კომუნიკაციების კომისიამ პროსამთავრობო ტელეკომპანიები „იმედი“ და
„რუსთავი 2“ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების
საფუძველზე გაშუქებისთვის 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა. როდესაც
მაუწყებელს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის
დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული აქვს, კომისია
მას პირველ ჯერზე სწორედ 2 500 ლარით აჯარიმებს.
კომისიამ „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხები 5 ნოემბრის სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილებები კი დღეს, 19 ნოემბერს გამოაცხადა.
კომუნიკაციების კომისიამ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, „იმედი“, სხვა მაუწყებლებთან ერთად, პირველად წერილობით აპრილში გააფრთხილა.
5 ნოემბერს, „იმედის“ საკითხის მოხსენებელმა კი თქვა,
რომ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა, პერიოდული
მონიტორინგის ფარგლებში, 12-14 ოქტომბერს გასული ახალი ამბების
პროგრამები შეამოწმა და გამოავლინა, რომ ტელეკომპანიამ ახალი ამბები
პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე გააშუქა, რითაც
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და
მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.
დარღვევის მაგალითებად პავლე ბერიამ ახალი ამბების გაშუქებისას
წამყვანის მიერ გამოყენებული შემდეგი ფრაზები დაასახელა: „პოლიტიკურ
სცენაზე გადანაცვლებით ევროკავშირის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს,
მის შემთხვევაში საქმე რეციდიული ხასიათის დარღვევასთან გვაქვს, თუმცა
პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია“; „პრობლემა დიპლომატისგან ცეკვით
გამოხატულ პოლიტიკურ განაცხადშია. პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი
პოლიტიკური პოზიცია ამჯერად ევროპის დღეების ფარგლებში დააფიქსირა,
როცა კახეთში ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის ის ჯგუფი
შეარჩია, რომელიც სცენიდან უკვე წლებია საქართველოს მილიონზე მეტ
მოქალაქეს აგინებს“; „როცა შალვა პაპუაშვილი ამას ამბობს, მას
არგუმენტებიც ბევრი აქვს“; „გვარამიას ეს ზედმეტი თვითდაჯერება და
პოლიტიკური ანალიზიც როგორც მოსალოდნელი იყო იმაზე ფუჭი აღმოჩნდა,
ვიდრე, ალბათ, ამ პროგნოზისას თავად იფიქრებდა“; „ქართული ოპოზიცია
უკვე წლებია იმედით სწორედ გარე აქტორებს შეჰყურებს და შველასაც
მათგან ელის, თავად კი მთავარ საქმედ მცირერიცხოვანი ელექტორატის
ილუზიებში ყოფნა აქციეს“; „მძიმე თავად ოპოზიციური რეალობაა იმდენად,
რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა საკუთარ ევროპელ მეგობრებთან
დაპირისპირებაში შედის“; „ცრუ დაპირებები ოპოზიციის ელექტორატმა უკვე
ბევრჯერ ნახა, ასეა ყველა არჩევნების წინ, გაფორმებულ მარცხამდე
წუთებით ადრეც კი ხელისუფლების ოპონენტები წლებია ამომრჩეველს საკუთარ
გამარჯვებაში არწმუნებენ, მერე მორიგი იმედგაცრუება დგება“.
ბერაიას თქმით, კომისიისთვის წარდგენილი წერილობითი პოზიციით „იმედი“
მომზადებულ დასკვნას არ დაეთანხმა. ტელეკომპანიის წარმომადგენელი
საკითხის განხილვასაც ესწრებოდა.
სალომე თხელიძის ახსნა-განმარტებით, არხი იმას არ ამტკიცებს, რომ „მაუწყებელი გათავისუფლებულია მიუკერძოებლობისა და კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვისგან, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები უნდა განიმარტოს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური და კონვენციური გარანტიების გათვალისწინებით და ამ ფონზე, ამ გარანტიების გათვალისწინებით, ამ პრინციპების დაცვის პარალელურად მხოლოდ ფრაზების ჩამოთვლა და მითითება, რომ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლითაც მიკერძოებულობა არის აკრძალული და მიკერძოების პრინციპთან არის შემხებლობაში, ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, თავად საქართველოს კონსტიტუციას…
მაუწყებელი არ უარყოფს, რომ კრიტიკული ხასიათი ჰქონდა, ცოტა ხისტი ხასიათი ჰქონდა ამ გამოთქმულ ფრაზებს, თუმცა მათ არანაირი შემხებლობა, ყოველ შემთხვევაში, დასაბუთება არა აქვს მითითებული ამ დეპარტამენტს, თუ რატომ არის ესენი ამ კონკრეტული ნორმის დარღვევა.
