საქართველო
კატეგორია - საქართველო


საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა წნეხის ქვეშ უწევს. „ქართული ოცნება“ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს ერთიმეორის მიყოლებით იღებს. დაფინანსების გზების გადაკეტვა ერთ-ერთი მეთოდია, რასაც მმართველი პარტია მათ ჩასახშობად იყენებს. 

2025 წელს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ორმა მთავარმა არხმა ტელემაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლის 10.7%  - 10 585 573 ლარი მიიღო. 99.2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ძირითადად ოთხ სამთავრობო არხზე გადანაწილდა. მაგალითად, „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ ჯამური სარეკლამო შემოსავალი 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ - 45 044 153 ლარი. 
                                                                              


როგორ ახერხებს მაუწყებლობას ფინანსურ კრიზისში მყოფი ორი მთავარი კრიტიკული ტელევიზია?

ამ კითხვაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი, მიშა მშვილდაძე გვპასუხობს, რომ მცირე სარეკლამო შემოსავლებით, ფუნქციონირებას აგრძელებენ „მოთმინების, უხელფასობის ან ხელფასის მცირე ნაწილის აღებისა და (ვერ)ყოფნის ხარჯზე. ასევე, საკუთარი საქმის კეთების მნიშვნელობის გააზრებისა და ამით მეტის ატანის ხარჯზე. კიდევ იმ რწმენის ხარჯზე, რომ  ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ, მიხვდება, რომ ამ მძიმე პერიოდში უნდა დაგვეხმაროს, რომ სიცოცხლე გავაგრძელოთ და ეს კითხვები დავსვათ!“ 



„ყველა ადამიანს, ვინც აქ მუშაობს, გააზრებული აქვს, რომ არხი - ასეთი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით სჭირდება ქვეყანას“ და ეს არის ის, რამაც, ნოდარ მელაძის თქმით, ტელევიზია დღემდე მოიყვანა. 

„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მწირი რესურსის გამო ტელევიზია ახლა პრაქტიკულად გადარჩენის რეჟიმში მუშაობს და ამის მთავარი მიზეზი სარეკლამო ბაზრის არასამართლიანი გადანაწილებაა. 

„ბიზნესის ნაწილი მისი რეკლამის 100% ანთავსებს მხოლოდ სამთავრობო არხებზე, ამის გამო თავისუფალი ტელევიზიები წლიდან წლამდე უფრო მძიმე ვითარებაში არიან. რესურსი არის მწირი როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური. ახლა პრაქტიკულად გადარჩენის რეჟიმში მუშაობს „TV პირველი“, რომ შეძლოს იმ სამაუწყებლო ბადის შენარჩუნება, რაც არხზე არსებობს“, - გვიყვება ნოდარ მელაძე და იმ ადამიანური და ტექნიკური რესურსის მნიშვნელობას გვიხსნის, რაც ტელევიზიას მაუწყებლობისთვის სჭირდება:




„ჩვენი მაუწყებლობა ვრცელდება მთელს საქართველოზე, მათ შორის ღია მულტიპლექსის სისტემით, ეს არის საკმაოდ დიდი ხარჯი. სიგნალის ტელევიზიიდან მიტანა პროვაიდერ „სტერეო პლიუსამდე“ ოპტიკური ქსელით, შემდეგ - მთელს საქართველოზე გავრცელება, სატელიტური მაუწყებლობა, პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრიდან, სამი დამოუკიდებელი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის წყაროა აუცილებელი როგორც გადამცემ მოწყობილობაში, ისე მიმღებ სადგურზე. ეკრანზე ყველაფერი მარტივად ჩანს, თუმცა ამას რთული ტექნიკური და დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. არხი მწირი შემოსავლებით, პირველი რიგში, ამ ხარჯების დაფარვას ცდილობს. როგორც კი აგვიანებ გადახდას, ითიშები. ეს ნიშნავს, რომ მაუწყებლობა გაითიშება, პირველ რიგში, იმ ხალხთან, ვისაც არ აქვს საკაბელო ქსელი ან IP ტელევიზია - რეგიონებში, ასევე ციხეებშიც, სადაც არაერთი პატიმრისთვის ჩვენი არხი ინფორმაციის პირველწყაროა“. 

მელაძის თქმით, მაუწყებლობის გადასახადის დაფარვის მიზნით, ცდილობენ დაიწყონ ფანდრაიზინგის კამპანიაც - „გაუზიარე „TV პირველი“ სხვას“. 

