საქართველო
კატეგორია - საქართველო



შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური - კი სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს:

„უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 1 ივლისს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალი ჰქონდათ, რომელიც 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცემის ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებდნენ და აღსრულება დაიწყებოდა. 

„ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად“.

მოსალოდნელი ინკასოს შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ვალის გადასახდელად გრაფიკის შეთავაზება ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს, 17 ივლისს კი მათ ანგარიშებს ინკასო დაადეს.

„დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, - წერს „ბათუმელები“.

გამოცემის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული მიზანი არასდროს არ უნდა იყოს მედიის მოგუდვა, გაჩერება: 

„წესით მისი მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, რათა გადასახადების გზით მიიღოს შემოსავლები და იზრუნოს სახელმწიფოს განვითარებაზე.

მით უფრო, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და მისი გაუქმება სახელმწიფოს გაუქმების ტოლფასია“.

შემოსავლებმის სამსახურმა ივნისის ბოლოს ინკასო დაადო რეგიონულ ტელეკომპანიის „თრიალეთისა“ და რადიოჰოლდინგ „ჰერეთის“ [აერთიანებს სამ რადიოს: თბილისში - „თბილისი“, კახეთში - „ჰერეთი“ და ბათუმში - „ციტრუსი“] ანგარიშებსაც.


კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო. 
ექვს თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
კატეგორია - საქართველო



კომუნიკაციების კომისიამ ფიზიკური პირის, ლევან მამფორიას საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა: 

„კერძოდ, მაუწყებელმა ლ. მამფორიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტის დაცვის გარეშე და ფაქტად გააშუქა ინფორმაცია, რომელიც მიღებული იყო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, მაყურებელს მკაფიოდ არ მიუთითა წყაროს ანონიმურობის შესახებ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა.

მაუწყებლის მიერ გავრცელებული სიუჟეტი შეეხებოდა კერძო პირს და შეიცავდა მის მიმართ მნიშვნელოვან ბრალდებებს, რაც განსაკუთრებული სიზუსტით უნდა გაშუქდეს და ტელევიზიამ უნდა გამოიყენოს ყველა გონივრული ზომა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ისიც, რომ მაუწყებელმა აღნიშნული სიუჟეტი სოციალური ქსელების მეშვეობითაც გაავრცელა, რითიც ასევე დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის განთავსების წესების შესახებ“.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საჩივარში მითითებული იყო მოთხოვნაც მაუწყებლის მიერ იმავე გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის შესახებ, რაც არ დააკმაყოფილეს, „ვინაიდან კომისიამ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგინა, რომ მაუწყებელს სათანადოდ არ ჰქონდა გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაცია, რაც არღვევდა აუდიტორიისთვის ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით მიწოდების  სტანდარტებს“.

როგორც ComCom-ი წერს, შესწავლილი გარემოებების საფუძველზე, კომისიამ ლევან მამფორიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ობიექტივი“ სამართალდამრღვევად ცნო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „დარღვევა 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში იქნა ჩადენილი, მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა“.

ამასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივს“ სიუჟეტის სოციალური ქსელიდან აღებაც დაავალა.

კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე თვეში „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, სამართალდამრღვევად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელევიზია.

ამ ტელეკომპანიების შემთხვევაშიც საჩივრების საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები გახდა. 

„ქართული ოცნების“ საჩივრები პირველი იყო, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, კანონის გარდამავლი დებულებით კი, მანამდე შეფარდებული სანქციები არ აღსრულდება. 

 
კატეგორია - საქართველო


პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ბაკურ ბაკურაძე გახდა. „მედია ჰოლდინგის“ [აერთიანებს „რუსთავი 2“-სა და „პრაიმ თაიმს“] ახალი ხელმძღვანელი ტელევიზიის თანამშრომლებს დღეს, 17 ივლისს, არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა. როგორც „რუსთავი 2“ წერს, ვაკო ავალიანი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა კი „TV პირველთან“ საუბრისას თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის „ეროვნულ“ ტელეარხად გადაქცევას გეგმავს. ბაკურ ბაკურაძე წარსულში „ქართულ ოცნების“ კონცერტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-ს - ქიბარ ხალვაში, 40%-ს კი ასევე ხალვაშის კუთვნილი კომპანია „შპს პანორამა“ ფლობს

2021 წლიდან, მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-მა და „პრაიმ თაიმმა“ სს „მედია ჰოლდინგი“ დააფუძნეს, ბაზარზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ლიცენზიით სწორედ ეს კომპანია ოპერირებს

„მედია ჰოლდინგში“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილი - 10%-ს, ხოლო „პრაიმ თაიმის“ წილი 90%-ს შეადგენს. კომპანია „პრაიმ თაიმის“ 50%-50%-იან წილებს კი თამარ ფხაკაძე და გიორგი ქუთათელაძე ფლობენ.

