რატომ სურთ მილიარდერებს ფლობდნენ ახალ ამბებს?
08.10.2018


გასული ათწლეულის განმავლობაში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და მედია პლატფორმების გაციფრულების ზრდასთან ერთად, არაერთ მედია საშუალებას, განსაკუთრებით კი გაზეთებს, უწევთ უამრავი გამოწვევის გადალახვა, რათა სწრაფად ცვალებად გარემოში თავი გადაირჩინონ. უმთავრეს საკითხს მედია ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა წარმოადგენს. სწორედ ფინანსური გასაჭირიდან თავის დაძვრენის მიზნით, საერთაშორისო გამოცემები ხშირად მილიარდელი ბიზნესმენების ხელში ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მილიარდელმა მარკ ბენიოფმა ლეგენდარული გამოცემა Time-ის შეძენის სურვილი გამოთქვა. ეს ფაქტი გასული 10 წლის განმავლობაში არსებული ტენდენციის კონკრეტული გამოვლინებაა. სწორედ ამ ტენდენციის შესახებ აქვეყნებს სტატიას BBC, რომლის თარგმანსაც მედიაჩეკერი გთავაზობთ.

რა სურს ადამიანს, რომელსაც უკვე ყველაფერი აქვს: მორიგი სპორტული მანქანა, უფრო დიდი იახტა თუ ჩემპიონი სპორტული გუნდი?

როგორც აღმოჩნდა, ამ კითხვის პასუხი სულ უფრო ხშირად არის დიდი რეპუტაციის მქონე გაზეთი ან ჟურნალი, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს.

ბიზნესმაგნატთა - მათ შორის იმათიც, ვისი ღირებულებებიც „მოქალაქე კაენესა“ და უოტერგეიტის სკანდალის შემდგომ ხანაში ჩამოყალიბდა - ქმედებები ცხადყოფს, რომ ისინი მოწადინებულები არიან დაეპატრონონ ნიუსრუმებს. ამისი უკანასკნელი მაგალითია რამდენიმე კვირის წინ მარკ ბენიოფისა და მისი ცოლის განცხადება, რომ მათ სურთ, შეიძინონ ყველასათვის პატივსაცემი Time - ჟურნალი, რომელიც 1923 წლიდან მოყოლებული ასახავდა ამერიკის პერსპექტივას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. დონალდ ტრამპი, მათ შორის, გახლავთ ერთ-ერთი იმ მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანთაგანი, რომელიც კვლავაც დიდ ყურადღებას აქცევს ჟურნალის წითელჩარჩოიან ყდაზე მოხვედრას.

ბენიოფისათვის, რომელიც ბიზნესისათვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამების ფირმის Salesforce.com-ის თანადამფუძნებელია, პრობლემას არ წარმოადგენს 190 მლნ დოლარის გადახდა გამოცემისათვის, რომლის რეალური ღირებულებაც 6.7 მილიარდი დოლარია.

ამ ნაბიჯით ის ჯეფ ბეზოსის ნაკვალევს გაჰყვა, რომელმაც 5 წლის წინ Amazon-იდან ნაშოვნი მილიონებით the Washington Post იყიდა. იმავე წელს როდესაც ბეზოსმა Washington Post შეიძინა, ჯონ ჰენრიმ, რომელიც ფონდების ყოფილი მენეჯერი და Boston Red Sox-ის მფლობელია, იყიდა the Boston Globe.

მალევე, სასტუმროებისა და კაზინოების მაგნატმა შელდონ ადელსონმა იყიდა Las Vegas Review-Journal, უმსხვილესი ყოვედღიური გაზეთი ნევადაში. გასულ წელს, ლოურენს პოუელ ჯობსმა, Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის ქვრივმა, სოციალური მიზნებით შექმნილი ორგანიზაციის Emerson Collective-ის მეშვეობით, შეიძინა ჟურნალ The Atlantic-ში აქციათა უმეტესი წილი.

