ნინო ბაქრაძე: „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რომ ჟურნალისტიკა ამ ქვეყნიდან ამოშანთოს და გააქროს
18.09.2026
კატეგორია - ინტერვიუ


ნინო ბაქრაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. მისი პროფესიული გზა ქუთაისში, რეგიონულ მედიაში მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა და OCCRP-ის გუნდს შეუერთდა. 2016 წელს კი, „პანამის დოკუმენტებზე მუშაობის შემდეგ, თანაკურსელთან ერთად „აი, ფაქტი“ დააფუძნა.

ბოლო წლებში საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის არსებული მძიმე გარემოს გამო, გამოცემას საქმიანობის გასაგრძელებლად ახალი ფინანსური და ორგანიზაციული მოდელების შექმნა უწევს. ნინო ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, ქართული დამოუკიდებელი მედია ერთი მხრივ, მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა, მეორე მხრივ, თანამშრომლობისა და სოლიდარობის ახალი შესაძლებლობებიც შექმნა. მისთვის, „სინათლე მედია“ სწორედ ამის მაგალითია. როგორია „აი, ფაქტის“ 10 წელი, წაიკითხეთ ნინო ბაქრაძესთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში.   

                                                          
„სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. „აი, ფაქტი“ მისი ერთ-ერთი წევრია. „სინათლე მედიას“ მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის ყოველთვიური გადარიცხვით
                                                          

ნინო, დასაწყისში მოგვიყევი როგორ გაჩნდა იდეა, რომ სწორედ საგამოძიებო მედია დაგეფუძნებინათ?

- სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ვმუშაობდი OCCRP-ში (ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტი), რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელია. 2016 წელს, როდესაც OCCRP-ი „პანამის დოკუმენტებზე“ მასალებს აქვეყნდებდა, მე მასზე საქართველოდან ვმუშაობდი. ამ გამოძიების შემდეგ, ჩვენი საქმიანობის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა. სწორედ მაშინ ვთქვით, ხომ არ შევქმნათ მედია, რომელიც ასეთ დიდ მონაცემებზე იმუშავებს, მონაცემთა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას გააერთიანებს და ახალ პროდუქტებს შექმნის. ასე შევქმენით მე და ჩემმა კურსელმა, ნინო გაგუამ, GIPA -ში ვსწავლობდით ერთად, „აი, ფაქტი“ 2016 წლის ივლისში.

მედიამენეჯმენტის არაფერი გაგვეგებოდა, ჟურნალისტები ვიყავით და გზადაგზა, ხელის ცეცებით, თუმცა სწორი მიმართულებით მივდიოდით. ამ პროცესში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ვისწავლეთ ჟურნალისტიკაც, რადგან უნივერსიტეტში ნასწავლი თეორია მაინც კოჭლობს და პრაქტიკაში კიდევ ბევრი რამის ათვისება გიწევს, სამწუხაროდ, ასეა ჩვენს ქვეყანაში. ვისწავლეთ ადამიანური რესურსების მართვაც და ფინანსებიც.

საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მაშინ ხომ ვერც წარმოვიდგენდით, რომ საქართველო ამ გზას დაადგებოდა და მედიის მიმართ ასეთი ტერორი იქნებოდა, თუმცა, ალბათ, მაინც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდით. „აი, ფაქტისა“ და ამ საქმის გარეშე ჩვენი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

მაშინ, „აი, ფაქტის“ შექმნის ეტაპზე, რა სახის გამოწვევებს წააწყდით?

- მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო ფინანსები. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია. დიდხანს მუშაობ, ბევრი ადამიანია ჩართული, დიდ შრომას მოითხოვს და შედარებით მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ახალ ამბებს. „ქართულ ოცნებას“ კი ჰგონია, რომ ფული თავზე გვეყრებოდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ყოველთვის უზარმაზარ საერთაშორისო კონკურსებში გვიწევდა მონაწილეობის მიღება, სადაც მთელი მსოფლიოდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ორგანიზაციები. წელებზე ფეხი უნდა დაიდგა, რომ კონკურსის პირობები დააკმაყოფილო. გრანტს რომ მოიპოვებ, იმასაც თავისი ბიუროკრატია ახლავს, როგორ ხარჯავ და რას შვრები. ასე რომ, დაფინანსება ყოველთვის დიდი გამოწვევა იყო, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა საგამოძიებო მედიებისთვისაც.

საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას. როცა საგამოძიებო მასალას ვაკეთებთ, ჩვენ არ ვართ აქტივისტები, პოლიტიკოსები ან პროკურატურა. ადამიანებს კი აქვთ მოლოდინი, რომ სტატიის გამოქვეყნებისთანავე ყველაფერი მოგვარდება. ასე არ არის. მე ვაგროვებ ინფორმაციას, ვაანალიზებ და პასუხისმგებელი ვარ ფაქტების სიზუსტეზე, მაგრამ ჩემი მოვალეობა დამნაშავის დაჭერა არ არის, ამას ვერ ვიზამ. 

გარდა ამისა, პრობლემაა იგნორირებაც, თითქოს სირაქლემას პოზაში ყოფნა უყვარს ჩვენს საზოგადოებას. მაგალითად, ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში ვწერდით დემურ სტურუას ამბავზე, ბიჭზე, ვისაც პოლიციელმა თავი მოაკვლევინა. საზოგადოებას სათანადო რეაქცია მაშინვე რომ ჰქონოდა, იქნებ აღარც მომხდარიყო შემდეგ სამარშრუტო ტაქსებსა თუ ციხეებში ხალხის წამება, დაკავებულების ცემა იზოლატორებსა და ქუჩებში. ეს საზოგადოების მოვალეობაა, მე მეტს ვერაფერს ვიზამ, გარდა იმისა, რომ მოვუყვე ხალხს, რა ხდება. თუ საზოგადოება მიხვდება, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ სიმართლე შეიტყოს და იმოქმედოს, სწორი მიდგომა იქნება. ახლა ეს მიდგომა არ გვაქვს და წლებია ვდგავართ პოზიციაში: „ძაღლი ყაფს, ქარავანი მიდის“. რაღაცებს ვიძახით და ვიძახით.

როგორ და რა პირობებში ახერხებს „აი, ფაქტი“ მუშაობას დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე?

- 2023 წელს, როდესაც ეს იდეა და კანონპროექტი პარლამენტში პირველად შეიტანეს, ვგულისხმობ პირველ რუსულ კანონს, მაშინვე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს რუს კოლეგებთან. მაინტერესებდა, მათი გამოცდილება რა იყო და რას გვირჩევდნენ. ყოველთვის მახსოვს მათი სიტყვები, ჩვენი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ამ კანონის მიღებისას ყველა რუსული მედიაორგანიზაცია შესაბამის რეესტრში დარეგისტრირდა და საკუთარი ნებით მიუთითა ვებგვერდზე, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ ემსახურება და „უცხოურ აგენტს“ წარმოადგენდაო. ეს გახლდათ ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან მოგვიანებით პუტინის რეჟიმმა ეს „აღიარება“ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენაო: რაკი თავად მიანიჭეთ საკუთარ თავს „უცხოური აგენტის“ სტატუსი, ესე იგი ხართ კიდეც, რაც სისხლის სამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს და კანონით ისჯებაო. სწორედ ამ მუხლებით დაიწყეს შემდგომში ჟურნალისტების გასამართლება. 

მაშინ გვირჩიეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავრეგისტრირებულიყავით „აგენტების ბაზაში“. მართალია, 2023-ში ეს კანონი უკან გაიწვიეს, მაგრამ 2024-ში რუსული კანონი მაინც მიიღეს. მაშინ გვქონდა მოლოდინი, რომ არჩევნებით რაღაც შეიცვლებოდა და დრამატულად არ ვუყურებდით ამ სიტუაციას. კანონის ვერამოქმედების ფაქტიც გვეხმარებოდა და თავი 2025 წლის გაზაფხულამდე გავიტანეთ, თუმცა შემდეგ ე.წ. FARA და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებიც დაგვაწვიეს. 

