საქართველო
კატეგორია - საქართველო

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სულ უფრო მეტი მედია ორგანიზაცია ითხოვს დონაციებს და შემომწირველთა რიცხვიც სულ უფრო იზრდება. ამასთან, ეს სქემა ნაკლებად წარმატებულია ღარიბ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა, კომერციულად ნაკლებად საინტერესო კონტენტის წარმოება რთულია.

მედია ორგანიზაციები, როგორიცაა The Guardian, თავიანთ მომავალ ბიზნესს შემოწირულებებზე დაყრდნობით აშენებენ. ამავდროულად, ბოლო წლებში გაჩნდა უამრავი მაგალითი ხალხის მიერ დაფინანსებული სტარტაპებისა. რა მასშტაბზეა საუბარი და რა მიდგომები არსებობს მსოფლიოში, ამის შესახებ Reuters Institute-ის ციფრული ახალი ამბების 2018 წლის ანგარიშშია საუბარი.

საერთო ჯამში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფულს სწირავენ მედია ორგანიზაციებს ძალიან დაბალია: 1% ბრიტანეთში და 3%-მდე აშშ-ში. თუმცა შესაძლებლობის შკალა ბევრად დიდია. ანგარიშის თანახმად, გამოკითხული ადამიანების თითქმის მეოთხედი (22%) ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მედია ორგანიზაციას თანხას შესწირავდა.



ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მედიისთვის თანხას იმეტებენ ახალგაზრდები არიან. ნებისმიერი შეტყობინება ჟურნალისტიკის დახმარების თაობაზე ამ ჯგუფზე კარგად მუშაობს.

შემოწირულობების უმეტესობა პოლიტიკურად მოტივირებულია და ძირითადად ცენტრისტებზე ან მემარცხენეებზე მოდის. ნაწილობრივ, ეს ისტორიული იდეოლოგიური ბრძოლების შედეგია, როცა ბევრი მემარცხენე გაზეთი კოოპერატივებისა თუ პროფესიული კავშირებისგან ფინანსდებოდა კაპიტალისტური პრესის საწინააღმდეგოდ. შტატებისნაირ ქვეყანაში მედია ისევ აღიქმება როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი - დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. საანგარიშო კვლევაში ჩანს, რომ დონაციები პოლიტიკური აქტია რესპონდენტებისთვის:

“მე ფულს ვწირავ [აშშ-ის კონსტიტუციის] პირველი შესწორების მხარდასაჭერად, რომელსაც, ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება მოქმედი [ტრამპის] ადმინისტრაციისგან”.

“მინდა დავრწმუნდე, რომ ეს მედია ორგანიზაციები არ დაიხურება”.


თუმცა შემოწირულებები მხოლოდ მემარცხენე იდეოლოგიის შენარჩუნებას არ ემსახურება. უამრავი პარტიზანული კონსერვატიული საიტი სულ უფრო ხშირად მოუწოდებს მხარდამჭერებს დონაციისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკლამის დამკვეთები მათ ბოიკოტს უცხადებენ.

სხვადასხვა ამერიკული გამოცემის, მაგალითად NPR-ის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ათწლეულებია დონაციებზე მოდის. ასეთია მაგალითად 2009 წელს დაფუძნებული არაკომერციული მედია ორგანიზაცია Texas Tribune, რომელიც ყოველწლიურად 6,5 მილიონ დოლარს იღებს შემომწირველებისგან. გამოცემაში დაახლოებით 60 ადამიანია დასაქმებული.

“ვხვდები, რომ კარგ ჟურნალისტიკას ფული სჭირდება. თუ მხოლოდ უფასო სერვისებზე ვიქნები დამოკიდებული, ინფორმაციის ხარისხი, რომელსაც ვიღებ, გაცილებით გაუარესდება.”

ზოგისთვის გამოწერის სისტემა შემაშფოთებელია. ისინი ფიქრობენ, რომ მაღალი ხარისხის ახალი ამბები მხოლოდ მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც ამაში ფულის გადახდა შეუძლია. ამიტომ, ორგანიზაციების ნაწილს, მაგალითად The Guardian-ს, ურჩევნია მათი პროდუქტი უფასო იყოს ყველასთვის და ნებაყოფლობით კონტრიბუციებს ითხოვენ.

მიზეზი, რის გამოც ადამიანები მედიას ფულს სწირავენ ყალბი ამბების ერაში ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკისა და თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერაა. ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად იხდიან ფულს ახალ ამბებში.
კატეგორია - საქართველო
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, კონკრეტული საჯარო პირებისა და უწყებების ინიციატივებითა და კანონპროექტებით რამდენჯერმე დაემუქრა საფრთხე.

ბოლო ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა და განხილვები მოჰყვა, საპარლამენტო უმრავლესობის ორი დეპუტატის, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა იყო შემოქმედებითი ცენზურის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულ „ცენზურის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკან დაიხია.

თუმცა, ეს კანონპროექტი ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც ბოლო პერიოდში საზოგადოება გამოხატვის თავისუფლების საფრთხეებზე აალაპარაკა.

2017 წლის იანვარი - ევა გოცირიძე მოსამართლეთა კრიტიკის შეზღუდვას ითხოვს

ევა გოცირიძე ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა, ვიდრე ამ პოზიციას დაიკავებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში განაცხადა, რომ უნდა დადგენილიყო მოსამართლეთა მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები: „ვფიქრობ, საქართველოში უნდა ამაღლდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის აღიარების ხარისხი. მედიამ, პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. მოსამართლის მიმართ უნდა დადგინდეს დასაშვები კრიტიკის ფარგლები“.

ეს ინიციატივა ევა გოცირიძემ დაახლოებით სამი თვის შემდეგ ისევ გაახმოვანა. „დადგა დრო, ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს ისე, როგორც საჭიროა. ზოგიერთი ნაწილი კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი“, - აღნიშნა 4 აპრილს, პარლამენტში მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

იმავე წლის 26 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ რეაგირება ითხოვა. საპასუხო განცხადებაში ქარტიამ ცენზურის საფრთხეზე მიუთითა, ევა გოცირიძეს კი ურჩია, რომ თუკი რომელიმე ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ ჰქონდა პრეტენზია და მიიჩნევდა, რომ ეთიკური პრინციპები იყო დარღვეული, ქარტიაში დადგენილი წესით შეეტანა განცხადება.

არც იუსტიციის საბჭოს და არც თავად ევა გოცირიძეს ქარტიისთვის აღარ მიუმართავს. ამ განცხადებების შემდეგ ამ საკითხზე აღარც საუბარი ყოფილა.

2017 წლის ოქტომბერი - კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიძულვილის ენის რეგულირებაში გადატანას შეეცადა


ევა გოცირიძის ვერგანხორციელებული ინიციატივიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოამზადა ცვლილებათა კანონპროექტი, რომელშიც სხვა, მთელ რიგ ცვლილებებთან ერთად, რამდენიმე საკითხის, მათ შორის სიძულვილის ენის მედიის თვითრეგულირების სფეროდან ამოღებას ითხოვდა. კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლი თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში უნდა გადასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანომ უნდა განიხილოს საჩივარი, ცვლილების მიღების შემდეგ საკითხზე GNCC იმსჯელებდა და შესაძლებელი ხდებოდა მიმართვა სასამართლოსთვისაც.

კომუნიკაციების კომისიამ ცვლილებების საჭიროება აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებით ახსნა.

კანონპროექტის ამ ნაწილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება მოჰყვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „კომისიის ხელში მაუწყებლის შინაარსის რეგულირების გადასვლა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს გარდა ამისა, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა აღიქმებოდა მედიაგარემოს გაუარესებად“.

ინიციატივა მოიწონა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, თუმცა პროცესი აღარ გაგრძელებულა.

2018 წლის მაისი - კლინიკების ასოციაცია ექიმების შეცდომის ან დანაშაულის გაშუქების წინააღმდეგ


მოსამართლეების შემდეგ, მედიის კრიტიკის აცილებაზე სამედიცინო სფეროში დაფიქრდნენ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, 2018 წლის 11 მაისს, საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კლინიკების ასოციაციამ წარადგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ „მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - თანხა გაორმაგდება. ამავე დროს მედიას დაეკისრება ვალდებულება უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია“.

2018 წლის მაისი - შემოქმედებითი ცენზურის დაწესების მცდელობა


2018 წლის მაისში აკრძალვის მცდელობები შემოქმედებით სფეროსაც შეეხო. საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონსა და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად სასამართლოს შეუძლია აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. ინიციატივამ იურისტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო პაკეტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად მიიჩნია და თქვა რომ,„საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს, რომ შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე“.

საბოლოოდ, 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებულ, „ცენზურის კანონპროექტს“ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კულტურის შესახებ კანონი უცვლელი დარჩეს.
კატეგორია - საქართველო
ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 29 მაისს, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. რვა თვის შემდეგ, დევნილ ჟურნალისტს, რომელიც თბილისს აფარებდა თავს, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად მუხტარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს.

ერთი წლის შემდეგ ისევ უცნობია მომხდარის დეტალები და პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში. თუმცა, ცნობილია როგორ აისახა ეს ფაქტი საქართველოზე.

აფგან მუხტარლის საქმე, გასული ერთი წლის განმავლობაში, მოხვდა ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. ამ პერიოდში მოვისმინეთ არაერთი კრიტიკული განცხადებაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

მომხდარიდან ორ კვირაში ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო, რითაც დაგმო მუხტარლის “თბილისიდან გატაცება და შემდგომ ბაქოში დაპატიმრება”. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ესაა ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული ფაქტი.

ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს მომხდარში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

იმავე წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მუხტარლის საქმეს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. “ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით გამოძიებას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, სავარაუდო გატაცების შესახებ და მოვუწოდებთ მათ, რომ იგი იყოს გამჭვირვალე და დროული”, - ეწერა 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

აფგან მუხტარლის საქმე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

2009 წლის შემდეგ პირველად, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი გაუარესდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებისა და რუსთავი 2-ზე ზეწოლის ფაქტებთან ერთად, დემოკრატიის გაუარესების მიზეზად ორგანიზაცია აფგან მუხტარლის საქმეს ასახელებს.

“მუხტარლი საქართველოში აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის ბიზნესებს იძიებდა. მისი მასალები საქართველოს ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რასაც მივყავართ სპეკულაციამდე, რომ მისი არაკანონიერი დაკავება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ერთგვარი საჩუქარი იყო მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორისთვის”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მუხტარლის საქმე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის ქვეთავში შეიყვანა Amnesty International-მა: “გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის”.

მუხტარლის გაუჩინარებისთანავე, საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) საქართველოს ოფიციალური პირებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, - როგორ და რატომ გაიტაცეს და გადაიყვანეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერბაიჯანში. ორგანიზაცია აზერბაიჯანისგან აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვს.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, Human Rights Watch, საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ივნისში მიმართეს.

“აფგან მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს რეპუტაციისთვის, როგორც კავკასიის რეგიონის ლიდერ ქვეყანაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,”- ვკითხულობთ წერილში.

გასული წლის დეკემბერში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები, კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) აფგან მუხთარლის საქმით დაინტერესნენ და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში PACE-ს წევრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები არიან, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი შეშფოთება.
კატეგორია - საქართველო
თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხტარლის სავარაუდო გატაცებიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მასალების ავტორი, აფგან მუხტარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. 2018 წლის იანვარში აზერბაიჯანის სასამართლომ მუხტარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს. საქართველოში მუხტარლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა რა ეტაპზეა, უცნობია.

მუხტარლის დაკავებას საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გამხდარა ცნობილი.

აფგან მუხტარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღესაც გაიმართება. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის შენობასთან საღამოს, 17:00 საათზე შეიკრიბებიან. ისინი საქმის ეფექტურ გამოძიებასა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

„სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე", - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა სახლის" განცხადებაში.

კატეგორია - საქართველო
ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედია, სამთავრობო გავლენის ქვეშ მყოფი ეროვნული მარეგულირებელი კომისია, ფიზიკური ზეწოლა ჟურნალისტებზე, მედიამფლობელების გამჭვირვალობა, ციფრული მაუწყებლობა, ბრძოლა ტელევიზიებზე გავლენის მოსაპოვებლად, - Freedom House-ის ანგარიშების მიხედვით, ეს ის ფაქტორებია, რაც ბოლო ათ წელიწადში საქართველოს მედიაგარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა. ეს მაჩვენებლები განსაზღვრავდა ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხსაც.

