„სანდო წყარო“ - ქართულ მედიასივრცეში ახალი საინფორმაციო
პლატფორმა გამოჩნდა, რომელმაც მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყო. მისი
დამფუძნებელი ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავაა, რომელსაც მედიაში მუშაობის
16-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2010-2023 წლებში ტელეკომპანია
„რუსთავი 2-ში“ მუშაობდა, შემდეგ კი - „ფორმულაში“. ბოკუჩავამ
ტელევიზია მიმდინარე წლის ივლისში, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა
და ცოტა ხანში საკუთარი მედიაპლატფორმა შექმნა.
„გამოცემა ძირითადად ადამიანის უფლებების, სამართლებრივი საკითხებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით იმუშავებს და მოქალაქეებს სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციას მარტივი და გასაგები ენით მიაწვდის“, - ამბობს სალომე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. მისი თქმით, დამოუკიდებელი მედიისთვის შექმნილი რთული გარემო და საკუთარი პროფესიით მუშაობის გაგრძელების სურვილი ის მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც ახალი პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება მიაღებინა.
„ტელევიზიაში 16 წელი გავატარე. მე-17 წელი იწყებოდა
სწორედ იმ კვირას, როდესაც „სანდო წყაროს“ შესახებ პირველი საჯარო
პოსტი გამოვაქვეყნე. ტელევიზია ჩემი სუსტი წერტილია - ამ წლების
განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულად მას უკავშირდებოდა, უზარმაზარი
ენერგია და დაუღალავი შრომა ჩავდე თითოეულ საქმეში, რასაც ხელი
მოვკიდე. თუმცა, როდესაც ხვდები, რომ გარემო იცვლება, მოტივაცია ქრება
და იცი, რომ ბევრად მეტი შეგიძლია, ეს იმის ნიშანია, რომ ცვლილებების
დროა. „სანდო წყარო“ ჩემთვის ძალიან გაბედული და საპასუხისმგებლო
ნაბიჯია“.
რამ გიბიძგა, რომ სწორედ ახლა, ასეთ რთულ მედიაგარემოში გადაგედგა ეს ნაბიჯი და როგორ გაჩნდა „სანდო წყაროს“ შექმნის იდეა?
- დამოუკიდებელი მედია წლებია მძიმე ფინანსურ კრიზისშია და მეც ამ რეალობის ნაწილი ვარ. ბოლო პერიოდში სიტუაცია მედიაში ისე დამძიმდა, რომ მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, დავტოვე არხი, რომელმაც საინტერესო გამოცდილება და თავგადასავალი მაჩუქა. მალევე საკუთარი გზის ძიება დავიწყე და სწორედ ამ დროს გაჩნდა „სანდო წყაროს“ იდეა, სადაც გაერთიანდა პიროვნული მოტივაცია, საქმის სიყვარული და უდიდესი სურვილი, რომ დამოუკიდებელმა მედიამ საქართველოში არსებობა განაგრძოს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუციები ვერ გადარჩებიან, თუკი მედია გაქრება. დღეს ყველას თავისი ფრონტი აქვს, მე ჩემი პროფესიის გადასარჩენად ვიბრძვი და მინდოდა, ამ დიდ საქმეში ჩემი მცირე წვლილიც შემეტანა.
ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანებს არ გვეკარგება მოტივაცია, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გამომეყენებინა, გუნდი შემეკრიბა და კიდევ ერთი დამოუკიდებელი სივრცე შეგვექმნა. ჩვენი მთავარი სამიზნე ადამიანი და მისი სამართლებრივი პრობლემები იქნება. გვინდა, არა მხოლოდ გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა, არამედ რეალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს და განვუმარტოთ, რისი უფლება აქვთ მათ. უამრავი ადამიანია, ვისაც სჭირდება მედიის მხარდაჭერა და ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ და სიღრმისეულად შევისწავლოთ მათი საქმეები.
ამაზე ფიქრი აგვისტოს დასაწყისში დავიწყე. ყველფერს
ვუზიარებდი ოპერატორ ლევან სანიკიძეს, რომელიც საორგანიზაციო და
ტექნიკურ საკითხების მოგვარებაში ჩემთან ერთად ჩაება. საქმეში ჩაერთო
მესამე თანამშრომელიც, მარიამ კალანდაძე digital-ის მიმართულებით. 20
აგვისტოს უკვე შევქმენით ფეისბუქ გვერდი, რომელსაც გარკვეული ხანი
საიდუმლოდ ვინახავდით. კომპანია Wevosoft-მა უსასყიდლოდ აგვიწყო
ვებგვერდი. 2 სექტემბერს, მე, ოპერტორი თედო ქვაჩახია და ჟურნალისტი
ნუცა ბახუტაშვილი პირველ გადაღებაზეც გავედით და მასალების შეგროვება
დავიწყეთ. ზუსტად ერთი თვის თავზე კი YouTube-ზე, სოციალურ
პლატფორმებსა და ვებგვერდზე ჩვენი პირველი მასალაც გამოჩნდა.
