საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემური საკადრო პოლიტიკა - ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან
30.04.2021
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ბოლო 4 წელში 102 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათმა ნაწილმა სასამართლოში შრომითი დავა დაიწყო და ამ დრომდე დასრულებული ყველა პროცესი მაუწყებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა. ერთ-ერთი ბოლო პროცესიც, გათავისუფლებული ორი ოპერატორის დავა, სამივე ინსტანციის სასამართლოში მაუწყებლის საწინააღმდეგოდ დასრულდა. “პირველ არხს” მათი სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღარურება დაევალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არხის მენეჯმენტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები იცავს.

მაუწყებლის საკადრო პოლიტიკაზე პროფკავშირების თავმჯდომარე, ნინო ზაუტაშვილს ვესაუბრეთ.

2017 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 102 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ხომ არ უკვლევია პროფკავშირებს მათი განთავისუფლების მოტივები?

ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი უსამართლოდაა გაშვებული. მაგალითად, მახსენდება, ლევან გულბანი - ჩართვების ჯგუფის უფროსი. როდესაც მისი გათავისუფლების ობიექტური მიზეზები მოვითხოვეთ - ვერ გვიპასუხეს.

ალბათ, ეს ადგილები სჭირდებოდათ, სხვა მიზეზი არ ვიცი. მე არ ვამბობ იმას, რომ არავინ არის გასაშვები სამსახურიდან, მაგრამ ფორმას გააჩნია. ყველაზე შეურაცხმყოფელია, როდესაც ვიღაც გეუბნება, შენ აქ არ მჭირდები, წადიო - გაშვების მიზეზს კი არ გეუბნებიან.

მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ [ამდენი თანამშრომლის გათავისუფლებით] ძალიან უხეშად დაარღვია ადამიანების უფლებები. ეს შეურაცხმყოფელი იყო. ეს იყო წითელი ზღვარი, როცა ადამიანებს გამოუცხადეს, ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეორგანიზაციას და აქ ვეღარ იმუშავებთო.

„მასობრივი დათხოვნა“ - ეს სიტყვები გამოიყენა ერთ-ერთმა მენეჯერმა, ია ანთაძემ, ინტერვიუში. რას ნიშნავს მასობრივი დათხოვნა, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ იყო ამის საჭიროება. ძალიან ბევრი კარგი საქმე საზოგადოებრივ მაუწყებელში ზუსტად იმ ადამიანების ხელით კეთდება, რომლებიც წლებია აქ მუშაობენ.

როდის დაიწყო მსგავსი პრობლემები საზოგადოებრივ მაუწყებელში?

საკადრო პოლიტიკის მხრივ პრობლემები სულ იყო. დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, რაც მაუწყებელში ვარ, სულ მესმის, რომ აქ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. როცა საშტატო განრიგი არ არსებობს, რას ნიშნავს ბევრი ადამიანი, დღემდე ვერ გავიგე. როგორ განსაზღვრავენ ბევრია თუ ცოტა?

2004 წელსაც იყო ასეთი „მასობრივი დათხოვნა“. მაშინ ეს ძალიან მძიმედ მოხდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არ შეიძლება, რომ ასე ადგე და უთქმელად გააგდო თანამშრომელი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს ის. ეს უნდა დაასაბუთო, ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ მას სამსახურიდან.

გათავისუფლებული თანამშრომლებიდან 25-მა სასამართლოს მიმართა და მათ უფლებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები იცავს. ამ დრომდე დასრულებული ყველა შრომითი დავა მაუწყებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა. როგორ ფიქრობთ, რას გვეუბნება ეს მონაცემები?

შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში ერთ თანამშრომელთან მაინც უწევდეს შრომითი დავა? ჩემს პრაქტიკაში, არ მახსენდება, რომ მაუწყებელს თანამშრომლის წინააღმდეგ დავა მოეგოს. ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი.

არასდროს ვიტყვი იმას, რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი საჭიროა, ან ვინმე საჭირო არ არის. სანამ საშტატო განრიგის მიხედვით, ზუსტად არ მეცოდინება, რა პრიორიტეტით და რამდენი თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს გამართულად მუშაობისთვის.


მიუხედავად ვალდებულებისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს საშტატო განრიგი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს მაუწყებელი ამ დოკუმენტის დამტკიცებას?

