როგორ გავაშუქოთ ტერორისტული აქტები
27.11.2015
როგორ გავაშუქოთ ტერორიზმი? ეს საკითხი თანამედროვე მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური გამოწვევაა. თავად ტერორისტებიც კარგად აცნობიერებენ მედიის ძალას და მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიიქციონ მედიასაშუალებების მხრიდან. ისინი ფლობენ არა მხოლოდ საჭირო ტექნიკას, ვიდეოკამერებს, ხმის ჩამწერებსა თუ ინტერნეტის და კომპიუტერის მოწყობილობებს, არამედ საკმაოდ კარგად ერკვევიან იმ ეფექტებსა და მექანიზმებში, რისი გამოყენებითაც მედიის ყურადღების მიპყრობას შეძლებენ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, უაპელაციოდ არ გაშუქდეს ვიდეომიმართვები, რომლებსაც ტერორისტები ავრცელებენ.

საერთაშორისო მედიის ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტერორისტების ქმედებები ან საერთოდ არ უნდა გააშუქონ, ან მინიმუმამდე დაიყვანონ. მედიასაშუალებები, რომლებიც ძალადობის, სიკვდილის დასჯისა და მუქარის შემცველი მიმართვების გამოქვეყნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თავიანთ გადაწყვეტილებას რამდენიმე მოტივით ხსნიან: მედიას არ სურს გახდეს მარიონეტი ტერორისტთა ხელში. ისინი ფიქრობენ, რომ ტერორისტთა აქტიური მედიაგაშუქებით მედია ტერორისტებს საკუთარი ძლევამოსილების დემონსტირებაში ეხმარება.

მედიაჩექერი გთავაზობთ საერთაშორისი მედიასაშუალებების, მედიაორგანიზაციებისა და მედიამკვლევრების სახელმძღვანელო რეკომენდაციებს ტერორისტული აქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მასალა წარმოადგენს არსებული გაიდლაინების თარგმანს.

Reuters Handbook - ტერმინთა განმარტებები

ტერორისტი, ტერორიზმი - ეს ის ტერმინებია, რომელთა განმარტებაც მედიისთვის მუდმივად პრობლემურია. შეიარაღებული პირი ტერორისტია თუ თავისუფლებისათვის მებრძოლი? რა ტერმინები უნდა გამოიყენონ ჟურნალისტებმა?

ჟურნალისტებმა არ უნდა შეცვალონ სიტყვა „ტერორისტი“ სხვა სიტყვით, როცა ის ნახსენებია რესპონდენტის ციტატაში, ასეთ დროს ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზით, ნათლად უნდა მიახვედროს მაყურებლი, რომ იგი ციტირებს სხვას და არ იყენებს საკუთარ ტერმინოლოგიას. თავად ჟურნალისტი ამ სიტყვის გამოყენებას მაქსიმალურად უნდა ერიდოს არა იმიტომ, რომ ჟურნალისტი ნეიტრალურია ან აქვს გარკვეული სიმპატია ტერორიზმის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ, ზოგადად, ტერორიზმი რთული მოვლენაა, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქვეტექსტებიც ახლავს ხოლმე.

BBC - სახელმძღვანელო პრინციპები

● ომების, ლოკალური თუ საერთაშორისო მოვლენების, ტერორისტული აქტების, დემონსტრაციების, სტიქიური უბედურებების გაშუქებისას მნიშვნელოვანია აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდოს მესამე, ნეიტრაული, კონფლიქტში არამონაწილე მხარისაგან.

● ინციდენტის შემდგომ პირველადი ინფორმაცია მსხვერპლისა და დანაკარგების შესახებ, როგორც წესი, არასანდოა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გადამოწმება ისეთ პირებთან, რომელთაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება და ინფორმაციასთან წვდომა.

● მნიშვნელოვანია, აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია ცენზურის, ინფორმაციის დამალვისა და ინფორმაციის მოპოვების დროს ხელის შეშლის შესახებ, ასევე მაყურებლებმა თუ მკითხველებმა უნდა იცოდნენ თუ რა წესებით ხელმძღვანელობენ ჟურნალისტები მასალის მოპოვებისათვის.

● შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშორმლობის შედეგად BBC ცდილობს დაადგინოს, თუ რა ტიპის ინციდენტებზეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოსახლეობის ინფორმირება. ლოკალური სამოქალაქო კატასტროფების გაშუქებიასას BBC აწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების ნორმების შესახებ.

● ტერორისტული აქტების გაშუქება უნდა მოხდეს ოპერატიულად, აკურატულად და მაღალი პასუხისმგებლობით. ტერორიზმი რთული და ემოციური საკითხია, პოლიტიკური მოტივებით, ამიტომ ტერორისტული აქტების გაშუქებისას მნიშვნელოვანია ისეთი ჟურანლისტური ენის გამოეყენება, რომელიც თავისუფალია შეფასებებისგან.

● აუდიტორიისთვის სიტყვა “ტერორისტი” შესაძლოა დაბრკოლება გახდეს ინფორმაციის გაგებისას. ჟურნალისტის მიზანი კი ინფორმაციის ნათლად, გარკვევით, მკაფიოდ გადმოცემაა, ამიტომ მან „ტერორისტის“ ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს შესატყვისები: გამტაცებელი, შეიარაღებული პირი, თავდამსხმელი და სხვა.

● მედიის პასუხისმგებლობაა დარჩეს მიუკერძოებელი და ისეთი ხერხებით მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია, რომ მაყურებლებმა თავად გააკეთონ დასკვნები მომხდარის შესახებ.

Canadian Media Journal of Communication - CJC

● მედიამ უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან ტერორისტული აქტების დროს, მაშინ როცა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნული თანამშრომლობა არ გულისხმობს იმას, რომ მედიის საქმიანობა პოლიციის ან უშიშორების სხვა წარმომადგენლების ცენზურას დაექვემდებაროს.

● მედიამ თავი უნდა შეიკავოს მყვირალა და სენსაციური, პანიკის მაპროვოცირებელი სათაურებისგან, ასევე უნდა ერიდოს ძალადობრივი და სისხლიანი სცენების ამსახველი მასალების გამოქვეყნებას.

● მედია არ უნდა იყოს მედიატორი ტერორისტებსა და მთავრობას შორის. ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე გასაშუქებლადაა მისული და არა პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.

● მედიამ თავი უნდა შეიკავოს და არ ჩაერთოს სახიფათო სპეკულაციების ტირაჟირებაში. ასეთი სპეკულაციები შეიძლება იყოს, მაგ., ტერორისტების შესაძლო გეგმები, მთავრობის შესაძლო პასუხი ტერორისტებს, ტყვეების მიმართვები;

● პროფესიონალი ჟურნალისტები ვალდებულნი არიან ფლობდნენ ინფორმაციას იმ ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ, რომელთა გასაშუქებლადაც მიდიან.

● მედიამ არ უნდა ჩაწეროს ინტერვიუ ტერორისტებთან მიმდინარე ტერორისტული აქტის დროს. მედიამ არ უნდა დაუშვას პირდაპირი კომუნიკაცია მაყურებლებსა და ტერორისტებს შორის.

Dart Center for Journalism and Trauma

ტერორიზმის მსხვერპლისგან ინტერვიუს აღება

● არ იფიქროთ, რომ მგლოვიარე ადამიანები არ გაგესაუბრებიან. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს პირიქით, სურს, გამოთქვას საკუთარი გრძნობები, ამიტომ ცდა ყოველთვის ღირს.

● პატივი ეცით მგლოვიარე ადამიანის პირად განცდებს, არ დაავალდებულოთ იგი გაგიზიაროთ პირადი გრძნობები და განცდები.

● არასოდეს უთხრათ ტრაგედიის მსხვერპლს რომ თქვენ “გესმით მათი” გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თქვენ თავად არ გაქვთ გადატანილი მსგავსი ტრაგედია. გახსოვდეთ, დედის, მამის ან უბრალოდ, ახლობელი ადამიანის ბუნებრივი სიკვდილით დაკარგვა იგივე არაა, რაც ტერორისტული აქტის დროს მეუღლის, მშობლის ან შვილის დაკარგვა.

● დააცადეთ მათ ტირილი, თუ მათ სურთ, რომ იტირონ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