                                                                              
„გააძლიერე მედია - დაიცავი სიტყვის თავისუფლება!“ - ფანდრაიზინგის კამპანია დაწყებული აქვს ტელეკომპანია ფორმულასაც.

                                                                              

ტელევიზიებს ფინანსურმა კრიზისმა, ტექნიკური რესურსის სიმწირით გამოწვეული სირთულეების გარდა, ადამიანური რესურსების პრობლემაც შეუქმნა. სახელფასო დავალიანებების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი იძულებული ხდება პროფესია დატოვოს ანდა შემოსავლის ალტერნატიული გზები ეძებოს. 

სწორედ ამიტომ ტელევიზიაში მუშაობა მუდმივი წნეხის გარდა, მათ შორის ფინანსურ სირთულეებთან გამკლავებას ნიშნავს ლევან ლომიძისთვის. „ფორმულას“ წამყვანი ამბობს, რომ „ეს არ არის სტაბილური, კომფორტული მედიაგარემო - ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღე უნდა ამტკიცო, რომ თავისუფალი სიტყვა ჯერ კიდევ ღირს ძალისხმევად. ხშირად რესურსები შეზღუდულია, რისკები - მაღალი, მაგრამ ამავდროულად პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა. პირობები იმაზე მძიმეა, ვიდრე ამას მაყურებელი ან სტუმარი ხედავს. ფინანსური სირთულეების გარდა, კადრების დეფიციტია, ხშირად გვიწევს ტექნიკური პერსონალის ჩანაცვლებაც, იქნება ეს მეტიტრე, სუფლიორი, კოორდინატორი თუ სხვა და ამის პარალელურად, ხელფასები უფრო და უფრო მცირდება, იმ შემცირებულ ოდენობას კი ჩვენამდე მოსაღწევად თვეები სჭირდება“.



ლომიძე ცდილობს ციფრული სივრცეც გამოიყენოს და აუდიტორიასთან პირდაპირი კავშირი შეინარჩუნოს, პარალელურად კი, „გავაკეთე მცირე ბიზნესი (ონლაინ მაღაზია), თუმცა ჩემი შემოსავლის ძირითად წყაროდ კონტენტ კრეატორობა ვაქციე. ამ დამატებითი შრომით ვახერხებ იმას, რომ მედიაში დავრჩე და მინიმალური, ტელევიზიამდე მისასვლელი თანხა მაინც გამოვიმუშავო, ჩემი დროის, დასვენების დღეების არ არსებობის და გადაწვის სანაცვლოდ“.

„ჩვენ რომ მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა, ეს უკვე ყველამ იცის, ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ჩანს ბოლო - როდის გამოსწორდება ვითარება“, - გვიყვება „TV პირველის“ წამყვანი, ვიკა ბუკია: „ტელევიზიაში ყველას რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვს: მემონტაჟეს, ოპერატორს, ჟურნალისტს… ჩვენი შრომა და თავდადება ჩანს, ვგულისხმობ ადამიანებს, ვისაც ეკრანზე გვხედავენ, მოდიან, მადლობას გვიხდიან, გვაქებენ… ეს ერთგვარი მოტივაციაა, რომ მუშაობა გააგრძელო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ოპერატორი, მემონტაჟე, ხმის ოპერატორი, გამნათებელი - უამრავი ადამიანი, რომელიც მუშაობს და რომლის თავდადებაც არ ჩანს, მათაც არ აქვთ დღეს შემოსავალი. აქ არ არის საუბარი ფუფუნების საგნებზე, ადამიანებს ხანდახან სამსახურში მოსასვლელი ფული არ აქვთ. ამას ხშირად ემატება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა“. ბუკია იქვე ამატებს, რომ არხს მწირი რესურსების მიუხედავად, საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.




„ალბათ, ტელეკომპანია „იმედის“ ერთი რომელიმე მეგა შოუს ბიუჯეტი მთელი ჩვენი ტელევიზიის წლიურ ბიუჯეტზე უფრო დიდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მეორე-მესამე ადგილზე ვართ და ჩვენთან ბიზნესს რეკლამა არ მოაქვს, რაც პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ“. 



ვიკა ბუკიას ჩვენთან საუბრისას უწევს იმის თქმაც, რომ „სამწუხაროდ, ალბათ, დადგება მომენტი, როდესაც ვეღარ გავაგრძელებთ მუშაობას. მე ისიც არ მეგონა, რომ აქამდე ვიმუშავებდით და ამხელა კრიზისს გავუძლებდით, მაგრამ ახლაც გელაპარაკებით და თან სამსახურში მივდივარ, გადაცემისთვის რომ მოვემზადო და წავიყვანო“. 