საშტატო განრიგის დამტკიცება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შეკრულია გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობ. საშტატო ერთეულების დადგენა ხელს უშლის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი ადამიანის დასაქმებას, ეს კი ყველა მთავრობას სჭირდება.

საშტატო განრიგის დამტკიცება არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება დიდი კვლევა. მე, მაგალითად, სამეურვეო საბჭოს შევთავაზე, რომ მოგვეწვია კარგი კომპანია, პროფესიონალების ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავდა საჭიროებებს და ზუსტად დაადგენდა, რისთვის და რამდენი თანამშრომელი სჭირდება მაუწყებელს.

Ხომ არ არსებობს სხვა მიზეზი რის გამოც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს საშტატო განრიგი?

იმისთვის, რომ თავისუფალი იყო შენს მოქმედებებში, არ უნდა არსებობდეს არანაირი შემზღუდავი გარემოება, ხოლო საშტატო განრიგი ნამდვილად შემზღუდავი გარემოებაა.

ყოველი ახალი მოსული გენერალური დირექტორი ათავისუფლებს ვიღაცებს, ვისაც თვლის, რომ "ზედმეტია”, ოღონდ არასდროს აქვს ამის დასაბუთება. შემდეგ მოჰყავს სხვა თანამშრომლები, ვისაც თავის გუნდად თვლის. მესმის, ყველა დირექტორს და ყველა მენეჯერს ძალიან უნდა, თავის გუნდთან ერთად მოსვლა. მაგრამ, გუნდთან ერთად მოსვლა არ ნიშნავს, რომ შენი გუნდის წევრად სხვა არავინ განიხილო და გაყარო ის ადამინები, ვისზედაც დგას ეს ტელევიზია.

2017-2020 წლებში მაუწყებელს 300 000 ლარზე მეტი აქვს გადახდილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით. სამეურვეო საბჭოშიც თქვეს, რომ ამით მაუწყებელს ფინანსური და რეპუტაციული ზიანი ადგება. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ამ პროცესში სამეურვეო საბჭოს?

მაუწყებლისთვის ყველაზე დიდი რეპუტაციული დარტყმა იყო როდესაც ვასილ მაღლაფერიძემ ეს თანამშრომლები გაუშვა. როდესაც ამდენი სასამართლო გაქვს წაგებული და ადამიანების უფლებების ასე უხეშად არღვევ, ცხადია, რომ მაუწყებლის რეპუტაცია ილახება. ჩემთვის, პირადად, ეს ძალიან სამწუხაროა.

ვერცერთ სამეურვეო საბჭოზე ვერ ვიტყვი, (სრულ შემადგენლობას ვგულისხმობ და არა ერთეულებს), რომ ეს არის შემდგარი, კარგი გუნდი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცილებით გამართულად იმუშავებდა კარგი და კვალიფიციური სამეურვეო საბჭოს ყოლის შემთხვევაში. ისიც მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი პრობლემურია და ამ მხრივ ცვლილებებია შესატანი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მაუწყებელი საზოგადოებრივი სიკეთეა: ის ადამიანების უფლებებს კი არ უნდა არღვევდეს, არამედ მათთვის მაგალითი უნდა იყოს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ლექსო ლაშქარავაზე  ძალადობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქრავასა და ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

რა მოხდა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის და საქმის არსებითად გადაცემის საკითხები განიხილეს.

„ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს ბრალი დაუმძიმდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატის ბექა თაკალანძის ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

• 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა)

• 156-ე (დევნა)

• და 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა)

წარდგენილ ბრალდებებზე კიდევ ერთი მუხლი - დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ნაწილში (სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დაემატა.

ლექსო ლაშქრავას საქმეზე მომდევნო პროცესი 3 ნოემბერს 14:00 საათზე დაინიშნა.

ვიდეოგადაღება პროცესზე

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობაში ბრალდებულების საქმის სასამართლოს სხდომაზე გადაღების უფლება „ალტ-ინფოს“ ოპერატორმა მოიპოვა. არხის წამყვანები და მფლობელები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან.

ინტერნეტ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე გვეუბნება, რომ დღეს სასამართლოში 5 ივლისის საქმეებზე მიმდინარე პროცესები სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა და მედიასაშუალებები ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის თავიანთი ჟურნალისტების პროცესებზე შევიდნენ.

