„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა, რომელიც არასათანადო მოპყრობას შეეხება.
„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა“, - წერს საია.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დავობს, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი (არაეფექტიანი გამოძიება), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში:
„დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის მხრიდან გამოყენებული გაუმართლებელი ფიზიკური ძალა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა და გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას. აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა მზია ამაღლობელის დამცირებას დისკრიმინაციული მოტივით.
არაეფექტიანი გამოძიება (მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი): სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ. გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე, არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეოჩანაწერები, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა. გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარე სათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ. ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი.
გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებიც: ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეო კადრებში ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა. ასევე, ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა თავს დამკავებლებად ასახელებენ, მაშინ როცა კადრებით დასტურდება, რომ ბჟალავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. გამოძიებამ არ დააიდენტიფიცირა და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძემ აღიარა, რომ სწორედ ის აგინებს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფა (მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას. ვინაიდან ეს ზომები მზია ამაღლობელის მიმართ მხოლოდ მისი დამცირების მიზნით, ცინიკური და გენდერულად დისკრიმინაციული მოტივით იქნა გამოყენებული და სცილდებოდა სამართლებრივ ფარგლებს.
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში): ქვეყნის შიგნით არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რათა პირმა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი. მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა და გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა. კერძოდ, პროკურატურა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით არ პასუხობს, ხოლო სასამართლო კი, თავის მხრივ, ფორმალისტური მიდგომით უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს პროკურატურის წერილობითი უარი. პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობამ და სასამართლოს ამგვარმა პოზიციამ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის რეალური საშუალების გარეშე, რამაც შეუძლებელი გახადა დარღვეული უფლებების აღდგენა ეროვნულ დონეზე“.
სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის 2 საქმეს. პირველი ეხება ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე უკვე წარადგინა, ხოლო მეორე საჩივარი, რომელიც მზიას ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა.
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დავა დასრულებულია. მის მიმართ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოში გასაჩივრება აღარ შეიძლება.
ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას ითხოვდნენ. თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოსგან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და ამაღლობელისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვდა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.
მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.