„TV პირველის“ ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას თქმით, ხშირად სრულს - კი არა, ნახევარ ანაზღაურებას ვერ იღებენ, თუმცა რაღაცნაირად მაინც უმკლავდებიან:

„პირობები ძალიან დამძიმდა, თუმცა რაღაცნაირად მაინც ვუმკლავდებით. მაყურებელი ხშირად ხედავს ტელეფონით, ონლაინ ჩაწერილ რესპონდენტებს. ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. არის მომენტები, როდესაც ფიზიკურად ავტომობილი და მძღოლი არ გვყავს, ან - თავისუფალი ოპერატორი და ჟურნალისტი. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის ურესურსობაა, რაც „ქართული ოცნების“ შეზღუდვებმა მოგვიტანა. ზოგადად მედიაგარემოა ასეთი ქვეყანაში, ოღონდ, ცხადია, მხოლოდ კრიტიკული მედიებისთვის, რის გამოც ვცდილობთ ერთმანეთსაც დავეხმაროთ. ხშირად სიგნალს ვაძლევთ ერთმანეთს, ან ორ-ორი მიკროფონით ვმუშაობთ - ჩვენით და კოლეგა კრიტიკული მედიის. ასეთი შემთხვევაც მქონდა რამდენიმე დღის წინ, მაგალითად“.



როდემდე აპირებ მუშაობას? - ეს კითხვა სხვადასხვა ფორმით ნანუკასთვის ხშირად დაუსვამთ, პასუხი კი ყოველთვის ერთი აქვს: „დღეს ჟურნალისტობა უბრალოდ მაყურებლისთვის ამბის თხრობა აღარაა. სულ მაქვს განცდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად იმედი ვართ იმ ადამიანების, ვისაც ჩაგრავენ, დევნიან, უკანონოდ აპატიმრებენ. შესაბამისად, სანამ ადამიანურად და პროფესიულად შემეძლება ამ ბრძოლაში მიკროფონით ყოფნა, წასვლას არსად ვაპირებ. ჩემთვის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს ჩაგრული ადამიანებია, დღეს განსაკუთრებით ჩვენი სინდისის პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, ის ბრძოლის ჟინი და შეუჩერებლობა, ის სიმართლე, ის მუხტი, ის ზარები და კომენტარები, რასაც მათგან ვიღებ. და ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ ამ ადამიანების ხმის საზოგადოებამდე მისატანად“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისთვის, ვახო სანაიასთვის მედია „უკანასკნელი ბასტიონია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ დაამარცხა“ და აპირებს, რომ იმუშაოს ბოლომდე, „უფრო სწორედ ვიმუშავო იქამდე, რომ ეს ბოლო არ დადგეს“.




„მე ხშირად ვამბობ, ელექტროენერგია რომ გაგვითიშონ, ერთ ხელში სანთელს დავიჭერ, მეორეში - მიკროფონს და ეთერში მაინც გავალ. 

პრაქტიკულად ყველა არხზე მიმუშავია, ყველანაირი პრობლემა გაგვივლია, მაგრამ არ მახსენდება არაფერი მსგავსი და იმასთან მიახლოებულიც კი, რასაც ახლა გავდივართ და რა პირობებშიც გვიწევს მუშაობა. 

ძალიან მძიმე ვითარებაა, გადაღებაზე წასვლის რესურსი არ არის, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური. შეიძლება მანქანა არ იყოს, ან მანქანა იყოს და საწვავი არ იყოს. არ არის ის აუცილებელი რესურსი, არხმა გამართულად რომ იფუნქციონიროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ფორმულა“ მაინც მაუწყებლობს. ძალიან რთულია ახსნა, რატომ არ ქრება ჩვენი ეკრანი?! მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული თანამშრომელი არა მხოლოდ მაყურებლის ინფორმირებაზე ზრუნავს, არამედ ამ არხის გადარჩენისთვის იბრძვის“. 

                                                                              


„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით მოამზადა ანგარიშისაქართველოზე. RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალადა წერილობით გააფრთხილატელე და რადიო მაუწყებლები. მედიას მნიშვნელოვნად შეეზღუდასასამართლოში მუშაობაც. გასულ წელს სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. შარშან მაუწყებლობა ვეღარ გაანახლეს რეგიონულმა მაუწყებლებმაც. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობითაც აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024-2025 წლების სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევაში იმ უზარმაზარ დისპროპორციასა და სარეკლამო ბაზრის არათანაბარ განაწილებაზე წერს, რაც პროსამთავრობო და კრიტიკულ მაუწყებლებს შორის ფიქსირდება და უთითებს, რომ „კრიტიკული მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის ამარა“.