მედიასაშუალებები „ალტ-ინფოსგან“ პროცესის ამსახველი მასალის მიწოდებას რამდენიმე საათს ელოდნენ. ამ დროისთვის ჟურნალისტებმა მხოლოდ კადრები მიიღეს.

ვის აქვს გადაღების უფლება?

კანონმდებლობის თანახმად, სხდომის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს, თუ ამ უფლებამოსილებით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს, მაშინ მისით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს.

იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე.

პირი, რომელიც ახორციელებს გადაღებას, ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

დეტალები

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეკომპანია „იმედის“ „პოლიტიკური განაცხადი“

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის. არხმა იგივე შინაარსის განცხადება 3 წლის წინ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც გაავრცელა.

რა მოხდა?

ტელეკომპანია იმედის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ „ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება“.

იგივე განცხადება ტელეკომპანიამ 18 ოქტომბრის 20:00-საათიან გამოშვებაშიც გაავრცელა.

არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ „პარტიის რევანშს და წარსულის დაბრუნებას ვერ დაუშვებს.“ და, რომ არხის „მისია სიმართლის ლაპარაკია და სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა არხის დამფუძნებელი.“

ტელევიზიის განცხადებით „იმედი“ როგორც ბრძოლის სიმბოლო, ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

რას გულისხმობს „იმედის“ საგანგებო რეჟიმი?

ტელეკომპანია „იმედში“ აცხადებენ, რომ მათი სარედაქციო პოზიცია „სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება.“

• „ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

• ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის "იმედის" სპეციალურ ეთერში.

• ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

• „იმედი“ მაყურებელს შეახსენებს ქვეყნის უმძიმეს წარსულს.“

კონტექსტი

“ტელეკომპანია „იმედის“ ეს განცხადება უბრალოდ პრობლემური კი არ არის, საერთოდ სცდება მედიის სფეროს და სრულ აბსურდშია გადასული“, - ასე აფასებს არხის საგანგებო რეჟიმზე უკვე მეორედ გადასვლას მედია მკვლევარი ლაშა ქავთავარძე. ის ამბობს, რომ ეს განცხადება სინამდვილეში „ქართულ მედიარეალობაში დანერგილი უწესობის ლეგიტიმაციის მცდელობაა.“

2018 წელსაც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვა, ტელეკომპანია იმედმა „საგანგებო რეჟიმი“ გამოაცხადა.

ამის მთავარი მიზეზი, მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იყო. და მაშინაც, ტელეკომპანია იმედი აცხადებდა, რომ იმუშავებდა, რათა „რეჟიმი არ დაბრუნებულიყო".

მაშინ „იმედმა“ საეთერო ბადე შეცვალა, ეთერში თოქ-შოუების რიცხვმა იმატა, და გადიოდა სიუჟეტები, რომელთა შინაარსიც ძირითადად ეხებოდა იმას, თუ თუ რატომ იყო ოპოზიციის კანდიდატის გაპრეზიდენტება მიუღებელი.

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადების იმ ნაწილს, რომ არხის მისია „სიმართლის ლაპარაკია“, მხოლოდ სიტყვებად აღიქვამს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, გამომძიებელი ჟურნალისტი, ნანა ბიგანიშვილი. მისი თქმით, შეუძლებელია ცალმხრივი ინფორმაცია ობიექტური იყოს.

„ეს, რა თქმა უნდა, გვახსოვს [რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ტელეკომპანია „იმედი“ დაზარალდა], რაზეც საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თუმცა ამდენი წლის შემდეგ იყო საგანგებო რეჟიმში და ბრძოლას უცხადებდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას - ეს არის საზოგადოებისთვის დამაზიანებელი“, - გვეუბნება ბიგანიშვილი.

"ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ის ფაქტი, რომ არხზე თითქმის აღარვინ დარჩა იმ ჟურნალისტებისგან, ვინც იმ „ძველ იმედში“ მუშაობდა, რომლის დარბევისა და განადგურების ხარჯზეც აგერ უკვე მერამდენე წელია „ქართული ოცნება“ და „ახალი იმედი“ ცდილობენ, ამომრჩევლების მომხრობასო",- ამბობს მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე.

არხის „პოლიტიკური განაცხადი“

ნანა ბიგანიშვილი ტელეკომპანია იმედის ამ განცხადებას, „ფაქტობრივად პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს“ - ტელეკომპანიამ მიკერძოება გამოხატა, რაც მედიის მთავარ დანიშნულებას ცდებაო.

მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ხელისუფლების მქონე ძალის მიმართ კრიტიკული კითხების დასმაა:

„მათი განცხადება კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა მეორე მხრივ რაც ყველაზე საგანგაშო და, ალბათ, საზოგადოებისთვის ყველაზე დამაზიანებელია ისაა, რომ მათი ეს რიტორიკა და პოზიცია მმართველი პარტისა და ხელისუფლების განწყობებს ემთხვევა“, - ამბობს ქარტიის საბჭოს წევრი.

„შეიძლება ობიექტურობის ცნება იდეალისტურია, მაგრამ თუკი ოდესმე მედიას მოეთხოვება რომ ობიექტურობასთან მიახლოებული მაინც იყოს, ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდია. „იმედის“ ეს განცხადება კი სწორედ ამ პრინციპისთვის ხაზის გადასმაა.“ - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

კიდევ უფრო გაღრმავებული პოლარიზაცია

მაუწყებელთა პოლარიზაცია 2020 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაღრმავდა და ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო. ეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშშია ასახული. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო მედია გარემო პლურალისტულია, თუმცა პოლიტიზებული.

ამავე ორგანიზაციის თოქ-შოუების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია „იმედის“ გზავნილები „ქართული ოცნების“ პოზიციას ემთხვეოდა და წამყვანები არ ერიდებოდნენ ცინიკურ დამოკიდებულებას ზოგიერთი ოპოზიციური სუბიექტების მიმართ.

მეორე მხრივ კი „TV პირველსა“ და „მთავარ არხზე“ სუბიექტური დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ იკვეთებოდა.

„იმედის“ საინფორმაციო გამოშვება კი ყველაზე დიდ დროს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას უთმობდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა, ფაქტობრივად, არ ისმოდა.

პოლარიზაციის ხარისხის კიდევ უფრო გაზრდაზე და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის ნაკლებ სივრცეზე მიუთითებს ნანა ბიგანიშვილი. "რაც მეტად გაიზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო ნაკლები სივრცე დარჩება ობიექტური ინფორმაციისთვისო",- ამბობს ჟურნალისტი.


მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე კი მიიჩნევს, რომ ქართული მასმედია გარემო „იმდენად საფუძვლიანად არის განადგურებული“, „იმედის“ ეს კონკრეტული ქცევა დიდად ვერაფერს შეცვლის. მისი განმარტებით, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს „იმედის“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლამ მხოლოდ „იმედის“ ეთერში ანტი-ოპოზიციური რიტორიკის ინტენსიურობა, არაეთიკური თავდასხმები პოლიტიკურ ფიგურებზე და ოპოზიციურ არხებზე საპასუხო თავდასხმები შეიცვალა, მაგრამ დიდ სურათში არხის ასეთ ქცევას ბევრი არაფერი შეუცვლია: „მედია ისევ პოლიტიკურად მიკერძოებული და მიკუთვნებული დარჩება, მოსახლეობა კი ისევ მოტყუებულიო", - ამბობს ქავთარაძე.

როგორ აჩვენა ეგზიტპოლებმა პოლარიზაცია მედიაში
2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, სამმა ტელევიზიამ მაყურებელს სამი განსხვავებული ეგზიტპოლის შედეგები შესთავაზა. ეს განსხვავება ყველაზე მეტად თბილისის მერის არჩევნების შემთხვევაში ჩანდა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა პოლარიზაცია ქართულ მედიაში.

რა აჩვენა ეგზიტპოლებმა?

"იმედის" დაკვეთით კვლევითი ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში პირველივე ტურში 51.3%-ით მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. 

„მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „იპსოსის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით 17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ მიიღო, თუმცა აჩვენა, რომ მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იქნებოდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი, „ედისონ რისერჩის“ კვლევით კი 18:00 საათისთვის გამოქვეყნებლი რიცხვები ყველაზე მეტად ემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

alt

კვლევის მეთოდოლოგია

სამივე ეგზიტპოლის შემთხვევაში ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3% უნდა ყოფილიყო.

• „იპსოსმა“ თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილე 2500 მოქალაქე.

• „ედისონ რისერჩმა“ თბილისში 95%-იანი სანდოობისთვის 6 783 ინტერვიუ ჩაატარა.

• „გორბიმ“ კი მთელ საქართველოში შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე (აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარეობდა) 11 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა.