Freedom House საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად აკვირდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და სამოქალაქო თავისუფლების ხარისხს სხვადასხვა ინდიკატორებით ზომავს. ერთ-ერთი ფოკუსი მედიის თავისუფლებაა. საქართველო ამ მხრივ “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალში შედის.

ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 0, 25-ერთეულით შემცირდა, რის გამოც ქვეყანა 9 წლის წინანდელ, 2009 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.



2008-2010 წლები - კონტროლირებადი მედია, მარეგულირებელი კომისია სამთავრობო გავლენის ქვეშ და ზეწოლა ჟურნალისტებზე


ვარდების რევოლუციის მომდევნო წლებში საქართველო უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა, ერთის მხრივ ქვეყანა რეგიონში „დემოკრატიის შუქურად“ მოიაზრებოდა, რომელზეც დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებდა, მეორეს მხრივ კი, მთელი რიგი შიდა პროცესები სულ უფრო შორდებოდა დემოკრატიას. რევოლუციური მთავრობა ფასეულობების ერთგული ვერ აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი მედია იყო. ქვეყნის მთავარი, სრული დაფარვის მქონე მაუწყებლები, მმართველი პარტიის მიერ კონტროლდებოდა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელიც კანონის თანახმად ყველაზე მიუკერძოებელი და ყველა მხარის ინტერესების ამსახველი უნდა ყოფილიყო. გამონაკლისს მხოლოდ ტელეკომპანია „იმედი“ წარმოადგენდა, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, 2007 წელს ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრისა და „იმედისთვის“ გადატრიალების მცდელობის ბრალის წაყენებით ეს არხიც მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

2008 წლიდან ეს გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა. ცალკეული დამოუკიდებელი, მცირებიუჯეტიანი გამოცემების თუ მაუწყებლების გარდა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას დიდად ვერ ახდენდნენ, მედიის დისკურსს პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობა“ განსაზღვრავდა. სწორედ ეს სახელდება Freedom House-ის 2009 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (რომელიც 2008 წელს ეხება) მთავარ პრობლემად.

10 წლის წინ ორგანიზაცია საქართველოს მედიაგარემოს მთავარ პრობლემად სრული დაფარვის მქონე მაუწყებლების მმართველი პარტიისგან კონტროლზე საუბრობდა. ამ პერიოდში ასევე სამთავრობო გავლენის ქვეშ იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელმაც ტელეკომპანია “მაესტროს“ უარი უთხრა პოლიტიკური პროგრამების გაგრძელებისთვის საჭირო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე. Freedom House-ის იმ პერიოდის ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის მცდელობებზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელი შეეშალა სამაუწყებლო მედიაში მისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. 2008 წელს იყო ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებიც. წლის ყველაზე გახმაურებული ამბავი გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიმართ სასიკვდილო მუქარები იყო, რომელსაც რედაქცია მეილზე იღებდა.

მედიის კონტროლი და მარეგულირებელი კომისიის მიკერძოება პრობლემად რჩება 2009 წელსაც. კვლავ ხდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა. ტელეკომპანია „მაესტროს“ გუნდის წევრებს დემონსტრაციის გადაღებისას აპარატურა წაართვეს და გადაღებული მასალა წაუშალეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა გაზაფხულზე გამართულ საპროტესტო აქციებზეც. გამომძიებელი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე კი, როგორც თავად აცხადებდა, დოკუმენტური ფილმის გადაღების შემდეგ ხელისუფლებისგან სასიკვდილო მუქარებს იღებდა. ფილმი 2008 წლის კონფლიქტს ეძღვნებოდა და ომის დროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების კრიტიკული ანალიზი იყო წარმოდგენილი.

Freedom House-ის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2009 წელს ტელეკომპანია „იმედზე“ სამთავრობო გავლენა გაიზარდა. მარტში აქ თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, ნანა ინწკირველი დაინიშნა დირექტორად, რამაც ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ორი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. ივლისში ტელევიზიის დირექტორად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი არველაძე დაინიშნა, რამაც ხელისუფლების გავლენა კიდევ უფრო პირდაპირი და აშკარა გახადა.

2010 წლიდან შედარებით მცირდება ჟურნალისტების სამართლებრივი და ფიზიკური დევნა. მაისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინა წლებთან შედარებით უფრო სამართლიანად გააშუქა. თუმცა, სახელისუფლებო გავლენა მსხვილ მედიაკომპანიებზე ისევ საგრძნობია. იგივე ვითარებაა მარეგულირებელ კომისიაშიც, რომლის დირექტორი გიორგი გეგეშიძე „რუსთავი2 -ის“ მფლობელი იყო.

ადგილობრივმა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი მედია მფლობელების გამჭვირვალობის შესახებ, რაც 2000-იანი წლების მეორე ნახევარში თავისუფალი მედიის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩებოდა. ორი მსხვილი მაუწყებლის, „რუსთავი 2-სა“ და „იმედის“ მფლობელების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო, მათი ფიქტიური მეპატრონეები კი ოფშორულ ზონებში იყვნენ დარეგისტრირებული.

ამ პერიოდში ქვეყანაში უკვე არსებობდა რამდენიმე ახალი დამოუკიდებელი ბეჭდური თუ ონლაინ მედია გამოცემა, თუმცა, მცირე ბიუჯეტისა და დაბალი ტირაჟების გამო მათი გავლენის არეალი ძალიან მცირე იყო.

2011 - 2012 წლები - გაძლიერებული ზეწოლა ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებების მფლობელების გამჭვირვალობის პირველი ნიშნები


ჟურნალისტებზე ზეწოლისა და საქმიანობაში ხელის შეშლის მხრივ არსებული ერთწლიანი შედარებით მშვიდი გარემოს შემდეგ, 2011 წელს საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებით „დაწინაურდა“. 26 მაისს ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციის დაშლისას პოლიციამ არაერთ ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ნაწილს აპარატურაც დაუზიანეს და ჩამოართვეს. ზოგიერთი პოლიციის განყოფილებაშიც კი მოხვდა.

Freedom House-ის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმესაც ეხმიანება. 2011 წლის ივლისში 4 ფოტოგრაფი, მათ შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. მათ სამშობლოს ღალატის მუხლით წარუდგინეს ბრალი და საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაადეს. თუმცა, არაერთი საპროტესტო აქციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების შემდეგ, ისინი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ამ ბრალდებით ჟურნალისტების დაკავების პირველი შემთხვევა იყო საქართველოში.

ერთადერთი, რაც 2011 წელს Freedom House-ის ანგარიშში მედიაში პოზიტიურ ცვლილებად არის დასახელებული, მედია მფლობელების გამჭვირვალობის საკითხის ნაწილობრივი მოგვარებაა. აპრილში პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს იღებს, რაც მაუწყებლებს დამფუძნებლების და დაფინანსების წყაროების შესახებ შესახებ სრული ინფორმაციის გამოქვეყნებას ავალდებულებს 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამიტომ ხელისუფლება მის ხელში არსებულ ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებს.

თუმცა, ამის საპირწონედ აპრილის ბოლოს მედია ბაზარზე ახალი ძლიერი მოთამაშე - ტელეკომპანია „ მე-9 არხი“ შემოდის. ტელევიზიას ზურგს უმაგრებს ხელისუფლებას დაპირისპირებული გავლენიანი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამავდროულად მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერიცაა. კარგი დაფინანსებისა და სოლიდური რეიტინგის მიუხედავად, შეფერხება დაფარვის მხრივ „მე-9 არხსაც“ ექმნება, რადგან სამაუწყებლო სიხშირეების მისაღებად ლიცენზიების გაცემა ჯერ კიდევ პრობლემურია.

არჩევნების წინა პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებიც გაიზარდა. ფიზიკური თავდასხმები, შანტაჟი, საქმიანობაში ხელის შეშლა და აქტიური ჩარევა - ეს ყველაფერი არაერთხელ გამოსცადეს ზაფხულის განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი მედიების ჟურნალისტებმა.

სიტუაცია არც სარეკლამო კუთხით იცვლება. Freedom House 2013 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ რეკლამის დამკვეთები უპირატესობას ისევ სამთავრობო მედიებს ანიჭებენ, რაც კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ფინანსურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი მედიის განვითარებას უშლის ხელს.

2012 წლის საპარალამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 18 სექტემბერს ტელეკომპანიებმა - „მაესტრო“ და „ტვ-9“ ეთერში, მათი განცხადებით, თბილისის ციხეებში გადაღებული ფიზიკური და სექსუალური ძალადობის კადრები გაუშვეს, რამაც საყოველთაო აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. იმ დროს მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მედიამ ეს სკანდალი მთავრობისადმი კრიტიკული დისკურსის და შეკითხვების გარეშე გააშუქა. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და კი თავდაპირველად საერთოდ უარი თქვა თემის გაშუქებაზე.

მედიის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთ მაჩვენებლად Freedom House-ს საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე ცესკოს მიერ დაწესებული რეგულაცია მოჰყავს, რაც ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღებას უზღუდავს. ამ ამბავს მედიის წარმომადგენლების მხრიდან საპროტესტო განცხადებები და აქცია მოჰყვა. თუმცა, ცესკოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

2013-2014 წლები - ცვლილებები მაუწყებლებში


საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მიუხედავად 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის პირველ თვეებში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ აკონტროლებს 2 მთავარ მაუწყებელს : „რუსთავი 2 -სა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არის დამტკიცებული და მისი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ მიკერძოებულია.

არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ პირველი მფლობელის, გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს უბრუნდება, რომელსაც ტელევიზია სააკაშვილის მთავრობამ 2007 წელს საეჭვო გარემოებაში ჩამოართვა. ამის შემდეგ ტელევიზია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოზიციას იკავებს.

არჩევნებიდან ერთ წელიწადში, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხი“ დახურა. საბოლოოდ, ტელევიზიის სიხშირე ახალმა არხმა, GDS-მა დაიკავა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნოდა და გასართობ გადაცემებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული.

ახლადარჩეული მთავრობა ინფორმაციის თავისუფლების საკითხს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდა. 2013 წლის აგვისტოში ივანიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაიხვეწა რეგულაციები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით და სამთავრობო უწყებების ნაწილს დაევალა, პროაქტიულად ონლაინ გამოექვეყნებინათ სხვადასხვა დოკუმენტები და ოფიციალურად მიეღოთ ელექტრონული მოთხოვნები ინფორმაციაზე.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას საერთაშორისო მედია მონიტორებმა აღნიშნეს, რომ ორი მთავარი კერძო მაუწყებელს, „რუსთავი2 -სა“ და „იმედის“ ეთერში აღარ იგრძნობოდა პოლიტიკური პარტიების თუ ფიგურების აშკარა გავლენა. ამჯერად ეს კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი სარედაქციო მასალების შექმნაზე იყვნენ ორიენტირებული. თუმცა, კრიტიკული დისკურსის ნაკლებობა მაინც შესამჩნევი იყო.

სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენები 2013 წელსაც არ კარგავს აქტუალობას. 2012 წლიდან მაუწყებელი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლებისთვის ბრძოლის პოლიგონად იქცა, რამაც 2013 წელს მმართველობის კრიზისამდე მიიყვანა საქმე. მარტში დირექტორი გაათავისუფლეს, 15-კაციან ბორდში კი 8 ვაკანტური ადგილი დარჩა.

2014-2017 წლები - ბრძოლა ტელევიზიებზე გავლენის მოსაპოვებლად

2014 წელი ქართული მედიისთვის გარდამავალი და შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულში ყველაზე თავისუფალი და თვითრეგულირებადი პერიოდი იყო. აღარ ვხვდებით ჟურნალისტებზე პირდაპირი ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტებს, მედია უფრო მრავალფეროვანი და პოლარიზებულია. ხელისუფლებას და ოპოზიციას თითქმის ერთნაირი წვდომა აქვთ საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მფლობელების გამჭვირვალობის საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია და საერთაშორისო ორგანიზაციები აღარც სარეკლამო დამკვეთების პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობენ. თუმცა, პოლიტიკური გავლენები კულისებს მიღმა მაინც არ კარგავს აქტუალობას.

