‘მთავარი არხის’ ჟურნალისტი მესტიის მერის აგრესიის სამიზნე გახდა
06.03.2021

“მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას, რომელიც მესტიის მერის, მაჟორიტარი დეპუტატისა და მათი გარემოცვის კორუფციულ სქემებში სავარაუდო ჩართულობაზე ამზადებდა მასალას, მესტიის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარიდან მეორე დღეს კი, ჟურნალისტს მისი ავტომობილის საბურავები დაზიანებული დახვდა. არხზე ქონების დაზიანებას ჩინოვნიკის მუქარას უკავშირებენ.

შემთხვევა სვანეთში მოხდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტი ემა გოგოხია, ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიგნებებზე მუშაობდა. კვლევაში, რომელიც ეხება თანამდებობის პირების მხრიდან სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიების მიღებას, ნათქვამია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 769,729 ლარის ოდენობის ფინანსური სუბსიდია მიიღო.

"მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ნაწყვეტში, რომელიც ჟურნალისტისა და მერის სატელეფონო ჩანაწერს ასახავს, ისმის, რომ მესტიის მერი ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მუქარის შემდეგ მესტიის მერმა ემა გოგოხიას ქვეყნიდან წასვლის სანაცვლოდ ფულიც შესთავაზა. ამ ინციდენტიდან მეორე დღეს კი ემა გოგოხიას, რომელიც იმ ღამით სვანეთში დარჩა, მისი ავტომობილის საბურავები დაჭრილი დახვდა.

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს შემთხვევა იმ რიტორიკის გამოძახილია, რაც ბოლო პერიოდში საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებისა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების მისამართით ისმის.



ამ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას თავის განცხადებაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. ემა გოგოხიასადმი მუქარის ფაქტზე ქარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა.

“ქარტია გმობს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ქარტიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი - 151-ე და 187-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას და ნივთის დაზიანებას გულისხმობს. პრესსამსახურის ინფორმაციით მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ეს ბოლო პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან, არასასურველი, კრიტიკული კითხვების პასუხად, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი შემთხვევები გახშირდა რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც, რომლებიც ხშირად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ჟურნალისტებზე თავდასხმები იმ რიტორიკის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში ხელისუფლების ხელწერა გახდა.

27 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთგვარი აქცია მოაწყვეს და საჯაროდ ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