ძირითადად რა თემებზე იმუშავებს „სანდო წყარო“?
- „სანდო წყარო“ ძირითადად სამართლებრივ თემებსა და ადამიანის უფლებებზე იმუშავებს. ჩვენი კონტენტი აგებულია სისხლის და სამოქალაქო სამართლის ცოდნაზე, მათი გამოყენების პრაქტიკასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულების საჭიროებას მკაფიოდ ვხედავთ, რადგან საზოგადოებაში დიდია მოთხოვნა გადამოწმებულ, პროფესიულ და ამავდროულად, მარტივ ენაზე განმარტებულ სამართლებრივ ინფორმაციაზე.
ამ ეტაპზე მკითხველს რამდენიმე სახის მედიაპროდუქტს
შევთავაზებთ:
ჟურნალისტური გამოძიება: ვინაიდან ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ საგამოძიებო ჟურნალისტიკა იქნება. ჩემი და ლევან სანიკიძის ავტორობით, ეს იქნება უტყუარი, გადამოწმებული ინფორმაცია საქმის მასალებზე, ფიგურანტ პირებზე, დაცვისა და ბრალდების მხარეების მონაწილეობით.
„საზღვრებს მიღმა“: ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ამბების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. მისი ავტორობით მაყურებელი გაეცნობა, როგორ მუშაობენ დასავლური ინსტიტუტები, რა ისტორია და გამოცდილება აქვთ მათ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
სამართლებრივი განათლება და პრაქტიკული რჩევები: დარგის სპეციალისტებთან ერთად დეტალურად გავარჩევთ კონკრეტულ მუხლებს, კანონებსა და სასამართლო პრაქტიკას. მარტივი ენით ავუხსნით საზოგადოებას, როგორ იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციებში. ამ მიმართულებით სტატიებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ვიდეორგოლების სახით ნუცა ბახუტაშვილი და ლიზი ვეკუა მოამზადებენ. მიზანი მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.
ჟურნალისტური ბლოგები: sandotskaro.ge-ზე შემოგთავაზებთ გამოცდილი ჟურნალისტების ბლოგებს. მედია ხშირად სახელმწიფო უწყებებზე სწრაფად რეაგირებს და პირველი ამბობს სიმართლეს. თუნდაც დასაწყისში კრიტიკის ობიექტები გახდნენ, წლების შემდეგ მათი ნათქვამი მაინც მართლდება. ჟურნალისტები გაგახსენებენ საქმეებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს გახმაურებულ რეზონანსულ საქმეებზე, რომლებიც ექსკლუზიურად გააშუქეს, ფიგურანტ პირებს კი სამართლის პოვნაში დაეხმარნენ.
„წიგნებიდან რეალობამდე“: კვირის
ბოლოს, სოფო კაჭარავა შემოგთავაზებთ განსხვავებულ კონტენტს, სადაც
ცნობილი ადამიანები ისაუბრებენ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ლიტერატურაზე,
რომელიც ამა თუ იმ დანაშაულს, უფლებადარღვევის ფაქტს ასახავს და
პარალელებს გაავლებენ როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს
რეალობასთან.
როგორ მუშაობს დამოუკიდებელი მედიისთვის არსებულ ასეთ რთულ პირობებში ახლადდაფუძნებული გამოცემა და რა გეგმები გაქვთ?
- „სანდო წყარო“ ამ ეტაპზე ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ფუნქციონირებს. ჩვენი სარედაქციო გუნდი დიდი არ არის, თუმცა ძალიან საიმედოა. სამონტაჟო ტექნიკა საკუთარ სახლში მოვაწყე. ჩვენი მემონტაჟე, ელიზაბედ მეძმარიაშვილი სრულიად უსასყიდლოდ და დაუღალავად ეხმარება პროექტს. ასევე, გვერდით გვყავს ჩვენი ოპერატორი მეგობრები, რომლებიც გადაღებებს საკუთარი ტექნიკით უზრუნველყოფენ. გუნდში ფუნქციები და თემები მკაფიოდ გვაქვს გადანაწილებული.
რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მუშაობა მარტივი არ არის, თუმცა გვაქვს უდიდესი მოტივაცია, იმედი და მოლოდინები. რაც შეეხება გეგმებს, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. ახლა მთელ რესურსს პირველადი ამოცანების შესრულებასა და პლატფორმის ამუშავებას ვუთმობთ. შორსმიმავალ გეგმებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. მთავარია, დასახულ მიზანს მივაღწიოთ და მაყურებელსა თუ მკითხველს ხარისხიანი და სანდო მედიაპროდუქტი მივაწოდოთ.