შედარებით მშვიდი და დაბალანსებული სიტუაციის მიუხედავად ცხელი ამბების გარეშე არც 2014 წელი გადის. ივლისში „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელსა და ყოფილ დირექტორს, ეროსი კიწმარიშვილს საკუთარ ფარეხში, მანქანაში გარდაცვლილს პოულობენ. მას თავის არეში ტყვია აქვს მოხვედრილი. მართალია, გამოძიებამ ჯერაც ვერ დაადგინა, რას უკავშირდებოდა ეს მკვლელობა, მაგრამ ეჭვები კიწმარიშვილის მედიაზე გავლენებსა და მის იდუმალებით მოცულ სიკვდილს შორის მაშინვე გაჩნდა.

ვითარება წლის ბოლოსაც იძაბება, როდესაც დეკემბერში ტელეკომპანია მაესტროდან პოპულარული ტელეწამყვანი და გადაცემის ავტორი, ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც „მაესტრო“ პროტესტის ნიშნად ჟურნალისტების ნაწილმაც დატოვა. ისინი ამ ამბავს სამთავრობო პოლიტიკური ფიგურების ტელეკომპანიის საქმიანობაზე გავლენას უკავშირებდნენ.

2015 წლის ივლისიდან საქართველო ოფიციალურად გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, რაც ციფრული ტელემაუწყებლებისთვის ლიცენზიების გაცემას აღარ საჭიროებს. წლის პირველი ნახევარში ქვეყანაში შედარებით სტაბილური და თავისუფალი მედია გარემო ისევ შენარჩუნებულია. ირიბი გავლენები კვლავ პრობლემურია, თუმცა, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია მაინც გაუმჯობესებულია.

ეს დროებითი სიმშვიდე ზაფხულის ბოლოდან ირღვევა, როდესაც სატელევიზიო მედიაში რამდენიმე გავლენიანი საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემის დახურვის გამო სამთავრობო ზეწოლის ეჭვები ჩნდება. ამის შესახებ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი საუბრობს. ტოქშოუები დაუხურეს პოპულარულ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძეს.

ეჭვები ჩნდება ასევე სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ, რის მიზეზიც „რუსთავი2-ის“ მფლობელობის საკითხზე სასამართლო დავის წარმართვის ბუნდოვანი პროცესია. 2016 წლიდან ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა თანდათან უფრო თვალშისაცემი ხდება. იმ ფონზე, როდესაც ონლაინ გამოცემების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მედია ბაზარიც უფრო პლურალისტური და თავისუფალი ხდება, სახელმწიფო ცდილობს, ყველაზე რეიტინგულ ტელეარხები მაინც მოაქციოს გავლენის სფეროში.

ამის ყველაზე ნათელ მაგალითად Freedom House ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე დავას ასახელებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ამის მტკიცებულებად მიიჩნევს. სამთავრობო გავლენებზეა საუბარი ტელეკომპანია „მაესტროს“ შემთხვევაშიც. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მედიაგარემო 2017 წლამდე მაინც ინარჩუნებს გარკვეულ სტაბილურობას. თუმცა, გასულ წელს რამდენიმე ფაქტორმა ეს მაჩვენებელი თითქმის იმ დონემდე დაიყვანა, რაც საქართველოს 2009-2013 წლებში ჰქონდა.

Feedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ინდექსმა 0,25-ით დაიკლო 4,25 ქულა შეადგინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა გახდა. იანვარში მაუწყებლის ახალ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს, რომელიც მანამდე „მეცხრე არხსა“ და ტელეკომპანია GDS-ში მუშაობდა პოლიტიკურ გადაცემებზე. ორივე არხის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო, რამაც მაღლაფერიძის პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ კითხვები გააჩინა. ამას ისიც დაემატა, რომ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი მან GDS-ის ყოფილი თანამშრომლებით დააკომპლექტა. მაუწყებელზე მისი ინიციატივით დაიხურა რამდენიმე გადაცემა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკული იყო. ნეგატიური შეფასება მოჰყვა ასევე „რუსთავის 2-ის“ მფლობელობასთან დაკავშირებულ დავასაც და სამი პროსამთავრობო კერძო ტელეკომპანიის გაერთიანებას ( იმედი, მაესტრო და GDS ).

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2017 წელი მედიის თავისუფლების მხრივ ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა. გაართმევს თუ არა თავს ამ გამოწვევას საქართველო და იქნება თუ არა გასული წელი გარდამტეხი 4 -წლიანი შედარებითი სტაბილურობის შემდეგ, ამას საბოლოოდ მიმდინარე წელს დავინახავთ. ისევ Freedom House-ს თუ დავესესხებით, საქართველოს საკანონმდებლო სივრცე გამოხატვის თავისუფლებას და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მედია გარემოც მეტნაკლებად პლურალური და კონკურენტუნარიანია, ანუ, სასტარტო პირობები არსებობს. თუმცა, შეძლებს თუ არა საქართველო რეგიონის „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსს გასცდეს და მართლაც პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად ჩამოყალიბდეს, ეს დიდწილად ხელისუფლების ნებასა და მედიის შიდა სამზარეულოსგან მაქსიმალურად თავის შორს დაჭერაზეა დამოკიდებული.
კატეგორია - საქართველო
ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ადამიანები დასკვნებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ, რასაც სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ. 21-ე საუკუნე ინფორმაციის მიღების გზების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამიტომაც საინტერესოა იმის გაანალიზება, როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ინფორმაციის გამავრცელებლებთან.

საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში რამდენიმე წელია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (CRRC) იკვლევს. ბოლო კვლევის შედეგი ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოაქვეყნა. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და ყოველ წელს გამოკითხვაში დაახლოებით 2000-დან 4000-მდე რესპონდენტი მონაწილეობს. რა შეიცვალა ბოლო პერიოდში ინფორმაციის მიღების პირველწყაროსთან დაკავშირებით, როგორ იცვლება რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურებადობის მაჩვენებელი და რა გავლენას ახდენს არაქართულენოვანი მედია მაყურებელზე - “მედიაჩეკერმა” ტენდენციების დასადგენად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემები შეადარა.

ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო

მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. თუმცა, მაჩვენებელი კლებადია. 2014 წლიდან დღემდე ეს რიცხვი 85%-დან 72%-მდე შემცირდა. პარალელურად კი ნელ-ნელა და სტაბილურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციას ძირთადად ინტერნეტიდან იღებენ. ხუთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-დან 18%-მდე გაიზარდა.




ამავე მონაცემების მიხედვით, ინფორმაციის მიღების მეორე ძირითად წყაროებში ინტერნეტი ლიდერობს, რომელიც მოიცავს ფეისბუკსაც. მაჩვენებელი წლების მიხედვით იცვლება და 17%-დან 30%-მდე მერყეობს. ტელევიზია კი ინფორმაციის მიღების მეორე წყარო მოსახლეობის 8-13%-სთვისაა.



ბოლო 5 წლის განმავლობაში 33%-დან 51%-მდეა გაზრდილი იმ ადამიანების წილი, რომლებიც ინტერნეტს დღეში ერთხელ მაინც იყენებენ. ამავე პერიოდში საპირისპიროდ შეიცვალა მათი რიცხვი, ვისაც ინტერნეტით არასდროს უსარგებლია. თუკი 2014 წელს გამოკითხულთა 47% ამბობდა, რომ ინტერენეტი არასდროს გამოუყენებია, 2018 წელს ეს რიცხვი 31%-მდე შემცირდა.



NDI-ს მონაცემების მიხედვით, ქალაქებსა (61%) და დედაქალაქში (74%) მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტით კვირაში ერთხელ სარგებლობს. სოფლებსა (46%) და არაქართულეონავან დასახლებებში (42%) კი ჯამში 40%-ს აჭარბებს იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია, არ იცის რა არის ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.



არაქართულენოვანი არხები

კიდევ ერთი მონაცემი, რომლის შედარების საშუალებასაც მონაცემთა ბაზები გვაძლევს, არაქართულენოვანი არხების ყურებადობაა. რიცხვები აჩვენებს, რომ 2015-2018 წლებში არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიმღებთა წილი უმნიშვნელოდ მცირდება.

ბოლო ოთხ წელიწადში გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი (23%) ინფორმაციას არაქართულენოვანი მედიიდან 2016 წელს იღებდა, ყველაზე ნაკლები (18%) კი - მიმდინარე, 2018 წელს.




თუ ბოლო ორი წლის მონაცემებს შევადარებთ ერთმანეთს, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში 25%-ით შემცირდა ინფორმაციის მიღება არაქართულენოვანი არხებიდან, ქართულენოვან დასახლებებში კი - 16%-ით.




იმ მაყურებლებს შორის, რომლებიც მიმდინარე და პოლიტიკური ამბების შესახებ ინფორმაციას არაქართულენოვანი არხებიდან იღებენ, ყველაზე დიდი მაჩვენებელი სამ რუსულენოვან არხზე მოდის (ORT, RTR, Russia 1). სამივე მათგანის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. შესაბამისად მათი შინაარსი სრულ თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან.

მართალია, ზოგადად არაქართულენოვანი არხების საერთო ყურებადობის შემცირებასთან ერთად მცირდება რუსული არხების მაყურებელთა წილი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ Russia Today-ის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავარი პროპაგანდისტული არხია, ყველაზე მეტად ეთნიკური უმცორესობებით დასახლებულ რეგიონებში უყურებენ. აქ იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც არაქართული არხებიდან იღებენ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას, Russia Today 11%-მა დაასახელა.



რუსული მედიის გავლენა

2018 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართულენოვან არხებს გამოკითხული მოსახლეობის 10% ან მეტი მხოლოდ ქართულ დასახლებაში ენდობა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში კი ქართულ არხებს 10%-ზე მეტი ნდობის მაჩვენებელი არ აქვს. ამ რეგიონებში მოსახლეობის 67% არხების სანდოობასთან დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ არცერთ (45%) არხს ენდობა, “არ იცის” (15%) ან პასუხს არ სცემს კითხვას (7%).



NDI-ს კვლევაში 2018 წელს მონაწილეებს დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. რუსული არხები რომ ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, ამას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში გამოკითხული მოსახლების უფრო დიდი წილი არ ეთანხმება (23%), ვიდრე ეთანხმება (18%), უმრავლესობამ (56%) კი არ იცის. თუმცა, მათგან განსხვავებით ქართულ დასახლებებში მოსახლეობის უმრავლესობა (48%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსული არხები დეზინფორმაციას ავრცელებენ.



იმავე გამოკითხვაში დაინტერესდნენ რუსეთი ავრცელებს თუ არა საქართველოში თავისი იმიჯისა და ინტერესების გამო ცრუ ინფორმაციას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 8% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მაგრამ თუ მონაცემებს ეთნიკურ ჭრილში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს რიცხვი ეთნიკური უმცირესობების ნაწილში 31%-ს უტოლდება. ეს ბოლო ორი მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას პრობლემად არ მიიჩნევენ.





თუ იდენტურ კითხვებზე რუსული ORT-სა და ამერიკული CNN-ის მაყურებელთა განწყობებს შევადარებთ ვნახავთ, რომ რადიკალური განსხვავებებია. იმ ადამიანების 45%-ს, რომლებიც ORT-ს უყურებენ, მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხე არ არის, იგივე აზრი CNN-ის მაყურებლების მხოლოდ 2%-ს აქვს. რუსეთი მცირე საფრთხე ჰგონია ORT-ს მაყურებლების 40%-ს, იმავეს CNN-ის მაყურებლების მხოლოდ 7% ფიქრობს.



ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს, რომ ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად კვლავ რჩება ტელევიზია, მაგრამ მისი აუდიტორია ნელ-ნელა იკლებს. პარალელურად იზრდება ინტერნეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენება.  კვლავ რჩება ის ტენდენცია, რომ რუსულენოვან არხებს ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში უყურებენ და ასეთ დასახლებებში რუსეთს, როგორც საფრთხეს ნაკლებად აღიქვამენ.

ჰიბრიდული, ანუ საინფორმაციო ომი 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა, რაზეც მთელ მსოფლიოში მსჯელობენ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მედიის გამოყენებაზე 2017 წლის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც მიუთითა. თუმცა, უწყებას არ დაუკონკრეტებია რომელ მედიასაშუალებაზე საუბრობდა ან რას აპირებს დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად.

