუტოვებიათ. რადიო მარნეულს არ დაუკონკრეტებია იმ პიროვნებების ვინაობა, ვინც მათ ჟურნალისტებზე ზეწოლას შეეცადა.



ჟურნალისტებისადმი არასათანადო მოპყრობაზე ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაც. როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს აგრესიულად ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო უბნებზე დახვდნენ. შემთხვევა მოხდა ბათუმის 29-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ''მთავარის'' გადამღებ ჯგუფს მოქალაქემ კადრების გადაღების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქობულეთის 38-ე საარჩევნო უბანზე კი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც გადამღებ ჯგუფს პროვოკატორები უწოდეს, ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



არჩევნების მიმდინარეობისას ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს დილითვე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიამ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს მოუწოდა თავი შეიკავონ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მუშაობაში ხელის შეშლისაგან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია.

„არჩევნების დღეს მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ის უზრუნველყოფს აუდიტორიის ინფორმირებას ამ დემოკრატიული პროცესის შესახებ. მისი მოვალეობაა, აჩვენოს ყველა ხარვეზი და კანონდარღვევა, ამიტომაც აუცილებელია, ჟურნალისტებმა შეძლონ მშვიდ ვითარებაში მუშაობა და პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

კატეგორია: რესურსები
მარი კოლვინი, Sunday Times-ის ომის რეპორტიორი, 2012 წელს სირიაში მოკლეს. სხვადასხვა დროს იგი აშუქებდა კონფლიქტებს ახლო აღმოსავლეთში, ჩეჩნეთში, შრი-ლანკაში, აღმოსავლეთ ტიმორში, ზიმბამბვეში და ა.შ. ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის დროს შრი-ლანკაში, კოლვინმა მარცხენა თვალი დაკარგა.

კოლვინი დღესდღეობით ომის ერთ-ერთ საუკეთესო რეპორტიორადაა მიჩნეული. რეჟისორმა მეთიუ ჰეინემანმა, Vanity Fair-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  მისი ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმი გადაიღო. კარლ ვიკმა კი ჟურნალ Time-ის 12 ნოემბრის ნომერში, ამ ფილმისა და კოლვინის ცხოვრების შესახებ გამოაქვეყნა სტატია - A Woman Deeply at War. მედიაჩეკერი ამ მასალის თარგმანს გთავაზობთ.

მარი კოლვინს ჰქონდა თავდაჯერებულობა იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე თვალსახვევის ტარებას დაიწყებდა. ბრიტანული Sunday Times-ის კორესპონდენტად მუშაობისას, ყოველდღიური დედლაინები მისთვის არაფერს ნიშნავდა. მას შეეძლო ჩაჰყოლოდა საკუთარ ინსტინქტებს ამბის ძირისძირამდე ანდა გაჰყოლოდა მიმართულებას, საითკენაც ეს ინსტინქტი უკარნახებდა. კოლვინი არაერთხელ დაბრუნებულა სავსე ბლოკნოტით ხელში იმ ადგილიდან, სადაც მოხვედრას ყველა სხვა რეპორტიორი ჯერ კიდევ ელოდებოდა.

ჰომსი სირიაში არ აღმოჩნდა ერთ-ერთი ასეთი ადგილი. 2012 წლის თებერვალში, ალყაშემორტყმული ქალაქი ზედმეტად საშიში იყო ყველაზე გამოცდილი კორესპონდენტებისთვისაც კი. სწორედ აქ მოკლა კოლვინი სირიულმა რაკეტამ 56 წლის ასაკში. სტატისტიკური კანონზომიერებები გამონაკლისს არც ომის კორესპონდენტებისათვის უშვებს, კოლვინი კი რისკებს არ გაურბოდა; ერთ-ერთი თვალი მან შრილანკაში მსკდომი საარტილერიო ჭურვის აფეთქებისას დაკარგა. თუმცა, მისი სიკვდილი რომ უბრალოდ სტატისტიკური შემთხვევითობა ყოფილიყო, ამ ამბებს 3 წიგნი, დოკუმენტური ფილმი და ახლა უკვე მხატვრული ფილმი A Private War არ მოჰყვებოდა, რომელშიც როზმუნდ პაიკი თავდადებულ, ნაწამებ რეპორტიორს განასახიერებს.

