საქართველო
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დახუროს გადაცემა „რეალური სივრცე“, უკანონოდ გაათავისუფლოს მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, გააფრთხილოს ჟურნალისტები და შექმნას არასათანადო სამუშაო გარემო. 

კოალიციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება მიზანმიმართული რეპრესიული ქმედებაა იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას, ამხელდნენ მასში არსებულ პოლიტიკურ გავლენებსა და პროპაგანდას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.  

„მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ და მათმა მომხრე საბჭოს წევრმა, მედიაში შექმნა ისეთი პირობები, რომლებიც გადაცემის გუნდს არ აძლევს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. გუნდისთვის შეთავაზებული სამუშაო პირობები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას გუნდის დასანაწევრებლად და პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობის წასართმევად. სამწუხაროდ, მაუწყებლის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ იყენებს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების მეთოდს, არამედ ასევე მიმართავს დისციპლინურ სანქციებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების წინააღმდეგ“.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აღნიშნავს, რომ თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით მაუწყებელი სისტემატურად ახორციელებს დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების დევნას, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და „რეალური სივრცის" გუნდის სხვა წევრების მიმართ. 

„ეს ქმედებები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება აქტიურად ითხოვს მაუწყებლისგან თავისი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას და ხალხის ხმის გაჟღერებას, ხოლო ზემოხსენებული ჟურნალისტები ღიად ითხოვდნენ ეთერების გახსნას და მოქალაქეების სათანადო ინფორმირებას.

მაუწყებლის ხელმძღვანელობის ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მანდატს და საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა მოხსენიებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი საქმიანობა შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება“.

კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სრულ სოლიდარობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ მათ მიერ გამოჩენილი პროფესიული სიმამაცე და ჟურნალისტური სტანდარტებისადმი ერთგულება მთელი ქართული მედიისთვის მაგალითია.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ხალხის საკუთრება და არა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული რუპორი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მაუწყებელმა შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება და ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდმა ტელევიზიის მენეჯმენტის შეთავაზებაზე: მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე, უარი თქვა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ თანამშრომლებს 30 აპრილს, წერილობით შეატყობინა. მანამდე კი, 11 აპრილს, „პირველმა არხმა“ სამსახურიდან ამ გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი და საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლა. 

 
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდმა ტელევიზიის მენეჯმენტის შეთავაზებაზე: მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე, უარი თქვა. 

„მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით.

ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა - „რეალური სივრცე“ და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი“, - გუნდის გადაწყვეტილება საზოგადოებას „რეალური სივრცის“ კორესპონდენტმა, თამარ მშვენიერაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. 

მათი შეფასებით, მენეჯმენტის განზრახვა გუნდის დანაწევრებაა, რათა „მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას - ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ თანამშრომლებს 30 აპრილს, წერილობით შეატყობინა:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს - „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“.

ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა „რეალური სივრცის“ თანამშრომლები: თამარ მშვენიერაძე, იოსებ კაციტაძე და ტუხა კვინიკაძეც

11 აპრილს „პირველმა არხმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც. 

ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ტელევიზიის გენერალური დირექტორის მიერ გაფრთხილებული თანამშრომლები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 

„რეალური სივრცე“ ტელევიზიიდან რადიოს ეთერში 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადავიდა. 

 

 

კატეგორია - საქართველო


100-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიაგამოცემა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს ერთობლივი წერილით მიმართავს და რეაგირებას ითხოვს:

„მედიის წარმომადგენლებს და პრესის თავისუფლების დამცველებს

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელშიც განსაკუთრებული სისწრაფით უარესდება მედიაგარემო, მოგმართავთ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს და გთხოვთ სოლიდარობას და ქმედით რეაგირებას.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მედიაკომპანიები და ჟურნალისტები სულ უფრო მეტად ხვდებიან ზეწოლის ქვეშ: ფიზიკური თავდასხმები, რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს ტაქტიკა, ავტორიტარული რეჟიმების ხელში, ყოველთვის გამოიყენებოდა მედიის გასაჩუმელად და კრიტიკული აზრის ჩასახშობად, თუმცა ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, უპრეცედენტო მასშტაბის, ფართო და სწრაფი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე.

