სოციალური მედიის კანონმდებლობით დარეგულირება - ცენზურა თუ უსაფრთხოება?
02.06.2023
თანამედროვე სამყაროს გამოწვევებიდან ერთერთი უმთავრესი სოციალური ქსელების გავლენაა ადამიანების, განსაკუთრებით მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე.

რიგ ქვეყანებში უკვე დაიწყეს დისკუსია იმაზე, რომ გარკვეული ასაკამდე საერთოდ აკრძალული უნდა იყოს სოციალური ქსელების გამოყენება, განსაკუთრებით მშობლის მეთვალყურეობის გარეშე ან უნდა დაწესდეს შეზღუდვები.

წაიკითხეთ ვრცლად: რა პრობლემებს ქმნის სოციალური ქსელები მენტალური ჯანმრთელობის კუთხით?

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

კვლევები, მოკლედ:
  • 2022 წელს გამოქვეყნებულმა სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდების თითქმის მეოთხედი სოციალურ მედიაზეა დამოკიდებული.
  • მოზარდები თვლიან, რომ სოციალურ ქსელში დაგროვებული ე.წ "მოწონებები, კომენტარები და ნახვები", რეალურ ცხოვრებაში მათი სოციალური როლისა და თანატოლებში მათი მიმღებლობის განმსაზღვრელია.
  • კვლევებით დასტურდება, რომ 13-17 წლამდე მოზარდების 93%-ზე მეტს აქვს მინიმუმ ერთი სოციალური ქსელი და მობილურს დღეში, მინიმუმ 3 საათის განმავლობაში იყენებს.
  • მოზარდებს უჭირთ აღიქვან, რომ სოციალური ქსელებში, ე.წ ვლოგერების თუ ინფლუენსერების მიერ ნაჩვენები იდეალური ცხოვრების სტილი არ შეესაბამება რეალობას, შესაბამისად ისინი განიცდიან ერთგვარ სოციალურ წნეხს და თვლიან რომ არ არიან საკმარისად კარგები.
  • კვლევაში მონაწილე მოზარდების 44%-ზე მეტი "ინსტაგრამს" ძირითადად, სწორედ ე.წ "ინფლუენსერების" კონტენტის სანახავად იყენებს.
"გთხოვთ აღმოფხვრათ სოციალურ ქსელებში მოზარდებისთვის საზიანო კონტენტის გავრცელების პრობლემა, ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი შვილები და არ გვიწევდეს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღელვა" - თქვა მსახიობმა ქეით ვინსლეტმა, 15 მაისს გამართულ "BAFTA"-ს დაჯილდოვებაზე. მან მოუწოდა პასუხისმგებელ პირებს, რომ დასჯადი გახდეს სოციალურ ქსელებში საზიანო კონტენტის გავრცელება.

მან მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი მსახიობის პრიზი მოიგო ფილმისთვის "I am Ruth", რომელშიც თინეიჯერ შვილსა და დედას ურთიერთობა სწორედ სოციალური ქსელებზე დამოკიდებულების გამო ეძაბებათ.

ახალი პლატფორმების განვითარებასთან ერთად, იზრდება გამოწვევებიც, ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია "ტიკტოკია", მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია პოპულარული 2020 წელს გახდა, მისი "უკონტროლო ალგორითმის" გამო ამერიკის ზოგიერთ შტატში უკვე განიხილება მოზარდებისთვის მისი აკრძალვა.

წაიკითხეთ ვრცლად - "ტიკტოკი და მონაცემთა უსაფრთხოება, რა უნდა ვიცოდეთ?"

როგორია კანონმდებლობა ამ ეტაპზე?
  • აშშ-ში იუტას შტატში დაამტკიცეს ორი ახალი კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს მშობლის თანხმობით ასაკის ვერიფიკაციას და შეზღუდული საათების დაწესებას.
  • შესაბამისად, 2024 წლის 1 მარტიდან არასწრულწლოვნებს რეგისტრაციისას ექნებათ ვალდებულება, რომ ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთონ.
  • დამატებით, კომპანიებს აეკრძალებათ 18 წელს ქვემოთ მომხმარებლების ინფორმაციის დამუშავება და მათი "სამიზნე აუდიტორიად" გამოყენება რეკლამისა თუ სხვა ტიპის კონტენტის შეთავაზებისთვის.
  • მონტანას შტატი არის ერთერთი პირველი ვინც აკრძალა "ტიკტოკის" აპლიკაცია, ეს კანონი 2024 წლიდან ამოქმედდება.
საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მოზარდებისთვის სოციალური ქსელებზე წვდომის შეზღუდვა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქმება:

ისინი მიიჩნევენ, რომ:
  • ჩვენ საკმარისად ბევრს არ ვლაპარაკობთ სოციალური ქსელების პოზიტიურ მხარეებზე.
  • მოზარდის იდენტობის ფორმირების პროცესში, სოციალურ ქსელებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, რადგან მათ უმარტივდებათ საკუთარი თავის შესწავლისა და აღმოჩენის პროცესი.
  • სოციალურ მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვთ უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ლგბტქ+ თემისთვის.
  • აკრძალვა გამოსავალი არ არის, ამით პროცესი მეტად საშიში გახდება, რადგან ლეგიტიმური, საჯარო პლატფორმებიდან მოზარდებმა შეიძლება პრივატულ ქსელებში გადაინაცვლონ.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