08.03.2023
კატეგორია - ინტერვიუ
მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა
შეწყვიტა.კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და "დილის შოუ" და "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიჰყავდა.
ამ ინტერვიუში გვესაუბრება იმაზე,
- რა პრობლემებს ხედავს არხის ღიად გაცხადებულ პროსამთავრობო საინფორმაციო პოლიტიკაში,
- და, დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, რა რისკებს ქმნის "იმედის" პოზიციები ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის საგარეო კურსისთვის.
კახა კინწურაშვილი გასულ, 7 მარტის ღამესაც იმყოფებოდა რუსული შინაარსის კანონპროექტების საწინააღმდეგოდ გამართულ სამოქალაქო პროტესტზე, რომელიც მთავრობამ, სპეცრაზმის დახმარებით, წყლის ჭავლითა და წიწაკის სპრეის გამოიყენებით დაშალა.
მედიაჩეკერი: რა საფრთხეებს ხედავთ კანონპროექტებში "უცხო აგენტების შესახებ"? რამ გიბიძგათ, გასულიყავით აქციაზე?
კახა კინწურაშვილი: ჩემთვის მიუღებელია პროცესები, რაც ერთი მხრივ, თან ახლავს ამ კანონპროექტების დამტკიცებას, და მეორე მხრივ, ის, რა საფრთხეების წინაშეც გვაყენებს ამ კანონპროექტების შინაარსი. მიუღებელია, რომ რეალურად, დღეს, სახელმწიფო უხვევს დასავლურ კურსს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის არჩევანს. და ის, რომ ეს რუსული კანონია, ჩანს არამხოლოდ შინაარსში, არამედ იმ გამოცდილებაშიც, რაც რუსეთის მაგალითის სახით გვაქვს და ამის არდანახვა უბრალოდ, თვალში ნაცრის შეყრაა.
ისიც, რაც გუშინ გააკეთა ხელისუფლებამ, რუსულია. ზუსტად ეს არის პრობლემა: მენტალობასა და სამყაროს, რეალობის აღქმაში. როგორც ექცევა ხელისუფლება ჩვენს თანამოქალაქეებს, ზუსტად ეს არის რუსული მიმართება, რისგანაც, ამდენი წელია, იტანჯება ქვეყანა. გასულ 1 საუკუნეს რომ თავი დავანებოთ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, რუსეთისგან და მისი ინტერესებისგან ვიტანჯებით. მთელი ეს წლები, ყველა თაობის ადამიანებისგან გვესმოდა, დადგება დრო, როდესაც ჩამოვყალიბდებით თავისუფალ საზოგადოებად და სახელმწიფოდო, და ამისკენ ძალიან ბევრი ნაბიჯიც გადაიდგა — ამას შეეწირა ადამიანების სიცოცხლე აფხაზეთში, 2008 წლის ომში და მანამდეც. ამ ყველაფრის უარყოფა და განულება არის საზოგადოებისა და ქვეყნის ღალატი და სწორედ ეს ხდება დღეს და ეს ჩანს ხელისუფლების უკვე ღია განაცხადში.
არ შეიძლება, უპირისპირდებოდე მეგობრულ სახელმწიფოებს, რომელთა თანადგომით დღემდე მოვედით და თუ რაიმე სახის სიმშვიდე და წინსვლა არსებობს ამ ქვეყანაში, მათი თანადგომის უდიდესი დამსახურებაა. უპირისპირდებოდე შენს მოქალაქეებს და თან, თამაშში შედიოდე იმ ქვეყანასთან, რომელმაც გაანადგურა შენი სახელმწიფო და საზოგადოება, რუსული საქმეა.
მედიაჩეკერი: თქვენ, როგორც ტელეწამყვანს, კინოსა და თეატრის მსახიობს, ავტორიტეტი და რეპუტაცია გაქვთ. მინდა, თქვენს მაყურებელს თქვენი პერსპექტივიდან აუხსნათ, რატომ დააზიანებს ხელისუფლების მხარდაჭერილი კანონპროექტები დემოკრატიის განვითარების პროცესს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ვხედავთ, რომ პროპაგანდა ცდილობს, საწინააღმდეგოში დაარწმუნოს მოქალაქეები.
კახა კინწურაშვილი: პროპაგანდა, ცხადია, ამას ცდილობს. ადამიანებმა იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც ასოცირდებიან ხელისუფლებასთან, ვინც ქმნიან საინფორმაციო პოლიტიკას, ალბათ უკვე ძალიან შეტოპეს. არ ვიცი რის გამო, რის საფასურად აკეთებენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლომდე მიუყვებიან ამას, ბოლომდე არიან ამაში ჩართულები. დღეს, არ შეიძლება, საღი აზრის ადამიანმა იმ პოლიტიკას დაუჭიროს მხარი, რა პოლიტიკაც "ქართულ ოცნებას" უკვე ღიად აქვს გაცხადებული საზოგადოების წინააღმდეგ.
რაც შეეხება კანონპროექტებს, ყველას შეუძლია საკუთარი თვალით გადაიკითხოს და თავადვე გაიაზროს, რა წერია ამერიკულში და რა — რუსულსა და უნგრულ ვერსიებში. ამის ანალიზისას კი მარტივია დაინახო, რეალურად, რა უნდა ხელისუფლებას და პერსპექტივაში, რა შეიძლება ამან მოიტანოს.