 
კატეგორია - საქართველო



„TV პირველის“ ჟურნალისტების: მარიამ გაფრინდაშვილის, ნანუკა ქაჯაიასა და ნატა ქაჯაიას საჩივარს  „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისია არსებითად ხვალ, 17 ივლისს, განიხილავს.

ჟურნალისტებმა კომისიას „სეზონი ტვ“-ის ეთერითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ პროგრამაში გადაცემის წამყვანისა და სტუმრის მიერ მათ მიმართ გამოთქმულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით 25 ივნისს მიმართეს და „სეზონი ტვ“-ისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს.

საჩივრის მიხედვით, 10  ივნისს, „სეზონი  ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გაჟღერდა არაერთი უმძიმესი, ღირსების შემლახავი და აშკარად შეურაცხმყოფელი გამონათქვამი „TV პირველის“ ჟურნალისტებისა და ტელეკომპანიის მიმართ:

„გაკეთებული განცხადებების ერთადერთი მიზანი იყო ჟურნალისტებისა და შპს „ტელეკომპანია პირველის“ დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის ფართო აუდიტორიაში სიძულვილის დანერგვა, მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა“.

საჩივარში აღნიშნულია, რომ ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიტო ჩუბინიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტები - „მეძავებად“, ტელევიზია კი „ბორდელად“ მოიხსენიეს. სხვა არაერთ შეურაცხმყოფელ ფრაზასთან ერთად, მათ თქვეს, რომ თითქოს ისინი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას „30 00 ლარად ჰყავს ნაყიდი“. 

მომჩივანები უთითებენ, რომ წამყვანების მონოლოგი/დიალოგი ფეისბუკ გვერდზეც განთავსდა: „ვიდეოებს ჰქონდა მაღალი გამოხმაურება. ის ათი ათასობით ადამიანმა ნახა, მოჰყვა შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამ გზით გაიზარდა ჟურნალისტებისთვისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხიც“.

ჟურნალისტებმა საჩივარში მიუთითეს „სეზონი ტვ“-ის მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თაობაზე მოთხოვნათა შესაძლო დარღვევაზეც. 

კომუნიკაციების კომისიამ მათი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით 3 ივლისის სხდომაზე იმსჯელა. ამ სხდომას ესწრებოდა „სეზონი ტვ“-ის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ სადავო პროგრამა შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ შეიცავდა და კომისიას საჩივარი არ უნდა განეხილა.

„სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ „TV პირველის“ ჟურნალისტებმა განცხადებით მიმართეს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც“. ქარტიის საბჭომ მათი განცხადება 27 ივნისის სხდომაზე განიხილა და მიიჩნია, რომ ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიმიტრი ჩუბინიძემ ქარტიის 1-ლი, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები დაარღვიეს.

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ნიკოლოზ მჟავანაძისა და დიმიტრი ჩუბინიძის წინააღმდეგ „სექსუალური შევიწროვების შინაარსის განცხადებების“ გამო სახალხო დამცველსაც მიმართეს.

პრორუსული ტელეკომპანიის „სეზონი ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკია. კანდელაკი სტალინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევა. 

„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევაში - „ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“ ვკითხულობთ: „კრემლისტური/ულტრამემარჯვენე მედიებიდან ყველაზე მეტ ანტიდასავლურ გზავნილს სეზონი ტვ-ის (318) წამყვანები ახმოვანებდნენ“. 

„სეზონი ტვ“ 2021 წლიდან მაუწყებლობს. მიმდინარე წლის 22 მაისს, ტელევიზიის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მისი ავტორიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო და „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლობის ენად ქართულთან ერთად, დამატებით რუსულიც განუსაზღვრა. 





კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი”ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ „მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წინააღმდეგ”.

ორგანიზაციის განცხადებით, „პროსახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა უნგრეთის მმართველი პარტიის, “ფიდესის” (Fidesz) ევროპარლამენტარ ჩაბა დიომეტორის განცხადებას. მან სტრასბურგში, მორიგი ანტიევროპული შინაარსის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2019 წლიდან 2023 წლამდე ევროკომისიამ არაკომერციულ ორგანიზაციებთან სულ მცირე 37,000 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი თქმით, ეს თანხები სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისთვის გამოიყენება და თითქოს აღნიშნული ორგანიზაციები ვიწრო მემარცხენე ელიტების იდეებს ატარებენ.

