როგორ ითვლიან აქციებზე მონაწილეების რაოდენობას
18.10.2021
დემონსტრაციებისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის განსაზღვრა ხშირად ხდება სადავო. განსაკუთრებით, როცა საქმე პოლიტიკურ აქციებს ეხება, მხარეები თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე ცდილობენ განსაზღვრონ აქციაზე მყოფთა მიახლოებული რაოდენობა.

მედიასაშუალებებიც ხშირად იმ მხარის მონაცემებს ტირაჟირებენ, რომელიც მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე, უფრო მისაღებია ან სანდოა. თუმცა არსებობს მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ჟურნალისტებსაც შეუძლით, დათვალონ აქციებსა თუ მსვლელობებზე გამოსული ხალხის მიახლოებითი რაოდენობა.

შესაძლებელია თუ არა დემონსტრანტების ზუსტი რაოდენობის დათვლა?

როდესაც საქმე ქუჩის აქციებს, მსვლელობებს თუ სხვა ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ეხება, ადამიანების ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ამის სრულყოფილი ფორმულა.

თუმცა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლითაც ჟურნალისტებს მარტივი ტექნოლოგიითა და დაკვირვებით, მეტ-ნაკლებად მიახლოებული მონაცემების მიღება შეუძლიათ.

ერთ-ერთი გზა რეპორტიორებისთვის სხვადასხვა წყაროს მიერ გამოთვლილი მონაცემების შედარება და გაანალიზებაა. ადგილზე დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე, აირჩიოს ვისი მონაცემი უფრო მიახლოებულია რეალურთან.

ჯეიკობსის ფორმულა

ამერიკელმა ჟურნალისტიკის პროფესორმა, ჰერბერტ ჯეიკობსმა 1960-იან წლებში შეიმუშავა ხალხმრავალ აქციებზე გამომსვლელთა დათვლის ხერხი.

ჯეიკობსმა ტერიტორია კვადრატულ მეტრებად დაყო და დაკვირდა, რამდენი ადამიანი ეტეოდა ამ კვადრატებში სხვადასხვა სიმჭიდროვის პირობებში.
  • დაბალი სიმჭიდროვის პირობებში 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრს იკავებს.
  • საშუალო სიმჭიდროვისას, 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანია, ანუ 5 ადამიანს 2 კვადრატული მეტრი სჭირდება.
  • მჭიდრო აქციის პირობებში კვადრატულ მეტრზე 4.5 ადამიანი ეტევა, ანუ 9 ადამიანი ორ კვადრატულზე.
alt

მაგალითად, თუ ავიღებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წინ ტერიტორია დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრია, ყველაზე მჭიდრო განლაგების შემთხვევაში აქ დაახლოებით 11 250 ადამიანი დაეტევა (4.5x2500=11240).

საერთაშორისო მედიაში ჯეიკობსის ფორმულის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. ამ მეთოდით დათვალა “ნეტგაზეთმაც” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოსული ხალხის მიახლოებითი რაოდენობა 14 ოქტომბერს და დაადგინა, რომ თავისუფლების მოადანზე გამართულ აქციაში, მინიმუმ, 38 500, საშუალოდ - 48 000, მაქსიმუმ კი - 57 600 ადამიანი მონაწილეობდა.

ფოტოების გამოყენება

ადამიანების მიახლოებული რაოდენობის დათვლა სატელიტური ფოტოებითაც არის შესაძლებელი. თუ ზედხედით გადაღებული ფოტო მაღალი რეზოლუციისაა, ეს თავების დათვლის შესაძლებლობას გვაძლევს.

ან ფოტოს ისევ ჯეიკობსის მეთოდის გამოყენებით ვყოფთ და შეკრებილი ადამიანების სიმჭიდროვის გათვალისწინებით, მათ მიახლოებულ რაოდენობას ვადგენთ.

