17 მაისი ქართული ტელეკომპანიების ეთერში
18.05.2015
2015 წლის 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქართულ ტელესივრცეში გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე გაშუქდა.

შედარებით პრობლემური იყო “იმედის” გადაცემა “იმედის კვირის” გაშუქება, განსხვავებით საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკასგან”, სადაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქდა.

“იმედის კვირამ” ჰომოფობიასა და ტრანსფობიათან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას დიდი დრო დაუთმო. გადაცემაში 17 მაისს გამართული ყველა აქცია მიმოიხილეს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მრგვალ ბაღში “შეხვედრა ჩატარდა საიდუმლო ვითარებაში”: აქციის მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს აკრედიტაცია და ორგანიზატორებმა მონაწილეები გააფრთხილეს, რომ უცხო ადამიანებისთვის ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ეთქვათ.

“იმედის კვირაში” რუსთაველის მეტროსთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გამართული აქციებიც მიმოიხილეს, სადაც მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ამ აქციებს ჟურნალისტმა კონტრაქცია უწოდა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განსხვავებულად აღნიშნავენ სხვა ქვეყნებში. “მაგალითად, იტალიაში რამდენიმე წლის წინ დეპუტატებმა ერთგვარი ფლეშმობი მოაწყეს სასესიო დარბაზში, ერთმანეთს აკოცეს და ამ ფორმით დაგმეს სექსუალური უმცირესობის მიმართ განხორციელებული ძალადობა”.

ამ კადრების ამსახველი ვიდეოთი და ე.წ. ცისარტყელის - თანასწორობის დროშით “იმედის კვირის” ჟურნალისტი პარლამენტში მივიდა და ერთგვარი პროვოკაციულ ექსპერიმენტი ჩაატარა. მან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმოადგენელ დეპუტატებს ხელში თანასწორობის დროშის დაკავება და ჰომოფობიის დაგმობის შესახებ 20 წამიანი მიმართვის გაკეთება სთხოვა. დეპუტატების უმრავლესობამ, მათ შორის: გია ვოლსკიმ, (“არა ვარ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და არ მიმაჩნია, რომ ეს დროშა ხელში უნდა მეჭიროს”), ნუკრი ქანთარიამ, ლერი ხაბელოვმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, აკაკი ბობოხიძემ, გედევან ფოფხაძემ, ვახტანგ ხმალაძემ, გია ცაგარეიშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მურმან დუმბაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, გოგი ქავთარაძემ, ზურაბ აბაშიძემ დროშის, დაჭერაზე უარი თქვეს. სიუჟეტში დეპუტატთა განმარტებებიც არის ჩაწერილი.

“გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში (ტელეკომპანიის Facebook გვერდზე და ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე) სიუჟეტი, რომელიც 16 მაისს, ბრიუსელში გამართულ ჰომოფობიასთან ბრძოლის აღმნიშვნელ ტრადიციულ პრაიდფესტივალს მიეძღვნა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პრაიდფესტივალი არასოდეს გაუპროტესტებიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არც არასოდეს ჩატარებულა. 2012 და 2013 წლებში, ისევე როგორც წელს, ადამიანებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სიუჟეტში გვაჩვენეს, რომ ბრიუსელის ყველა ისტორიულ და სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშებთან ერთად თანასწორობის შვიდფეროვანი დროშები ფრიალებს, ლგბტ თემის წარმომადგენლები თავისუფლებისა და სიყვარულის დღეს ზეიმობენ, პრაიდში კი მათთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მთავარი ევროპული ღირებულების - ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ამ სიუჟეტში ბევრი ვერაფერი ვნახეთ და მოვისმინეთ.

პრაიდფესტივალის ასეთი აღწერილობა შესაძლოა „გარყვნილი ევროპის“ სტერეოტიპის გამყარებას უწყობდეს ხელს.