ამ ფონზე მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცლეების გზების ანალიზი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მნიშვნელოვანია კარგად იყოს შესწავლილი რა გზებით იღებენ ინფორმაციას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და რა გავლენას ახდენს ეს საინფორმაციო ნაკადი მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე.
კატეგორია - საქართველო
IREX-ის “მედიის მდგრადობის ინდექსი 2018“-ის მიხედვით, საქართველო ისევ რჩება პრესის თავისუფლების მხრივ მოწინავე ქვეყნად რეგიონში, თუმცა, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, მედიის მდგრადობის ინდექსი 0.03 ქულითაა შემცირებული. საქართველოს 4 ქულიდან 2.31 ქულა ერგო. განსაკუთრებული გაუარესება ქვეყანას გამოხატვის თავისუფლების ნაწილში აქვს.

ორგანიზაცია ამ ინდექსს რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით ადგენს. ესენია: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი, ბიზნესის მართვა და მედიის მხარდამჭერი ინსტიტუციები. კვლევა ახლა, 2018 წელს გამოქვეყნდა და იგი გასული, 2017 წლის ამბებს მიმოიხილავს.

ინდექსის ვარდნა წელს გამოხატვის თავისუფლების კუთხით ვითარების გაუარესებამ გამოიწვია. აქ მაჩვენებელი 0.21 ქულითაა შემცირებული და 2.75-დან 2.54-მდეა ჩამოსული. გაუარესებულია მდგომარეობა ბიზნესის მართვის მიხედვითაც, თუმცა უმნიშვნელოდ, მხოლოდ 0.02 ქულით. სხვა მიმართულებით მაჩვენებლები გაზრდილიც კი არის, მაგრამ სიტყვის თავისუფლების კომპონენტის ცვლილება საბოლოო ჯამში მედია მდგრადობაზე ნეგატიურადაა ასახული.


გამოხატვის თავისუფლების გაუარესებას მედიის თავისუფლების ინდექსის მკვლევარები სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობის მზარდ ტენდენციას უკავშირებენ. განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და „რუსთავი 2 -ის“ საქმეს. ასევე, ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მისი ქვეყნისთვის გადაცემა, მაშინ, როდესაც მას იქ საფრთხე ემუქრებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ნაწილში საუბარია მისი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკურ გავლენებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რაც მან თანამდებობაზე მისვლის შემდეგ მიიღო.

„ის მუშაობდა ტელეარხ GDS-ზე , რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის. მაღლაფერიძის კავშირებმა მმართველ პარტიასთან მღელვარება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადებაში, როდესაც ის იანვარში ბორდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აირჩია“,- ვკითხულობთ ანგარიშში, რომელშიც მაღლაფერიძის პოლიტიკური მიკერძოებულობის ერთ-ერთ მაჩვენებლად მის მიერ ტელევიზიაში GDS-ის პოლიტიკური ტოქშოუს, „20-30-ის“ გუნდის დიდი ნაწილის დასაქმებაც არის მოყვანილი. „20-30“ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი გადაცემა იყო. ტოქშოუს იგი თავად უძღვებოდა გარკვეული დროის განმავლობაში.

კვლევაში საუბარია ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაღლაფერიძის მიერ გადაცემების დახურვაზე: „მაუწყებელმა ასევე დახურა ორი გადაცემა, რომელიც რადიო თავისუფლების მიერ მზადდებოდა: „წითელი ზონა“, - ის თითქმის ათი წლის განმავლობაში გადიოდა არხზე და „ინტერვიუ“ -  პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ მწვავე კითხვებით გამორჩეული ტოქშოუ".

მთავრობის მიერ მედიის შეზღუდვის მცდელობად არის დასახელებული 2017 წლის მარტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს და მის განვითარებას გაუწევდა მონიტორინგს. მედიის წარმომადგენლებმა ეს იდეა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ თუ საქმე ჟურნალისტების დაცვას ეხება, ეს სახალხო დამცველის კომპეტენციაშიც შედის და დამატებითი ინტიტუციების შექმნას არ საჭიროებს.

სასამართლოს მხრიდან მედიაზე ზეწოლის ჭრილშია განხილული ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმე. გასული წლის მარტში მოსამართლე ურთმელიძემ კომპანიის 100-პროცენტიანი წილი მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს მიანიჭა, რომელიც „ქართული ოცნების“ მოკავშირედ მოიაზრება. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა.

კვლევაში საუბარია ასევე რეგიონულ მედიებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის მცდელობებსა და მარეგულირებელი კომისიის რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით „შერჩევითი და არათანმიმდევრული“იყო.


კატეგორია - საქართველო
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა, მედიაგარემოს შესახებ გაჩენილი კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ მმართველი პარტია მუდმივად ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმზე საუბრობს, რომელიც მათი მოსაზრებით დიდწილად 2015 წელს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ განვითარდა. სწორედ ამ არგუმენტით ცდილობენ აჩვენონ, რომ ქვეყანაში ჯანსაღი მედიაგარემოა.

ჩნდება კითხვა, რა არის რეალურად მედიაპლურალიზმი და რა განაპირობებს მის არსებობას ქვეყანაში. კითხვაზე პასუხი კომპლექსურია და მხოლოდ ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ვერ გამოდგება მთავარ არგუმენტად. მედიაპლურალიზმი უპირველეს ყოვილისა მრალაფეროვანი მედიის არსებობას ნიშნავს, რაც ასევე გულისხმობს მათ რეიტინგს, ფინანსებს. საერთო ჯამში მედია პლურალიზმი მაშინ მიიღწევა თუ ქვეყანაში მრავალფეროვანი, სტაბილური, ფინანსურად მდგრადი მედიაკომპანიები არსებობს, რომლებიც მრავალფეროვან შინაარსს სთავაზობენ აუდიტორიას.

რაოდენობა


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის შეფასებით, საქართველოში მედიაპლურალიზმის კუთხით იდეალური მდგომარეობაა. ამის შესახებ მან “იმედის კვირაში” 18 მარტს თქვა.

იდეალური მდგომარეობის საილუსტრაციოდ ბექაურმა თქვა, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ტელევიზიების რაოდენობა გაორმაგდა. ამ მონაცემებში კი გულისხმობდა როგორც საკაბელო, ისე თანამგზავრულ და ღია საეთერო მაუწყებლებს.

“ტელევიზიების გახსნა პრაქტიკულად შეიძლება ავტომატურად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. მოგეხსენებათ, საქართველო 2013 წელს გადავიდა ციფრულ ტექნოლოგიაზე, ანუ ციფრულ მაუწყებლობაზე, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიური გადასვლა და ტექნოლოგიური გარღვევა, ეს იყო შინაარსობრივი რევოლუცია, ანუ მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის თვალსაზრისით რევოლუცია იმიტომ, რომ პრაქტიკულად გაუქმდა ლიცენზირება”, - აღნიშნა მაშინ ბექაურმა.

რეალურად, საქართველოში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ქვეყანამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წელს ჟენევის შეთანხმების ხელმოწერით იკისრა, ციფრულ მაუწყებლობაზე კი - 2015 წელს გადავიდა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ქვეყანას ნამდვილად აძლევდა უფრო მეტი არხის გაჩენის შესაძლებლობას, ვინაიდან შეზღუდული სიხშირული რესურსი აღარ არსებობს და ავტორიზაციის პირობებიც გამარტივდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან “მედიაჩეკერისთვის” მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით საქართველოში ტელემაუწყებლების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. გამონაკლისი იყო 2010 წელი, როცა მაუწყებლების რაოდენობა ერთით შემცირდა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლიდან, 2015 წლიდან დღემდე კი - მაუწყებლების რაოდენობის ზრდის ნაცვლად კლების ტენდენციაა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ გაიზარდა მხოლოდ ღია გავრცელების ეროვნული მაუწყებლების რაოდენობა. ეს არის არხები, რომელთა მიღებაც საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-სთვის სახლის ანტენით, სხვა დამხმარე მოწყობილობების გარეშე უფასოდ არის შესაძლებელია). შეზღუდული რესურსის გამო ამგვარი არხების რაოდენობა 2009-დან 2015 წლამდე უცვლელად, 4 იყო. 2016 წელს ამ არხების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, 2017 წელს კი მცირედით, 21-მდე შემცირდა.



შემოსავლები

ტელემაუწყებლების არსებობისთვის და ღირებული მედიაპროდუქტის შესაქმნელად აუცილებელია ფინანსური შემოსავლები. მათი სიძლირე და სტაბილურობა სწორედ ფინანსებზეა დამოკიდებული. საქართველოში რომ სარეკლამო შემოსავლები მუდმივად მზარდია, ამაში თანხმდებიან საქართველოს კომუნიკაციების კომისია და მმართველი პარტია. ამაზე მათ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი იმ ცვლილებების განხილვის დროსაც თქვეს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამატებითი სარეკლამო დროის გამოყოფას შეეხებოდა. მათგან განსხვავებით მაშინ კომერციული არხების წარმოამდგენლები ამბობდნენ, რომ სარეკლამო შემოსავლები მცირდება და აღნიშნული ცვლილებები მათ კიდევ უფრო დააზარალებდა. მოსაზრებას არ იზიარებდნენ კომუნიკაციების კომისიასა და საპარლამენტო უმრავლესობაში.

სწორედ კომერციული შემოსავლების კლების ტენდენციას აჩვენებს კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური ვებგვერდის მონაცემები, რომლის მიხედვით 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მაუწყებლების კომერციული შემოსავლები იზრდებოდა. 2015 წელს იყო მცირე კლება, ბოლო 4 წელში კი ყველაზე მაღალი კომერციული შემოსავალი 2016 წელს დაფიქსირდა, რაც 856 ათასი ლარით აღემატებოდა 2014 წლის მაჩვენებელს.


2014 და 2017 წლის მაუწყებლების შემოსავლების შედარების დროს ჩანს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ ვერ გაზარდა იმ მაუწყებლების რაოდენობა, რომლებსაც წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. ამ ოდენობის შემოსავალი მხოლოდ 6 მაუწყებელს ჰქონდა. მხოლოდ სამით გაიზარდა იმ მაუწყებლების რაოდენობა რომელთაც შედარებით მცირე ნახევარიდან 1 მილიონ ლარამდე შემოსავალი ჰქონდათ წელიწადში. თუმცა მათი რაოდენობაც არ აჭარბებს 6-ს. . რეალურად, ბაზრის მთავარი მოთამაშეები, წლების განმავლობაში, მუდმივად “რუსთავი 2” და “იმედი” არიან. სწორედ ამ ორ ტელეკომპანიასთან ერთად მაესტროს ჰქონდა 2014 წელს 10 მილიონ ლარზე მეტი კომერციული შემოსავალი თუმცა მაესტროს, იმედისა და ჯიდიესის გაერთიანების შემდეგ, 2017 წელს ამ ოდენობის შემოსავალი მხოლოდ რუსთავი 2-სა და იმედსღა აქვთ.

წლების განმავლობაში ერთადერთი, რაც მკვეთრად შეიცვალა, შემოსავლების არ მქონე მაუწყებლების უფლების მქონე კომპანიების რაოდენობა - 2014 წელს 47, 2017 წელს კი - 21 კომპანია იყო მაუწყებლად რეგისტრირებული, რომელსაც კომერციული შემოსავალი საერთოდ არ ჰქონია. არადა, მაუწყებლები ჯანსაღ მედიაგარემოში სწორედ კომერციული შემოსავლებით უნდა არსებობდნენ.



რეიტინგი

წლების განმავლობაში მაუწყებლეთა შემოსავლების მსგავსად არც რეიტინგული არხების რაოდენობა და ვინაობა შეცვლილა. 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს მხოლოდ ერთი კომპანია TV MR საქართველო ზომავდა, მოგვიანებით გამოჩნდა ტრი მედია ინტელიჯენსი.

TV MR საქართველოს მონაცემებით, 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, აუდიტორიის წილის მიხედვით (SHR %), პირველ და მეორე ადგილებს ტელეკომპანიები რუსთავი 2 და იმედი ინაწილებდნენ. მესამედ ადგილზე, კი, ხან საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხან მაესტრო, ხან GDS და ხან კომედი არხი იყვნენ. თუმცა განსხვავება პირველ ორ და მესამე ადგილზე მყოფ მაუწყებელს შორის ძალიან დიდი იყო.