შეზღუდვის გამოყენება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველს და სათანადოდ დასაბუთებულ შეფასებას. დაუშვებელი არის ჟურნალისტური გამონათქვამის კრიტიკული ტონი ან ემოციური ფორმა თავისთავად იქცეს, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევის მტკიცებულებად, ეს საკმაოდ მანკიერ პრაქტიკას დაამკვიდრებს, სწორედ ამიტომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა შეაფასოს არა ის თუ რამდენად მისაღებია მისთვის ჟურნალისტის მიერ გამოყენებული ფორმულირება და რამდენად საზოგადოებისთვის, ფართო ფენებისთვის არის მისაღები, არამედ ის აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული გამონათქვამი, რომელიც დეპარტამენტმა მიუთითა 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს…“
ComCom-მა ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისთვის სექტემბერში წერილობით გააფრთხილა „რუსთავი 2“-იც.
„რუსთავი 2“-ის (სს „მედია ჰოლდინგი“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე მუხლის შესაძლო დარღვევისთვის იყო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ამჯერადაც.
5 ნოემბრის სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა თქვა, რომ მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერში 12-14 ოქტომბერს გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად შეამოწმა და გამოავლინა, რომ არხმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი დაარღვია.
დარღვევის მაგალითებად დასახელებულ წამყვანის მიერ
ნათქვამ ფრაზებს შორისაა: „დიალოგის ჩაკეტვით ბრიუსელი არა მხოლოდ
ბერკეტს კარგავს, არამედ მისი გავლენებიც დასუსტებულია რეგიონში“,
„კლასტერების გახსნაზე მეტად ევროპას საკუთარ კონტინენტზე სხვა ბევრად
დიდი გამოწვევები აქვს დასაძლევი“, „მუდამ საგარეო წნეხზე
დამოკიდებული ოპოზიცია“, „კრიტიკა სახის შენარჩუნებისთვის“,
„ევროკავშირი საკუთარი რიტორიკის მძევალია“, „საქართველო პარადოქსშია,
ევროკავშირი კი საკუთარ ხაფანგში“.
საკითხის განხილვას ესწრებოდა „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელიც. სალომე ჭელიძის თქმით, „ნებისმიერი შეფასება არის სუბიექტური და ჩვენი წამყვანები და ჩვენი ტელევიზია ყოველთვის ცდილობს, რომ მით უმეტეს ჟურნალისტებმა და მით უმეტეს საინფორმაციო მიმართულებით, კონკრეტულად არ დააფიქსირონ ხოლმე პირადი შეხედულებები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ინფორმაცია იყოს ინფორმატიული და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოწოდებული ინფორმაცია იყოს საინტერესო და შემაჯამებელი, როგორსაც ამზადებენ ხოლმე სიუჟეტს. ეს მინდოდა მეთქვა. ანუ ცალსახად შეფასების კატეგორიაა, მოხდა თუ არა დარღვევა, თუმცა ამ მიმართულებით ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ნებისმიერი შეფასება არის სუბიექტური და ამიტომ თუ იქნება დარღვევა, კიდევ ერთხელ ვთხოვთ თანამშრომლებს, რომ კიდევ უფრო სხვანაირად მოგვაწოდონ ხოლმე ინფორმაცია“.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, აგვისტოში 2 500 ლარით დააჯარიმა „პოსტვ“-იც.
ორჯერ, 2 500 და 5 000 ლარით დააჯარიმეს „TV პირველი“, ტელეკომპანია „ფორმულა“ კი გაზაფხულიდან მოყოლებული უკვე სამჯერ: 2 500 , 5 000 და 10 000 ლარით არის დაჯარიმებული.
---------------------------------
ბოლოს, „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამაში
საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე
გაშუქებად ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების სისტემატურად
გამოყენება, როგორებიცაა: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების
სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების
ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების
პრეზიდენტი“.
ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის
პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს
„TV
პირველსაც“ სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების
გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად: „დიდი ნადირობა მოაწყო“; „სქროლვა
სქრინვის სააგენტო“; „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და
კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული
მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“; „ჩეჩნური ტიპის რაზმი“;
„დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე“; „აქტივისტებზე
ნადირობა“; „პოლიციას ნერვებმა
უმტყუნა“.
---------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.