ამავე პარტიის მიერ გავრცელებულ მასალებში თითქოს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტები და მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ მასალაში აღნიშნულია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირისგან მიღებული აქვს 2,800,000 ევროზე მეტი, რაც აბსურდული და სიმართლეს მოკლებულია.

საზოგადოების წინაშე ჩვენი ანგარიშვალდბეულებისთვის ვთვლით საჭიროდ განვმარტოთ, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მუშაობას ევროკავშირი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში უწევს მხარდაჭერას, რაც საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ვიმუშაოთ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს უფლება, ახალგაზრდა პროფესიონალების განათლება, ადიქცია და ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა და უსაფრთხოების საკითხები.

თუმცა, როგორც უნგრელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული მონაცემები, ისე მისი ტირაჟირება პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მცდარია და რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში, მიმდინარე პერიოდში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მონაწილეობდა 3 სხვადასხვა სამწლიანი კოალიციური პროექტის განხორციელებაში, რომლებიც რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებს. ამ პროექტების ფარგლებში განაწილებული ბიუჯეტი არ ეხება მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას. უშუალოდ სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა 4.5-ჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რაც დეზინფორმაციულ სიუჟეტებშია მითითებული. აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

არ არის შემთხვევითი, რომ "ქართული ოცნება" და მის კონტროლქვეშ მყოფი პროპაგანდისტული მედიები იმეორებენ და ტირაჟირებენ უნგრეთის ანტიევროპული, ავტორიტარული რეჟიმის პრაქტიკებსა და გზავნილებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ვიქტორ ორბანი და მისი ნაციონალისტურ-მემარჯვენე პარტია გამოირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სისტემური შეზღუდვის პრაქტიკებით. იგი ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედებს, რის გამოც ევროკავშირმა მის მიმართ არაერთი სანქცია გამოიყენა. ორბანი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან და ხშირად განიხილება როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი ევროკავშირის შიგნით. უნგრელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის  ტირაჟირება პროსახელისუფლებო ქართულ მედიაში ასევე არ არის შემთხვევითი. ეს უკავშირდება “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების დაზიანება, დისკრედიტაცია და საზოგადოებრივი ნდობის შემცირება”.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის” საგანგაშოა, რომ პროსახელისუფლებო მედიები: საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია "იმედი",  სისტემურად არღვევენ ჟურნალისტიკის საბაზისო ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს:

„ისინი უარს ამბობენ ელემენტარულ ფაქტების გადამოწმებაზე, არ ამოწმებენ მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას და საზოგადოებაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რაც მათ აქცევს დეზინფორმაციის აქტიურ გამავრცელებლად და პოლიტიკური ინსტრუმენტად "ქართული ოცნების" ხელში. მით უფრო შემაშფოთებელია ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტექსტში, რომელიც საზოგადოების კუთვნილებაა და რომლის მისიაა დემოკრატიული ღირებულებებისა და პლურალიზმის მხარდაჭერა”.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს პოლიტიკას, რომელიც ემსახურება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური სივრცის შეკვეცას:

„ეს კამპანია უფრო ვრცელი და სისტემური პროცესის ნაწილია, რომელიც ასახავს მმართველი ძალის მზარდ ავტორიტარულ მიდრეკილებებს და ამავდროულად ცდილობს საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული განწყობების გაღრმავებას”.

 
კატეგორია - საქართველო


„Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა“ - მედია პლატფორმა, 10 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ინფორმაციაზე იმ ორგანიზაციების შესახებ, ვისთანაც ევროკომისია საქართველოში თანამშრომლობს, განცხადებას ავრცელებს:

„ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასული ინფორმაციის თანახმად, Chai Khana-მ ევროკომისიისგან 31 947 ევრო მიიღო და კონტრაქტის მიხედვით, ჯამში 532 117 ევროს მიიღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532 117 ევრო, არის ექვს ბენეფიციარ ქვეყანაზე გათვალისწინებული თანხა, რომელიც, სხვადასხვა მოცულობით გადანაწილდა შემდეგ ქვეყნებზე:

  • ჩეხეთი ​​(273 855,13 €)
  • უნგრეთი (89 139,99 €)
  • რუმინეთი (74 822,85 €)
  • სლოვაკეთი (32 180,79 €)
  • ხორვატია (56 537,52 €)
  • საქართველო (31 947€)

შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასახელებული თანხის, 532 117 ევროს, 94% არ წარმოადგენს Chai Khana-ს ბიუჯეტს, დასახელებული თანხა რეალურად ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების ბიუჯეტია.

