თამარ წილოსანმა ბორდს მეორე განცხადებით მიმართა, თუმცა, იმპიჩმენტს არც ამჯერად ითხოვს
15.06.2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლის, თამარ წილოსანისგან მრჩეველთა საბჭოსთვის მიცემული ვადა - 15 ივნისამდე დაენიშნათ სხდომა მისი მოთხოვნის საფუძველზე, ისე გავიდა, რომ საბჭომ სხდომა არ ჩანიშნა. თუმცა, ამის მიუხედავად, წილოსანმა ბორდს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხით მაინც არ მიმართა. დღეს მან ისევ შეიტანა განცხადება მრჩეველთა საბჭოში, ახლა უკვე მეორე მრჩეველთან, გია ქარცივაძესთან ერთად. ამ განცხადებაშიც, ფაქტობრივად, იგივე მოთხოვნები დაასახელა, რაც წინა შემთხვევაში.

“გთხოვთ, მოიწვიოთ სხდომა, ან უახლესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანოთ შემდეგი საკითხები:

  1. მრჩეველთა საბჭოს განცხადება - დირექტორის მიმართ რეკომენდაცია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დასაქმებულების, ჟურნალისტებისა და რედაქტორების განთავისუფლებაზე 2020 წლის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ;

  2. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დებულებით განსაზღვრული სარედაქციო საბჭოს ამოქმედების შესახებ;

  3. მიმდინარე საკითხები” - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს, 15 ივნისს შევიდა მრჩეველთა საბჭოში ორი მრჩევლის, თამარ წილოსანისა და გია ქარცივაძის ხელმოწერით. 

იგივე შინაარსის იყო ის განცხადება, რომელიც წილოსანმა ბორდში 8 ივნისს შეიტანა. იმ დღეს წილოსანს ბორდისთვის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით უნდა მიემართა, მაგრამ გადაიფიქრა. მაშინ წილოსანმა “მედიაჩექერს” უთხრა, რომ საწყის ეტაპზე მან რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა მოითხოვა და დააყენებდა თუ არა იმპიჩმენტის მოთხოვნას, ამ საკითხების გადაწყვეტაზე იყო დამოკიდებული.

წინა განცხადებაში თამარ წილოსანი ბორდს სხდომის დანიშვნის ვადას 15 ივნისამდე აძლევდა. “მედიაჩექერს” უთხრა, რომ თუ მისი ეს მოთხოვნა არ შესრულდებოდა, შემდეგ უკვე მრჩეველთა საბჭოს წინაშე დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებდა.

კითხვაზე, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება და აპირებს თუ არა, რომ მიმართოს ბორდს გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით, თამარ წილოსანი გვპასუხობს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე გარემოებამ იქონია. მათ შორის, საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ ღიად დაფიქსირებულმა პოზიციამ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ დირექტორის იმპიჩმენტს და მის მიმართ გაჟღერებულმა გარკვეულმა ბრალდებებმა.

მისივე თქმით, დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც სხვა ყველა პრევენციულ ღონისძიებას გაატარებს:

“ვაკვირდები პროცესებს, ვიმოქმედებ კანონის ჩარჩოში და დამოუკიდებლად. მანამდე უნდა გავატარო ყველა პრევენციული ღონისძიება, რომ დავიცვა თანამშრომლები და სარედაქციო საბჭო ამოქმედდეს კანონის შესაბამისად, რომ იყოს გარანტირებული თავისუფალი სიტყვა, ობიექტური, დაბალანსებული და პლურალისტური მედიაპროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტი უნდა იყოს დაცული, წინასაასრჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს მორატორიუმი”.

ჩვენს კითხვაზე, მიაჩნია, თუ არა, რომ აჭარის მაუწყებელში განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლები ახლა არ არიან დაცულები და სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია, გვპასუხობს: “დიახ, არსებობს რისკები. თანამშრომელთა გათავისუფლებები, გადაადგილებები, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს.”

“მრჩევლებს ვთხოვ, რომ დირექტორის მიმართ გავაკეთოთ განცხადება, ეს არის ერთგვარი რეკომენდაცია, რომ გამოცხადდეს 2020 წლის ბოლომდე მორატორიუმი თანამშრომლების გათავისუფლებაზე. ვინაიდან არჩევნების წელიწადია, მეტი სიმყარისთვის და ტელევიზიის სარედაქციო საბჭოს დამოუკიდებლობისთვის. ამავდროულად, ვითხოვ, კანონის შესაბამისად, დებულების გათვალისწინებით, სარედაქციო საბჭოს ამოქმედებას, რითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ტელევიზიაში კანონის მოთხოვნებს, რაც არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ობიექტური, პლურალისტული მედიაპროდუქტის შექმნა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი”, - ამბობს თამარ წილოსანი.

კითხვაზე, ამ მოთხოვნებით მან ხომ წინა კვირასაც მიმართა ბორდს, წილოსანი გვპასუხობს, რომ თუ საბჭოს თავმჯდომარე გაიზიარებდა მის მოთხოვნებს, შეეძლო მოეწვია სხდომა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის თანხვედრა არ იყო. ამიტომ, რადგან ერთი წევრის განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა, დღეს მან გია ქარცივაძესთან ერთად შეიტანა განცხადება. ორი მრჩევლის განცხადების საფუძველზე კი, საბჭო ვალდებულია, 5 დღის ვადაში მოიწვიოს სხდომა.

თამარ წილოსანისგან განსხვავებით, გია ქარცივაძეს მოლოდინი აქვს, რომ მცდელობა შედეგს არ გამოიღებს: “რა შედეგი იქნება, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ უარყოფით მხარესაც ვერ ვხედავდი და მაგიტომ მოვაწერე ხელი”.

თამარ წილოსანისა და გია ქარცივაძის აღნიშნული მოთხოვნის პარალელურად, უკვე ორი კვირაა მრჩეველთა საბჭოში დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით, გია ქარცივაძის განცხადებაა შესული.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