„როგორ ფინანსდებიან ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედი“ და „პოსტვ“
რეკლამით?“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“
ცნობით,
ტელევიზიებში რეკლამის განთავსების სქემა შეისწავლა, რომლის
გამოყენებითაც, ეს არხები, დიდი ალბათობით, სანქციების გვერდის ავლასა
და სარეკლამო შემოსავლების მიღებას ახერხებენ.
როგორც TI კვლევის შეჯამებისას წერს, „მიუხედავად იმისა, იყო თუ არა გამოყენებული ე.წ. შუამავალი სარეკლამო კომპანია სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მისატანად, ცხადია, რომ გაყიდვების სახლი უმრავლეს შემთხვევებში ამ რგოლის განუყოფელ და ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთი კომპანია - Prime Media Global - ეხმარება პროპაგანდისტულ ტელევიზიებს რეკლამის მიღებასა და შესაბამისად, სანქციებისგან გვერდის ავლაში. ამ კონტექსტში აღსანიშნავია რეიტინგების მთვლელი კომპანიის - Tri Media Intelligence- ის როლიც, რომელიც Fifty5Blue-ის (ყოფილი Kantar Media) ლიცენზირებული პარტნიორია და, დიდი ალბათობით, ამ უკანანსკნელთან რეიტინგების ნაწილში თანამშრომლობს, ანუ სანქცირებული „იმედისა“ და „პოსტვის“ რეიტინგების შესახებ ინფორმაციასაც სწორედ მას აწვდის. ამდენად, ბრიტანეთის მიერ მეორადი სანქციების უპირველესი სამიზნეები სწორედ ისინი გახდებიან.
თუმცა, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სანქცირებულ ტელევიზიაში რეკლამის განთავსების სქემისა, რაც პროცესში შუამავალი კომპანიების გამოყენების გზით ბრიტანული სანქციების გვერდის ავლის და სარეკლამო შემოსავლების კვლავ მიღების კარგ შესაძლებლობას ქმნის, არ მცირდება რეკლამის დამკვეთი კომპანიის პასუხისმგებლობის წილი, რომელმაც ზუსტად უნდა გამოარკვიოს, თუ რომელ ტელევიზიაში განთავსდება მისი რეკლამა, რათა სანქცირებულ ტელევიზიებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობით თავად არ დადგეს მეორადი სანქციების დაწესების რისკის წინაშე“.
დიდმა ბრიტანეთმა ქართული სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ 2026 წლის თებერვალში დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ ბრიტანული სანქციების მოქმედების არეალი მისი იურისდიქციის საზღვრებს სცილდება და კონკრეტული შეზღუდვები და აკრძალვები მის ფარგლებს მიღმაც წესდება. „ეს იმას ნიშნავს, რომ მეორადი სანქციების რისკის წინაშე დგება ყველა ის კომპანია თუ ბიზნესმენი, რომლებიც სანქცირებულ ტელევიზიებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას განაგრძობენ და მათ რაიმე ფორმით სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარებიან, მათ შორის, შემოვლითი გზით, მაგალითად - ე.წ. შუამავალი კომპანიების გავლით სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის განთავსებით, ან/და მათთვის სხვა რაიმე ფორმის მომსახურების მიწოდებით, თუნდაც არამატერიალური სახით. სანქციების შესრულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება“.
TI კვლევის - „როგორ ფინანსდებიან ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედი“ და „პოსტვ“ რეკლამით?“ დასაწყისში აღწერს, ზოგადად როგორ მუშაობს სარეკლამო ბაზარი და რა სქემით თანამშრომლობენ რეკლამის დამკვეთები ტელევიზიებთან.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოარკვია, კომპანია, რომელსაც საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით რეკლამირება სურს, როგორც წესი, ე.წ. შუამავალ სარეკლამო კომპანიას ქირაობს, რომელიც მას ტელევიზიაში რეკლამის განთავსებაში ეხმარება და ამისთვის მთლიანი წლის სტრატეგიას უგეგმავს.
„მას შემდეგ, რაც პროდუქციის რეკლამირებისთვის სასურველი ტელევიზია ან ტელევიზიები შეარჩევა, სარეკლამო სააგენტო მოლაპარაკებას უკვე კონკრეტული ტელევიზიების ე.წ. რეკლამის „გაყიდვების სახლებთან“ იწყებს. „გაყიდვების სახლები“, ტელევიზიების სარეკლამო დროის გაყიდვას ემსახურებიან და რეკლამის დამკვეთსა და, ფაქტობრივად, ტელევიზიას შორის კიდევ ერთი შუამავალი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. რიგ შემთხვევებში, ისინი ერთი ქოლგის ქვეშ რამდენიმე ტელევიზიასაც აერთიანებენ. სწორედ ასეა პროსამთავრობო ტელევიზიების შემთხვევაში“.
