„ასეთი განცხადებები მიჩნეულ უნდა იქნას ბრალდებებად და არა მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად“ - ComCom-მა „იმედის“ წინააღმდეგ საჩივრები არ დააკმაყოფილა
15.12.2025

კომუნიკაციების კომისიამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

ComCom-მა მიიჩნია, რომ გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძისა და ჟურნალისტის, მარიამ ოშხნელის ფრაზები:„მდიდარი ენჯეოები“, „ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი“, „გარედან მართული  აგენტურა“, „ანტისახელმწიფოებრივი პროექტები“, „ანტიკონსტიტუციური  აქციები“, „ოპოზიციურ- პროპაგანდისტული ორგანიზაცია“, „რადიკალები“, „რადიკალური აქციები“, „ექსტრემიზმის წახალისებით“ და საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანის, ხატია ქვათაძისა და ჟურნალისტის, ნინი გოგიშვილის გამონათქვამები: „ძალადობრივი აქციების ორგანიზება“, „ექსტრემისტული ჯგუფები“, „ხელოვნური პროტესტი“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებული ბრალდებებია და არა მაუწყებლის პირადი მოსაზრება ან დამოკიდებულება.

„როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ეფუძნება რაიმე ტიპის ფაქტობრივ მასალას, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს და  რომლითაც ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ან პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, მაშინ ასეთი განცხადებები მიჩნეულ უნდა იქნას ბრალდებებად და არა მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად.

გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლის მიერ გაჟღერებულ ფრაზებს საფუძვლად უდევს და წინ უსწრებს ამავე მაუწყებლის  მიერ ჩატარებული საგამოძიებო სიუჟეტი და რადგანაც პირის მიმართ გამოითქვა ბრალდებები, ComCom-მა დაასკვნა, რომ აღნიშნული ვერ შეფასდება ჟურნალისტის პირად მოსაზრებად ან/და პოზიციის გამოხატვად. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრები არ დააკმაყოფილა“, - ასე ასაბუთებს კომისია მის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ „იმედს“ კანონი არ დაურღვევია. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“. 

„იმედს“ კომუნიკაციების კომისიაში სწორედ ამ მუხლის დარღვევას ედავებოდნენ: „საქართველოს მომავლის აკადემია“, ალექსანდრე ზიბზიბაძე და მარია დარჩიევი. მომჩივანი მხარის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ფრაზები ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა მათ საქმიანობას და ჟურნალისტების მოსაზრებებს გამოხატავდა. 

კომუნიკაციების კომისიას დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუქვეყნებია, მას ამისთვის 10-დღიანი ვადა აქვს.

ამავე მუხლის დარღვევისთვის, მაისის ბოლოს, კომუნიკაციების კომისიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა მიმართა. ნათია ბოკუჩავამ ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა.

ComCom-მა „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, რადგან დარღვევა კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში მოხდა.

„ქართული ოცნების“ ეს საჩივრები პირველი იყო, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და განიხილა. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