9 რჩევა ჟურნალისტებისთვის კორონავირუსის გაშუქებით გამოწვეულ სტრესთან საბრძოლველად
23.03.2020


COVID-19-ის პანდემიის მუდმივად განახლებად რეჟიმში გაშუქება ბევრი ჟურნალისტისთვის შეიძლება სტრესული იყოს. რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში ისმენენ ექსპერტების შეფასებებს, იმაზე, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ისინი აშუქებენ იმ უარყოფით შედეგებს, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია. ამიტომ, ამერიკელი ჟურნალისტმა და ტრენერმა ალ ტომპკინსმა და ფსიქოტერაპევტმა სიდნი ტომპკინსმა ჟურნალისტებისთვის ვიდეო ჩაწერეს, რომელშიც კორონავირუსის გაშუქებით გამოწვეულ სტრესსა და მასთან გასამკლავებლად გასთვალისწინებელ რჩევებზე საუბრობენ.





1. შეისვენეთ

შესაძლოა ეს სულაც არ ჩანდეს ისეთ რჩევად, რომელიც მედიაში მომუშავე ადამიანს შეიძლება მისცეთ, თუმცა აუცილებელია ცოტახნით მაინც შეისვენოთ ვირუსის გაშუქებისგან. კორონავირუსის შესახებ ამბები თან გსდევთ ყველგან: სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც, ამიტომ საჭიროა დღის კონკრეტულ პერიოდში შეისვენოთ ახალი ამბებისგან.

2. ძილი საჭიროა

სავარაუდოდ, დაძინებამდე ტელეფონს ამოწმებთ, შესაძლოა შუა ღამესაც და გაღვიძებისთანავეც. ნუ წაიკითხავთ ან უყურებთ კორონავირუსის შესახებ მასალებს ძილის წინ და დილით გაღვიძებისთანავე. ამასთანავე აუცილებელია სრულყოფილად გამოძინება, მინიმუმ 7 საათს.


3. მთელი დღის განმავლობაში ეცნობით მძიმე ინფორმაციას, რაც სტრესის გამომწვევია

შესაძლოა ფიქრობთ, რომ კორონავირუსის გაშუქება ტრავმული სტრესის გამომწვევი არ არის, თუმცა თქვენ ყოველდღიურად კითხულობთ, წერთ და ჰყვებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ავადმყოფობენ, შეშინებულები არიან, ნერვიულობენ იმაზე, რომ საკვები და ტუალეტის ქაღალდი გამოელევათ, ასევე ინფორმაციას ავრცელებთ ადამიანებზე, რომლებიც იღუპებიან.

აცნობიერებთ ამას თუ არა, რეალურად, ეს ისტორიები ტრავმულია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რამდენად ხშირად გიწევთ ამ თემებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ამას თავს ვერ აარიდებთ, რადგან თქვენი სამუშაო უნდა შეასრულოთ, თუმცა ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, რომ ტრავმულ სტრესთან გაქვთ საქმე, დადებითად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

4. დაუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას

რაც ახლა ხდება, არ არის ცხოვრების ჩვეული რიტმი. ასეთი პანდემიის დროს ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, რა არის ნორმალური. სტრესის შესამცირებლად ერთ-ერთი ხერხია ტრავმული ამბების გაშუქების შემდეგ ფოტოების ნახვა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებას შეგახსენებთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი საყვარელი ადამიანების, ცხოველების, ადგილების ფოტოები. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ ჯარისკაცები, რომლებიც ჩაფხუტის შიგნით თავიანთი ოჯახის წევრების ფოტოებს ინახავენ ხოლმე. ეს გავრცელებული პრაქტიკაა პოლიციელებშიც.

რატომ აკეთებენ ამას? რადგან რაც არ უნდა ნახონ იმ დღეს, ფოტოების დახმარებით ახსოვთ, ვისთვის მიდიან სახლში და რატომ ასრულებენ თავიანთ საქმეს. ასე საკუთარ თავს შეახსენებთ, რომ რაც ნახეთ და გააშუქეთ ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნორმალური მოვლენა არ არის. ამ მომენტში შესაძლოა ნორმად იქცა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და სამუდამოდ არ გაგრძელდება.

5. თქვენი სამუშაოს მნიშვნელობა გადაწონის მიღებულ სტრესს

მკვლევრების ინფორმაციით, თქვენი საქმის მნიშვნელობის გააზრება ხელს უწყობს სამსახურებრივ სტრესთან გამკლავებას. თუ ჟურნალისტები დაიჯერებენ, რომ ისინი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაშინ ტრავმისგან უფრო სწრაფად განიკურნებიან.