TI წერს, რომ იდენტურია რეკლამის დამკვეთსა და საბოლოო მიმღებს შორის ფინანსური ანგარიშსწორების სქემაც. „ანუ, როგორც წესი, ტელეკომპანიასა და რეკლამის უშუალო დამკვეთს შორის ოფიციალური კომუნიკაცია საერთოდ არ ხდება. პროცესის ორგანიზებასა და ფორმალური საკითხების მოგვარებას სწორედ შუამავალი კომპანიები უზრუნველყოფენ. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, რეკლამის დამკვეთი, სრულად ფლობს ან უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და რა პირობებით განთავსდება მისი რეკლამა.
აღსანიშნავია სარეკლამო სააგენტოებსა და ე.წ. „გაყიდვების სახლებს“ შორის არსებული ურთიერთობის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც. კერძოდ, პროსამთავრობო ტელევიზიების სარეკლამო დროის გაყიდვაზე ორიენტირებული „გაყიდვების სახლი“ სარეკლამო სააგენტოებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეკლამის დამკვეთებს დაარწმუნებენ, სარეკლამო დრო სრულად ამ კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ტელევიზიებში შეიძინონ. მსგავსი პრაქტიკა, შესაძლოა, სარეკლამო ბაზრის მონაწილეთა ნაწილისთვის კონკურენციის უთანასწორო პირობებს ქმნიდეს და კრიტიკულ მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლების მოზიდვას მნიშვნელოვნად ურთულებდეს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ზოგიერთი კომპანია „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობის გამოხატვისა და შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, კრიტიკულ ტელევიზიებში რეკლამის განთავსებისგან თავადვე იკავებს თავს.
გარდა ამისა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც რეკლამის დამკვეთი ტელევიზიასთან კონტაქტზე პირდაპირ, შუამავალი კომპანიების გარეშე გადის (მაგალითად, გადაცემაში ე.წ. „Product Placement“-ის იგივე „პროდუქტის განთავსების“ მომსახურებას შეყიდვა)“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რით ფასდება სარეკლამო დრო და ვინ ითვლის ტელევიზიების რეიტინგებს.
„როგორც წესი, იმის გადასაწყვეტად თუ რომელ ტელევიზიაში განათავსოს რეკლამა რეკლამის დამკვეთებისათვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სატელევიზიო რეიტინგების, ანუ ტელევიზიების აუდიტორიის განსაზღვრაა (სარეკლამო ბიზნესში - „საერთო ვალუტას“ უწოდებენ). რაც უფრო რეიტინგულია არხი ან/და გადაცემა, ანუ რაც უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს მას, მით უფრო მეტია მასში რეკლამის განთავსების ინტერესიც. ამდენად, სარეკლამო დროის სარფიანად გაყიდვის მიზნით, ტელევიზიები როგორც მთლიანად არხის, ისე მათი ცალკეული გადაცემების რეიტინგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სატელევიზიო აუდიტორიის მთვლელ კომპანიებთან თანამშრომლობენ და ამ მომსახურებაში სოლიდურ თანხებს იხდიან. ბრიტანული სანქციების გათვალისწინებით, წესით, „იმედსა“ და „პოსტვის“ ამგვარი მომსახურების მიღება უნდა შეზუდვოდათ, რადგანაც მათ საბანკო ანგარიშები დაებლოკათ და რეიტინგების მთვლელ კომპანიებს მათთან ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა უნდა გაეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მეორადი სანქციების სამიზნეები აღმოჩნდებოდნენ“.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ ზომავს რეიტინგებს, საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ორი საერთაშორისო კომპანიის Nielsen-ისა და Fifty5Blue-ის (2026 წლის თებერვლის ბოლომდე Kantar Media-ს სახელით ოპერირებდა) ოფიციალური ლიცენზირებული წარმომადგენლობები: TV MR საქართველო და Tri Media Intelligence - ზომავენ.