კატეგორია - საქართველო

 


როგორც „მედიის განვითარების ფონდი“ წერს, მაშინ, როცა კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო სათემო მაუწყებლებსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ კანონმდებლობის დარღვევას ედავება, ჩინეთის საელჩო საქართველოში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის - „ჩინეთის პანორმა“ დაფინანსებას კვლავ აგრძელებს

MDF-ის ცნობით, 2025 წელს, „ობიექტივის” Youtube არხზე „ჩინური პანორამას“ სულ 31 ჩანაწერია ხელმისაწვდომი. გადაცემათა ციკლი დაახლოებით 50-წუთიანია და ჩინეთის დროშისა და რუკის ფონზე წამყვანისა და მოწვეული სტუმრის ფორმატში გადის. მისი ძირითადი წამყვანი ბადრი ნაჭყებია, პერიოდულად კი - ბორის მანჟუკოვი. „ჩინური პანორამა“ ჩინეთის ეკონომიკასა და პოლიტიკას, ასევე, მის როლს გლობალურ მოვლენებში პოზიტიურად წარმოაჩენს. 

„“ობიექტივი”, რომელსაც ჩინეთის საელჩოსგან გადაცემის განთავსებისთვის დაფინანსება მე-2 კვარტალში აქვს მიღებული, იდენტური შემოსავალი მე-4 კვარტალშიც უფიქსირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალის თანახმად, 2025 წლის მე-4 კვარტალში ტელეკომპანია “ობიექტივის” შემოსავალი 25,305 ლარს შეადგენდა, საიდანაც 12,605 ლარი მფლობელის, ირაკლი ცილიკიშვილის შემოწირულებაა, 12,700 ლარი კი - ჩინეთის საელჩოსგან მიღებული შემოსავალი. 

ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე კატეგორიაში „7000 ლარს ზემოთ დაფინანსება” „ობიექტივს” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს გასწვრივ გადაცემის განთავსება და სპონსორობა აქვს მითითებული; ხოლოს დაფინანსების წყაროების შესახებ კატეგორიაში - მხოლოდ სპონსორობა“. 



2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

როგორც „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ირაკლი ცილიკიშვილმა „მედიის განვითარების ფონდს“ განუცხადა, ჩინეთის საელჩოსგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ სპონსორობის თანხაა და გადაცემის განთავსების კატეგორიის დამატება შესაძლოა, ბუღალტრის შეცდომაა. „მისი თქმით, ჩინეთის საელჩო გადაცემა “ჩინურ პანორამას” ასპონსორებს, რაც კანონით დაშვებული გამონაკლისია“. 

როგორც MDF-ი წერს, კატეგორიაში - „7000 ლარს ზემოთ დაფინანსება“ „ობიექტივს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს გასწვრივ გადაცემის განთავსება 2025 წლის მე-2 კვარტალშიც აქვს მითითებული, როცა მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება უკვე აკრძალული ჰქონდათ

„მედიის განვითარების ფონდმა კომუნიკაციების კომისიას მიმართა შეკითხვით დაიწყო თუ არა ტელეკომპანია “ობიექტივის” მიერ უცხოური ძალის დაფინანსების მიღების და, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის შესწავლა ან გეგმავს თუ არა ფაქტზე რეაგირებას. მარეგულირებლის პასუხში ნათქვამია, რომ მაუწყებლის მიერ შევსებული ფორმების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ, აღნიშნულთან დაკავშირებით, მაუწყებლისგან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა“. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 ივნისიდან კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივის“ საქმიანობასთან დაკავშირებით ორი საქმე განიხილა, თუმცა უცხოური დაფინანსებით გადაცემის განთავსებასთან დაკავშირებული არც ერთი არ იყო. 

ამავდროულად, კომისიამ დასავლური შემოსავლების მიღების გამო გააფრთხილა ტელე და რადიომაუწყებლები. 22 იანვარს, ComCom-მა 2025 წლის III კვარტალში, ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა „რადიო მარნეული“. 2025 წლის 9 ოქტომბერს კი კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების გამო „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რადიოები: „ნორი“, „მარნეული“, „პოზიტივი“ გააფრთხილა.