მას შემდეგ ათასი რამის მოფიქრება გვიწევს, რომ გადავრჩეთ და გავაგრძელოთ საქმიანობა. ეს მთელი გუნდის დიდ ძალისხმევად ჯდება. ვამზადებთ სანქციების დარღვევების თემატიკაზე მორგებულ „ნიუსლეთერებს“, რომლებიც ყოველთვიურ გამომწერებს მიეწოდებათ. დავიწყეთ საწევრო პროგრამაც მათთვის, ვისაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე გული შესტკივათ, უნდათ, რომ გავაგრძელოთ საქმიანობა ან უბრალოდ აქტიური მოქალაქეა. შევქმენით ე.წ. „ქომუნითი“ (Community). ამ სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისი ჯერ ვერ მოვიფიქრეთ. ეს არის ადამიანების ერთობა, სადაც მიდის მსჯელობა, თემებისა და ინფორმაციის გაზიარება. ეს ქართული მედიისთვის სიახლეა და ჩვენთვისაც საინტერესო პროცესია, რადგან ბევრ რამეს ვსწავლობთ და უფრო ახლოს მივდივართ ჩვენს აუდიტორიასთან.

ასევე, ვმართავთ ფასიან კინოჩვენებებს, გვქონდა ღვინის მცირე ფესტივალი, სადაც ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი მეღვინეები იღებდნენ მონაწილეობას, მოიტანეს თავიანთი ღვინო, გაყიდეს და მიღებული თანხიდან ნაწილი ორგანიზაციას შესწირეს. გვქონდა ტურების მოწყობის ინიციატივაც. ვმართავთ შეხვედრებს რეგიონებშიც.

სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე პატარა ფესტივალი. მცირე შემოსავლის მიღების მიზნით მსგავსი ღონისძიებების რაოდენობა ვფიქრობთ, რომ უფრო და უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს გამოცდილება სხვა მედიებისთვისაც სასარგებლო იქნება, გვექნება რაღაც ცოდნა, რისი გაზიარებაც მათთვის შეგვეძლება.

ნინო, „აი, ფაქტი“ მართალია „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაფუძნდა, თუმცა ჟურნალისტად მანამდეც მუშაობდი. შენთვის როდიდან იწყება „ქართული ოცნების“ დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა და მაგალითად, რა გამოარჩევს მას წინამორბედებისგან?

- „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე ძალიან მუხანათური პოლიტიკა დაიჭირა. დაიწყო მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია მედიის მიმართ. ჟურნალისტებს, თუ გახსოვთ, მიზანმიმართულად ეძახდნენ „ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს“, „მტრებს“, „აგენტებს“... ეს საზოგადოების მეხსიერებაში ილექება, ანუ აჩვევდნენ ადამიანებს იმას, რომ ჟურნალისტი არის მტერი. მტრის ხატს ქმნიდნენ ჩვენგან.

თავიდან ეს დაიწყეს ძალიან ჩუმად, თითქოს ძალიან შეუმჩნეველი იყო, შიგადაშიგ აკეთებდნენ. მერე ცოტა გაამწვავეს და ნელ-ნელა ტემპსა და სიხშირეს მოუმატეს. ბოლოს კი, ეს კანონები რომ შემოიღეს, მისი მიზანი უკვე მთლიანად მედიის გაქრობა იყო და არის. არა ინდივიდუალური მედიის გაქრობა, როგორც მაგალითად, „აი, ფაქტის“ ან „მონიტორის“ დევნა, არამედ მთლიანად დამოუკიდებელი მედიის, როგორც ინსტიტუტის.

ეს არის დიდი განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის. ისინი, შეიძლება, ინდივიდუალურად ვიღაცებს ებრძოდნენ, მაგრამ მთლიან ინსტიტუტს ვერაფერს უშვებოდნენ. ამათ კი ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნეს, რომ მთელს მედიას უქმნიან საფრთხეს. ყველას გვდევნიან, იმის გამო კი არა, რომ მე ეს სტატია დავწერე ან ის გამოძიება გავაკეთე, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები ვართ და მედიას წარმოვადგენთ.

შენი აზრით, რამდენად კარგად უმკლავდება დამოუკიდებელი მედია ამ განსაცდელს?