მეტიც, პროექტის ფარგლებში, Chai Khana-მ ვერ მიიღო მისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 31 947 ევრო, რადგან „რუსული კანონის“ მიღების გამო, კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა. შესაბამისად, Chai Khana-ს მიღებული თანხის რეალური ოდენობა შეადგენს მხოლოდ 5 581 ევროს და არა 31 947 ევროს, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ ამტკიცებს.

პროექტის ფარგლებში Chai Khana-სთვის განკუთვნილი თანხა, 31  947 ევრო, ორ წელს მოიცავდა და მიზნად ისახავდა Kinedok პლატფორმის მეშვეობით საუკეთესო ევროპული და ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენებას საქართველოს მასშტაბით, ასევე ქართული დოკუმენტური კინოპროდუქციის გავრცელებას ქვეყნის გარეთ.

ინფორმაცია დაფინანსებული პროექტის, Kinedok-ის, შესახებ საჯაროა ევროკომისიის ვებგვერდზე, სადაც ასევე მითითებულია დაფინანსების ოდენობა, რომელიც Chai Khana-მ მიიღო. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედია პლატფორმა Chai Khana ტელეკომპანია „იმედის“ დეზინფორმაციის სამიზნე ხდება. ტელეკომპანიამ ახლო წარსულშიც მოამზადა სიუჟეტები ნეგატიურ კონტექსტში Chai Khana-ს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ.

„იმედის“ ეთერით დღეს გასულ ინფორმაციას მოჰყვება „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასება, რომელიც ახსენებს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”, იგივე ფარას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის განზრახვას და მისი დაშინების მცდელობას“.

 
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელევიზია, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, სამართალდამრღვევად ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

ComCom-მა „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ სამართალდამრღევებად 3 ივლისის სხდომაზე ერთხმად გამოაცხადა, გადაწყვეტილებები კი ოფიციალურ ვებგვერდზე 9 და 10 ივლისს გამოაქვეყნა.

----------------------------------------------------------
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა.

ამ საჩივრების საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები გახდა. 

„ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო. 
----------------------------------------------------------

როგორც კომუნიკაციების კომისია წერს, საკითხის შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, რომ „TV პირველმა“ და „ფორმულამ“ ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამაში საკუთარი პოზიცია  გამოხატეს, რაც მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს არღვევს.

„ქართული ოცნება“ დაობდა „TV პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, ComCom-ის შეფასებით, ტელევიზიებმა კანონი ამ შემთხვევებშიც დაარღვიეს. 

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ საჩივრებში მიუთითებდა, რომ მაუწყებლებმა ახალი ამბების პროგრამაში ფაქტი და მოსაზრება ერთმანეთისგან არ გამიჯნეს. ComCom-ის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ კანონის ამ პუნქტის დარღვევაზე მსჯელობა არარელევანტურად ჩათვალა. როგორც კომისია განმარტავს, „მაუწყებლის მიერ აღნიშნული პუნქტი ვერ დაირღვეოდა, იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა საერთოდ აკრძალულია“.

საბოლოოდ, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ტელევიზიებმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 59 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტები დაარღვიეს, თუმცა, მათ კანონით გათვალისწინებული სანქცია არ შეუფარდა, რადგან დარღვევა კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში მოხდა.

ComCom-ი წერს, რომ კომისიამ მხედველობაში ის გარემოებაც მიიღო, რომ მას აქამდე მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე არ უმსჯელია და არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები. 

3 ივლისის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა კრიტიკული ტელევიზიების სამართალდამრღვევებად ცნობის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ „ანალოგიური დარღვევების პრევენციას ხელს შეუწყობს არსებული გადაწყვეტილება და არსებული დასაბუთება“.

ComCom-ის გადაწყვეტილების შემდეგ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მზად არის, ძალაუფლების მქონე ჯგუფის მითითებით, შინაარსობრივი საკითხების ფართო სპექტრის რეგულირებით დაკავდეს:

„მაშინ, როცა კომისია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება „ანალოგიური დარღვევების პრევენციას“ შეუწყობს ხელს, ქარტია და ჟურნალისტური თემი შიშობს, რომ ის „მსუსხავ ეფექტს“ იქონიებს და ქვეყანაში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ დისკურსს გააღარიბებს.  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე, მუხლი, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს და ერთ-ერთია იმ მუხლებს შორის, რასაც საჩივარი ეყრდნობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. 

მედიისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, რაც სრულად სარედაქციო პოლიტიკის დისკრეციაშია, სხვა არაფერია, თუ არა პრესის თავისუფლების შეზღუდვა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლებისთვის ცენზურის დაწესება. მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალობა იმგვარი ტერმინებით აღწეროს, როგორც ის ხედავს მას თავისი სარედაქციო პოლიტიკის პრიზმიდან“. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, კანონის გარდამავლი დებულებით კი, მანამდე შეფარდებული სანქციები არ აღსრულდება. 