მხოლოდ რამდენიმე თვეში, საქართველოს მმართველმა პარტიამ — ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით— არაერთი ისეთი კანონი და საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლებიც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემუქროს  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ახალი კანონებით, რომლებიც “უცხოეთის აგენტებად” გვრაცხავს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზაციები ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ პრესის თავისუფლების მხარდამჭერი საერთაშორსო ფონდებისგან, მათ შორის იმ ფონდებისგანაც, რომლებთანაც მსოფლიოში არაერთი მედია და მედიის დამცველი ორგანიზაცია თანამშრომლობს. ჟურნალისტებს უკვე ათასობით ლარის ჯარიმა დააკისრეს მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების გამო. ზოგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ცრუ ბრალდებებითაც კი დაადანაშაულეს. ჩვენი კოლეგები გახდნენ სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი— ზოგ მათგანს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს სპეცრაზმის წარმომადგენლები და ნიღბიანი, უცნობი პირები. რამდენიმე შემთხვევაში დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო — მათი გადარჩენას მხოლოდ შემთხვევითობას უნდა ვუმადლოდეთ. ამ მძიმე ფაქტების მიუხედავად, დღემდე არცერთი მოძალადე არ დაუკავებიათ.

ფიზიკურ თავდასხმებთან ერთად ყოველდღიურად ვაწყდებით მუქარას, სიძულვილის კამპანიებს, თავდასხმებს, შანტაჟის ზარებს, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას, მტრულ დამოკიდებულებას ოფიციალური პირებისგან და  სრულად ჩაკეტილ გარემოს, რომელიც მედიის თავისუფლად მუშაობას შეუძლებელს ხდის.

და ახლა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში პირველად, ქალი ჟურნალისტი — პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით — ციხეშია. მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი მედიის პიონერს საქართველოში და მედია პლატფორმის დამფუძნებელს, რომელმაც ბოლო 24 წლის განმავლობაში პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხელისუფლება მას რეგულარულად ასხამს ტალახს, ცრუობს მის წინააღმდეგ და „უცხოეთის ინტერესების გამტარებლად“ წარმოაჩენს. საქართველოს მმართველი პარტია მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის იმ განზრახვით, რომ მისი დევნით შეაშინებს და გააჩუმებს ყველა კრიტიკულ და დამოუკიდებელ ჟურნალისტს.

მზია ამაღლობელი არა მხოლოდ სინდისის პატიმარია, ის არის ქალი ჟურნალისტი, რომელმაც დაკავების შემდეგ გაუმართლებელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გადაიტანა. უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, მან 38 დღე იშიმშილა.

1 მაისს, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი მაუწყებელი — „მთავარი არხი“ — დაიხურა, რეპრესიებისა და პოლიტიკური ნიშნით შევიწროების მსხვერპლი გახდნენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები. საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, იდევნებიან კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები. ზოგიერთმა მათგანმა ოფიციალური გაფრთხილება მიიღო, სხვები გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციებიდან, დახურეს მაუწყებლის კრიტიკული და საზოგადოების პრობლემებზე ორიენტირებული გადაცემა “რეალური სივრცე”.

და მაინც, ჩვენ ვრჩებით ჩვენი საქმის ერთგულნი. მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, ქართველი ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიის პროფესიონალები ვაგრძელებთ საქმიანობას, ვამბობთ სიმართლეს და ვიბრძვით პრესის თავისუფლებისთვის.

ყველამ ვიცით, როგორ ანადგურებს ავტორიტარიზმი ოდესღაც მრავალფეროვან და თავისუფალ მედიაგარემოს. ეს ბევრ ქვეყანაში უკვე მოხდა. არ გვინდა, საქართველო იყოს შემდეგი.

