2018 წლის ტექნოლოგიური სიახლეები მედიისთვის
06.04.2018
რა იქნება აქტუალური 2018 წელს და რომელ ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტაცია მოუწევთ მედიაგამოცემებს - ორგანიზაცია Future Today Institute თავის კვლევაში მიმდინარე წლის ტენდენციებს განიხილავს.

Future Today Institute. ერთ-ერთი მხსვილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ტექნოლოგიურ ინოვაციებს იკვლევს.. კომპანია ყოველწიურად აქვეყნებს მოხსენებას ამა თუ იმ სფეროში არსებულ ტენდენციებზე და მათ კავშირზე ტექნოლოგიასთან.

2018 წლისთვის Future Today Institute-მა პირველად გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მთლიანად მედიის მომავალს და ტექნოლოგიურ ტენდენციებს ეძღვნება. კვლევაში 75 ტენდენციაა განხილული, რომლებიც მიმდინარე წელს, მედია ორგანიზაციების სტრატეგიებისთვის განმსაზღვრელი იქნება.

ამჯერად გაგაცნობთ 5 მნიშვნელოვან და შედარებით ახალ ტენდენციას, რომლებსაც ჟურნალისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ 2018 წელს.

საგამოძიებო ჯგუფები ალგორითმებისა და მონაცემთა ბაზისთვის

ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, უახლოეს პერიოდში განსაკუთრებული როლი მიენიჭებათ ჟურნალისტებს, რომელთაც ექნებათ უნარი, აღმოაჩინონ დეველოპერების მიერ დაშვებული უნებლიე თუ მიზანმიმართული შეცდომები. ტექნოლოგიურ ინოვაციებთან ადაპტაციისა და მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმებისთვის Future Today Institute ახალი ამბების ორგანიზაციებს მოუწოდებს, აუცილებლად იყოლიონ საგამოძიებო რეპორტიორები, რომლებიც ალგორითმებისა და მონაცემთა ბაზის გამოძიებაში და გადამოწმებაში იქნებიან სპეციალიზირებულები. ამის კეთება უკვე დაიწყეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიც არის: New York Times, ProPublica, Wall Street Journal და The Washington Post.

ალგორითმები, მონაცემთა ბაზები და ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის სისტემები გარკვეული თვალსაზრისით მათი შემქმნელების მოსაზრებების, ხედვების და გამოცდილებების ანარეკლია. მაშინ როცა მედიაში აბოსლუტური ობიექტურობის შეუძლებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ალგორითმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ჩატბოტი თუ ხელოვნური ინტელექტის სხვა რომელიმე პროდუქტიც რიგ შემთხვევაში უცნაურად და არადამაჯერებლად მოგვეჩვენება. რაიმეს შექმნა უკვე თავისთავად მოიაზრებს მასში სუბიექტურ, ავტორისეულ გავლენებს. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი იმდენად არის ჭკვიანი, რა რაოდენობის, როგორი ტიპის და რამდენად მრავალფეროვანი ინფორმაციაც არის მასში კოდირებული. თუმცა, მისი აღქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შეიძლება ისიც მოხდეს, რომ მიღებული მონაცემების გაფილტვრის და დალაგების, ან სულაც მომხმარებლის დამაბნეველი შეკითხვების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის საბოლოო პასუხი რეალობას იყოს აცდენილი, ან სულაც არაეთიკური იყოს. ამის მაგალითია 2016 წელს მაიკროსოფტის მიერ Twitter-ისთვის შექმნილი ბოტი Tay, რომელიც მომხმარებელთა პროვოცირებით არსებობდა 24 საათში რასისტ და გენოციდის მხარდამჭერ ბოტად იქცა. შედეგად კი შემქმნელებს მისი გაუქმება მოუხდათ.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი, ემი ვების აღნიშნავს, ასეთი ჟურნალისტების საჭიროება განსაკუთრებით არჩევნების წინ დგება ხოლმე, როცა მონაცემთა ბაზების გადამოწმება და მათი მომწოდებლების იდენტიფიცირება ყველაზე აქტუალურია.

Splinternets - დაყოფილი ქსელები

თუ ორი ათეული წლის წინ ინტერნეტი ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევის სივრცედ მოიაზრებოდა და მისი შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეაც ეს იყო, დღეს უკვე ხშირად გაიგონებთ მსჯელობას, თუ როგორ და ვის მიერ უნდა გაიფილტროს ეს ნაკადი და როგორ დარეგულირდეს ინფორმაციის გავრცელება. ამაზე კი ყველას თავისი მოსაზრება აქვს, იქნება ეს ქვეყანა, პოლიტიკური ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია და ა.შ. შედეგად, ინტერნეტ სივრცე მალე Splinernet-ად, ანუ დაყოფილ ქსელად იქცევა.

