20-21 ივნისს დაზარალებული 8 ჟურნალისტისთვის სტატუსის მისანიჭებლად საიამ სასამართლოს მიმართა
11.10.2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ),  20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას დაშავებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მათ შორის 8 ჟურნალისტია.  აქციის დაშლის დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში "მედიაჩეკერს" განუცხადეს, საია იმ ჟურნალისტებისთვის ითხოვს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რომლებმაც საკუთარი უფლებების დასაცავად მათ მიმართეს.  

აღნიშნული 16 პირის საქმეზე , თავდაპირველად, 19 სექტემბერს, საიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას  მიმართა, თუმცა  მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა, რაც საიამ
ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა. ორგანიზაციის მოთხოვნა არც ზემდგომმა პროკურორმა დააკმაყოფილა, სწორედ ამის შემდეგ მიმართა ორგანიზაციამ სასამართლოს.  სასამართლომ საიას საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს.

 საია პროკურატურის გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაშავებული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის დროულად მინიჭება არსებითად მნიშვნელოვანია: “კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად”, - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას, საერთო ჯამში მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. მომხდარიდან 3 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე არცერთ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია. 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულების საქმეს მთავარი პროკურატურა ერთ დიდ საქმედ იძიებს და ჟურნალისტების საქმეზე ცალკე გამოძიება არ მიმდინარეობს.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