ფილმი, რომელიც რეჟისორმა მეთიუ ჰეინემანმა Vanity Fair-ში გამოქვეყნებული პროფილის მიხედვით გადაიღო, იწყება და სრულდება მიწასთან გასწორებული ქალაქის ხედებით, სადაც კოლვინი თავის ბოლო დავალებაზე მუშაობდა. ბაბ ამირის სამეზობლოში შეღწევის შემდეგ, სადაც 28 000-მდე სამოქალაქო პირი სტალინგრადის ბლოკადის მსგავს სიტუაციაში იხოცებოდა, კოლვინმა ჯერ თავის გაზეთს გაუგზავნა ინფორმაცია, მოგვიანებით კი, სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების სერია გააკეთა, ვიდრე მსოფლიო ნახავდა ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანდა თუ როგორ კვდებოდა 2 წლის ბიჭი მაგიდის თავზე.

თუნდაც მხოლოდ ამ ამბის გაშუქება საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ კოლვინის სიკვდილი ფუნდამენტური ჟურნალისტიკის ბილბორდად ქცეულიყო. თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ სირიის მთავრობამ, რომელიც გააღიზიანა ალყის მეშვეობით ქალაქის გაწმენდის შესახებ კოლვინის რეპორტაჟებმა, გამიზნულად მოკლა იგი. 2016 წელს სატელევიზიო ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ კოლვინმა მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. 

ფილმი გვერდს უვლის ამ საკითხს, ვინაიდან, პირველ რიგში, იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რატომ იყო კოლვინი იქ. პირადი ომი, რაც ფილმის სათაურადაც შეირჩა, მშობლიურ ლონგ აილენდსა და მის პირად დემონებზე, მათ შორის არაყზე, პოსტტრავმულ სტრესსა და იმ სიცარიელეზე ყვება, რამაც კოლვინს ბრძოლის ველზე წასვლისაკენ უბიძგა. ამ თემებს კი პაიკი როლის განსახიერებისას გაცილებით უკეთ ეხება, ვიდრე ფილმის ჭკუის დამრიგებლური ტონით დაწერილი სცენარი: მსახიობი ლამის სახლდება კოლვინის გმირში, თავისი აწეწილი თმებით, სიგარეტითა და La Perla-ს საცვლებით. იგი წარმატებით ახერხებს შეეხოს მწარე იუმორის, მყიფე ამბიციურობისა და ინტუიციური მოუსვენრობის შრეებს, რაც საბოლოო ჯამში, კოლვინის ცხოვრებაში, თავშეკავებულ მეგობრობებად, აღიარებებად და თავქარიან სიმთვრალეებად ითარგმნებოდა ხოლმე. თუკი სადმე ომის რეპორტიორები თავს სახლში გრძნობენ, ეს არის სასტუმრო, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სხვა რეპორტიორები არიან გაჩერებული. (წლების წინ, სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასტუმროში შევხვდი, როდესაც ოთახს იღებდა შენობის ბოლო სართულზე). ასეთი დღეები მეგობრულ გარემოში გადაიზრდებოდა ხოლმე, სადაც კლანის წევრები საჭმელს ინაწილებდნენ იმ ადგილებში, საიდანაც ნორმალური ხალხი გარბოდა.

თუმცა, უცხოელ კორესპონდენტად ყოფნას სევდაც ახლავს, რაც მუდმივად ოთახში გამომწყვდევას, სხვებთან კონკურენციასა და გამუდმებულ მოგზაურობას მოჰყვება ხოლმე. როგორც The New York Times-ის ჟურნალისტმა ენტონი შადიდმა ერთხელ დაწერა, რომელიც კოლვინის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა სირიაში: „თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ჩემოდანი და ლეპტოპი, რომელიც კონვეიერის მაქმანზე გადაადგილდება". 