 
კატეგორია - საქართველო


2025 წელს ტელევიზიებმა 99.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. analytics.comcom.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი - 78.48% ოთხ სამთავრობო არხზე მოდის. მათგან კი ყველაზე მეტი - 45 044 153 ლარი (45.4%) „იმედმა“ მიიღო.  

Analytics.comcom. ge-ის მიხედვით, 2025 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავალი 59-მა ტელემაუწყებელმა მიიღო.


ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ორმა ტელევიზიამ 2025 წელს, ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ ჯამური სარეკლამო შემოსავალი მაგალითად, 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელემაუწყებლების მიერ გასულ წელს მიღებული შემოსავალი - 99.2 მილიონი ლარი 2024 წელთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი. 

2024 წელთან შედარებით გასულ წელს ყველაზე მეტად „ჯი-დი-ესის“, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის კომერციული სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა. მაგალითად, „ჯი-დი-ესის“ შემოსავალი ბოლო წელს 4 115 716 ლარით გაიზარდა, „იმედის“ - 20 242 055 ლარით, „რუსთავი 2“-მა კი 8 342 726 ლარით მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო.


რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა. 

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.


კატეგორია - საქართველო

„ქრონიკა+“-ისა და Cnews-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ დაიწყო.

„აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

ელისო კილაძის  მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელისო კილაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ტელეკომპანია პირველმა“ გაავრცელა. ტელევიზიის ცნობით, კილაძე დღეს დილით სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავა.

კატეგორია - საქართველო

 

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ შესული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს:

„მედიასაშუალება ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შევსებული ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს“.


მან სპეციალური ფორმის დაცვით შევსებულ განაცხადში ჟურნალისტის პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზანი და სასურველი თარიღიც უნდა მიუთითოს. აპარატის უფროსი კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში მიიღებს. 

----------------------------------------
„ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც ის რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, არსებობის შემთხვევაში – ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე შესაბამისი ჟურნალისტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მის მიერ დაკავებული თანამდებობა, მისი მობილური ტელეფონის ნომერი, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლის კონკრეტული მიზანი და სასურველი თარიღი. ამასთანავე, ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დასტურს, რომ აღნიშნული ჟურნალისტი გაეცნო ამ წესით გათვალისწინებულ აკრედიტებული ჟურნალისტის ქცევის წესებს“. 
----------------------------------------

2026 წლის 1 იანვრამდე, ჟურნალისტი, რომელსაც საპარლამენტო აკრედიტაცია არ ჰქონდა, ან მედიასაშუალება ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განცხადებას აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსს ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნიდა. დეპარტამენტი კი გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში იღებდა.  

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ 2025 წლის 12 ნოემბერს შესული ცვლილებებით, მედიასაშუალებამ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა შეავსოს განაცხადი საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის (წლიური) მისაღებადაც. 

------------------------------------------
„აპარატის უფროსი არაუგვიანეს სააკრედიტაციო წლის წინა წლის 25 დეკემბრისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემის შესახებ ან მის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის მაძიებელი აკმაყოფილებს აკრედიტაციის მისაღებად ამ წესით დადგენილ ყველა მოთხოვნას“. 
------------------------------------------

შეიცვალა აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობაც და 10-ის ნაცვლად, საზოგადოებრივ ტელემაუწყებლებსა და საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლებს საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღება არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისთვის შეუძლიათ. უცვლელად, ისევ - არაუმეტეს 4 ჟურნალისტის საპარლამენტო აკრედიტაციაა დასაშვები ონლაინგამოცემებისთვის. 

აკრედიტაციის წესს დაემატა ზემოთ აღნიშნული ორი დანართიც. 

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“ შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცდა. ამ წესით განსაზღვრულია აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლები, აკრედიტებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებებიც. ამ წესის საფუძველზე ითხოვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და მიღების უფლების შეზღუდვას

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.





კატეგორია - საქართველო

 

„ფორმულას“ თანადამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე ტელეკომპანიაში მის წილს - 32.25% თმობს და არხის დირექტორს, მიშა მშვილდაძეს გადასცემს, „რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე“.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „ფორმულაში“ ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს მიშა მშვილდაძეს, რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე.