- თუ ჩვენს ვითარებას რუსეთის, ბელარუსის ან აზერბაიჯანის მედიაგარემოს შევადარებთ, ვიტყოდი, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია ამ ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდება. მაგალითად, ერთხელ შეხვედრა გვქონდა „მედუზას“ ჟურნალისტებთან [ემიგრაციაში მომუშავე რუსულენოვანი დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც რუსეთში „უცხოურ აგენტად“ და „არასასურველ ორგანიზაციადაა“ გამოცხადებული] და რედაქტორმა გვითხრა, რომ ჩვენთან ეს კანონები რომ შემოვიდა, ყველა მედიამ ისე გააგრძელა საქმიანობა, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა არ ჰქონდათ, რაც ჩვენი შეცდომა იყოო. ქართული მედია კი ერთ პოზიციაზე დგას და ეს ძალზე მნიშვნელოვანიაო. ეს შეხვედრა ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში შედგა, როცა „სინათლე მედია“ ჩანასახში იყო და ჯერ კამპანია დაწყებულიც არ გვქონდა. მან მაშინაც კი თქვა, ერთიანობაზე რომ ფიქრობთ, ესეც კი უკვე დიდი მიღწევააო. მას მერე „სინათლე მედიას“ ფარგლებში იმდენი რამე გამოვიარეთ, იმდენი რამ გაკეთდა, სოლიდარობის იმდენი მაგალითი ვნახეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მხარდაჭერა, რასაც მედიები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ და ის სულისკვეთება, რაც ამ გაერთიანებაშია, არის დიდი მოტივაცია, რომ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. ის, რომ „აი, ფაქტი“ დღეს ისევ საქართველოშია და არსად წასულა, მიუხედავად არაერთი თავდასხმისა „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი გამოცემის მიმართ, მაინც იმის დამსახურებაა, რომ ეს ერთობა შედგა.

ჩვენი გაერთიანება ძალზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია არა მარტო დღეს, ამ კრიზისულ სიტუაციაში საბრძოლველად, არამედ სამომავლოდაც. მუდმივად ამ კრიზისში ხომ ვერ ვიქნებით, ოდესღაც გაივლის და ეს ერთობა დარჩება ძალად, რაც სხვა ფორმაში გადაიზრდება და უფრო ორგანიზებულ სისტემად ჩამოყალიბდება.

რატომ არის დღეს „აი, ფაქტის“ არსებობა მნიშვნელოვანი? მაგალითად, რას ვერ გაიგებდა საზოგადოება, ეს პლატფორმა რომ არ არსებობდეს? 

- ცოტა შორიდან დავიწყებ და მკითხველს მოვუყვები, როგორ ვმუშაობთ. ხალხს ესმის და იცის, რომ დიდი ხანია პროპაგანდა მუშაობს იმის დასაჯერებლად, თითქოს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს და ჟურნალისტები აუცილებლად რომელიმე მხარეს მიეკუთვნებიან. მე საჯაროდ, ყოველთვის და ყველგან ვაცხადებ, კი ბატონო, მე ვარ მხარე, მაგრამ ვარ საზოგადოების მხარე. ყოველთვის წარმოვადგენ ხალხს და მათ ინტერესებს, ჩემთვის ამოსავალი წერტილი ნებისმიერი მასალის მომზადებისას არის საზოგადოების ინტერესი. არ მაინტერესებს არც მთავრობის, არც ოპოზიციის, არც უცხო ქვეყნის და არც ჩემი პირადი ინტერესი. მაინტერესებს მხოლოდ ის, თუ რა არის ქართველი ერის ინტერესი მოცემულ მომენტში. შესაბამისად, ეს ინტერესი გვკარნახობს, რომ მაქსიმალურად გავარკვიოთ, რა არის სიმართლე, რა არის ზუსტი ფაქტი და შეცდომაში არ შევიყვანოთ ხალხი. რასაკვირველია, დაგვიშვია შეცდომა, ძალიან იშვიათად მექანიკური შეცდომები გაგვპარვია, მაგრამ მათ მყისიერად ვასწორებთ. გვაქვს სპეციალური სტანდარტი: ყოველთვის ვწერთ შენიშვნას, სტატიაში იქნება თუ ვიდეოში, ვუთითებთ, რა გვეწერა, როგორ უნდა ყოფილიყო და ბოდიშს ვიხდით.