მედიის პოლარიზაცია წინასაარჩევნოდ

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება“ კახა კალაძის გამარჯვებას ზეიმობდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ოფისში „მთავარი არხის“ ეგზიტპოლს ადევნებდა თვალს და ნიკა მელიას უპირატესობას აღნიშნავდა.

ეს კარგად აჩვენებს მედიის და პოლიტიკის პოლარიზებასო, ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

მაუწყებელთა პოლარიზაცია შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო რომ გაიზარდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშებიც ამბობს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშში წერია, რომ ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო: ტელეარხების ნაწილი მიკერძოებულია ხელისუფლებისადმი, მეორე ნაწილს კი ოპოზიციის მიმართ აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა.

„იმედი“ ხშირად ზუსტად იმეორებს და პირდაპირ მიჰყვება მმართველი გუნდის მესიჯბოქსს. „მთავარი არხი“ კი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას არ აშუქებდა.“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორ შეიძლება ეგზიტპოლებმა ამომრჩეველზე იმოქმედოს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეგზიტპოლის შედეგებს ბევრი ადამიანი ელოდება და შესაძლებელია შექმნას წინასწარი განწყობები და მოლოდინები ცესკოს საბოლოო შედეგების მიმართ.

„[ეგზიტპოლის შედეგებს] ყოველთვის მოჰყვება, როგორც დადებითი ისე უარყოფი რეაქცია. მაგალითად, იმას კი არ ვუყურებთ არის თუ არა ეგზიტპოლი ახლოს ცესკოს შედეგებთან, არამედ პირიქით, იწყება საუბარი იმაზე, არის თუ არა ცესკოს შედეგები ახლოს ეგზიტპოლთან“,- ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

2 ოქტომბერს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მმართველმა პარტიამ ერთ ეგზიტპოლზე დაყრდნობით იზეიმა გამარჯვება, მაშინ, როცა სხვა ეგზიტპოლები განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით იზეიმა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იმის მიუხედავად, რომ პირველ ტურში ჩატარებული სხვა ორი ეგზიტპოლი ("რუსთავის 2-ის" და „ევროპული საქართველოს“) მეორე ტურის დანიშვნაზე მიუთითებდა.

მაშინ მმართველი პარტიის ეგზიტპოლით, 52.3 %-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებდა, მაგრამ ცეკსოს პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ზურაბიშვილს ხმების 38.64% ჰქონდა მიღებული.

აშშ-ის მედიის გამოცდილება

საქართველოსგან განსხვავებით შტატებში ეგზიტპოლების შედეგები და მედიის პარტიული მიკუთვნებულობა ერთმანეთზე გავლენას ნაკლებად ახდენსო, ამბობს სოციოლოგი დავით სიჭინავა. ამის მაგალითად ის აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს:

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტელეკომპანია „ფოქსი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რამდენიმე ე.წ მერყევ შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. მაშინ, როდესაც „ფოქსზე“ ხშირად იკვეთებოდა მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ.

„მკვლევრები ჩვენთან მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობენ, მაგრამ შემდეგ [ეგზიტპოლის შედეგებს] მედია იარაღად აქცევს ხოლმე და რადგან ჩვენი მედია ძირითადად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ასოცირდება, ამ შედეგებს უკვე პოლიტიკური პარტიები იყენებენ აქტიურად. უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუ პოლიტიკური პარტია და მედია ერთმანეთთან არის შეზრდილი“, - ამბობს დავით სიჭინავა.

ეგზიტპოლების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია

ის, რომ შესაძლოა ამა თუ იმ მედიამ ან პოლიტიკურმა პარტიამ ეგზიტპოლის შედეგები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, არ ნიშნავს, რომ განსხვავებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საარჩევნო გამოკითხვა ცუდია, ან ვინმეს მისი ჩატარების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„თუ ეგზიტპოლს მხოლოდ ერთი მხარე აკეთებს, საზოგადოებრივი აზრი და განწყობა უკვე მომზადებულია და შესაძლებელია, რომ ოფიციალურ შედეგებზეც იმოქმედოს თუ, ვთქვათ, თავისუფალი და მიუკერძოებელი ცესკო არ გყავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რამდენიმე ეგზიტპოლის ჩატარება“, - ამბობს ნინო დოლიძე.

ჩატარებული ეგზიტპოლების განსხვავებულ მონაცემებსა და დაშვებულზე მაღალი ცდომილების მიღებას რესპონდენტები სხვადასხვა სავარაუდო ფაქტორით ხსნიან. მათ შორის ორგანიზაციების განსხავებული მეთოდოლოგიური მიდგომებით, სტატისტიკურ მოდელებს შორის სხვაობით ან თუნდაც ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, რომ უბნიდან გამოსულმა ამომრჩეველმა შესაძლოა, ქვეყანაში ხმის მიცემის ფარულობის პრობლემის გამო, გულწრფელად არ თქვას, ვის მისცა ხმა.

ეგზიტპოლებმა ყველაზე უკეთ პოლარიზაცია აჩვენა

„2 ოქტომბრის არჩევნებმა კარგად გვაჩვენა პოლარიზაცია მედიასა და პოლიტიკაში. როდესაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა საინტერესოდ იყო ნაჩვენები თითოეული პარტიის ოფისი. მაგალითად, „იმედი“ აჩვენებდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, „მთავარი არხი“ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. იმ კადრებმა დაგვანახა, რომ მედიაც და პოლიტიკური პარტიებიც პოლიტიკურად პოლარიზებულ სიტუაციას ქმნიან. პოლარიზაციას უფრო პოლიტიკოსები აღრმავებენ, მაგრამ მედიაც ხელს უწყობს ამას“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

alt

ქარტიის დირექტორი განმარტავს, რომ მართალია მედიასაშუალებას შეიძლება ერჩივნოს ის პოლიტიკური პარტია აჩვენოს ეგზიტპოლების გამოცხადებისას, რომელიც მათ კვლევას ენდობა და მისი შედეგის მიხდევით ზეიმობს, მაგრამ ეს არ ამართლებს მედისაშუალების საქციელს, რომ იმ მომენტში ყველა პარტია ერთად თუ არა, ერთმანეთის მიყოლებით მაინც აჩვენოს.

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ მკვეთრად პოლარიზებული მედიაგარემო პირველ რიგში აუდიტორიას აზარალებს. პოლარიზაციის დროს ჩნდება მედიის ბალანსის, მიუკერძოებლობის, სიზუსტისა და სხვა პრობლემები, რაც ხელს უშლის ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
RSF არჩევნების გაშუქების დროს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს ეხმაურება
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2 ოქტომბერს საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების დროს ჟურნალისტების მიმართ თავდასხმისა და მუქარების ფაქტებს ეხმაურება. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ინციდენტს ნათელი მოჰფინოს.

„მუქარები, შეურაცხყოფა და ფიზიკური თავდასხმაც კი „ტვ.პირველის“ რეპორტიორზე. 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დროს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის სულ მცირე 7 შემთხვევა დაფიქსირდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ხელისუფლებას ნათელი მოჰფინოს ყველა ინციდენტს“,- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

2 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
განახლებადი: მედია არჩევნები 2021-ის გაშუქებისას
განახლებადი ინფორმაცია

2 ოქტომბერს, თვითმართველობის არჩევნებს მედიების უმრავლესობა უწყვეტ რეჟიმში აშუქებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

19:33 - "რადიო მარნეულის" ინფორმაციით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს გადაღებაში ხელი შეუშალეს.






18:46 - "ბათუმელების" ინფორმაციით,  ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აქტივისტები მათ ჟურნალისტს დაემუქრნენ: „თქვეს, რომ „მოგვხედავენ“, „დაიმახსოვრებდნენ სახელებსა და გვარებს“- წერს "ბათუმელები".

17:10 - TV25-ის ჟურნალისტს ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.



16:20 -
"ტვ პირველის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტი გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და კამერა დაუმტვრია.



12:46 - გონიოში საარჩევნო უბანზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს.



12:20 - ვანის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს.



11:49 - "ბათუმელების" ჟურნალისტს ხელი შეუუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ბათუმის 64-ე უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე. 




10:30 - “TV პირველის“ ჟურნალისტის თამთა დოლენჯაშვილის ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაუწყებლის აპარატურა სამარშუტო ტაქსში ჩაკეტეს.




10:08 - ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე უცხო პირი “ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.




09:30 - სამეგრელოში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან “ტვ პირველის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.



შენიშვნა:
განახლების დროდ მითითებულია შესაბამისი მედიის მიერ ინფორმაციის/მასალის გამოქვეყნების დრო.