6 წლის განმავლობაში მთელი ჩემი დრო, ენერგია და რესურსი დავუთმე „ფორმულას“ მშენებლობას. იდეა, რომელიც თავიდან ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, დღეს უკვე იქცა რეიტინგულ, სანდო და მაყურებლისთვის საყვარელ არხად. მინდა მადლობა გადავუხადო ფორმულა კრეატივის თანადამფუძნებლებს გიორგი ლიფონავას და ირაკლი საღინაძეს, რადგან სწორედ „ფორმულა კრეატივი“ წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც შემდგომ მთლიანად არხი აშენდა.

ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის არხის დამფუძნებელსა და ინვესტორს დავით კეზერაშვილს. სწორედ მასთან პარტნიორობამ გახადა შესაძლებელი ამ არხის დაფუძნება, არსებობა და განვითარება.

და ბოლოს, მინდა გულით ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება. „ფორმულა“ არ არის მხოლოდ ტელევიზია - ეს არის იდეა და ფასეულობები.

ეს არის თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, პროდასავლური ხედვა და ის ერთობა, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა შექმნეს.

„ფორმულა“ ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ პერიოდად ჩემს ცხოვრებაში“, - წერს ზუკა გუმბარიძე სოციალურ ქსელში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ამჟამად ასეა განაწილებული: მიხეილ მშვილდაძე - 38.25%; ზურაბ გუმბარიძე - 32.25%; ირაკლი საღინაძე - 2.25%; გიორგი ლიფონავა - 2.25%; „თავისუფლების ფორმულა“ - 25%.

2025 წლის მარტში დავით კეზერაშვილმა თავის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს სრულად, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. მშვილდაძე, რომელიც არხის 12.25%-იან წილს ფლობდა, ამ ცვლილებით, ტელევიზიის ყველაზე დიდი წილის (38.25%) მფლობელი გახდა.

მაშინ „ფორმულას“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ გუმბარიძეს 10-10% 1 ლარად გადასცეს არხის 12.25-12.25%-იანი წილის მფლობელებმა, ირაკლი საღინაძემ და გიორგი ლიფონავამ. გუმბარიძე იქამდე არხის 12.25%-ს ფლობდა.

მიშა მშვილდაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორი 2025 წლის მაისიდან არის.

ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა. 

თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა.

 





კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ეხმაურება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ამ ფაქტით და თავ-თავიანთი უწყებრივი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომები მიიღონ მსგავს სიტუაციებში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

„ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, რომ გუშინ, 11 თებერვალს, სასტუმრო „პარაგრაფში“, ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ირანის ისლამური რევილუციის გამარჯვების 47-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უცნობმა პირებმა მის ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ჟურნალისტი ადგილზე ღონისძიების და ირანელი აქტივისტი ქალის საპროტესტო პერფორმანსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა მას ტელეფონი წაართვა და გადაუგდო. უცნობმა პირებმა ჟურნალისტს გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს, ხოლო შემდგომ იმაში დასარწმუნებლად, რომ მან მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო- და ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. ამავე პირებმა ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.

„პუბლიკა“ ვარაუდობს, რომ ინციდენტს შეესწრნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა იმის გამო, რომ ეს პირები სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ და კითხვებზე ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ, გამოცემამ იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ სამსახურს წამოადგენდნენ ისინი, ვერ შეძლო“.  

26 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს და ადგილზე გადაღებული კადრები წაუშალეს „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძესაც.

-------------------------

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოზე, რომელშიც ქვეყნის მედიაგარემოა შეფასებული.

RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

გასული წლის ნოემბერში ქართული დამოუკიდებელი მედიის დევნის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებზე ანგარიში - „პროტესტის 1 წელი - კრიტიკული მედია ხალხის სამსახურში“ გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც“. 

 
კატეგორია - საქართველო


ვახტანგ აბაშიძეს კომუნიკაციების კომისიის წევრობის ვადა ეწურება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, აბაშიძის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე, მთავრობამ კომუნიკაციების კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 11 თებერვლიდან ღია კონკურსი გამოაცხადა. კომისიის წევრობაზე კანდიდატურის დასახელების უფლება ყველას აქვს, შესაბამის საბუთებს მთავრობის ადმინისტრაცია 12 მარტის ჩათვლით მიიღებს.

ვახტანგ აბაშიძე 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, 2017 წლიდან კი კომისიის წევრია. აბაშიძე ComCom-ის თავმჯდომარე იყო 2000-2004 წლებშიც. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, ComCom-ის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნდება, საკონკურსო კომისია წარსადგენი კანდიდატების შესახებ რეკომენდაციას გასცემს, შემდეგ მთავრობა არანაკლებ სამ კანდიდატურას პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.

კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ ახალ თავმჯდომარედ 29 იანვარს, 3 წლის ვადით, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩია. გულორდავა კომისიის წევრად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა. კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა კახი ბექაურს ამოეწურა.

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ 10 თებერვალს, „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი, შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შემსრულებლად 1 თვის ვადით, „მედიასკოლის“ ხელმძღვანელი და სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე დანიშნა.

----------------------------------------

კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედია კრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის ფუნქციებში საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაც შედის. 

კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება.

--------------------------------------

გოგა გულორდავამ შავერდაშვილის გათავისუფლება საკადრო ცვლილებებს დაუკავშირა. „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, მან სამსახურიდან 10-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. 

კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“  ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

--------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებიც. 

2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამოც. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. ამასთან, ComCom-მა  სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. „იმედის“ წინააღმდეგ კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარიც.



კატეგორია - საქართველო

 

კომუნიკაციების კომისიამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

ComCom-ი წერს, რომ „შესწავლილი გარემოებების მიხედვით, სადავო სიუჟეტები წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინ მედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინ მედიის დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინ მედიების მიერ თავიანთ საქმიანობაში“. 

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ „მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტურ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი სტანდარტები“ და „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

„სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, ბრენდული სახელწოდებით „რადიო თბილისი FM 93.5“, ComCom-ს გადაცემა „იმედის კვირაში“, 2025 წლის 23 და 30 ნოემბერს, გასული გასული სიუჟეტების გამო მიმართა. მომჩივანის შეფასებით, „იმედმა“ „რადიო თბილისი FM 93.5“-ისა და კომპანიის დამფუძნებლის, რამაზ სამხარაძის შესახებ არაზუსტი, ცრუ, შეცდომაში შემყვანი და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან „წარმოჩენილი იყვნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ და უცხოური სპეცსამსახურების კონტექსტში მოქმედი სუბიექტები“:

„საჩივრის თანახმად, სიუჟეტში გამოყენებული იყო კომპანიის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და კომპანიის ლოგო. სიუჟეტში მითითებული ბრალდებები წარმოდგენილი იყო ფაქტის სახით და არ ეფუძნებოდა არც სასამართლო გადაწყვეტილებას, არც ოფიციალურ დასკვნას და არც გადამოწმებულ ფაქტობრივ წყაროებს“.

ასევე, რამაზ სამხარაძის განცხადებით, სიუჟეტის მომზადებისას მაუწყებლიდან მისი კომენტარის ან პოზიციის გასაგებად და ინფორმაციის გადასამოწმებლად არავინ დაკავშირებია. მან სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით, წერილობით „იმედსაც“ მიმართა და არასწორი (მცდარი) ფაქტების გასწორება ან უარყოფა მოითხოვა.

ტელეკომპანიის წერილობითი განმარტებით კი, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ „იმედისთვის“ პასუხის უფლების მოთხოვნით არ მიუმართავს, „რადგან მომჩივანის წერილში არ იყო მითითებული მსგავსი მოთხოვნა და არც შესაბამისი სამაართლებრივი საფუძველი. შპს „ტელეიმედის“ წერილობით პოზიციააში აღნიშნულია, რომ მომჩივანის მოთხოვნა მოიცავდა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და ბოდიშის გავრცელებას, რაც შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია“.

რამაზ სამხარაძემ კომუნიკაციების კომისიას „იმედის კვირის“ სადავო სიუჟეტებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის - „ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ რამდენიმე პუნქტის დარღვევის დასადგენად მიმართა. 

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის არცერთი (4) საჩივარიც. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული

კატეგორია - საქართველო

 

„მედია აკადემიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 1 თვის ვადით, 10 თებერვლიდან, „მედიასკოლის“ ხელმძღვანელი და სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა.

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ შორენა შავერდაშვილი „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან სწორედ ამ დღეს, 10 თებერვალს, გაათავისუფლა. გულორდავას ბრძანების მიხედვით, მასთან საბოლოო ანგარიშსწორება „ფაქტობრივად ნამუშევარი დღეებისა და კომისიასა და შორენა შავერდაშვილს შორის 2026 წლის 6 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიხედვით“ მოხდა. 

