„კვირის პალიტრა“ - ყველაფერი ერთ გაზეთში
26.11.2015
„კვირის პალიტრას“ წელს 20 წელი შეუსრულდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გამოცემული გაზეთისთვის საკმაოდ დიდი სტაჟია. მთავრობები იცვლებიან, „კვირის პალიტრა“ კი რჩება ეკლექტურ გაზეთად, პირველი გვერდის ბოლოს, ყვითელ-ცისფერ-წითელ ფერებში შესრულებული თავდაჯერებული მიმართვით - „თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!“

თუ გავითვალისწინებთ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ამაზე მართალი სლოგანი რაღა უნდა იყოს?! თუმცა, ამ სიმართლეში არის რაღაც ტრაფარეტული, როგორც კარგად ნაცნობ ლოზუნგში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გზად და ხიდად რომ თვალში გვეჩხირება - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!“

ყველაფერი ერთ გაზეთში - ესაა „კვირის პალიტრის“ სტრატეგია. მის პოპულარობას და წარმატებას, როგორც ჩანს, განსაზღვრავს სწორედ ეს სტატეგია - მოიცვას მაქსიმალურად ყველა ასაკისა და სხვადასხვა მიზანსწრაფვების მქონე მკითხველი. ამ ეკლექტური გაზეთის გვერდებზე განფენილი მრავალფეროვანი და სხვადასხვა სეგმენტის მკითხველთათვის განკუთვნილი რუბრიკებიდან წლების განმავლობაში იშვა დღეისათვის პალიტრის მედიაჰოლდინგში შემავალი ცალკეული გამოცემები, რომელთა უმეტესობას აქვს არანაკლებ პოპულარული ინტერნეტ-პლატფორმები: „...და ქალი“ (ქალებისთვის),„კარიბჭე“ (მართლმადიდებელი მრევლისთვის“), „არსენალი“ (ჟურნალი სამხედრო თემაზე), „მკურნალი“ (სამედიცინო ჟურნალი), „გემრიელი“ (კულინარიის მოყვარულთათვის) „კარუსელი“ (საბავშვო ჟურნალი) და ა.შ.

„კვირის პალიტრა“ სწორედ 90-იან წლებში - 1995 წელს დაარსდა, როცა ინტერნეტი არ არსებობდა და ინფორმაციის მიღება მხოლოდ ტელევიზიით, რადიოთი და ჟურნალ-გაზეთებით იყო შესაძლებელი. ამ მიზეზის გამო უამრავი ჟურნალი და გაზეთი გამოდიოდა. „კვირის პალიტრამ“ განვითარების ჭკვიანური, მაგრამ,ცოტა არ იყოს, პარაზიტული გზა აირჩია - იგი სხვადასხვა პოზიციის, თემისა და ელფერის საკითხზე გამოცემული ჟურნალ-გაზეთებიდან საუკეთესო სტატიებს არჩევდა და ზოგს პირდაპირ აქვეყნებდა, ზოგს კი თავის ჭკუაზე ამოკლებდა. ამ გზით „კვირის პალიტრამ“ თავისი ისტორიის პირველ წლებში 90-იანი წლების ამორფულ და ჭრელ ქართულ მედიას ერთ პალიტრაზე (ალბათ უფრო - ლანგარზე) მოუყარა თავი და მკითხველს შესთავაზა „ყველა გაზეთი ერთ გაზეთში“.