კატეგორია - საქართველო


2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური თბილისში, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში $1 მილიონზე მეტი ღირებულების 14 მიწის ნაკვეთს ფლობს (2 მიწის ნაკვეთის 50%-50%-ს გიორგი ჩხეიძესთან იყოფს). ასევე, მის საკუთრებაშია 2015-2019 წლებში ნაყიდი $178 060-ის ღირებულების 2 ბინა ბორჯომისა და დუშეთის რაიონებში.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ფლობს 2021-2023 წლებში შეძენილ 5 მსუბუქ ავტომანქანას: Ford F-150 raptor ($85 580), PORSCHE PANAMERA GTS (372 528 ლარი), BMW X7 XDRIVE 401 (238 156 ლარი), RANGE ROVER AUTOBIGRAPHY (602 052 ლარი), LAND ROVER DEFENDER (326 383 ლარი).

ბექაურის საკუთრებაშია € 56 ათასზე მეტი ღირებულების 5 ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან 3 მან 2024 წელს შეიძინა. კახი ბექაურს აქვს 4 მაჯის საათიც (Zenith-ის 2, Cartier და Rolex-ის), რომელთა საერთო ღირებულებაც $37 500 და €16 050-ია. 

გარდა ამისა, კახი ბექაურის მფლობელობაშია 2022-2023 წლებში შეძენილი არაერთი ფასიანი ქაღალდი:


კახი ბექაურის მიერ შევსებული დეკლარაციით, თბილისსა და ბათუმში, $3 მილიონამდე ღირებულების 19 ბინას (1 მემკვიდრეობით აქვს მიღებული) ფლობს ბექაურის მეუღლე, ეკატერინე ბერიძე. მან $704 500-ის ღირებულების 3 ბინა - 2024 წელს, ხოლო $174 000-ის ღირებულების 180 კვ.მ ფართის ბინა თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, 2025 წლის 14 აპრილს შეიძინა. 

ეკატერინე ბერიძის საკუთრებაშია 2023 წელს შეძენილი 365 364 ლარის ღირებულების 2 მსუბუქი ავტომანქანა და ამავე წელს შეძენილი € 7943-ს ღირებულების Cartier-ის ბრენდის მაჯის საათი.

კახა ბექაური ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს ოჯახის საბანკო ანგარიშებსაც, მათ შორის, ბექაურს „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე აქვს 1 650 000 ლარი, „თი-ბი-სი“ ბანკის შემნახველ ანგარიშზე კი -  4 447 155 ლარი. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის 2025 წლის დეკლარაციით, მის მფლობელობაშია სუპერმარკეტების ქსელის „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იანი წილი, საიდანაც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 20 515 605,11 ლარი (ხელზე აღებული თანხა) მიიღო. 

ბექაური, ასევე, ფლობს წილებს: შპს „ვარცლა ჰოტელ ენდ სპაში“, შპს „თბილისის სპორტინგის კლუბში“, შპს „კერა კაპიტალში“,  შპს „მეგაპოლის კლასიკსა“ და SCI NAP REAL ESTATE-ში (საფრანგეთი).

კახი ბექაურს 2024 წელს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ხელფასის სახით აღებული აქვს 202 310 ლარი, ხოლო ეკატერინე ბერიძემ, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორია,  გასულ წელს, ხელფასის სახით 297 480 ლარი აიღო.

2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ოჯახმა მიუთითა ის გასავალიც, რომლის ოდენობამაც 5 000 ლარს გადააჭარბა. მათ შორისაა:  

  • ავეჯის ღირებულება - 1 557 938 ლარი; ჩასაშენებელი ავეჯი - 52800 USD; ავეჯი, დეკორაცია - 11699,38 EUR;
  • მოგზაურობა, დასვენება - 71 109 EUR და 21 908 USD;
  • ეზოს გამწვანება - 136 488 ლარი;
  • ჭკვიანი სახლის სისტემის მონტაჟი - 51 758 ლარი;
  • ლიფტის შახტის მოწყობა - 34 417 ლარი;
  • აუზის მოწყობა - 118 953 ლარი;
31-გვერდიანი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კახი ბექაურმა 30 მაისს ჩააბარა.

ბექაური 2017 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა, ის მესამე ვადით არის არჩეული. მანამდე, 2014-2017 წლებში კახი ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების: „TV პირველის“, „ფორმულასა“ და „მთვარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობას ეხმაურება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის მიერ ტელეკომპანიების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, „როგორც ამას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულება მოითხოვდა, მან ამ გადაწყვეტილებით უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი შექმნა“.