გოგა გულორდავა 2 კვირაა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეა. მან შორენა შავერდაშვილის გათავისუფლება საკადრო ცვლილებებს დაუკავშირა. „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, ახალმა თავმჯდომარემ სამსახურიდან 10-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. გულორდავამ გიორგი ფუტკარაძესთან დაკავშირებით, რომელიც „მედია აკადემიაში“ 2019 წლიდან მუშაობს, „რადიო თავისუფლებასთან“ გუშინ  თქვა, რომ ჯერჯერობით მასთან თანამშრომლობა გრძელდება და წინსწრებით საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება: „ახლა კურსი უნდა მიეღო. უნდა ჩაამთავროს ის ვადა, რა ვადაშიც სასწავლო კურსი უნდა დასრულდეს“.

„მედია სკოლის“ 4-თვიან სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება „მედია აკადემიას“ ჯერ დასრულებული არ აქვს. მათი ინფორმაციით, მორიგმა ნაკადმა სწავლა 9 მარტიდან უნდა დაიწყოს. ფუტკარაძემ ამ თემაზე „მედიაჩეკერთან“ საუბარი არ ისურვა, ჩვენს ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას გუშინ არ უპასუხა შორენა შავერდაშვილმაც. შავერდაშვილი „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი 2021 წლის სექტემბრიდან იყო. 

----------------------------------------

კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედია კრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის ფუნქციები საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაც შედის. 

კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება.

--------------------------------------

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა ComCom-ის წევრად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კი გოგა გულორდავა, 3 წლის ვადით, 29 იანვარს აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი, ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში, კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა. კომისია 5 წევრისგან შედგება: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და გოგა გულორდავა. მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“  ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა კახი ბექაურს ამოეწურა.

--------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებიც. 
2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამოც. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. ამასთან, ComCom-მა  სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. 


კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

გოგა გულორდავა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას შორენა შავერდაშვილის გათავისუფლებას საკადრო ცვლილებებს უკავშირებს: „ეს შიდასამსახურეობრივი ამბებია, უბრალოდ, ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. ბუნებრივი ამბავია, ხდება ხოლმე, მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე ვერავინ ვერ იქნება…“

გულორდავას თქმით, რამდენიმე საკადრო ცვლილების მიუხედავად, „მედია აკადემია“ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას. 

„მედიაჩეკერის“ ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა თავად შორენა შავერდაშვილმა. „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი შავერდაშვილი 2021 წლის სექტემბრიდან იყო. 

კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედია კრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის ფუნქციები საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაც შედის. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა, 3 წლის ვადით, 29 იანვარს აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი, ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში, კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ, 5 ხმით, დაუჭირა

კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“  ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა კახი ბექაურს ამოეწურა. ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან იყო. ის მესამე ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე  ერთი და იმავე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა შეუძლებელი იყო. 2019 წელს მიღებული ცვლილებით კი, ეს შეზღუდვა გაუქმდა.

კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან შედგება: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და გოგა გულორდავა. მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება. 

--------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებიც. 

2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამოც. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. ამასთან, ComCom-მა  სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი(4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

 




კატეგორია - საქართველო


თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივარზე, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ბერაიამ გადაწყვეტილება 6 თებერვალს გამოაცხადა. 

ივანოვ-ჩიქოვანის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ თქვა, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს განცხადება რომ არ გაეკეთებინა და სიტყვით არ გამოსულიყო, ტელევიზიასთან ხალხი არ მივიდოდაო, რაც ადვოკატის შეფასებით, აბსურდია: „ის ხალხი იმიტომ მივიდა იქ, რომ არ კეთდებოდა საზოგადოერივ მაუწყებელში ის, რაც უნდა გაკეთებულიყო“.

„მოვითხოვეთ ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა. პირველმა ინსტანციამ სარჩელი არ დააკმაყოფილა, შემდეგ მივმართეთ მეორე ინსტანციას და მოვითხოვეთ, რომ გაეუქმებინათ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საქმე შეესწავლათ, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად და დაბრუნებულიყო უკან. სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ ძალაში ვტოვებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასო და ბოლოს ისეთი კომენტარებით ახსნა, რაც გითხარით“, - ამბობს იასაშვილი.

როგორც ივანოვ-ჩიქოვანის ადვოკატმა აღნიშნა, სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა. მასთან ერთად გაათავისუფლეს გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. მოგვიანებით, „პირველმა არხმა“ დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2026 წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძეც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.