6. არ ჩამოშორდეთ რეალობას - მძიმე ფოტოები, კადრები და ინტერვიუები უნდა მოქმედებდეს თქვენზე

ემოციური გამოფიტვა ტრავმული სტრესის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ამ დროს ტრავმული მოვლენები გავლენას აღარ ახდენენ თქვენზე. მძიმე ამბების მიმართ ინდიფერენტულობა იმის ნიშანია, რომ თავდაცვის მიზნით თქვენი ემოციები მცირდება. ეს შესაძლოა გადარჩენის დროებითი მექანიზმი იყოს სამუშაო დავალების შესასრულებლად, მაგრამ ზიანის მომტანი იქნება, თუ კი ეს "ახალ ნორმად" იქცევა და რეალობას ჩამოშორდებით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გრძნობებს.

7. ყურადღება მიაქციეთ ალკოჰოლისა და საკვების მოხმარებას

თავი აარიდეთ ზიანის მომტან ჩვევებს. ყურადღება მიაქციეთ ალკოჰოლისა და საკვების მოხმარებას. როდის აკეთებთ ამას, როცა დაღლილი და დასტრესილი ხართ? არიდებთ თუ არა თავს სხვებთან კონტაქტს? ოჯახის წევრებს? ხომ არ გინდათ მარტო ყოფნა, რადგან ფიქრობთ, რომ ვერავინ გაიგებთ? - ეს არ არის კარგი. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით რეალურია სახლიდან მომუშავე ჟურნალისტებისთვის. ოფისში ბევრს არ ჭამთ, სავარაუდოდ, სამუშაო მაგიდიდან რამდენიმე ნაბიჯში მაცივარი არც გაქვთ. სახლში კი ყველაფერი სხვაგვარდაა. საკუთარ სტრესს ალკოჰოლითა და სხვა საშუალებებით არ 'ებრძოლოთ'.

8. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს

მოუყევით თქვენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს როგორ ხართ და რა გაწუხებთ.

თუ ბავშვები გყავთ, შეახსენეთ მათ, რომ შეუძლიათ თავის დაცვა ვირუსისგან. ბავშვები ისმენენ ახალ ამბებს მიმდინარე მოვლენებზე, ჭორებს და ბევრ არასანდო ინფორმაციას იღებენ მეგობრებისგან და სოციალური მედიიდან. ნება მიეცით მათ შეიტყონ სიმართლე თქვენგან და სწორედ თქვენ იყოთ მათი ინფორმაციის სანდო წყარო. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბავშვები სწავლობენ დაძაბულ ვითარებაზე რეაგირებას ისე, როგორც თქვენ რეაგირებთ ასეთ მოვლენებზე.

9. ნუ დაელოდებით თქვენ უფროსს

ნუ დაელოდებით თქვენი ხელმძღვანელის შეკითხვას იმაზე, გჭირდებათ თუ არა დასვენება. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც დისტანციურად მუშაობთ, თქვენს უფროსს შესაძლოა წარმოდგენა არ ჰქონდეს როგორ გრძნობთ თავს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია თანამშრომლების გამხნევებაც. ყურადღება მიაქციეთ იმ მათ, ვინც მძიმე თემებზე მუშაობენ. უთხარით, რომ თუ საუბარი მოუნდებათ მის გვერდით იქნებით. დისტანციურად მუშაობისას სასურველია ჩვეულებრივზე მეტი კომუნიკაცია. შესაძლოა არ გყავდეთ გვერდით ვინმე, ვისაც მომხდარს გაუზიარებთ, ამიტომ მხოლოდ მიმოწერას ნუ დასჯერდებით, აიღეთ ტელეფონი და ესაუბრეთ ადამიანებს.

გახსოვდეთ:

ქალები კაცებთან შედარებით უფრო მეტ წნეხს განიცდიან სტრესის ნიშნების ჩვენებისას, რადგან ხშირად ქალების შემთხვევაში იმის ჩვენება, რომ მათზე ამბავმა ემოციურად იმოქმედა შესაძლოა სისუსტედ იყოს აღქმული, როცა კაცის შემთხვევაში ამას შესაძლოა უფრო "ადამიანობად" და მგრძნობიარობად აღიქვამდნენ.

როდესაც საუბრობთ, რომ ნორმალურია ფსიქიკური სტრესი, ეს სხვებს უადვილებს აღიარონ და შეამჩნიონ თავიანთი სტრესული მდგომარეობა.

როდესაც დასტრესილი ხართ და თქვენი გონება ერთდროულად ახალი ამბების გაშუქებასა და ყოველდღიური ცხოვრების სტრესორებზე ფიქრობს, უბედური შემთხვევების მეტი რისკია, ამიტომ საჭესთან მშვიდად, ფხიზელი გონებითა და ყურადღებით იყავით.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: თუკი გჯერათ თქვენი სამუშაოს მნიშვნელობის, მაშინ სტრესისა და ტრავმისგან ბევრად სწრაფად გათავისუფლდებით, ამიტომ, გახსოვდეთ, რომ თქვენი საქმე მნიშვნელოვანია.


გარეკანის ფოტო: AP Photo/Andrew Medichini 

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