ფარული ჩანაწერების მედიით გავრცელების შესაძლო აკრძალვა - საშიში გზავნილი მთავრობიდან
24.11.2018
წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც სავარაუდოდ, მაღალჩინოსნებს სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებსა და სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევაში ამხელდა, პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული რეაქცია და შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციამ ჩანაწერებში მმართველი გუნდის მანკიერი სახე დაინახა, მმართველმა გუნდმა კი პირიქით, მომხდარი ოპოზიციის პროვოკაციად შეაფასა. იყო სხვა გზავნილიც, რომელიც პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე გარკვეულწილად დაკარგა, თუმცა არა უკვალოდ - დატოვა მკაფიო და საფრთხის შემცველი სიგნალი.
ერთ-ერთი ასეთი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მმართველი გუნდი მედიის მიმართ გარკვეული შეზღუდვების დაწესების ინიციატივაზე ალაპარაკდა. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს სისხლის სამართლი კოდექსი შეახსენა და განაცხადა, რომ “კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა, პირადი სივრცის წესის დარღვევა, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება, გავრცელება, შენახვა ისჯება სისხლის სამართლის წესით” და მედია ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნება.

“კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, შესაბამისად, თუ ის არის უკანონო ჩანაწერი, უკანონო ჩანაწერის გავრცელების უფლება არავის აქვს”, - აღნიშნა მანვე. მოგვიანებით ეკა ბესელია კიდევ უფრო შორს წავიდა და ხალხზე ზრუნვის მოტივით, მედიის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანშეწონილობაზე კითხვის ნიშნები დასვა.

„უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც. ეს ეხება ყველას. დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ყველა დავიღალეთ...ასეთი ჩანაწერების გასაჯაროების უფლება აქვს მხოლოდ გამოძიების ორგანოს, „რომელმაც იცის, ეს კანონიერია თუ არა, მოიპოვა თუ არა კანონიერად და რისკებს იღებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველში სტუმრობის დროს.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მედიის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას შეიცავდა. ამ ჩანაწერებიდან საზოგადობამ სისტემის შესაძლო ხარვეზებსა და მანკიერ მხარეებზე მიიღო ინფორმაცია.

გავრცელებული ჩანაწერები ორაზროვნად შეაფასა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც. „მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როდესაც გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით“, - განაცხადა მან.

რას ამბობს კანონმდებლობა?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით, “კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორდან ოთხ წლამდე”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის მერი ადუაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის იგივე მუხლში არის შენიშვნაც, რომელშიც განმარტებულია, რომ აღნიშნული “დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა”. ადუაშვილი ამბობს, რომ ეს ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, მართალია, შენიშვნაში ჟურნალისტური საქმიანობა და მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელება დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მისი ინტერპრატაციის გზით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამ უკანასკნელზეც ვრცელდება.

მაგალითად, როგორც წესი, მედიის მიერ ისეთი ფარული ჩანაწერები ვრცელდება, რომელიც არა რომელიმე კერძო პირის პირად ცხოვრებას ან პირად კომუნიკაციას ასახავს, რაც კანონით ისედაც შეზღუდულია და შესაბამისი წესით ისჯება, არამედ ჩანაწერის გასაჯაროებით შესაძლო დანაშაულის შესახებ საზოგადოებისა და სამართალდამცველი უწყებების ინფორმირება ხდება . შესაბამისად, მერი ადუაშვილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მედიაზე მორგება და მისი ამ ჩარჩოში მოქცევა არასწორია.

გარდა ამისა, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება თითოეული ადამიანისთვის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. ამავე დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ “მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია” და “ცენზურა” დაუშვებელია.

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თვისუფლება კიდევ უფრო მკაფიოდ სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონშია განმარტებული, სადაც ეს უკანასკნელი ადამიანის უზენაეს ფასეულობად არის აღიარებული და “ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღები, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას” მოიცავს. კონსტიტუციის მსგავსად, ამავე კანონით დაუშვებელია “ცენზურა” და უზრუნველყოფილია “მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა და პლურალიზმი” ასევე, “ჟურნალისტის უფლება დაიცვას წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები”.

ჟურნალისტების შეფასება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ფარული ჩანაწერების გამოყენების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ეკა ბესელიას ნათქვამი საფრთხის შემცველია.

