6 მარტივი გზა სახლიდან მუშაობის დროს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად
19.10.2020
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჟურნალისტების ნაწილი სახლიდან მუშაობს, რაც გარკვეულწილად მეტ საფრთხეს უქმნის მათი პერსონალური მონაცემებისა და წყაროების შესახებ ინფორმაციის დაცვას. ხშირად ჰაკერების სამიზნე სწორედ ჟურნალისტები ხდებიან, ამიტომ მედიაში მომუშავე პირებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავი დაიცვან კიბერთავდასხმებისგან.

კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჟურნალისტებს სახლიდან მუშაობის პერიოდში გასათვალისწინებელ 6 რჩევას ტექნოლოგიების სფეროში ფრილანსერი ავტორი და პროგრამისტი ნალა დევისი უზიარებს. დევისის კლიენტების რიცხვში ისეთი კომპანიები შედიან, როგორებიცაა Samsung, Time Warner, Netflix, და Sony.

გთავაზობთ, კიბერუსაფრთხოების შესახებ 6 მარტივ რჩევას ჟურნალისტებისთვის სახლიდან მუშაობის დროს:

⇒  სამსახურის (ან, მუშაობისთვის განკუთვნილი) კომპიუტერი გამოიყენეთ მხოლოდ სამუშაო მიზნებისთვის

ნალა დევისის რჩევით, სასურველია სამსახურის კომპიუტერი არასდროს გამოიყენოთ პირადი მიზნებისთვის, მაგალითად, ონლაინ შოპინგისთვის. ონლაინ შეკვეთას შესაძლოა მხოლოდ 30 წამი დასჭირდეს, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცესის დროს კონკრეტულ ვებგვერდზე შეგყავთ საკრედიტო ან საბანკო მონაცემები, მისამართი, თქვენი სახელი და გვარი. სასურველია, ნებისმიერი კომპიუტერიდან ონლაინ შოპინგის დროს მხოლოდ SSL სერტიფიკატით დაცული ვებგვერდი გამოიყენოთ.

⇒  გამოიყენეთ ვირტუალური პირადი ქსელი (VPN)

VPN-ის მუდმივად გამოყენება ჰაკერებისგან დაგიცავთ. ვირტუალურ პირად ქსელს შეუძლია თქვენი ოლნაინ აქტივობის დაშიფვრა, რაც ჰაკერებს ლეპტოპიდან ან პერსონალური კომპიუტერიდან ინფორმაციის შეგროვებას გაურთულებს. ჟურნალისტები განსაკუთრებით დაუცველები არიან, როდესაც მუშაობის დროს სასტუმროს ან ნებსიმიერ სხვა საჯარო WiFi-ის იყენებენ. დღესდღეობით ინტერნეტ ბრაუზერზე უფასო VPN-ის დაყენება მარტივადაა შესაძლებელი.

⇒  გამოიყენეთ პაროლების მენეჯერი

ჰაკერებისთვის ყველაზე მარტივია ავტომატურად დამახსოვრებული, მარტივად გამოსაცნობი, ფურცელზე ან ტექსტურ ფაილში ჩანიშნული პაროლების ამოცნობა. პაროლების მენეჯერის საშუალებით კი შესაძლებელია რამდენიმე პაროლის ერთ ადგილას დაშიფრულად შენახვა ისე, რომ მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ. ასე, თავიდან აიცილებთ ბევრი რთული პაროლის დამახსოვრების აუცილებლობასაც.

⇒  მასალები ატვირთეთ და შეინახეთ „ქლაუდ“ სერვერზე

მასალების „ქლაუდ“ სერვერზე ატვირთვით არამხოლოდ შესაძლებელია ამ მასალების გამოყენებით ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა, არამედ გარანტიაც გეძლევათ, რომ კომპიუტერში განთავსებული ინფორმაციის დაკარგვის ან წაშლის შემთხვევაში მისი ასლები უსაფრთხოდ იქნება შენახული. ამ რჩევის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ისეთ ქვეყანაში მუშაობენ, სადაც პრესის თავისუფლება იზღუდება. კომპიუტერიდან სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის წაშლის ან უშუალოდ კომპიუტერის დაკარგვისა თუ მოპარვის შემთხვევაში გეცოდინებათ, რომ მასალები „ქლაუდ“ სერვერზე უსაფრთხოდ გაქვთ შენახული.

⇒  სიფრთხილე გამოიჩინეთ საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენებისას

ამ შემთხვევაში საუბარია ე.წ ნივთების ინტერნეტის ტექნოლოგიის (IoT) მოწყობილობებზე. მაგალითად, საყოფაცხოვრებო საკომუნიკაციო ნივთებზე, როგორიცაა ხმოვანი ასისტენტი Alexa, რომელიც WiFi-ის საშუალებით მუშაობს. ე.წ ნივთების ინტერნეტის ტექნოლოგია გულისხმობს ინტერნეტის საშუალებით სენსორების მქონე საგნების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მონაცემების გაცვლას. IoT ძირითადად "ჭკვიან" მოწყობილობებს მოიცავს. ნალა დევისის აზრით, ჟურნალისტების მიერ ასეთი მოწყობილობების გამოყენებისას არსებობს, შანსი იმისა, რომ პირობითად, ექსკლუზიურ ინტერვიუს მესამე პირი ( იქნება ეს მთავრობა, ჰაკერი თუ კონკურენტი მედია) ისმენდეს.

⇒ მუდმივად განაახლეთ სმარტფონის, კომპიუტერისა და ანტივირუსის პროგრამები

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შესაძლოა დაგეზაროთ, რადგან ის კომპიუტერის გადატვირთვას მოითხოვს. თუმცა, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები და დეველოპერები ახალი საზიანო პროგრამების გამოვლენის დროს მუშაობენ პროგრამულ განახლებაზე, რომელიც მომხმარებლებს სამომავლოდ შესაძლო კიბერშეტევებისგან დაიცავს. განახლებებზე ყურადღების არმიქცევით კი საკუთარ ინფორმაციას საფრთხეში აგდებთ.

  • ასევე გაეცანით 

ციფრული უსაფრთხოების წესები ჟურნალისტებისთვის  

⇒ ამავე თემაზე, იხილეთ ვიდეოგზამკვლევი

 

 

წყარო:  journalism.co.uk


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