თუ ჯერ კიდევ არ არის გვიან — ახლაა დრო, როცა ხმა უნდა ამოვიღოთ. გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით. გამოიყენეთ ყველა პლატფორმა, რომ ჩვენი ხმა მთელ მსოფლიოს მიაწვდინოთ, მიაწვდინოთ პატარა ქვეყნის — საქართველოს — მოწოდება, ქვეყნისა, რომელიც ადრე სხვა ქვეყნიდან დევნილ ჟურნალისტებს სთავაზობდა თავშესაფარს, ახლა კი თავად საჭიროებს დაცვას.

დაგვიდექით გვერდით — ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის, როგორც ეს თავად მზია ამაღლობელმა მოგვიწოდა ციხიდან“.

წერილზე ხელმომწერთა რაოდენობა განახლებადია. 

 
კატეგორია - საქართველო


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი მედიის წვლილსა და მისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაზე საუბრის ნაცვლად, იმ კრიზისზე საუბარი უწევს, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ:  

„2025 წლის 3 მაისს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემელი, რომლის დამსახურება ქართული მედიის მშენებლობაში შეუფასებელია, შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება. 

მაუწყებლობა შეწყვიტა „მთავარმა არხმა“, კრიტიკულმა ტელევიზიამ, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას აჩვენებდა იმ რეალობას, რომლის საგულდაგულოდ დამალვასაც პროპაგანდისტული მედია ცდილობს. 

ახალ შენობაში, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების გარეშე ხვდება 3 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დევნის და სამსახურიდან უშვებს განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს და ხურავს იმ გადაცემებს, რომლებშიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

მაუწყებელებს შინაარსობრივ საკითხებთან მიმართებით განსჯის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ამ ახალი მანდატით „ქართული ოცნების“ პარლამენტმა აღჭურვა. “ქართული ოცნების” მიერ  მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ ისარგებლებენ ვერც დასავლური ფინანსებით და ვერც დასავლური ექსპერტიზით“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხაზს უსვამს პროევროპული აქციების გაშუქებისას პოლიციელების, სპეცრაზმელებისა და სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან აფილირებული ძალადობრივი დაჯგუფებების წევრების მიერ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებსაც:

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჩვენება მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო, შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. დამნაშავეები დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას. 

ჯარიმას ჯარიმაზე იღებენ ის ჟურნალისტები, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ აქციებს. 

ჟურნალისტები სამართლებრივად იდევნებიან და ჯარიმდებიან უკვე ფეისბუქ სტატუსების გამოც. 

ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერ გაფრთხილებას იღებენ ჟურნალისტები, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სწორედაც რომ სამართალდამცავები დაესხნენ თავს და იმდენად სასტიკად სცემეს, რომ მათ სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ“. 

ქარტიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ინფრასტრუქტურა კრიტიკული ჟურნალისტებისთვის „მტრისა“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებებითაა დაკავებული და მათ მარგინალიზაციას ცდილობს. 

„საჯარო ინფორმაცია და საჯარო სივრცეები ჟურნალისტებისთვის დაკეტილია. თანამდებობის პირები ბარიერებს ამაგრებენ ჟურნალისტთა კრიტიკული კითხვებისგან თავის დასაცავად.  ონლაინ მედია ვერ აშუქებს პარლამენტის მუშაობას და ჟურნალისტებს ხშირად არ უშვებემ ადგილობრივი ხელისუფლების სხდომებზეც. მოსამართლეები თვითნებურად ართმევენ ჟურნალისტებს იმ სასამართლო პროცესების გაშუქების უფლებას, რომელთა  მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.

 საქართველოში არ უშვებენ იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“ კარი ფართოდ აქვს ღია ყველა ჯურის პროპაგანდისტისთვის“. 

ორგანიზაცია აღნიშნავს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ერთიმეორის მიყოლებით მიღებულ მედიის შემზღუდავ რეპრესიულ კანონებსაც:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოაყოლეს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი. დასავლურ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ.  

დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე - აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად“.  

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებს და მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება მის მიმართ, მედიასათან ურთიერთობისას იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და იმ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა ხელმომწერი საქართველოცაა. 

ქარტიის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიოს ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები, გაიწვიოს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და მისცეს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე, გააუქმოს ბოლო თვეებში მიღებული ყველა ის კანონი და ცვლილება კანონში, რომელმაც მედიის გარემო გააუარესა. 