წელს კი პატრიკ სუნ-შიონგმა, სამხრეთ აფრიკაში დაბადებულმა ბიოტექ მილიარდელმა იყოდა Los Angeles Times და რამდენიმე სხვა გამოცემა დასავლეთ სანაპიროზე. შემცირებული გაყიდვებით შექმნილი არახელსაყრელი პირობებისა და ონლაინ რეკლამების მძვინვარე კონკურენციის პირობებში, ადვილი გასაგებია თუ რატომ არიან მედიაორგანიზაციები მზად, რომ ახალ ამბებზე შეყვარებულ ფულიან მამიკოებთან დაიჭირონ საქმე.

მედიასაშუალებები არიან „უზარმაზარაი წნეხის“ ქვეშ, აღნიშნავს დუგლას მაკაბე, Enders Analysis-ის მედია ანალიტიკოსი, მათი ადრინდელი გადაწყვეტილების გამო, არ დაწესებინათ საფასური ონლაინ ახალ ამბებზე. ასევე იმის გამო, რომ რეკლამის დამკვეთებს არ სურთ გადაიხადონ იმდენივე თანხა ციფრულ რეკლამებში, რამდენსაც ისინი იხდიდნენ მათ ბეჭდურ ეკვივალენტებში.

ამ წნეხმა კი მედია სექტორი განსაკუთრებულად არამიმზიდველად აქცია ინვესტორებისათვის.


შესაბამისად, თუკი ფულის კეთება არ არის მიზანი, რა მოტივაცია აქვთ მაგნატებს?

„მდიდრებს ყოველთვის იზიდავდათ მედია, უმეტესად იმის გამო, რომ გავლენიან მედიას თავის მხრივ მოაქვს ბევრ რამეზე ხელმისაწვდომობა და გავლენა მფლობელებისათვის,“ - აღნიშნავს მაკებე.

ეს შესაძლოა ასეც იყოს ზოგიერთისათვის, თუმცა არსებობს სხვა იმპულსებიც რომელიც ამოძრავებს მილიარდერი მედია ბარონების ახალ კასტას, ამბობს დენ კენედი, ბოსტონის Northeastern University-ის ჟურნალისტიკის ასოცირებული პროფესორი და ავტორი წიგნისა „მაგნატების დაბრუნება: როგორ გარდაქმნიან ჯეფ ბეზოსი და ჯონ ჰენრი გაზეთებს 21-ე საუკუნეში“.

„მე ვიტყოდი რომ ეს არის ეგოსა და გულრწფელი რწმენის კომბინაცია, რომ მათ შეუძლიათ სიკეთის მოტანა“- აღნიშნავს ის - „მათ სწამთ, რომ ის, რაც ამ ახალი ამბების ორგანიზაციებს აკლდათ, იყო მათი ფინანსური გამჭრიახობა და აი ისინი რომ ფლობდნენ მათ, ორგანიზაციები კვლავაც კარგად იგრძნობდნენ თავს.“

ჯეფ ბეზოსისა და Washington Post-ის შემთხვევაში, აღნიშნულ თვითრწმენას გარკვეული საფუძველი მიეცა, ამბობს კენედი. ნაწილობრივ Amazon-ის განსაკუთრებით დიდი წვდომის გამო, გამომწერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ვაშინგტონში დაფუძნებული გაზეთი the New York Times-ის ნამდვილ კონკურენტად აქცია.

ბატონი ბეზოსის წარმატებამ Post-ში შესაძლოა შთააგონა სხვებიც, აღნიშნავს კენედი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შიშები რომ Amazon-ის დამფუძნებელი შეეცდებოდა ბრენდის და ბიზნეს ინტერესების პრომოუშენს ან პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის წამოწევას Post-ის მეშვეობით, ეს არ მომხდარა, აღნიშნავს იგი

სხვა მაგნატებმა კი, როგორიცაა ჯონ ჰენრი the Boston Globe-ში, შესაძლოა ხელში აიღეს გამოცემების სარედაქციო ხაზი, მაგრამ ამავდროულად მათ შეინარჩუნეს მნიშვნელოვანი დისტანცია თავად ნიუსრუმებისაგან. ნაცვლად ამისა, ისინი შეეცადნენ რომ ახალი ბიზნეს სტრატეგიების განვითარებაზე ფოკუსირებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, ეს არ ნიშნავს, რომ მილიარდერი ინვესტორები განიცდიან საჯარო პასუხისმგებლობის განცდის ნაკლებობას.