გაზეთი ჟურნალისტების გარეშე! ეს კონცეფცია „კვირის პალიტრისთვის“ მომგებიანი აღმოჩნდა: ინფორმაციას მოწყურებული მკითხველი, რომელსაც მატერიალურად უჭირდა, სამი-ოთხი გაზეთის ნაცვლად ერთს ყიდულობდა და მასში ეცნობოდა სხვა გაზეთების რჩეულ სტატიებს.ნელ-ნელა „პალიტრის“ ტირაჟი შემაშფოთებელი გახდა სხვა გაზეთებისთვის, რომლებმაც თვალი გაახილეს და ახალგაჩენილ კონკურენტს თავიანთი სტატიების გამოქვეყნება აუკრძალეს. ჯერ პოპულარულმა და მაღალრეიტინგულმა გაზეთებმა იჩივლეს, მერე - ნაკლებად რეიტინგულებმა და ბოლოს „პალიტრის“ შიგთავსი ორიოდე გაჭირვებული გაზეთისა და იმ დროისათვის თბილისში პოპულარული (ძირითადად - რუსული) უცხოენოვანი გაზეთების დაიჯესტს წარმოადგენდა.სწორედ ამ დროიდან გამოჩნდნენ „კვირის პალიტრაში“ საკუთარი ჟურნალისტები და გაზეთმა დაიწყო საკუთარი პროდუქტის შექმნა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. „კვირის პალიტრა“ კვლავ დაწინაურდა და იმდენი მოახერხა, რომ ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველკვირეული გაზეთი გახდა. თუმცა,თავდაპირველი კონცეფცია გაზეთს ვიზუალურად დღესაც ეტყობა, განსაკუთრებით - პირველ გვერდზე ოთხკუთხა ჩარჩოებში ჩასმულ სათაურებსა და ანონსებს.

„კვირის პალიტრის“ ჭეშმარიტი მკითხველები გაზეთს მოფერებით „პალიტრას“ ეძახიან.„პალიტრა მომეცი“ - ამ ორი სიტყვით მიმართავენ საგაზეთო ჯიხურის გამყიდველს.კონკურენტებისა და ცინიკოსებისთვის კი „პალიტრას“ ტრადიციული ეპითეტიაქვს - „პოლიტრა“, რომელიც მეტწილად ნეიტრალური მასალებით გათრობს და აქტიური, მკვეთრი პოზიციებით არ გამოირჩევა. თუმცა, ეს კონკურენტების აზრია და შეიძლება ამაზე იდავო. გააჩნია, ამ აზრს, როგორც ქოთანს, როგორ მოაბამ ყურს და საიდან შეხედავ. აბა, „პალიტრის“ მოკრძალებული „ჟურნალისტური მოკვლევები“ სად შეედრება მისი კოლეგა (კოლეგა?!) ყოველკვირეული ლომვეშაპების - „ასავალ-დასავალისა“ და „კვირის ქრონიკის“ აგრესიულ ბრდღვინვას?!

„კვირის პალიტრის“ ტრადიციული რუბრიკებიდან ყველაზე გამძლე, ალბათ, მეორე-მესამე გვერდზე გამოქვეყნებული „კვირის თემაა“, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ექსპერტთან ინტერვიუს გასული კვირის მთავარ მოვლენებზე. ამას მოსდევს მნიშვნელოვანი, ექსკლუზიური თემები მეოთხე-მეხუთე გვერდებზე, რომელთა სათაური ხშირად ხვდება პირველი გვერდის ყველაზე დიდ ოთხკუთხედში.

„კვირის პალიტრაში“ შეგხვდებათ სხვადასხვა ჩანართი, ზოგი - ტრადიციული, ზოგი - ყოველთვიური, ზოგიც - სარეკლამო-დაფინანსებული. ტრადიციულებიდან ბოლო ხანს ყველაზე საინტერესოა „მამულ-დედული“, რომელსაც გამოცდილი რედაქტორი გელა გურგენიძე კურირებს. ეს ჩანართი ხშირად მოგვითხრობს წარმატებულ მეურნეებზე, რომლებმაც უმუშევრობას და უიმედობას თავი დააღწიეს და საქმე ისე ააწყვეს, პროდუქცია ექსპორტზეც გააქვთ. იგი, ალბათ, ყველაზე მეტად იზიდავს „პალიტრის“ მრავალრიცხოვან მკითხველს - უპრეტენზიო პენსიონერებს რეგიონებიდან, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ჩანართი გაზეთის შუაგულიდან ამოიღონ და ცალკეც აკინძონ. ოჯახური და მცირე მეურნეობების წარმატებების გაშუქება სწორედ მათი მოთხოვნა, უფრო სწორად - მოთხოვნილებაა. მკითხველთა კატეგორიების ფსიქოპორტრეტებს რომ არ ჩავურღმავდეთ, შედარებისთვის, მოკლედ ისიც ვთქვათ, რომ „ასავალ-დასავალის“ პრეტენზიულ მკითხველებს (პენსიონერები აქაც სჭარბობენ) ასეთი ჩანართი არ მოეწონებოდა.