თუ მედიაპლურალიზმის განმაპირობებელი გარემოებებით დავაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, აღმოვაჩენთ, რომ 2012 წლიდან დღემდე საქართველოში არც ფინანსურად ძლიერი მაუწყებლების რაოდენობა გაზრდილა, არც მედიის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულა და არც სატელევიზიო რეიტინგები შეცვლილა მკვეთრად. განსხვავება ისაა, რომ 2012 წელთან შედარებით ახლა მეტი არხის მიღება შეუძლია მომხმარებელს ანტენის მეშვეობით. გარდა ამისა, არსებობს ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი მედია "რუსთავი 2-ის" სახით,  რომელსაც აქვს რეიტინგი და შესაბამისად, მაყურებელზე გავლენა.

კატეგორია - საქართველო

ჟურნალისტური საქმიანობა მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ მუშაობის პროცესში ჟურნალისტს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, როგორიცაა, მაგალითად, შიდა პოლიტიკური წნეხი, არის ადგილები, სადაც რეპორტიორები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. ასეთმა ქვეყნებმა და ადგილებმა, წლების განმავლობაში, არაერთი ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა.

მედიის თავისუფლების კუთხით მომუშავე ორგანიზაცების ანგარიშების მიხედვით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ყველაზე რთული გასული წელი აღმოჩნდა. 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს და დააპატიმრეს. “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის” (CPJ) მონაცემებით, 2017 წელს 48 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან 6 მხოლოდ მექსიკაში.

ეს ორგანიზაცია იმ ქვეყნებსაც ასახელებს, სადაც ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო პირობებია. სამწუხაროდ, მათი ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა.

ანგარიშების თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა თურქეთში, სადაც ბოლო ერთ წელიწადში 300-მდე ჟურნალისტი გაასამართლეს. მათგან 73-ს პატიმრობა შეუფარდეს. გასულ წელს 20 ჟურნალისტი დააპატიმრეს ეგვიპტეში. 2 ჟურნალისტი დაიჭირეს ბურნას რესპუბლიკაშიც.

მედიაპლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების მიმართულებით მძიმე ვითარებაა აზერბაიჯანშიც. რამდენიმე წელია მოქმედი ხელისუფლება აქტიურად ებრძვის თავისუფალ პრესას. მთავრობისა და მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კრიტიკისთვის დააპატიმრეს და გაასამართლეს არაერთი ჟურნალისტი.

რთული მდგომარეობაა რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარული და დიქტატორული მმართველობის ელემენტები იკვეთება.

გასულ წელს დაპატიმრებული ჟურნალისტების საერთო რაოდენობის ¾ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ბრალდებით გაასამართლეს.

პრესის თავისუფლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტები, მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო იზრდება. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” და სხვა ორგანიზაციებმა მიმდინარე წელს უკვე აღრიცხეს რამდენიმე ჟურნალისტის მკვლელობისა და დაპატიმრების ფაქტები. მკვლევრები მედიაგარემოს გაუმჯობესებას არც 2018 წელს პროგნოზირებენ. მეტიც, ამბობენ, რომ მიმდინარე წელი ჟურნალისტებისთვის შესაძლოა, გასულზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

მომზადებულია  Washingtonpost - ის მასალის გამოყენებით.
კატეგორია - საქართველო
Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 0,25 ერთეულით შემცირდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ცხრა წლის წინანდელ, 2009 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში რჩება..


2009 წლიდან დღემდე პერიოდს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ - 2009 - 2013 წლებში, მედიის დამოუკიდებლობის ნაწილში ქვეყანას 4,25 ქულა, ანუ, ის მაჩვენებელი ჰქონდა, რაც ბოლო, 2018 წლის შეფასებისას მიიღო. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო 2014- 2017 წლებში, როდესაც მედიის დამოუკიდებლობა 4 ქულით შეფასდა.

Freedom Houses-ის ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მაჩვენებლის შემცირება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ესენია: ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიის “რუსთავი 2”-ის საქმე, პროსახელისფლებო ტელევიზიების გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცება.

"მიუხედავად ამ სირთულეებისა ქართულმა მედიამ შეინარჩუნა ბალანსი ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში", - ნათქვამია ანგარიშში.

0.07 პუნქტით გაუარესდა ქვეყნის დემოკრატიულობის საერთო მაჩვენებელიც. თუკი 2017 წელს ქვეყნის ეს მონაცემი 4.61 იყო, მიმდინარე წელს ის 4.68-ს შეადგენს. ამ მონაცებით საქართველო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნების რიგშია.
კატეგორია - საქართველო
პარტიული და მსხვილი ბიზნესის გავლენებისგან თავისუფალი, პროფესიულ სტანდარტებზე ორიენტირებული ბეჭდური და ონლაინ მედიის გააქტიურება საქართველოში 2000-იანი წლების ბოლოდან იწყება. საერთაშორისო ფონდების მედიით დაინტერესებასთან ერთად, ქვეყანაში გაჩნდა საშუალება, შექმნილიყო დამოუკიდებელ გამოცემები, რომლებიც ეთიკის ნორმების დაცვით, სრულყოფილად და მიუკერძოებლად მიაწვდიდა ინფორმაციას აუდიტორიას.

თავდაპირველად, ასეთი მედია ორგანიზაციები თითქმის მთლიანად საგრანტო შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, რადგან პატარა ბაზრის, პოლიტიკური თუ ბიზნეს გარემოდან გამომდინარე, კომერციული განვითარება და დამოუკიდებლობისა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნება ერთდროულად პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა, წლებთან ერთად ვითარება ნელა, მაგრამ მაინც იცვლებოდა. მედიის მფლობელებმაც გარკვეული გამოცდილება დააგროვეს და შეეცადნენ, განვითარებისათვის ალტერნატიული გზები ეპოვათ. თუ ადრე შემოსავლის თითქმის 100 პროცენტი ფონდებიდან მოდიოდა, დღეს ეს 80 და 75 პროცენტამდე შემცირდა. ასევე, გამოჩნდა გამოცემები, რომლებიც სხვადასხვა გზებით ცდილობენ , დამოუკიდებლად, კომერციული შემოსავლებით გავიდნენ ფონს. მათი მფლობელები მედის დაფინანსებას სხვა, გვერდითი ბიზნესის დახმარებით ცდილობენ. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში სიტუაცია დიდად მაინც არ შეცვლილა და მსგავსი გამოცემების მედია ბიზნესმოდელებად ქცევა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

როგორ მუშაობენ და რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე, დაბალბიუჯეტიანი გამოცემები - ამ თემაზე მედიაჩეკერი თავად ამ გამოცემების რედაქტორების ხედვებს გაგაცნობთ.

ნეტგაზეთი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინ მედია-პლატფორმა "ნეტგაზეთი" 2010 წელს, გაზეთმა „ბათუმელებმა“      დააარსა. „ნეტგაზეთი“ დასაწყისში ბიზნესმოდელად მოიაზრებოდა, რომელსაც რეკლამით უნდა ერჩინა თავი.  „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე გვიყვება, რომ თავდაპირველად  ტექნიკურად საიტის გამართვაში საერთაშორისო ორგანიზაცია MDIF დაეხმარათ. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანაში ეხმარება დამოუკიდებელ მედიასაშულებებს, იქცნენ მედიაბიზნესად და ამისთვის   დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს.

„მიზანი იყო ნაციონალური მასშტაბით ხარისხიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რაც მაშინ სიახლე იყო. გვქონდა   გარკვეული მცდელობები, როგორ გვექცია ეს ბიზნესად, მაგრამ საბოლოოდ არ გაამართლა და მალე დავდექით იმ   პრობლემის წინაშე, რომ უკვე შექმნილი პროექტის ასამუშავებელი ფული აღარ გვქონდა“,- იხსენებს ცეცხლაძე.

ამის შემდეგ „ნეტგაზეთმა“ ფონდ „ ღია საზოგადოება საქრათველოს“ მიმართა და 3 თვიანი საცდელი გრანტიც მოიპოვა. გამოცემის პროფესიული სტანდარტებიდან და საიტის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, დაფინანსება შემდეგაც გაუგრძელეს: „ერთ-ერთი პირველი ონლაინ გამოცემა ვიყავით ხარისხიანი კონტენტის თვალსაზრისით და თანაც აქტიურად ვიყენებდით თანამედროვე ტექნოლოგიებს რეპროტინგის დროს. სკაიპ ინეტერვიუები იყო ეს, livestream თუ სხვა.“ წლების შემდეგ „ნეტგაზეთის“ მთავარი დამფინანსებელი ისევ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოა“. გამოცემას ასევე აქვს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გრანტი პროექტისთვის”სამხრეთ კავკასიის ამბები“. დღეის მონაცემებით „ნეტგაზეთის“ კომერციული შემოსავალი მთლიანი ფინანსების 25 პროცენტს არ აჭარბებს. გამოცემა ალტერნატიული ფინანსების მოპოვებას რეკლამიდან და ბეჭდური თუ სხვა ტიპის სერვისების შეთავაზებიდან ცდილობს.

სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანების მოზიდვისთვის და უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლისთვის „ნეტგაზეთი“ მუდმივად ცდილობს სიახლეები დანერგოს და მომხმარებელს მრავალფეროვანი მასალა შესთავაზოს. მაგალითად სამხრეთ კავკასიის ამბების პროექტი, ცალკე რუბრიკა ტექნოლოგიაზე და ა.შ.

გამოცემამ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო აუდიტორიისთვის გასართობი კონტენტის შექმნა და ფეისბუკზე ცალკე გვერდიც შექმნა: netgazeti.ge-გართობა. 2018 წლიდან ეს რუბრიკა კიდებ უფრო აქტიური და პოპულარული გახდა. „ არ მგონია, რომ „გაყვითლებაა“ და რეპუტაციას ვკარგავთ, თუ აუდიტორიას სხვადასხვა ტიპის კონტენტს ვთავაზობთ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით. ერთია, რომ აუდიტორიას დღეს მნიშვნელოვანი ამბები უნდა მიაწოდო საინტერესო ფორმით, იმიტომ რომ შეიცვალა ზოგადად ინტერნეტ მომხმარებლის ქცევა და მეორეა ასევე, რომ პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი ამბების გარდა ადამიანებს შესთავაზო ზოგჯერ სასარგებლო, სამომხმარებლო, ზოგჯერ გასართობი კონტენტიც”, - ამბობს ნესტან ცეცხლაძე .

გამოცემის ინიციატივები მკითხველთა რაოდენობაზეც აისახა. ნეტგაზეთი ბოლო თვეების მონაცემებით ერთ-ერთი ლიდერია მომხმარებელთა რაოდენობით მსგავსი ტიპის ონლაინ გამოცემებში. რედაქტორის ინფორმაციით, თებერვალში სტატიების უნიკალური ნახვების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ის ოპტიმიზმის საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ეს მედიის მდგრადობაზე ვერ აისახება.

„მთელს მსოფლიოში რთული ვითარებაა, ინტერნეტმა საერთოდ შეცვალა რეკლამის ტრადიციული გაგება და ტრადიული მედია ბიზნესმოდელები. აქ კიდევ უფრო პრობლემურია ეს, რადგან პატარა ბაზარი და არათანაბარი მედიაგარემოა. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკა და ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის, რომ სარეკლამო და სარედაქციო მასალები იყოს გამიჯნული. თუმცა, ონლაინ მედია ბაზარზე ცოტას აქვს ანალოგიური მიდგომა, რაც არათანაბარ პირობებში გვაყენებს. უამრავი კომპანია, თუ საჯარო დაწესებულება გვთხოვს მათი კონტენტის განთავსებას იმის მითითების გარეშე, რომ რეკლამაა, თუმცა ამაზე უარს ვამბობთ. “, - აღნიშნავს ცეცხლაძე.

„ნეტგაზეთის“ რედაქტორი ამბობს, რომ მართალია ზოგიერთი კომპანია რეკლამას საიტის რეპუტაციის გამო ათავსებს, თუმცა ეს მედიის მდგრადობაზე არსებით გავლენას ვერ ახდენს და ბიზნესის უმეტესობა კარგად ვერ აცნობიერებს როგორი მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია თავისუფალი ბიზნესგარემოსთვის.

მეორე გამოწვევა, რაზეც ნესტან ცეცხლაძე საუბრობს, ონლაინ სარეკლამო ბაზარზე ფეისბუქისა და გუგლის დომინაციაა, რაც ძალიან პატარა სივრცეს ტოვებს ონლაინმედიისთვის.