„როგორც წესი, ამ ორი რეიტინგების მზომავი კომპანიის მომაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა და მათდამი ტელევიზიების ნდობაც განსხვავებულია. მაგალითად, TV MR საქართველოსთან კრიტიკულ მაუწყებლები („ტელეკომპანია პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“) თანამშრომლობენ, ხოლო Tri Media Intelligence-თან პროსამთავრობო ტელევიზიები („რუსთავი 2“, „მაესტრო“, „GDS“). სიაში არ არიან, „იმედი“ და „პოსტვ“, თუმცა Tri Media Intelligence-ის კლიენტების სიაშია „პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც 2026 წლის 16 ოქტომბრამდე, „იმედის“ მფლობელი კომპანიის, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა. „პრაიმ მედია გლობალი“ სატელევიზიო რეკლამის გამყიდველი ე.წ. შუამავალი კომპანიაა და ტელევიზიებში რეკლამის განთავსების მსურველებს სწორედ პროსამთავრობო ტელეკომპანიების - მათ შორის, „იმედისა“ და „პოსტვის“ - სარეკლამო დროს სთავაზობს. ამდენად, სავარაუდოა, რომ, სწორედ მისი გავლით უნდა ხდებოდეს სანქცირებული ტელევიზიებისთვის სარეიტინგო მომსახურების გაწევაც და ამ გზით მათთვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება.
ამასთან, Tri Media Intelligence-ის 100%-იანი წილის მფლობელს, მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია „გორბის“ 70%-იანი წილიც (საჯარო რეესტრის აპრილის მონაცემებით, სუბიექტის წარმოება დროებით შეჩერებულია), რომლის მიერ „იმედის“ დაკვეთით“ ჩატარებული გამოკითხვები და ეგზიტპოლები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი „ოცნების“ ხელისუფლებისადმი მიკერძოების თვალსაზრისით. ამდენად, კითხვის ნიშნები ისმის Tri Media Intelligence-ის მიერ დათვლილ რეიტინგებთან მიმართებითაც, პროსახელისუფლებო ტელევიზიების სასარგებლოდ“.
„“პრაიმ მედია გლობალი“ და Fifty5Blue (Kantar Media) როგორც სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი?“ - ამ საკითხს TI-ის კვლევაში ცალკე თავი ეთმობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წერს, რომ სანქცირებული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებზე დაკვირვება აჩენს კითხვებს, „თუ რა ფორმითა და გზებით ახერხებენ ისინი შემოსავლების მიღებას, იმ ფონზე, როდესაც დიდი ალბათობით, სანქციების დაწესებისთანავე, მათ ქართულ საბანკო სისტემაში ანგარიშები უნდა გაყინვოდათ და კომერციულ ბანკებს მათთვის ყველა საბანკო მომსახურება უნდა შეეწყვიტათ.
ეს რომ ასეც მოხდა, ამას მოწმობს თავად ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს - „იმედის ბანკს“ დააარსებდნენ, რომელიც მათ მოემსახურებოდათ. ამ დრომდე, არც დაანონსებული ბანკი შექმნილა და არსებული ცნობებით, სანქცირებული ტელევიზიების თანამშრომლები ხელფასს დღემდე ნაღდი ფულით, ხელზე იღებენ.
ამდენად, არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ სანქცირებულმა ტელევიზიებმა ფინანსების მიღების ალტერნატიული გზები მონახეს. ამ სქემაში დიდი ალბათობით წამყვან როლს რეკლამების გაყიდვების სახლი „პრაიმ მედია გლობალი“ უნდა თამაშობდეს, რომელიც 2026 წლის 16 ოქტომბრამდე, სანქცირებული „იმედის“ 100-იანი წილის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა და პარალელურად, ტელევიზიაში რეკლამის განთავსების მსურველებს პროსამთავრობო ტელეკომპანიების - „იმედის“, „GDS-ის“, „რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“ და „პოსტვის“ სარეკლამო დროს სთავაზობს. ამ კონტექსტში საგულისხმოა ბრიტანეთში ბაზირებული Fifty5Blue-ის (ყოფილი Kantar Media) ლიცენზიის მქონე Tri Media Intelligence-ის როლიც, რომელიც რეიტინგების ნაწილში სწორედ „პრაიმ მედია გლობალთან“ თანამშრომლობს“.
ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ არხის მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალს“ და „იმედის“ 5 თანამშრომელს სიმბოლურ ფასად სანქცირებამდე ცოტა ხნით ადრე გადასცა. „წილების მსგავსმა გადანაწილებამ მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ ამგვარი კონფიგურაცია, შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად ყოფილიყო გამოყენებული, განსაკუთრებით სწორედ რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კუთხით“.
