„საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადებით, კომუნიკაციების კომისია მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, რომ იმ საკითხებზე, რა მიზეზითაც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტ TV“ დაასანქცირა, კომისიაში საჩივარი არავის შეუტანია.
ორგანიზაცია წერს, რომ 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში მხოლოდ „საქართველოს მომავლოს აკადემიამ“ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ კომისიაში ოთხი საჩივარი შეიტანა: „გასაჩივრებული სიუჟეტები ეხებოდა რუსული პროპაგანდის სტილში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მთავარი მიზანიც ევროპელი პარტნიორებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაშავებით საზოგადოებაში ანტიევროპული და პრორუსული განწყობების გაღვივება იყო“.
მომავლის აკადემის აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისიამ მათი არც ერთ საჩივარი არ დააკმაყოფილა და „ოთხივე შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედი“ აბსურდული და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული არგუმენტებით „გაამართლა““.
„კერძოდ, კომისიამ განაცხადა, რომ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაჟღერებული ტყუილები და მიკერძოებული უარყოფითი შეფასებები ეფუძნებოდა ჟურნალისტურ გამოძიებას და შესაბამისად, მასში გაჟღერებული ინფორმაცია არ მიეკუთვნებოდა არც ფაქტებს და არც მოსაზრებებს, არამედ წარმოადგენდა „ბრალდებებს“, ხოლო „ბრალდება“ კომისიის პოზიციით, სიზუსტის კუთხით შემოწმებას არ ექვემდებარება. ამგვარი განმარტება სრულიად წინააღმდეგობაში მოდის როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კანონმდებლობასთან, რომელიც გამოხატვის შინაარსის შეფასებისას მხოლოდ ორ კატეგორიას, ფაქტსა და მოსაზრებას, იცნობს. „ბრალდება“ როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი კატეგორია არც ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობს და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში.
ამ ხელოვნური კატეგორიის შემოღებით კომუნიკაციების კომისიამ რეალურად გაათავისუფლა რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქცირებული ტელეკომპანია „იმედი“ იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც მაუწყებლებს ეკისრებათ - უზრუნველყონ ინფორმაციის სიზუსტე, თავი შეიკავონ პირადი დამოკიდებულებების გამოხატვისგან და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. ამავე დროს, კომისიამ უგულებელყო საკუთარი წინა პრაქტიკა, როდესაც კრიტიკულ ტელეკომპანიებს დაუდგინა დარღვევა ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა „რეჟიმი“, „გარუსება“, „კლანის სასამართლო“.
ფაქტობრივად, კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებებით არა მხოლოდ არ უზრუნველყო მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ხელი შეუწყო სანქცირებული ტელეკომპანია იმედის მიერ რუსული სტილის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას, რომლებიც ახლა უკვე საერთაშორისო დონეზეც შეფასდა როგორც რუსეთის გავლენის ოპერაციის ნაწილი“, - ვკითხულობთ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, კომისიის ბოლო განცხადება კიდევ უფრო შემაშფოთებელია: „კომისია, ერთი მხრივ, მედიის თავისუფლების სახელით ცდილობს დაიცვას „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებული სანქცირებული პროპაგანდისტული მაუწყებლები, ხოლო მეორე მხრივ, აანონსებს თავისუფალი და კრიტიკული მედიის ცენზურას. ამ გზით კი კომუნიკაციების კომისია თავადაც პირდაპირ იღებს პასუხისმგებლობას იმ გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის გავრცელებას საქართველოში“.
კომუნიკაციების კომისიის მიერ 6 მარტს გაავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში“. კომისია აღნიშნავს, რომ „საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია“.
ComCom-ის ამავე განცხადების მიხედვით, აუცილებლად მიაჩნიათ, რომ „მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“.
კომუნიკაციების კომისიის ამ განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიცია“. ორგანიზაციის შეფასებით, ის „შეიცავს მკაფიო სიგნალებს დამოუკიდებელი მედიის მიმართ შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ კომისია, რომელიც კანონით უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მედიის თავისუფლების გარანტი, საკუთარი განცხადებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზად არის გამოიყენოს რეგულირების მექანიზმები მედიის სარედაქციო საქმიანობის შეფასებისა და კონტროლის ინსტრუმენტად“.
სამთავრობო ტელეკომპანიები: „იმედი“ და POSTV დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.
2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევებად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები. ამასთან, ComCom-მა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. „იმედის“ წინააღმდეგ კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარიც.