„ძალიან ბევრს ვშრომობდით, რომ ამ შემოსავლებში არასაგრანტო ნაწილი გაზრდილიყო, მაგრამ ძალიან რთულია. ახლა ცოტა პესიმისტურად ვუყურებ ამ ამბავს. ცხადია, მაინც მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, მაგრამ გრანტის მიღმა დამოუკიდებლად არსებობა ჯერჯერობით წარმოუდგენელია“.

ცეცხლაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გრანტების თვალსაზრისითაც ძალიან მწირი ბაზარია, რადგან სულ თითზე ჩამოსათვლელი დონორები არიან, რომლებიც უშუალოდ მედია კონტენტს და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების განვითარებას აფინანსებენ.

ლიბერალი

ერთ -ერთი პირველი ასეთი გამოცემა, რომელიც მედია ბაზრზე გამოჩნდა, ჟურნალი „ლიბერალი“ იყო. ჟურნალის პირველი ნომერი 2009 წლის მაისში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა. გამოცემამ თავიდანვე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე: მიმდინარე სიახლეების გარდა, ის მკითხველს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ კულტურულ თემებზე ანალიტიკურ სტატიებსა და რეპორტაჟებს, გამოძიებებსა და საავტორო სვეტებს სთავაზობდა. იმ პერიოდში პოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების ერთადერთი გზა, საერთაშორისო ფონდების დახმარება იყო. მით უმეტეს, თუ გამოცემას მაღალ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებზე ჰქონდა პრეტენზია და სკანდალებსა და „სიყვითლეზე“ არ იყო ორიენტირებული.

წლების განმავლობაში ლიბერალის ძირითადი შემოსავალი სწორედ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი იყო, რასაც სხვადასხვა დროს ემატებოდა NED-ის, USAID-ის, ამერიკის საელჩოს, ბიოლის ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მცირე თუ საშუალო გრანტები. დაარსებიდან თითქმის 10 წლის თავზე გამოცემის შემოსავლის 80 პროცენტს ისევ გრანტები შეადგენს. თუმცა, სიტუაცია ბაზარზე თანდათან იცვლება და მსგავსი მედიების კომერციული შემოსავლებიც ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. „ლიბერალის“ რედაქტორი და მმართველი საბჭოს წევრი, ზურა ვარდიაშვილი ამბობს, რომ არსებული სიტუაციის გათვალსიწინებით საქმე უიმედოდ არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გრანტის გარეშე მუშაობას ვერ განაგრძობდნენ, პერსპექტივა მაინც ჩანს:

„იყო დრო, როდესაც კომპანიების მარკეტოლოგები მხოლოდ Top.ge-ს ათეულს უყურებდნენ და თუ იქ მოხვდებოდი, მხოლოდ მაშინ იყავი საინტერესო. ბოლო პერიოდში იკვეთება ტენდენცია, რომ რეკლამის დამკვეთებს, განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვეთებს, აინეტერსებთ არა მარტო კლიკების რაოდენობა, არამედ გამოცემის შინაარსი, იმიჯი, მასალის ხარისხი - რამადენად ლეგალურია ის, ხომ არ არის მოპარული. ამოწმებენ google analytics-ის მონაცემებს და სტატიებზე დაყოვნების მაჩვენებელს. იკვლევენ აუდიტორიას გენდერული და ასაკობრივი ნიშნით, შემოსავლების მიხედვით. ამიტომ, შესაძლოა ლიბერალის მომხმარებელი უფრო ძვირი უღირდეთ, ვიდრე რომელიმე ტაბლოიდური გამოცემის, რომლის მასალებსაც ბევრად მეტი ნახვა აქვს“.

ციფრული მედიის აქტუალობის და მომხმარებლის რაოდენობის ზრდასთან ერთად, „ლიბერალის“ რესურსებიც თანდათან ვებ პლატფორმაზე მიემართა. 2016 წლის ბოლოს სარედაქციო საბჭომ საერთოდ უარი თქვა ბეჭდურ ვერსიაზე და გადაწყვიტა, გამოცემა მხოლოდ ონლაინ დარჩენილიყო. ზურა ვარდიაშვილი ამბობს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან არა თუ ბეჭდური გამოცემის მკითხველი, დესკტოპის მომხმარებელიც კი მცირდება და ჟურნალზე ამხელა ხარჯების გაწევა აღარ უღირდათ:

„მომხარებლის ჩვევა შეცვლილია. გუგლ ანალიტიკსს რომ ვუყურებ, ძირითადად სმარტფონებზე არიან გადასულები. თანაც, როდესაც შენი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი ახალი ამბებია, მოთხოვნა ონლაინ ვერსიაზე გაცილებით მაღალია. ასევე იცვლება ის მიდგომაც, რომ ვრცელი ტექსტებს ონლაინ არ კითხულობენ, წიგნებს კითხულობენ ტელეფონში უკვე და სტატიას რატომ ვერ წაიკითხავენ“- აღნიშნავს ვარდიაშვილი. მისი თქმით, ამ ცვლილებამ შედეგი მაშინვე გამოიღო - ონლაინ მომხმარებელთა მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

„ლიბერალის“ რედაქტორი უახლოეს მომავალში ქართულ სარეკლამო ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების გააქტიურებაზეც საუბრობს და მათთან თანამშრომლობაზე დიდ იმედებს ამყარებს. როგორც ამბობს, მოლაპარაკებები უკვე დაწაყებულია, თუმცა კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. მას, ისევე როგორც მთელს სარედაქციო ჯგუფს, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ გრანტი მუდმივი ვერ იქნება და მსგავსი ტიპის მედიებმა გადარჩენისთვის ალტერნატიული გზები უნდა გამონახონ.

„ რაღაც ტენდცია, მცდელობა უნდა დაანახო დონორს, რომ ფიქრობ და მუშაობ ამაზე. თავადაც გვთხოვენ ხოლმე ამას, მაგალითად „ ფონდ ღია საზოგადოებას“ აქვს პოლიტიკა, რომ ინსტიტუციურ გაძლიერებაში გეხმარება, გეგმებს ითხოვს როგორი იქნება შენი მარკეტინგული ხედვა, როგორ მოიპოვებ დამატებით დაფიანსებას და ა.შ.“.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ლიბერალი გაზარდოს მკითხველთა და რეკლამის დამკვეთთა რაოდენობა და ხომ არ მოხდება ეს გარკვეული დოზით „ყვითელი“ მასალის ინტეგრირებით, ვარდიაშვილი ამბობს, რომ გამოცემის შინაარსობრივი და სტილისტური ცვლილებები არ იგეგმება და მეტ მკითხველზე გასვლას თამასის დაწევის ხარჯზე გამორიცხავს:

„კონტექნტის გამრავალფერვნება და სხვადასხვა ინტერესების ადამიანებზე მორგება ნამდვილად გვინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჰოლივუდის სკანდალებზე ან სხვადასხვა იაფფასიან თემებზე მოუთხრო მკითხველს. სპორტზე, კულტურაზე, ტექნოლგიური მიღწევებზე თუ სხვა საინტერესო თემებზე ისევე შეიძლება მოამზადო ხარისხიანი მასალები, როგორც პოლიტიკაზე ან სოციალურ თემაზე".

ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც ცოტა ხნის წინ ლიბერალმა საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის გადადგა, გუნდში სოციალური მედიის მენეჯერის დამატებაა. აქამდე მასალებს თავად რედაქტორები და ჟურნალისტები დებდნენ. მცირე გრანტის მოგების შედეგად გამოცემამ ვაკასნია გამოაცხადა და მალე ამ საქმეს პროფესიონალს გადააბარებენ, რაც ხელმძღვანელობის გათლით, უფრო დიდ აუიდტირიაზე გასვალსა და რეკლამის პოეტნციური დამკვეთების მოზიდვაში დაეხმარებათ.

უახლოეს წლებში დამოუკიდებლად, გრანტების გარეშე არსებობის ილუზია „ლიბერალში“ არ აქვთ, თუმცა, ვარდიაშვილის თქმით, ტელევიზიის ჯერ კიდევ აშკარა დომინაციის პარალელურად, ონლაინ ბაზარი მაინც იზრდება და ფეისბუქის და გუგლის მსგავსი გიგანტების მონოპოლიების მიუხედავად, რეკლამის რაღაც ნაწილი ონლაინ მედიაშიც მიემართება. ამიტომ: “ გადარჩება ის, ვინც ამ ტენდენციას კარგად მოერგება. ეს არის ჩვენნაირი მედიების შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენეოთ.“

ინდიგო

დამოუკიდებელ, მცირებიუჯეტიან მედიასაშუალებებში მკვეთრად გამორჩეული ნიშა უჭირავს ჟურნალ „ინდიგოს“. „ინდიგო“ 2015 წლის ზაფხულში, რამდენიმე ადამიანის ინიციატივით შეიქმნა. გამოცემის ფოკუსი ხელოვნება და კულტურაა, თუმცა რიგ შემთხვევებში აქ ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებსა და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემების შესახებაც შეხვდებით ვრცელ სტატიებსა და კვლევებს. დღეს „ინდიგო“ მსგავსი ტიპის ერთადერთი ბეჭდური პერიოდული გამოცემაა საქართველოში. ჟურნალს ვებ პლატფორმაც აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ვებისთვის დამოუკიდებელი კონტენტი იშვიათად იქმნება და აქ ძირითადად ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნებული მასალები იდება.

„ინდიგოს“ სხვა მედია გამოცემებისგან განსხავებით არ ჰყავს საშტატო ჟურნალისტები, მუდმივი თანამშრომლები მხოლოდ რედაქტორები, მარკეტინგის სპეციალისტები და მსგავსი მენეჯერული თუ საორგანიზაციო პოზიციის მქონე ადამიანები არიან. ტექსტების და ფოტოების ავტორების აბოსულუტური უმრაველსობა ფრილანსერია.

ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი, ნინო ჯაფიაშვილი იხსენებს, როგორ დაიწყო პროექტზე მუშაობა:

„ეს უნდა ყოფილიყო თანამოაზრეების კლუბი, სადაც იქნებოდა ჰორიზონტალური მმართველობა. ჩვენ არ გვქონდა იმის რესურსი, რომ დიდი, სტანდარტული რედაქცია შეგვექმნა, სხვაასხვა რედქტორული და ჟურნალისტული გუდნებით, რომლებიც რედაქციაში ისხდებოდნენ და ხელფასს გადავუხდიდით. პირველი ნომერი ერთ-ერთი დამფუძნებლის ინვესტიციით გამოვუშვით“.

გაამართლებდა და იმუშავებდა თუ არა გამოცემა, რომელმაც, თავიდანვე მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტები დაუწესა საკუთარ თავს და სადაც აქცენტი ახალი ამბების ნაცვლად ანალიტიკურ, ვრცელ მასალებზე იქნებოდა, ზუსტად არავინ იცოდა. მით უმეტეს, მსგავსი ტიპის ჟურნალის „ ცხელი შოკოლადის“ ნეგატიური გამოცდილება უკვე არსებობდა მედიაბაზარზე. ( ჟურნალი 2014 წელს, თითქმის 10 წლიანი არსებობის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა) თუმცა, როგორც ჯაფიაშილი ამბობს, რადგან სარედაქციო ჯგუფი სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა, რისკებიც მინიმუმამდე იყო დაყვანილი:

„საკუთარ დროს და შრომას ვრისკავდით, ჟურნალი იმ ადამიანებმა გავაკეთეთ, ვინც დავაფუძნეთ და თუ არ გაამართლებდა, დავიშლებოდით და წავიდოდით სახლში“.

ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ სახლში წასვლას ჟურნალის განვითარების გზებზე ფიქრი და მუშაობა ჯობდა, რადგან ამის პერსპექტივა, სირთულეების მიუხედავად, მაინც დაინახეს. პირველ თვეებში „ინდიგოს“ თავისი თავის შენახვა უჭირდა და რედაქტორებიც ძირითადად ენთუზიამზე მუშაობდნენ, მაგრამ მალე შემოსავლის პატარა წყაროებიც გამოჩნდა.

