ციფრული (ვიზუალური) თხრობის გაკვეთილები Humans of New York-გან
21.08.2018
„ადამიანები ნიუ-იორკიდან“ (Humans of New York)  თხრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იდეაა ციფრულ სამყაროში. თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა ბრენდონ სთენტონმა პროექტი - ფოტობლოგი, რომელიც ნიუ-იორკის მცხოვრებთა ისტორიებს მოგვითხრობს, 2010 წელს დაიწყო და ახლა 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

2014 წელს სთენტონმა თანაქალაქელ ფოტოგრაფსა და ვიდეოოპერატორ მაიკლ კრომეტთან ერთად დაიწყო მუშაობა, რათა ფოტობლოგებთან ერთად დოკუმენტური ფილმიც მოემზადებინათ. გასულ წელს კი წყვილს Facebook დაუკავშირდა და 13-სეზონიანი გადაცემის მომზადება შესთავაზა.

„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის“ ინტერვიუს, რომელიც მაიკლ კრომეტს ამ პროექტსა და წყვილის მუშაობის სტილზე ესაუბრა.



- როგორ აკეთებთ წარმატებულ ფოტო სერიებს ვიდეოს სახით?

- ჯერ კიდევ 2014 წელს, ბრენდონს ამბიციური გეგმა ჰქონდა. უნდა გვემუშავა ასობით დღის განმავლობაში, ჩაგვეწერა უცნობები, როგორც ეს ფოტოისტორიებისთვის ხდებოდა, შემდეგ კი ერთი დიდი ფილმი შეგვეკრა.

როცა ჩვენთან Facebook-ის წარმომდგენლები მოვიდნენ, მაშინ დამოუკიდებლად ვმუშაობდით წყვილში, მცირე ბიუჯეტითა და რესურსებით. ხოლო პროექტის დასასრულს ჩვენ 1200 ადამიანზე მეტი ჩავწერეთ და 3 000-მდე ვიდეოთი სრულყოფილი ხედვა შევქმენით ნიუ-იორკსა და მის მცხოვრებლებზე.  საბოლოოდ, ჩვენ განვავითარეთ ვიდეოპროექტი, რომლითაც კიდევ უფრო წარმოვაჩინეთ Humans of New York-ის იდეა.



თავიდან საცდელი გადაღებები სტანდარული „ზუმ“ ლინზებით დავიწყეთ, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ ეს არ იყო HONY. მერე 35 მილიმეტრიან ობიექტივზე გადავედით, რათა უფრო პორტრეტული გამოსახულება მიგვეღო. ამ ტიპის ლინზებს უფრო მხატვრულ ფილმებში იყენებენ, მაგალითად ისეთი ხალხი, როგორიცაა იასუჯირო ოზუ და უეს ანდერსონი.

ჰოდა, ამ ტიპის ლინზით ისეთი პროექტი გავაკეთეთ, რომელსაც იშვიათად თუ ნახავთ დოკუმენტალისტიკაში. სამაგიეროდ, სრულყოფილად აირეკლა ბრენდონის ფოტოგრაფია.

- კამერასთან თავის თავზე საუბარი ხალხისთვის უფრო რთულია, ვიდრე ფოტოს გადაღებისას. როგორ ახერხებთ, რომ შეინარჩუნოთ ისეთივე უშუალობა ვიდეოპროექტში, როგორიც ფოტოდღიურებში იყო?

მაიკლ კრომეტი- გამოსახულებისთვის, როგორც ვთქვი, პროექტში განსხვავებულ ტექნიკას ვიყენებთ. რადგან ბრენდონი 50 მილიმეტრიანი ობიექტივით იღებდა ფოტოებს, ჩვენ მსგავსი გამოსახულებისთვის ვიდეოებს 35 მმ-იანი ლინზით ვწერთ.  ამის გამო, ჩვენი მუშაობაც ცოტა განსხვავებულია. როცა სტანდარტულად იღებენ, კამერა რესპონდენტისგან მოშორებით დგას, აპარატურა ამის საშუალებას გაძლევს.

ამ შემთხვევაში გვიწევდა, რომ ჩვენს გმირებთან ახლოს მივსულიყავით, სანტიმეტრების მოშორებით დაგვედგა კამერა, რითაც მათ პირად სივრცეში ვიჭრებოდით. ასე მუშაობამ თითქოს პირიქით, მეტად გაგვიადვილა საქმე და გმირებსაც არ უჭირდათ ბუნებრივი საუბარი.

- გვითხარი სამი რამ, რაც დამწყებ რეჟისორებს დაეხმარებათ გმირებზე თხრობის დროს?

- იყავით ყურადღებით. ხშირად იმ დროს, როცა უმიზნოდ ვხეტიალობ, არ ვმუშაობ, მაშინ ვაწყდები ყველაზე საინტერესო მომენტებს ცხოვრებაში. მაშინ, როცა უბრალოდ ვზივარ და ვაკვირდები. ცხოვრებას აქვს ასეთი წესი - თითქოს ზურგიდან უნდა მოგეპაროს და გაგაკვირვოს. შენ კი უნდა ეცადო, რომ მიმოიხედო და იპოვო ის. ფართოდ გაახილეთ თვალები. ეს ყველაზე მეტად მიჭირს. მუშაობ, იღებ სცენას, მაგრამ ამ დროს შეიძლება შენ ირგვლივ გამოგეპაროს ისეთი რამ, რაც უფრო საინტერესო იქნებოდა. გამოგეპაროს იმის გამო, რომ არ იყავი ყურადღებით ან სათანადოდ არ მომზადებულხარ. უნდა ენდო შენს რეჟისორს ან მეწყვილეს, რომელიც შეამჩნევს დეტალებს მაშინ, როცა შენ იღებ.

როცა ორჭოფობ, დააყენე ყველაზე ფართო კადრი და გადაიღე. ზოგჯერ არის ქაოსური ან დამაბნეველი სიტუაციები, როცა ვერ ხვდები საით უნდა მიმართო შენი ფოკუსი. ჩემი რჩევაა, რომ ამ დროს გახსნა შენი ობიექტივი ყველაზე ფართოდ და გადაიღო მთელი გარემო. ამის შემდეგ უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდები.

- გადასაღებად რომელ აპარატურას ხმარობ?

მცირე გამონაკლისების გარდა Arri Amira-ს კამერას ვიყენებ. ლინზა კი როგორც ვთქვი, 45 მილიმეტრიანია - 35mm Zeiss CP.2. აუდიოს ორ უსადენო Sanken COS-11D-ის ტიპის მიკროფონზე ვწერ Lectrosonics wireless systems-ით.


ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