ეს კანონი მიზნად ისახავს, გააჩუმოს თავისუფალი ხმა და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია ამ ქვეყანაში და ბევრ საზოგადოებრივ სიკეთეს ქმნის. გარდაუვალია პერსპექტივა, რომ ეს ხალხი გაჩუმდეს, აღარ ჰქონდეთ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა და სურვილიც კი. აი, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგება ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქამდე, სამოქალაქო საზოგადოება ახერხებდა ნაბიჯ-ნაბიჯ წასულიყო წინ და ახლა, რეალურად, ამ ყველაფრის მოსპობა ხდება.
მედიაჩეკერი: საუბრობთ, რამდენად დიდი როლი აქვს ამ პროცესში პროპაგანდას. არხზე, რომელიც დატოვეთ, ადამიანებში, ვინც ამის ნაწილია, თუ ხედავთ წინააღმდეგობის გაწევის განცდასა და სურვილს?
კახა კინწურაშვილი: სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ხდება ასეც. მე "იმედიდან" რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით.
მე ვერ ვისაუბრებ სხვებზე, თუმცა, "იმედში" არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მთელი ეს წლებია, ჩემს გვერდით ისხდნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, ვიცი მათი განწყობების შესახებ. მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს.
ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, არასდროს ყოფილა ტელევიზიაში მუშაობა კომფორტული, რაც, კარგად იციან ტელემენეჯერებმაც და პროდიუსერებმაც, უბრალოდ, ამ ქვეყანაში რთულია, ცხოვრობდე მხოლოდ სამსახიობო კარიერით და გჭირდება სხვა გზებიც, მაგრამ მე არასდროს ვეთანხმებოდი "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია.
მე, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, ვდგავარ იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ამას კი არ ეწინააღმდეგება ეს არხი და პირიქით, მხარდამჭერია და მიჰყვება ამ ღალატში ხელისუფლებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მანდ ვერ ვიქნებოდი. მე, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან და სინდისთან.
მედიაჩეკერი: როგორ აუხსენით თქვენი გადაწყვეტილების შესახებ არხს, თქვენს გუნდს, და როგორ აუხსნით თქვენს მაყურებელს, რომელიც ვეღარ გნახავთ შაბათ-კვირას, "დილის შოუში"?
კახა კინწურაშვილი: არხს ვეტყოდი, რომ დღეს, ხალხთან ერთად დგომა და ქვეყნის ინტერესებისთვის დგომა ბევრად მნიშვნელოვანია და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მომავალი, რწმენა, და უნდა ვირწმუნოთ, რომ ამდენი ტანჯვა, რაც გამოიარა თავისუფლებისა და განვითარებისთვის მებრძოლმა ქვეყანამ, გამარჯვებად ღირდა. შესაბამისად, ვინც ამას ბოლომდე არ გაიზიარებს, თავისი გზა აქვს.
რაც შეეხება მაყურებელს, თუ აინტერესებს ჩემი პოზიცია, ის ასეთია: დღეს იმის არგაზიარება, რომ შეიძლება დავკარგოთ მომავალი, არის საკუთარი თავის, შვილების, თანამოქალაქეებისა და ქვეყნის ღალატი.
ვიცი, ალბათ, ამას მოჰყვება სხვანაირი შეფასებები, მათ შორის, დისკრედიტაციის იმ "მანქანით", რომელიც არაერთხელ დამპირისპირებია. ამისთვის მზად ვარ, რადგან, რეალურად, ჩემთვის სასწორზე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები დევს და მე, გაცნობიერებულად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ: ვარ მართალი საკუთარ თავთან და ჩემს შვილებთან. მინდა, მოძრაობას, რომელიც ამ დღეებში დაიწყო, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების თავისუფლება მოჰყვეს.
მინდა ვუთხრა ჩვენი მშობლების თაობას, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული რომ გაუძლო მარცხსაც, გაჭირვებასაც, არაერთ გამოწვევას: თანავუგრძნობ განვლილ სირთულეებს და მაქვს თხოვნა — დადექით თქვენი შვილების გვერდით, მხარი დაუჭირეთ მათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავის გაალახვინოთ თქვენი შვილები, არავის მისცეთ ნება, გამოაყენონ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი.
მე მესმის ადამიანების იმედგაცრუებისაც, ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ან დღეს — ოპოზიციის მიმართ. ასეთია პოლიტიკური რეალობა, რომ არავის შესწევს ძალა, მოსახლეობის რეალურ გულისტკივილს მყარად და სიმართლით ამოუდგეს გვერდში. შეიძლება ჩვენ არ გვყავს ასეთი პოლიტიკოსები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ, მოქალაქეები ვყავართ ერთმანეთს და შეგვიძლია, ბევრი რამ გადავწყვიტოთ, და არ მივცეთ საშუალება პოლიტიკოსებს, დაანგრიონ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი.
საერთო მიზნებისთვის, ყველას ჩვენი საბრძოლველი გვაქვს. ზოგჯერ, საზოგადოება, ერთმანეთს იმაზე მეტს ვთხოვთ, ვიდრე შესაბამისი უნარი და შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ, ჩემი თხოვნაა, ყველამ საკუთარი ბრძოლა მოვიგოთ — თუნდაც, ფართო სურათში პატარად და უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს.