„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული,
უწყვეტი პროტესტის 2-წლიან პერიოდში, დამოუკიდებელი, კრიტიკული
მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის,
თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ
საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათგან
200-მდე კი მხოლოდ მიმდინარე წელს მოხდა.
„მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის ორი წელი დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისთვის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა. მასობრივი დევნა, დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებზე, დაკავება, დაჯარიმება და ფინანსური წნეხი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში დარჩა ხმად, რომელიც ვერ გააჩუმეს“.
როგორც TI აღნიშნავს, ორგანიზაციამ ამ კვლევისთვის ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებიდან დეტალური ანალიზისთვის „სახელმწიფო ინსტიტუციებისა და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევები გამოყო, რაც მიმდინარე წელს თვალსაჩინო ტენდენციად ჩამოყალიბდა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროების ერთ-ერთ მთავარ იარაღადაც იქცა“. ამ მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევისთვის გამოყო 3 ძირითადი კატეგორია: სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ; პარლამენტი, სადაც კრიტიკული კითხვების დასმა ისჯება და კომუნიკაციების კომისია, როგორც „ქართული ოცნების“ ცენზორი.
„თითოეული კატეგორია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს აერთიანებს. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის დანაშაულები ერთიან რაოდენობრივ სტატისტიკაშია თავმოყრილი. აგრეთვე, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი შემთხვევების ანალიზი 1 მაისს გამოქვეყნებულ ბლოგშია თავმოყრილი“.
სასამართლო და
სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის
წინააღმდეგ
„“ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული პირები
აგრძელებენ სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის ჟურნალისტების
წინააღმდეგ აქტიურად გამოყენებას, რაც მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP
(სტრატეგიული სარჩელები საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ) სასამართლო
დავების დაწყებაში, დაჯარიმებასა და დაპატიმრებაში გამოიხატება.
- 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „ტელეკომპანია პირველის“ წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს.
- 30 მაისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ინტერნეტგამოცემა „ახალი კავკასიის“ ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. ჩიხლაძის სასამართლო სხდომები დახურულია, ამდენად საზოგადოებას არ აქვს პროცესისა და ჟურნალისტის მიმართ წარდგენილი ბრალის პროპორციულობის შესახებ ჯეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. თავად ჟურნალისტი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, საქმეს აბსურდულს უწოდებს და მოითხოვს, რომ მის საქმეს საიდუმლო გრიფი მოხსნან. ამასთან, მისი ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ჯაშუშობის ბრალდება არ დასტურდება.
- 16 ივნისს, პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერის, რეჟისორ გოგა (გიორგი) ხაინდრავას მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოიძიება ცრუ დასმენის ფაქტზე დაიწყო. საქმე ფორმულას ეთერში 2026 წლის იანვარსა და გასული წლის დეკემბერში ეთერში გასულ სიუჟეტებს შეეხება, რომლებიც კორუფციულ სქემაში ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობას ეხებოდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას სასამართლოსთვის ადმინისტრაციული წესით უკვე მიმართული ჰქონდა და მაუწყებლისგან გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვდა. საქმის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოში „ფორმულას“ 2 ჟურნალისტი და ოპერატორი გამოკითხეს.
- 10 ივლისს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და წამყვანი ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს. 22 ივლისს მას იმავე საბაბით ჯერ 14-დღიანი, 19 ოქტომბერს კი - 1-თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
- 5 აგვისტოს, დააკავეს საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზესი, რომელიც აქტიურად აშუქებდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და ქვეყანაში ყოფნის ვადები ჰქონდა დარღვეული. 6 აგვისტოს, მან ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. მანამდე იგი მის მიმართ მუქარაზე საუბრობდა.
- 17 აგვისტოს, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებობის საბაბით დააკავეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი, კობა ფარტენაძე. იგი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
- 22 ოქტომბერს, საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
- 27 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და ჟურნალისტი, თორნიკე რაზმაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა.
- 3 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ უჩივლა. საქმე მის ე.წ. თაღლითურ „ქოლ ცენტრებთან“ შესაძლო კავშირის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს ეხება. ბერა ივანიშვილი მაუწყებლებისგან მის მიმართ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
- 17 ნოემბერს, ე.წ. თაღლითური „ქოლ ცენტრების“ საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გაზეთ „ქრონიკა+-ის“ დამფუძნებელსა და რედაქტორს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს. მისი სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაინტერესებულ აქტორებს - მაგალითად, ჟურნალისტებს - მისი მონიტორინგისა და საკითხის ირგვლივ საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირების შესაძლებლობა არ მისცემიათ. ამდენად, რთულია იმაზე მსჯელობა რამდენად დასაბუთებული იყო მის მიმართ წაყენებული ბრალი და ეფუძნებოდა თუ არა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. თავად მსჯავრდებული მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს“.
პარლამენტი,
სადაც კრიტიკული კითხვების დასმა ისჯება
როგორც TI წერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი გაამკაცრა, საკანონმდებლო ორგანო ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მიუღებელი კითხვების დასმის გამო აკრედიტაციებს სხვადასხვა დროით, მათ შორის, 1 წლით უჩერებენ.
„პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის დრაკონული წესი, რომელსაც „ოცნების“ წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იყენებენ და ჟურნალისტებს კრიტიკული კითხვების გამო სჯიან, მნიშვნელოვნად ართულებს დამოუკიდებელი მედიის მუშაობას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. აქვე ხაზგასასმელია, „ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ დამოუკიდებელ მედიასთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, მეორე მხრივ კი - კომუნიკაციების კომისია მათგან ბალანსის პრინციპის დაცვას მოითხოვს.
მხოლოდ მიმდინარე წელს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერეს, ვადაზე ადრე გაუუქმეს ან/და ერთჯერად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს კრიტიკული მედიის სულ მცირე 20-მდე წარმომადგენელს. 2026 წლის ივლისის ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა იმაზე, თუ როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის. ანგარიშში ამგვარი შემთხვევების ძირითადი ნაწილია თავმოყრილი და დეტალურად გაანალიზებული. მას შემდეგ, ნოემბრის თვეში, ანონიმური დეპუტატის საჩივრის საფუძველზე საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს. 17 ნოემბერს, საპარლამენტო აკრედიტაცია ასევე 1 თვით შეუჩერეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გამომძიებელ ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიას.
მანამდე, აგვისტოს თვეში, საგამოძიებო სტუდია
„მონიტორმა“ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, „მონიტორის“ ჟურნალისტებს
ერთჯერად საპარლამენტო აკრედიტაციაზე უარი 4-ჯერ
უთხრეს“.
მაუწყებლებისთვის
აკრძალული სიტყვები და ფრაზები - კომუნიკაციების კომისია, როგორც
„ქართული ოცნების“ ცენზორი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ 2026 წელი თვალსაჩინო იყო კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიის გააქტიურების თვალსაზრისითაც.
„თებერვალში, ბრიტანეთის მიერ ორი პროპაგანდისტული, პროსამთავრობო მაუწყებლის - „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ ცენზორის როლი მოირგო და მიმდინარე წელს, კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ჯამში 7 მოხსენებითი ბარათი შეადგინა, რომელთა საფუძველზეც ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამო ჯერ სიტყვიერად, შემდეგ თითოეული 2 500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი - 5 000 ლარით დააჯარიმა. უკვე 1 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ 10 000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო (მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს).
მართალია, კომისიამ მონიტორინგის ფარგლებში პროსამთავრობო არხებიც - „იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“ - მოაქცია და სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ თითოეული უკვე 2 500 ლარითაც დააჯარიმა, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება“.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ანგარიშში განხილული შემთხვევების
მიუხედავად, „რომელთაც თან სდევს სისტემური სიტყვიერი და ფიზიკური
თავდასხმები ჟურნალისტებზე, ტროლებისა და ბოტების გამოყენებით მათ
წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო კამპანია თუ კიბერთავდასხმები,
რომელთა მიზანიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ქვეყანაში
თავისუფალი სიტყვის საბოლოო გაქრობაა, ქართული დამოუკიდებელი,
კრიტიკული მედია მკაფიოდ აჩვენებს, რომ ის არ აპირებს გაჩუმებას და
განაგრძობს თავისი უპირველესი მოვალეობის შესრულებას - საზოგადოების
ჯეროვან ინფორმირებას“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას
უცხადებს მედიის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ბოლო წლების
განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმის თავდასხმისა თუ
შევიწროების მსხვერპლი აღმოჩნდა და მადლობას უხდის მათ ქვეყნისთვის ამ
კრიტიკულ მომენტში პროფესიული ღირსების შენარჩუნებისა და
ერთგულებისთვის.