 

კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 3 მაისს საქართველოში მედია მზარდი ავტორიტარიზმის რეალობაში ხვდება: 

„ვითარება, რომელშიც მედიას უწევს ოპერირება, ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული და არაუსაფრთხო პირობების  ფორმირებით.

ამ უკიდურესად მძიმე პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ იმ ჟურნალისტების, რედაქტორების, ოპერატორებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების შეუპოვრობა, ვინც ყოველდღიურად დგანან დემოკრატიის სადარაჯოზე და ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიულ ვალდებულებას - საზოგადოებისთვის სანდო და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას, ხშირად პირადი უსაფრთხოების ფასად“.

SJC-ი პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის მონაცემებსაც [მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველოს მდგომარეობა 11 ადგილით გაუარესდა] ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს შეფასება იმ სისტემურ ძალადობას ასახავს, რომელიც ჟურნალისტებზე როგორც ფიზიკური, ისე სამართლებრივი და ინსტიტუციური მეთოდებით ხორციელდება.

ორგანიზაციას მოჰყავს „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ 342 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის 112 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა იყო.  „სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის“ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ძალადობის უმრავლესობა პროევროპულ პროტესტებსა და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. 

„აღსანიშნავია, რომ პროტესტების დროს ჟურნალისტებზე ძალადობა თავად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა (მათ შორის: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, დავით ბიჭიკაშვილი, ნანუკა ქაჯაია, გიორგი შეწირული, დავით ცაგარელი, მარიამ ნიკურაძე). სამწუხაროდ, ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისათვის. ამავე დღეებში დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის უმძიმესი შემთხვევებიც, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მართული კერძო ძალადობრივი ჯგუფების მიერ იყო განხორციელებული (თავდასხმა მაკა ჩიხლაძეზე და მის ოპერატორზე, ასევე ჟურნალისტ მინდია გაბოძეზე). არც ერთი ამ საქმიდან დღემდე გამოძიებული არ არის“.

SJC-ის განცხადებით, მიმდინარე თვეებში უკანონო დაკავებების ტალღა 13 ჟურნალისტს შეეხო. მათ შორისაა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება:

„მისი საქმე წარმოაჩენს სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების კოორდინირებულ, უკანონო მოქმედებას ჟურნალისტის დასჯის მიზნით. მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის პირობებში მედიის დევნისა და შევიწროების სიმბოლურ სახედ იქცა“.

ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა მდგომარეობა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და პროპაგანდის გამტარ ინსტრუმენტად იქცა:

„განსაკუთრებით ბოლო თვეებში მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებები მიუთითებს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფაზე და შიდა კრიტიკული აზრის დევნის პრაქტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის შენობასთან უკვე თვეებია გრძელდება პროტესტი ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან, მენეჯმენტი კვლავ არ აძლევს ეთერში ხმას ამ ადამიანებს და არ გამოხატავს საზოგადოებრივ ინტერესს. გადაცემების ნაწილი ამ დრომდე შეჩერებულია, ხოლო ათეულობით ჟურნალისტს, რედაქტორსა და პროდიუსერს არ აქვს ინფორმაცია თავისი პროგრამებისა და სამსახურის მომავალზე.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს ღვაწლმოსილი ჟურნალისტები - ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. იმავე დღეს დისციპლინური სანქციები დაეკისრათ კიდევ 4 თანამშრომელს. დისციპლინური საფუძველი იყო მათი საჯარო განცხადებები, რომლებიც მაუწყებელმა მიიჩნია „სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებად“. ეს სანქციები უკავშირდება კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების შეშფოთებას მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და ცხადყოფს განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების დევნის პრაქტიკას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მაუწყებლის კანონით განსაზღვრულ საზოგადოებრივ მისიას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებსაც:

„სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული ავტორიტარული კანონები - მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), გრანტების შესახებ კანონში განხორციელებული უმძიმესი ცვლილებები - ქმნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცეს, რომელიც მედიას არა მხოლოდ ზღუდავს, არამედ ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებს.

