ტელეკომპანია „ფორმულამ“, რომელმაც შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო
გუშინ პირდაპირ ეთერში მუშაობა შეწყვიტა, საინფორმაციო მაუწყებლობა
დღეს, 20:00 საათზე განაახლა. ნინო ჟიჟილაშვილმა პირდაპირ ეთერში
დაბრუნებისას თქვა, რომ ტექნიკური წინააღმდეგობები ნაწილობრივ
აღმოფხვრილია.
„დავიწყებთ მადლობით, პირველ რიგში,
მეხანძრე-მაშველების მისამართით, მათ გადაარჩინეს ჩვენი მეგობრების
სიცოცხლე. მადლობა მაყურებელს, თქვენი მხარდაჭერა იყო ძალიან ძლიერი,
რამაც ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვამხნევა. „ფორმულა“ იმუშავებს მანამდე,
ვიდრე თქვენ დაგჭირდებით ნამდვილი ამბების გასაგებად, ვიქნებით თქვენი
კითხვების დასასმელად, თქვენი ინტერესის დასაცავად, ჩვენი საერთო
მიზნების ერთად მისაღწევად. ეს არხი არის თქვენი და ყველაფერს
გააკეთებს, რომ იმუშაოს თქვენთვის, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს თითოეულ
ჩვენგანს“, - ამ სიტყვებით დაიწყო ჟიჟილაშვილმა გადაცემა „ახალი
ფორმულა“.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნეს ცენტრში, რომლის რამდენიმე სართულზეც „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი გუშინ, შუადღით გაჩნდა.
მე-17 სართულზე, ტელევიზიის ნიუსრუმში მყოფმა 22-მა
ადამიანმა შენობა მეხანძრე-მაშველების დახმარებით დატოვა.
დაკვამლიანების გამო ისინი შენობიდან გამოსვლას ერთ საათზე მეტხანს
ვერ ახერხებდნენ.
„ახალ ფორმულაში“ სტუმრობისას ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა
დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ
თქვა, რომ მათი მოვალეობაა ის, რაც გუშინ ხანძარს
გადაურჩა, გადაურჩეს ყველაფერს.
„არანორმალურია მდგომარეობა, როდესაც ფინანსური შეზღუდვების გამო ჩვენი ზომის რეიტინგის ტელევიზია ვერ ახერხებს იმას, რომ აქ იყოს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა და გუშინდელმა დღემ მე დამანახა ამის უზრუნველყოფის დრამატული აუცილებლობა და იმედი მაქვს, რომ მარტო მე არ ვარ ახლა ასეთი, არამედ ყველამ დაინახა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ „ფორმულა“ არსებობდეს“.
მშილდაძემ მიმართა მაყურებლებსაც და პარტნიორებსაც, რომ „ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როცა „ფორმულას“ სჭირდება დახმარება და ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როცა „ფორმულას“ შეუძლია გადავიდეს ისეთ მოდელზე, იმდენ ხალხთან იყოს პარტნიორულ ურთიერთობაში, რომ იყოს სრულად ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე“.
„ჩვენ გვინდა გავხდეთ სახალხო ტელევიზია, აი, ასე მარტივად რომ ვთქვათ, რომ ჩვენი მაუწყებლობის კონტრიბუტორი იყოს თითოეული ადამიანი, ვისაც რამდენი შეუძლია და თვლის საჭიროდ, რომ შეუძლია გაიღოს იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვინც თვლის, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ღირებული, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ ყველას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამით ჩვენ შევქმნით ახალ მდგრად მოდელს მედიის საქმიანობის საქართველოში და აი, ამ ტიპის პრობლემატურ გარემოში, როგორიც ახლა საქართველოშია, რომელიც არა მგონია, რომ მარტო საქართველოში არსებობდეს. არსებობს ბევრგან, სადაც ადამიანს თავს გაუდის და დღეს საქართველოში ადამიანებს თავს გაუვიდათ და ამიტომაც ვართ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში, რომ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვთხოვოთ საზოგადოებას დახმარება და შევთავაზოთ პარტნიორობა და მათი ინტერესის აბსოლუტურად და სრულად წარმოდგენა. ვთხოვოთ დახმარება ყველა ჩვენს პარტნიორს და ასევე, ყველა ახალ პარტნიორს, ვისთანაც შეგვიძლია პარტნიორობა დავამყაროთ და ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს, მათ ჩვენთან სარეკლამო ტიპის ურთიერთობა ჰქონდეთ. აი, ახლა არის ზუსტად ის დრო, როცა ეს უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ საცოდაობაა, ცეცხლგადარჩენილ „ფორმულას“ რომ კიდევ რამე დაემუქროს“, - თქვა მიშა მშვილდაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „მედიაჩეკერს“ უთხრეს, რომ ბიზნეს ცენტრში მომხდარ ხანძარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.
ვრცლად, ტელეკომპანია „ფორმულაში“ 4 ნოემბერს
განვითარებულ მოვლენებზე იხილეთ
აქ.