გადაცემაში ლგბტ თემის პრობლემების შესახებ დისკუსიაც გაიმართა. დისკუსიაში სტუმრად იყვნენ მოწვეულები: უფლებდამცველები ბაია ქავთარია და დავით მიხეილ შუბლაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი ახვლედიანი, პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია და ექიმი სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე. თუმცა, არარელევანტური, მაგრამ რეიტინგული პოლიტიკოს-რესპონდენტებისა და ჟურნალისტთა მოუმზადებლობის გამო ლგბტ თემის პრობლემების შესახებ ვერც ვერაფერი გავიგეთ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციები დღის საინფორმაციო გამოშვებებში დარღვევების გარეშე გააშუქა. ტელეკომპანიამ ყურადღება გაამახვილა, როგორც სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველთა მიერ გამართულ აქციებზე, ასევე იმ მსვლელობაზე, სადაც ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს.

21 საათზე “პოსტსკრიპტუმში” მაყურებელს შესთავაზეს სიუჟეტი ბათუმში მცხოვრებ სტიქაროსან, კობა ფერტენაძეზე, რომელსაც სტიქარის გახდა სასულიერო პირმა, ანდრია თურმანიძემ მოსთხოვა. სიუჟეტში აღინიშნა, რომ სასულიერო პირმა ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა, თუმცა როგორც გაზეთ „ბათუმელებთან“ ანდრია თურმანიძისათვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, შესაძლოა, ფარტენაძისათვის სტიქარის გახდის ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ფეისბუქზე დადებული ფოტოები და წარბების გაკეთება იყოს. სიუჟეტში საკითხი საკმაოდ მრავალმხრივად, სტერეოტიპების გარეშე იყო წარმოჩენილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბემ“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ეთერი 12, 16 და 20 საათიან გამოშვებებში დაუთმო.

16 საათიან გამოშვებაში მრგვალ ბაღთან გამართული აქციის გაშუქებისას წამყვანმა თქვა, რომ “ლგბტ თემის წევრებმა სამინისტროს რეკომენდაცით მიმართეს და მათი უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს“, თუმცა როგორც კადრებიდან გამოჩნდა, მოთხოვნის ავტორები მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლები არ იყვნენ. იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ როგორც თემის წევრები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სხვა საჯარო პირები.

პირველ თემად ეს საკითხი “პირველი არხის” მთავარ გამოშვებაში არ გაშუქებულა.

ტელეკომპანია “მაესტრო” ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე მხოლოდ დღის გამოშვებებში გააშუქა, არხის მთავარ გამოშვებაში ამ საკითხს დრო აღარ დაეთმობია.

“ტაბულამ”კი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ თემად გააშუქა და ამ საკითხს რამდენიმე მასალა მიუძღვნა.

სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით “ტაბულამ” აქცენტი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებზე გააკეთა. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ მასალაში აღინიშნა, 2013 წელს რომ დაეცვა ხელისუფლებას უსაფრთხოება, ახლა ამ მასშტაბის დაცვის მობილიზება საჭირო არ იქნებოდა.

“ტაბულამ” იუსტიციის სამინისტროსთან გამართული აქციაც გააშუქა, სადაც იმ პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ, რაც ტრანსგენდერ მოქალაქეებს ექმნებათ. გამოშვებაში ისაუბრეს ევროსასამართლოზეც და ოჯახის სიწმინდის დღეზეც. (17 მაისი მართლმადიდებელმა პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა)

საერთო ჯამში, 17 მაისის გაშუქების მხრივ ქართულ მედიაში უკეთესი ტენდენცია გამოიკვეთა. ჰომოფობიური გამონათქვამები არცერთ ეთერში არ მოხვედრილა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იყო პრობლემები თემის ზედაპირულად და სკანდალურად გაშუქების მხრივ. შესაძლებელი იყო უფრო სიღრმისეული საუბარი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მნიშვნელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

რედაქცია: მასალაში დაზუსტების მიზნით, შეტანილია ცვლილება. პირველადი ვერსია: “გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში სიუჟეტი.

ჩასწორებული ვერსია:“გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში (ტელეკომპანიის Facebook გვერდზე და ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე) სიუჟეტი.

თეგები : მიმოხილვა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