ქარტიის განცხადებით, 3 ივლისს, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მზად არის, ძალაუფლების მქონე ჯგუფის მითითებით, შინაარსობრივი საკითხების ფართო სპექტრის რეგულირებით დაკავდეს:

„მაშინ, როცა კომისია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება „ანალოგიური დარღვევების პრევენციას“ შეუწყობს ხელს, ქარტია და ჟურნალისტური თემი შიშობს, რომ ის „მსუსხავ ეფექტს“ იქონიებს და ქვეყანაში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ დისკურსს გააღარიბებს.  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე, მუხლი, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს და ერთ-ერთია იმ მუხლებს შორის, რასაც საჩივარი ეყრდნობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. 

მედიისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, რაც სრულად სარედაქციო პოლიტიკის დისკრეციაშია, სხვა არაფერია, თუ არა პრესის თავისუფლების შეზღუდვა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლებისთვის ცენზურის დაწესება. მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალობა იმგვარი ტერმინებით აღწეროს, როგორც ის ხედავს მას თავისი სარედაქციო პოლიტიკის პრიზმიდან“. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მისი რეგულირების ქვეშ მოქმედი მაუწყებლების დამოუკიდებლობას მაშინაც კი, როდესაც ამ მაუწყებლებისგან წამოსული კრიტიკა ძალაუფლების სტრუქტურებს დისკომფორტს უქმნის, და იქცეს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის რეალურ გარანტად, როგორც ამას კომისიისთვის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოსთვის, მინიჭებული მანდატი ითვალისწინებს, „სხვა შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიის როლი სამაუწყებლო სექტორის განვითარებაში ცალსახად შეფასდება როგორც რეგრესული და უარყოფითი“.  

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა.

ამ საჩივრების საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებები იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო.  

1 აპრილის ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, მანამდე შეფარდებული სანქციები კი არ აღსრულდება. 

დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ საქართველოში მედიის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო ზეწოლას დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს.

როგორც IPI-ის განცხადებაში აღნიშნულია, საქართველო ყოველდღიურად სულ უფრო უახლოვდება სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს, რადგან „ქართული ოცნება“ დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლასა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას აქტიურად ცდილობს.

„ბოლო კვირის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ასევე, დაწესდა ახალი შეზღუდვები სასამართლო პროცესების გაშუქებაზე, ხოლო ბათუმის სასამართლომ, მზია ამაღლობელს პატიმრობა გაუხანგრძლივა მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ექიმების დასკვნა მისი მხედველობის მკვეთრი გაუარესების შესახებ.

საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, ვალდებულება აქვს იმოქმედოს, რათა დაგმოს და ეფექტური ზეწოლა მოახდინოს მმართველ პარტია „ქართული ოცნებაზე“, ინსტიტუტების ლიდერებსა და მოსამართლეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნაზე“.

„პრესის საერთაშორისო ისტიტუტი“ ასევე გამოემაურა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონსა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში  შესულ ცვლილებებს, რითაც მედიის მუშაობა კიდევ უფრო იზღუდება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ მედიისთვის სასამართლო პროცესების გადაღებას სინდისის პატიმრების საქმეების მიმდინარეობის პარალელურად კრძალავს.

IPI-ის შეფასებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა მედიის რეპრესიები, თუმცა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა სამაგალითო გამძლეობა გამოავლინეს და ცემის, შევიწროების, დაკავების, დაპატიმრების, შეურაცხყოფისა და დაჯარიმების მიუხადავდ, მაინც აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას.

„ასეთი მდგრადობის მიუხედავად, კონტროლისა და ბალანსის ძლიერი სისტემის, სამართლებრივი დაცვისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, აშკარა მტრობისა და შიშის ატმოსფეროს ფონზე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადარჩენა საქართველოში სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა [...] 

რეპრესიული, არადემოკრატიული და ანტილიბერალური კანონმდებლობის მიღება, პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოში – ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა. „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა რუსეთის ავტორიტარულ სახელმძღვანელოს კრიტიკოსების გასაჩუმებლად, ადამიანის უფლებების შელახვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დანგრევისთვის“.

ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გააუქმოს რეპრესიული კანონები, მათ შორის, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები.

გარდა ამისა, IPI „ქართული ოცნების“ პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონსა და სასამართლო პროცესების მედიაგაშუქების შემზღუდველ ცვლილებებზე.

„ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღობელი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი ქართული მედიის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა“, - აღნიშნულია „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადბაში.