ეს ძალიან იშვიათად ხდება იმის წყალობით, რომ მასალის გამოქვეყნებამდე გადამოწმების საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს გავდივართ. შესაძლოა, სტატიის დაწერას დასჭირდეს ორი კვირა, ხოლო მის გადამოწმებას - დამატებით ერთი კვირა. ამ პროცესს გადის აბსოლუტურად ყველა მასალა, რომელიც ჩვენს გვერდზე თავსდება. სხვანაირად ინფორმაციას უბრალოდ არ ვაქვეყნებთ. ასევე, არასდროს ვაქვეყნებთ ისეთ ინფორმაციას, რომლის მტკიცებულებაც არ გვაქვს, რადგან გვესმის კონტექსტი და ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გვიჩივლებს, წავა სასამართლოში და შეეცდება ჩვენს დისკრედიტაციას. ამიტომ ყოფილა შემთხვევა, როცა ტექსტიდან პარაგრაფიც კი ამოგვიღია, რადგან შესაბამისი დოკუმენტი არ გვჭერია ხელში. არც ერთი სიტყვა არ ხვდება ისეთი, რისი დასტურიც არ გვაქვს. როცა ამ სტანდარტით მუშაობ, მკითხველს შეუძლია ენდოს შენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მიიღოს ის, როგორც სანდო წყარო.

„აი, ფაქტი“ რომ არ იყოს, მაგალითად, ვერ გაიგებდნენ:

  • ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კონტრაქტის შინაარსს. ეს კონტრაქტი ჩვენ მოვიპოვეთ, გავაანალიზეთ და ხალხს გავაგებინეთ, იქ რა ეწერა.

  • ვერ გაიგებდნენ, გელათს რა დაემართა, რა მოხდა იქ, როგორ დაზიანდა, რა გააკეთეს ან ვერ გააკეთეს და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი. გელათის ამბავზე სტატიებისა და ვიდეოების ციკლი დღემდე გრძელდება, რადგან არ ვიცით, როდის გამოსწორდება იქ სიტუაცია. ამ ამბავს მივყვებით უკვე მეექვსე წელია. 

  • ვერ გაიგებდნენ, როგორ არის ჩართული საქართველო რუსეთის სასარგებლოდ სანქციებიდან თავის არიდების საქმეში და როგორ ვაწვდით რუსეთს ყველანაირ პროდუქტს, რაც სანქცირებულია. 

  • ვერ გაიგებდნენ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ კორუფციის შესახებ. ამ ამბით ძალიან ვამაყობთ. ეს ეხებოდა კავშირის ხელმძღვანელის კორუფციულ გარიგებებსა და პირადი გამორჩენის სანაცვლოდ ამ თემის ინტერესების დათრგუნვას. მაშინ, როცა ამ ხალხს ელემენტარულ საჭიროებებსაც არ უკმაყოფილებდნენ, ეს კაცი უგონოდ მდიდრდებოდა. ჩვენი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, საქმე სასამართლოში მიდის და იგი თანამდებობას ჩამოაშორეს. 

  • ვერ გაიგებდნენ ყულევის პორტში სანქცირებული ნავთობის შემოსვლის შესახებ, რუსული ნავთობი ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული გემებით შემოდიოდა. ჩვენი მუშაობის შედეგად ყულევის ქარხანა დასანქცირდა, პორტი კი პირობის სანაცვლოდ გადაურჩა სანქციებს.

  • ვერ გაიგებდნენ კოსმოდრომის საქმეს - როგორ ჩამოვიდა ორი ადამიანი რუსეთიდან, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ, ჯაშუშობდნენ, საქართველოდან ინფორმაციას აგზავნიდნენ და ვითომ კოსმოდრომს აშენებდნენ.


კიდევ ბევრი მასალაა, რომლის ჩამოთვლაც შემიძლია, უბრალოდ ზოგ მათგანს მყისიერი შედეგი მოჰყვება, ზოგს - არა, მაგრამ არც ერთი მასალა უკვალოდ არ იკარგება. დადგება დრო, როცა ისინიც ამოტივტივდება. მაგალითად, 2024 წელს გამოვაქვეყნეთ სტატია ლენტეხის ყოფილ მერზე, რომელმაც სასტუმრო ააშენა, ტროტუარი მიითვისა და მშენებლობის ნებართვები დარღვევებით მიიღო. 2026 წელს ეს კაცი დააკავეს და ბრალდება პირდაპირ ჩვენი სტატიიდან და განცხადებიდან იყო გადმოკოპირებული. მსგავსი რაღაცები შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ რაღაც მომენტში აუცილებლად მოხდება. 