16 ოქტომბერს, „პრაიმ მედია გლობალმა“ „იმედის“ მფლობელი კომპანიის კუთვნილი 50%-იანი წილი ასევე სიმბოლურ ფასად, ჯამში 500 ლარად, „იმედის“ თანამშრომლებს მიჰყიდა. სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად გაყიდეს 10%-10%-იანი წილებიც ნათია სონღლაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა.
ამ ცვლილებების შედეგად, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ ახლა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი თანაბრად ფლობს: ირაკლი ჩიხლაძე (25%); მარიამ ლომიძე (25%); მაია ჩიგოშვილი (25%); მაგდა (მაგდალინა) ანიკაშვილი (25%).
სიმბოლურ ფასად, 1 000 ლარად გაყიდა სანქცირებული „პოსტვ“-ის 52%-იანი წილიც „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას -
„როგორ ფინანსდებიან ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედი“ და „პოსტვ“
რეკლამით?“ ვრცლად იხილავთ შემდეგ
ლინკზე.
(ფოტო: screenshot-ი
სერიალიდან)
2011 წელს დაწყებული „ჩემი ცოლის დაქალები“ წლების განმავლობაში
ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად
იქცა. თავდაპირველად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, მოგვიანებით კი
„ფორმულას“ ეთერში გასულმა პროექტმა 12 წლის განმავლობაში მაყურებელს
19 სეზონი შესთავაზა.
სამწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი მეოცე სეზონით ბრუნდება და სავარაუდოდ, ამბავიც იქიდან გაგრძელდება, რითაც მე-19 სეზონის ბოლო სერია დასრულდა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სერიალის მე-19 სეზონში ერთ-ერთი მთავარი ხაზი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება იყო. მთავარი კონკურენტები კი მმართველი გუნდის კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი სულიკო დარდიანიძე და ახალგაზრდა, ენერგიული, სახალხო კანდიდატი დოდო მებუკე იყვნენ. უკანასკნელი სეზონის ბოლო, 56-ე სერია იმ სიტყვებით სრულდება, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე კითხულობს: „გაგაცნობთ საქართველოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს. მაშ ასე, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა…“ ვინ გახდა საქართველოს პრეზიდენტი ამას, სავარაუდოდ, მე-20 სეზონის პირველივე სერიაში გავიგებთ.
„ჩემი ცოლის დაქალების“ დაბრუნების შესახებ ცნობას
სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და მაყურებლის განსაკუთრებული
სიხარული მოჰყვა. „მედიაჩეკერი“ სერიალის სცენარისტს, ქეთი დევდარიანს
ესაუბრა.
პირველ რიგში, როგორ ფიქრობ, რა არის იმის მიზეზი, რომ ამბავს „ჩცდ“-ს დაბრუნებაზე ასეთი გამოხმაურება მოჰყვა?
- 12 წლის განმავლობაში ეს სერიალი ხალხისთვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ბევრ გმირთან მაყურებელი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, პრობლემებს, ტკივილსა და სიხარულს აიდენტიფიცირებდა. ამან კი მიჩვევა და მონატრება იცის, ამიტომ ახლა ახალ სეზონს მოუთმენლად ელის ის, ვინც სულ უყურებდა და ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ გამეორებითაც რამდენჯერმე ნახეს. ჩვენ კი ასეთი რეაქცია სტიმულს და ძალას გვაძლევს. როცა მასპროდუქტი დისკუსიას იწვევს, ეს თავისთავად წარმატების ნიშანია. ასე რომ ერთგულ მაყურებლებსაც და ჰეითერებსაც ველით მალე ისევ ეკრანთან.
რა სიახლეს უნდა ელოდოს მაყურებელი, რა ტიპის ახალი დრამატურგიული ხაზები განვითარდება პოლიტიკური, სოციალური თუ უფრო, ვთქვათ, სასიყვარულო?
- იქნება პოლიტიკაც, სოციალური თემებიც და სიყვარულის გარეშე სერიალი კი არა, მზე არ მზეობს ცის კამარაზე. ჩვენი გმირები წამოიზარდნენ და ჯენზური სიყვარულის სპეციფიკაში გარკვევა მიწევს ახლა.
რომელ გმირებს ვეღარ ვნახავთ და რატომ?
- ძველი გმირებიდან ბევრი გაქრა ყოფითი და არაყოფითი მიზეზების გამო. ბევრი მსახიობი წავიდა სხვა არხზე სამუშაოდ, ბევრმა პერსონაჟმა თავი ამოწურა სერიალში, ზოგს სამსახური აღარ უწყობს ხელს, რომ იმსახიობოს, მაგალითად, ბაქარ ორჯონიკიძის პერსონაჟი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს.