პაიკის განსახიერებული კოლვინი სწორედ ამ ზონაშია მოხვედრილი, ხალხმრავალი სიცარიელე, რომლის ამოვსება თუნდაც დროებით, მხოლოდ იმ იდეალებითაა შესაძლებელი, რაც მის კარიერას ედო მოტივატორად: მუშაობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. კოლვინი დაუღალავად ცდილობდა ფოკუსირებულიყო კონფლიქტებში მომწყვდეულ მოქალაქეებზე და ამასვე აკეთებს A Private War. ერაყიდან შრი-ლანკამდე, ლიბიიდან სირიამდე, ფილმი აღწერს კოლვინის გონებაში გაელვებულ საშინელებებს, რომელთა არდანახვაც შეუძლებელია.

ჰოლივუდი განვითარებად სამყაროს იშვიათად ასახავს. გამონაკლისები, როგორიცაა ფერნანდო მეირელის „The Constant Gardener”, აერთიანებს მხატვრულობისათვის დამახასიათებელ სიმდიდრესა და დოკუმენტურობისათვის დამახასიათებელ თვალსაჩინო აუთენტიკურობას, რაც საბოლოო ჯამში, ორივე ჟანრის საზღვრებს აფართოვებს. ჰეინემანი არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორია, და შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის მხატვრულ დებიუტში, ყველაზე ემოციური სცენები - ქურთი ქვრივების გულის გამგმირავი გლოვა, სცენა, რომელშიც სირიელი მამა თავისი შვილის მკვდარ სხეულს დაჰყურებს - ისეთივე რეალურია, როგორც ეს პაიკის მიერ კოლვინის როლის თამაშია.
კატეგორია: ეთიკა
11 ნოემბერს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ ფოტოგრაფ იური მეჩითოვს პირდაპირ ეთერში აგინა. გინების მიზეზი გახდა ტელეკომპანია Al Jazeera-ს დოკუმენტურ ფილმში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ფოტოგრაფის შეფასებები.

„მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს“, - აღნიშნა მეჩითოვმა ყატარულ ტელევიზიასთან საუბრისას. სწორედ ამ კომენტარის „კვირის აქცენტებში“ გასვლის შემდეგ, არხის გენერალურმა დირექტორმა ფოტოგრაფს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მიმართა და არაერთგზის მოიხსენია არაკორქტულად.

თანაწამყვანის მიერ სიმშვიდისაკენ რამდენჯერმე მოწოდების შემდეგ, გვარამიამ არაერთხელ მოიხადა ბოდიში მაყურებლის წინაშე. აღნიშნული თემა კი საბოლოოდ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირა, ვინაიდან იური მეჩითოვი მისი ღია მხარდამჭერია.

გადაცემა, რომელიც მეინსტრიმულ მედიაში განსაკუთრებით გამოირჩევა ვერბალური აგრესიითა და არაკორექტული ლექსიკის ხშირი გამოყენებით, ტელეეთერში 2018 წლის აპრილის ბოლოდან გადის და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთგვარ ედიტორიალს წარმოადგენს. ამის შესახებ, გადაცემის წარდგენისას, არხის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემის თანაწამყვანმა ეკა კვესიტაძემ ისაუბრეს, 29 აპრილს, კურიერი P.S.-ში.

„ჩვენ შევეცდებით რომ გამოვხატოთ საინტერესო პოზიციები და პრინციპში რუსთავი 2-ის ედიტორიალის მსგავსი რამ გავაკეთოთ“, - აღნიშნა გვარამიამ. კვესიტაძის თქმით, იგი თავის კერძო მოსაზრებებს გამოხატავს გადაცემაში, ნიკა გვარამია კი არხის პოლიტიკასა და მოსაზრებას.

გადაცემის დაწყებისთანავე აღნიშნული იყო, რომ იგი იქნებოდა არა ობიექტურობასა და ბალანსზე ორიენტირებული, არამედ მას ექნებოდა კონკრეტული დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, წამყვანები შეაფასებდნენ კვირის მთავარ თემებს, რამდენიმე სტუმართან ერთად. წამყვანების თქმით, ისინი ფაქტების სიღრმისეულ ანალიზს შესთავა