„აი, ფაქტს“ აქვს სხვადასხვა პროექტი. განსაკუთრებით რომელ მათგანზე რეაგირებს „ქართული ოცნება“ და რაში გამოიხატება ეს?

- „აი, ფუფუნება“ არის ის, რაც ძალიან არ მოსწონთ. კარგად მახსოვს, ერთი ეპიზოდი გური სულთანიშვილზე გვქონდა და ეტყობა ისე მოხვდა გულზე, რამდენიმე გადაცემა გვახსენებდა. მერე იყო გეკა გელაძე, რაზეც „პოსტივი“ მოგვადგა. ტროლებს სულ გვიქსევენ. კასპის მერზეც გვქონდა ერთი ეპიზოდი და მთელი მერია კომენტარებში იყო მობილიზებული, რომ „ასეთი კაცი მეორე არ დადის“, „ღმერთმა გაუმარჯოს“ და ა.შ. როგორც ხდება. მათ არ მოსწონთ საკუთარი ფუფუნების ასე გასაჯაროვება. ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანიც, როცა ამ ტიპის კონტენტის შექმნის იდეა გამიჩნდა, რომ პირადად გაღიზიანებულიყვნენ იმით, რომ მათი ქონება ასეთი თვალსაჩინოა. 


თქვენი მკითხველებისგან, გამომწერებისგან როგორ რეაქციას იღებთ? მათგან უკუკავშირის რომელიმე დასამახსოვრებელი მაგალითი ხომ არ გახსენდება?

- ერთ პატარა მაგალითს მოვყვები, სულ მახსოვს ეს ამბავი. მოქმედება ხდება იმერეთის სოფელ მანდიკორში, სადაც გზა ისე იყო დაზიანებული, რომ საფრთხეს ქმნიდა მოქალაქეებისთვის. ჩვენი ჟურნალისტი ჩავიდა ადგილზე. ადგილობრივებმა დასცინეს, შენი დაწერილით რა შეიცვლება, ტყუილად შრომობ შვილო, ამხელა გზა მაგისთვის გამოიარეო? სტატიის გამოქვეყნებისთანავე ტყიბულის მერიამ გზის აღდგენაზე ტენდერი გამოაცხადა და გზაც გაკეთდა. მერე სოფლიდან დაურეკეს ჟურნალისტს, დიდი ბოდიში, ასეთი დამოკიდებულება რომ გვქონდაო და მადლობა, რომ მოხვედით და მასალა გააკეთეთო. ეს მაგალითი სულ მახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონებსა და სოფლებში მედიის მუშაობა, ამ ხალხს ესმოდეს, რომ ვიღაცას მათი პრობლემა ადარდებს, ვიღაც მივა და მათ მოუსმენს. გამოხმაურების უფრო დიდი მაგალითებიც გვქონია, მაგრამ ეს მახსოვს სულ, როგორც ცხადი მაგალითი, თუ რა არის ჟურნალისტიკის მისია. 


რას ეტყოდი მათ, თქვენს მკითხველებს?

- უბრალოდ, კითხვა დასვან ხოლმე, როდესაც რაიმე ინფორმაციას გაიგებენ ან წაიკითხავენ - ვის აწყობს ამ ინფორმაციის გაჟღერება? კრიტიკულად მიუდგნენ: ვის ინტერესშია და რატომ? რატომ არის ვიღაცის ინტერესში, რომ ეს ინფორმაცია ამ კონკრეტულ დროს გაჟღერდეს? თუ ამ კითხვებს დასვამენ, მაშინ მიხვდებიან, როგორ წამლავს პროპაგანდა მათ ტვინებს და თუ უფრო მეტ კითხვას დასვამენ, უფრო იოლად დააღწევენ თავს ამ ბურუსს. ეს დაეხმარება მერე ქართულ მედიასაც და ყველა სფეროსაც, რომ განვითარდეს.


სექტემბრის დასაწყისში გავიგეთ, რომ „აი, ფაქტს“ 2026 წლის Free Media Awards-ი გადაეცემა. არსებული გამოწვევების ფონზე, რას ნიშნავს თავისუფალი მედიის ეს ჯილდო თქვენთვის?