ძირითადი ხაზის პერსონაჟები რჩებიან და აგრძელებენ ცხოვრებას იმ წერტილიდან, რომელშიც 3 წლის წინ გავჩერდით. ახალი პერსონაჟებიც იქნებიან და რაც მთავარია, ძალიან ვეცდებით, ვაჩვენოთ უკვე სხვა რაკურსიდან დანახული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეგზისტენციალური გამოწვევები.
როდის და როგორ გახდა „ჩცდ“ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სერიალი?
- პირველი სამი სეზონის მერე გავაფართოვეთ პერსონაჟების წრე და შემოვიყვანეთ პოლიტიკოსები, სხვა უბნები, სხვა პროფესიები და სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს მეტი დრო დავუთმეთ, რადგან მივხვდით, რომ ერთი ოჯახის ცხოვრება მოსაწყენი ხდებოდა.
არ მინდა თავხედურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ნებისმიერი კომერციული პროექტი ავტორისთვის მხოლოდ ხელფასი და სანახაობა არ უნდა იყოს. თუ იმაზე არ წერ და იმას არ იღებ, რაც გაწუხებს, გიყვარს, გტკივა და გიხარია, მაყურებელიც მხოლოდ გაერთობა და დაგივიწყებს გუშინ ნაჭამი ფუნთუშასავით.
ფიქრობ, რომ ოდესღაც ეს სერიალი, როგორც 2010-2020-იანი წლების პოპ-კულტურა, მკვლევრებისთვის ამ პერიოდის შესწავლის საშუალებად იქცევა?
- ამის თქმა რთულია, თუმცა, ფიქცია ხშირად დამატებით ინფორმაციას იძლევა ეპოქაზე, ისტორიასთან და სოციალურ კვლევებთან ერთად. იმედი მაქვს, „ჩცდ“ 21-ე საუკუნის ათიანი წლების საქართველოზე მეტ-ნაკლებად მსუყე წარმოდგენას შეუქმნის მათ, ვინც მომავალში ამ წლებით დაინტერესდება.
ხშირად ამბობენ, რომ „ჩცდ“ პირველ რიგში, სოციალური პროექტია. ეთანხმები ამ მოსაზრებას?
- ალბათ, იმის გამო, რომ ხშირად ეხმაურება დღევანდელი საქართველოს სოციალურ ცხოვრებას და ხშირად იყო ეპიზოდები, რომლებიც მერე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც რეალიზდა, სამწუხაროდ, მაგალითად, გინების აკრძალვა, პოლიციის თავგასულობა, უცნაური პრივილეგიები, გროტესკამდე მისული აბსურდი და სხვ.
სერიალში რამდენიმე ხაზი ვითარდება, შენთვის, როგორც მისი ავტორისთვის, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
- ყველა სეზონში სხვადასხვა ხაზი მიყვარდა, ბოლო სეზონში ჯეკოს ხაზი (მისი ტყუილად დაპატიმრება და მერე ნაფიცი მსაჯულებით გათავისუფლება) იყო საყვარელი. ბაქარის აღზევების ხაზიც მიყვარდა, ოჯახური დრამებიც…
როგორ ფიქრობ, შენი ცნობილი პერსონაჟები, ე.წ. ბაბულიკები, რომლებსაც შენ, ასე ვთქვათ, აშაყირებდი, რატომ გახდნენ ახალგაზრდებისთვის მოსაწონი გმირები?
- ეს არის, ალბათ, ყველაზე ხშირად მიღებული საყვედური, რამდენიმე მიზეზის გამო. მარტო „ჩცდ“-ს პრობლემა არ არის მოძველბიჭო პერსონაჟების რომანტიზება მაყურებლის მიერ. ალბათ, მეტი ცუდი მხარე უნდა მეჩვენებინა, რომ ამ ბიჭების პოპულარობა გამეზავებინა, მაგრამ რთულია, როცა მთელი ჩვენი თაობაც, წინაც და მომდევნოც, სწორედ ასეთ ბიჭებზე იყო ხოლმე შეყვარებული. თუმცა, ჩემს ბაბულიკებს სამაგიეროდ მაპის მიღება უხარიათ.
მაყურებელი სერიალში წინასწარმეტყველურ ნიშნებსაც ხედავს. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს?