„კვირის პალიტრის“ გვერდების თავზე ხშირად შენიშნავთ ზედმეტად მახვილგონივრულ და ხატოვან რუბრიკებს. მათ შორის, იყო ერთი ასეთი - „წისქვილმა კი ფქვასო“, რომელიც ანომალურ მოვლენებსა და ცრურწმენებს ეხებოდა. კარგა ხანია, აღარ მინახავს. შეიძლება, თავი ამოწურა. თუმცა, რუბრიკა „თქვენთვის ქალბატონებო“ ჯერ კიდევ ცოცხალია. აქ ნახავთ სენტიმენტალურ ისტორიებს შემდეგნაირი სათაურებით: „სხვის ქმართან მიმოწერაში მათენდებოდა“, „საყვარელი მეუბნება, ცოლს არ აწყენინოო“, „ქმარს გამოვუცხადე, ახალი ქმარი მყავს და შინიდან წადი-მეთქი“. ამ ისტორიებს ანონიმი ქალები (კაცები - იშვიათად) ჰყვებიან. ამიტომ, როგორც არ უნდა რეალური იყოს ეს ამბები, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ არა სინამდვილეს, არამედ შეთხზულ ნოველებს ვკითხულობთ.

ვინაიდან „კვირის პალიტრა“ მაღალტირაჟიანი გამოცემაა, მასში რეკლამაც საკმაო რაოდენობითაა და R ნიშნით დაბეჭდილი, ანუ დაფინანსებული, ე. წ. შეკვეთილი სტატიებიც. სულ მაინტერესებს, ეს ლეგენდარული R ნიშანი პირველად რომელმა ქართულმა გაზეთმა მოიგონა. კვალს რომ გავყვეთ, არ არის გამორიცხული, „კვირის პალიტრამდე“ მივიდეთ. გამოუცდელ მკითხველს, რომელსაც გაზეთის ბოლო გვერდზე განმარტებული „R“ ნიშნის არსი არ წაუკითხავს, სარეკლამო სტატიები ისე შემოეკითხება, ვერც მიხვდება, რომ რაღაცაში მოტყუვდა. კერძო კომპანიების მარკეტინგის მენეჯერებს არაფერს ვერჩი. მე უფრო იმ სახელმწიფო უწყებებისა თუ ორგანიზაციების მიკვირს, რომლებიც ამ ნიშნის გამოყენებით ცდილობენ თავიანთი საქმიანობის გაშუქებას. მაგალითად, 5-11 ოქტომბრის „კვირის პალიტრაში“ ერთგვერდიანი სტატია გამოქვეყნდა „R ნიშნით“ და სათაურით: „საქართველოს ფოსტა“ - სწრაფი ნაბიჯები წარმატებებისკენ!“ მსგავსი სტატიები სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ანგარიშვალდებულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო ორგანიზაციები ამოუცნობ ნიშნებს არ უნდა ეფარებოდნენ და სტატიებს გასაგებად უნდა მიაწერონ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

„კვირის პალიტრა“ კონსერვატიული გაზეთია და ზომაზე მეტად რელიგიურიც. იგი რელიგიური უმრავლესობის - საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის ინტერესებს გამოხატავს. თუმცა, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა ამ გაზეთში ბევრად იშვიათია, ვიდრე ზემოხსენებულ ორ აგრესიულ ყოველკვირეულ გამოცემაში. სკაბრეზულ სიტყვებსა და შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც ტაბუ ადევს.

არავინ იცის, ჩვენი - მკითხველების ცხოვრება საით წარიმართება და წინ რა ბედი გველის. პენსიაზე კი უსათუოდ გავალთ და შეიძლება, სოფლად რაიმე საჩუჩუნო საქმეც გამოვნახოთ. აი, მაშინ კი, ალბათ, მეტი შანსი გვაქვს, ჩავწვდეთ იმ მკითხველთა გემოვნებას, რომლებმაც აირჩიეს „კვირის პალიტრა“.


ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი

თეგები : მიმოხილვა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