“ის, რაზეც ეკა ბესელია საუბრობდა არის მედიაში ცენზურის შემოტანის მცდელობა, რაც ხელისფლებას არ გამოუვა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება რაიმე ფორმით შეზღუდონ”, -აღნიშნავსიგი და ამატებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინიციატივა კანონად იქცევა, ეს ფაქტობრივად “ცენზურის დაკანონება” იქნება: “თუმცა, ჩვენ ყველანაირ ხერხს და გზას გამოვნახავთ იმისთვის, რომ ვამხილოთ ხელისუფლება დანაშაულში და ჩვენ ეს ვერ შეგვაფერხებს”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე და სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ამბობს, რომ ქართული კანონმდებლობა ჟურნალისტის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელებას არ ზღუდავს. მისივე თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გამოყენებული ფარული ჩანაწერების დიდი უმრავლესობა ისეთია, როდესაც საუბრის ან მოქმედების ერთ-ერთი მხარე ჩანაწერის შესახებ ინფორმირებულია, ანუ ჩანაწერი მისი გაკეთებულია: “ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. მსხვერპლს ჩანაწერის გაკეთებაში თავადვე ვეხმარებით, რითაც კონკრეტული დანაშაულის, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედების მხილება ხდება”.

რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ჩანაწერი ფარულად, მესამე პირის მიერ არის გაკეთებული და მედიასთან ასევე მესამე პირის საშუალებით არის მისული, გიორგი მგელაძე მიიჩნევს, რომ საკითხის საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მედიას მისი გავრცელების სრული უფლება აქვს და მას კანონდებლობა არც ამ შემთხვევაში ზღუდავს. ჩანაწერის მოპოვება-გავრცელებაზე კი პასუხისმგებლობა არა მედიას, არამედ იმ პირს ეკისრება, ვინც ჩანაწერი უკანონოდ გააკეთა, გაავრცელა და ა.შ.

გამომძებელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თუკი რომელიმე მთავრობას მსგავსი ჩანაწერების გავრცელების თავიდან აცილება სურს, მაშინ მისი პრევენცია თავადვე უნდა მოახდინოს. მაგალითად, როდესაც საუბარია, ციხეში გაკეთებული ჩანაწერის გავრცელებაზე, ხელისუფლებამ თავად უნდა უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ დაწესებლებაში ფარული მიყურადება და შემდეგ ამ საუბრის გავრცელება არ ხდებოდეს და ამ მხრივ არსებულ კანონმდებლობაში რაიმე ფორმით ცვლილების შეტანა საჭირო არ არის.

რაც შეეხება ეთიკურ კომპონენტს, გიორგი მგელაძის განმარტებით, ნებისმიერი ფარული ჩანაწერის გავრცელების წინ ხდება საზოგადოებრივი სიკეთისა და ზიანის აწონვა, თუკი პირველი მათგანი მეორეს ძლევს, მაშინ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩანაწერის გასაჯაროების სასარგებლოდ კეთდება.

“ჩვენ გვყოლია მედიის მიმართ ამაზე ბევრად უფრო მკაცრად განწყობილი მთავრობები, თუმცა მედიის თავისუფლების კუთხით დამატებითი შეზღუდვების დაწესება ვერცერთმა მათგანმა გაბედა. იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებასაც ეყოფა გონიერება და ამ მხრივ ნაბიჯს არ გადადგამს”, - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი.

საერთაშორისო გამოცდილება

ცხადია, საკანონმდებლო ჩანაწერი მედიას/ჟურნალისტს შეუზღუდავ თავისუფლებას არ ანიჭებს. არსებობს გარკვეული ტიპის ინფორმაცია, მაგალითად სახელმწიფო საიდუმლო, რომლის გამჟღავნებაც როგორც ცალკე აღებულ ინდივიდს, ისე მედიას გარკვეული პასუხისმგებლობის ქვეშ აყენებს. თუმცა, მსოფლიო პრაქტიკა ისეთ მაგალითებსაც ინახავს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის მაღალი საზოგდოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის სასარგებლოდ მიიღო და პასუხისმგებლობა არ დააკისრა. ამის მაგალითი The Washington Post და პენტაგონის საიდუმლო მასალებია.

1971 წელს გამოცემამ სტატიების სერიის დაბეჭდვა დაიწყო და ხალხს იმის შესახებ მოუყვა, როგორ ატყუებდა აშშ-ის პრეზინდეტის ოთხი ადმინისტრაცია საკუთარ მოსახლეობას ვიეტნამის ომში აშშ-ის როლსა და ადამიანურ ფასთან დაკავშირებით. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მიუხედავად მასალების შინაარსისა, სასამართლომ გადაწყვეტილება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიტანა და პრესას საიდუმლო დოკუმენტებზე მასალების გამოქვეყნების უფლება მისცა, რასაც საბოლოო ჯამში, მაშინდელი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის სავარძელიც შეეწირა.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