ჟურნალმა ხარისხის, ტექსტების ექსკლუზიურობისა და საინტერესო ავტორების გამო მალევე დაიმკვიდრა თავი და მართალია არც თუ ისე ბევრი, მაგრამ ერთგული და საზოგადოებრივ აზრზე მეტნაკლებად გავლენის მქონე მკითხველი მოიპოვა, რაც გამოცემას ახალი ნიშის ათვისებაში და რეკლამის დამკვეთების დაინტერესებაში დაეხმარა. ჟურნალის პარალელურად, მალე დამფუძნებლებმა პატარა, მაგრამ მულტიფუქნციური გამომცემლობაც დაარსეს, რომლის საშუალებითაც კომერციულ პროექტებზე მუშაობას და ჟურნალის შენახვას შეძლებდნენ. სხვადასხვა სახის ბეჭდური სერვიის შეთავაზებით „ინდიგო“ დამკვეთებს კონტენტის სტრუქტურირებაში და შეფუთვაში ეხმარება. იქნება ეს სპეციალური სპორტული გამოცემა, საიუბილეო ჟურნალი, არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, ბუკლეტები თუ სხვა.

ასეთი შემოსავლების შემდეგ გამოცმელობა ანაწილებს რაში ჩადოს ინვესტიცია და რა მიმართულებით მოახმაროს ის ჟურნალს. თუმცა, მსგავსი შეკვეთები მაინც პერიოდულია და სტაბილურობისთვის დამფუძნებლებს მუდმივად უწევთ შემოსავლის გზების ძიება.

რეკლამის კუთხით ზემოთხსენებული მედიების მსგასვად ინდიგოც თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რომელთა ინტერესიც ამ შემთხვევაშიც ძირითადად ჟურნალის იმიჯი და მკითხველის სპეციფიკაა. „ჩვენთან დებენ რეკალამას მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის გამო, ეს არ არის დიდი გამოცემა, რომელიც ასი ათასებზე გადის“- ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

რეკლამისა და საგამამოცმებლო საქმიანობის გარდა, რედაქციას პერიოდულად მცირე გრანტებზეც შეაქვს განაცხადები, რაც ამა თუ იმ თემაზე სტატიების და კვლევების მომზადებას ან დისკუსიების ჩატარებას გულისხმობს. გასულ წელს „ინდიგომ“ ამ გზით „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი მოიპოვა ჯანდაცვის თემის გაშუქებისთვის, რომლის ფარგლებშიც ონკოლოგიის, ფისქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის თემაზე ვრცელი სამეცნიერო-ჟურნალისტური მასალები მომზადდა. ამავე ფონდის მცირე გრანტით გაკეთდა კიდევ ერთი პროექტი „ საპატრიარქოს კაპიტალი“.

„ეს არის ერთჯერადი დახმარება, რაც საშუალებას გვაძლევს მსგავს თემებზე ვიმუშავოთ, გამოვითხოვოთ დოკუმენტაცია, თვეები დავუთმოთ ამას და ჰონორარებიც გადავიხადოთ. რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩვენისთანა გამოცემისთვის. ჩვენი რესურსით ამას ვერ შევძლებდით“- ამბობს ნინო ჯაფიაშილი.

დღეისათვის ჟურნალი თავის თავს ინახავს, თუმცა გამოწვევები ბევრია და ამაზე ზრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ. ერთ-ერთ გეგმაში ონლაინ პლატფორმის გააქტიურებაც მოიზარება, მაგრამ ამ ეტაპზე დამოუკდებელი ვებ კონტენტის შესაქმნელად საჭირო ფინასნები არ არის და აქცენტი ისევ ბეჭდურ ვერსიაზე კეთდება. ასეთ მიდგომას ნინო ჯაფიაშვილი იმით ხსნის, რომ ინდიგოს მასალები ახალ ამბებზე არაა მიბმული და მათი წაკითხვა რამდენიმე თვის ან 1 წლის შემდეგაც არანაკლებ საინტერესოა.

უახლოეს მომავალში განსაკუთრებული მოლოდინები ფინანსური კუთხით „იდნიგოში“ არ აქვთ, თუმცა, ფიქრობენ, რომ აუდიტორიის გაფართოებისთვის სივრცე კიდევ არსებობს: „რომ გითხრათ, რომ რამე რადიკალურად შეიცვლება და მდიდრები გავხდებით, ასე ნამადვიალდ არ იქნება. მით უმეტეს თუ ხარისხის შენარჩუნება გინდა. თუმცა, როგორც გამოკითხვებით, ისე ინტუიციით ვხვდებით, რომ ჩვენს ყველა მკითხველთან ჯერ არ მიგვიღწევია და გავქვს რესურსი რომ ისინიც მოვიცვათ. ამაზე სულ ვმუშაობთ,“- აღნიშნავს ნინო ჯაფიაშვილი.

რეგინფო (ICN)


დამოუკიდებელი მედიების ბაზარზე საინტერესო მოთამაშეა ასევე საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) და მისი პროდქუტები reginfo.ge და mtisambebi.ge. ICN-ის მხარდაჭერით მუშაობს ასევე პანკისის სათემო რადიო WAY. 2017 წლის მაისში, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების გაერთიანების შედეგად შექმნა ახალი ამბების სააგენტო reginfo.ge, რომელიც რამდენიმე კორესპონდენტის და რეგიონებში მომუშავე პარტნიორ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ყოველდღიურად ამზადებს და ავრცელებს ახალ ამბებს. ეს არის ვებგვერდი, სადაც ერთად არის თავმოყრილი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები საქართველოს რეგიონებიდან.

2017 წლის ბოლოს ორგანიზაციის დამფუძნებელმა საბანკო სესხით შეიძინა ოფისი თბილისში, სადაც ფონდს ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით აწყობს „რეგინფოს“ და „მთის ამბების“ ერთიან ნიუსრუმს და მულტიმედია სტუდიას.

„რეგინფოს“ რედაქტორი, გელა მთივლიშილი ამბობს, რომ საინფორმაციო ცენტრების ქსელს მედიაში გრძელვადიანი კომერციული მიზნები აქვს. იმის მიუხედავად, რომ ქსელს აქვს ონლაინ და რადიო სტუდიები გურჯაანსა და პანკისში, დროისა და მანძილის გამო, მუდმივ პრობლემად რჩება გადაწყვეტილების მიმღები პირების და ექსპერტების თბილისიდან რეგიონში ჩაყვანა ამ სტუდიებში გამართულ დებატებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობისთვის;

„თბილისში საკუთარ ფართში სტუდიის მოწყობა და რეგიონულ სტუდიებთან მისი დაკავშირება საშუალებას მოგვცემს, რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და პრობლემებზე ცენტრისა და რეგიონების დიალოგი უფრო აქტიური, ოპერატიული და ხარისხიანი გავხადოთ,“- აღნიშნავს მთივლიშვილი.მისი თქმით, დედაქალაქის ოფისი საინფორმაციო ცენტრების ქსელს უკვე დამკვიდრებულრეგიონულ ნიშას არ დაუკარგავს, პირიქით, გააძლიერებს კიდეც მას. ქსელი ინარჩუნებს პანკისისა და გურჯაანის ოფისებს. „რეგინფოსა“ და „მთის ამბების“ გაერთიანებული ნიუსრუმის თბილისში დაფუძნების პირობებში, აპირებს, გურჯაანსა და პანსკისში არსებული რესურსი მიმართოს კახეთის საინფორმაციო ცენტრის განახლებასა და პანკისის სათემო რადიოს განვითარებაზე.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა შეძლო არასაგრანტო შემოსავლების მოძიების და გაზრდის მიზნით, შეექმნა რამდენიმე კომერციული პროდუქტი, მაგალითად უფასო და ფასიანი განცხადებების ვებგვერდი www.regmarket.ge, ასევე გარერეკლამის ბილბორდები კახეთში.

„ჩვენ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კომბინირებულ რეკლამას მათი პროდუქტების პოპულარიზაციაზე გათვლით. ამაში ძალიან გვეხმარება ჩვენი იუთუბ არხი, რომელსაც ყოველთვიურად ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. საერთო ჯამში, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა არასაგრანტო შემოსავლებით მოახერხა პანკისის ოფისის გახსნა და პანკისის სათემო რადიოს დაფუძნება; თბილისში მულტიმედია სტუდიის შექმნა.“- მბობს მთივლიშვილი. 2017 წლის მონაცემებით ორგანიზაციის საერთო ბიუჯეტის დაახლოებით 40 % არასაგრანტო შემოსავლებია.

შეკითხვაზე, რა ბედი ეწეოდა ორგანიზაციას, რომ არა გრანტები, გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ გარკვეული პერიოდი ალბათ, თავს გაიტანდნენ, მაგრამ საგრანტო მხარდაჭერის გარეშე, ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა დაწყებული აქტივობების გაგრძელება.

„ზოგადად, რეკლამა ონლაინ მედიაში არის მზარდი, თუმცა საქართველოში გამოცემებს ეს არ ეტყობა. ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვართ და თუ შვძლებთ, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, ამ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ, შეიძლება გაუმჯობესდეს ვითარება.“

On.ge


ახალ ამბებზე ორიენტირებული ონლაინ გამოცემა on.ge ყველაზე ახალია დამოუკიდებელი მედიების ბაზარზე. თუმცა, ზემოთ ხსენებული გამოცემებისგან გასნხავებით on.ge ერთადერთია, რომელიც ჯერჯერობით ყოველგვარი გრანტის გარეშე მუშაობს. გამოცემა 2017 წლის დასაწყისში დეველოპერულმა კომპანიამ „ომედია ჯგუფმა“ დაარსა. კომპანიას ქართულ ბაზარაზე ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებზე მუშაობის 10 წლიანი გამაცდილება აქვს. პატარა მედიაპროდუქტების შექმნის მცდელობა მანამდეც ჰქონდათ, თუმცა, on.ge მათი პირველი დიდი და სერიოზული პროექტი იყო.

გამოცდილ დეველეოპერებს საკუთარი საიტის შექმნისთვის რესურსის ძებნა გარეთ არ დასჭირვებიათ და სტარტისთვის ყველა დეტალი თავად მოაგვარეს. მედიაპროდუქტის შექმნისთვის საწყისი თანხაც ორგანიზაციის ბიუჯეტიდან გამოიყო, რამაც ბევრად გაამარტივა მუშაობის პირველი ეტაპი.

სხარტად და ოპერატიულად მოწოდებული ახალი ამბებისა და მრავალფეროვანი, სახალისო კონტენტის გამო on.ge მალე გახდა პოპულარული. დაარსებოდან 1 წლის თავზე გამოცემა ერთ-ერთი მოწინავეა ონლაინ მედია ბაზარზე მკითხველთა რაოდენობით.

მიუხედავად ამისა, თავის შენახვა ჯერჯერობით on.ge-საც უჭირს. ომედიას დირიექტორი, ნოდარ დავითური ამბობს, რომ დღეს გამოცემა დაახლოებით ხარჯების 80 პროცენტს ფარავს კომერციული შემოსავლით, ისიც პატარა სარედაქციო ჯგუფის ხარჯზე. დანარჩენი ისევ „ომედია ჯგუფის“ დახმარებაა. თუმცა, ის დამოუკიდებელი მედიის, როგორც ბიზნესის განვითარებაში მაინც ხედავს პერსპექტივას:

„არ უნდა იყოს მოლოდონი, რომ 1 წელიწადში ეს ბიზნესი თავის თავს ამოიღებს და დიდ მასშტაბებზე გავა. თუ დღეს ჩადებ ინვესტიციას და შექმნი ძლიერ მედია ბრენდს, შეიძლება 10 წელი დასჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად გახდება მომგებიანი. მეორეა, რომ ეს უნდა გააკეთოს ისეთმა ხალხმა, რომელსაც ბიზნესში რაღაც გამოცდილება აქვს. არ მგონია სწორი, როდესაც მედია ბიზნესს ჟურნალისტები იწყებენ ხოლმე“.

საგრანტო შემოსავლები არ აქვთ და ამ მიმართულებით არც გეგმავენ ცვლილებებს. დავითურის თქმით, მთავარი გამოწვევა თავიდანვე ის იყო, რომ პატარა, მაგრამ ფინანსურად დამოუკიდებელი მედია გაეკეთბინათ, რომლის არსებობაც არც ფონდებზე და არც პოლიტიკურ პარტიებზე იქნებოდა დამოკიდებული. პატარა ბაზრისა და ინტერნეტის ჯერ კიდევ არასაკმარისი დაფარვის გამო ეს დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს როცა სარეკლამო ბაზარზე დომინანტი მაინც ტელევიზაა და საიმიჯო კამპანიების წარმართვაც ძირითადად, სამაუწყებლო მედიით ხდება. მაგრამ on.ge-ს დამფუძნებლებისთვის ტენდენცია მაინც იმედისმომცემია.

„ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი მომხამრებელი ეყოლება ქართულ ინტერნეტს. ყოველი ახალი ჩართული კომპიუტერი, ახალი აბონენტი არის დამატებით მომხმარებელი, ეს კი არის დმატებითი კლიკი და შემოსავალი რეკლამის დამკვეთებისთვის,“- ამბობს დავითური. მისი ვარაუდით, თუ დღეს სარეკლამო ბაზრის წილის დაახლოებით 15 პროცენტი მოდის ინტერნეტზე, უახლოეს წლებში ეს რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ინტერნეტის მომხმარებელი სულ უფრო იზრდება.

„მთავარია, სერეკლამო კომპანიებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და შეთავაზებები ბიზნესისთვის და ჰქონდეთ კარგი ინსტრუმენტები, რითიც ამ რეკლამის განთავსებაზე მონიტორინგს შეძლებენ. ამის შემდეგ, რეკლამის დამკვეთებიც უფრო სწორად დახარაჯევნ თავინთ ბიუჯეტს და ეს თავისთავად გაზრდის მოთხოვნას ინტერნეტში რეკლამაზე“.

გარდა ახალი ამბების სწრაფი და საინტერესო ფორმით გაშუქებისა, on.ge-ს მომხმარებელთა დიდი რაოდენობა გასართობი კონტენტის გამოც ჰყავს. გამოცემამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის მასალების პარალელურად, თავიდანვე აქტიურად დაიწყო ინფორმაციის მიწოდება მსფოლიო კინოს, მუსიკის თუ მოდის სიახლეების შესახებ. აქ ე.წ. სელებრითების პირადი ცხოვრების დეტალებზეც ხშირად შეხვდებით მასალებს, ისევე როგორც სახალისო, გასართობ ტესტებსა თუ ფოტორეპორტაჟებს. ნოდარ დავითური ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ დღეს მსოფლიოს არაერთი დიდი და გავლენიანი გამოცემა აკეთებს იმავეს. მისი აზრით ეს „ სიყვითლის ზღვარი“ ინდივიდუალურია და ყველას თავისი აქვს: „არაფრის კეთება არ „ტეხავს“, რაზეც არის მოთხოვნა, თუ ეს არ ეწინააღმდეგემა შენს პრინციპებს. მთავარია, ცრუ და არაეთიკური ინფორმაცია არ იყოს ამაში და სათაურით არ ცდილობდე მოხმარებლის შემოტყუებას საიტზე. რომ წარმოვიდგინოთ თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ტელეარხი, დილით შეიძლება პანდა რომ დაიბადა, იმაზე ჰქონდეს ჩართვა და საღასმო Hard talk-ის ტიპის შოუ ან ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი შემოგვთავაზოს. იგივეა ვებ გვერდის შემთხვევაშიც“- აღნიშნავს ის.

On.ge-ს უახლოეს გეგმებში ვცრელ, ანალიტიკურ სტატიებზე მეტი რესუსრისი მიმართვაა. ამ ეტაპზე გამოცემას მსგავსი მასალები ორი კვირაში ან მაქსიმუმ კვირაში ერთხელ აქვს. დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ეს იმიჯისა და მკითხველში მეტი ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია. თუმცა, ისევ და ისევ ფინანსების გამო ამის განხორციელებასაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა და რესურსი სჭირდება.

როგორ განვითარდება დამოუკიდებელი მედია ბაზარი საქართველოში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი ალბათ უახლოესი 5 წელი იქნება. ერთი რამ ცხადია, მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე მედიის არსებობა, მრავალფეროვანი და საინტერესო მასალებით, ამ ეტაპზე გრანტის ან გარკვეული კომერციული ინვესტიციების გარეშე, სუფთა მოგებით ვერ ხერხდება.
კატეგორია - საქართველო
მედიაინდუსტრია ღრმა კრიზისშია - სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინფორმაციის უფასო წყაროებს და სულ უფრო ნაკლები იხდის თანხას ინფორმაციისთვის. არასტაბილური სარეკლამო ბაზარი და დამოუკიდებლობა კომერციული და პოლიტიკური გავლენებისგან - როგორ მუშაობენ საერთაშორისო კერძო მედიები? გთავაზობთ რამდენიმე მედიაორგანიზაციის დაფინანსების სტრუქტურის მიმოხილვას.

The Guardian

Guardian news & Media (GNM) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ახალი ამბების ორგანიზაციაა, რომელიც 1821 წელს დაარსდა. GNM-ის შემადგენლობაში შედის Theguardian.com - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ინგლისურენოვანი ვებსაიტი, მისი ამერიკული და ავსტრალიური სერვისები. ასევე, ბრიტანული გაზეთი The Guardian და საკვირაო გაზეთი The Observer.

გარდიანის მფლობელი კომპანიაა Guardian Media Group (GMG), რომლის ერთადერთი აქციონერი Scott Trust-ია. GMG მართავს ინვესტიციებს და არ ერევა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაში. Scott Trust კი, გარდიანის ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორია. ტრასტი ლიბერალური ღირებულებებისა და ჟურნალისტური თავისუფლების დასაცავად შეიქმნა და The Guardian-ის მთავარ რედაქტორს სწორედ ის ნიშნავს.

გაერთიანებული სამეფოს სარეკლამო ბაზრის გაუარესების მიუხედავად, გარდიანის შემოსავალი 2017 წელს 2,4%-ით, 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც შემოწირულობების ზრდით იყო განპირობებული.

გარდიანის შემოსავალი რეკლამის, კონტრიბუციისა და გრანტებისგან შედგება:

სარეკლამო კონტენტის პრეზენტაციისას გამოცემა უთითებს, როგორ მომზადდა მასალა და ვინ დააფინანსა იგი. ასეთ მასალებზე ჩნდება სამიდან ერთი ნიშანი: მხარდაჭერილია (Supported by), დაფინანსებული კონტენტი (Paid content), ან დამკვეთის კონტენტი/ჩვენი რეკლამის დამკვეთებისგან (Advertiser content/from our advertisers);

ორგანიზაციას დაახლოებით 800 ათასი კონტრიბუტორი ჰყავს;

არასტაბილური სარეკლამო ბაზრის გამო, გარდიანი იღებს გრანტებსაც. იმ ფონდებს შორის, რომლებიც გამოცემას ფინანსურად უჭერენ მხარს არის: The Bill & Melinda Gates Foundation, The Joseph Rowntree, Open Society Foundations, Humanity United, Hivos, European Climate Foundation.

გარდიანი აცხადებს, რომ დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიუხედავად, ყველა შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.

New York Times

წარმატებული ბიზნეს მოდელი და ამერიკული ინოვაციური მედიასაშუალება The New York Times, NYT Company-ს საკუთრებაშია. კომპანიის აქციების 10% საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, 90% კი ადოლფ ოქსის შთამომავლებს ეკუთვნით და მაკონტროლებლის ფუნქციაც მათ აქვთ. კომპანია მოიცავს გაზეთს The New York Times, ვებსაიტს NYTimes.com და მათთან დაკავშირებულ საკუთრებებს. იგი ცნობილია, როგორც ინოვაციური მედიასაშუალება და წარმატებული ბიზნეს მოდელი.

გამოცემის ვებსაიტის მომხარებლებს უფასოდ თვეში 5 სტატიის წაკითხვის შესაძლებლობა აქვთ. ულიმიტო მომსახურებას კი მხოლოდ გამომწერები იღებენ.

თაიმსის 2017 წლის შემოსავლის უდიდესი ნაწილი, მილიარდ დოლარზე მეტი გამომწერებისგან მიღებული თანხაა, რეკლამა კი - 558 მილიონ დოლარზე მეტი. საერთო ჯამში, გასულ წელს კომპანიამ 1,7 მილიარდ დოლარამდე გამოიმუშავა. გამოცემას 3,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.

2017 წლის ბოლოს, თაიმსში 1 450 ჟურნალისტი მუშაობდა 160 ქვეყნიდან. საერთო ჯამში კი კომპანიაში სრულ განაკვეთზე მომუშავეთა რიცხვი 3 790 იყო. არსებობის ისტორიაში თაიმსმა 122 პულიტცერის პრიზი დაიმსახურა.

AP

The Associated Press 1846 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული არაკომერციული კორპორაციაა, რომელიც დაახლოებით 1 300 გაზეთსაა და მაუწყებლებს აერთიანებს. AP ყველაზე ძველი და ერთ-ერთი უდიდესი ახალი ამბების სააგენტოა მსოფლიოში, რომელიც თავის წევრ მედიაორგანიზაციებს, საერთაშორისო გამომწერებს და კომერციულ კლიენტებს ფოტოებით, ტექსტით, გრაფიკებით, აუდიო და ვიდეო მასალებით ამარაგებს.

კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო მის გამომწერ მედიასაშუალებებზე მოდის, ასევე, ფოტო, ვიდეო და გრაფიკული მასალების ლიცენზირებაზე.

კომპანიის ყოველწლიურმა შემოსავალმა 2016 წელს 2 პროცენტით იკლო და დაახლოებით 556 მილიონ დოლარი შეადგინა. ფინასნების კლების ტენდენცია 2008 წლის შემდეგ დაიწყო, რაც ზოგადად ბაზარზე გაზეთების შემცირებითა და სოციალური მედიის როლის ზრდითაა განპირობებული. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, ის ასე გადანაწილდა: შემოსავლის დაახლოებით 50%-ს - ტელევიზიებიდან, 23% -ს - გაზეთებიდან, ინტერნეტ კომპანიებიდან კი - 10%-ს იღებს. დანარჩენი ნაწილი საინფორმაციო სააგენტოებსა და რადიო სადგურებზე მოდის.

AP დამკვეთებს სთავაზობს სარეკლამო მომსახურებასაც: Native advertising, Display advertising და Social promotion.

სააგენტოს ქსელი 106 ქვეყანას მოიცავს. AP-ის ჟურნალისტებს 52 პულიტცერის ჯილდო აქვთ მიღებული.

Die Tageszeitung - Taz

მაშინ, როცა ძალიან ბევრი მედია ორგანიზაცია მდიდარი ოჯახებისა თუ კორპორაციების საკუთრებაა, ეს გერმანული გაზეთი, პირდაპირი მნიშვნელობით, თავის 15 700 მომხარებელს ეკუთვნის.

1992 წლის შემდეგ, Taz-ის კოოპერატივი გამოცემის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორია. დაარსების პირველივე დღიდან, გაზეთი მხოლოდ თავის მკითხველის წინაშეა ანგარიშვალდებული.

15,4 მილიონი ევროს ოდენობის საერთო კაპიტალის მქონე გამოცემას დღეს 50 ათასზე მეტი ნებაყოფლობითი გამომწერი და 250 თანამშრომელი ჰყავს. თუმცა ვებსაიტი აბსოლუტურად უფასოა.

Propublica

“ჩვენი მისიაა, გამოვააშაკარავოთ ძალაუფლებისა და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები მთავრობის, ბიზნესის, თუ სხვა ინსტიტუტის მხრიდან. ვიყენებთ ჟურნალისტური გამოძიების მორალურ ძალას, რათა წავახალისოთ რეფორმები პრობლემების აქტიური გაშუქებით”, - ProPublica დამოუკიდებელი, არაკომერციული, 100-მდე ადამიანისგან შემდგარი რედაქციაა, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობს.

გამოცემა ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობა და პოლიტიკა, ბიზნესი, სისხლის სამართალი, გარემო, განათლება, ჟანდაცვა, იმიგრაცია და ტექნოლოგიები. ჟურნალისტური გამოძებები დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს, რის გამოც ნიუსრუმების უმრავლესობას ამ მიმართულებს შენახვის ფუფუნება არ აქვს. პროპაბლიკა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, მხოლოდ დონაციებზეა დამოკიდებული.

2008 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციას დღეს 150 პარტნიორი ჰყავს. მხოლოდ 2017 წელს, პროპაბლიკა თანამშრომლობდა 46 ორგანიზაციასთან, როგორიცაა: The New York Times, The Washington Post, NPR News, The Atlantic, The New Yorker, Consumer Reports, National Geographic. ამავე წელს, პროპაბლიკამ 34 ათასი დონორისგან 28,2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.