Future Today Institute -ის კვლევის მიხედვით 2018 წელს ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდება, რადგანაც ამა თუ იმ ქვეყანაში სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება კონკრეტული ტიპის ინფორმაციის გლობალური საძიებო ქსელიდან ამოღების შესახებ. მაგალითად, 2017 წელს გერმანიამ მიიღო კანონი, რომელიც სოციალური მედიის კომპანიებს გამოქვეყნებიდან 24 საათში სიძულვილის ენის შემცველი მასალის წაშლას აიძულებდა. იმავე წელს, კანადამ გუგლს ძიებიდან მეკობრული გზით მოპოვებული არალეგალური კონტენტის ამოღება მოსთხოვა. საფრანგეთში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს კანონი Right to be forgotten (le droit à l'oubli), რომელიც მოქალაქის უფლებას აძლევს, შესაბამის უწყებებში განხილვის შემდეგ საძიებო სისტემიდან მის შესახებ მისთვის არასასურველი ინფორმაცია წაიშალოს. ამჟამად ეს ინიციატივა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც განიხილება. ცალკე საკითხია ინფორმაციის მასობრივი გაფილტვრის და წვდომის შეზღუდვის ამბავი არადემოკრატიულ ქვეყნებში. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ ძალიან მალე ინტერნეტი მულტი ვერსიებად დაიყოს და თქვენი საძიებო სისტემა იმის მიხედვით „მოგემსახუროთ“, თუ რომელ გეოგრაფიულ ზონაში იმყოფებით. ეს კი ჟურნალისტებისთვის მუშაობის პროცესს გაართულებს და ბევრად დაავიწროვებს იმ არეალს, საიდანაც ისინი ინფორმაციას იღებენ. განსაკუთრებით ეს იმ გამოცემებზე აისახება, რომელთა პროფილიც საერთაშორისო ამბების გაშუქებაა.

აუდიოს ძიების მექანიზმები

აუდიო ფორმატი და პოდკასტები სულ უფრო პოპულარული ხდება ნიუსების მომხმარებლებში. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემა, რასაც პროდიუსერები და მსმენელები აწყდებიან, მათი საძიებო სისტემაში და სოციალურ მედიაში მოძებნის სირთულეა. მაგალითად, თუ თქვენ მარტივად, ერთი კლიკით შეგიძლიათ გუგლში ტექსტი, ვიდეო ან იმიჯი მოძებნოთ, აუდიოს შემთხვევაში ეს უფრო მეტ ძალისხმევასთან და დროსთან არის დაკავშირებული. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, დიდი ფინანსური ინვესტიციებისა და ხმის ინტერფეისის განვითარების ფონზე, უახლოეს პერიოდში აუდიო საძიებო სისტემის ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ და მალე მომხმარებლებს შეეძლებათ პირდაპირ იპოვონ მათთვის საინტერესო აუდიო ფრაგმენტი თუ პოდკასტი ჰიპერლინკების, თემის და მასთან დაკავშირებული ბმულების ძებნის გარეშე.

ციფრული არამდგრადობა

ხშირად, როცა მედიასაშუალება იხურება, ან ერთიანდება სხვა ოგანიზაციასთან, მათ ვებსაიტთან ერთად, განთავსებული მასალების მთელი არქივიც იკარგება ხოლმე. დაკარგული მასალების მაგალითები კი მრავლდააა. მათ შორისაა პულიტცერის ფინალისტი, 2008 წელს გამოქვეყნებული ცნობილი საგამოძიებო სერია 1961 წელს კოლორადოში მომხდარ ტრაგედიაზე ( სამგზავრო მატარებლისა და სკოლის ავტობუსის შეჯახების შედეგად 20 ბავშვი დაიღუპა ), ასევე ქარიშხალ კატრინას შედეგებზე გაკეთებული სპეციალური პროექტი და სხვ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იტალიური ონლაინ გამოცემა la repubblica კი 90-იანი წლების ბოლოს დიდი მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ახალი პროგრამის ჩაშვების შემდეგ ვებ გვერდზე არსებული მასალები მთლიანად წაიშალა.

Future Today Institute ახალი ამბების გამოცემებს ურჩევენ მონახონ გზები და მაქსიმალურად დაიცვან ციფრული არქივები.

offline - ახალი ონლაინი

თანამედროვე ადამიანისთვის მობილური მოწყობილობები ინფორმაციის მისაღებად ყველაზე მოსახერხებელი და მარტივი გზაა. ამერიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით 2017 წელს სმარტფონის მფლობელი სრულწლოვანი მოქალაქე დღეში დაახლოებით 5 საათს ატარებს ტელეფონთან,რაც რამდენჯერმე მეტია წინა წლების მაჩვენებლებთან. განსაკუთრებით მზარდია მობილური აპლიკაციების მოხმარების ტენდენცია. მათ შორი მედია გამოცემების აპლიკაციებისაც. მიუხედავად ასეთი მაჩვენებლებისა, პერიოდულად ადამიანები მაინც აღმოჩნდებიან ხოლმე სიტუაციაში, როდესაც ან ცუდი ინტერნეტი აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ ქსელთან წვდომა. Future Today Institute-ის რეკომენდაციით, ეს მედიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და მომხმარებლებს ინტერნეტის მისცეს წვდომა ახალ ამბებზე.

„სანამ ახალი ამბების მომხმარებლებს არ ექნებათ საყოველთაო წვდომა იაფ და სწრაფ ინტერნეტზე, ინტერნეტის გარეშე ინფორმაციის მოთხოვნაზე აუცილებლად იქნება. ყველაზე ერთგულ აუდიტორიას ის ახალი ამბების ორგანიზაციები მოიპოვებენ, რომლებსაც კარგი offline შეთავაზებები ექნებათ,“ - ნათქვამია კვლევაში.

Washington Post-მა უკვე დაიწიყო ამ კუთხით მუშაობა და პირველ ეტაპზე აპლიკაცია ისე განაახლა, რომ მკითხველს 4 წამის ნაცვლად, წამის მეოთხმოცედში შეუძლია გვერდის ჩატვირთვა, რის შემდეგაც უკვე ინტერნეტთან შეერთების გარეშე გაეცნობა ახალ ამბებს.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