 
კატეგორია - საქართველო


„“ქართული ოცნება“ „თრიალეთის“ დახურვას აპირებს!“ - რეგიონული ტელეკომპანიის განცხადებით, 30 ივნისს, შემოსავლების სამსახურმა „10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშებს ინკასო დაადო, რაც ნიშნავს, რომ „ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტოენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება“.

როგორც ტელეკომპანია წერს: „ივნისის თვეში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემებში, რამდენჯერმე გაშუქდა, საქართველოს სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ, კლასელის და მეჯვარის, კოტე ბუზალაძის, გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. „თრიალეთის“ თოქ-შოუს სტუმარმა, კახა კუკავამ, გააკრიტიკა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და სხვები.

აღნიშნულის შემდეგ, შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ სუს-ის დავალებით, აეკრძალათ „თრიალეთის“ ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა! 

ამავე დროს, შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ კობახიძის და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა „თრიალეთის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება!“.

„თრიალეთის“ განცხადებით, დავალიანების დაგროვების უპირველესი მიზეზი იყო „წინა ხელისუფლების ბრძოლა ტელეკომპანიის მიმართ“, შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართულ ოცნების“ „მხარში დადგომის“ მიუხედავად, ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა:

„„ქართული ოცნების” პირველმა გუბერნატორმა შიდა ქართლში, რომელმაც ორ წელზე მეტი თანამდებობაზე ყოფნა, მხოლოდ "თრიალეთის" წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.

შემდეგ წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან, “თრიალეთს” ებრძოდა ბევრი ის ადამიანი, “ნაციონალების” ხელისუფლებაში, “თრიალეთს” რომ მტრობდნენ“.

ტელეკომპანიის განმარტებით, მათთვის მძიმე პერიოდი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაც, რის გამოც, კომპანიას „დიდი ოდენობის ბანკის სესხის“ აღებაც მოუწია:

„კრიზისიდან გამომდინარე, „თრიალეთი“ გაჭირვებით  იხდიდა იმ აუცილებელ გადასახადებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ტელევიზიის ფუნქციონირება და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხებს სრულად ვერ ფარავდა.

კომპანია თანხას ვერ იხდიდა, თუმცა არც არავინ სთხოვდა დავალიანების გადახდას, მაგრამ, ამავე დროს, დავალიანების თანხას, ყოველდღიურად არიცხავდნენ საურავს, რის გამოც, საურავის ოდენობამ, დავალიანების ძირის თანხას გადაუსწრო.

„თრიალეთმა“, წლების მანძილზე, მრავალჯერ მიმართა ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად, მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია, ან გაეფორმებინათ საგადასახადო შეთანხმება, რაც მრავალი კომპანიის მიმართ, ათეულობით მილიონიან თანხებზე ხორციელდებოდა, თუმცა, „თრიალეთს“ ყოველთვის უარით პასუხობდნენ.

„თრიალეთს“ არ უკეთებდნენ ვალის რესტრუქტურიაზაციას, გადახდის ვადის გაწელვას, თუმცა, არც არავინ სთხოვდა გადახდას, მაგრამ, ყოველდღიური საურავების დარიცხვით, ზრდიდნენ დავალიანებას, სავარაუდოდ, ზუსტად ამ დროისთვის, ტელევიზიაზე ზეწოლის განსახორციელებლად!“

ტელევიზიის განცხადებით, „აი, ასეთი სცენარით, ხელოვნურად, აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომელიც პირველი და რეგიონებიდან ერთადერთი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებაში მოსვლისას დაუდგა მხარში!“

„აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომლის წილის 10 პროცენტსაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფლობს და სავარაუდოდ, ეს კომპანია გადაიბარებს დანარჩენ პროცენტებსაც!“ - ვკითხულობთ „თრიალეთის“ განცხადებაში. 

შემოსავლების სამსახურმა 25 ივნისს ინკასო დაადო რადიოჰოლდინგი „ჰერეთის“ [აერთიანებს სამ რადიოს: თბილისში - „თბილისი“, კახეთში - „ჰერეთი“ და ბათუმში - „ციტრუსი“] საბანკო ანგარიშსაც. როგორც კომპანიის დირექტორმა, რამაზ სამხარაძემ მაშინ დაწერა: 

„წლებია გვაქვს გარკვეული აღიარებული დავალიანება, ისევე როგორც თითქმის ყველა მედიას.

ვითარება ასეთია: რადიო „თბილისი“ ამ ეტაპზე ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად ემზადება — აგვისტოში გვეწურება მოქმედი ვადა და ვგეგმავთ გაგრძელებას მომდევნო 10 წლით.