ფოტოების გამოყენების პრობლემა ის არის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების, შენობების მიღმა მყოფი ხალხი შესაძლოა კამერისთვის უხილავი დარჩეს ან სულაც ფოტოზე სიბნელეში მდგომი ადამიანები არ გამოჩნდნენ.

მსვლელობის მონაწილეების დათვლა

მთვლელები მოძრავი ნაკადის დასათვლელად დაკვირვების წერტილად ირჩევენ ერთ ან რამდენიმე ადგილს, სადაც უნდა ჩაიარონ დემონსტრანტებმა. შემდეგ კი ითვლიან რამდენი ადამიანი გაივლის იმ ადგილებს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

2019 წელს ჰონგ-კონკის მასშტაბური საპროტესტო მსვლელობისას, პოლიცია ამბობდა, რომ 190 000 ადამიანი იყო გამოსული, აქციის ორგანიზატორები კი ამტიცებდნენ, რომ დემონსტრანთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. როიტერსმა სცადა დაეთვალა მსვლელობის მონაწილეების რაოდენობა და მიუკერძოებელი და მაქსიმალურად მიახლოებული მონაცემები მიეღო.

როიტერსის გუნდმა google earth-ზე მარშრუტი დეტალურად შეისწავლა და შეარჩია კონკრეტული ადგილი, სადაც მთავრობის შენობისკენ მიმავალი დემონსტრანტები აუცილებლად გაივლიდნენ. გამოცემის სამმა ჯგუფმა სხვადასხვა ადგილას დააყენა კამერა, მთავარი სამონიტორინგო სადგური კი ერთ-ერთი სასტუმროს შენობა იყო, საიდანაც კამერა პირდაპირ გადაყურებდა იმ ადგილს, სადაც დემონსტრანტები აუცილებლად გაივლიდნენ.

ხალხის ნაკადის შესაბამისად, მინიმუმ 15 წუთში ერთხელ იღებდნენ 30 წამიან ვიდეოებს, რათა დროის ყველა მონაკვეთში მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობა მაქსიმალურად მიახლოებულად გამოეთვალათ.

alt

რაც უფრო ცვალებადი იყო მსვლელობაში ხალხის სიმჭიდროვე, მით უფრო ხშირად ითვლიდნენ გამვლელების რაოდენობას. ერთგვაროვანი სიმჭიდროვის შემთხვევაში კი უშვებდნენ, რომ მათ მიერ შერჩეულ მონაკვეთს დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანი გაივლიდა.

ასე ვარაუდობდა როიტერი მათ სადამკვირვებლო კამერასთან ჩავლილი ადამიანების რიცხვს, ნაკადის სიმჭიდროვის მომდევნო ცვლილებამდე. საბოლოოდ, მათ მსვლელობის 227 000 დემონსტრანტი დათვალეს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

ხალხის ნაკადის დათვლა სხვა ტექნოლოგიების გამოყენებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, მეტრო სადგურებზე, პიკის საათებში ხალხის რაოდენობის დასათვლელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. ასევე, არსებობს შეკრებილი ხალხის ონლაინმზომელი ვებგვერდები.

მსგავსი ტექნოლოგია იყო გამოყენებული ჰონგ-კონკის მასშტაბური საპროტესტო მსვლელობისასაც. ერთ-ერთმა ტექნოლოგურმა სტარტაპ კომპანიამ, C&R Wise AI-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 265 000 დემონსტრანტი დათვალა. მონაცემების მისაღებად, კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე ქუჩაზე შვიდი iPad-ის კამერა დააყენეს. ობიექტის იდენტიფიკაციის ტექნიკის დახმარებით, ითვლებოდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ ხაზს გადაკვეთდნენ.

რედაქციის შენიშვნა

ყველა ეს მეთოდი რეალურთან მხოლოდ მიახლოებულ რიცხვებს გვაძლევს და ხალხის დიდი ნაკადის დათვლა დღევანდელი ტექნოლოგიით შეუძლებელია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