230 თანამშრომელი აჭარა TV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვს
03.08.2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, დღეს 230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ხელმომწერები მაწუყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი - შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე 30 ივლისს გაათავისუფლეს. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, თანამშრომლები შიდა მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც მაუწყებელში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს EMC იცავს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

“პირველადი სამართლებრივი შეფასებით, მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომას, ყველა შესაძლო საშუალებებით მოახდინოს მაუწყებლის განეიტრალება კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტებისგან და სამსახურიდან გათავისუფლებით, როგორც ყველაზე მკაცრი სანქციით, მათი სამაგალითო დასჯა.”

30-31 ივლისს მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა” აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“.


მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