20 ივნისს, კომუნიკაციების კომისიის წესების სრული დაცვით, უკვე გადავრიცხეთ საჭირო თანხა ბიუჯეტში…და დღეს დილით მივიღე „საქართველოს ბანკის“ შეტყობინება — ინკასო. არ მაქვს ილუზია, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. გუშინ მივმართე კრიტიკული პოსტით სოზარ სუბარს — დღეს ინკასო!

არაფერია შემთხვევითი. როცა დამოუკიდებელი მედიის ხმა გესმით და ის ხმამაღლა საუბრობს, პასუხიც სწრაფია — ანგარიშზე ჩარევა, ფინანსური წნეხი, ბერკეტი და ზეწოლა. ყველაფერი კავშირშია“.

30 ივნისს კი, რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან მედიაჰოლდინგი „ჰერეთი“ შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე დროებით აჩერებს გადაცემების და საინფორმაციო გამოშვებების სრულ მაუწყებლობას.

„რადიო „თბილისი“ FM93.5 კანონით განსაზღვრულ ვადაში – 20 აგვისტოს ჩათვლით – ეთერში რჩება, თუმცა მხოლოდ ტექნიკური მაუწყებლობის რეჟიმში. ( ზუსტად არც ის ვიცი რას გადაწყვეტს საბოლოოდ კომუნიკაციების კომისია, თუმცა ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენს თემას). ამ ეტაპზე საინფორმაციო და გადაცემების ბადე შეჩერებულია და დიდი იმედი მაქვს, განახლდება სექტემბერში, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება კრიზისის განმუხტვა“, - წერს სამხარაძე.


კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.

31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.
ხუთ თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
კატეგორია - საქართველო


დღეს, 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები კამერებით არ შეუშვეს. ამოქმედდა„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ის ცვლილებები, რომლითაც სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომის დარბაზში დაუშვებელი გახდა ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს.

სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება  მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაუშვან.

სასამართლოსთან მყოფი ჟურნალისტები დილიდან ამბობდნენ, რომ სხდომის გადაღებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. 

საღამოს მედიის წარმომადგენლები საღამოს იუსტიციის საბჭოსთანაც შეიკრიბნენ. მათ საბჭოს მიმდინარე სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა მანდატურის სამსახურმა ჟურნალისტებს ამის შესაძლებლობა არ მისცა.

 

 

მედიის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან კომუნიკაციასა და სასამართლო პროცესების გადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილ განცხადებებზე დროულ რეაგირებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს მოქნილი წესი, რაც ჟურნალისტებს შესაძლებლობას მისცემს, სასამართლო პროცესების გასაშუქებლად ნებართვის მისაღებად, საბჭოს დისტანციურად, მარტივად და სწრაფად მიმართონ.

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების ამოქმედებას გამოეხმაურა„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციისთვის ნათელია, რომ ეს ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ პირდაპირ განზრახვით იყო მიმართული:

„აღნიშნული ბიუროკრატიული მექანიზმი პრაქტიკულად სრულად უზღუდავს მედიას პროცესების გაშუქებას. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სასამართლო ეტაპის სასამართლო სხდომები - ე.წ. პირველი წარდგენის სხდომები მცირე საპროცესო ვადების გამო, ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ინიშნება. ასეთ ვითარებაში, მედიებს პრაქტიკულად არც კი დარჩებათ დრო, რომ მიიღონ დროულად პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნული, სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და  გამჭირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა. დაუსაბუთებლად დახურულად წარმოებული სამართალწარმოება  ტოვებს აღქმას საზოგადოებაში, რომ სასამართლოს ინტერესში არ შედის საზოგადოების ინფორმირება მართლმსაჯულების ხარისხის შესახებ, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზეც“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ კი იუსტიციის საბჭოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სხდომების გადაღებაზე ნებართვის გაცემის მარტივი და ნათელი პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, განცხადებებზე პასუხი სწრაფად მიიღოს.

ქარტიამ მოუწოდა საერთო სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოსაც, სხდომების ჩაწერაზე იზრუნონ და ეს ჩანაწერები მედიას დროულად და  გამოსადეგ ფორმატში მიაწოდონ:

„იმ დროს, როცა ქვეყანაში მრავალი იმგვარი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია, სასამართლო სისტემა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს პროცესების საჯაროობის უზრუნველსაყოფად“.

დღის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დადგენილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეოჩაწერის და ტრანსლაციის უკანონოდ განხორციელების პრევენციის შესახებ“ მიიღო. მასში ვკითხულობთ, რომ სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს დაწესებული აკრძალვების სათანადო აღსრულება დაევალათ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც მედიისთვის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, 26 ივნისს მიიღო. 

კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.
ხუთ თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.