კვლევები, არქივები, მონაცემთა ბაზები - 5 სასარგებლო რესურსი ჟურნალისტებისთვის
21.05.2018


ციფრული ეპოქის ჟურნალისტს მუშაობისას უამრავი ინფორმაციის გადამოწმება და კვლევისა თუ საარქივო მასალის გაცნობა უწევს, იმისათვის, რომ ფაქტებით გამყარებული, საინტერესო და ღირებული მასალა შექმნას. მონაცემთა ბაზებსა და კვლევებზე წვდომა განსაკუთრებით აქტუალურია ანალიტიკოსი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ვრცელ, სიღრმისეულ მასალებზე მუშაობენ. საკითხის კარგად გასააზრებლად მათ ხშირად სჭირდებათ ვრცელი ნაშრომების კითხვა და სტატისტიკის მოძიება. მედიაჩეკერი რამდენიმე სასარგებლო საერთაშორისო პორტალს გაგაცნობთ, სადაც საინტერესო, აქტუალური და გლობალური მნიშვნელობის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.

Pew Research Center

ვაშინგტონში 2004 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია დღეს საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ცენტრია ამერიკაში. ეს არის ფაქტების, მოსაზრებებისა და კვლევების ერთგვარი არქივი, სადაც უამრავ საინტერესო მასალას გაეცნობით.

როგორია საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ საკითხზე, რა სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ტენდენციები იკვეთება სხვადასხვა დემოგრაფიულ და სოციალურ ჯგუფებში და რა ფაქტორები განსაზღვრავს საზოგადოებრივ ცხოვრებას - ამ ყველაფერს Pew Rsearch Center ყოველწლიურად იკვლევს. ორგანიზაცია მედიის კონტენტ ანალიზსაც გვთავაზობს, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოიხმარს საზოგადოება ახალ ამბებს, რა ინდიკატორები განსაზღვრავს მედიის ფუნქციონირებას, როგორ ცვლის ტექნოლოგია საინფორმაციო ლანდშაფტს და ა.შ. www.pewresearc.org ნამდვილად არის ის რესურსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ.

„ჩვენი მისიაა ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს და არა რეცეპტები გავცეთ. ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესი ინფორმაცია უკეთესი მსოფლიოს შენების წინაპირობაა“,- ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე.

Pointer Institute

ფლორიდის შტატის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში არსებული პოინტერის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი დაწესებულებაა ამერიკაში. ორგანიზაცია ოთხი ათეული წელია ჟურნალისტებს ტრენინგებს, სემინარებს, ონლაინ კურსებს და სხვა სახის საგანმანათლებლო სერვისებს სთავაზობს.

ინსტიტუტის საიტს აქვს განყოფილება, სადაც ჟურნალისტებს შეუძლიათ ონლაინ მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენონ სწორად მონაცემთა ბაზები, როგორ გადაამოწმონ ფაქტები, გაეცნონ ეთიკური დილემების შესახებ სიახლეებს და პროფესიულ რჩევებს და ა.შ. აქ არსებული ინფორმაცია გამოადგებათ როგორც ტრადიციული მედიის ჟურნალისტებსა და ფოტო/ვიდეო რეპორტიორებს, ისე ბლოგერებსა და მულტიმედიით დაინტერესებულებს.

თუ გჭირდებათ კვალიფიცური რჩევები და საკუთარი თავის გადამოწმება მუშაობისას, Pointer Institute-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებით არაერთ საინტერესო ინფორმაციაზე გექნებათ წვდომა.

British Pathe


ბრიტანული პორტალი და იუთუბის არხი British Pathe მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენების ერთ-ერთი უმსხვილესი ვიდეო არქივია.

კომპანია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა Pathenews-ის სახელით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების შესახებ მოკლე და სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს ამზადებდა. აქ შეგიძლიათ ისეთი უნიკალურ მასალებს გაეცნოთ, როგორებიცაა მაგალითად: ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების დროს ჩატარებული დემონსტრაციები, პოლიტიკური ლიდერების ისტორიული მიმართვები, ცათამბჯენების მშენებლობის კადრები ამერიკაში, ქალთა მოძრაობის დასაწყისის, 50-60-იანი წლების სამოქალაქო აქტივიზმისა და სხვა ისტორიული მოვლენების ილუსტრაციები.

გასულ თვეში British Pathe-მ საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც მას სააგენტოს ისტორიული მასალების გამოყენების უფლებასაც მისცემს. ორი უმსხვილესი საინფორმაციო ორგანიზაციის კოლაბორაციამ Britიsh Pathe-ს ისედაც დიდი კოლექცია გააორმაგა და ამ ეტაპზე აქ 208 ათასამდე ფილმის ნახვაა შესაძლებელი. ვიდეომასალის გარდა აქ უამრავ საინტერესო და ისტორიულ ფოტოსაც შეხვდებით.

Open Culture

ეს ვებგვერდი ნამდვილი მისწრებაა კულტურის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის. გარდა ამისა, ეს ძალიან კარგი საგანმანათლებლო რესურსია, რომლის გამოყენებაც ბევრისთვის სამუშაო პროცესის მიღმაც საინტერესო იქნება.

2006 წელს დამოუკიდებელი ინიციატივით შექმნილ პლატფორმაზე ერთადაა თავმოყრილი ონლაინ არსებული სხვადასხვა კულტურული პროდუქტი, იქნება ეს წიგნები, ფილმები, აუდიო წიგნები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. უამრავი ღირებული მასალა, რაც ინტერნეტში თავისუფლად მოიპოვება, მაგრამ გაფანტულია და ხშირად მოძიება სჭირს. მაგალითად, აქ შეგიძლიათ მე-20 საუკუნის დასაწყისის შავ-თეთრი, მუნჯი კინოს 100-მდე ფილმი ნახოთ. წაიკითხოთ ათასობით მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურა და მოისმინოთ ან უყუროთ ცნობილი ფილოსოფოსების და მკვლევარების ლექციებს თქვენთვის საინტერესო და საჭირო თემაზე.

აქ ასევე შესაძლებელია ონლაინ კურსების გავლა ხელოვნების, დიზაინის, სოციოლოგიის, ეკონომიკის თუ სხვა უამრავი მიმართულებით. მართალია, Open Culture სერტიფიკატს ვერ მოგცემთ, მაგრამ მასალა, რომელიც საიტზეა ატვირთული, პროფესიონალების მიერაა მომზადებული და თქვენს ინფორმირებულობასა და ცოდნაზე ნამდვილად დადებითად აისახება.

Livescience

თუ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიახლეებზე მუშაობთ და ამ სფეროებში არსებული საინტერესო და სახალისო ამბებიც გიზიდავთ, Livescince თქვენთვისაა. აქ ყოველდღიურად შეგიძლიათ გაეცნოთ ახალ ამბებსა და ანალიზს საინტერესო აღმოჩენებზე, მიღწევებსა და გამოგონებებზე. ჯანმრთელობა, ტექნოლოგია, ცხოველები, დედამიწა, ასტრონომია, უცნაური სიახლეები - ეს და სხვა რუბრიკები არაერთი სტატიის თუ რეპორტაჟის შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს. გამოცემასთან სხვადასხვა სფეროს ექსპერტებიც აქტიურად თანამშრომლობენ და პერიოდულად მათი ვრცელი, ანალიტიკური სტატიების და ინტერვიუების წაკითხვაც შეგიძლიათ.


ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