- კაცობრიობის გამოცდილებამ და ჩემმა დაინტერესებამ ქცევის მოდელებით და აბსურდის ისტორიით. წინასწარმეტყველება სულ არ უნდა ხოლმე იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და მოხდება.
დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, როგორ და საიდან გაჩნდა ამ სერიალის გადაღების იდეა?
- 2010 წლიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ არ გვქონდა ქართული სერიალი ქალებზე, ქართულ პრობლემებსა და ქართულ ტენდენციებზე. დავწერე პილოტი, გადავიღეთ და მაშინდელი „რუსთავი 2“ დაგვთანხმდა, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში გაეშვა.
სერიალის სათაური გიორგი ლიფონავამ მოიფიქრა. საკმაოდ საინტერესო საკვლევი იყო, როგორ გამოყურებიან საშუალო სტატისტიკური კაცის თვალით დანახული ქალები და სინამდვილეში, როგორები არიან ისინი, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი ხედვა. გარდა ამისა, საქართველოში, როცა კაცს ცოლი მოჰყავს, იცის, ან მერე ხვდება, რამდენად დიდ როლს თამაშობენ მეგობრები ოჯახის არქიტექტურაში.
მაშინ „რუსთავი 2“ -ის გასართობი მიმართულების პროდიუსერმა შემოგვთავაზა Sex and the city -ის ადაპტაცია გაგვეკეთებინა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ასე მგონია, რომ „ჩცდ“ უნდა ყოფილიყო ქართული და მხოლოდ ქართული. ქართული და ამერიკული პრობლემები და ურთიერთობები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენადაც საქართველო და ამერიკა.
ახალი ქართული ტელესერიალები თუ გინახავს, თუნდაც რამდენიმე სერია, და როგორ ფიქრობ, რა განასხვავებს მათ „ჩცდ“-სგან?
- ახალი ქართული სერიალებიდან რამდენიმე მინახავს და ალბათ, ის განასხვავებს, რომ იქაური სამყარო ნაკლებად მწვავე და გროტესკულია, ვიდრე „ჩცდ“-ს სამყარო, რომელიც ხშირად რეალობას ემთხვევა.
დაბოლოს, რას ნიშნავს ტელეკომპანია „ფორმულასთვის” სერიალის ამ არხზე დაბრუნება?
- „ფორმულასთვის“ ეს არის სტიმული და ამდენი პოლიტიკის ფონზე ცოტა ამოსუნთქვა სერიალით. ტელევიზიას ძალიან მძიმე პერიოდი აქვს, დღეს არხი იქ მომუშავე ადამიანების ენთუზიაზმზე, საკუთარი პროფესიისა და ამ ქვეყნის სიყვარულზე დგას.
სერიალის დაბრუნება არხისთვის იმ გასართობი სეგმენტის დაბრუნებას ნიშნავს, რომელიც ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდება. მისმა დაბრუნებამ ჩვენი თანამშრომლებიც გაახალისა, რადგან ნოსტალგია „ფორმულაშიც“ ყველას აქვს.
იმედი მაქვს, გავამართლებთ, ყველა მოლოდინს, რომელიც
მაყურებელს აქვს. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრჯერ მომიწია
კითხვებზე - „როდის ბრუნდებით“ და „ვინ გაიმარჯვა“ მეპასუხა, რომ არ
ვიცი, მაგრამ ახლა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დეკემბერში
დავბრუნდებით ეკრანზე.
საქართველოს უნივერსიტეტის „საგამოძიებო მედია ლაბი“ (IML) სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსს მართავს. მასში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 4 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
ორგანიზატორების ცნობით, იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ის წერილობით, ინგლისურ ენაზე უნდა მომზადდეს და არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას.
IML-ი კონკურსანტებს სთავაზობს სასურველ თემატურ
მიმართულებებსაც, რომლებიც სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო:
• ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე
წყლები, ეროზია და ეკოსისტემები.
• თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები,
ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის
უსაფრთხოება.
• კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა -
წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და
ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.
„საგამოძიებო მედია ლაბი“ შესული განაცხადებიდან 9 საუკეთესო იდეას შეარჩევს, რომლებსაც ფინალისტები მენტორებთან ერთად დაამუშავებენ და Open Black Sea 2026-ზე, შავი ზღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან და მიიღებენ 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის.
Emerging Voices - საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე 9-10 ოქტომბერს გაიმართება. ეს ფესტივალი შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციასაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ.
Open Black Sea 2026-ის მთავარი თემაა: From Crisis to
Solutions - An Investigative Path to Survival and
Renewal.