მაუწყებლებისთვის განსაკუთრებით მძიმეა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში გატარებული ცვლილებები, რომლებიც მედიის საქმიანობაზე შინაარსობრივ კონტროლს აწესებს და თვითრეგულირების მექანიზმების ნაცვლად სახელმწიფო ზედამხედველობას აძლიერებს. განსაკუთრებით მძიმე და უსამართლოა ტელე და რადიომაუწყებლებისთვის უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ ფინანსურ რესურსებზე წვდომას და აძლიერებს მათ დამოკიდებულებას უთანასწორო ბაზარზე.

კომერციული მედია ასევე მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას. მათი დიდი ნაწილი შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსებით ოპერირებს და უჭირს მიმდინარე პროცესების სათანადოდ გაშუქება. ზოგიერთმა კრიტიკულმა მედიამ, მათ შორის "მთავარმა არხმა", იძულებით შეაჩერა მაუწყებლობა. არსებობა შეწყვიტა რამდენიმე რეგიონულმა პლატფორმამაც - მაგალითად, "ლაივპრესმა", რომელმაც 12 წლის განმავლობაში აშუქებდა მოვლენებს სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აფხაზეთში“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენად გვევლინება, რადგან ის არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალებაა, არამედ ძალაუფლების სტრუქტურების ანგარიშვალდებულისა და კონტროლის მექანიზმიც. 

„დამოუკიდებელი მედია ის სივრცეა, სადაც მოქალაქეები კრიტიკულად მსჯელობენ საჯარო საკითხებზე და აფორმებენ საზოგადოებრივ აზრს, რაც წინაპირობაა ლეგიტიმური და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

„საინფორმაციო ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში ყოველთვის ნიშნავს კრიტიკული დისკურსის ჩახშობას და პოლიტიკური თუ ეკონომიკური დომინაციის მოპოვებას. მედიის თავისუფლება იძლევა საშუალებას, რომ დომინანტური იდეოლოგიების პარალელურად არსებობდეს ალტერნატიული დისკურსები და ნარატივები, რომლებიც არსებული ძალაუფლების სისტემებს უწევენ წინააღმდეგობას და ახდენენ საზოგადოებრივი ინტერესებისა და გამოცდილებების არტიკულაციას. შესაბამისად, მედიის შეზღუდვა არა მხოლოდ უფლებების დარღვევაა, არამედ დემოკრატიის სტრუქტურის დესტაბილიზაცია, რაც ანგრევს საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და ამარტივებს ავტორიტარიზმის დაკანონებას.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ კონტექსტში, როდესაც პროპაგანდა მმართველი პარტიის მიერ გამოყენებულია როგორც ძირითადი და მძლავრი პოლიტიკური იარაღი. ასეთ ვითარებაში თავისუფალი მედია რჩება ერთადერთ ინსტიტუციურ გარანტიად, რომელიც საზოგადოებას აძლევს წვდომას ძალაუფლებისგან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე და მონაწილეობის შესაძლებლობას დემოკრატიული პროცესების ფორმირებაში“, - აღნიშნულია SJC-ის განცხადებაში.



TI: „ძალადობრივი სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ“

ქარტია: „3 მაისს მზია ამაღლობელი შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება“


 

კატეგორია - საქართველო


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ქართული მედია ისეთი გამოწვევებით ხვდება, როგორებიცაა: არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა აღრიცხა. 

TI-ის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება „ქართული ოცნების“ მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის „მანკიერი გამოყენების პრაქტიკა“ 3 ძირითად მიმართულებად დააჯგუფა: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადექვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, დამოუკიდებელი მედიის მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებისა და გაძლიერებული ღია რეპრესიების ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს:

„მთლიანობაში, ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი ველის სრულად მოსუფთავება და გაქრობაა. მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირობის პირობებშიც კი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას. რის ხელშეშლასაც „ქართული ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული კანონებით ცდილობს“. 

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. 

ქარტია წერს, რომ „დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე - აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად“.

კატეგორია - საქართველო


„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა. 

