ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლა და ზეწოლის მცდელობა - აჭარის ტელევიზიის პროფკავშირის განცხადება
21.02.2020
აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღეს, 21 თებერვალს, მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტს. პროფკავშირი ამ ფაქტს ჟურნალისტზე ზეწოლად აღიქვამს.

საუბარია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარ ინცინდენტზე.

პროფკავშრების განცხადებით, დირექტორობის პირველ კანდიდატთან მიმდინარე გასაუბრების დროს ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ დაინახა [მისი აზრით] საინტერესო დეტალი, გადაიღო ფოტო და კონკურსის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს.

ჟურნალისტების ნაამბობის მიხედვით, საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა. ნათია ლომაძე დაადანაშაულეს, რომ ის ფარულად იღებდა მიმდინარე გასაუბრების პროცესს, რის საფუძველზეც მომდევნო კონკურსანტთან გასაუბრება დახურეს.

"გვინდა განვმარტოთ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე ღია სხდომაზე ფოტოს გადაღებას არ კრძალავს საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი. მით უფრო მაშინ, როცა ამ ფოტოში არ ჩანდა რომელიმე კონკურსანტის შესახებ რაიმე პერსონალური ინფორმაცია. ფოტოს ჰქონდა მტკიცებულებითი დატვირთვა და ადასტურებდა იმას, რომ დირექტორობის მოადგილეობის კანდიდატებს აჩვენეს კონკრეტული სიუჟეტი და მისი შინაარსის შეფასება შესთავაზეს. ეს ფაქტი ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლის ხელმძღვანელების მიერ აქამდე არაერთგზის გაჟღერებულ პოზიციას, რომ დირექტორის მოადგილეს არაფერი ესაქმებოდა კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსთან. სწორედ, აღნიშნულის გამო ჩათვალა ჟურნალისტმა, რომ გადაეღო ფოტო და გამოეტანა საჯაროდ", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე თქმით, ამ ფაქტის გამო, ტექნიკური მიმართულებით დირექტორის მოადგილის მხრიდან, რომელიც ამასთანავე საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც იყო, ჟურნალისტთან დაპირისპირებაში შესვლა, მისთვის ფოტოს გადაღებაზე ახსნა-განმარტების მოთხოვნა - წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას.

"მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულ ქმედებაზე პრეტენზიის ამ ფორმით გამოხატვა [ვგულისხმობთ, სატელეფონო საუბარს დირექტორის მოადგილესა და ჟურნალისტს შორის] შეიძლება იქონიოს მსუსხავი ეფექტი და გავლენა მოახდინოს ჟურნალისტის მიერ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე", - ამბობენ ჟურნალისტები.

მათივე ნაამბობით, დღის ბოლომდე, ნათია ლომაძე კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა, კვლავ დაადანაშაულეს ფოტოს გადაღების გამო წესების დარღვევაში, რის შემდეგაც მან ვერ დაასრულა აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობა და ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულება.

ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს მიუღებლად მიაჩნია ჟურნალისტთან კონკრეტული ჟურნალისტური/პროფესიული ქმედების თაობაზე კომუნიკაცია და პრეტენზიების გამოხატვა მაუწყებლის იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ვისაც მაუწყებლის დებულებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსთან.

"ჩვენ, აღნიშნულ ფაქტს აღვიქვამთ და ვაფასებთ ზეწოლად", - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ალტერნატიული პროფესიული კავშირი აპირებდა მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას და მიმდინარე საკითხებზე დისკუსიას, თუმცა, ამ ეტაპზე ეს შეხვედრა არ შედგება.

"მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების სივრცეს მანამ, სანამ მრჩეველთა საბჭო არ დაამტკიცებს, რომ ის დგას ჟურნალისტების და მაუწყებლის ინტერესების მხარეს და უარს ვამბობთ დაგეგმილ საჯარო შეხვედრაზე [მრჩეველთა საბჭოს მხრიდან დღეს მომხდარ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენამდე]", - აცხადებენ მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირების წევრები. 

შეგახსენებთ, დღეს, 21 თებერვალს, მაუწყებლის დირექტორის მოადგილეობის კანდიდატებთან გასაუბრებები მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გასაუბრებები ჯერ ღია იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კანდიდატთან გასაუბრების დროს კონკრეტულ სიუჟეტს განიხილავდნენ, რასაც მაუწყებლის თანამშრომლების კითხვები მოჰყვა, გასაუბრების პროცესი დახურეს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