- ამ ჯილდოს შესახებ ინფორმაცია ივლისში გავიგეთ, ჩვენი დაბადების დღე სანამ იქნებოდა. ოფისში ვიყავით, თემებს განვიხილავდით, როცა მეილი მოვიდა. რომ გავხსენი, თავიდან ვერც მივხვდი, რა იყო, არაფერს ველოდით, არც ვიცოდით, წარდგენილები რომ ვიყავით. არ ვიცით, ვინ წარგვადგინა, როდის წარგვადგინეს. ძალიან გაგვიხარდა, განსაკუთრებით ამ დროს, როცა ამდენი წინააღმდეგობა და გამოწვევაა. ეს ჯილდო ძირითადად ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყნებსა და მედიებს გადაეცემათ, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქვეყნის გარეთ ხედავენ, რომ ვარსებობთ, ვიბრძვით, ყველაფერი დაკარგული არ არის და შეგვწევს ძალა ამ რეპრესიულ გარემოს გავუმკავდეთ, შეგვიძლია ისეთი პროდუქტის შექმნა, რაც საერთაშორისო დონეზე ფასდება. 10 წლის თავზე ამ ჯილდოს მიღება ძალიან სიმბოლური იყო - იმის დასტური, რომ სწავლაში, შრომასა და ოფლის ღვრაში გატარებულ წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია. 


უკვე 20 თვეა უკანონო პატიმარია მზია ამაღლობელი. „მზიას ეფექტზე“ ბევრი საუბრობს, შენზე რა გავლენა იქონია მისმა დაკავებამ?

- მზიას დაკავება ძალიან რთული გადასატანი იყო. პირადად არ ვიცნობ მას. არ მქონია ეგ პატივი, შევხვედროდი, მაგრამ ყოველთვის მესმოდა მისი და ეთერ თურაძის თავდადების შესახებ ჩვენი პროფესიის მიმართ. როცა დააკავეს, ყველამ მძიმედ გადავიტანეთ. თან პატარა შვილი მყავს და სასამართლო პროცესებზეც ვერ ვახერხებდი სიარულს. 

„ქართულ ოცნებას“, ალბათ, ეგონა, რომ მზიას თუ დაიჭერდნენ, ჩვენ დავიქსაქსებოდით, შეგვეშინდებოდა და უარყოფით გავლენას იქონიებდა ჩვენზე. საბოლოოდ, საპირისპირო მოხდა. ამაში შეცდნენ. თავიდან კი, ემოციურად მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამან უფრო დადებითი ეფექტი მოახდინა იმ მხრივ, რომ უფრო მობილიზებულები და ერთიანები გავხდით. მზიას მოწოდებებმა და სიტყვებმა ციხიდან უფრო შეგვმატა ძალა, რომ ბრძოლა გაგვეგრძელებინა. როცა ის ციხეშია და იქიდანაც სიმტკიცეს გვიჩვენებს, გარეთ მყოფებს წუწუნის უფლებაც არ გვაქვს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.


ბოლოს, როგორ ხედავ დამოუკიდებელი მედიის მომავალს საქართველოში? 

- ზოგადად იმედიანი ადამიანი ვარ. თუ იმედი არ გაქვს, ამ ქვეყანაში ან ამ პროფესიაში რა გინდა, ხომ? გულის სიღრმეში მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოკლევადიანია. ახლა კრიზისში ვართ, მაგრამ ჩვენ შევძელით, ეს კრიზისი ახალი გამოცდილების მისაღებად, სწავლისა და გაძლიერებისთვის გამოგვეყენებინა. „სინათლე მედია“ სწორედ ამის მაგალითია. ყველა ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს აუდიტორიასთან, მკითხველთან, მაყურებელთან უფრო ახლოს ვიყოთ და მათ იმედად ვიქცეთ. ჩვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ეს პროპაგანდა და შხამის ნთხევა, რაც მედიის მიმართ ამდენი წელია ისმის, მაინც სადღაც ჩაიკარგება. „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რომ ჟურნალისტიკა ამ ქვეყნიდან ამოშანთოს და გააქროს.



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