  • „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
  • 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში  – 169 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;
  • ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან – 22  ინციდენტი;
  • ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:
  • პროევროპული პროტესტის დროს – 11  დაკავება;
  • პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში,  გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების  34 შემთხვევა აღირიცხა.  (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, - წერს CMIS-ი 3 მაისთან დაკავდირებით. 

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.

 
კატეგორია - საქართველო


პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის -  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2025 წლის ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 50.53 ქულითაა შეფასებული და 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს. ამ რეიტინგში საქართველო, გასულ წელთან შედარებით, 11 ადგილით ჩამოქვეითდა. 2024 წელს ქვეყანა 103-ე ადგილს იკავებდა, მედიის თავისუფლების ხარისხი კი 53.05 ქულით იყო შეფასებული.

RSF-ის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური პირების ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ არახელსაყრელი რჩება. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის“.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უთითებს, რომ მედია სივრცე მრავალფეროვანი და ამავდროულად, პოლიტიკურად ძლიერ პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას“.

RSF-ი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერაც არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯია.

„მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გამყარების წინარე რეფორმების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, რომელიც რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობის ასლია, რაც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ წყაროების კონფიდენციალურობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით“.

საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს ეკონომიკურ კონტექსტსაც და აღნიშნავს, რომ კერძო მედიასაშუალებების ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონით კიდევ უფრო დამძიმდა. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ ხშირია ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს.

რაც შეეხა რეგიონს, პრესის თავისუფლების ხარისხი სომხეთში წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით გაუმჯობესდა და ის 180 ქვეყნიდან 34-ე ადგილს იკავებს. მედიის თავისუფლების მდგომარეობა 9 პოზიციით - რუსეთში, ხოლო აზერბაიჯანში 3 პოზიციით გაუარესდა და რეიტინგში ეს ქვეყნები 171-ე და 167-ე ადგილებს იკავებენ. რაც შეეხება თურქეთს, ის  რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდა და 159-ე ადგილზეა.

RSF-ი პრესის თავისუფლების ინდექსს 5 ინდიკატორის მიხედვით [პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი და უსაფრთხოება] აფასებს.

კატეგორია - საქართველო


პარლამენტმა გადაცემის - „ხალხთან ერთად“ წამყვანს, ელისო ჯარიაშვილსა და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს, თათა ფორაქიშვილს აკრედიტაციის მიღება 1 თვის ვადით შეუზღუდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს პარლამენტის აპარატის უფროსმა აკრედიტაციის მიღების უფლება „ქართული ოცნების“ დეპუტატების, არჩილ გორდულაძისა და ნინო წილოსანის მიმართვის საფუძველზე, მათთან „ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის“ გამო შეუზღუდა. 

ელისო ჯარიაშვილსთვის გაგზავნილ წერილში კახა ოქროჯანაშვილი განმარტავს, რომ „2025 წლის 16 აპრილს, საქართველოს პარლამეტის სასახლეში, მიუხედავად პარლამენტის წევრის (არჩილ გორდულაძის) მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას რაც დასტურდება ერთის მხრივ, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადებით № 2-5393/25 და ასევე მოწოდებული ვიდეო მტკიცებულებით“.

ანალოგიური შინაარსის არის თათა ფორაქიშვილისთვის გაგზავნილი წერილიც:  „2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს პარლამეტის სასახლეში, მიუხედავად პარლამენტის წევრის (ნინო წილოსანის) მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას რაც დასტურდება ერთის მხრივ, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადებით № 2-4921/25 და ასევე მოწოდებული ვიდეო მტკიცებულებით“.

პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე მიიღო. 

აკრედიტაციის ამ წესის მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუ შეწყვიტოს.

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.

მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა აკრედიტაცია 6 თვით  შეუჩერაTV პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც. 

2024 წელს კი, პარლამენტმა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“  ჟურნალისტებსაც. ეს შემთხვევები მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშებშიც. 

 
კატეგორია - საქართველო



საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა. ამ გადაწყევტილების შესახებ ტელევზიიამ თანამშრომლებს დღეს წერილობითი ფორმით შეატყობინა: 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს - „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“.