როდესაც სუნ-შიონგმა შეიძინა LA Times ამ ზაფხულს, მან თქვა რომ იგი ნაწილობრივ წაახალისა მისმა გამოცდილებამ გაზრდილიყო აპარტეიდის დროინდელ სამხრეთ აფრიკაში, სადაც პრესის თავისუფლება მნიშვნელოვნად იზღუდებოდა.

მან პირობა დადო, რომ ბრძოლას გამოუცხადებდა ღვთის რისხვად მოვლენილ fake news-ებს, რომელსაც ის „ჩვენი დროის კიბოს“ უწოდებდა. მკითხველებისადმი გამოქვენებულ წერილში კი ის წერდა რომ გაზეთი, რომელიც მან იყიდა იქნებოდა „სარედაქციო ხელშეუხებლობისა და დამოუკიდებლობის ბასტიონი“ რომელიც „დაიცავს ... დემოკრატიას და მიაწვდის მკითხველს დეზინფორმაციის ანტიდოტს“.

როდესაც ბეზოსი ყიდულობდა Washington Post-ს, იგი საუბრობდა მის როლზე დემოკრატიის დაცვაში. ხოლო პოუელ ჯობსის განცხადებაში the Atlantic-ში ინვესტირების შესახებ, მან პირობა დადო, რომ გამოცემა გააგრძელებდა თავისი „კრიტიკული მისიის შესრულებას კრიტიკულად მნიშნვნელოვან დროში.“

ასე რომ, კარგია თუ ცუდი გაზეთებისათვის, რომ ჰყავდეთ მდიდარი მეპატრონეები, რომელთაც აქვთ ამბიცია რომ დაიცავენ საჯარო დებატს?

„ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რა არის ალტერნატივა“ - აღნიშნავს კენედი.

მისი თქმით, გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ახალი ამბების ბევრ გამოცემას მოუწია თანამშრომლთა არაერთხელ გაცხრილვა იმისათვის, რომ მეპატრონეებს „გამოეწურათ მოგების უკანასკნელი წვეთიც კი“.

„ამ თვალსაზრისით, კარგია, რომ არსებობენ საზოგადო საკითხებით დაინტერესებული ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ მისცენ შანსი გაზეთებს“, ამბობს კენედი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის წარმატებას მიაღწევენ.

Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰაგისმა, 2012 წელს, შეიძინა 100-წლიანი ისტორიის მქონე ჟურნალი The New Republic, თუმცა 4 წელიწადში 20 მლნ დოლარის ინვესტირების შემდეგ, როდესაც გამოცემამ ვერ შეძლო მკითხველებისა და თანამშრომლთა შენარჩუნება, ჰაგისმა ის კვლავ გაყიდა.

დენ კენედი აღნიშნავს, რომ ის ესაუბრა Boston Globe-ის მფლობელ ჯონ ჰენრის რამდენიმე თვის წინ და მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთი ტაქტიკა მოსინჯა, რათა გაეგო რომელი გაამართლებდა, ამჟამად ის იმედგაცრუებული ჩანს იმის დანახვით თუ რა რთულია გაზეთების ბედ-იღბლის გადარჩენა.

აკადემიკოსი ასევე აფრთხილებს Time-ის ახალ მფლობელს მარკ ბენიოფს, რომ მზად იყოს წლების მგანმავლობაში ფინანსური დანაკარგებისათვის, ვინაიდან ჟურნალი ცდილობს იპოვოს თავისი ახალი მისია სწრაფად ცვალებად მედია ლანდშაფტში.

ავტორი: ლუსი ჰუკერი
გამოქვეყნდა BBC-ზე

ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