„რეალური სივრცის“ გუნდი ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყევტილებისა და მიღებული შეთავაზების შესახებ პრესკონფერენციას ორშაბათს, 5 მაისს გამართავს. 

ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. სოსო კაციტაძეს, თამარ მშვენიერაძესა და ტუხა კვინიკაძეს კი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა. 

ნინო ზაუტაშვილის არხიდან გათავისუფლების შემდეგ „რეალური სივრცე“ „პირველი არხის“ რადიო ეთერში აღარ გასულა. გადაცემა ტელევიზიიდან რადიოს ეთერში კი 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადავიდა. 



კატეგორია - საქართველო


ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სატელევიზიო მაუწყებლობა, რომელიც ეთერში თითქმის 6 წელი გადიოდა, დღეს, 1 მაისს შეწყდა. 

ტელევიზიის განცხადებით, ამ ეტაპზე მუშაობას მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი: სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს, სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად კი არანაირი საშუალება აღარ დარჩა:

„5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს „ქართული ოცნება“.

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ „მთავარი არხის“ თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვითა და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა „მთავარი არხი“ და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით „მთავარი არხის“ გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო. მომავალ შეხვედრამდე“.

„მთავარი არხის“ ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელევიზიის ჟურნალისტებმა სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ მათ არხის მაუწყებლობის სრულად შეწყვეტასთან დაკავშირებით შეატყობინა. 

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა არხის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დაახლოებით 40%-იანი წილის მფლობელმა, ზაზა ოქუაშვილმა „მთავარი არხის“ დახურვა გადაწყვიტა. გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის დირექტორს, გოგი ქურდაძეს „[ზაზა] ოქუაშვილის დავალებების მორჩილი შემსრულებელი უწოდა“. მისი თქმით, ქურდაძე კომპანიაში ყველა ფინანსურ ოპერაციას ბლოკავდა და კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე უარს ამბობდა.

ამავე დღეს ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენება მოითხოვა. გოგი ქურდაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, დაერეგისტრიერებინა ცვლილება გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე „მთავარი არხის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე მოითხოვდა, თუმცა რეესტრმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

27 იანვარს „მთავარმა არხმა“ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ტელევიზიას ეტაპობრივად ხურავდა. 15 თებერვლიდან კი არხზე შეჩერდა გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და ტელევიზია თანამშრომლების ნაწილმა დატოვა. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო: გურამ მურადოვი


დღეს, 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წელს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლომ იმსჯელა მხარეების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებზე და მტკიცებულებების გამოთხოვის მიზნით, საქმის განხილვა 2025 წლის 16 ივნისამდე გადადო.

სასამართლოში სარჩელი 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სახელით „მედიაომბუდსმენმა“ წარადგინა. მოსარჩელები პოლიციელების მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, რომელიც საბოლოოდ 2024 წლის 14 მაისს მიიღო, პირველად 2023 წელს დააინიცირა, რასაც პროტესტი მოჰყვა. მარტში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია კი ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, 2023 წლის 2-9 მარტის პერიოდში სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლების მიმართ ისეთ ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის ჩარტყმა), სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, დამამცირებელი მიმართვა, ძალადობის მუქარა), კამერაზე ხელის აფარება, იძულებით გაყვანა გადაღების ადგილიდან, პარლამენტის შენობიდან გაგდება და სხვა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება “მედიაომბუდსმენის” მიერ წარდგენილ ფაქტებზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე შეუსრულებელია, რაც დამატებით აღრმავებს უნდობლობას გამოძიების ეფექტიანობის მიმართ.

სასამართლო დავა წარმოადგენს კიდევ ერთ სამართლებრივ მცდელობას, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების უფლების დაცვა. აღნიშნული სარჩელის დროული და სრულფასოვანი განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების განმტკიცებისთვის“, - წერს მედიაომბუდსმენი.

მთლიანობაში, 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 21 წარმომადგენელს შეეშალა, საიდანაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 9 ჟურნალისტსა და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. სასამართლოში სარჩელი კი მედიის 18 წარმომადგენლის სახელით შევიდა.